მთავარი,სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სკოლებში სწავლის დაწყებაზე – დაველოდოთ ეპიდსიტუაციას

23.09.2020 • 1371
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სკოლებში სწავლის დაწყებაზე – დაველოდოთ ეპიდსიტუაციას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შენობებში სასწავლო პროცესის დაწყება დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ამის შესახებ მან დღეს, 23 სექტემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სასწავლო პროცესი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და უნდა დაველოდოთ, ბათუმში განსაკუთრებით, როგორ იქნება მოვლენები და ამის მიხედვით იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა ჯერჯერობით ის გადაწყვეტილება, რაც დაანონსდა [სასწავლო პროცესის სკოლებში დაწყება პირველ ოქტომბერს], ძალაში რჩება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო დღეებში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ იზრდება.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევები 200-ის ფარგლებში დარჩება, სასწავლო პროცესები პირველი ოქტომბრიდან შესაბამის შენობებში გაგრძელდება. ამის შესახებ ცერცვაძემ გუშინ, 23 სექტემბერს განაცხადა, დღეს კი საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„ვფიქრობ, თუ მდგომარეობა ისე დასტაბილურდება, რომ 200-ის ფარგლებში დარჩეს ინფიცირებულთა რაოდენობა, სკოლებში ის შეზღუდვა, რაც ამ ეტაპზეა, რომ 15 სექტემბერს არ დაიწყო და პირველ ოქტომბრამდე გადაიდო, საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ ვირუსი, როგორც ახლაა, ალბათ, შესაბამისი სტრუქტურები, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები განიხილავენ კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა მე მაინც სუბიექტურად მგონია, რომ ეს არ გახდება საჭირო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: