როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივლისის 21 საათიდან 17 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25– 30 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 16 – 21 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 18-19 ივლისს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც გადააყენეს

ბათუმის მერიაში თანამდებობა ვიცე-მერმა ჯაბა ტუღუშმაც დატოვა. დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვება აიძულეს. ლაშა კომახიძე ამ კვირის ორშაბათს მოულოდნელად შვებულებაში გავიდა და ამ დრომდე საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამს.

ჯაბა ტუღუში ვიცე-მერად ლაშა კომახიძემ გასული წლის ოქტომბერში დანიშნა. შესაბამისად, მან ამ თანამდებობაზე თითქმის 9 თვე იმუშავა.

მედიასთან კომენტარი არც ვიცე-მერს გაუკეთებია. ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არც არჩილ ჩიქოვანი პასუხობს, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ვიცე-მერად უკვე დანიშნეს და არჩევნებამდე მერის მოვალეობას შეასრულებს. არჩილ ჩიქოვანი ამ დრომდე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი იყო.

_____

ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას არ ასაჯაროებს

მაშველები ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, შეტყობინება არასრულწლოვნის ზღვაში გაუჩინარების შესახებ, დღეს 16 ივლისს, დაახლოებით 07:00 საათზე შევიდა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი და დრონი. „ამ დროისთვის მიმდინარეობს ზღვის ფსკერის დათვალიერება,“ – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ბათუმში ლიფტის ჩავარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ორ ადამიანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით.

ლიფტის დაზიანების მიზეზთან დაკავშირებით „ბათუმელები“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდება ინფორმაციას, რადგან სწორედ ეს უწყება უწევს  მონიტორინგს ლიფტების ტექნიკურ მდგომარეობას.

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგა

დღე, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. ამის შესახებ მერიასთან მყოფ ჟურნალისტებს მერიის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. გადადგა ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც.

ლაშა კომახიძე თანამდებობიდან ისე წავიდა, არც ამომრჩევლისთვის და არც მედიისთვის არაფერი აუხსნია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მას თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის „ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა. ლაშა კომახიძეს უარი უთხრეს როგორც საპარლამენტო, ისე უმაღლესი საბჭოს სიის [ხუთეულში] ჩასმაზე.

ლაშა კომახიძის იძულების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ორშაბათს, 13 ივლისს, თბილისში იმყოფებოდა. მანამდე კი ერთკვირიან შვებულებაში გავიდა.

„ბათუმელები“ ამ დღეების განმავლობაში ცდილობდა ლაშა კომახიძესთან დაკავშირებას. მისთვის გვინდოდა გვეკითხა, ნამდვილად ემუქრებოდნენ თუ არა დაპატიმრებით, გადადგომაზე უარის თქმის შემთხვევაში. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.

ლაშა კომახიძე, ქვეყნის მასშტაბით, მეექვსე არჩეული მერია, ვინც თანამდებობა დატოვა.

ბათუმის ვიცე-მერად დღეს ლაშა კომახიძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, არჩილ ჩიქოვანს დანიშნავს. მერის მოვალეობას არჩილ ჩიქოვანი შეასრულებს.

ხულოს არჩეული მერი გადადგა – ხელისუფლება ინფორმაციას არ ასაჯაროებს

ამოღებულია ნახევარ მილიონამდე ლარის ნარკოტიკი, დაკავებულია 2 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1994 წელს დაბადებული ი.ხ. და 1996 წელს დაბადებული გ.დ. თბილისში დააკავეს. მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ როგორც ერთ-ერთ ინტერნეტნარკოპლატფორმაზე, ასევე, სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“. აღნიშნული ონლაინმაღაზიები სხვადასხვა სახის ე.წ. კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახორციელებდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული 180 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს.

შს სამინისტროს მიერ გავცელებული ინფორმაციით, პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4200 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები: „მდმა“, „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“ ამოიღო. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული: 7200 აშშ დოლარი, 3520 ევრო, 376 200 რუსული რუბლი, 585 თურქული ლირა და 200 ლარი.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არჩილ ჩიქოვანს დღეს ვიცე-მერად ნიშნავენ, ბათუმის მერის მოვალეობას ის შეასრულებს

შვებულებაში მყოფი ბათუმის მერი დღეს, 12 საათზე, მერიაში მივა და თანამშრომლებს შეხვდება. ამის შესახებ მერიის თანამშრომლებმა გვითხრეს. სამთავრობო პირების ინფორმაციით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს ოფიციალურად გადადგება. შესაძლოა, ის არც დღეს შეხვდეს ჟურნალისტებს.

ლაშა კომახიძე მერის რანგში დღეს, 16 ივლისს, ბოლო ორ ბრძანებას მოაწერს ხელს: რამდენიმე ინფორმირებული პირის თქმით, ის თანამდებობიდან გაათავისუფლებს ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს და ამ თანამდებობაზე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსს, არჩილ ჩიქოვანს დანიშნავს. შემდეგ კი მერი განცხადებას დაწერს თანამდებობიდან წასვლაზე.

შესაბამისად, მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი გახდება.

ლაშა კომახიძე, მისივე გარემოცვის ინფორმაციით, სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაცია „იუენდიპში“ გააგრძელებს საქმიანობას.

ლაშა კომახიძის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ის საჯაროდ არ გამოჩენილა, მაგრამ ორშაბათს შვებულებაში გავიდა და თბილისში გაემგზავრა. მედიის ინფორმაციით, ის გადადგომას ერთი პირობით თანხმდებოდა – თუ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნების გამსვლელ სიაში მოხვდებოდა. მას ამაზეც უარი უთხრეს.

„ბათუმელები“ ამ დღეების განმავლობაში ცდილობდა ლაშა კომახიძესთან დაკავშირებას. მისთვის გვინდოდა გვეკითხა, ნამდვილად ემუქრებოდნენ თუ არა დაპატიმრებით, გადადგომაზე უარის თქმის შემთხვევაში. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა არჩეული მერს გადადგომას აიძულებენ. 2018 წლის ოქტომბერში ხულოს მერი გოჩა მელაძე გადადგა.

გოჩა მელაძესაც ანალოგიური ისტორია ჰქონდა. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციის არაოფიციალურად გავრცელების შემდეგ, ისიც შვებულებაში გავიდა, იმავე კვირაში შვებულებიდან დაბრუნდა, ვიცე-მერად დანიშნა ვახტანგ ბერიძე, შემდეგ კი გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

გადადგომის შემდეგ გოჩა მელაძე შემოსავლების სამსახურში დაასაქმეს.

რა სჭირს გოჩა მელაძეს – ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი პოლიციელი დანიშნეს

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქციაა

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის ახალი აქცია დაიწყო. მომხმარებლები ვინც 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე აიღებენ საკრედიტო ლიმიტს და გამოიყენებენ თანხის მინიმუმ ნახევარს, ავტომატურად ერთვებიან აქციაში. ყველაზე აქტიურ 100 მომხმარებელს ფინკა ბანკი ყოველთვე გამოავლენს და მათ საჩუქრად ანგარიშზე 100 ლარამდე თანხა დაუბრუნდება! აქციის პირობები ასევე ვრცელდება მომხმარებლებზე ვისაც უკვე აქვს ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი.

ფინკა ბანკის ეს პროდუქტი უნიკალურია ბაზარზე. პროდუქტის უნიკალურობა იმაშია, რომ სტანდარტული საკრედიტო ბარათისაგან განსხვავებით საკრედიტო ლიმიტის ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია, არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე: მომხმარებელი ყოველთვე ერთსადაიმავე თანხას იხდის, მიუხედავად ათვისებული თანხისა.

საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარია, თანხა ბარათზეა და ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში მომხმარებელი თანხას მარტივად განკარგავს.

საკრედიტო ლიმიტი გაიცემა შემოსავლების მქონე ფიზიკურ პირებზე (შემოსავლების ოფიციალურად დადასტურების დოკუმენტის წარმოდგენა არ არის საჭირო).

საკრედიტო ლიმიტის ასაღებად მიმართეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრებს საქართველოს 32 ქალაქში, შეავსეთ ონლაინ განაცხადი აქ ან დაგვირეკეთ *4949

როგორ იქმნებოდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში

დღეს, 15 ივლისს, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აჭარა-გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წაღებულ გიგანტურ ხეებთან ერთად, პარკში მისულ დამთვალიერებელს მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა დახვდება. პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.

პარკის დათვალიერება უფასოა და ღია იქნება დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე ორშაბათის და ხუთშაბათის გარდა. პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 8 ჰექტარზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გადატანილი ენდემური ჯიშის ხეებია დარგული. კოლექციაში 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი, მათ შორის კვიპაროსი, მაგნოლია, კედარი, მუხა, ჭადარი, ნეკერჩხალი და სხვა. დენდროლოგიურ პარკში გაშენებულია ბამბუკის ტყეც.

იმისთვის, რომ ვიზიტორმა მცენარის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, ყველა ხესთან სპეციალური ბანერებია განთავსებული. პარკში არსებული ზოგიერთი ხის ასაკი 300 წელს აღემატება.

დენდროლოგიური პარკი ფოტო: “ქართული ოცნების” ფეისბუქ გვერდიდან

როგორ აშენდა დენდროლოგიური პარკი

2016 წლის მარტში, ციხისძირში, მე-13 ქუჩის სიახლოვეს სარკინიგზო ლიანდაგთან ახლოს მდგარი ტიტა მიწიანად ამოიღეს, ბარჟაზე დადეს და შეკვეთილში ზღვით წაიღეს. ასე დაიწყეს გიგანტურმა ხეებმა დასავლეთ საქართველოდან მოგზაურობა ზღვით, ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისკენ.

იმ ადგილას, სადაც ტიტას ხე იდგა, ციხისძირში მცხოვრებ ართმელაძეების ოჯახს არენდით აღებულ მიწაზე, პატარა მანდარინის ბაღი და ბაღჩა ჰქონდათ. ხის გადატანის გამო, მათი ბაღი განადგურდა. ხის გადატანიდან სამი წლის შემდეგაც, 2019 წლის აპრილში, ოჯახს კომპენსაცია არ ჰქონდა მიღებული.

ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, დაპირება, რომ მოთხრილი ხეების ადგილს თავდაპირველი იერსახით აღადგენდნენ, არ შეასრულეს. სანახევროდაა გაკეთებული პარკი, რომელიც ტიტას წაღების ნაცვლად გაკეთდა მე-13 ქუჩაზე.

აჭარის რეგიონში მინიმუმ 13 ადგილია, სადაც ხეები ამოიღეს და ზღვით წაიღეს ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. ხეების გადატანის პროცესში მუდმივად ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიუხედავად იმისა, რომ ორ წელზე მეტი გავიდა, არცერთი ადგილი, საიდანაც ხეები მოთხარეს, სრულყოფილად აღდგენილი არაა.

წასაღებად გამზადებული ჭადარი სოფელ ქარიატაში. 2020 წლის აპრილი

ერთ-ერთი ბოლო ხე ივანიშვილმა შეკვეთილში სამეგრელოდან წაიღო. ხის გადატანის სამუშაოები 2020 წლის მარტში, იმ დროს სრულდებოდა, როცა ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას ებრძოდა. სოფელ ქარიატაში ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 6 გიგანტური ჭადარი ამოიღეს მიწიანად. სოფლიდან მდინარე ხობისწყლამდე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე, გზა გაიყვანეს და მდინარის კალაპოტი ჩაჭრეს. ხობისწყალზე მოაწყეს სატვირთო მისადგომი შიდასამდინარო გზით ტვირთის გადასაზიდად. ტვირთი ამ შემთხვევაში ბარჟაზე მდგარი ასწლოვანი ჭადრები იყო.

ჩვეულებრივ კომპანიამ ან ფიზიკურმა პირმა, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები რომ აწარმოოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა მიმართოს. პროცედურულად, ჯერ ტერიტორიის სკრინინგი უნდა მოითხოვოს. სკრინინგის ჩატარების შემდეგ, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა კონკრეტულ სამუშაოებს გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

„ბათუმელებმა“ მიმდინარე წლის მაისში გამოითხოვა ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. გვაინტერესებდა, თუ მიმართეს სამინისტროს სკრინინგის გადაწყვეტილების მისაღებად.

„აღნიშნულ საქმიანობაზე სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამინისტროსთვის არ მოუმართავთ,“ – მოგვწერეს ჩვენი კითხვის პასუხად სამინისტროდან. ეს ნიშნავს, რომ მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც ჭადრების გადატანისთვის გასწია ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, უკანონო იყო.

სატვირთო მისადგომი შიდასამდინარო გზით ტვირთის გადასაზიდად მდინარე ხობისწყალზე

იცავდნენ თუ არა კანონს კომპანიები, როდესაც ივანიშვილის ხეები მიჰქონდათ

ცალსახად შეიძლება თქმა, რომ 2015 წლიდან დღემდე, არაერთი კანონი დაირღვა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ.

ხეების გადატანის პროცესი სამართლებრივად თავიდანვე ბუნდოვნად დაიწყო. 2015 წლის 31 დეკემბერს გიგანტური ხეების გადატანის ნებართვას პირველად ხელი აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მოაწერა. აჭარის მთავრობამ იმ პერიოდში განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნებართვის გაცემას მოსახლეობის საკეთილდღეოდ დაგეგმილი მასშტაბური პროექტის განხორციელებით ხსნიდა.

2018 წლის იანვარში, ჩაქვში, უმაღლესი საბჭოსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კომპანია „ატუმ“ ცრუ ქაფურის, წაბლისა და ფიჭვის ხეები მოჭრა. ეს ხეები კომპანიას ხელს უშლიდა იმ ქაფურის ხეების გადატანაში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიური პარკისთვის მოეწონა.

6 ძირი ქაფურის ხის მოთხრა გადასატანად 2018 წლის 11 იანვარს უკვე დაწყებული იყო, როცა „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობიდან გამოითხოვა დოკუმენტები, თუ რის საფუძველზე ტარდებოდა სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ კომპანია „ატუს“ აჭარის მთავრობამ ნებართვა სხვა ხეების მოჭრა-დასაწყობებაზე მისცა, ხეების მოთხრის და გატანის ნებართვა კი კომპანიას არ ჰქონდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხეების პირდაპირი მიყიდვით გასხვისებაზე ბრძანება 2018 წლის 18 იანვარს გამოსცა, ანუ მას შემდეგ, როცა საკითხით მედია დაინტერესდა, ხეები კი გადასატანად გამზადებული იყო.

2018 წლის მარტში ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ქარსაცავი ზოლი გაჩეხეს. მიზეზი ის ევკალიპტი გახდა, რომელსაც ამ გზაზე უნდა გაევლო და რომლის გატარებასაც ქარსაცავი ზოლი ხელს უშლიდა.

ასრულებდნენ თუ არა ვალდებულებებს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები

საქართველოში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის თანახმად [ჯამში ხუთი კანონი], კომპანიები, რომლებიც ხეებს ეზიდებოდნენ, ვალდებული იყვნენ, ხეების ამოღების შედეგად გადათხრილი ტერიტორია – წარმოქმნილი ქვაბულები აღედგინათ. ამასთან, ხეების ამოღების შემდეგ ნიადაგის, მიწის ნაყოფიერი ფენა ნადგურდებოდა. ყველაზე თვალსაჩინოდ, ხეების ამოღების შედეგი, ციხისძირის უღელტეხილზე ჩანს, საიდანაც ივანიშვილის დენდრო პარკში რამდენიმე ხე წაიღეს. ტერიტორია დღემდე განადგურებული და გადათხრილია. მხოლოდ გზის მხარეს არის დარგული ოცამდე ნერგი, რომელიც სპეციალური დამბებითაა დამაგრებული.

ნახეთ რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, საიდანაც ივანიშვილმა აჭარიდან ხეები წაიღო.

ხის გადატანა ბათუმიდან ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

რა პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის პროცესი

[checklist]

  • 2017 წელს, ქობულეთიდან შეკვეთილში ევკალიპტი წაიღეს. იმის გამო, რომ ევკალიპტს გზაზე გაეტარებინათ, ქობულეთის ცენტრში ახლადმოწყობილი წრიული მოშალეს, მოგვიანებით კი აღადგინეს.
  • 2017 წელს მახინჯაურში, ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს ტიტას ხემდე მისასვლელად, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიურ პარკში უნდოდა წაეღო.
  • ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ქარსაცავი ზოლი მხოლოდ იმიტომ გაჩეხეს, რომ ხე, რომელიც ივანიშვილს გადაჰქონდა, ქარსაფარი ზოლის გამო გზაზე ვერ ეტეოდა.
  • 2019 წლის მარტში, ივანიშვილის პარკისთვის მოთხრილი გიგანტური ხე ქობულეთში, სოფელ ზენითში, გზაში გაიჭედა. ამის გამო რამდენიმე საათით ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილი იყო, სოფელს კი 24 საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
  • გიგანტური ხეების გადასატანად, სოფლების ალამბარი-ზენითის დამაკავშირებელ გზაზე ათეულობით ხე გაჩეხეს, რადგან პარკში გადასატანი ხეები მოცულობით დიდი იყო და საავტომობილო გზაზე ვერ ეტეოდა.
  • სოფელ ზენითიდან ხეების გადატანის შემდეგ, დაზიანდა ახლადდაგებული ცენტრალური საავტომობილო გზა. გზის დასაგებად აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
  • ყოველ ჯერზე, როდესაც ხეს ლიანდაგი უნდა გადაეკვეთა, იხსნებოდა სარკინიგზო ხაზები.
  • ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე სოფლიდან ხე მიჰქონდათ, სოფლის მოსახლეობას უწყდებოდა ელექტორენერგიის მიწოდება და ფერხდებოდა საავტომობილო მიმოსვლა.

[/checklist]

ვის შეუძლია თურქეთში წასვლა – ინტერვიუ საქართველოს ელჩთან თურქეთში

საქართველოში ათასობით ადამიანს აქვს შეკითხვა – როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან, სადაც საქართველოს მოქალაქეები სეზონურ თუ ყოველდღიურ სამუშაოზე იყვნენ დასაქმებული. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საზღვრები თურქეთთან 15 მარტს ჩაიკეტა და დღემდე უცნობია, როდის აღდგება თავისუფალი მიმოსვლა თურქეთის რესპუბლიკასთან. „ბათუმელები“ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავას ესაუბრა თემაზე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია დღეს საქართველოს მოქალაქეს თურქეთის რესპუბლიკაში წასვლა.

  • ბატონო გიორგი, ბევრი ადამიანი გვიკავშირდება კითხვით, როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან, ალბათ ამ კითხვას ყველაზე ხშირად უსვამენ საქართველოს საელჩოს თურქეთში. როგორც ელჩს, რა ინფორმაცია გაქვთ საზღვრის გახსნის თარიღთან დაკავშირებით?

მართალი ბრძანდებით, ყველა გვისვამს ამ შეკითხვას, ჩვენთვისაც ძალიან რთულია, აბსოლუტურად ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების წუხილს, მათ აინტერესებთ რა მოხდება, ვინაიდან ბევრი დასაქმებულია თურქეთის რესპუბლიკაში, ფაქტია. მუშაობენ და შიშობენ, არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები, ზოგს ნაქირავები ბინა აქვს ჩაკეტილი, ეს აბსოლუტურად გასაგებია.

გიორგი ჯანჯღავა

საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ სამი კატეგორიის მოქალაქეების გადასვლა მომხდარიყო. ესაა:

პირველი – მკურნალობის მიზნით, რაც გაწერილია და მინდა გითხრათ, აუცილებელია, რომ ჩვენმა მოქალაქემ საზღვარზე წარადგინოს მოწვევა თურქეთის კონკრეტული კლინიკიდან და აუცილებელია საქართველოში ფორმა 100-ის აღება, რომელშიც ჩაიწერება, რომ ამ პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა თურქეთში. ეს აუცილებელია.  ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, ვისაც სჭირდება მკურნალობა თურქეთის ტერიტორიაზე, შეუძლია ამ ორი დოკუმენტის წარდგენით გადალახოს საზღვარი და ტაქსით, ავტობუსით თუ ა.შ. სამკურნალოდ თურქეთის სხვადასხვა ქალაქში.

არის მეორე კატეგორია, ვისაც შეუძლია თურქეთში შესვლა – ეს იყო ოჯახის გაერთიანების მიზნით. ჩვენი მოქალაქეები, ძირითადად ქალები, ვინც გათხოვილნი არიან, ზოგს ქმარი ელოდება, ზოგს ბავშვი, ისინი გადმოდიან თურქეთში. ამ შემთხვევაში მათ სჭირდებათ ქორწინების მოწმობა და რაც ყველაზე მთავარია – ქორწინების მოწმობის წარდგენის შემდეგ, ქართველ მებაჟეს რომ გაივლის, იქვე, ადგილზე ხდება კომუნიკაცია თურქულ მხარესთან, რადგან არის შემთხვევა, როცა დაქორწინებულია, მაგრამ მას დარღვეული აქვს თურქეთში ყოფნის რეჟიმი. თუ კი სისტემაში დაფიქსირებულია კანონდარღვევა, ეს უკვე პრობლემაა. აქ უკვე თურქეთში მყოფმა ამ პირის მეუღლემ უნდა მოამზადოს დოკუმენტები, უნდა მოხდეს მიზნობრივი მოწვევა და მიზნობრივი ვიზის აღება ბათუმში ან თბილისში საკონსულო სამსახურებში.

და არის მესამე კატეგორია – ეს არიან საქართველოს ის მოქალაქეები, ვისაც აქვს ხელზე თურქეთში ლეგალურად ბინადრობის და მუშაობის უფლება. ისინი შეიძლება გადავიდნენ საზღვარზე.

ნელ-ნელა ალბათ დაემატება სხვა კატეგორიებიც და ეტაპობრივად მოხდება ეს ყველაფერი. ამავდროულად, დიდი იმედი გვაქვს, რომ თურქეთშიც კოვიდთან მიმდინარე სიტუაციაც დარეგულირდება და გაუმჯობესდება.

  • ანუ ვისაც მუშაობის და ცხოვრების ნებართვა აქვს, შეუძლია თურქეთში გადასვლა?

დიახ, ვისაც აქვს ლეგალურად მუშაობის და ცხოვრების ნებართვა. თურქეთში ჩასვლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომელთაც, საქართველოში ყოფნის დროს, როცა უკვე ჩაკეტილი იყო საზღვარი, მიმდინარე მარტის თვის მეორე ნახევრის შემდეგ ამოეწურათ თურქეთში ბინადრობის და მუშაობის უფლებები.

  • თქვენი ინფორმაციით, არის თუ არა იმის მოლოდინი, რომ საზღვარი წელს საერთოდ შეიძლება არ გაიხსნას?

ყოველ დღე, პირადად მე, მწერს რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე. მაქსიმალურად ვცდილობ ინფორმაცია მივაწოდო, ბოდიში, თუ ვინმე გამომრჩა, მაგრამ არის რაღაც, რაც ჩემს კომპეტენციას სცდება. არის კითხვები, რაზეც მე ვერ გავცემ პასუხს. იგივე, ხშირად არის კითხვები, რაზეც თურქულმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ და ასეთ დროს ვეუბნებით ადამიანს, სად უნდა დარეკონ. ასეთ რეჟიმშია მთელი საელჩო.

თუ სიტუაცია არ გამოსწორდა… ხომ ნახეთ როგორ შეიცვალა სიტუაცია იგივე ისრაელში, როგორ გამწვავდა, ასე რომ ამის ცალმხრივად გადაწყვეტა მარტივი არ არის.

  • კოვიდ პანდემიის პირობებში ყველაზე ხშირად რა პრობლემის მოგვარებაში გთხოვენ დახმარებას საქართველოს მოქალაქეები თურქეთში?

ეს რამდენიმე ნაწილად უნდა დავყოთ. მაშინ როდესაც პანდემია პიკში იყო თურქეთში, ნებართვების აღება გადასაადგილებლად, რომ ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაგვებრუნებინა, იყო ურთულესი საკითხი. ჩაკეტილი იყო ქალაქები. ოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობის გარეშე არავინ არ იძლეოდა ნებართვას გადაადგილებისთვის. იყო ძალიან ბევრი პრობლემა, რეგულაციები იცვლებოდა, ბევრი ადამიანი იყო უსახსროდ დარჩენილი, ვისაც დავეხმარეთ; იყო პატიმრების საკითხი, მიცვალებულების გადმოსვენების საკითხი და ა.შ.

და, რაც მთავარია, იყო მეზღვაურების თემა. ეს იყო ძალიან რთული თემა, ნებისმიერი ადამიანის შემოსვლა თურქეთში იყო პრობლემური და მათ  შორის მეზღვაურის. აუცილებელი იყო კარანტინის გავლა. როცა შემოდიოდა ამა თუ იმ თურქულ გემზე დასაქმებული ქართველი მეზღვაური და ეს იყო ათობით, ისინი ვერ ჩამოდიოდნენ გემიდან, მათზე იყო სპეცნებართვა გასაკეთებელი და ვაკეთებდით. ამაში ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციამაც.

იყო მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეგულაციები მიღებული არ იყო, იყვნენ უმძიმესი პაციენტები, მათ შორის ლეიკემიით დაავადებულები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადმოსულიყვნენ თურქეთში სამკურნალოდ. საჭირო იყო ნებართვების აღება. ასე რომ, იყო რიგი პრობლემებისა.

  • ახლა რა სიტუაციაა, მას შემდეგ, რაც რაღაც შეზღუდვები უკვე მოიხსნა?

შიდა გადაადგილება გაიოლებულია, თურქეთმა პრაქტიკურად გახსნა საზღვრები, ირანის გარდა. რეგულაციები არის, პირბადით უნდა იარო, თვითმფრინავში კოდები უნდა აიღო და ა.შ., მაგრამ მაინც, ნელ-ნელა იხსნება ქვეყანა.

  • დაახლოებით რამდენი საქართველოს მოქალაქეა ამჟამად თურქეთში ლეგალურად? და ასევე, თუ არსებობს მიახლოებითი მონაცემები არალეგალურად მყოფ მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით?

ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი მოქალაქე მუშაობს ლეგალურად თურქეთში, არალეგალურად – ვერ გეტყვით. ამას ემატება სეზონურ სამუშაოზე თურქეთში ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები.

ბათუმში 749 პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 749 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 21 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 28 948 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 2 190 პირი.

ბათუმში აქცია იშლება, კარვები რჩება

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში მთავრობის სახლის წინ ორი აქცია გაიმართა ერთდროულად. ერთი აქციის მონაწილეები თურქეთში დასაქმებული ქალები იყვნენ, რომლებიც საზღვრის გახსნას ან ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ.

მეორე აქციის ორგანიზატორი კი ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელები, ანანიძეების ოჯახის წევრებია, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ქონება და დაბრუნებას ვერ ახერხებენ. სწორედ მათ გაშალეს კარვები მთავრობის სახლის წინ და აქ დარჩენას აპირებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.

აქციის მონაწილეებს ჯერ აჭარის მთავრობის წარმომადგენელი ზაზა შაშიკაძე შეხვდა, შემდეგ კი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი. ჩიქოვანს უშუალოდ დავით ანანიძე ესაუბრა, აქციის მონაწილე. როგორც დავით ანანიძემ აღნიშნა აქციის მონაწილეებთან, მას ჩიქოვანი დაჰპირდა ზეპირ და წერილობით შუამდგომლობას პროკურატურაში, რომ სწრაფად დაიწყოს საქმის გამოძიება.

მიუხედავად დაპირებისა, დავით ანანიძე აცხადებს, რომ კარვები აჭარის მთავრობის სახლთან დარჩება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ მიაყენებენ ზიანს მუნიციპალურ ქონებას, გაუფრთხილდებიან ნარგავებს და არ დაანაგვიანებენ მიდამოს, თუმცა დარჩებიან მანამ, სანამ არ დაინახავენ მათი პრობლემების მოსაგვარებლად გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს.

ბათუმის მერიამ რესპუბლიკური საავადმყოფო ხმაურის გამო გააფრთხილა

ბათუმის მერიამ რეპსუბლიკური საავადმყოფო გააფრთხილა. მიზეზი რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის სავენტილაციო სისტემაა, რომლის ხმაურიც მეზობლებს აწუხებთ.

ამ პრობლემის შესახებ გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ 9 ივლისს უთხრეს. მაშინ სახელმწიფო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ [ყოფილი შპს „სტადიონის“] დირექტორმა, ჯაბა სურმანიძემ პრობლემა უარყო და თქვა, რომ „სისტემა გამართულად მუშაობს“.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საკითხი ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეისწავლა და ხმაურის დონის გადაჭარბება დაადგინა. ინსპექციაში განმარტავენ, რომ გამაფრთხილებელი ოქმი შეადგინეს და საავადმყოფოს ადმინისტრაციას გონივრული, ორკვირიანი ვადა მისცეს პრობლემის მოსაგვარებლად.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხმის იზოლაციისთვის გათბობა-გაგრილების სისტემების შეფუთვაზე მუშაობა“, – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრიდან. აქ არ უპასუხეს ჩვენს მეორე კითხვას: რატომ მოგვაწოდა სახელმწიფო შპს-ს დირექტორმა არასწორი ინფორმაცია, თუ მას ეს ინფორმაცია არ ჰქონდა?

შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ 100% წილის მფლობელი/პარტნიორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, პარტნიორის უფლებამოსილებას კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს.

ულტიმატუმი თორნიკე რიჟვაძეს – ბათუმში მთავრობის სახლის წინ კარვებს შლიან

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვებს შლიან.

დღეს ბათუმში ორი აქცია მიმდინარეობს ერთდროულად, ერთსა და იმავე ადგილას, მთავრობის სახლთან. ერთი აქციის მონაწილეები თურქეთში დასაქმებული ქალები არიან, რომლებიც საზღვრის გახსნას ან ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ, მეორე აქციის ორგანიზატორი კი ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელები, ანანიძეების ოჯახის წევრებია, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ქონება და დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

კარვებს მთავრობის სახლთან სწორედ ანანიძეების ოჯახის წარმომადგენლები შლიან. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ კარვებს არ დაშლიან და 50-მდე ადამიანი აქ ღამისთევით დარჩება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შესაძლოა მიმართონ რადიკალურ ფორმას – შიმშილობას.

აჭარის მთავრობიდან ორივე აქციის მონაწილეებს მთავრობის წარმომადგენელი, კახა შაშიკაძე შეხვდა, რომელმაც ანანიძეების ოჯახს უთხრა, რომ ჩაინიშნავს მათ ნომრებს და ამ საკითხზე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა შედგება, თუმცა მას აქციის მონაწილეებმა არ დაუჯერეს. „ადრეც ჩაიწერეს ნომრები და შეხვედრა არ შემდგარა,“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

რაც შეეხება თურქეთში დასაქმებულ ქალებს, ზაზა შაშიკაძემ მათ უთხრა, რომ ამ დროისათვის მთავრობა მუშაობს მრავალჯერადი კომპენსაციის შესაძლო გაცემის საკითხზე, თუმცა ეს გადაწყვეტილი არ არის.

აჭარის მთავრობის სახლის წინ უკვე ხუთი კარავია გაშლილი. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო – ინგა შამილიშვილი ბსუ-ში რექტორის არჩევნებზე

დღეს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით მერაბ ხალვაში აირჩიეს. მისი ერთადერთი კონკურენტი ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი იყო. ინგა შამილიშვილმა დღეს აკადემიური საბჭოს 11 წევრისგან ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო. ინგა შამილიშვილმა მიანიშნა, რომ დღევანდელი არჩევნების შედეგი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

არჩევნების შედეგების გაცნობის შემდეგ ინგა შამილიშვილმა ჟურნალისტებს ამ რეჟიმში უპასუხა:

– ეს [არჩევნების შედეგი] პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო?

– რა თქმა უნდა.

– ვინ იღებს ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს?

– მოდით, ამაზე დავამთავროთ საუბარი. მე დღეს მიუღებელი ვიყავი უნივერსიტეტისთვის.

– რადგან ქართული ოცნების წევრი იყავით?

– არა, ამ შემთხევაში სხვა…

– თქვენ მინისტრი იყავით და თქვენი გათავისუფლება, ის ინციდენტი, რაც მაშინ მოხდა, ეს გახდა დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველი?

– რა თქმა უნდა.

– ანუ მთავრობის თავმჯდომარის…

– მე არ ვაკონკრეტებ დანარჩენს. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები.

ინგა შამილიშვილმა თქვა, რომ ის წარმატებას უსურვებს დღეს არჩეულ რექტორს, მერაბ ხალვაშს, თავად კი უნივერსიტეტში აპირებს დარჩენას და საქმიანობის გაგრძელებას.

„მე ველოდი ამ შედეგს. მე რომ ამ ბრძოლაში შევდიოდი, იყო აბსოლუტურად გააზრებული. არანაირი ემოცია აქ არ იყო. ეს იყო პირდაპირ გააზრებული და ერთ რამეს ვიტყვი – ეს იყო შედეგი, რომელიც ვიცოდი, რომ დადგებოდა. არაფერს არ ვმალავ, იმიტომ, რომ დღეს, მე ალბათ უნივერსიტეტისთვის მიუღებელი კანდიდატურა ვიყავი. თუმცა კიდევ ერთ რამეს ვამბობ, რომ ეს იყო ძალიან დიდი ლუსტრაცია ბევრი საკითხისა. საკითხების, რომლის ირგვლივაც მე კითხვითი ნიშნები მაქვს. ამიტომ მე ამ კითხვით ნიშნებს სხვა გარემოში დავსვამ. დიდი მადლობა აკადემიური საბჭოს თითოეულ წევრს იმისთვის, რომ მომისმინეს და მე არც ერთი მათგანისთვის არ მიმართავს და ხმის მოცემა არ მითხოვია. მე, პირველ რიგში, მათ არ ვაკადრებდი ამას, რადგან ყველაზე კარგად ისინი მიცნობენ. ამიტომ შედეგი არის ის, რაც უნდა დამდგარიყო“.

მერაბ ხალვაში ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი იქნება 2024 წლის ივლისამდე. ის ერთხელ, ორი წლის ვადით ასრულებდა რექტორის მოვალეობას და ოთხი წლის ვადით იყო არჩეული რექტორი.

შინაური ცხოველი სათამაშო არ არის – პოსტერების კონკურსი აქცენტით პასუხისმგებლობაზე

საქართველოში ყოველწლიურად ასობით ძაღლი და კატა რჩება ქუჩაში იმის გამო, რომ ცხოველის აყვანისას მეპატრონეს არ აქვს გააზრებული, შეძლებს თუ არა მის მოვლას. შინაურ ცხოველებს ტოვებენ ქუჩებში, გზებზე, სასაფლაოებზე, მიტოვებულ ადგილებში, სადაც მათ შიმშილით და სიცივით სიკვდილი ემუქრებათ.

სწორედ ამ პრობლემას ეხმიანება საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის [ACAG] ორგანიზებული პოსტერების კონკურსი, რომლის ფარგლებში კონკურსის მონაწილეებს უნდა შეექმნათ პოსტერი, რომელიც მოუწოდებს ოჯახებს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებისკენ, დაფიქრებისა და გააზრებისკენ, სანამ შინაური ცხოველის ყიდვას/ყოლას დააპირებენ.

კონკურსში წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ საუკეთესოები უკვე გამოავლინა.

„ასოციაცია ხშირად ატარებს მსგავსი ტიპის კონკურსებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, კონკურსი იყოს აქტუალურ თემაზე. ვთვლით, რომ შინაური ცხოველების პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია და ის ყველას გვეხება, ამიტომაც გადავწყვიტეთ კონკურსის ჩატარება შინაური ცხოველების სათამაშოებთან გაიგივების პრობლემაზე,“ – ამბობს ლუკა ეჯიბია, ACAG-ის პროექტების მენეჯერი.

მან ასევე გვითხრა, რომ პოსტერები გავრცელდება სოციალურ ქსელებში:

„ასევე, გვექნება თავისუფალი ბმული, საიდანაც ადამიანები შეძლებენ საბეჭდი მასალის აღებას, დაბეჭდვას და თავიანთ სამუშაო სივრცეში, სახლში თუ სხვაგან ამ პოსტერის გაკვრას. გარდა ამისა,  ასოციაცია დაბეჭდავს გამარჯვებულ პოსტერებს და მას თბილისის სხვადასხვა წერტილში გამოაკრავს“.

I ადგილი – Saatchi&Saatchi Tbilisi
II ადგილი – Redberry
III ადგილი – BRID
III ადგილი – ABK
Gepra – ალტერნატიული ჟიურის რჩეული

კონკურსში სულ 17 სააგენტო მონაწილეობდა. ნახეთ კონკურსისთვის შემქნილი რამდენიმე ნამუშევარი.

სააგენტო Kraken-ის პოსტერი
Windfor’s-ის პოსტერი
Socialsharks-ის პოსტერი

ბათუმში ერთდროულად ორი საპროტესტო აქცია იმართება [LIVE]

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში, მერიის წინ ერთდროულად ორი აქცია დაიწყო.

აქციაზე შეიკრიბნენ თურქეთში დასაქმებული ქალები, რომლებიც თურქეთში მუშაობის უფლებას ან სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას ითხოვენ და ასევე, მერიასთან აქციას მართავს ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელების, ანანიძეების ოჯახი, რომლებიც აცხადებენ, რომ სამართლიანობის აღდგენა მათ ოჯახს არ შეხებია.

„დანაშაულია ჩადენილი, ქონება წაგვართვეს, რომელიც არის შემოსავლიანი, ცოცხალი ბიზნესი. პროკურატურა არც უარს გვეუბნება და არც ჰოს!“ – გვითხრა აქციის მონაწილემ, დათო ანანიძემ.

აქციის მონაწილეები მერიის შენობიდან უმაღლესი საბჭოსკენ გაემართნენ მსვლელობით, შემდეგ კი აჭარის მთვრობის სახლთან გეგმავენ მისვლას.

მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად მეორედ აირჩიეს

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი ისევ მერაბ ხალვაშია. იგი 2016 წლიდან  იკავებს ამ პოსტს.

ხალვაში ფარული კენჭისყრით 11 წევრისგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ აირჩია, მას აკადემიური საბჭოს თერთმეტივე წევრმა მისცა ხმა.

არჩევნები ბსუ-ში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

რექტორობისთვის ორი კანდიდატი – მერაბ ხალვაში და ინგა შამილიშვილი იბრძოდა. არჩევნებამდე აკადემიურმა საბჭომ ორივე კანდიდატის სამოქმედო გეგმა მოისმინა.

პირველად პრეზენტაცია მერაბ ხალვაშმა ჩაატარა.

სამოქმედო გეგმა ერთგვარი შეჯამება იყო მისი რექტორობის დროს უნივერსიტეტის მიღწევებისა. სამომავლო გეგმებში კი აქცენტები თითქმის ყველა მიმართულებით გააკეთა, მათ შორის, ინგლისურენოვანი პროგრამების დამატებაზე, უნივერსიტეტის თანამედროვე აუდიტორიებით და ლაბორატორიებით აღჭურვასა და ახალი კორპუსის მშენებლობაზე.

საბჭო ერთი საათის განმავლობაში უსმენდა მას და საბჭოს 11 წევრიდან მერაბ ხალვაშს მხოლოდ ექვსმა წევრმა დაუსვა კითხვა.

აკადემიური საბჭოს წევრმა ენვერ ხალვაშმა მერაბ ხალვაშს ურჩია, იმ ლექტორებს, რომლებიც ინგლისურენოვან პროგრამებზე ატარებენ ლექციებს, ხელფასი გაუზარდოს.

მეორე კითხვა აკადემიური საბჭოს წევრმა მამია ფაღავამ დასვა. მისი კითხვა ბსუ-ს სამეცნიერო ჟურნალს ეხებოდა, რომლის შექმნაც თავის სამოქმედო გეგმაში მერაბ ხალვაშმა დაასახელა.

რამდენიმე კითხვა ჰქონდა აკადემიური საბჭოს კიდევ ერთ წევრს რუსუდან ხუხუნაიშვილს. ის დაინტერესდა, როგორ გაიცემა უნივერსიტეტში შიდა გრანტები და ასევე, დასაქმების ბაზრის შესწავლა.

„როდესაც საუბრობთ სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში პროფესორების ჩართვაზე, რეალურად ვხედავთ, რომ ისინი ჩართული არ არიან”, –  საყვედურნარევი შენიშვნა მისცა რუსუდან ხუხუნაიშვილმა მერაბ ხალვაშს.

„კვლევითი ინსტიტუტების პრობლემას ასე კარგად თუ ხედავდით, არ ვიცოდი”, – უთხრა ზურაბ მიქელაძემ მერაბ ხალვაშს. მიქელაძე აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტს წარმოადგენს აკადემიურ საბჭოში. მას შენიშვნები ჰქონდა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ბსუ-ს შერწყმის გაჭიანურებულ პროცესთან დაკავშირებით.

ასევე, მან რექტორობის კანდიდატს ჰკითხა, რამდენად გაუძლებდა ბსუ ქუთაისის ახალი უნივერსიტეტის კონკურენციას. “ქუთაისის უნივერსიტეტი წაგვშლის,” – გამოთქვა მან ვარაუდი.

თუმცა მერაბ ხალვაშმა ის დაამშვიდა და უთხრა, რომ ბსუ “ღირსეულად ჩაებმება კონკურენციაში და გაუძლებს”.

აკადემიური საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, პაატა აროშიძემ რექტორობის კანდიდატს ჰკითხა, თუ რაში სჭირდებოდა უნივერსიტეტს პროფესიული სწავლების პროგრამა და რატომ უთმობდა მათ თავის აკადემიურ სივრცეს.

მერაბ ხალვაშმა მას უპასუხა, რომ დასავლეთის უნივერსიტეტში ეს მიღებული წესია და სამომავლოდ შეიძლება პროფესიული პროგრამები საუნივერსიტეტო კოლეჯის სახით ჩამოყალიბდეს.

ინგა შამილიშვილმა სამოქმედო გეგმა განათლების ხარისხის ჭრილში წარმოადგინა. მან თავისი დრო ძირითადად სწავლა-სწავლების პრინციპებისა და პროგრამულ განვითარებაზე საუბარს დაუთმო.

შამილიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც უცხოეთში ამთავრებენ უნივერსიტეტებს და ბრუნდებიან სამშობლოში, ვერ ახერხებენ საგანმანათლებლო სივრცეებში შესვლას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა ასეთ ახალგაზრდებს შანსი მისცეს.

აკადემიური საბჭოს 11 წევრიდან ინგა შამილიშვილს კითხვები მხოლოდ ორმა წევრმა დაუსვა.

კანდიდატების მოსმენის შემდეგ ფარული კენჭისყრა გაიმართა. სწორედ ამ კენჭისყრის შედეგად აირჩიეს ახალი რექტორი.

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლას დაანგრევენ, აჭარის მთავრობა მიწას ყიდის

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობას და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ქონების გასაყიდი საწყისი ფასი 19 მილიონი ლარია. აუქციონის პირობის მიხედვით, სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის უფლება მომავალ მყიდველს აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით ექნება. მყიდველი ვალდებული იქნება აქ მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენოს [რომელიც აუცილებლად მოიცავს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს და მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება], რაშიც 60 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც სამინისტრო აუქციონზე ყიდის, ამ ეტაპზე კომპანია „ორბი ჯგუფი ბათუმს“ იჯარით აქვს აღებული. „ორბი“ ამ ტერიტორიას ცათამბჯენების მშენებლობისთვის იყენებს [დასაწყობებული აქვს სამშენებლო მასალები, ამუშავებს ბეტონის ქარხანას].

ბათუმი, გასაყიდი ტერიტორია სასპორტო სკოლასთან / ფოტო აუქციონიდან

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 23 ივლისს დასრულდება.

აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია, მიწის ნაკვეთზე განთავსებული სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის დაწყებამდე, ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლას უსასყიდლო  გადასცეს ეს შენობა სარგებლობაში.

შენობის დემონტაჟის უფლება კი მყიდველს ექნება აჭარის  მთავრობის თანხმობით ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტული კომპლექსის ან/და ყინულის სახლის მიმდებარედ არსებული სპორტის სასახლის ექსპლუატაციაში მიღება-აღჭურვისა და ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლისთვის სარგებლობაში გადაცემის შემდეგ.

ბათუმი, გასაყიდი ტერიტორია სასპორტო სკოლასთან / ფოტო აუქციონიდან

ნახეთ აუქციონის პირობები სრულად:

[checklist]

  • „საბოლოო საპრივატიზებო საფასურის (საწყისი საპრივატიზებო საფასურის 10% ოდენობით “ბე“-ს გამოკლებით) გადახდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად:
    2020 წლის 20 დეკემბრამდე არანაკლებ 5 %-ის გადახდა;
    2021 წლის 20 დეკემბრამდე არანაკლებ 25 %-ის გადახდა;
    2022 წლის 30 ივნისამდე დარჩენილი საფასურის გადახდა;
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა არანაკლებ 190 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • მყიდველია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული წესით აღნიშნული ტერიტორიისთვის (ზონა) დაშვებული შენობის/ნაგებობის (მრავალფუნქციური კომპლექსის, რომელიც აუცილებლად მოიცავს და არ შემოიფარგლება არანაკლებ 100 ნომრიან სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღება/ამოქმედება;
  • მყიდველი ვალდებულია პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 60 000 000 (სამოცი მილიონი) ლარის ინვესტიცია;
  • მყიდველი ვალდებულია სასტუმროს ამოქმედებიდან არანაკლებ 10 (ათი) წელი შეინარჩუნოს სასტუმროს პროფილი;
  • მყიდველი ვალდებულია, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში, უზრუნველყოს სასტუმროს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფართის ცალკე საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია და მხოლოდ აღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე პროფილის შენარჩუნების ვალდებულების გავრცელება;
  • მყიდველი ვალდებულია, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დაწყებამდე, ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლისას უსასყიდლო სარგებლობაში გადასცეს მიწის ნაკვეთზე არსებული/განთავსებული შენობა-ნაგებობები.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, მყიდველს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა/ნაგებობის დემონტაჟის უფლება ექნება ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტული კომპლექსის ან/და ყინულის სახლის მიმდებარედ არსებული სპორტის სასახლის ექსპლუატაციაში მიღება-აღჭურვისა და ა(ა)იპ ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლისთვის სარგებლობაში გადაცემის შემდეგ“.

[/checklist]

საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვრა: მაქსიმალური გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობა (ქონება ითვლება პრივატიზებულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემთავაზებელ მონაწილეზე). აუქციონში ვაჭრობის ბიჯი 500 000 ლარია.

სასპორტო სკოლის და იმ ნაკვეთის მიმდებარედ, რომელიც ახლა აუქციონზე იყიდება, „ორბი ჯგუფი ბათუმს“ ორი ცათამბჯენი უკვე აშენებული აქვს და მესამესაც აშენებს. როგორც ბათუმის მერიაში 2019 წელს გვითხრეს, ეს არის ერთიანი პროექტი, რომელიც თავის დროზე შეთანხმდა ქალაქის მერიასთან.

„ორბი“ მესამე მაღალსართულიან ნაგებობას იმ ტერიტორიაზე ააშენებს [ჟიული შარტავას ქუჩის მიმდებარედ], რომელიც მის საკუთრებაშია. ეს მიწა [ასევე სასპორტო სკოლის ორი ფლიგელი] ადრე კომპანიას აჭარის მთავრობამ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით მიჰყიდა. სასპორტო სკოლასთან კომპანიის საკუთრებაში დღეს 28 945 კვ/მ მიწის ნაკვეთია.

აუქციონზე გატანილ ტერიტორიას, ნიადაგს, „ორბი“ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იკვლევდა. როგორც მაშინ „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, ეს სამუშაოები არ იყო შეთანხმებული სამინისტროსთან, ამიტომ „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას [„ორბი ჯგუფი ბათუმი“] ეცნობა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე“.

ამ თემაზე:

„ორბი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს

 

მთავარი ფოტო: ბათუმის სასპორტო სკოლა [მარჯვნივ] /2019 წ. / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარის მთავრობა ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, შენობას და მიწის ნაკვეთს ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვასთან ახლოს,  მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ ორსართულიან შენობას სასტუმროს ან საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობის პირობით ყიდის.

ქონების საწყისი ფასი 820 000 ლარია. ამ ნაკვეთისა და შენობის პრივატიზებასთან დაკავშირებით ქობულეთის მერიის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი წერილის შინაარსის მიხედვით ამ  შენობაში დაინტერესებულ პირს სარესტორნო კომპლექსის მოწყობა სურს და მერიაში მისი გასხვისება სწორედ ამ პირობით განიხილეს.

907 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ორსართულიანი შენობა [ 892 კვ.მ]  ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე N110-ში მდებარეობს და ზღვის სანაპიროსთან ახლოსაა.

 

აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დაასრულოს.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მყიდველს შეუძლია შენობაში მოაწყოს სასტუმრო ან საზოგადოებრივი ობიექტი, იმ პირობით, რომ შენობაში არ შეიძლება იყოს საცხოვრებელი აპარტამენტი ან ბინა.

სასტუმროს ან საზოგადოებრივი ობიექტის პროფილი შენობას მინიმუმ 10 წლის ვადით უნდა შეუნარჩუნდეს.  მყიდველმა უნდა აიღოს ასევე ამ ადგილზე  500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება.

რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა

აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, როგორც შესაბამის საფინანსო სამსახურებში აცხადებენ, პანდემიის გამო შემოსავლები დაკარგეს ძირითადად დღგ-ს ნაწილში, ასევე ქონებისა და სხვა გადასახადების კუთხით. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ჯამში, რისი დაზუსტებაც „ბათუმელებმა“ შეძლო, 40 მილიონზე მეტი ლარი დააკლდა.

შემოსავლების შემცირების გამო ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო; ბევრი პროექტი კი წელს ვერ დასრულდება. ყველაზე დიდი გაურკვევლობა ბათუმის შემთხვევაშია, ამავდროულად, ქალაქის მერს გადადგომას სთხოვენ. მაშინ, როცა ქალაქის ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა დაწყებულია და მასში ცვლილებებია აუცილებლად შესატანი, მერი, ლაშა კომახიძე შვებულებაში გავიდა.

მოსალოდნელია თუ არა შემოსავლების კიდევ უფრო შემცირება და ადგილობრივი ბიუჯეტების მორიგი სეკვესტრი წლის ბოლომდე? – ამ კითხვაზე მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურებში ზუსტი პასუხები არ აქვთ. თუმცა, ამბობენ, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, თვითმმართველობებს სესხების აღება, დიდი ალბათობით, არ დასჭირდებათ. ყველაფერი კი, ქვეყნის ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ეს პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასთან, რომელზედაც დამოკიდებულია ბიუჯეტის შემოსავლები.

რა შემოსავლები დააკლდა აჭარაში ადგილობრივ ბიუჯეტებს 2020 წლის პირველ ნახევარში:

  • ბათუმის ბიუჯეტს დააკლდება – სულ ცოტა 35 139 569 ლარი;
  • ქობულეთის ბიუჯეტი შემცირდება – 1 200 000 ლარით;
  • ხელვაჩაურის ბიუჯეტი შემცირდა – 2 862 043 ლარით;
  • ქედის ბიუჯეტს დააკლდება – 1 118 000 ლარი
  • შუახევის ბიუჯეტს დააკლდება – 45 000 ლარი;
  • ხულოს ბიუჯეტს დააკლდა – 397 100 ლარი.

აჭარაში, სეკვესტრირებული, ანუ შემცირებული ბიუჯეტები უკვე დაამტკიცეს ხულოსა და ხელვაჩაურში, დანარჩენი მუნიციპალიტეტები კი [მათ შორის ბათუმი] ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე ჯერ კიდევ მუშაობენ.

ბიუჯეტებში ცვლილებების პროექტები შესაბამის საკრებულოებში მიმდინარე კვირაში გადაიგზავნება [ეს საკითხი გაურკვეველია ბათუმის შემთხვევაში]. ოფიციალური ინფორმაციებით, არცერთ მუნიციპალიტეტში არ მცირდება საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის გათვალისწინებული თანხა.

ექვსივე მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, საჯარო მოხელეთა ხელფასებისთვის, ჯამში, 42 829 542 ლარია გათვალისწინებული.

[toggle title=”რამდენია მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი ნახეთ აქ:“]

9 ივლისის მდგომარეობით, აჭარის მუნიციპალიტეტების 2020 წლის ბიუჯეტები განსაზღვრულია:

  • ბათუმის ბიუჯეტი – 185 500 100 ლარით [რომელიც ცვლილების შემდეგ დაახლოებით 150 მილიონამდე შემცირდება];
  • ქობულეთის ბიუჯეტი –  36 616 300 ლარით [რომელიც 35 400 000 ლარამდე შემცირდება];
  • ხელვაჩაურის ბიუჯეტი –  19 539 477 ლარით [უკვე შემცირებული];
  • ქედის ბიუჯეტი – 11 835 000 ლარით [შემცირდება 10 717 000 ლარამდე];
  • შუახევის ბიუჯეტი – 10 309 120 ლარით [შემცირდება 10 264 120 ლარამდე];
  • ხულოს ბიუჯეტი – 10 969 026 ლარით [უკვე შემცირებული].

[/toggle]

 

[highlight color=”red”]ბათუმის[/highlight] მერია ამ დრომდე არ ასაჯაროებს, თუ რა თანხა ვერ შევიდა ბიუჯეტში პანდემიის გამო, თუმცა, გარკვეული აქტივობები მერიამ ადრევე გააუქმა, მაგალითად ბათუმობა და სხვა კულტურული ღონისძიებები.

„ბათუმელებმა“ ქალაქის ბიუჯეტის 2020 წლის პირველი 6 თვის მონაცემები [შემოსავლების ნაწილში] მერიისგან ოფიციალურად 7 ივლისს გამოითხოვა. სამი დღის შემდეგ, როცა მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, მომზადებული იყო პასუხი, მერიის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ დოკუმენტზე მხოლოდ მერის ხელმოწერა იყო საჭირო, „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში კი უთხრეს, რომ „ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, ამ ეტაპზე სრული ციფრი, თანხა არ აქვთ; მონაცემები გადაგზავნილია საქართველოს მთავრობაში, საიდანაც უნდა მოვიდეს საბოლოო წერილი და შემდეგ გვეცოდინება დაზუსტებით [თუ რამდენით შემცირდება ქალაქის ბიუჯეტი-ავტ.], საკრებულოს სხდომაც, რომელმაც ბიუჯეტში ცვლილება უნდა განიხილოს, ამიტომ არის გადადებული“.

11 ივლისს კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, გადადგომას სთხოვენ. ორშაბათს, 13 ივლისს მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლაშა კომახიძე ერთკვირიან შვებულებაში გავიდა.

„ეს არის კიდევ ერთი მერის თანამდებობიდან გადაყენება, რითაც თვითმმართველობის ხარისხი უარესდება…“ – ასე შეაფასა ბათუმის მერის შვებულებაში წასვლა ირაკლი მელაშვილმა, ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის თქმით კი, ბათუმის მერი შვებულებაში გავიდა მაშინ, როცა ქალაქის ანტიკრიზისული გეგმა უნდა განეხილა, ისე, რომ მერს ბიუჯეტის კორექტირებაც კი არ გაუკეთებია. „ბიუჯეტში ჯერ კიდევაა თანხები გამოყოფილი იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც ვეღარ განხორციელდება. ამ ფონზე, სრული უპასუხისმგებლობაა, როგორც იქცევა კომახიძე და რიჟვაძეც“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ 13 ივლისს ბრიფინგზე.

დღეს, 15 ივლისს, „ბათუმელებმა“ მერის მოვალეობის შემსრულებლის, ჯაბა ტუღუშის ხელმოწერილი დოკუმენტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის პირველ 6 თვეში, ბათუმის ბიუჯეტში, ჯამში, დაგეგმილი წლიური შემოსავლების [174,3 მილიონი ლარი] მხოლოდ 33 პროცენტი [58,8 მილიონი ლარი] შევიდა.

ბათუმის ბიუჯეტში დაგეგმილი ტრანსფერებიც არ გადმორიცხულა, მაგრამ მერიის საფინანსო სამსახურში გვითხრეს, რომ „ეს ბიუჯეტის შესრულებასთან კავშირში არ არის, ვინაიდან ტრანსფერი, სამუშაოები რომ ჩატარდება, იმის მიხედვით ირიცხება. დაახლოებით ორი თვე, პანდემიის გამო ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმში შეჩერებული იყო. გადასახადები და სხვა შემოსავლები, რაც დაგეგმილი იყო და არ შემოვიდა ბიუჯეტში, დანაკლისია, ვინაიდან რეალურად ფული არ შემოვიდა; ხოლო ტრანსფერებს დანაკლისად ვერ განვიხილავთ, ვინაიდან სამუშაოები შემდგომში შესრულდება – საქმე გაკეთდება, მოითხოვ და ჩაირიცხება“.

შესაბამისად, ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა პროექტების განხორციელებაზე იტყვის ბათუმის მერია უარს და რა პროგრამების დაფინანსება შემცირდება. ეს იმ ცვლილებების პაკეტში  გამოჩნდება, რომელსაც მერია ქალაქის საკრებულოს გადაუგზავნის დასამტკიცებლად. მანამდე კი, დეტალები, როგორც ჩანს შესათანხმებელია, როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ქვეყნის ხელისუფლებასთან.

მაგალითად, ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის N3-ის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობას გეგმავდა, თუმცა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი არც პანდემიამდე, და არც მერე გამოუცხადებია. პროექტის მიხედვით, ახალი სკვერისთვის ქალაქის ბიუჯეტში 1 მილიონ 18 ათას 130 ლარი არის გათვალისწინებული. აქედან, ნახევარი მილიონი – 2020 წელს უნდა დახარჯულიყო, დანარჩენი კი – 2021 წელს. უფულობის გამო ბათუმში ვერ ხორციელდება სხვა დაგეგმილი სამუშაოებიც.

[highlight color=”red”]ქობულეთის[/highlight] მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიონ 200 ათასი ლარით მცირდება.

„ძირითადად მიმდინარე, ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება – მაგალითად, კომპიუტერების შესყიდვა იყო დაგეგმილი, სხვა ტექნიკის შესაძენად იყო ფინანსები გათვალისწინებული. პოსტ პანდემიურ პერიოდში შეიკვეცება ეს ხარჯები. ქობულეთში არცერთ პროექტს და პროგრამას შეჩერების ან გაუქმების საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება. შემოსავლები შემცირდა ძირითადად დღგ-ს ნაწილში. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების დეტალებზე მერია მუშაობს. საკრებულოში ჯერ საკითხი გადაგზავნილი არ არის, თუმცა ეს ციფრი, რაც ბიუჯეტს აკლდება, არ შეიცვლება“, – გვითხრეს ქობულეთის მერიაში

[highlight color=”red”]ხელვაჩაურის[/highlight] საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები 30 ივნისს შეიტანა. ადგილობრივი ბიუჯეტი 2 862 043 ლარით შემცირდა.

ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, ძირითადად შემცირდა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა გადადებაც შესაძლებელი იყო და ცვლილებები ჯანდაცვის ან სოციალური დაცვის პროგრამებს არ შეხებია. ოპოზიციის აზრით კი, შემცირება ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს და არ ეხება ჩინოვნიკების შემოსავლებს, საწვავს, მივლინებებს. საკრებულოს სხდომაზე ცხარე კამათი ახალი 3 პიკაპის შეძენასაც მოჰყვა.

ხელვაჩაურის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ტარიელ ნაკაშიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს შემცირდა ინფრასტრუქტურული და კაპიტალური ღონისძიებების დაფინანსება – ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობა, ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, ფერდსამაგრი ნაგებობების მშენებლობა, გარეგანათების მოწყობა, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და სხვა.

„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პროგრამა ან პროექტი გაუქმდა. მაგალითად, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის წელს 1 მილიონზე მეტი ლარი თუ უნდა დახარჯულიყო, დაიხარჯება 300 ათასი ლარი. ასევე სხვა პროექტებში – შემცირდა წელს ასათვისებელი თანხები. თუმცა, არის გარკვეული პროექტები, რომლებიც წელს არ განხორციელდება. შემოსავლების კუთხით ბიუჯეტს უკვე დააკლდა დღგ-ს ნაწილში 1 173 300 ლარი, ხოლო ქონების გადასახადის ნაწილში – 700 ათასამდე ლარი. რაც შეეხება ტრანსფერს, მას აჭარის ბიუჯეტიდან ვიღებთ და ის სრულად შევინარჩუნეთ“, – გვითხრა ტარიელ ნაკაშიძემ.

მაგალითისთვის, ახალშენის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა იმ დღეს [14 აპრილს] შეწყვიტა, როცა ტენდერში მონაწილე კომპანიასთან ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო. ხელახალი ტენდერი კი, 2 ივლისს გამოაცხადა.

ტარიელ ნაკაშიძის თქმით, ყველა პროექტები საგანგებო მდგომარეობის დროს იმიტომ შეჩერდა, რომ დაზუსტებულიყო ხარჯთაღრიცხვა – რა მოესწრებოდა და რამდენით დაფინანსდებოდა. ტენდერები, დაზუსტებული ციფრებით, ნაწილი ხელახლა გამოცხადდა, ნაწილი კი გამოცხადდება.

დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, დაფინანსება სოციალურ სფეროსაც შეუმცირდა, თუმცა, ხელვაჩაურის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, „ეკონომიები იყო პროგრამებში და ეს თანხა დაკორექტირდა – ბიუჯეტში შიდა გადანაწილება მოხდა ამ თანხის.“

ტარიელ ნაკაშიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში შემოსავლების კუთხით მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და „იმედია, ბიუჯეტის კიდევ  შემცირების საშიშროება აღარ იქნება… შემოსავლები რაც აისახა ბიუჯეტში, წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს“.

რაც შეეხება სესხს, ტარიელ ნაკაშიძის თქმით „თვითმმართველობა სესხს არ საჭიროებს. თუ იმის საშიშროება იქნება, რომ მიმდინარე ხარჯებს ვერ დაფარავს [ხელფასები მაგალითად], ასეთ შემთხვევაში მიმართავს მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებას. თუმცა, მიმდინარე ხარჯებს შემოსავლების კლება ამჯერად არ შეხებია“.

[highlight color=”red”]ქედის[/highlight] მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წინასწარ გათვლა, რა ეპიდსიტუაცია იქნება წლის ბოლომდე ქვეყანაში, მათ კომპეტენციას სცილდება, შესაბამისად, დადგება თუ არა სესხის აღების აუცილებლობა „ცუდი  სცენარის“ შემთხვევაში, ამას წინასწარ ვერ იტყვის: „სახელმწიფო დონეზე მოხდება ალბათ, მარტო თვითმმართველობა ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს“.

ჯემალ ტაკიძის თქმით, პანდემიის დროს, „მაშინ, როცა თითქმის მთლიანად გაჩერდა ქვეყანაში ეკონომიკა, დღგ-ს ნაწილში იკლო შემოსავლებმა. ცვლილება ახლა შეგვაქვს ბიუჯეტში, სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, ამ კვირაში საკრებულოში შევიტანთ დოკუმენტს და ალბათ მომდევნო კვირაში საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას. ქედის ბიუჯეტი 1 118 000 ლარით შემცირდება. ძირითადი შემოსავალი ჩვენი იყო დღგ და მაქ დაგვაკლდა, ქონების გადასახადი შემოვიდა, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა, ამის პროცენტული წილი მთლიან შემოსავლებში დაბალია. აჭარის ბიუჯეტიდან ტრანსფერები კი სრულად შევინარჩუნეთ“.

რა დაგეგმილ ღონისძიებებს დააკლდება ეს თანხა? – ჯემალ ტაკიძე ამბობს, რომ „ძირითადად შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, ტექნიკის შეძენა და რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებაც. მაგალითად, თუ წელს 100 ათასი ლარი იყო გათვლილი გარკვეული პროექტისთვის, ის გავხადეთ ორწლიან პროექტად, ანუ დავიწყებთ, მაგრამ წელს ვეღარ დავასრულებთ. ასეთი ტიპის შემცირებებს ვაკეთებთ. ტენდერებიც შეჩერებული იყო და ახლა ეტაპობრივად გამოვაცხადებთ“.

[highlight color=”red”]შუახევის[/highlight] მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კი, როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ანზორ ცეცხლაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, დანაკლისი ამ დროისთვის მხოლოდ 45 ათასი ლარი იქნება.

„ცვლილებები ბიუჯეტში იგეგმება და დღგ-ს ნაწილში შეგვიმცირდება მხოლოდ 45 ათასი ლარით. სხვა შემცირება ჩვენთან არ იქნება. პროგნოზი ასეთია. ოფიციალურად რომელიმე ღონისძიება არ გაუქმდება, ეს დანაკლისი უარყოფითად ადმინისტრაციულ ხარჯებზე აისახება. კაპიტალური ხარჯების შემცირება არ იგეგმება“, – გვითხრა ანზორ ცეცხლაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი იმ ტენდერებს, რაც შეჩერებული იყო პანდემიის გამო, ეტაპობრივად აცხადებს: „დეკემბერში რომ დავგეგმეთ და აგვისტოს ბოლოს უნდა დაგვემთავრებინა პროგნოზით, რა თქმა უნდა, ასეთი პროექტის დასრულება ოქტომბრამდე გადაიწევს ალბათ, მაგრამ ისეთი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი  – გზების დაგება და სხვა, რომელიც მოსასწრებია და ამ წელში დასრულდება ყველა“.

[highlight color=”red”]ხულოს[/highlight] ბიუჯეტი წელს 397 100 ლარით შემცირდა. როგორც ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გურანდა აბულაძემ გვითხრა, ბიუჯეტს ეს თანხა ძირითადად დღგ-ს ნაწილში დააკლდა: „სხვა არანაირი შემცირება არ ყოფილა, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“.

წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს 

„ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს“, – ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს გვეუბნებოდნენ ღრმა ხევის თავზე მოქცეული ბზუბზუელები, როდესაც სოფელს წყლის სისტემის მოსაწყობის სამუშაოების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად ვეწვიეთ. სოფელ ბზუბზუში წყლის მილების გაყვანაზე უკვე თითქმის ათი დღეა მუშაობენ. ვიწრო ბილიკზე ჯერ თხრილების მომზადება და შემდეგ მძიმე მილების შეტანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რთული რელიეფის გამო, კაცები ყოველგვარი ტექნიკის გარეშე მუშაობენ.

სოფელს წყლის მილები არასამთავრობო ორგანიზაციამ – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ შეუძინა. ბზუბზუელებს ახლა ისღა დარჩენიათ, რამდენიმე დღით ფიზიკურად იმუშავონ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარონ სოფლისთვის წყლის მიწოდება.

„თხუთმეტმა ოჯახმა წყაროდან სასმელი წყალი სახლებამდე 40 წლის წინ მოვიყვანეთ. მილებს რეაბილიტაცია ვერ ჩავუტარეთ და ბოლო 6 წელია ხშირად უწყლოდ ვრჩებით, დაზიანებული სისტემის გამო. განსაკუთრებით ზამთარში ვწვალობთ, როცა სოფელში ორ მეტრზე მეტი სიმაღლის თოვლი მოდის. ასეთ დროს ადგილზე ვერ მიხვალ და დაზიანებულ მილს ვერც შეაკეთებ. როცა შევაკეთებთ, მაშინაც მესამედი არ მოდის, წყლის დიდი დანაკარგია და რაც მოდის, ისიც ხშირად დაბინძურებულია… სოფელში შემოსავალი არ არის, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა – პენსიონერებს პენსია წამლის ფულად არ ჰყოფნით, ახალგაზრდებს კიდევ სამუშაო არ აქვთ,“ – გვეუბნება ასლან თავდგირიძე, რომელიც სოფელ ბზუბზუში ცხოვრობს.

სოფელი ქვედა ბზუბზუ. სახლები, სადაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში მოსახლეობა ამ ადგილიდან 2,5 კილომეტრით დაშორებული წყაროდან  სასმელ წყალს მიიყვანს

მაღალმთიანი სოფელი ბზუბზუ ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის თემში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.

ასლან თავდგირიძე ამბობს, რომ წყლის პრობლემის მოსაგვარებლად დახმარება ქედის მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვა: „მერიაშიც დაგვპირდნენ დაგეხმარებითო, მაგრამ ამ დროს სოფელში არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენლები მოვიდნენ, შეგვხვდნენ ადგილობრივებს, მოისმინეს ჩვენი პრობლემები, დაათვალიერეს სოფელი და გადაწყვიტეს დაგვხმარებოდნენ წყლის მილების შეძენაში. დაგვპირდნენ იმ რაოდენობის მილებს, რაც ამ 15 ოჯახისთვის პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი იქნებოდა“.

ქვედა ბზუბზუს მოსახლეობას წყლის მილები [საერთო სიგრძე 2500 მეტრი] არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ პროექტის – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“ – ფარგლებში გადასცა. აღნიშნული პროექტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] აფინანსებს.

თავის მხრივ საიამ ფინანსები მოიძია პროექტის ფარგლებში – „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“. სწორედ ამ პროექტის დონორია გერმანული ფონდი – „პური მსოფლიოსათვის პროტესტანტული განვითარების სამსახური“ (BFDW).

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი 8 წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანია სოფლის შესაძლებლობების გაძლიერება.

ამ პროექტის მთავარი ამოცანაა მოსახლეობის შრომითი მონაწილეობით და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით ქედის სოფელ  ბზუბზუში და ხულოს სოფელ მახალაკურში მცხოვრები ოჯახების სასმელი/სარწყავი წყლით უზრუნველყოფა; შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში კი, გარე განათების სისტემის მოწყობა.

პროექტის ფარგლებში მოვახერხეთ სოფლების წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოსახლეობის ჩართულობით, სათემო ინიციატივების მომზადება. სოფლებში ჩამოყალიბებულია საინიაციატივო ჯგუფები,“ – ამბობს ნანა დიასამიძე, პროექტის დირექტორი.

სოფლის მცხოვრებლები წყლის მილის გაყვანაზე მუშაობენ / სოფელი ქვედა ბზუბზუ / 11.07.2020
სოფლის მცხოვრებლები წყლის მილის გაყვანაზე მუშაობენ / სოფელი ბზუბზუ / 11.07.2020
სოფლის მცხოვრებლები წყლის მილის გაყვანაზე მუშაობენ / სოფელი ქვედა ბზუბზუ / 11.07.2020

ბზუბზუში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მილების მიწაში ჩაწყობას და წყლის სისტემის გამართვას მაქსიმუმ ორ კვირაში დაასრულებენ.

„თითქმის ყველა ოჯახის წევრი მუშაობს, ახალგაზრდაც და ხანდაზმულიც, ვისთანაც ეს წყალი მიდის. მთავარია, ამინდმა შეგვიწყოს ხელი და სამუშაოს მალე მოვრჩებით. რახან ახალი მილებით ახალ სისტემას ვაკეთებთ, გადავწყვიტეთ, რომ ძველი სისტემაც შევინარჩუნოთ. წყალი საკმარისია სათავეზე, რომ ორთავე მილს ეყოს. ძველ სისტემას, თოვლი როცა გადნება, ზაფხულობით შევაკეთებთ და სარწყავად გამოვიყენებთ,“ – ამბობს ასლან თავდგირიძე.

სოფლის მცხოვრებლები წყლის მილის გაყვანაზე მუშაობენ / სოფელი ქვედა ბზუბზუ / 11.07.2020
შესვენება / სოფლის მცხოვრებლები წყლის მილის გაყვანაზე მუშაობენ / სოფელი ქვედა ბზუბზუ / 11.07.2020

ადამიანები, რომლებიც წყლის სისტემის მოწყობაზე მუშაობენ ბზუბზუში, ამბობენ, რომ მათ [15 ოჯახი, 92 ადამიანი] სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აწუხებთ, მინიმუმ, 30-40 წლით მოუგვარდებათ: „მერიაშიც გვითხრეს, რომ დაგვეხმარებიან ტექნიკით, მაგრამ მილები ისეთ ადგილებში გაგვყავს, იქ ტექნიკას ვერ შეიყვან, სამუშაოებს ჩვენ ვასრულებთ. თხრილებს წერაქვით, ბარით, თოხით ვთხრით. იმ სიღრმეზე ვმარხავთ მილს, რომ ის მზემ, ყინვამ არ დააზიანოს. დაცული იქნება საქონლისგანაც, რადგან პირუტყვი ფეხს რომ ადგამს, აფუჭებს მილს.“

ქვედა ბზუბზუს მოსახლეობას პროექტის ფარგლებში შესყიდული მილებით სასმელი წყალი სოფელში ამ მთებში მდებარე წყაროდან მიჰყავს /11.07.2020
წყარო სოფელ ქვედა ბზუბზუში
პროექტის ფარგლებში მოწყობილი წყლის ახალი სისტემა ამ წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციასაც ითხოვს / მოსახლეობას ამ საკითხის მოსაგვარებლად „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დახმარების იმედი აქვს

ბზუბზუს მცხოვრებთა თქმით, ახალი მილების სისტემასთან ერთად შესაცვლელია ის წყალგამანაწილებელიც, რომელიც თავის დროზე რკინისგან გააკეთეს და ახლა დაზიანებულია.

„ვუთხარით ეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ამ კუთხითაც დაგვპირდნენ დახმარებას. რამდენიმე შეკვრა ცემენტი და არმატურაა საჭირო. სილას და ხრეშს ჩვენ ვნახავთ და ჩვენივე ძალებით ავაშენებთ ამ წყალგამანაწილებელსაც,“ – ამბობს ასლან თავდგირიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს სამი სოფელი პროექტის შედგენის პროცესში გამართული კონსულტაციების შედეგად  გამოვლინდა. ამ სოფლებში მოსახლეობამ გამოთქვა მზაობა, რომ მათ წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების პროცესში საკუთარი შრომით ჩაერთონ. მუნიციპალიტეტების მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარება, ხოლო მოსახლეობა, დაბალი ეკონომიკურ-სოციალური შესაძლებელობებიდან გამომდინარე, საკუთარი ძალებით მხოლოდ დროებით ახერხებს ამ პრობლემებთან გამკლავებას.

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ქვედა ბზუბზუში

პროექტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკურშიც იგეგმება წყლის სისტემის მოწყობა. სოფელში არასოდეს ყოფილა ასეთი სისტემა. აქ მცხოვრები 27 ოჯახიდან 11 ოჯახის წყლით უზრუნველყოფა ხდება ახლო მდებარე წყაროებიდან, ხოლო 16 ოჯახის [120 ადამიანი] წყლის მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს სამი კილომეტრის დაშორებით მდებარე წყარო.

საინფორმაციო შეხვედრა ხულოს სოფელ სოფელ მახალაკურში

მილების გაყვანაზე მახალაკურშიც ადგილობრივი მცხოვრებლები იმუშავებენ. იმ ადგილებში კი, სადაც რელიეფის სირთულის და გრუნტის სიმკრივის გამო შეუძლებელი იქნება ხელით თხრილების გაყვანა, გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ტექნიკა.

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ჩანჩხალოში

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში, სადაც 107 ოჯახი [323 ადამიანი] ცხოვრობს გარეგანათების პრობლემაა მოსაგვარებელი.

„ერთი მხრივ, საღამოს და ღამის საათებში დაბალი ხილვადობის გამო მოსახლეობას უძნელდება გადაადგილება, მეორე მხრივ, ხშირია გარეულ ცხოველებთან  (ტურა, მგელი) შეხვედრის შემთხვევები, რაც შიშს იწვევს მოსახლეობაში. იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის უბნებისკენ მიმავალი სამანქანო გზის ერთი მხარე ტყის გასწვრივ გადის, ხოლო მეორე მხარეს ხრამია და განათება არ არის,  გაზრდილია საფრთხე, როგორც ფეხით, ასევე მანქანით გადაადგილებისას, განსაკუთებით ზამთარში და წვიმის დროს.  გზების გაუმართაობის და დაბალი ხილვადობის გამო ხშირად ზიანდება ავტომანქანები, რის გამოც სამარშრუტო მიკროავტობუსები და  ტაქსებიც მოსახლეობისგან ითხოვენ დამატებით თანხის გადახდას“.

სოფელი დაყოფილია სამ უბნად და შიდა სასოფლო გზის სიგრძე 3 კილომეტრია. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტმა დაამონტაჟა გარე განათების 14 ბოძი, ხოლო დამატებით 20 ბოძის დამონტაჟებით განათდება გზის სახიფათო მონაკვეთები.

პროექტის მიხედვით, შუახევის მერიის სპეციალისტების დახმარებით ჩანჩხალოში უკვე განისაზღვრა ბოძების განთავსების ადგილი, რის შემდეგ მოსახლეობის ჩართულობით მომზადდება 20 ორმო განათების ბოძების განსათავსებლად. მოწვეული ელექტროშემდუღებელი შეადუღებს ბოძებს, მოსახლეობა კი შეღებავს და დაამონტაჟებს. ამის შემდეგ მერიის ტექნიკის დახმარებით ბოძებზე დამონტაჟდება ელექტროსადენები, ხოლო მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს გარე განათების სისტემის ქსელში ჩართვას.

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ჩანჩხალოში

„პროექტის ფარგლებში სოფლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, რის შემდეგაც სოფლის კრებებზე აირჩიეს სოფლის საინიციატივო ჯგუფები. თითოეულ ჯგუფში შედის სოფლის 6 მცხოვრები [სამი კაცი და სამი ქალი]. საინიციატივო ჯგუფების ჩართულობით მიმდინარეობს სოფლის წინაშე არსებული პრობლემების კვლევა, რომ შემდგომში მომზადდეს სხვადასხვა ტიპის პროექტები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს სოფლის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.

ამ ეტაპზე სოფელ მახალაკურს მიეწოდა სასმელი წყლის მილები 3000 მეტრი და 30 მილის გადასაბმელი. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ტარდება წინა სამუშაოებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე.

 

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ბსუ დღეს ახალ რექტორს ირჩევს

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტში ახალ რექტორს ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას სულ ორი კანდიდატი იღებს – მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში და აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ინგა შამილიშვილი.

კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიურმა საბჭომ დღეს, 15 ივლისს, დღის 12 საათზე დაიწყო.

აკადემიური საბჭო 11 წევრისგან შედგება. რექტორის ასარჩევად 6 ხმაა საჭირო.

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

15 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 3 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ოთხი ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილია, მათგან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, ერთი – საკარანტინo სივრციდან. კიდევ ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 1003 შემთხვევა, 873 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

დღეის მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 143 პაციენტი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინში იმყოფება 5640 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244 ადამიანი.

საბანკო ბარათებიდან 72 000 ლარის მითვისების ბრალდებით 5 პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და ბათუმში, 5 პირი: 1994 წელს დაბადებული ა.კ., 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ., 1975 წელს დაბადებული კ.მ. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. დააკავეს.

ასევე, დაუსწრებლად პასუხისგებაში იქნა მიცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული მ.მ. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლებაში ედებათ ბრალი.

გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქე მ.მ.-მ და ა.კ.-მ უნებართვოდ შეაღწიეს ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებგვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან ფარულად დაეუფლნენ 23 მოქალაქის კუთვნილ თანხებს. უკანონოდ დაუფლებული თანხების განაღდებაში კი მათ მ.მ., კ.მ., თ.პ. და გ.ჯ. ეხმარებოდნენ. მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ, ჯამში, 72 000 ლარი შეადგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მაშველებმა სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ორდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს.

დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

_______________

ბსუ-ს რექტორი უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებზე: მე როგორ გიპასუხოთ სხვის სურვილებზე? 

ხვალ, 15 ივლისს, ბათუმის რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს აირჩევენ. რექტორობა უნივერსიტეტში მხოლოდ ორ პროფესორს სურს. რატომ არის რექტორის არჩევნებზე მხოლოდ ორი კანდიდატი და აჩვენებს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ სჯერათ არჩევნების? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც მერაბ ხალვაშს დავუსვით. ის ბსუ-ს მოქმედი რექტორია და ახლა უკვე რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი.

რექტორობის კანდიდატები – მერაბ ხალვაში და ინგა შამილიშვილი სამოქმედო გეგმებით პირდაპირ აკადემიურ საბჭოს სხდომაზე გამოცხადდებიან, სადაც აირჩევენ კიდეც ბსუ-ს ახალ რექტორს.

  • ბატონო მერაბ, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ თქვენი კონცეფციების შესახებ, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. უნივერსიტეტში ხვალ ისე აირჩევენ რექტორს, რომ არავის ეცოდინება, რას აპირებთ კანდიდატები. 

ჩვენს რეგულაციებში მითითებულია, რომ სამოქმედო გეგმას კანდიდატი წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. ამიტომაც არ მინდოდა, დაგვერღვია რეგულაციები.

კანონი ამას არ ითხოვს.

  • კანონი არ ითხოვს, მაგრამ გამჭვირვალობა და ღიაობა თქვენთვის ანგარიშგასაწევი რატომ არ აღმოჩნდა?

არც ასეთი პრეცედენტი ყოფილა აქამდე, სამოქმედო გეგმები სადმე ვებგვერდებზე იყოს ატვირთული. პირდაპირ გაწერილია რეგულაციებში, რომ კანდიდატმა უნდა წარადგინოს გეგმა აკადემიურ საბჭოზე და გავაკეთეთ ასე.

  • სულ ორი კანდიდატი ხართ. თქვენი აზრით, რატომ არ გაუჩნდათ სხვებს რექტორობის სურვილი? 

მე როგორ გიპასუხოთ სხვის სურვილებზე? ვისაც გაუჩნდა სურვილი, შემოიტანა. არ ვიცი, სხვას რატომ არ გაუჩნდა სურვილი.

  • ხომ არ აჩვენებს ეს იმას, რომ არის კლანური გარიგება უნივერსიტეტში და არ სჯერათ არჩევნების რეალურობის? გვახსოვს რამდენიმე კანდიდატი წინა წლების არჩევნების დროს და ერთგვარი წინასაარჩევნო დაძაბულობა. 

დაძაბულობა იყო მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების დროს. შემდეგ ჩატარდა რექტორის არჩევნები და მაშინაც ორი მსურველი იყო, ანუ 2016 წელს. 2012 წელს საერთოდ ერთი კანდიდატურა იყო… 2008 წელს 4 კანდიდატურა იყო, მაშინ იყო დემოკრატია და მერე არა? არ ვიცი. თუ ვიღაცას სურვილი ჰქონდა და ხელ-ფეხი შეუბოჭეს, ეგ გამოჩნდება. დღეს ის დროა, რომ ეს არ დაიმალება.

  • თქვენი დამოკიდებულება მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ხომ არ აჩვენებს იმას, რომ არჩევანი თქვენზე გააკეთეს უკვე? ვგულისხმობ პარტიულ შეკრებებზე სტუდენტების მასობრივად დასწრებას. 

სტუდენტები მე არ გამიგზავნია. თავისი ნებით  სტუდენტი თუ წავიდა, მე ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, ზრდასრული ადამიანია და წავიდა. ნუ ახლა რა გავაკეთოთ?… არის შემთხვევები, როცა სალექციო პროცესს სტუდენტების 30 პროცენტი ესწრება, ეს არის თავისუფალი და ჩვენ ამ დროს არ ვარკვევთ, სად არის ამ დროს სტუდენტი.

ორგანიზებული შეკრება არ ყოფილა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არასდროს არანაირი ორგანიზება მსგავს ღონისძიებებზე არ გაუკეთებია. ამის დამამტკიცებელს ვერაფერს მეტყვით, რადგან არ ყოფილა მსგავსი რამ.

  • ანუ ასობით სტუდენტს თავისით გაუჩნდა ლექციის მიტოვების და პარტიულ შეკრებაზე დასწრების სურვილი და თანაც მოიტყუეს, ლექტორებმა დაგვავალეს აქ მოსვლაო? 

სტუდენტი, რომელიც წავიდა შეხვედრაზე და სადაც არ უნდა წასულიყო, ამას მე ვერ ავუკრძალავ… უნივერსიტეტში დასწრება არის თავისუფალი. სტუდენტი არის ზრდასრული ადამიანი და მას აქვს უფლება, მოვიდეს ლექციაზე ან არ მოვიდეს. რომ ყოფილიყო შემთხვევა, რომ აი, წადით ლექციებიდან პარტიულ შეკრებაზე, ეს კი, მაგრამ გეუბნებით, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა.

  • „იდენტობას“ ბსუ-მ არ დაუთმო დაგეგმილი შეხვედრისთვის ოთახი. სახალხო დამცველმა დისკრიმინაციად შეაფასა ის, რომ უნივერსიტეტმა სარემონტო სამუშაოების მოტივით თქვა უარი წინასწარ ჩანიშნულ შეხვედრაზე. „ბათუმელებმა“ მაშინ გადაამოწმა, რომ რემონტი არ იყო აუდიტორიაში, სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო და რა მიზეზითაც ამ შეკრებაზე უარი უთხარით. 

თქვენ ჩემი კონცეფცია გაინტერესებთ, თუ ამ ხუთ წელში რა მოხდა, ის გაინტერესებთ?

სახალხო დამცველმა… ზუსტად არ მახსენდება, ვერ ვიხსენებ შეფასებას… მიგვითითა, რომ რეგულაციები გაგვეწერა და რამდენიმე თვის წინ შევიტანეთ ცვლილებები რეგულაციებში, ასეთი რადიკალური მიდგომები არ ყოფილა.

  • ეთანხმებით სახალხო დამცველის შეფასება, რომ თქვენი მიდგომა დისკრიმინაციული იყო? 

ნამდვილად არ ყოფილა დისკრიმინაციული… მათ არანაირი ოფიციალური მომართვა არ ჰქონდათ. მათ ჰქონდათ ერთ-ერთ თანამშრომელთან პირადი მიმოწერა. მე საქმის კურსში არ ვიყავი. მე ეს გავიგე მას შემდეგ, როცა მიიღეს უარი. ოფიციალური შეტყობინება საქმისწარმოების წესით უნივერსიტეტში არ შემოსულა…

  • უნივერსიტეტის გამოწვევა რა არის დღეს, პანდემიის გარდა? 

საერთოდ, უნივერსიტეტს აქვს გრძელვადიანი, შვიდწლიანი გეგმა. ამიტომ არათუ უნივერსიტეტის რექტორი, არამედ უნივერსიტეტის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ სამოქმედო გეგმით და იმუშაოს იმისთვის, რომ ის ნიშნულები, რაც გაწერილია, იქნას მიღწეული.

შემიძლია გამოვყო რამდენიმე მიმართულება: თანამედროვე ტექნოლოგიების როლის გაზრდა სწავლა-სწავლების და მეცნიერების მიმართულებით, მეორე – ეს არის კრიზისების მართვის ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება, ე.წ. ბიზნესუწყვეტობის მიღწევა; სწავლა-სწავლების და მეცნიერების პრაქტიკულობაზე ორიენტირებულობა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხი. ეს არის ძირითადი ოთხი გამოწვევა, რომელსაც უნდა უპასუხოს უნივერსიტეტმა და 2025 წლისთვის უნივერსიტეტი გარკვეულწილად მიუახლოვოს საერთაშორისო სტანდარტებს.

____

ამავე თემაზე:

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი თავის საარჩევნო პროგრამასა და კონკურენტზე 

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი თავის საარჩევნო პროგრამასა და კონკურენტზე 

ხვალ, 15 ივლისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორს ირჩევს. რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ყოფილი მინისტრი, ინგა შამილიშვილი. რექტორს უნივერსიტეტის 11-წევრიანი აკადემიური საბჭო აირჩევს. რექტორობის არც ერთ კანდიდატს თავისი საარჩევნო პროგრამა წინასწარ არ გამოუქვეყნებია. „ბათუმელები“ გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ინგა შამილიშვილთან.

  • ქალბატონო ინგა, რადგან არ არის საჯარო თქვენი პროგრამა, გკითხავთ – თუკი გახდებით რექტორი, რას შეცვლით. თქვენი აზრით, რა სჭირდება უნივერსიტეტს სამომავლოდ განვითარებისთვის?

პროგრამა ვერ აიტვირთებოდა, რადგან აკადემიურ საბჭოზე უნდა მოხდეს წარდგინება. ჩემი პროგრამა ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ასევე მთავარი აქცენტი მაინც განათლებასა და მეცნიერების ხარისხზე გაკეთდება. თუმცა ამაზე მე არ მინდა დავკონკრეტდე წინასწარ, რადგან ხვალ დეტალებს გავივლი აკადემიურ საბჭოსთან.

  • იქნებ გამოყოთ რამდენიმე მთავარი დეტალი.

არ მინდა დეტალებზე საუბარი. მესმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ყველა ასპექტი – სტუდენტური ცხოვრება და ასე შემდეგ, ყველა ასპექტს მოიცავს.

  • სტუდენტური ცხოვრება ახსენეთ, რა აკლიათ სტუდენტებს?

არ მინდა ამაზე დავკონკრეტდე.

  • დარწმუნებული ვარ, თქვენი ოპონენტი ამ საკითხებზე ისაუბრებს, ამიტომ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ თქვენც ისაუბროთ უფრო ვრცლად თქვენს მიზნებზე.

მე იმედი მაქვს, რომ არჩევნები წარიმართება თანასწორ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად ყველა სეგმენტი, რაც არის დღეს ბათუმის უნივერსიტეტის პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი, აუცილებლად იქნება წარმოჩენილი არჩევნების დღეს.

  • რა არის აუცილებელი, რომ უნივერსიტეტს უკეთესი პოზიციები ჰქონდეს საგანმანათლებლო სივრცეში?

ძალიან ბევრი გამოწვევაა, მაგრამ არ მინდა ახლა დავასახელო ეს გამოწვევები. მე ობიექტურად ვაფასებ იმ სიტუაციას, რაც არის, რადგან წლების განმავლობაში მე ამ უნივერსიტეტში ვარ და ვიცი. შემდგომში გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ.

  • როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი უპირატესობა კონკურენტთან შედარებით? როგორც მახსოვს, თქვენ წლების განმავლობაში ერთად მუშაობდით ერთ უნივერსიტეტში, ერთ აკადემიურ სივრცეში და ამ შემთხვევაში, რითი იქნება თქვენი გეგმები განსხვავებული?

ეს უნივერსიტეტი ჩემთვის არის როგორც ჩემი ოჯახი, რადგან 1987 წლიდან ამ უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილი ვარ. ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ, გავიარე აბსოლუტურად ყველა ეტაპი უნივერსიტეტში და ეს მაძლევს მე იმის საშუალებას, რომ ამ პოზიციაზე წარვადგინო ჩემი კანდიდატურა. დანარჩენ უპირატესობებზე და, ვთქვათ, იმავე შესაძლებლობებზე იმსჯელებს აკადემიური საბჭო.

  • წინა წლებში რექტორის არჩევნებზე ბევრად მეტი კანდიდატი მონაწილეობდა, ვიდრე წელს. ბოლო არჩევნებზე კი, როგორც მახსოვს, მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა. როგორ ფიქრობთ, რამ შეასუსტა ინტერესი ამ პოსტის მიმართ. აღარ აქვთ ადამიანებს რექტორობის ამბიცია?

მე ამას ინდიფერენტულობას ვერ დავარქმევ, ალბათ ადამიანს უნდა ჰქონდეს შინაგანი მოწოდება იმისთვის, რომ შეცვალოს რაღაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რაღაც ახალი, თავისი სიტყვა თქვას. ამიტომ ვერ ვიმსჯელებ, რატომ დაკარგეს ინტერესი, თუმცა დღეს არის შესაძლებლობა, რომ არჩევანი გაკეთდეს.

  • წინა არჩევნებზე აკადემიური საბჭოს 11-ვე წევრმა მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში აირჩია. ის ახლა თქვენი კონკურენტია. გამორიცხავთ, რომ ეს საბჭო ისევ მერაბ ხალვაშს დაუჭერს მხარს?

მაშინ სხვა შემადგენლობა იყო აკადემიურ საბჭოში, ახლა სხვაა, რადგან მას შემდეგ ჩატარდა არჩევნები. თუმცა, ამ დეტალებზე მე ვერ ვიმსჯელებ, რადგან ეს იურიდიული სამსახურის პრეროგატივაა.

  • როდესაც აჭარის განათლების მინისტრის პოსტიდან გადაგაყენეს, კომენტარი არ გაგიკეთებიათ, არ შეგიფასებიათ რა მოხდა რეალურად. თუ გაქვთ სურვილი, რომ ახლა განმარტოთ მიზეზები?

