მთავარი,სიახლეები

გამაჯანსაღებელი ცენტრი და კოშკი სარფში  – რას აშენებს ბიზნესმენი ტვილდიანი 

22.09.2020
გამაჯანსაღებელი ცენტრი და კოშკი სარფში  – რას აშენებს ბიზნესმენი ტვილდიანი 

დიმიტრი ტვილდიანის მიწის ნაკვეთი სარფში ერთ ჰექტრამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან ჯერ მიიტაცა სახელმწიფო მიწა, შემდეგ კი ოფიციალურად იყიდა და დაირეგისტრირა. დიმიტრი ტვილდიანის სურვილები სარფის ლანდშაფტურ ზონაში ამით არ შემოფარგლულა, გაიზარდა მისი მშენებლობის მასშტაბებიც – დაგეგმილი ორსართულიანი შუშის შენობა ჯერ ოთხსართულიან შენობად იქცა, შემდეგ კი ორი ტერასული სართულიც დაემატა.

ცოტა ხნის წინ ტვილდიანმა კოშკის მშენებლობაც მოინდომა და ნებართვაც მიიღო, ამ კოშკის კარკასი უკვე აშენებულია და სარფის ცენტრალური გზიდან კარგად მოჩანს. ნებართვის გამცემის – ხელვაჩაურის არქიტეტურის სამსახურის ინფორმაციით, კოშკი ხუთსართულიანი იქნება. თუმცა სარფის ცენტრალური გზიდან კარგად ჩანს, რომ უკვე აშენებული კოშკი, 6-სართულიანი შენობის კარკასზე ბევრად მაღალია. გაჩერდება ტვილდიანი ამ პარამეტრებზე, თუ ისევ მოითხოვს მასშტაბების გაზრდას ეს მომავალში გამოჩნდება.

ნებართვის გამცემის ინფორმაციით, გადმოსახედი კოშკის მშენებლობა ტვილდიანმა არქიტექტურის სამსახურს შეათანხმა. ადგილზე კი გვითხრეს, რომ ის გამაჯანსაღებელი ცენტრის გვერდით, სვანურ კოშკს იშენებს თავისთვის. სამშენებლო სამუშაოებს ტვილდიანის კომპანია შპს „კვარიათი პარადიზი“ ასრულებს.

სარფში მომაღლო ადგილზე, საიდანაც ზღვისა და მთების ხედი ერთდროულად იშლება, კარგად ჩანს საქართველო-თურქეთის საზღვრი და ტერიტორია მთლიანად მწვანეშია ჩაფლული, ექიმი დიმიტრი ტვილდიანი გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ ეს არა გამაჯანსაღებელი ცენტრი, არამედ სასტუმროა. ადგილობრივებს სჯერათ ისიც, რომ ექიმმა სარფში სვანური კოშკი ააშენა და არა – გადმოსახედი. „რისთვის დასჭირდა ექიმს გადმოსახედი კოშკის აშენება შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც ისედაც მთელი პერიმეტრი მოჩანს?“ – ასეთია მათი არგუმენტი. ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან ვერც კომპანიასთან და ვერც თავად დიმიტრი ტვილდიანთან დაკავშირება ვერ შევძელით.

გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა ექიმმა დიმიტრი ტვილდიანმა სარფში 2018 წელს უკანონოდ წამოიწყო და საკუთარი ნაკვეთის გვერდით არსებული სახელმწიფოს ნაკვეთიც მიითვისა. მოგვიანებით ეს ნაკვეთი, ტვილდიანის შენობის ნაწილის ჩათვლით, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გამოიტანა და ერთი ბიჯით 248 000 ლარად ისევ დიმიტრი ტვილდიანს მიყიდა [3008 კვადრატული მეტრი].

1 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სარფის ლანდშაფტურ ზონაში, ზღვის ხედით, სამინიტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე ტვილდიანმა 82.44 ლარად იყიდა. ტვილდიანს სახელმწიფო ქონების უკანონოდ მიტაცება აპატიეს და მშენებლობის ნებართვაც მისცეს, ის მხოლოდ 200 ლარით დააჯარიმეს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დიმიტრი ტვილდიანმა სარფში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 2 670 არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი თავდაპირველად 2017 წლის მარტში დაირეგისტრირა. მან  სარფში მიწის  ნაკვეთი  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე იყიდა და მშენებლობაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან პროექტის შეთანხმების გარეშე დაიწყო. სასტუმრო კომპლექსის საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები ისე დაასრულა, რომ ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურს არაფერი გაუგია, ვიდრე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკრებულოს ოპოზიციას არ მიმართა.

დიმიტრი ტვილდიანი პროფესიით ექიმია და ის ამ დრომდე სამედიცინო ბიზნესით იყო დაკავებული. დიმიტრი ტვილდიანი ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრისა და შპს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის დამაარსებელი და მფლობელია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: