განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორი სკოლა აქვს დირექტორს, რომელიც საუკეთესოდ აღიარეს

22.09.2020 • 4704
როგორი სკოლა აქვს დირექტორს, რომელიც საუკეთესოდ აღიარეს

ლენა გომართელი საქართველოში ყველაზე წარმატებულ დირექტორად აღიარეს და გრან-პრითაც დააჯილდოვეს. რატომ მიიჩნიეს ის საუკეთესო დირექტორად და რა შეიცვალა მისი მენეჯერობის პერიოდში საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში? – ლენა გომართელს ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა.

  • ქალბატონო ლენა, რამდენი წელია რაც საჩხერის სკოლაში მუშაობთ, მასწავლებლად დაიწყეთ მუშაობა თუ პირდაპირ დირექტორის პოზიციაზე? 

სპეციალობით გერმანული ენის მასწავლებელი ვარ. ეს პროფესია მეხუთე კლასში ავირჩიე, გერმანულის პირველივე გაკვეთილზე ვთქვი, რომ გერმანულის მასწავლებელი გავხდებოდი, ისეთი არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა. ვმუშაობდი უნივერსიტეტის კათედრაზე, შემდეგ სკოლაში დავიწყე მუშაობა, თბილისში. როცა დავქორწინდი, საჩხერეში, ჩემს მშობლიურ მხარეში წამოვედი და რესურსცენტრში ვიმუშავე 8 წელი.

ერთ დღეს მივხვდი, რომ იქ ჩემი რესურსი ამოვწურე და სკოლის დირექტორის არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. 2014 წლის შემდეგ ამ სკოლის დირექტორი ვარ.

  • რის გამო აგირჩიეს?

ჩემთვის მთავარი იყო სკოლაში ისეთი გარემო შემექმნა, სადაც ყველა მოსწავლის შესაძლებლობები იქნებოდა რეალიზებული. ჩემი მოსვლის შემდეგ სკოლა 200 მოსწავლით გაიზარდა. როცა დირექტორი ხარ, ძალიან კარგად უნდა შეგეძლოს ადამიანური რესურსების შეფასება და მართვა. თუ ამ რესურსებს სწორად გამოიყენებ, ყველაფერი კარგად აეწყობა.

ყველაფერი გუნდზეა დამოკიდებული და იმაზე, როგორ დაანახებ მათ თავიანთ მნიშვნელობას.  სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლე რომ ჩაერთოს, ამას კარგი მენეჯმენტი სჭირდება. თავიდანვე ჩვენ ფორმალურ განათლებასთან ერთად აქცენტი გავაკეთეთ პროფესიულ განათლებაზეც. თუ გინდა, რომ სტანდარტს მიაღწიო, აუცილებელია თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელო.

  • როგორ მოახერხეთ ეს? 

ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვებს უძნელდებათ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის სწავლა. ეს ხდება მაშინ, თუ მათ ამ საგნების პრაქტიკული გამოყენება არ დაანახე. ამიტომ შემოვიტანეთ ელექტროობა სკოლაში, დავნერგეთ ელექტროინჟინერია, რომელიც ფიზიკაზეა აწყობილი, ჩამოვაყალიბეთ რობოტიკის კლუბი, ამისთვის „მშვიდობის კორპუსმა“ მოგვცა ათი ათასი ლარი. ბავშვები აწყობენ რობოტებს, სქემებს…

მთავარია, რომ მოსწავლეს სკოლაშივე შეეძლოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, ამიტომ, როცა კულინარიის სკოლა შევქმენით, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ის უნდა ყოფილიყო ინტეგრირებული სხვადასხვა საგანთან. როცა, მაგალითად, ბავშვები ამზადებდნენ კერძს, ეს კერძი გადადიოდა ქიმიის ლაბორატორიაში და მოსწავლეები იწყებდნენ მზა კერძში კალორიების გამოთვლას, ბიოლოგიაში უნდა შეედგინათ ჯანსაღი კვების მენიუ, ინგლისურის მასწავლებელს კერძების რეცეპტები უნდა მოეძიებინა, ბავშვებს უნდა ეთარგმნათ და ასე შემდეგ.

არსებობს მცდარი შეხედულება, რომ მოსწავლეები ცხოვრებისთვის უნდა მოვამზადოთ, მაშინ როცა სკოლა თვითონ არის ცხოვრების ნაწილი და სწორედ აქ უნდა ისწავლოს ის, რაც შესაძლოა სკოლის შემდეგ აკეთოს. ამიტომ შემოვიტანეთ მეწარმეობა, კულინარია. ჩვენი მოსწავლეები, ვისაც  კულინარია და კონდიტერია შევასწავლეთ, ზაფხულში დასაქმდნენ კიდეც. ჩვენ პროფესიულ დიპლომებს გავცემთ და დამსაქმებელსაც აქვს ნდობა ჩვენს მიმართ. 7 პროფესიული მიმართულება შეისწავლება ჩვენს პროფესიულ სკოლაში.

  • თქვენ ამბობთ, რომ პროფესიული განათლება ძალიან პოპულარულია. ამის გამო შემცირდა იმ ბავშვების როდენობა, ვისაც უმაღლესში სურს სწავლის გაგრძელება?

წელს დაამთავრა 32-მა ბავშვმა და აქედან მხოლოდ 24 წავიდა უმაღლესში. წინა წლებში 1-2 ბავშვი თუ  ინტერესდებოდა პროფესიული განათლებით.

ჩვენ იმიტომ კი არ შემოვიტანეთ პროფესიული განათლება, რომ მოსწავლეები უმაღლესში არ წავიდნენ, მთავარი მოტივი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა, თანაც მეორე პროფესიაც ექნებათ ბავშვებს.

  • ბევრჯერ მოგვისმენია, რომ სკოლის ბოლო წლებს ფაქტობრივად ტყუილად ატარებენ ბავშვები სკოლაში, რადგან ძირითადად კერძო მასწავლებლებთან ემზადებიან.  თქვენც ასე ფიქრობთ? რა უნდა შესთავაზოს სკოლამ ამ ბავშვებს?  

ყველა სკოლაშია ეს პრობლემა, მაგრამ მქონია შემთხვევა, როცა მე-12 კლასელი არ დასწრებია სკოლის გაკვეთილებს, მაგრამ პროფესიულ გაკვეთილზე მოსულა, იმდენად დიდი ინტერესი აქვთ. დასამალი არ არის, რომ მოსწავლეებისთვის რაღაც პერიოდში სწავლა საინტერესო აღარ არის, თუ ის ჩამორჩება სასწავლო პროცესს.

ამიტომ გავხადეთ სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული და საფუძველშივე დავიწყეთ ამ პრობლემის ამოძირკვა. დაწყებითში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ არ გვყოლოდა ჩამორჩენილი მოსწავლე. შევიტანეთ მედიაციის პროგრამა, დამატებითი გაკვეთილები, ვაფასებდით ბავშვებს და ა.შ.

შესაძლებლობები ყველა მოსწავლეშია, ამიტომ სკოლამ ამ შესაძლებლობებს უნდა მისცეს განვითარება.

ზუსტად ამ პრაქტიკულმა საქმიანობებმა მიგვიყვანა თითოეულ ბავშვთან. ვეღარ ნახავთ ბავშვს, ვისაც არ უხარია სკოლაში მოსვლა, იმიტომ, რომ ყველამ იცის, სად არის მისი ნიშა. თუ არ მოსწონს კლუბური მუშაობა, პროფესიულ გაკვეთილს ესწრება; დრამის კლუბია, სადაც ინგლისურად დგამენ სპექტაკლებს და ვიღაცამ იქ იპოვა თავისი ადგილი; გვაქვს საჯარო მეტყველების და შემოქმედებითი წერის კლუბი… ბევრი აქტივობაა, ყველამ შეიძლება ნახოს მისთვის საინტერესო.

  • როგორც ვიცი გოგონების გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამებიც გაქვთ, ასეა?

კვლევები ადასტურებს, რომ გოგონები ნაკლებად არიან ჩართული ისეთ აქტივობებში, რაც ტრადიციული გაგებით კაცების საქმედ მიიჩნევა. თუმცა ჩვენს სკოლაში დურგლის კურსი როცა გავხსენით, გოგონებიც დავაინტერესეთ, გვაქვს გოგონების ფეხბურთის კლუბიც, საჯარო გამოსვლების კლუბი, რადგან გვინდა, რომ მეტი გოგონა დაინტერესდეს მომავალში პოლიტიკაში მოსვლით.

  • პანდემიის პერიოდზე მინდა გკითხოთ. ალბათ ისეთი მოსწავლეებიც გყავთ, ვინც ვერ ახერხებდა ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას. რა გააკეთეთ მათთვის?

იყო ამ მხრივაც პრობლემები, მაგრამ სკოლის რესურსით დავეხმარეთ და მივაწოდეთ ინტერნეტი ე.წ. მოდემით, ბუქებთან ერთად. 6 მოსწავლე გვყავდა, რომლებიც ისეთ სოფლებში იყვნენ, სადაც ვერ შევძელით ინტერნეტის მიწოდება, ამიტომ მათ ბეჭდური სახით ვუგზავნიდით დავალებებს. ყველაზე მეტად ამ ბავშვებთან მოგვიწევს მუშაობა, ყველაზე მეტად მათთან არის შესამჩნევი აკადემიური ჩამორჩენა. ზოგადად, პანდემიის პერიოდის დანაკარგის შესავსებად გაზაფხულამდე მოგვიწევს გაძლიერებული მუშაობა.

  • მასწავლებლებზე გკითხავთ, არაერთი კრიტიკა მომისმენია მათი მხრიდან დირექტორების მისამართით. მაგალითად ის, რომ ხშირად დირექტორები მათი მეგობრების, ნაცნობების ან ნათესავების დასაქმებას ცდილობენ სკოლაში და კლანს ქმნიან, რომ მათ არ ეწყობათ ხელი და ასე შემდეგ.  თქვენ როგორ შექმენით გუნდი?

ადამიანური რესურსია გადამწყვეტი, თუმცა მე ჩემი სკოლის რესურს კარგად ვიცნობდი და არ დამჭირვებია ბევრი ახალი მასწავლებლის მიღება. პენსიაში  ხუთი მასწავლებელი გავიდა და აქედან მხოლოდ სამი მივიღეთ კონკურსით. გამიმართლა იმაში, რომ სკოლაში ყველა მასწავლებელს აქვს მაღალი საგნობრივი კომპეტენცია.

  • რას ნიშნავს თქვენთვის კარგი მასწავლებელი?

საგნის ცოდნა უპირობოა. ამას უნდა დაემატოს ტექნიკის ფლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააინტერესოს ბავშვი და თითოეულ ბავშვთან მივიდეს. იცით, რატომ იყო ჩემი გერმანულის მასწავლებელი გამორჩეული? არც ერთ ბავშვს არ ასხვავებდა და თითოეულთან მიდიოდა, მის გაკვეთილზე ყველა ბავშვი დასაქმებული იყო.

რა თქმა უნდა, ასეთი მასწავლებელი ბევრი არ არის, სხვა შემთხვევაში კვლევებშიც აისახებოდა სწავლების დონე, მაგრამ თუ დირექტორი ხედავს პრობლემას, კარგი მენეჯმენტით შეიძლება ამის აღმოფხვრა და პრობლემის დაძლევა.

  • მშობლებზე რას გვეტყვით, როგორი დიალოგი გაქვთ მათთან?

როცა მშობელი დამხვედრია  სკოლის კართან, მისი პრობლემის გამო შემიცვლია მთელი დღის გეგმა. არასდროს მითქვამს – „ახლა გაკვეთილი მაქვს და შემდეგ“.  თუ დაანახებ მშობელს, რომ ის და მისი შვილი მთავარია სკოლაში, ის აუცილებლად გენდობა და აღარ მოვა სხვა დროს გაავებული. ჩვენ მშობლების სკოლაც შევქმენით, სადაც  მათ ტრენინგებს ვუტარებთ ბულინგზე, ჩაგვრაზე, ძალადობის და სხვა საკითხებზე, მშობლები ჩართული გვყავს პროფესიულ სწავლებაში და ეს ყველაფერი ძალიან გვაახლოებს.

  • როგორც ვიცი, თქვენი სკოლა ერთ-ერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა, რას გვეტყვით ამაზე?

განათლების გამოფენა ტარდება, რისთვისაც მსოფლიოში ათი საუკეთესო სკოლა შეირჩა, რომ თავიანთი პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარონ სხვებს. ჩვენ გავიმარჯვეთ ამ კონკურსში და 5-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ონლაირეჟიმში გვექნება ჩვენი პრაქტიკის წარდგენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: