მთავარი,სიახლეები

რამდენიმე პრობლემა, რაზეც ბათუმში კოვიდპაციენტები ჰყვებიან

23.09.2020 • 2845
რამდენიმე პრობლემა, რაზეც ბათუმში კოვიდპაციენტები ჰყვებიან

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ეპიდსიტუაციის მართვის პრობლემებს არ აღიარებს და მხოლოდ ხარვეზებზე საუბრობს, კოვიდპაციენტები არაერთი მძიმე პრობლემის შესახებ ჰყვებიან, მათ შორის, ფეისბუქში. ზოგიერთი პაციენტი წერს იმასაც, თავად რომ არ მოეკითხა ტესტის პასუხი, ვერც კი გაიგებდა, კორონავირუსი რომ ჰქონდა. ამ დროს ისინი სხვებთან ჩვეულებრივად კონტაქტობდნენ.

ტესტირების დაგვიანებული პასუხები, კლინიკაში ან კოვიდსასტუმროში დაგვიანებით გადაყვანა, საკმარისი ადგილების არქონა… ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემების, რასაც კოვიდპაციენტები ჰყვებიან. ჩვენ რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად და იმის გასაგებად, თუ სად იქმნება პრობლემა ყველაზე მეტად.

მაგალითად, ბათუმელი თამარ ღოღობერიძე თავის 9 წლის შვილთან ერთად ახლაც ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში მკურნალობს. ამბობს, რომ ახლა კომფორტულადაა, თუმცა აქამდე რთული გზის გავლა მოუხდა. მან ფეისბუქსტატუსი პროტესტის ნიშნად მაშინ დაწერა, როცა კლინიკაში საწოლი საერთოდ არ მოუწია და სკამზე მჯდომარემ გაათია ღამე.

„წლების წინ რომ იყო, თავმდგურს ეძახდნენ, ასე ვიყავი მეც… საავადმყოფოში უსიმპტომოდ შევედი და გაცივების სიმპტომებით გამოვედი, ისიც პოლიციის დახმარებით, ისე არ მიშვებდნენ… გადაყვანის დროს, ვიდრე კლინიკაში მიმიყვანდნენ, კონდიციონერით გაგვყინეს ბოქსირებულ მანქანაში, კლინიკაში კი ადგილები აღარ გვაქვსო და დედა-შვილს ერთი საწოლი გამოგვიყვეს… ვარჩიე, შვილს დაეძინა. ცხელი წყალიც არ იყო 21-ე საუკუნის კლინიკაში. მე „ევექსის“ ქობულეთის კლინიკაში ვიყავი ორი დღე…“ – გვიყვება თამარ ღოღობერიძე.

კოვიდპაციენტის თქმით, თავდაპირველად კორონავირუსი მის მეუღლეს დაუდასტურდა, რომლის შემდეგაც ოჯახის სხვა წევრებისგანაც აიღეს ნიმუშები. თამარს ტესტის პასუხები ორ დღეში თავად მოუკითხავს, მას შემდეგ, როცა ტესტის პასუხი არავინ აცნობა, ხოლო 9 წლის შვილს მაღალი სიცხე ჰქონდა.

„სხვადასხვა პასუხი მითხრეს 112-ზე და ოჯახის ექიმმა. მირჩიეს, უმჯობესია ოჯახში გყავდესო, ოჯახის ექიმმა კი – რენტგენი გადაუღეთ ფილტვებზეო… მივედი ინფექციურში, მაგრამ არ მიგვიღეს, დაელოდეთ ტესტის პასუხებს, ან ხელახლა ჩაიტარეთ ტესტიო… ბავშვს სიცხე ჰქონდა და ისე დავდიოდა კლინიკიდან კლინიკაში. ზოგან მითხრეს, რომ რენტგენი არ იყო საჭირო, ზოგი მეუბნებოდა, რომ დადასტურდეს, ორჯერ დასხივება მოუწევს ბავშვს და არ შეიძლებაო… არ ვიცოდი, რა მექნა, ვერ ვიღებდი ინფორმაციას… ამ დროს თურმე უკვე კოვიდი გვქონია ორივეს –  12 სექტემბერს აგვიღეს ტესტი და 19 სექტემბერს რომ მივედი ლუგარის ცენტრში, ბარცხანაში, იქ მითხრეს, პასუხები დადებითია, ეს აქამდეც ცნობილი იყოო… უკვე აღარ მქონდა რეაქცია, ხუთი ლაბორანტი მუშაობს თურმე ამდენი ინფორმაციის დამუშავებაზე,“ – გვიყვება თამარ ღოღობერიძე.

დედა-შვილი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ქობულეთის კლინიკაში გადაუყვანია. თამარის თქმით, სამედიცინო პერსონალი პაციენტების მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი, თუმცა კლინიკა ამდენი პაციენტის მისაღებად მზად არ იყო.

„გვითხრეს, რომ ბავშვით ვინც არის, ისინი მხოლოდ ქობულეთში გადაგვყავსო… საუზმე, მაგალითად, მოიტანეს დღის პირველ საათზე… მე კიდევ არაფერი, ჩვილი ბავშვებით იყვნენ დედები, წყალსაც ვერ აცხელებდნენ. ბუნებრივი აირი კლინიკაში არ არის და არც ცხელი წყალი… მეორე დილით, როცა რენტგენის პასუხი მოვიდა და დადგინდა, რომ პნევმონია არ გვქონდა, სასტუმროში გადაყვანა მოვითხოვე, ან იზოლირებულად ჩემს სახლში ჩემთვის ვიქნები, გვაქვს ამის საშუალება-მეთქი. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელეს ვესაუბრეთ ტელეფონით და გვითხრა, რომ მხოლოდ სამი დღის შემდეგ შეგვეძლო კლინიკის დატოვება და სასტუმროში გადასვლა. ჩვენ პოლიციას დავურეკეთ და სასტუმროში გადმოგვიყვანეს,“ – გვითხრა თამარ ღოღობერიძემ.

იმის გარდა, რომ ტესტის პასუხი იგვიანებს, სხვა ადამიანებიც საუბრობენ იმაზე, რომ რიგ შემთხვევაში პასუხი ცნობილია, თანაც დადებითი და პაციენტმა ამის შესახებ არაფერი იცის.

„ჩემს ახლობელს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც რესპუბლიკურში გადაიყვანეს, სახლში 65 წლის მამიდა დარჩა. მე ვცდილობდი გამერკვია, მისი ტესტირების შედეგი…“ – გვიყვება ადვოკატი ლელი ბჟალავა. მისი თქმით, ის ასაკოვან ადამიანებს განსაკუთრებით საჭირო საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება, როგორც მოხალისე.

„ამ ქალს უთხრეს, რომ ანალიზი თავისით უნდა აეღო… მივიდა ბარათაშვილის ქუჩაზე პოლიკლინიკაში და დატოვა ნიმუში. ეს დღეები ჰქონდა სიცხე და თავისი ხელით იკეთებდა ნემსებს. ტესტირების პასუხი რომ არ მოვიდა, ზუსტად 8 დღის შემდეგ მე დავრეკე პოლიკლინიკაში და პირადი ნომერი რომ ვუთხარი, მაგას დადასტურებული აქვსო, მითხრეს… ვერ გავარკვიე, რატომ არ უთხრეს პაციენტს, რომ ის კოვიდინფიცრებულია.

ცალკე პრობლემა იყო საავადმყოფოში გადაყვანა, ხუთჯერ მაინც დავრეკე 112-ზე და ბოლოს რომ ვუთხარი, გიჩივლებთ-მეთქი, მერე მოვიდნენ, ანუ პასუხის მიღებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ მოვიდა სასწრაფო… ახლა ეს ქალი რესპუბლიკურში წევს, პნევმონიაც დაუდასტურეს.

ვფიქრობ, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაწილია, როცა გაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანს აქვს საშიში დაავადება და არ ეუბნები თავად პაციენტსაც კი, რომ ის მოერიდოს სხვებს, საკუთარ თავს და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევებზეც გამოძიება უნდა დაიწყოს,“ – მიიჩნევს ადვოკატი ლელი ბჟალავა.

66 წლის გულიკო იშხნელიძემ საკუთარი პრობლემის შესახებ დაწერა ფეისბუქში.

„თვითიზოლაციაში ვარ 15 რიცხვიდან, ამ დღიდან სიცხეები დამეწყო – 38/39-მდე, მაქვს კოვიდის ყველა სიმპტომი, ვარ დიაბეტიანი, ქრონიკული პრობლემა მაქვს თირკმლებზე, კუჭზე… სამჯერ გამოვიძახე სასწრაფო, აქიდან ორ გამოძახებაზე მოვიდნენ, წინასწარ მომზადებული ტექსტით, რომ ადგილები არ აქვთ, გამიკეთეს ანალგინ-დიმედროლი სიცხის დასაწევად… ეს ყოფილა კორონას წამალი… ახლა ეგება დამაკვალიანოს ვინმემ, როგორ მოვიქცე 66 წლის ქალი… ტესტი ავიღე და პასუხი არ მოსულა ჯერ,“ – წერს გულიკო იშხნელიძე.

რატომ გვიანდება ტესტის პასუხი ან კოვიდპაციენტის გადაყვანა კლინიკაში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს გუშინ, 22 სექტემბერს. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, შემთხვევების მატების და, შესაბამისად, ტესტირების სიმრავლის გამო იყო გარკვეული ხარვეზები, რაც უკვე გამოსწორდა და სისტემა ამჯერად გამართულად მუშაობს. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ.

ჯანდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს მონაცემს – დამატებით რამდენი საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი რეგიონში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, დღეს, 23 სექტემბერს, 460 კოვიდპაციენტი რჩება კლინიკებში, ხოლო 660 – კოვიდსასტუმროში.

23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 227 ახალი შემთხვევა, მათ შორის, 165 ბათუმში.

მთავარი ფოტო: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალი

ამ თემაზე:

რას ჰყვებიან ბათუმელი კოვიდინფიცირებულები

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: