განქორწინების მაჩვენებელი მსოფლიოსთან ერთად საქართველოშიც ყოველწლიურად მატულობს. ცხადია, ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს, მათ შორის ისიც, რომ ადამიანების ნაწილმა გადაიაზრა ნორმატიული სტანდარტები და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამო აღარ მიიჩნევენ საჭიროდ სიცოცხლის ბოლომდე არასასურველ ურთიერთობებში იცხოვრონ. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ოჯახი, სადაც მუდმივად კონფლიქტური სიტუაციაა, ბავშვისთვის ბევრად უფრო სტრესული და დამანგრეველია, ვიდრე მშობლების განშორების გადატანა. “ადრე წყვილს შეიძლება 15-20 წელი ერთად ეცხოვრა, ოჯახი შეენარჩუნებინა მხოლოდ ერთი რამის გამო – „რას იტყვის საზოგადოება“ და ამის გამო ეტანჯათ ერთმანეთი და ბავშვებიც. მუდმივი კონფლიქტური სიტუაცია კი ხშირად ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე განქორწინება”, – ამბობს ის.
- ქალბატონო ირმა, როდის უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ მისი მშობლები ერთმანეთს შორდებიან?
ბავშვს განქორწინებაზე უნდა ვესაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როცა უკვე რეალური ფაქტის წინაშე დავდგებით, განქორწინება იურიდიულად უკვე დადასტურებულია და უკან დახევას აღარ ვაპირებთ. ძალიან ხშირია, როცა მშობლები იჩხუბებენ, დაშორდებიან ერთმანეთს და რაღაც პერიოდი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, შეიძლება ეს ორი თვე გაგრძელდეს, შეიძლება მოლოდინის რეჟიმში მთელი წელიც იყვნენ, მაგრამ მერე ისევ შერიგდნენ და იყვნენ ერთად. ბავშვებისთვის ამ ინფორმაციის ნაადრევად მიწოდება არ არის სწორი, რადგან ბავშვი ნერვიულობს, განიცდის. მერე, როცა მშობლები რიგდებიან, მისთვის ცოტა ძნელად აღსაქმელია და გაუგებარი, რა ხდება. ოჯახი ისევ ერთადაა, მაგრამ ბავშვი შეიძლება იყოს დათრგუნული და იმედგაცრუებული.
- როგორ, რა ფორმით უნდა მივაწოდოთ ბავშვს ეს ინფორმაცია?
არავითარ შემთხვევაში ბავშვს ცალ-ცალკე არ უნდა ვუთხრათ ის ინფორმაცია, რომ მშობლები ერთმანეთს შორდებიან. უნდა შევეცადოთ, რომ ეს მოხდეს ბავშვებისთვის მაქსიმალურად მისაღებ ფორმაში, მშობლები უნდა დასხდნენ ერთად და დაელაპარაკონ ბავშვს ამის შესახებ: – “აი, დადგა დრო, როცა ჩვენ ცალ-ცალკე უნდა ვიცხოვროთ და შენ ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ ხარ”. ეს იმიტომ, რომ ბავშვები ხშირად იწყებენ საკუთარი თავის დადანაშაულებას – “მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი, შეიძლება დედიკოს და მამიკოს არ ეჩხუბათ…” ან კიდევ – “მე რომ ეს გამეკეთებინა, იქნებ ერთად ყოფილიყვნენ”, – ეს ძალიან თრგუნავს ბავშვს და ძალიან სტრესულია მისთვის.
- როგორი უნდა იყოს, ან არ უნდა იყოს ბებია/ბაბუების პოზიცია?
ხშირად ბავშვები ამ ინფორმაციას იგებენ არა მშობლებისგან, არამედ ბებია-ბაბუისგან – “მამაშენმა მიატოვა დედაშენი”, ან “დედაშენმა არ შეინარჩუნა ოჯახი”, ან ესმით მათგან რომელიმე მშობლის დადანაშაულება – “ეს რომ მოხდა, დედაშენის ბრალია… მამაშენის ბრალია…”, რაც არასწორია. ასეთ დროს, მაქსიმალურად უნდა ეცადოს ორივე მშობელი, რომ მესამე პირი ბავშვთან ურთიერთობაში არ ჩაერიოს და ყველა საჭირო ინფორმაცია თვითონ მიაწოდონ. ეს არის ძალიანა მნიშვნელოვანი.
არ არის საჭირო წვრილმანების ახსნა, რომ “მამაშენს ვიღაც შეუყვარდა და ჩვენზე აღარ ზრუნავს…” უკეთესია ეს გავაკეთოთ ცოტა უფრო ზოგადი ფორმით – “ჩვენ შეგვიყვარდა ერთ დროს ერთმანეთი, გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება, ამ ყველაფრის შედეგად გაჩნდი შენ და ძალიან მადლიერები ვართ სამყაროსი, რომ შენ გვყავხარ. ახლა ერთმანეთი ისე აღარ გვიყვარს და გადავწყვიტეთ ვიცხოვროთ ცალ-ცალკე”, – ეს ბავშვისთვის უფრო მარტივად მისაღებია, ვიდრე ის, რომ “ყველაფერი დედაშენი/მამაშენის ბრალია”.
- რა ხდება, როცა მშობლები ადანაშაულებენ ბებია-ბაბუებს?
ძალიან ცუდია გადაბრალების მომენტი, მაგალითად, “ბებიაშენმა ენა არ გააჩერა და მაგიტომ დაინგრა ჩვენი ოჯახი, თორემ მე და მამაშენი ერთმანეთს გავუგებდით…”, ან ნებისმიერი სხვა მიზეზი, თუნდაც ახლო რეალობასთან – ბავშვისთვის ეს ძალიან რთულად აღსაქმელია, რადგან მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ან გვინდა თუ არა, ის მისი ბებიაა, მასთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეს და მასთან მიმართებაში ბავშვის ნეგატიური განწყობა, პირიქით, უფრო გაურთულებს ამ პროცესს.
სასურველია, რომ ერთად შექმნილი ოჯახი ერთად დაასრულონ. როცა ერთ დროს წყვილმა ერთად მიიღო გადაწყვეტილება შეექმნათ ოჯახი, ახლა ერთად უნდა დაასრულონ, ერთად აუხსნან, სხვებს კი არ აბრალონ, არამედ “ჩვენ დავასრულეთ და შენ უნდა მიიღო”.
- რატომ შეიძლება იყოს ბავშვისთვის საზიანო კონკრეტული მიზეზების დასახელება?
ასეთ წვრილმანებზე ჩაღრმავება იმიტომაც შეიძლება იყოს საზიანო, რომ მომავალში შესაძლოა პარადოქსის წინაშე აღმოვჩნდეთ, დავუშვათ, მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, დავუშვათ ასევე, რომ მამას ჰყავდა სხვა პარტნიორი, რომელთანაც შემდეგ ოჯახიც შექმნა. რა თქმა უნდა, დედასაც აქვს უფლება იყოს ურთიერთობაში, მაგრამ როცა ეს ხდება, ბავშვები აღარ იღებენ იმ მესამე პიროვნებას, ფიქრობენ – “მამას ვიღაცამ დაანგრევინა ოჯახი, ესეც იგივე კატეგორიაა, შანსს მიკარგავს, რომ ჩემი ოჯახი ისევ სრულყოფილი იყოს და მე მას არ მივიღებ”.
- როგორ უნდა მივუდგეთ განქორწინების დროს სკოლამდელ ან/და სკოლის ასაკის ბავშვებს?
სულ პატარები ვერ აღიქვამენ რა ხდება და მათთან არ არის საჩქარო, რომ ავუხსნათ რა ხდება, რატომ ვცხოვრობთ ცალ-ცალკე. ბავშვმა ყოველთვის უნდა იგრძნოს, რომ მას ჰყავს დედა და მას ჰყავს მამას, რომ ისინი მასთან არიან ყოველთვის, ისინი ერთად ცხოვრობენ თუ ცალ-ცალკე, ამას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. ბავშვებს ასეთ პატარა ასაკში უმჯობესია ვუთხრათ, რომ უბრალოდ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. მათ ყველაფერი უნდა მივაწოდოთ, რაც შეიძლება მსუბუქ ფორმაში, “იცი, შენ დღეს მამიკოსთან წახვალ და იქ დარჩები, ხვალ ჩემთან იქნები ან ცალ-ცალკე სახლებში ვართ, მაგრამ მე ისევ შენი დედიკო ვარ და ის ისევ შენი მამიკოა”.
რა თქმა უნდა, 8-9 წლის ბავშვს სხვა კითხვები უჩნდება – პრაქტიკაში ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა ბავშვებს აქვთ მიუღებლობა და განცდა იმისა, რომ “ჩემზე იტყვიან, რომ მამა არ ჰყავს, რადგან მამა წავიდა. როგორც ჩემს თანაკლასელზე, ჩემზეც ასე იტყვიან და ეს ჩემთვის მტკივნეულია”. ბავშვს აქვს კითხვები და სჭირდება პასუხები, მამა წავიდა და არ იცის რატომ, არავინ არაფერს უხსნის, დედა გაბრაზებულია და ბავშვიც მხოლოდ ბრაზს ხედავს. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ორივე მშობელმა ერთად აუხსნას, რაც ხდება. როცა ბავშვი სვამს კითხვას, არ უნდა ვუთხრათ, რომ მერე გაიგებს, დრო რომ მოვა, მერე გეტყვით მაგას… ამ წუთს ბავშვს არანაირი პასუხი არ აქვს.რა პასუხი შეიძლება მიიღოს ბავშვმა? აუცილებლად უდნა მიიღოს პასუხი – “მიუხედავად იმისა, რომ ერთად არ ვართ ახლა, მე მაინც შენი დედა ვარ და მამაც ისევ შენი მამაა და ეს მუდმივად ასე იქნება – სხვა შვილებიც რომ გვყავდეს, სხვა ოჯახიც რომ იყოს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყოველთვის შენი მშობლები ვიქნებით და ჩვენ ვიქნებით შენ გვერდით”. თუ მშობელი უშუალო პასუხებს აძლევს ამ თემასთან დაკავშირებით ბავშვს, სტრესული სიტუაცია უფრო ადვილი გადასატანია. ვერ ვიტყვი, რომ სტრესი არ იქნება, მაგრამ იქნება უფრო მარტივად გადასატანი, ადვილად გააანალიზებს და გაუმარტივებს პროცესს.
- როცა მშობლები ერთმანეთს ადანაშაულებენ?
ხდება, როცა მამა მანიპულირებს და ბავშვს ეუბნება, რომ დედასთან შემარიგე, შენ არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შემარიგო, ან პირიქით – გაშორების პერიოდში ხშირია დაპირისპირება და ყოფილი ცოლ-ქმარი იწყებს ერთმანეთის ლანძღვას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეცადოთ, რომ ბავშვთან არ ლანძღოთ თქვენი ყოფილი მეუღლე, უფრო მეტიც, საერთოდ არ უნდა ლანძღოთ, არა მარტო ბავშვის თანდასწრებით, არამედ ისეც. რატომ? იმიტომ, რომ მერე იმდენად ეჩვევიან ამას, რომ ვეღარ აკონტროლებენ და ამას ბავშვის თანდასწრებითაც აკეთებენ, ბავშვი კი ძალიან ითრგუნება, ნეგატიური განწყობა იქმნება მეორე მშობლის მისამართით. ბავშვი ძალიან განიცდის ამას და მისთვის ძალიან ძნელად მისაღებია ეს ინფორმაცია. მესმის, რთულია გაბრაზებულზე თავის შეკავება, განცდები ძალიან ღრმაა და რთულია მშობლისთვის ამ დროს თვითკონტროლი, მაგრამ ეს შესაძლებელია, თუ ჩვენ პრიორიტეტებს სწორად დავალაგებთ, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ მშობლები და გვაქვს პასუხისმგებლობა ბავშვის წინაშე. ამ შემთხვევაში ჩვენს გრძნობებზე მეტად პრიორიტეტულია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომაროება, რადგან ამ წყენის მონელებას რაღაც დროის შემდეგ მშობელი შეძლებს, მაგრამ ბავშვს შესაძლოა ძალიან დიდხანს გაჰყვეს და მის მომავალზეც მტკივნეულად აისახოს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომელიც ვერ ახერხებს ბავშვთან ინტენსიურ კონტაქტს?
შეიძლება ისე მოხდეს, რომ სხვადასხვა ქალაქში მოუწიოთ მშობლებს ცხოვრება, ან ძირითადად დედასთან რჩებოდეს და მამა აკითხავდეს… სხვადასხვაგვარად შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მაგრამ მშობლებმა მაქსიმალურად უნდა სცადონ ბავშვისთვის გამოყონ დრო და ყველაზე მნიშვნელოვანია – რამდენად ხარისხიანი იქნება მასთან გატარებული დრო. ისევე როგორც ერთად ცხოვრების შემთხვევაში, ხანდახან მშობელი მთელი დღე სახლშია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის ბავშვთან ატარებს დროს, რადგან ხან ტელეფონშია, ხან სერიალში, ხან საქმეს აკეთებს… ეს არ არის ბავშვთან გატარებული დრო. შეიძლება მშობელი ძალიან დატვირთული იყოს მუშაობის გამო და დღეში მხოლოდ ნახევარი საათის გატარება უწევდეს ბავშვთან, მაგრამ ეს დრო იმდენად ხარისხიანად გაატაროს, რომ მთლიანად ეკუთვნოდეს ბავშვს და შეავსოს ურთიერთობის აუცილებლობა.
ხშირად, როცა ერთი მშობელი მიდის ოჯახიდან, შემდეგ ცდილობს თავისი დანაშაული გამოისყიდოს უზომოდ ბევრი საჩუქრით, ანუ მატერიალური ნივთებით შეავსოს შვილთან ურთიერთობის დეფიციტი. ეს არასწორია, საჭიროა მეტი ურთიერთობა, ჩახუტება, მოფერება, ერთად გასეირნება. ეს ბევრად უფრო ავსებს ურთიერთობის დეფიციტს ვიდრე უამრავი სათამაშო.
ხშირად მშობლები არიდებენ შვილების კითხვებს თავს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებმა მიიღონ კითხვებზე პასუხები.
- მოზარდებთან რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?
მოზარდებთან უფრო მარტივიც არის მოლაპარაკება, ღირებულებები გააჩნიათ, უკვე იციან რა რას ნიშნავს. ხშირად, როცა წყვილი შორდება ერთმანეთს, თავიანთ განცდებში არიან, ნერვიულობენ და ამ დროს შვილი ავიწყდებათ, რჩებათ ყურადღების მიღმა – ეს არის სახიფათო. ზოგადად, მოზარდები მაინც მარგინალიზებულები არიან, სკოლის წინ დგანან ხოლმე და შეიძლება ნაბიჯი სჭირდებათ იმისთვის, რომ სადღაც გადაეშვან, რეალურ ცხოვრებას მოწყდენ. ეს რომ არ მივიღოთ, უნდა მივცეთ მათ ის, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ (მშობლების დაშორების თუ ერთად ყოფნის პერიოდში) ეს არის მათთან საუბარი, მათი ემოციების მოსმენა. მაგრამ ეს არ უდნა მოხდეს დაძალებით, მოთხოვნით. მოზარდებს ყველაზე მეტად მოსწონთ, როცა ჩვენ მათ ვესაუბრებით საკუთარ გრძნობებზე, როცა მათ რჩევას ვთხოვთ, აზრს ვეკითხებით, ვითვალისწინებთ მის აზრს. იმას არ ვგულისხმობ, რომ დედა დაჯდეს და მასთან იტიროს – “მამაშენმა მიმატოვა “ და ა.შ. ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს დედის ახალ ურთიერთობებს, რადგან ეჭვიანობის მომენტი უჩნდება მოზარდს. იმის მოსმენა, რომ თქვენ მისი თანადგომა გჭირდებათ, მას ძალიან დაეხმარება – “შენ რომ ჩემ გვერდით ხარ უფრო ადვილად გადავიტან ყველაფერს, ახლა მარტოობას ვგრძნობ, შენ რას მირჩევ, მოდი ერთად გავაკეთოთ… ეს მშობელთანაც უფრო დაახლოებს მოზარდს.
- როგორ შევაგუოთ ბავშვები მშობლების ახალ პარტნიორებს?
განქორწინებას უმეტესად მოჰყვება დედის ან მამის პარტნიორის გამოჩენა. ეს სწორიცაა, არ შეიძლება ადამიანი მარტო იყოს, აღარ არის ის დრო, როცა მარტო მამაკაცს შეეძლო განშორების შემდეგ ოჯახი შეექმნა, ქალს კი მთელი ცხოვრება შვილისთვის უდნა მიეძღვნა. ასეთი დათრგუნული და მხოლოდ შვილზე ორიენტირებული მშობელიც არ არის სწორი. მქონდა შემთხვევები, როცა ასეთი დედების შვილები ვერ ალაგებდნენ პირად ცხოვრებას, რადგან დედები მათთან განშორებას ვერ ეგუებოდნენ. ერეოდა დედა ყველაფერში. პარტნიორი რა თქმა უნდა გამოჩნდება და მის მიღებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დედაც და მამაც. თუ დედა ლანძღავს მამის პარტნიორს, მამას ძალიან გაუჭირდება, რომ შვილი მის ახალ პარტნიორს შეაგუოს. მნიშვნელოვანი როლი აკისრია თავად პარტნიორსაც, მან ოქროს შუალედი უნდა იპოვოს – არ უნდა ჩაერიოს პირდაპირ და უხეშად ამ ბავშვის ცხოვრებაში – “აი დედაშენმა/მამაშენმა ეს არ გასწავლა?!, ანუ კრიტიკის ობიექტი არ უნდა გახდეს მეორე მშობელი და მეორე, ზედმეტი ლოიალობაც საზიანოა. “ოღონდ მიმიღოს და ყველაფერზე თანახმა ვარ”, – ეს მიდგომაც არასწორია.
მშობელმა უნდა შეამზადოს ბავშვი მისი პარტნიორის გასაცნობად, ოღონდ ბავშვი წინასწარ უდნა იყოს ინფორმირებული თუ ვის ხვდება, ფაქტის წინაშე არ ვაყენებთ ბავშვს. როცა ის შემზადებულია, ნელ-ნელა, სიფრთხილით დავამეგობროთ ახალ ადამიანთან. არ არის სწორი როცა ვეუბნებით – ეს ჩემი მეგობარია და მერე გაიგებს, რომ ვქორწინდებით ამ მეგობარზე. წინასწარი შემზადებით ყველასთან მარტივია ყველაფერი.