მთავარი,სიახლეები

რას ჰყვებიან ბათუმელი კოვიდინფიცირებულები

17.09.2020 • 3172
რას ჰყვებიან ბათუმელი კოვიდინფიცირებულები

„იმ დღეს ვმუშაობდი, მაგრამ რაღაც ვერ ვიყავი კარგად, ადრე წასვლა გადავწყვიტე სახლში. სამსახურიდან გამოვდიოდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს,“ – გვიყვება ადვოკატი როინ აბაშიძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახლა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. „ბათუმელები“ კოვიდ19-ით ინფიცირებულ რამდენიმე პაციენტს ესაუბრა ამ დაავადების სიმპტომებზე – რას გრძნობენ ისინი.

„…დამირეკეს თუ არა, რესპუბლიკურის ცხელების ცენტრში მაშინვე ჩემი ფეხით მოვედი, ვნერვიულობდი. გამიზომეს სიცხე, 39 და ხუთი ხაზი აჩვენა თერმომეტრმა… ეს სიცხე რამდენიმე დღეს არ იწევდა. მერეც. შემდეგ ფილტვების ანთება გამივითარდა, სუნთქვაც ძალიან მიჭირდა… ადრე, ჩვეულებრივი გრიპის დროს, მსგავსი არაფერი მქონია. სუნთქვის აპარატი არ დამჭირვებია, მაგრამ ძალიან მძიმედ ვიყავი. ახლა სიცხე აღარ მაქვს, უკვე კარგად ვარ, მკურნალობის კურსს ვაგრძელებ. მეუბნებიან, ასე თუ გაგრძელდა, 23-ში გაგწერთო,“ – გვიყვება როინ აბაშიძე.

როინ აბაშიძის თქმით, ის 4 სექტემბერს მივიდა ბულვარში გაშლილ კარავში ტესტის ასაღებად. ამბობს, რომ ეს თავის დასაზღვევად გააკეთა.

„…მე ოთხი დღის შემდეგ დამირეკეს, 8 სექტემბრიდან ვმკურნალობ,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ როინ აბაშიძემ.

უკვე მეოთხე დღეა მკურნალობს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ე.ბ. მას სიცხე აღარ აქვს, მაგრამ წელის ტკივილს ამ დრომდე ტკივილგამაყუჩებლით ებრძვის. ე.-ს ექიმებისთვის მას შემდეგ მიუმართავს, როცა წელის ტკივილი აუტანელი გახდა.

„…მეც იმ ადამიანებს ვეკუთვნი, ვინც ბოლო დროს კორონავირუსს ეჭვის თვალით უყურებდა,“ – გვიყვება ე.ბ. მას ვინაობის გამხელა იმ მიზეზით არ სურს, რომ ახლობლებმა არ გაიგონ მისი ინფიცირების შესახებ. – „თავდაპირველად ამ ვირუსის არსებობა მჯეროდა, მაგრამ მეორე ტალღის დროს ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე გავბრაზდი – როგორ შეიძლება ორ და სამ შემთხვევაზე ქალაქს კეტავდე, ახლა კიდევ ამდენი შემთხვევაა და არაფერი დაკეტილა, მაგალითად, ხოფის ბაზრობა და ასე შემდეგ. ამ მიდგომებმა განმაწყო სკეპტიკურად.

ჩემი ისტორია სიცხით დაიწყო: თავდაპირველად ჩვეულებრივი გაციება მეგონა და მარტო „პარაცეტამოლს“ ვსვამდი, მაგრამ წელიც მტკიოდა. ნაცნობ ექიმს დავურეკე. მითხრა, ვიდრე თირკმელს შეგიმოწმებ, კორონავირუსზე გაესინჯეო. იმ დღეს არსად წავსულვარ…

ღამის 4 საათზე გაუსაძლისმა ტკივილმა გამომაღვიძა, ძალიან მტკიოდა წელი, სიარული მიჭირდა, ფეხზე დგომაც… 112-ს დავურეკე და დახმარება ვითხოვე, 10 წუთში მოვიდა ბრიგადა,“ – გვიყვება ე.ბ.

ე.ბ.-ს ცხელების ცენტრში ტესტირებიდან 12 საათში დაუდასტურდა კორონავირუსი. ექიმებმა მას ფილტვის ანთების დიაგნოზიც დაუსვეს, რომელიც მსუბუქ ფორმაშია და მკურნალობის კურსს აგრძელებს. ე.ბ.-ს სურვილია, ყველამ დროულად ჩაიტაროს ტესტირება და ამით დაავადების გავრცელებას შევუშალოთ ხელი.

„პალატაში მარტო ვარ, დროულად მაწვდიან მედიკამენტებს და საკვებს ერთჯერად პაკეტებში, სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია…

…ახლა ბევრი მირეკავს და მეუბნება, ჩვეულებრივად გაცივებული იქნებიო. ერთი პაციენტია, არ სჯერა, რომ კორონავირუსი აქვს, გამიშვით აქედანო… საშინელება იყო იმის გააზრება, როცა მითხრეს, კორონავირუსი გაქვსო, მაგრამ ეს სტრესი უკვე დავძლიე. მინდა, რომ დროულად მიმართონ ადამიანებმა კლინიკებს, სხვაგვარად არ გამოვა,“ – ამბობს ე.ბ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: