მთავარი,მოსაზრება,რეკლამა,სიახლეები

გამოწვევები ქართულ საზღვაო სფეროში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კეთილი ნების საზღვაო ელჩის როლი

23.09.2020 • 2829
გამოწვევები ქართულ საზღვაო სფეროში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კეთილი ნების საზღვაო ელჩის როლი

ნუგზარ ბოლქვაძე
შორეული ნაოსნობის კაპიტანი
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო ელჩი საქართველოში

საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, დიდი გამოწვევაა საზღვაო სფეროს სრულყოფილად გამოყენება და განვითარება ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საქართველოს მეზღვაურებმა მრავალი რთული პერიოდი გამოიარეს რამაც მაინც არ გაუნელა სურვილი მომავალ თაობებს ზღვაში წასვლისა. ლეგენდარული ქართველი კაპიტნის–ანატოლი კაჭარავას ავტორიტეტით, დამსახურებითა და მოთხოვნით 1967 წელს შექმნილმა საქართველოს საზღვაო სანაოსნომ მხოლოდ სამი ათეული წელი იარსება და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის შიგნით საზღვაო სფეროსადმი არასათანადო ყურადღებისა და ქაოსის ფონზე დაგროვილი ნეგატივი 2010 წელს ბუმერანგივით მოუბრუნდა ჩვენი ქვეყნის საზღვაო იმიჯს, კერძოდ – საქართველოს მეზღვაურებს. (2010 წ. ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ (EMSA) ქართველ მეზღვაურებს ევროკავშირის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე აუკრძალა მუშაობა, რამაც დიდი უარყოფითი გავლენა იქონია ასეულობით ქართველი მეზღვაურის დასაქმებაზე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შრომატევადი სამუშაო შესრულდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხრიდან, რამაც 2013 წელს ქართველ მეზღვაურებს კვლავ მისცა დასაქმების შესაძლებლობა ევროკავშირის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე).

მიუხედავად ბევრი სიძნელეებისა, მეზღვაურის პროფესიამ, ავად თუ კარგად, მაინც დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ქვეყანაში. უფრო მეტიც–ჩვენს საზღვაო ქალაქ ბათუმში საზღვაო სასწავლებლების რაოდენობრივმა ზრდამ საგრძნობლად გაზარდა კურსანტების (სტუდენტების) რაოდენობა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ბევრი კურსდამთავრებული და მეზღვაური მრავალი წელია კვლავ ვერ ახერხებს დასაქმებას თავისი პროფესიით, ხოლო ახალდამწყებ ქართველ მეზღვაურთა გარკვეულ ნაწილს (და ზოგჯერ გამოცდილსაც) უმძიმეს მდგომარეობაში უხდება გემებზე მუშაობა (ზოგიერთი გემთმფლობელი კომპანიის მხრიდან მეზღვაურთა უფლებების დარღვევის ხარჯზე) და ხშირ შემთხვევებში ბევრი მეზღვაური ვერ პოულობს გამოსავალს.

მინდა ავღნიშნო, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კეთილი ნების საზღვაო ელჩის (IMO Goodwill Maritime Ambassador) თანამდებობა დაარსდა 2015 წელს და ამ ესტაფეტის აღება მე მხვდა წილად მეზღვაურთა დღეზე –2019 წლის 25 ივნისს, დღე რომელიც მეზღვაურის პროფესიის, მეზღვაურთა შრომის დაფასებისა და აღიარების დღედ დაარსდა საერთაშრისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ 2010 წლის ივნისში ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ კონფერენციაზე. ეს დღე მნიშვნელოვანი აქტივობებითა და შეხვედრებით მიზანმიმართულია მეზღვაურთა უკეთესი მომავლის შექმნისა და მეზღვაურთა პროფესიის პოპულარიზაციისთვის, რაც დიდი პასუხისმგებლობით, მონდომებითა და ღვაწლმოსილი მეზღვაურების წარდგინებით ყოველწლიურად ტარდება ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ-ქალაქ ბათუმში.

არჩეული ვარ რა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ელჩად საქართველოში, ჩემი 20 წლიანი საზღვაო გამოცდილებით (მათ შორის კაპიტნად 10 საკონტრაქტო პერიოდის მუშაობის სტაჟით 2012 წლიდან), კარგად ვიცნობ ქართველი მეზღვაურებისა და კურსანტების მომზადების/განათლების დონეს, მათ სამუშაო, უსაფრხოების კულტურას და მრავალ დამახასიათებელ ასპექტებს, წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი რა განსხვავებებს უცხოელ და ქართველ მეზღვაურებსა და კურსანტებს შორის, ელჩისადმი მინიჭებული უფლებამოსილებისა და მოქმედებების ფარგლებში, როგორც მოქმედი კაპიტანი, ჩემი პროფესიონალური რესურსით, დაგროვილი თეორიისა და პრაქტიკის სინთეზით ვფიქრობ გარკვეულ დახმარებას გავუწევ ჩვენს მეზღვაურებსა და კურსანტებს.

ვინაიდან საზღვაო ტრანსპორტი მსოფლიოს მასშტაბით ყველა გადასაზიდი ტვირთის დაახლოებით 80-90 % წარმოადგენს, საზღვაო სექტორი ამით ყველაზე მასტაბურ როლს თამაშობს როგორც მსოფლიოში ასევე ჩვენს ქვეყანაში. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), როგორც საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის მარეგულირებელი ინსტიტუტი, ფუნდამენტურ და გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს საზღვაო სექტორისა და მსოფლიო ეკონომიკის მდგრად განვითარებაში. შესაბამისად ეს სფერო დღითი დღე ხდება პოპულარული და მიმზიდველი. უფრო მეტიც: 2010 წლის ივნისში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე მიღებულ რამდენიმე რეზოლუციათაგან STCW კონვენციის მე-12 და მე-14 რეზოლუციებით გამოკვეთილი სიახლე გახმოვანდა, კერძოდ: ქალების ჩართულობა და წარდგენა საზღვაო ინდუსტრიაში და ასევე ახალგაზრდა კადრებისთვის (მომავალი თაობისთვის) დიდი შესაძლებლობების მიცემა და დაწინაურება, როგორც გემზე-ასევე ხმელეთზე. ამ მხვრივ ჩვენი ქვეყნის საზღვაო სექტორი აქტიურად უწყობს ფეხს STCW კონვენციის შესაბამის რეგულაციებს, რაც გამოიხატება როგორც ახალგაზრდა კადრების, ასევე ქალების აქტიურ საქმიანობაზე თანამდებობრივ ყველა დონეზე. მსგავსი დამოკიდებულება კი ფართო ასპარეზს სთავაზობს მომავალ თაობას.

შესაბამისად, ახალგაზრდა საკადრო რესურსისა და გენდერული ბალანსის დაცვის პარალელურად , მიმაჩნია, რომ მაღალი სტანდარტების მისაღწევად საჭიროა მეტი პროაქტიული, თანამედროვე მოთხოვნების ცოდნის მქონე მაღალპროფესიონალი კაპიტნების, უფროსი მექანიკოსების ბირთვის ეფექტური და დროული გამოყენება, რაც გაზრდის სინერგიულ ეფექტს საზღვაო სფეროს გაჯანსაღების საქმეში.

დღეისათვის მსოფლიოში დაახლოებით მილიონნახევარი მეზღვაურია. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით გემებზე ოფიცერთა (კაპიტანი, თანაშემწეები, მექანიკოსები) რაოდენობა არასაკმარისი და მუდამ მოთხოვნადია. ქართველი მეზღვაურები კი დღეისათვის – მსოფლიო მეზღვაურთა რაოდენობის მხოლოდ 1 %-ზე ნაკლებს წარმოვადგენთ. ჩვენს ქვეყანას კი გეოსტრატეგიული თავისებურებიდან და საზღვაო ტრადიციებიდან გამომდინარე აქვს პოტენციალი გაზარდოს საინვესტიციო გარემო უცხოელი გემთფლობელებისთვის და ასევე– გაზარდოს მეზღვაურთა და საზღვაო სექტორის პერსონალის რაოდენობა, მაგრამ არა ხარისხის „დაკნინების“ ხარჯზე – რაც არ წაადგება როგორც დაუსაქმებელ მეზღვაურებსა და მათ ოჯახებს, ასევე – ჩვენს ქვეყანას.

ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიასა (როგორც საზღვაო საკადრო რესურსის ძირითადი მიმწოდებელსა) და საზღვაო სასწავლებლებში – უპირველესი აქცენტები უნდა გაკეთდეს კურსანტთა ცოდნის დონისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად მაღალი სტანდარტის შესაბამისად, რათა საერთაშორისო მაღალ კონკურენტულ გარემოში მათ შეძლონ მტკიცე ადგილის დამკვიდრება საზღვაო კარიერაში.

აუცილებლად ვთლი, რომ სწორი ანალიზის საფუძველზე უნდა შეიქმნას ახალი ეფექტური, თანამედროვე საზღვაო საგამოცდო სისტემა მეზღვაურთა კომპეტენციის გამოსავლენად STCW კონვენციის შესაბამისად , რომელთანაც ჰარმონიზაციაში უნდა იყოს კურსდამთავრებულთა/მეზღვაურთა პროფესიული კომპეტენცია.

მიმაჩნია, რომ მხოლოდ ძლიერი და სწორი ლიდერშიფი პირადი მაგალითითა და მაღალპროფესიონალი კადრების კოჰორტით უნდა გახდეს მთავარი ყინულმჭრელი საზღვაო სასწავლებლებში არსებული საზღვაო საწვრთნელი ცენტრების რევიტალიზაციისა და მეზღვაურთა განათლების ინტერესის გასაღვივებლად.

მჯერა რომ, საქართველოში საზღვაო შრომის კონვენციის (MLC) რატიფიცირების შემდგომ საგრძნობლად გაიზრდება შესაძლებლობა ქართველ მეზღვაურთა უფლებების დაცვისა. ამ მხვრივ საქართველოში არსებული საკრუინგო კომპანიების მართებული ფორმებითა და პროცედურებით მუშაობა უნდა გახდეს ქვაკუთხედი ქართველ მეზღვაურთა უკეთეს პირობებში (კომპანიებში) დასაქმებისა და უფლებების დაცვისა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს შორის მნიშვნელოვნად მიმაჩნია ბოლო წლებში ამ სფეროს ტრანსპარენტობა და შესაძლებლობის მიცემა პროფესიონალებისთვის. აღნიშვნის ღირსია კოლეგა კაპიტნებისა და უფროსი მექანიკოსების გულმოდგინე და უანგარო ჩართულობა საზღვაო სააგენტოში მეზღვაურთა საგამოცდო პროცესში მონაწილეობით, რომელიც უკვე ხორციელდება გასული წლიდან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო სააგენტოს, როგორც მარეგულირებლის, საქმიანობის ხარისხის შემდგომი ამაღლების მიზნით სრულყოფილ უნდა იქნეს შედეგზე ორიენტირებული მექანიზმები
სხვადასხვა მიმართულებით.

უაღრესად აღსანიშნავი და მისასალმებელია ქართველი მეზღვაურების აღიარების ის ფაქტი, რომელიც გასულ წელს (2019) ავსტრალიისა და რამდენიმე თვის წინ კი-დიდი ბრიტანეთის მიერ იქნა დეკლარირებული, რაც წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ქართველი მეზღვაურების დადებითი დინამიკის ინდიკატორს. ქართველ პროფესიონალ მეზღვაურებს მიეცათ საშუალება დასაქმდნენ მაღალ ანაზღაურებად და მაღალი სტანდარტის მქონე კომპანიებში.

საზღვაო სფეროში დამოუკიდებელი საჯარო პლატფორმის შექმნა და ეფექტური არსებობა მნიშვნელოვანი იქნება მეზღვაურთა აქტიურობის, მათი პრობლემათა იდენტიფიკაციის და სათანადო ნაბიჯების გადადგმისათვის მათ დასახმარებლად. ამ მიზნით შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე (imoambassadorgeo@gmail.com) ნებისმიერ მეზღვაურსა და კურსანტს ექნება საშუალება გამოგზავნოს თავისი ხედვები, იდეები და ის პრობლემური საკითხები, რომლებიც მათ აწუხებთ. შესაბამისად მოხდება კოორდინაცია და ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით სათანადო ხელშემწყობი მექანიზმების ამოქმედება.

ობიექტური საზოგადოებრივი აზრი, ყველა თაობის მეზღვაურთა და საზღვაო სფეროს ყველა წარმომადგენლის ჯანსაღი დამოკიდებულება და თანამშრომლობა ძალზე სასარგებლო იქნება კომპლექსური მიდგომებისათვის მეზღვაურთა/კურსანტთა განათლების სტანდარტის ამაღლებისა და მათი დასაქმების საქმეში.

ჩემი როლი, როგორც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ელჩისა, გამოიხატება იმით, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღო ზემოთ ჩამოთვლილ პროცესებსა და საკითხთა ხელშეწყობაში, მეზღვაურთა ადვოკატირების მიზნით ხელი შევუწყო დამწყებ მეზღვაურთა მოტივაციის ამაღლებასა და აქტიურობას, მეზღვაურთა პროფესიის პოპულარიზაციას და ჩემთვის მონიჭებული უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარო მათ განათლების დონის ამაღლებაში.

გადაბეჭდვის წესი