მე ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ შემდეგში კიდევ ვისაუბროთ საინტერესო საკითხებზე. შესაძლოა მე ახლა ამის განმარტების შესაძლებლობა დავკარგე, მაგრამ არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს. ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლოთ, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, ხვალ იქნება წარდგენა და ვფიქრობ, საინტერესო დებატები გაიმართება. იმედი მაქვს,  იქნება შეკითხვები, არგუმენტები და აკადემიური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.

  • გაქვთ გამარჯვების იმედი?

როცა ბრძოლაში შედიხარ, ყოველთვის გაქვს გამარჯვების იმედი.

„ლელო საქართველოსთვის“ 28-ე რაიონული ორგანიზაცია ხულოში

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ხულოში  რიგით 28-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა. გახსნის ცერემონიას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. პარტიის წევრებმა ხულოში გამართეს შეხვედრა ადგილობრივებთან. მათ მოსახლეობასთან ერთად ხულოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და რაიონის განვითარების გეგმაზეც იმსჯელეს. „ლელო საქართველოსთვის“ ხულოს გუნდს ლევან აბულაძე უხელმძღვანელებს.

„მმართველმა გუნდმა დღეს ისიც ვერ მოახერხა, რომ მსოფლიოში წყლით მდიდარი ქვეყნის სოფლებს სასმელი წყალი არ აქვს. ეს არის მთავრობა, რომელმაც ეკონომიკა გააჩერა და ხალხი ლუკმა-პურისთვის უცხოეთში გაუშვა. ეს არის კლანი, რომელიც „მოაჯდა“ ჩვენს ქვეყანას და წინასაარჩევნოდ ჩვენივე ფულით თვალთმაქცურად იწყებენ გზების გაკეთებას, რომ მერე ისევ გადათხარონ და ოლიგარქებმა და ტენდერებში მონაწილეებმა ფული იშოვონ. ეს ცხოვრება ასე არ გაგრძელდება და ჩვენ ამას დავასრულებთ, მე ამას  გპირდებით, რადგან მე არ მინდა დაცარიელებული ქვეყნის ყურება,“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

„ჩვენ ამოვედით ხულოში იმისათვის, რომ შევცვალოთ ეს გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელიც აქ და მთელ ქვეყანაშია, შევცვალოთ უიმედობა, ადამიანებს ვანახოთ გამოსავალი არსებული კრიზისიდან, იმისათვის, რომ ამ არაჩვეულებრივ პატრიოტებს, რომლებიც აქ დგანან, აქ იცავენ საქართველოს თავისუფლებას თავიანთი შეუპოვრობით, ვუთხრათ, რომ ისინი არიან ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი ძალა.

უნდა შევცვალოთ ის ვითარება, როდესაც აქაურები მიდიოდნენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ და ახლა არიან სასოწარკვეთილი იმიტომ, რომ ვეღარ ახერხებენ საზღვარზე გადასვლას. ჩვენ მათ აქ უნდა მივცეთ დასაქმების საშუალება, ჩვენ აქ უნდა შევუქმნათ შესაძლებლობები და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები, ხულოელები, მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლები  იმსახურებენ სრულ ყურადღებას სახელმწიფოსგან, იმსახურებენ იმას, რომ ჩვენ დავაფასოთ ის შრომა, რომელსაც ისინი ეწევიან და ეს არის სარკმელი ჩვენი ქვეყნის,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ადამიანებს, რომლებსაც შრომის მეტი არაფერი გაუკეთებიათ თავიანთ ქვეყანაში, დღეს შრომის უფლებას აღარ აძლევენ და ეს უნდა შევცვალოთ. ახალგაზრდები ჩვენი წინამორბედების გვერდით უნდა დავდგეთ და უნდა შევძლოთ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, მან თქვას თავისი სიტყვა მსოფლიოში,“ – თქვა ლევან აბულაძემ.

„ხულო არის ღირსებასთან და თავისუფლებასთან ახლოს მდგომი რაიონი, სადაც სიტყვას ყველაზე დიდი ფასი აქვს. ჩვენ ვაპირებთ, ქართულ პოლიტიკაში დავამკვიდროთ მთიელებისთვის კარგად ნაცნობი სიტყვის ფასი. ხულო არის კუთხე, რომელიც ზრდის ყველაზე კარგ მოსწავლეებს, ბათუმსა და თბილისში ჩემ გარშემო ყველაზე წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ და მე მათით ვამაყობდი, ამიტომ ჩვენ უნდა შევუწყოთ ამ ადამიანებს ხელი, რომ ღირსეულად იცხოვრონ. სწორედ ამ კუთხიდან უნდა დავიწყოთ საქართველოს გამდიდრება, საქართველოს გაერთიანება,“- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„ქართული ოცნება“ ბოლო 8 წელია გაჩერების ხანაში გვაცხოვრებს, მათ უკვე გააკეთეს თავისი გასაკეთებელი, თუმცა დავინახეთ, რომ წინ არ წაუწევიათ ქვეყანა. ამიტომ ახალი პოლიტიკური ცენტრის გარშემო პატრიოტები ვდგებით და ვირაზმებით, ახალი ბედნიერი და მდიდარი საქართველოს ასაშენებლად,“- ამბობს თაზო დათუნაშვილი.

გამოცხადდა ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020 – საპრიზო ფონდი 3 ათასი ლარია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის“ აცხადებს ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020-ს, რომელიც ჰუმანიტარული საქმიანობისთვის გაიცემა. პრემიის საპრიზო თანხა 3000 ლარია.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებში ვკითხულობთ, ბერტა ფონ ზუტნერის 2020 წლის მშვიდობის პრემიის მიზანია ხაზი გაუსვას ჰუმანიტარული საქმიანობის მნიშვნელობასა და ხელი შეუწყოს ამ პროცესში ჩართული ადამიანების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

„გლობალურმა პანდემიამ  COVID 19-მა ახალი გამოწვევები გააჩინა ცხოვრების ყველა სფეროში. იზოლაციის პირობებში მცხოვრებ კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს განსაკუთრებით მწვავედ შეეხო აღნიშნული პრობლემა. ახალ რეალობაში ჰუმანიტარულმა საქმიანობამ თანამშრომლობისა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიების დამატებითი შესაძლებლობები შექმნა მშვიდობის მშენებლობის პროცესში,“ – წერს „მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის“.

ნომინირების პირობები:

[checklist]

  • კანდიდატის წარდგენა შესაძლებელია როგორც ორგანიზაციის მიერ, ასევე ინდივიდუალურად
  • პრემიაზე წარდგენილი ვერ იქნება ორგანიზაცია

[/checklist]

ნომინანტის კრიტერიუმები:

[checklist]

  • ნომინანტის ძირითადი საქმიანობა უნდა უკავშირდებოდეს მშვიდობის მშენებლობას
  • გამოკვეთილი უნდა იყოს ნომინანტის ჰუმანიტარული საქმიანობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში
  • კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ნდობის აღდგენისა და დიალოგის ხელშესაწყობად ახორციელებდეს მულტიფუნქციურ საქმიანობას
  • კანდიდატის ასაკი შეზღუდული არ არის

[/checklist]

აპლიკაციების მიღება გრძელდება 2020 წლის 4 აგვისტოს 18:00 საათამდე.

____________________________________________

რა ვიცით ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ?

ბერტა ფონ ზუტნერი 1843 წლის 9 ივნისს პრაღაში დაიბადა ავსტრიელი გენერლის, ფრანც-იოზეფ კინსკი შინიკ უნდ ტეტაუს ოჯახში.   საქართველოში ის დაახლოებული იყო სამეგრელოს დედობლის ეკატერინე დადიანის ოჯახთან. სწორედ მისი მოწვევით ჩამოვიდა ის საქართველოში, სადაც ათი წელი გაატარა.

ბერტა ზუტნერი დღეს ცნობილია, როგორც ავსტრიელი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი, მშვიდობის ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი, რომელიც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა.

ის პირველი ქალია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში.

გასულ წელს ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია საქართველოშიც დაფუძნდა, ამ პროექტის ფარგლებში ითარგმნა ქართულ ენაზე ბერტას რომანი „ძირს იარაღი!“.

1999 წელს ქართულ ენაზე გამოცემული ბერტა ფონ ზუტნერის მემუარები – „ქართველებთან და საქართველოში“ დაცულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

„არც ერთს არ აქვს პნევმონია“ – როგორია ბათუმში 7 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღევანდელი, 14 ივლისის მდგომარეობით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მე თვითონ მოვინახულე დღეს პაციენტები და მდგომარეობა სტაბილურია. ამ კვირაში რამდენიმე პაციენტს უწევს საკონტროლო ტესტირება კორონავირუსზე, ხუთშაბათს ორ მძღოლს ჩაუტარდება განმეორებითი ტესტირება და ვფიქრობთ, კარგი შედეგი გვექნება. არც ერთ პაციენტს არ აღენიშნება პნევმონია და მაღალი ტემპერატურა,“ – ამბობს გია კიკაბიძე.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა ასაკი 21 წლიდან 50 წლამდეა.

______________

ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფო

დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრები, რომლებიც მძღოლებს თანხას სძალავდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავა თბილისში.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები – ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარი ავტომობილებით მგზავრები გადაჰყავდათ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხანგრძლივი იმუნიტეტი Covid19-ზე შესაძლოა არ არსებობდეს – კვლევა

ლონდონის კინგს კოლეჯის მკვლევარებმა შეისწავლეს 90 პაციენტის მონაცემები, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ და გამოჯანმრთელდნენ.

ანგარიში ჯერ არ შეუფასებიათ სხვა ექსპერტებს და თავად ავტორებიც ამბობენ, რომ საჭიროა დამატებითი კვლევა, თუმცა მიღებული შედეგი ასეთია:

გამოკვლეული პაციენტების 60 პროცენტს გამოჯანმრთელებიდან მოკლე ხანში აღმოაჩნდა იმუნიტეტისთვის საკმარისი ანტისხეულების რაოდენობა,  სამი თვის შემდეგ პაციენტების მხოლოდ 17 პროცენტს ჰქონდა ანტისხეულები, რამდენიმე მათგანს კი საერთოდ აღარ აღენიშნებოდა ანტისხეულების რაოდენობა.

მიღებული შედეგი ნიშნავს, რომ ხანგრძლივი იმუნიტეტი Covid19-ზე არ არსებობს და ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს რამდენჯერმე, როგორც ეს ხდება გრიპის შემთხვევაში.

_____________

წყარო: bbc 

გაორმაგებული ხელფასები, პრემია და სხვა ხარჯები აჭარის მთავრობაში

აჭარის მთავრობასა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 208-2019 წლებში 41 863 172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს.

ორგანიზაციამ აჭარის მთავრობისგან და საქვეუწყებო დაწესებულებებისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა თანხა მოხმარდა 2018-2019 წლებში შრომითი ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, საწვავის, სატელეფონო, წარმომადგენლობით და სამივლინებო ხარჯებს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჯამში, 2018-2019 წლებში:

[checklist]

  • თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 41,863,172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია;
  • ამავე წლებში 928,907.86 ლარის ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა, რაც 2015-2016 წლებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობაზე (10,116,755 ლარი) დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯებმა 905,421.54 ლარი შეადგინა, რაც 2015-2016 წლებში დახარჯული თანხის (1,947,271 ლარი) დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს;
  • სატელეფონო მომსახურებაზე 288,395 ლარი დაიხარჯა;
  • წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 446,502.84 ლარი გამოიყო;
  • ამ პერიოდში სამივლინებო ხარჯებს 986,854.06 ლარი მოხმარდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (782,509 ლარი) დაახლოებით 205,000 ლარით მეტია.

[/checklist]

 

გაზრდილია პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგო

„2018-2019 წლებში აჭარის მთავრობასა და საქვეუწყებო დაწესებულებებში თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 41,863,172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია,“ – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

აქედან, თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი სარგო არის 22,628,030.81 ლარი, ხოლო შტატზე მომუშავე პირების შრომითი სარგო – 19,235,141.71 ლარი.

გაზრდილი ხარჯების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ინფოგრაფიკაში:

ინფოგრაფიკა: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

„გამჭვირვალობის“ ცნობით, აჭარის მთავრობის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე  2019 წელს დაახლოებით 124,000 ლარით მეტი ხელფასი გაიცა, ვიდრე 2018 წელს.

გაზრდილია პრემისთვის გაცემული თანხებიც. იხილეთ ინფოგრაფიკა:

პრემიები და დანამატები

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯები

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯები 2018-2019 წლებში 905,421.54 ლარს შეადგენდა, რაც 2015-2016 წლებში დახარჯული თანხის (1,947,271 ლარი) დაახლოებით ნახევარია.

 

სამივლინებო ხარჯები

2018-2019 წლებში სამივლინებო ხარჯებს 986,854.06 ლარი მოხმარდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (782,509 ლარი) დაახლოებით 205,000 ლარით მეტია.

საწვავის ხარჯი

ბოლო 24 საათში ბათუმში 561 პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 561 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 41 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულ 6 პაციენტს მკურნალობენ.

11 ივლისს კორონავირუსი ბათუმში ხუთ პირს დაუდასტურდა, ოთხი მათგანი თბილისში გადაიყვანეს.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 28 119 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 2 411 პირი.

___________________

 

გრილი ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივლისის 21 საათიდან 15 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში ზოგან მცირე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23– 28 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 16-17 ივლისს, მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან მცირე წვიმა.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე

Exit mobile version