აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პეტრას ციხესთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ლიფტების დამონტაჟებას გეგმავს. თუმცა, შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე 21 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერი 22 სექტემბერს შეწყვიტა. სატენდერო თანხა 180 ათასი ლარი იყო. ტენდერში მონაწილე შპს „იმგო“ კი, სააგენტოს ლიფტების მონტაჟს 157 500 ლარად სთავაზობდა. კომპანიამ სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლა.
როგორც შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტებიდან ირკვევა, სააგენტომ შპს „იმგოს“ დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა. კომპანიამ გარკვეული დოკუმენტაცია დააზუსტა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დავების საბჭოშიც ამის პარალელურად უჩივლა.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ შემსყიდველის მიზანს ჩვენი დისკვალიფიცირება წარმოადგენს და ხელოვნურად ცდილობს შექმნას გარკვეული წინაპირობები. ამიტომაც არის, რომ სრულიად გაუგონარ შეფასებებს აკეთებს – ერთ შემთხვევაში „ასაბუთებს“, რომ ლიფტი სინამდვილეში ლიფტი არ არის (მაშინ, როდესაც სწორედ შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტების მიწოდება-მონტაჟის გამოცდილება გვაქვს და წინამდებარე ტენდერშიც შშმ პირთა ლიფტებია შესყიდვის ობიექტი), მეორე შემთხვევაში კი, ძალიან უცნაური ფორმატის ISO სერტიფიკატს ითხოვს, რომელიც უფრო შეამცირებდა პრეტენდენტის სანდოობას. ამასთან, ოქმით მოთხოვნილია ისეთი ფორმატის სერტიფიკატი, როგორიც არ არის მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაციით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მიერ უკვე დაზუსტდა ტექნიკური დოკუმენტაციის ის ნაწილი, რისი დაზუსტებაც ოქმით მოთხოვნილი იყო და ამავდროულად საჭიროებდა დაზუსტებას. თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული ოქმი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მოთხოვნილია ტექნიკური დოკუმენტაციის იმ ნაწილების დაზუსტებაც, რომლებიც ამას არ საჭიროებს, ასევე ოქმში მითითებულია, რომ თითქოსდა გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები საერთოდ არ ეხება ლიფტებს და ამიტომ სხვა საკითხებზე მსჯელობა კომისიამ მისივე განმარტებით აღარ გააგრძელა. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში საჭირო იქნება ახალი ოქმი, რომლითაც სწორად შეფასდება დოკუმენტაცია და მოცული იქნება ყველა საკითხი (თუ შემსყიდველი თვლის, რომ ეს ჯერ არ გაუკეთებია)“, – აღნიშნული იყო „იმგოს“ საჩივარში.
კომპანიამ მოითხოვა სააგენტოს სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმის გაუქმება და ასევე, „შესყიდვის პროცედურები წარმართულიყო შესყიდვების კანონმდებლობის სრული დაცვით“. დავების საბჭომ კომპანიის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
„სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს“ სატენდერო კომისიამ გადასინჯოს 2020 წლის 2 სექტემბრის №21-2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „იმგოს“ თავდაპირველად, სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა/შეფასება განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“, – აღნიშნულია დავების საბჭოს გადაწყვეტილებაში.
სააგენტოს სატენდერო კომისიამ, ამ გადაწყვეტილების შესრულების ნაცვლად, ტენდერი 22 სექტემბერს საერთოდ შეწყვიტა. შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ საჭიროა ერთი ლიფტის დამატება და „ამავდროულად, ლიფტის განმარტებისა და სერტიფიკატების მოთხოვნების დეტალურად განსაზღვრისათვის აუცილებელია სატენდერო პირობების დაზუსტება“:
ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ, „ვინაიდან სატენდერო პირობების დაზუსტება შესაძლებელია მხოლოდ ტენდერის შეწყვეტის გზით, დავების საბჭოს გადაწყვეტილების გადასინჯვის აუცილებლობა აღარ არის“:
პეტრას ციხეზე აჭარის კმდს-ს დაკვეთით ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. როგორც კმდს აცხადებს, სამუშაოების პროცესში გამოვლინდა „ახალი გარემოებები“, რისთვისაც ახალი პროექტის შესყიდვა დადგა დღის წესრიგში.
„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 2019 წლიდან ახორციელებს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას. ობიექტის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე სამუშაოების წარმოებაზე საავტორო ზედამხედველობას ახორციელებს ა(ა)იპ – ქართული სახლი. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდა ახალი გარემოებები. კერძოდ ლიმონარიუმის ტერიტორიის ხე-მცენარეებისაგან გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ლიმონარიუმის კედლები და რკინა-ბეტონის კარკასი საჭიროებს დამატებით შესწავლას და მის შემდგომ გამაგრებას. ამიტომ აუცილებელი გახდა აღნიშნული პროექტის შესყიდვა“, – აღნიშნულია კმდს-ს განაცხადში.
სააგენტო პეტრას ციხის ლიმონარიუმის კედლებისა და რკინა-ბეტონის კარკასის კონსტრუქციულად გამაგრებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენის მომსახურების შესყიდვას ტენდერის გარეშე გეგმავს, რისთვისაც 10 ათასი ლარია ბიუჯეტიდან გამოყოფილი.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2016 წლის 8 ნოემბერს გამოცხადებული კონკურსის [პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე] გამარჯვებული გახდა ა(ა)იპ ,,ქართული სახლი” [ამ დოკუმენტაციის შედგენისთვის „ქართულ სახლს“ ბიუჯეტიდან 75 ათასი ლარი 2017 წელს გადაუხადეს].
„ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო იყო საავტორო ზედამხედველობის განხორციელება. შესაბამისად, ა(ა)იპ ,,ქართულ სახლთან” გაფორმდა ხელშეკრულება საავტორო ზემდახედველობაზე… ვინაიდან ამ პროექტების ავტორი არის ა(ა)იპ ,,ქართული სახლი” და თვითონვე ახორციელებს სამუშაოების შესრულების კონტროლს, შესაბამისად, დამატებითი პროექტის შედგენა (ლიმონარიუმის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრებაზე) მისი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა“, – აცხადებს კმდს.
თავდაპირველი ხელშეკრულებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, კმდს-მ კომპანიას სამუშაოების დასრულების დრო ამავე წლის 21 დეკემბრამდე გადაუვადა.
სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლიფტების შეძენა-მონტაჟზე ხელახალ ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ სამუშაოების დასრულება „მიუხედავად პანდემიისა“, 2020 წლის ბოლოსთვის მოესწრება. მოეწყობა ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება ლიფტები და დარჩება მხოლოდ ლიმონარიუმის იმ ნაწილის გამაგრება, რომელსაც მიმდინარე სამუშაოები არ ეხება და რომლის პროექტიც ახლა უნდა შევიძინოთ“.
მიმდინარე სამუშაოების გამო პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის დაკეტილია.
ამავე თემაზე:
რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება