განათლება,მთავარი,სიახლეები

ახალგაზრდები, რომლებმაც ფიზიკის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

22.09.2020 • 1870
ახალგაზრდები, რომლებმაც ფიზიკის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 33-ე საერთაშორისო ტურნირზე – IYPT 2020 – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მეოთხე ადგილზე გავიდა. კანადა, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო – ასე გადანაწილდა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ყოველწლიურ ტურნირზე საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში მედალი წელს პირველად მოიპოვა.

ტურნირის მიზანია ახალგაზრდების დროულად ჩართვა სამეცნიერო და კვლევით პროცესში, ოპონირების უნარის გამომუშავება და თეორიული მოდელების შექმნის პრაქტიკა.

ზაფხულში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ტურნირზე 17 დავალება გამოქვეყნდა, რომელთა საკვლევადაც გუნდებს რამდენიმე თვე ჰქონდათ ლაბორატორიებში სამუშაოდ, თეორიული მოდელის შესამუშავებლად და საკონფერენციო ნაშრომის მოსამზადებლად.

საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ნაკრებში ვეკუასა და კომაროვის სკოლის მოსწავლეები იყვნენ: რობიკო ცინცაძე, ზურაბ უგულავა, ნიკა ნიკურაძე, ნიკა მალცევი და ლაზარე ოსმანოვი.

ლაზარე წელს ჩაირიცხა ფიზიკის ფაკულტეტზე და პირველკურსელია. მისი თქმით ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად გაცილებით დიდი ცოდნაა საჭირო,  ვიდრე სკოლაში იღებ, რისთვისაც მას და მისი ნაკრების წევრებს დამატებითი ლიტერატურის გაცნობა დასჭირდათ.

„იყვნენ ქვეყნები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე სტაბილურად იღებდნენ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს. ფაქტობრივად ჩვენ მათ ეს მედალი წელს ჩამოვართვით“ – ამბობს ლაზარე.

ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ნიკოლოზ ნიკურაძე მე-12 კლასში ახლა გადავიდა. ის ამბობს, რომ ფიზიკით დაინტერესება ელემენტარული კითხვებით, ბავშვობიდანვე დაიწყო:

„ძალიან მარტივად, როცა ინტერესდები რატომაა ოკეანე და ცა ლურჯი, ეძებ გონივრულ პასუხებს და მეცნიერებამდე მიდიხარ.

რა თქმა უნდა, ვაპირებ  ვისწავლო ფიზიკის ფაკულტეტზე. თანამედროვე ფიზიკა მომიჯნავე მეცნიერებების გარეშე წარმოუდგენელია. ფიზიკა ცდილობს დაეხმაროს ბიოლოგიას და მედიცინას განვითარებაში. მაგალითად, არსებობს მიმართულება, რომელიც იკვლევს ნეირონების ერთმანეთთან კავშირს ფიზიკის სხვადასხვა მეთოდებით, რაც რეალურად მედიცინას ეხმარება. ფიზიკის დამსახურებაა, რომ შეგვიძლია ენერგია გადავიტანოთ ერთი წერტილიდან მეორეში მინიმალური დანაკარგით, რაც ეკონომიკის და ენერგეტიკის განვითარებასთანაა დაკავშირებული. აღარაფერს ვამბობ ტექნოლოგიების განვითარებაში ამ ფუნდამენტური მეცნიერების როლზე“ – ამბობს ნიკოლოზ ნიკურაძე.

ნაკრების შემდეგი წევრი, ზუკა უგულავა თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობს ფიზიკას და პირველ კურსზეა. მისთვის ტურნირზე განსაკუთრებით საინტერესო საქართველოს მოხსენებაზე უცხო ქვეყნების ნაკრებთა ოპონირება და დისკუსიები იყო.

„ორთაბრძოლების სახით იმართებოდა ოპონირება და დისკუსიები. ხუთივე ორთაბრძოლისას სხვადასხვა ქვეყანა გვიწევდა ოპონირებას, ეს ძალიან საინტერესო იყო. მსგავსი ტურნირები სხვა ტიპის უფრო მასშტაბური სამეცნიერო კონფერენციებისთვის გამზადებს და შესაბამისი უნარების განვითარებაში გეხმარება.

დიდი შესაძლებლობაა ისიც, რომ უამრავი პლატფორმა არსებობს, სადაც საკუთარი კვლევების და სტატიების განთავსება შეგიძლია და ასე ერთვები თანამედროვე მსოფლიო სამეცნიერო პროცესში, სადაც არ უნდა იყო“ – ამბობს ახალგაზრდა ფიზიკოსი.

გიორგი ჯიქიძე ახალგაზრდა ფიზიკოსების ერთ-ერთი მწვრთნელია. მისი თქმით საქართველოში ლაბორატორიით აღჭურვილი სკოლების რაოდენობა მცირეა.

„ახალგაზრდა თაობა კი ფიზიკით, მათემატიკით და ინჟინერიით ნაკლებად ინტერესდება. საქართველოში ამ დარგის პერსპექტივას ვერ ხედავენ. ფიზიკოსთა სიმცირე სერიოზული პრობლემაა. დაინტერესებულთა უმრავლესობა საქართველოს  ტოვებს და ამერიკაში აგრძელებს სწავლას – სხვა გზა არ არის. გამომგონებლობის და ლაბორატორიებში მუშაობის დიდი კულტურა აქ არ გვაქვს.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა. ეს არის კონტაქტები, კვლევითი უნარების გამომუშავება, დისკუსიისას სწრაფი რეაგირებისა და ოპონირების პრაქტიკა“ – ამბობს ნაკრების მწვრთნელი.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი IYPT წელს საქართველოში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ონლაინ-ტურნირი ჩატარდა.

________________

მთავარ ფოტოზე: ფიზიკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები კომაროვის სკოლიდან. კადრი კომაროვის სკოლის ფეისბუქგვერდიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: