ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში დარჩება კოვიდპაციენტი სახლში

24.09.2020 • 6369
რა შემთხვევაში დარჩება კოვიდპაციენტი სახლში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კოვიდინფექციის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი დაამტკიცა.

ამ ალგორითმის მიხედვით, COVID 19-ის PCR კვლევით დადასტურების შემთხვევაში, პაციენტი ექვემდებარება ბინაზე ან საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას, ან სტაციონარში მოთავსებას, შემდეგი სქემით:

COVID 19-ის დიაგნოზის დადასტურებისთანავე, საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აწვდის „112“-ს;

„112“, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასების მიზნით, ზარს ამისამართებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში [ონლაინკლინიკაში];

ონლაინკლინიკის ექიმის მიერ სატელეფონო კონსულტაციით ხორციელდება ანამნეზის შეკრება, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასება და მდგომარეობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) გადამისამართების, ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, კერძოდ:

საწყისი კლინიკური შეფასების შემდეგ, მსუბუქად მიმდინარე პაციენტების გამოვლენის შემთხვევაში, შესაფერისი იზოლირებული გარემოსა და ოჯახის წევრების/ახლობლების მიერ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით პაციენტზე მზრუნველობის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, მიღებულ იქნეს პაციენტის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება, რომლის მართვაც განხორციელდება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლის – COVID 19-ის მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე – შესაბამისად;

ასეთი გარემოს არარსებობის შემთხვევაში კი პაციენტებს გადაიყვანენ საკარანტინო სასტუმროში;

თუ დაავადება მსუბუქად არ მიმდინარეობს, პაციენტები ექვემდებარებიან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას. ამასთან, საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტები COVID 19-ის მსუბუქი ფორმით, სამედიცინო მეთვალყურეობისა და იზოლირებულ პირობებში მკურნალობის დასრულებისთვის გადავლენ საკარანტინო სასტუმროში;

საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობა მოიცავს COVID19-ის მართვის გაიდლაინით რეკომენდებული გამოკვლევების ნაკრებს, რაც პაციენტის მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასებისთვის უნდა ჩატარდეს. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდანვე შევაფასოთ მოსალოდნელი რისკები და ვიმოქმედოთ შესაბამისად.

ამასთან, შესაბამის საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას, ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, დაექვემდებარონ ასევე, პაციენტების სხვა ჯგუფები, კერძოდ:

–  სიმპტომური პაციენტებისთვის: იმ შემთხვევაში, როდესაც COVID19-ის სიმპტომების დაწყებიდან 10 დღისა და პლუს სულ მცირე 3 დამატებითი უსიმპტომო (ცხელების, რესპირაციული სიმპტომების და სხვ. არარსებობა) დღის შემდეგაც ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში PCR კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ რჩება განსაზღვრადი;
უსიმპტომო პაციენტებისთვის: იმ შემთხვევაში, როდესაც COVID19-ის დიაგნოზის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგაც ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში PCR კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ რჩება განსაზღვრადი.

ბინაზე დატოვება/საკარანტინო სივრცეში გადაყვანა არ არის რეკომენდებული:

[crosslist]

  • პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა,
    ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქული ასთმა და სხვ. ექიმის გადაწყვეტილებით);
  • პედიატრიული ასაკის პოპულაციისთვის (15 წლამდე), ხანდაზმულებისთვის (65+).

[/crosslist]

COVID19-ის მქონე პაციენტთა საკარანტინო სივრცეში მკურნალობის/მეთვალყურეობის გადაწყვეტილების შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობის მართვა ხორციელდება საკარანტინო სასტუმროს ბაზაზე მორიგე სამედიცინო ბრიგადების (ექიმი, ექთანი) მეშვეობით, რომლებიც, ასევე მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან
ინფექციონისტებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებთან.

საკარანტინო სივრცეში იმუშავებს 20 პაციენტზე – ექიმისა და ექთნის 1 გუნდი, პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად, ემატება კიდევ 1 ექთანი ყოველ დამატებით 30 პაციენტზე და 2 სრული გუნდი, თუ პაციენტების რაოდენობა აღემატება 50-ს.

ბინაზე/საკარანტინო სივრცეში მყოფი პაციენტის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტი ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას (მათ შორის, განმეორებით
ჰოსპიტალიზაციას) – ექიმის გადაწყვეტილებით.

საიზოლაციო სივრცეში (სასტუმროში) მოთავსებული COVID19-ით პაციენტების ბინაზე გაწერა განხორციელდება კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინი) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი:
– სამედიცინო დაწესებულებიდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანის შემთხვევაში, პაციენტი ექვემდებარება სტაციონარიდან გაწერას;
– საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დოკუმენტირება ხდება საკარანტინო სივრცეში COVID19-ის დადასტურებული დიაგნოზის პაციენტის სამედიცინო მეთვალყურეობის ბარათის მეშვეობით;
– საკარანტინო სივრცეში COVID19 -ის დადასტურებული დიაგნოზის პაციენტის სამედიცინო მეთვალყურეობის ბარათის წარმოებასა და შენახვაზე პასუხისმგებელია
საკარანტინო სასტუმროს ექიმი;
– საკარანტინო სივრცეში COVID19 – ის დადასტურებული დიაგნოზის პაციენტის სამედიცინო მეთვალყურეობის ბარათი ამავე საკარანტინო სივრცის ტერიტორიაზე ინახება პაციენტის დაყოვნების პერიოდში, ხოლო პაციენტის ბინაზე გადაყვანის შემთხვევაში, ბარათი გადაეგზავნება ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, შემდგომი დაარქივების (5 წლის ვადით) მიზნით.

როგორ  უნდა იმართოს ბინაზე კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა ნახეთ ამ ბმულზე:

 

ამავე თემაზე:

რას ჰყვებიან ბათუმელი კოვიდინფიცირებულები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: