საკონდიტრო “დონა”, რომელიც კორონავისურის გამო ერთი თვეა დახურულია, მუშაობას 5 ოქტომბრიდან განაახლებს.
„ძვირფასო და ერთგულო მომხმარებლებო, 5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საკონდიტრომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებული კლასტერი ბათუმში სექტემბრის დასაწყისში გაჩნდა. კორონავირუსი საკონდიტროს 22 თანამშრომელს დაუდასტურდა. მოგვიანებით ვირუსი დაუდასტურდა “დონას” თანამშრომლებთან დაკავშირებულ სხვა პირებს და საკონდიტროს სტუმრებს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ერთ-ერთი მათგანი, 65 წლის კაცი, 22 სექტემბერს შეიყვანეს კლინიკაში დიაგნოზით – კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიუმის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ორმხრივი ჰიდროთორაქსი“. პაციენტი 28 სექტემბერს, 07:45 საათზე გარდაიცვალა.
ასევე ბათუმში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის პაციენტი, კაცი, რომელიც 21 სექტემბერს მიიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დიაგნოზით – კოვიდ 19, ცხელება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორამაციით, „პაციენტს გადატანილი ჰქონდა: ინსულტი, ვეგატატიური სტატუსი“. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 08:25 საათზე.
28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 5552-მდე გაიზარდა.
მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, გამოჯანმრთელდა 148, კარანტინშია 5650 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 800 პირი.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახური და კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები კოვიდპაციენტებთან მისვლას აგვიანებენ.
პრესსამსახურის ცნობით, მსგავსი შემთხვევა, როდესაც კოვიდპაციენტი სასწრაფო დახმარებამ რეაგირების გარეშე დატოვა, არ დაფიქსირებულა.
„ბათუმელებმა“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მიაწოდა სტატიაში მოყვანილ პირთა მონაცემები, ამ პირებისვე თანხმობით. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურმა მომხდარი ფაქტი შემდეგნაირად განმარტა:
„სამივე პირი ჩვენთვის უკვე ცნობილია. არც ერთი მათგანის შესახებ, სასწრაფო დახმარების სამსახურს არ მიუღია შეტყობინება. შესაბამისად, შეტყობინებას თუ ვერ მიიღებდნენ, რეაგირებაც ვერ მოხდებოდა.
პროცედურა არის შემდეგი, 112-ში ზარი რომ ფიქსირდება, ზარი გადის ფილტრაციას 112-შივე, მისამართდება ან ოჯახის ექიმთან, ან მისამართდება სასწრაფოსთან. ჩვენ ასეთი შეტყობინება არც ერთ მათგანზე არ მიგვიღია. მოქალაქემ თუ ჩათვალა, 112-ში რომ დარეკა, ამით უკვე სასწრაფო გამოიძახა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. თუმცა გასაგებია, რომ ვიღაცას შეიძლება ასე ეგონოს. სასწრაფოს მსგავსი გამოძახება არ მიუღია არც ერთი მათგანისგან. დამატებით დავაზუსტე, რომ ერთ-ერთმა პაციენტმა ოჯახის ექიმის კონსულტაცია მიიღო,“ – განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურში.
„ბათუმელების“ კითხვაზე, მაშინ როცა კოვიდინფიცირებულები 112-ში რეკავდნენ, სად მისამართდებოდა ზარი და რატომ ვერ ხვდებოდა ის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, პრესსამსახურში განმარტავენ:
„პროტოკოლი არის შემდეგი: ზარი ფიქსირდება საერთო ცენტრში, რომელიც ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის საინფორმაციო ცენტრს. ზარის დაფიქსირების შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული მოქალაქის ზარი გადადის ოჯახის ექიმთან. მოქალაქეს უკავშირდება ოჯახის ექიმი, რომელიც დისტანციურად აფასებს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ოჯახის ექიმი სხვადასხვა კრიტერიუმებითა და გაიდლაინებით ასევე აფასებს – რამდენად ესაჭიროება პირს გადაუდებელი დახმარება/სასწრაფო. ხდება პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ხანრგძლივი, დისტანციური მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში, პირის მონაცემები მიეწოდება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რომელიც ახდენს რეაგირებას თითოეულ შემთხვევაზე”.
პრესსამსახურისვე თქმით, ოჯახის ექიმთან კონსულტაცია არ ნიშნავს, რომ სასწრაფო დახმარება ესაუბრება პაციენტს.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ სასწრაფოში არ ხვდებოდა, მაშინ სად მისამართდებოდა 112-ში შესული მოქალაქის ზარები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია უშუალოდ 112-ში უნდა გავარკვიოთ.
„შემიძლიათ გითხრათ, რომ 112-ში შესული ზარი არ იკარგება. 112 ინფორმაციას გადასცემს ოჯახის ექიმებს. ოჯახის ექიმები შემდეგ ესაუბრებიან პაციენტს. თუ ეს არ მომხდარა მათთან, უკვე შეგიძლიათ დააზუსტოთ 112-თან. თუმცა მე როგორც მოგახსენეთ, სასწრაფო დახმარებაში მსგავსი ინფორმაცია არ არის გადმოცემული,” – გვითხრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრესსამსახურმა.
24 წლის გიო ჩავლეიშვილი კოვიდინფიცირებულია. ის თავის ისტორიას „ბათუმელებს“ უყვება და საზოგადოებას მოუწოდებს, დაიჯერონ ვირუსის არსებობა.
„14 სექტემბერს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც სიმპტომები მქონდა (ყელი მქონდა გაღიზიანებული, სიცხეც მომცა) გადავწყვიტე წავსულიყავი ტესტის ჩასაბარებლად. ტესტი ჩავაბარე რურუას ქუჩაზე, კარავში. 16-ში ღამე დამირეკეს და მითხრეს, რომ დადებითი იყო ჩემი ტესტის პასუხი. კერძო სახლში ვცხოვრობ და ორი დღე სახლში ვიყავი, სახლიდან არ გავდიოდი, ოჯახის წევრებისგანაც იზოლირებული ვიყავი. შიშის ფაქტორი იყო. მერე ჩემმა მშობლებმაც ჩააბარეს ტესტი, მაგრამ მათი პასუხი უარყოფითი იყო.
17-ში ზარები აღარ წყდებოდა, მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და წამიყვანეს „მედალფაში“ ფილტვების ტომოგრაფიაზე. ფილტვებზე რომ გადამიღეს, მცირე პნევმონია იყო და მაშინვე დამაწვინეს. 24 წლის ისე გავხდი, ექიმთან არ ვყოფილვარ. რატომღაც უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ ამ ექვსი დღის მანძილზე, რასაც ვუყურე, მთლიანად შემეცვალა წარმოდგენა ექიმებსა და ექთნებზე. ყოველ ნახევარ საათში მოდიოდნენ. ჩემი ტოლა გოგო-ბიჭები იყვნენ. რაც შეეძლოთ იმაზე მეტს აკეთებდნენ. ყოველ დილას ათ საათზე იცვლებოდა მორიგეობა, ფანჯრიდან ვუყურებდი, ცოცხალი გვამებივით იყვნენ, ისე დაღლილები ჩანდნენ დილას, შეცვლის შემდეგ.
სანამ საავადმყოფოში მივიდოდი, სიმართლე გითხრათ, მეტ-ნაკლებად მჯეროდა ვირუსის არსებობა. მაგრამ საავადმყოფოში რაც დავინახე, მერე დავიჯერე. ჩემთან ერთად იყო ბიჭი, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში სიცხე ვერ ჩაუქრეს. ეს ბიჭი კლინიკაში მოყვანამდე სასტუმროში იყო, კარანტინში. საერთოდ უსიმპტომო. უცებ სიცხემ დაარტყა ღამე. ოჯახის წევრები ტელეფონზე ურეკავდნენ, რომ ვერ გავიდნენ, მერე სასტუმროს ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ. ადმინისტრაციიდან ავიდნენ ამ ბიჭის ნომერში, მაღალი სიცხით დახვდათ, ვერ ლაპარაკობდა, ისეთ დღეში იყო. კლინიკაში ყოფნისას მკურნალობდნენ, მაგრამ სიცხე ქვემოთ არ იწევდა. ერთ ქალს საერთოდ ფილტვის 50% დახურული ჰქონდა.
„არ არსებობს ვირუსი“ – არ არის სიმართლე. აქედან რომ გავალ, ყველას ვეტყვი, რომ ფრთხილად იყვნენ, რომ ეს ვირუსი მართლა არსებობს და საშიშია.
მეც ისე ვიყავი თავიდან განწყობილი – არავის არ ჭირს, რაღაცა მოგონილია, მაგრამ ნამდვილად არაა მოგონილი. იმიტომ გავასაჯაროვე ჩემი ინფიცირების ამბავი, რომ ვფიქრობ, ყველამ უნდა დავწეროთ, ყველა კონტაქტს უნდა გავაგებინოთ, რომ მათი ახლობლები დავიცვათ. ვინმე ავადმყოფი რომ ჰყავდეთ სახლში, ის ხომ ვერ გადაიტანს.
ამჟამად კოვიდსასტუმროში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ“.
ბათუმში მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ, სამედიცინო სისტემის მიღმა – დამოუკიდებლად მკურნალობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო მათ ვერანაირ სერვისს ვერ სთავაზობს.
მოქალაქეები დღეების განმავლობაში ელიან ლაბორატორიიდან ტესტის პასუხს, თუმცა მათ არავინ ურეკავს.
29 წლის ნანა [რესპონდენტის მოთხოვნით სახელი შეცვლილია] „ბათუმელებს“ უყვება, რომ 9 დღის წინ აღებული ტესტის პასუხი ოფიციალურად მისთვის ამ დრომდე არავის უცნობებია.
„18 სექტემბერს გავიკეთეთ ტესტი. მეცხრე დღეა დღეს და ამ დრომდე არავის დაურეკავს ოფიციალურად და არ უთქვამს ჩვენი დიაგნოზი.
ტესტის გაკეთებიდან მალევე თავი შეუძლოდ ვიგრძენით. ვერ ვხვდებოდით რა გვჭირდა. გვირჩიეს თუ გყავთ ვინმე ნაცნობი, მისი დახმარებით შეძლებთ ტესტირების შედეგის გაგებასო. ვთხოვეთ და არაოფიციალურად ნახეს ბაზაში, რომ ვიყავით კოვიდდადებითები.
სამი დღეა, რაც ჩემი დიაგნოზი ვიცი არაოფიციალურად. ინფიცირებულია ჩემი მეუღლეც. ვართ სახლში. ჩვენ თვითონ ვუვლით საკუთარ თავს.
ვრეკავთ და ვრეკავთ 112-ში, ვუხსნით ჩვენს გასაჭირს და არანაირი პასუხი არ გვაქვს მათგან, სამწუხაროდ. კაი, მესმის, რომ ინფიცირებულს ვერ ეკარება ვერსად ვერავინ, მაგრამ ამ ტკივილებს, ამ ყველაფერს როგორ უნდა გავუძლოთ? ფილტვების გადაღება 170 ლარი რომ ღირს, აი, თუნდაც მე თვითონ რომ მივიდე, გადავიღო და დავრწმუნდე ფილტვები მაქვს ჯანმრთელ მდგომარეობაში და არ გადამივიდეს სირთულეში, ეგ როგორ მოვახერხო?
რამე დახმარება ხომ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან? მე კი არ ვიძახი სასტუმროში წამომაწვინეთ-მეთქი. ამას არ ვითხოვ. ვართ სამი ინფიცირებული ერთ სივრცეში. როდის უნდა დავუბრუნდეთ ცხოვრებას, არავინ არ გვცემს პასუხს,“ – კითხულობს კოვიდინფიცირებული პაციენტი.
ნანას თქმით, მან და მისმა მეუღლემ შეიფარეს თავიანთი ახლობელი კოვიდინფიცირებული, რომელიც ორი დღე მანქანაში ცხოვრობდა და ამაოდ ითხოვდა კლინიკაში გადაყვანას.
„ეს ადამიანი ჩვენი კონტაქტია. როგორც ჩვენი პასუხი გავიგეთ, ისე გავიგეთ მისიც. ახლა სამივე ინფიცირებული – მე, ჩემი მეუღლე და ეს ადამიანი ვიმყოფებით ერთ სივრცეში, ჩემს სახლში. იმიტომ, რომ ეს ადამიანი დარჩა ქუჩაში. რეკავდა სასწრაფოში და ეკითხებოდა, სად წავიდეო. სადაც ხარ იქ იყავიო – იყო პასუხი. კაცი ეხვეწებოდა, ქუჩაში ვარ მანქანაში, ორი თვის ჩვილი და მოხუცი მყავს სახლში და ვერ ავდივარ, რამე ზიანი რომ არ მივაყენოო, მაგრამ კლინიკაში ვერ მოხვდა. „საავადმყოფოს დერეფანშიც არაა ადგილიო“ – ასე უთხრეს. სად წასულიყო. ისევ წამოვიყვანეთ ჩვენთან. ჰოდა ვართ სამი ერთ სივრცეში ახლა,“ – გვიყვება ინფიცირებული ქალი.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ვერც ტესტის პასუხი მოიპოვა და ვერც სასწრაფო დახმარების სერვისი მიიღო, ოჯახის ექიმს დაურეკა.
„ჩვენით ვმკურნალობთ. წამალი არ არსებობსო გვეუბნებიან. სიცხეს მოგცემს – უნდა დალიო სიცხის დამწევი. თავი აგტკივდება – უნდა დალიო გამაყუჩებელი. გაუსაძლისი ტკივილები რომ მაქვს წელის არეში, უნდა წამოწვე და დაისვენოო.
ოჯახის ექიმმა გაგვიწია რეკომენდაცია, იყავით მშვიდად და მიიღეთ ბევრი სითხეო. ტკივილებს რაც შეეხება, თუ ძალიან გაგირთულდათ და უკვე აღარ გყოფნით ჰაერი, ამ შემთხვევაში ფილტვების პრობლემა გაქვთ და უნდა გადახვიდეთო [კლინიკაში], მაგრამ რომც მოითხოვოთ გადაყვანა, ვერავინ გადაგიყვანთო.
არ მინდა საკუთარი ვინაობის დასახელება, რადგან არ მინდა ჩემი ახლობლები პანიკაში ჩავაგდო. როგორც კი ამ ვირუსს დავამარცხებ ძალიან სხვანაირად შევუტევ ყველას. ნუღარ გამოდიან ტელევიზორში და ნუღარ აცხადებენ ასე ვუდგავართ ხალხს გვერდითო“, – ამბობს ქალი.
„ვრეკავ და არავინ მოდის“ – ამ შინაარსის პოსტს ფეისბუქში ხშირად და ღიად წერენ მოქალაქეები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ და ამბობენ, რომ კოვიდინფიცირებულები არიან. ზოგი მათგანი წერს, რომ ექიმთან მოხვედრას 3 დღეა ცდილობს, ზოგი – 5 თუ 8 დღეა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრეს. ცოტა ხნის წინ ექიმმა სოფიო ბერიძემ დაპოსტა იმ პრობლემების შესახებ, რაც, მისი დაკვირვებით, ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ გამოიწვია.
სოფიო ბერიძის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მთავარ ბარიერად იქცა ლაბორატორიული კონფირმაციის არარსებობა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში აგვიანებს 7 დღე!
ამის გარეშე მათი ჰოსპიტალიზაციის ერთადერთი გზა ცხელების ცენტრია, რომელიც სულ ორია რეგიონში!
2 !!!!!
ეს არ იყო საკმარისი 50 ახალ შემთხვევაზე!
მით უმეტეს არ არის საკმარისი 200 ახალ შემთხვევაზე!!!
მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები!!!!
იმოქმედეთ სწრაფად!!!
აღიქვით კრიზისი!!!
ძალიან ბევრი ხანდაზმული პაციენტი ბინაზე საათობით ელოდება სასწრაფო დახმარების ბრიგადას და გადაყვანას ჰოსპიტალში“, – წერს ექიმი.
“ბათუმელებთან” საუბარში სოფიო ბერიძე დამატებით განმარტავს, რომ დღეისათვის აჭარაში მთავარი პრობლემა ცხელების ცენტრებშია, სადაც საკმარისი ადგილები არაა.
“კლინიკებში ვინც ხვდება მათ, რა თქმა უნდა უვლიან, რადგან ჩართულია მთელი სახელმწიფო სისტემა. მაგრამ მთავარი ბარიერი გახდა კლინიკაში მოხვედრა, რადგან ამბულატორიული დიაგნოსტირება აღარ ხდება, მარტო ცხელების ცენტრიდან შეიძლება მოხვდე კლინიკაში,” – ამბობს ექიმი.
___
დღეს აჭარაში 193 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი საარჩევნო ბანერები უცნობმა პირებმა დააზიანეს. ბანერები სამ სოფელში – ჭარნალში, დოლოგანსა და ახალსოფელში ჩამოხიეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია აბულაძე პლაკატების ჩამოხევას “ქართულ ოცნებას” უკავშირებს და ამბობს, რომ ამ გზით ცდილობს მმართველი პარტია ოპონენტებს გაუსწორდეს. გია აბულაძე ამჯერადაც მაჟორიტარობის კანდიდატია.
„დღეს დილით არის სავარაუდოდ დაზიანებული, რადგან გუშინ საღამოს მთელი იყო. როგორც ჩანს, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ნორმალური საარჩევნო პროგრამა გააკეთოს, იმუშაოს სიღარიბის დაძლევაზე, ლარის გამყარებაზე, გადაწყვიტეს, რომ ძალადობრივად ჩაატარონ ეს არჩევნები. გამოსავალს ხედავენ, რომ დააზიანონ ბილბორდები და პლაკატები. ჰგონიათ, რომ ამით გაიმარჯვებენ. მე მათ მინდა ვუთხრა, ისინი დამარცხებული არიან, შეეგუონ ამას და ბილბორდების ჩამოხევა და დაზიანება ვერ გადაარჩენს მათ,” – ამბობს გია აბულაძე.
ჩამოხეული ბანერები სოფელ ჭარნალსა და ახალსოფელშიჩამოხეული საარჩევნო ბანერი მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი ძალებით აღადგინეს
27 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3500 -ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა.
სამინისტროს ინფორმაცით, დღეის მონაცემებით სტაციონარში მკურნალობს 494 პაციენტი, მათ შორის 41 არასრულწლოვანი და 15 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 22 პაციენტი. სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 17 პირი.
კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 949 პაციენტი, მათ შორის 71 არასრულწლოვანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 350 -ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი.
27 სექტემბრის მონაცემებით კოვიდსასტუმროდან ბინაზე გაეწერა 9 პირი. ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია – 427პირს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. მთლიანად რეგიონში კი მობილიზებულია 600 საწოლი კოვიდპაციენტებისათვის.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„3 შემთხვევა პირდაპირ უკავშირდება აჭარას“, – თქვა დღეს ამირან გამყრელიძემ, როცა მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბოლო კვირაში კოვიდინფიცირებული 7 პირის გარდაცვალების, ანუ სიკვდილიანობის მატების შესახებ. ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ გარდაცვლილებს შორის 2 პირი არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან იყო.
„თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილთა საერთო პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან, ჯერჯერობით, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 0.57%, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში“, – განაცხადა სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში არსებული ვითარების შესაფასებლად ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ასევე ჰკითხეს, რამდენ ქალაქშია შიდა გავრცელება, სადაც კონტაქტების დადგენა თვითდინებით ხდება? ამ კითხვის პასუხად ამირან გამყრელიძემ მეტწილად აჭარაზე ისაუბრა.
„ყველაზე დიდი გავრცელების მაჩვენებელი გვაქვს ამჟამად აჭარის რეგიონში. მთელი ახალი შემთხვევები აჭარის რეგიონზე მოდის – დღეს დილას იყო 60%, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს მერყეობს 65/70%-ს შორის – ძირითადი გავრცელება გვაქვს აჭარაში, ამდენად იქ გვაქვს შემთხვევები, სადაც პირველწყაროზე, რა თქმა უნდა, ვერ გავდივართ“.
ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ აჭარაში არსებულ სიტუაციაზე ის „ვერ დაგვამშვიდებს“, თუმცა დასძინა, რომ შეზღუდვების ფონზე ინფიცირებულთა მატების ტემპი ოდნავ შემცირდა. ის ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვების ფონზე [ტრანსპორტის აკრძალვა, დისტანციური სწავლება, რესტორნების ადრე დაკეტვა] აჭარაში ეპიდსიტუაციის სტაბილურობას ელის.
ამირან გამყრელიძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რატომ აღარ ტარდება ბათუმში ამ შაბათ-კვირას უფასო ტესტირება კორონავირუსზე და არც იმაზე, თუ რა ფორმით განახლდება ის ორშაბათიდან.
დღეს, 26 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულმა მოქალაქეებმა გამართეს.
კაზინოებში, სასტუმროებისა და რესტორნებში დასაქმებულები საქართველოს ხელისუფლებას სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას სთხოვენ. მოქალაქეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და მისგან გამოწვეულ უმუშევრობას აპროტესტებენ.
“გახსენით სკოლები”, “უმუშევრობა კლავს, როგორც კოვიდი“, “კომპენსაცია 200 ლარი არ არის საკმარისი “, “გახსენით სამორინეები”, “დაგვაბრუნეთ მუსიკოსები რესტორნებში”, – ეწერა საპროტესტო პლაკატებზე.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიხსნა ელექტრონული პორტალი იმ მშობლებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე და მათი სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად. აღნიშნული კატეგორიის მშობლებს საშუალება აქვთ, ამ პორტალზე სტუდენტი შვილები დაარეგისტრირონ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად.
რეგისტრაცია 24 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე [31 ოქტომბრის ჩათვლით] გაგრძელდება.
იმ სტუდენტებს კი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე. ისინი კუთვნილ დახმარებას ავტომატურად მიიღებენ.
სამინისტროს ინფორმაციით:
„პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.
ამასთან:
სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვს მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.
სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს:
ა) საკუთარ სახელს, გვარს და პირად ნომერს;
ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს.
დამუშავებული სია გადაეცემა განათლების სამინისტროს, რომელიც განახორციელებს შესაბამის პროცედურებს, რათა მოხდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფინანსება“.
სახელმწიფო, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ერთჯერად დახმარებას გასცემს სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სოციალური დახმარება ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებაა, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა.
ესპანეთში, ქალაქ ბურგოსში, Espacio Tangente-ს საგამოფენო სივრცეში, ქართველი არტისტების გამოფენა მიმდინარეობს. Art | Up – Street Gallery-ის და F-Orma Network-ის მოძრაობის ფარგლებში, საგამოფენო სივრცეში 7 ქართველი არტისტი გამოიფინა – ნინო ბოსიკაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ეთო გზირიშვილი, ნინო ესაიაშვილი, მარიამ კაჭარავა, Masholand და Da Miane.
გამოფენა 25 სექტემბერს გაიხსნა და 16 ოქტომბრამდე გასტანს.
ეს არის რიგით მესამე გამოფენა F-Orma Network-ის ფარგლებში, რომელსაც ესპანეთი მასპინძლობს. საქართველოში კი, ესპანელი არტისტის G.G.A.-ს გამოფენა მოეწყობა.
Art | Up – Street Gallery არის მოძრაობა, რომელიც ქმნის ალტერნატიულ, არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში. კონცეფცია გულისხმობს ციფრული ხელოვნების ნამუშევრების წარმოდგენას ყველასათვის ხელმისაწვდომ ღია სივრცეებში და ქუჩებში, სრულიად უფასოდ.
ART | UP – Street Gallery-ის მხარდამჭერია თბილისის მერია.
საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა.
59 წლის ქალი ქუთაისის ინფექციურ საავამყოფოში ბათუმიდან იყო გადაყვანილი. როგორც “ნეტგაზეთს” ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, მას არაერთი თანმდევი დაავადებაა აღენიშნებოდა, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი.
26 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 960 შეადგინა.
კორონავირუსით საქართველოში დღეისათვის 28 პაციენტი გარდაიცვალა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში, ლევან ვარშალომიძე, თავის კონკურენტზე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატზე, რესან კონცელიძეზე ამბობს, რომ „ის კარგი პოლიციელი იყო“.
ეს განცხადება ვარშალომიძემ ტვ პირველის ეთერში გააკეთა. ჟურნალისტმა ვარშალომიძეს ჰკითხა, მისი აზრით, რესან კონცელიძეს, რომელიც არაერთი წელი მუშაობდა პოლიციაში, თავად გაუჩნდა პოლიტიკაში წასვლის ამბიცია, თუ ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება.
„ბათუმში ყველა ერთმანეთს იცნობს, ჩვენი ხელისუფლების დროს მართლაც იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ დღევანდელი გადაწყვეტილება როგორ მიიღო, ალბათ, მას ვკითხოთ სჯობია. როგორც პოლიციელი კარგი იყო, მუშაობდა და როგორც ყველა პოლიციელი ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის დავალებებს,“ – თქვა ლევან ვარშალომიძემ.
ლევან ვარშალომიძის თქმით, მათი მთავარი კონკურენტი ბათუმში „ივანიშვილის რუსული ოცნებაა“.
„31 ოქტომბერს ერთადერთი მოწინააღმდეგე არის ბიძინა ივანიშვილის „რუსული ოცნება“. ერთადერთი გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს ეს არის სიღარიბე. ერთადერთი მოწინააღმდეგე ბათუმში და არამარტო ბათუმში და მთელ საქართველოში ჩვენ გვყავს ბიძინა ივანიშვილი. ბათუმში კონკრეტულად გვყავს ბიძინა ივანიშვილის ჩაზნექილი სკამები. ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოში რაც არის, ეს არის სიღარიბე. სიდუხჭირე არის ყველაზე დიდი მტერი, რომელიც ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ. ამის კონკრეტული გეგმაც გვაქვს. აქედან გამომდინარე თითოეულ მაჟორიტარობის კანდიდატთან გვექნება საუბარი,“ – თქვა ლევან ვარშალომიძემ.
ბათუმში კორონავირუსზე უფასო ტესტირება ორი დღით შეჩერდა. პოლიკლინიკები, სადაც აქამდე ტესტის გაკეთება იყო შესაძლებელი, ორშაბათამდე ისვენებენ. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ორშაბათიდან ტესტირება განახლდება და ნებისმიერ მსურველს ისევ შეეძლება ტესტის გაკეთება.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს იმ პირების კონტაქტების კვლევა, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, ის პირი, რომელიც კონტაქტში იყო ინფიცირებულთან, 5 დღე იზოლაციაში უნდა იყოს და შემდეგ ჩაუტარებენ ტესტირებას.
„ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი უნდა იყოს იზოლაციაში და გარეპერიმეტრზე არ უნდა მოძრაობდეს. ამ პირებთან ხუთი დღის შემდეგ კეთდება ანალიზი და არა მყისიერად. მყისიერად აღებული კონტაქტის ანალიზი არ იძლევა პასუხს. ხუთი დღე არის ის დრო, რომელიც საჭიროა დაფარული სიმპტომატიკის გამოსავლენად და არა იმიტომ, რომ არ არის ტესტის გაკეთების საშუალება. ამას აქვს ეპიდემიოლოგიური საფუძველი,“ – უთხრა რუსუდან შავიშვილმა „ბათუმელებს“.
მისივე თქმით, ამჟამად ტესტირება უტარდებათ რისკის ჯგუფებს – სამედიცინო პერსონალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და სხვებს.
ტესტირება ასევე უტარდებათ სტაციონარებსა და ცხელების ცენტრებში მოთავსებულ პაციენტებს.
26 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4000-მდე PCR ტესტი აიღეს.
სამინისტროს ინფორმაცით, დღეის მონაცემებით სტაციონარში მკურნალობს 484 პაციენტი, მათ შორის 40 არასრულწლოვანი და 14 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 17 პაციენტი. სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 10 პირი.
კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 902 პაციენტი, მათ შორის 72 არასრულწლოვანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 350 -ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი.
26 სექტემბრის მონაცემებით კოვიდსასტუმროდან ბინაზე გაეწერა 10 პირი. ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია – 328 პირს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. მთლიანად რეგიონში კი მობილიზებულია 600 საწოლი კოვიდპაციენტებისათვის.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4960-მდე გაიზარდა.
დღესვე გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 1819-ია. გარდაიცვალა – 27, კარანტინის რეჟიმშია – 5584, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. კოვიდ სასტუმროში კი 781 ადამიანი გადის მკურნალობას.
ახალი კორონავირუსის პანდემიის აფეთქებიდან დღემდე საკმაოდ ბევრი რამ გავიგეთ უშუალოდ ვირუსზე, თუმცა საზოგადოებაში ჯერაც არსებობს დამოკიდებულება, რომ ვირუსი მხოლოდ ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში. სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ასაკობრივი პროფილი ზაფხულის პერიოდიდან საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. სპეციალისტები ამას 40 წელს ქვევით ასაკის ადამიანების გახშირებულ სოციალურ კონტაქტებს უკავშირებენ, რაც ბევრ ქვეყანაში შემზღუდავი ზომების შემსუბუქებას მოჰყვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის ოფისის ხელმძღვანელმადა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებმა საგანგებოდ მიმართეს ახალგაზრდებს და მოუწოდეს მათ, დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ 23 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიშისთანახმად, ივნისიდან აგვისტომდე ვირუსის სიხშირე ყველაზე მაღალი იყო 20-დან 29 წლამდე ადამიანებში. დადასტურებული შემთხვევების 20 პროცენტზე მეტი ახალგაზრდებზე მოდიოდა.
ჯანმო კვლავ მოუწოდებს ახალგაზრდებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები:
„დაიცავით ხელების ჰიგიენა, ფიზიკური დისტანცია, ატარეთ პირბადე, დარჩით სახლში თუ თავს ცუდად გრძნობთ, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მასობრივ შეკრებებს. იყავით ფრთხილად, ასე დავეხმარებით პანდემიის დასრულებას/დამთავრებას“.
აი რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანებიც ისეთივე სიფრთხილით უნდა იცავდნენ უსაფრთხოების წესებს, როგორც ყველა სხვა დანარჩენი:
1. შეიძლება ვირუსი გადასდოთ ისეთ ადამიანს, ვისთვისაც იგი მომაკვდინებელი იქნება
ცნობილია, რომ დაავადება შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და თქვენ არც იცოდეთ, რომ კოვიდ-დადებითი ხართ, თუმცა, ჯანმოს ცნობით, ასეთი ადამიანიც გადამდებია.
ვირუსის გადაცემის მთავარი გზა რესპირატორული წვეთებია, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება, რადგან შესაძლოა უნებურად ვირუსი ისეთ ადამიანს გადასდოთ, ვისთვისაც მომაკვდინებელი აღმოჩნდება. COVID-19 განსაკუთრებით საშიშია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. საქართველოში ნაადრევი სიკვდილიანობისა და ავადობის მთავარი ტვირთი სწორედ არაგადამდებ, ქრონიკულ დაავადებებზე (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები) მოდის.
მარია ვან კერჰოვი, ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი: „ინფიცირებული ახალგაზრდების უმრავლესობა მიდრეკილია დაავადების უფრო მსუბუქი მიმდინარეობისკენ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ახალგაზრდა ადამიანებსაც უვითარდებათ დაავადების მძიმე ფორმა, ვიცით, რომ ახალგაზრდებიც ხვდებიან რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ვიცით, რომ ახალგაზრდა ადამიანებიც შეიძლება მოკვდნენ. შეიძლება შენ ხარ ახალგაზრდა და ჯანმრთელი, მაგრამ შეიძლება ვირუსი გადასდო მას, ვისთანაც ცხოვრობ, მას, ვინც უფრო მოწყვლადია ვირუსის მიმართ”.
2. ვირუსის მძიმე მიმდინარეობა და გარდაცვალება ახალგაზრდებსა და ბავშვებშიც ფიქსირდება
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებში, ბავშვებსა და ზოგადად, ჯანმრთელ ადამიანებში უმეტესწილად ვირუსი საშუალო ან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, სტატისტიკა მოწმობს, რომ ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური თერაპია ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებსაც ესაჭიროებათ.
ჯანმოს გენერალური დირექტორის მიმართვა ახალგაზრდებს: „ახალგაზრდა ადამიანები არ არიან დაუმარცხებელნი. ახალგაზრდებიც ინფიცირდებიან, ახალგაზრდებიც შეიძლება მოკვდნენ, სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ ისეთივე სიფრთხილე, როგორც ყველა სხვამ, რათა დაიცვან საკუთარი თავები და სხვები“.
ჯანმო ბავშვების ინფიცირებაზე: „ვინაიდან ეს არის ახალი ვირუსი, ჩვენ კვლავ ვსწავლობთ, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებსა და მოზარდებზე. დღემდე მიღებული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ნაკლებად აქვს დაავადებას მძიმე მიმდინარეობა, მაგრამ მძიმე შემთხვევები და სიკვდილი მაინც შეიძლება მოხდეს ამ ასაკობრივ ჯგუფებში“.
3. ეს ახალი კორონავირუსია და არ ვიცით რა კვალს ტოვებს ჯანმრთელობაზე
ჯანმოს ბრიფინგებზე არაერთხელ ითქვა, რომ მიუხედავად ვირუსზე მოპოვებული ბევრი ინფორმაციისა, ის ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, ამიტომ ბევრი რამ მის შესახებ უცნობია, მათ შორის ისიც, თუ რა ზიანს ტოვებს იგი ორგანიზმზე.
ჯანმოს გადაუდებელი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკლ რაიანის მიმართვა ახალგაზრდებს: “ხშირ შემთხვევაში, თუნდაც მაშინ, როცა ეს დაავადება შეიძლება იყოს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის, ის ზეგავლენას ახდენს ბევრ ორგანოზე და ჩვენ არ ვიცით რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ორგანიზმზე ამ ინფექციებს. რატომ უნდა გარისკოთ? ნუ გარისკავთ ისეთ რამეს, რის შედეგებსაც წინასწარ ვერ შეაფასებთ“.
ბათუმში, ფარნავაზ მეფის N69-ში მდებარე შენობას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა. სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანების მიხედვით, შენობისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადებით მესაკუთრეებმა მიმართეს.
ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნულ კუთხის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანებით.
სახლი ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის კვეთაში, რომელსაც ძეგლის სტატუსი მოუხსნეს / 25.09.2020
„ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი, მოძიებული და სააგენტოში დაცული მტკიცებულებების გამოკვლევით, ურთიერთშეჯერებით და შეფასებით, დადგენილ იქნა შემდეგი: შენობა, რომელსაც, მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი, წარმოადგენს კონსტრუქციულად და არქიტექტურულად დამოუკიდებელ ნაგებობას და აგებულია თანამედროვე პერიოდში (1990-2000 წლების მიჯნაზე), თანამედროვე მასალით. იგი საკადასტრო გეგმაზე გამოსახულია, როგორც შენობა №1. ინვენტარიზაციისას, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემას, ასევე, 2015 წლის რეინვენტარიზაციისას, შეცდომით იქნა მიჩნეული, რომ შენობა აგებულია მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, გააჩნია ისტორიული ღირებულება და წარმონადგენს კულტურულ მემკვიდრეობას. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მესაკუთრის მიერ წარმოებული ახალმშენებლობისას, გამოყენებული იქნა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მახასიათებელი არქიტექტურული სტილი და დეკორაციები, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, სათანადო კვლევების გარეშე.
შენობას, როგორც მისი აშენების მომენტში, ისე შემდგომ, არ გააჩნდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული ღირებულება და არც სადღეისოდ შეუძენია, რაც ასევე დასტურდება ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის 2020 წლის 17 აგვისტოს ოქმით.
ზემოაღნიშნული გარემოებები უპირობოდ მიუთითებენ, რომ 2008 წლის 16 ივლისის ბრძანება, ზემოაღნიშნული შენობის ნაწილში, გამოცემის მომენტიდანვე ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები“, – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანებაში.
ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტომ წერილით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფარნავაზ მეფის 69-ში მდებარე შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ნაწილში მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. [წერილის თარიღად მითითებულია 2020 წლის 31 ოქტომბერი, რაც დიდი ალბათობით, ტექნიკური ხარვეზია, ვინაიდან სამინისტროდან პასუხი სააგენტოს 2020 წლის 16 სექტემბერს მიუღია.]
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის უფლებამოსილება, სამინისტროს გადაცემული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტრო უთითებს, რომ სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი აღნიშნულ შენობასთან მიმართებაში“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, ბათილად ცნო მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. №69-ში მდებარე შენობას ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.
გენერალური დირექტორის ბრძანებაში, რომელიც 2020 წლის 25 სექტემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ „ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა კოლეგიაში“.
სახლი ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის კვეთაში, რომელსაც ძეგლის სტატუსი მოუხსნეს / 25.09.2020
გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებმა“ ცენტრისგან წერილობით მიიღო, 2020 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 734-მა მასწავლებლობის მსურველმა გადალახა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი ვერ გადალახა 7 706-მა მასწავლებლობის მსურველმა.
გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 11 908 მასწავლებლობის მსურველი, თუმცა აქედან 1 468 პირი გამოცდაზე არ გამოცხადდა.
როგორც „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე აღნიშნავს, ზაფხულის გამოცდაზე გასული ადამიანები ის პირები არიან, ვინც მასწავლებლის ეროვნული აკადემია გაიარა და ვისაც ახლა სურს მასწავლებლის პროფესიაში შესვლა.
იმ პირთაგან, ვინც ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენია ისეთი, ვინც „მასწავლებლის ეროვნული აკადემია“ გაიარა და რამდენია – ვინც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე ისწავლა. თუმცა, როგორც ბერიკა შუკაკიძე ამბობდა, ეს სწორედ ის კონტინგენტია, ვისაც სისტემაში ჯერ კიდევ დარჩენილი პრაქტიკოსი მასწავლებლები უნდა ჩაენაცვლებინა.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებელს აღარ აქვს სკოლაში მუშაობის უფლება და თუკი ამ სტატუსის მასწავლებლები 2020 წლის შემოდგომაზე ვერ შეიცვლიან სტატუსს, მათი სამუშაო ადგილები ვაკანტურად გამოცხადდება.
ბოლო მონაცემებით, სისტემაში 6 ათასი პრაქტიკოსია. მათ, ვინც არ დარეგისტრირდნენ შემოდგომის გამოცდაზე, სტატუსი შეუჩერდათ და უსტატუსო პედაგოგები გახდნენ.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები ამ ეტაპზე მათთვის უცნობია. ამიტომ, შექმნის თუ არა გამოცდის შედეგები სისტემაში კვალიფიციური კადრების დეფიციტს, მხოლოდ მონაცემთა დამუშავების შემდეგ ეცოდინებათ.
_____________________________
მთავარი ფოტო: 2020 წლის ზაფხულის მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა/გამოცდების ეროვნული ცენტრი
ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით წინასაარჩევნო შეხვედრებზე სოფელ ჩხუტუნეთში დააფიქსირეს. სოფელში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები შეხვდნენ – ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე. სააგიტაციო შეხვედრას ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძეც ესწრებოდა.
საარჩევნო კანონმდებლობა ხელვაჩაურის მერს, როგორც არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირს, არ უზღუდავს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, თუმცა საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის გ ქვეპუნქტის მიხედვით აკრძალულია:
„სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.“
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო საშუალება, რითაც მერიის თანამშრომლები სოფელ ჩხუტუნეთში საარჩევნო შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდნენ
გამოიყენა თუ არა ჯუმბერ ვარდმანიძემ ადმინისტრაციული რესურსი, როცა ის სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე? – კითხვაზე პასუხების გაცემას ხელვაჩაურის მერმა ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენება არჩია.
„მე ავედი მოსახლეობაში და შევხვდი, მე შემიძლია ყველგან წავიდე, ყველას შევხვდე ნებისმიერ დროს, გინდა იყოს მოხელე, გინდა – არა, გინდა – იყოს კანდიდატი, მე მაქვს უფლება ყველგან მივიდე მოსახლეობასთან, შენ კანონი ნახე….“ – გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.
მარცხნიდან მესამე – ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან ერთად
ჯუმბერ ვარდმანიძემ ვერ დაგვისახელა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც მას წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის დროს სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენების უფლება აქვს.
ხელვაჩაურის მერს თავდაპირველად ვკითხეთ, იყო თუ არა ჩხუტუნეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სამსახურებრივი ავტომანქანით. მან ეს ირიბად დაადასტურა და არ უარყო ის, რომ შეხვედრაზე სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა.
„მე არ ვარ საჯარო მოხელე, მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, დამთავრდა… კანონში ჩაიხედეთ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ჯუმბერ ვარდმანიძემ.
„თუკი ჯუმბერ ვარდმანიძემ ნამდვილად სამსახურებრივი ავტომანქანა გამოიყენა, ეს არის დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი, მალხაზ ჭკადუა. ის განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მერს, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ნებისმიერ დროს აქვთ წინასაარჩევნო კამპანიებში ჩართვის უფლება, თუმცა საბიუჯეტო სახსრები ამისთვის არ უნდა იხარჯებოდეს.
„საარჩევნო კოდექსი ნათლად განმარტავს, რის უფლება აქვთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და რის უფლება არ აქვთ. საარჩევნო კოდექსში პირდაპირ მითითებულია, რომ იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის პროცესში. კანონის ეს დათქმა არის ძალიან მკაფიო და ნათელი,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.
თუკი ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი კანონდარღვევას დაადგენს, ჯუმბერ ვარდმანიძე შესაძლოა 2 ათასი ლარით დაჯარიმდეს.
იმის გამო, რომ ხელვაჩაურის მერმა ჩვენთან საუბრის დროს ტელეფონი გამორთო, მას ვეღარ ვკითხეთ ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალში მდებარე საბავშვო ბაღის შესახებ, რომლის გარეფასადზეც „ქართული ოცნების“კანდიდატების პლაკატებია გამოკრული. აჭარისწყლის საბავშვო ბაღის დირექტორის ტელეფონი გამორთულია, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს ააიპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაშიც“.
„ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს საბავშვო ბაღების გაერთიანებას, ან თავად საბავშვო ბაღის მენეჯერს და დაიცვან კანონის მოთხოვნები,“ – დასძინა მალხაზ ჭკადუამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“.
საბავშვო ბაღი სოფელ აჭარისწყალში
მთავარი ფოტო: ჯუმბერ ვარდმანიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო საშუალება, რითაც სოფელ ჩხუტუნეთში საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის იმყოფებოდნენ
დღეს, 25 სექტემბერს, დილით, პარიზის მეთერთმეტე რაიონში, სატირული გამოცემის, „შარლი ებდოს“ რედაქციის ყოფილ შენობასთან დანით შეიარაღებული პირი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. გამოცემა Le Parisien-ის ცნობით რამდენიმე ადამიანი მძიმედაა დაჭრილი. 2015 წელს ზუსტად ამავე ადგილზე დაესხნენ თავს „შარლი ებდოს“ კარიკატურისტებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.
პარიზში უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა შემთხვევის ადგილთან ახლომდებარე სკოლები და კოლეჯები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართერს მშობლებს, რომ მათი შვილები სასწავლო დაწესებულებების შენობებში უსაფრთხოდ არიან და დროებით ურჩევენ მათ, თავი შეიკავონ და შვილებს სკოლაში არ მიაკითხონ.
დღესვე ეჭვმიტანილი ბასტილიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
„ხულოს მერიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ ერთი მგზავრის გადაყვანა. მაგალითად, ვთქვათ, ტვირთი აქვს ადამიანს გადასატანი ან ავადაა“, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის ა[ა]იპ „ხულო-თაგოს ბაგირგზის“ დირექტორმა ემზარ აბულაძემ.
ხულო-თაგოს საბაგირო გზა 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა. ადგილობრივების თქმით, მათ რვა კილომეტრის გავლა ან ფეხით უწევდათ, ან პირადი ავტომანქანებით. დაზიანებულ გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ – საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფელში არ არსებობს. სოფელ თაგოში დაახლოებით 64 ოჯახი ცხოვრობს.
2020 წლის აგვისტოს დასაწყისიდან საბაგირო ამუშავდა, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, როგორც დირექტორი ამბობს, მხოლოდ 4 მგზავრი გადაჰყავდათ.
ხულო-თაგოს საბაგირო გზა / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
პირველად საქართველოში, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისიში უკვე შესაძლებელია 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობა ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველოფის გარეშე.
შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შავსონ, რის შემდეგაც მათ თიბისიდან დაუკავშირდებიან. სესხის დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურია და ის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება.
„საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნესებს სჭირდებათ ფინანსური რესურსი, როგორც საქმიანობის გასაგრძელებლად, ისე განვითარებისთვის. თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებელს ცხოვრება, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებისა და პროცესების გამარტივების კუთხით. ამ დრომდე, საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის ლიმიტი 50 000 ლარი იყო, ჩვენ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე ავწიეთ. დარწმუნებული ვართ, ახალი ფინანსური რესურსის გაჩენა ბაზარზე დადებით გავლენას მოახდენს და ბიზნესებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება არსებული გამოწვევის ფონზე საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად“, – ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ხულოს მერიის ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდა მერიის 2 თანამშრომელს.
„აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან“, – აღნიშნულია ხულოს მერიის ფეისბუქგვერდზე. აქვე ვკითხულობთ, რომ ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი, გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.
ხულოს მერია განაგრძობს მუშაობას. განცხადების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები. „შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს და დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე,“ – წერს მერია.
ბათუმში კოვიდდადებითი სტატუსის მქონე უკვე მესამე დედამ გააჩინა ბავშვი, თუმცა აქვთ თუ არა ახალშობილებს კორონავირუსი, ჯერ უცნობია, ტესტის პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობით, მიიჩნევა, რომ COVID19-ის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 ახალშობილებს ძირითადად მშობიარობის შემდგომ პერიოდში, დედასთან ან სხვა დაინფიცირებულ პირთან კონტაქტისას, რესპირატორული წვეთებით გადაეცემა.
რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება ვირუსის შესაძლო საშვილოსნოსშიდა გადაცემის შესახებ, თუმცა ვერტიკალური გადაცემის (ინფექციის ან სხვა დაავადების გადაცემა მშობლებიდან შთამომავლობაზე) მასშტაბი და კლინიკური მნიშვნელობა ჯერ კიდევ გაურკვეველია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული COVID19-ის კლინიკური მართვის პროტოკოლისთანახმად, COVID19-ის ვერტიკალური გადაცემა ჯერჯერობით საქართველოშიც არ არის დადასტურებული.
ამავე პროტოკოლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, შესაძლო, სავარაუდო ან დადასტურებული COVID19 ინფექციის მქონე დედებისგან დაბადებულ ახალშობილებში ბუნებრივი კვება არ არის აკრძალული, თუმცა ძუძუთი კვებისას აუცილებელია დედებისთვის რესპირაციული ჰიგიენის წესების დაცვა.
COVID19-ის კლინიკური მართვის პროტოკოლისთანახმად, დღეის მონაცემებით, ორსულ ქალებში დაავადების მძიმედ მიმდინარეობის მომატებული რისკის და/ან ნაყოფზე ინფექციის ზეგავლენის თაობაზე მყარი მონაცემები არ არსებობს.
„ის მონაცემები, რაც ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავასკვნათ COVID-19 ვერტიკალურად გადაეცემა ახალშობილს ძუძუთი კვების დროს. ახალშობილებში COVID-19 ინფექციის რისკი დაბალია, მათთან ინფექცია, როგორც წესი, მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, როცა ძუძუთი კვების აკრძალვისა და დედა-შვილის განცალკევების შედეგები შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს. ამ ეტაპზე ჩანს, რომ COVID-19 ახალშობილებსა და ბავშვებში წარმოადგენს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გაცილებით უფრო მცირე საფრთხეს, ვიდრე ის ინფექციები, რომელთაგან ძუძუთი კვება იცავს მათ.
ინფექციის პროფილაქტიკისა და კონტროლის ზომების დაცვა აუცილებელია სავარაუდო ან დადასტურებული COVID-19 ინფექციის მქონე დედებსა და მათ ახალშობილებს შორის კონტაქტისას“, – წერს ჯანმოამ თემაზე.
აჭარის მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, კომპანიებს ან საჯარო დაწესებულებებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, მიკროავტობუსებით ან ავტობუსებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანისთვის სპეციალური მარშრუტები განუსაზღვრონ.
მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული მარშრუტით კი, კერძო ან საჯარო დაწესებულებას, უფლება ექნება მგზავრები [ძირითადად თანამშრომლები] რეგულარულად გადაიყვანონ ავტოტრანსპორტით.
სპეციალური რეისების განსაზღვრაზე გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტებმა უნდა შეუთანხმონ კორონავირუსთან დაკავშირებით აჭარის მთავრობასთან მოქმედ ოპერატიულ შტაბს.
„მუნიციპალიტეტებს ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით, ადმინისტრაციულ საზღვრებში, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით, ენიჭებათ იურიდიული პირის მოთხოვნით მარშრუტების განსაზღვრის უფლებამოსილება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 24 სექტემბრის დადგენილებაში.
მთავრობის ამავე დადგენილებით, აჭარის ტერიტორიაზე 25 სექტემბრიდან აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის [მუნიციპალური ავტობუსები სა დამარშრუტო მიკროავტობუსები] მოძრაობა, ხოლო 26 სექტემბრიდან აკრძალულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა [როგორც აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ასევე აჭარის მიმართულებით ან/და უკუმიმართულებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით].
უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში შეზღუდვები სულ მცირე ორ კვირას გასტანს.
ამ ეტაპისთვის აჭარაში არ იზღუდება ტაქსით და კერძო ავტომანქანებით გადაადგილება. რაც შეეხება რკინიგზას, თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მოძრაობას.
კორონავირუსით ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ბინაზე მკურნალობს. განმეორებით PCR ტესტი სოლომონ ფუტკარაძეს დღეს, 25 სექტემბერს გაუკეთებია იმის გასარკვევად, გამოჯანმრთელდა უკვე თუ არა.
„მერვე დღეა ბინაზე განვაგრძობ მკურნალობას… მე მომცეს დანიშნულება და პირველადი ჯანდაცვის რგოლის დახმარება არ დამჭირვებია. სიმპტომები არ მქონდა, მხოლოდ სისუსტეს ვგრძნობდი… ახლა კარგად ვარ, გამოჯანმრთელებულად ვითვლები და ტესტის პასუხს ველოდები,“ – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ. მისივე თქმით, იგი სავარაუდოდ არა კლინიკაში, არამედ ახლობლისგან დაინფიცირდა, რომელიც სახლში ესტუმრა და მასაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
სოლომონ ფუტკარაძე სახლიდან მუშაობს და ამბობს, რომ უსიმპტომო პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია ბინაზე მკურნალობის შესაძლებლობა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მიიჩნევს, რომ არსებული საწოლფონდის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია კლინიკებში, ექიმების მეთვალყურეობის გარემოში, ის პაციენტები მკურნალობდნენ, რომლებსაც გამოხატული სიმპტომები აქვთ.
„ბინაზე მკურნალობის კუთხით უკვე აქტიურად ჩაერთო პირველადი ჯანდაცვის რგოლი და კარგად დალაგდა, მოსახლეობამაც გაიგო, რომ უსიმპტომო პაციენტებმა შესაძლოა ბინაზე იმკურნალონ,“ – დასძინა სოლომონ ფუტკარაძემ.
დღეს, 25 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 168 აჭარაში. ბინაზე მკურნალობს 300-მდე კოვიდდადებითი პაციენტი.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აჭარის რეგიონის მთავარი კოვიდკლინიკაა.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საჯარო სკოლების 21-მა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, დირექტორების გათავისუფლების მიზეზი უფლებამოსილების ვადის ამოწურვაა.
ბათუმის რესურსცენტრის განმარტებით, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვეს მე-16 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამთა კვარაცხელიამ და მე-13 სკოლის დირექტორმა დათო ჩხაიძემ. დანარჩენს კი უფლებამოსილება შეუჩერდათ.
უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვიათ ბათუმის პირველ, მე-13, მე-18, 23-ე, 26-ე და 29-ე სკოლის დირექტორებს.
საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ აჭარაში სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს აჭარის განათლების მინისტრი ნიშნავს.
„მას შეუძლია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მანამ, სანამ არ დაინიშნება არჩევნები და არ წარუდგენენ დირექტორობის კანდიდატს სამეურვეო საბჭოს. არჩევნების თარიღს კი საქართველოს განათლების სამინისტრო ადგენს“, – ამბობს გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ძირითადად, ამ სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად ისევ ყოფილი დირექტორები წარადგინეს.
__________________________
მთავარი ფოტო: ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა/„ბათუმელების“ არქივი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 სექტემბრის 21 საათიდან 26 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 27-28 სექტემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
საქართველოში კიდევ ერთი, 27-ე კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
ინფიცირებული კაცი ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 54 წლის კაცი, რომელიც გარდაიცვალა, საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილება.
„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს, 10:00 საათზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.