განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში შერეული მოდელის დანერგვისას დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება შემდეგი წესით:
V-VI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 1 დღე
VII-XI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 2 დღე
XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე
სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.
სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს შესაძლებლობა ექნებათ: თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები); საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო; საჭიროების შემთხვევაში, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე; საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე; შეუძლიათ დანერგონ შერეული სწავლების საკუთარი მოდელი (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად).
ნებისმიერი მოდელის შერჩევა სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეათანხმოს განათლების სამინისტროსთან და რესურსცენტრთან.
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
ბოლო კვლევის შედეგებით, საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატება. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი (85%) დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს შორის. რის გამო არის ტყვის მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარაში, ჯერჯერობით, შესწავლილი არ არის.
პრობლემის მოსაგვარებლად გაეროს ბავშვთა ფონდმა ეტაპობრივი სტრატეგია შეიმუშავა. პრობლემის აღმოჩენის შემდეგი ეტაპი მიზნად ისახავს ტყვიის წყაროებისა და გზების დადგენას.
2019 წელს გამოქვეყნებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ფარგლებში აიღეს 2-7 წლის ასაკის ბავშვების 1 570 ვენური სისხლის ნიმუში. საქართველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის 5 მკგ/დლ-ზე მაღალი დონე აღმოაჩნდა, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში დადგენილ შემცველობას. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი (85%) დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლში.
ამისთვის, 2020 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცა ატომურ აბზორფციული სპექტომეტრი და სწრაფი დეტექციის ოთხი აპარატი – ლაბორატორიული დანადგარები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში და ა. შ.) ტოქსიკური მეტალების შემცველობის განსასაზღვრად.
ლაბორატორიული მოწყობილობა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ფონდმა შეიძინა.
ამირან გამყრელიძის თქმით, რომელიც ამ საკითხზე ბათუმში მიმდინარე კონფერენციას ესწრება, ოთხიდან ერთ-ერთი აპარატი სწორედ აჭარის ჯანდაცვას გადაეცემა: “2018 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ მულტიინდიკატორული კლასტერული კვლევა, რომელშიც დამატებული იყო ტყვიის კომპონენტი და აღმოჩნდა, საქართველოში გვაქვს პრობლემა სისხლში ტყვიის მაღალი გავრცელებისა, ძირითადად ბავშვებში. ტყვია არის მძიმე მეტალი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ბავშვის ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ დაიწყო სწრაფი რეაგირება და შემდეგ შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა ტყვიაზე პასუხისა. პირველ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამა მოიცავდა მხოლოდ ამ დაზიანებული ჯგუფების ოჯახებში შესაბამის კვლევებს, შემდეგ ის გაფართოვდა და ყველა ბავშვი 2-7 წლამდე, რომელთანაც ექიმი მიიჩნევს, რომ საჭიროა კვლევა – იკვლევა. შედიან მათთან ოჯახებში და იკვლევენ ტყვიის წყაროებს, როგორია ტყვიის კონცენტრაცია… გაერომ გვაჩუქა ოთხი აპარატი, რომელთა საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ნივთიერებაში ტყვიის კვლევა. ერთს გადავცემთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის აჭარის დეპარტამენტს და აჭარაშიც იქნება შესაძლებელი ამ კვლევების ჩატარების.
სტრატეგიის შემდგომი ფაზა გულისხმობს ტყვიის შემცველობის აღმოსაფხვრელად მთავრობის მიერ შემუშავებული ეროვნული რეაგირების გეგმის განხორციელების ხელშეწყობას, კერძოდ, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, 2020 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას განახორციელებს, რომელიც ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას უზრუნველყოფს“.
„საქართველოში ტყვიის წყაროების კვლევის და საპასუხო ღონისძიებების განხილვა, სწრაფი დეტექციის აპარატის დემონსტრირება“ – კონფერენცია ბათუმში ისევ გრძელდება.
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები სკოლებისთვის:
[checklist]
მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა
შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.
[/checklist]
ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართობს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი. სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს შესაძლებლობა ექნებათ:
თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);
განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;
საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;
სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლიათ დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;
სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;
სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება შემდეგი წესით:
V-VI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 1 დღე
VII-XI კლასებში კვირაში მაქსიმუმ 2 დღე
XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე
ნებისმიერი მოდელის შერჩევა სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეათანხმოს განათლების სამინისტროსთან და რესურსცენტრთან.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე კერძო თუ საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები“.
დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.
„განათლების სამინისტრო აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობას და ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც განპირობებული იქნება იმ დროისთვის არსებული ეპიდვითარებით“.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით გუშინ, 13 აგვისტოს, ბათუმში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული მძღოლია – თურქეთის მოქალაქე, რომელიც თურქეთში დაბრუნდა.
ამ დრომდე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში Covid 19-ით ინფიცირებული 18 პირი რჩება.
14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
StopCov.ge-ს 14 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1306 შემთხვევაა სულ გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 1085, გარდაიცვალა – 17 ადამიანი.
კარანტინში რჩება 7597, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 261 ადამიანი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს 21 საათიდან 15 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
შაბათს, 15 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი,
ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო;
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20 – 25 გრადუსი,
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო.
ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსი შენარჩუნდება; ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ (2-3 ბალი).
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 16 და 17 აგვისტოს, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
მთავარი ფოტო: ბათუმი, აგვისტო, 2020 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ხაშურის შემოვლითი გზის დასრულებისათვის საჭიროა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე მშენებარე სურამის სატრანსპორტო კვანძზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.
აღნიშნულის გამო ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის კმ132-კმ137 მონაკვეთზე:
2020 წლის 17 აგვისტოს 23:00 სთ-დან 18 აგვისტოს 07:00 სთ-მდე და
18 აგვისტოს 23:00 სთ-დან 19 აგვისტოს 07:00 სთ-მდე,
იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჩაკეტვის პერიოდში:
[checklist]
აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 132-ე კმ-დან დაბა სურამში რუსთაველის ქუჩის გავლით 137-ე კმ-მდე.
დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი კი გადაადგილდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 137-ე კმ-დან დაბა სურამში, რუსთაველის ქუჩის გავლით 132-ე კმ-მდე.
[/checklist]
ამასთან, ჩაკეტვის პერიოდში, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით – აცხადებს გზების დეპარტამენტი.
მთავარი ფოტო: გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება:
უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ – აცხადებს შს სამინისტრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული რ.ჯ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა რ.ჯ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევთან, ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 48 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებს შს სამინისტრო.
დღეს, 13 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებასთან აქცია გაიმართა ბელორუსი ერის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები ძირითადად ბელორუსები იყვნენ. პროტესტს უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
13 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში, ალი და ნინოს ქანდაკებასთან, აქცია გაიმართა ბელორუსი ერის მხარდასაჭერად.
„ჩვენ შევიკრიბეთ ბელორუსი ერის მხარდასაჭერად, რომლებიც თავისუფლებისთვის და სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვიან. მიუღებელი და დასაგმობია ძალადობა, რაც ვნახეთ, არ შეიძლება ხელისუფლება ასე აყალბებდეს არჩევნებს და მერე საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც ფალსიფიკაციას აპროტესტებენ, აქციაზე უსწორდებოდეს და კლავდეს“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დიმიტრი ივანოვი.
13 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში, ალი და ნინოს ქანდაკებასთან, აქცია გაიმართა ბელორუსი ერის მხარდასაჭერად.
აქციის მონაწილეები ბელორუსის დროშებით ალი და ნინოს ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარისკენ გაემართნენ სანაპიროს გავლით. მათი თქმით, აქციები ბელორუსი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც თავისუფლებასა და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ, ბათუმში პერმანენტულად გაგრძელდება.
13 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში, ალი და ნინოს ქანდაკებასთან, აქცია გაიმართა ბელორუსი ერის მხარდასაჭერად.
___
2020 წლის 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო. ლუკაშენკო 26 წელია მართავს ბელორუსს.
საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილე მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ლუკაშენკოს პრეზიდენტად მიღებას. არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს, ოფიციალური ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღია საპარკინგე სივრცეში ლედ მონიტორის მიწოდება-მონტაჟისთვის აჭარის პროექტების მართვის კომპანია [ყოფილი შპს „სტადიონი“] მაქსიმუმ 298 ათას ლარს გადაიხდის. კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელშიც წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დასრულდება.
თუმცა 2 თვის წინ „სტადიონში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სექტემბრიდან ბათუმის ახალი სტადიონის პარკინგი კინოთეატრად გადაიქცეოდა. Drive In კინოთეატრის მეშვეობით მოქალაქეები კი სასურველი ფილმების ყურებას საკუთარი ავტომობილებიდან შეძლებდნენ.
ტენდერის პირობების მიხედვით: „ლედმონიტორის მიწოდება-მონტაჟის ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მიმწოდებლის მიერ ლედმონიტორის სამონტაჟო სამუშაოებისათვის საჭირო დროებითი ნებართვების მიღებიდან 35 კალენდარული დღე;
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში მიმართოს ლედმონიტორის სამონტაჟო სამუშაოებისთვის საჭირო დროებითი ნებართვების მისაღებად შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს და მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები წარმოუდგინოს შემსყიდველს.
ლედმონიტორის სამონტაჟო სამუშაოებისთვის საჭირო ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის გაყვანისთვის აუცილებელი სამუშაოები (ტრანშეის გათხრა, ტროტუარზე ქვაფენილის დემონტაჟი/მონტაჟი, გამწვანება და სხვა) და მათი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით ხელშეკრულების საერთო ღირებულების ფარგლებში“.
სტადიონის საპარკინგე სივრცე 1200 ავტომობილზეა გათვლილი. პარკინგზე მოხვედრა ბილეთით იქნება შესაძლებელი.
ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის.
მთავრობის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა პირბადის ტარების წესში და თუ აქამდე მთავრობის დადგენილებაში ეწერა, რომ სასწავლო დაწესებულებებში სავალდებულო იყო პირბადის ტარება, ამ ცვლილებით ჩამონათვალიდან სასწავლო დაწესებულებები ამოღებულია.
თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის განახლებისთვის აუცილებელი იქნება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება. ასეთი რეკომენდაციები სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის ჯერ შემუშავებული არ არის.
დღეს მოქმედი „პირბადის ტარების წესით“, პირბადის გამოყენება აუცილებელია დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ:
[checklist]
საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში; ასევე შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
საერთო სარგებლობის ლიფტებში;
სავაჭრო ობიექტებში;
[/checklist]
ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას;
„ამ წესის მიზნებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გულისხმობს მგზავრთა გადაყვანას სატრანსპორტო საშუალებით (საავტომობილო (M2, M3 კატეგორია), სარკინიგზო, მეტროპოლიტენი, საბაგირო). მათ შორის იგულისხმება, როგორც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, აგრეთვე, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს ან/და ქალაქს შორის“.
წესის მიხედვით, აღნიშნულ შემთხვევებში დასაშვებია როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის გამოყენება.
12 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში გაიმართა. ღონისძიებას პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის გარდა, „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პარტიის ლიდერები, მოწვეული სტუმრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქვეყნის მასშტაბით, 30 სამაჟორიტარო ოლქიდან ამ ეტაპზე დეპუტატობის მხოლოდ 25 კანდიდატი დასახელდა, რომელთა შორის 6 ქალია. რაც შეხება აჭარას, რეგიონიდან მანდატებისთვის ირაკლი კუპრაძე, ჯამბულ ხოზრევანიძე და პაატა ცივაძე იბრძოლებენ.
ირაკლიკუპრაძე – საჯარო სამართლის იურისტი. სამოქალაქო აქტივისტი. თსუ-სა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. წლების განმავლობაში იბრძოდა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე: შრომითი უფლებები, მწვანე პოლიტიკა. იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და თანადამფუძნებელი.
ჯამბულხოზრევანიძე – ფრანკოს სახელობის ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. იგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, ასევე ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
პაატაცივაძე – იურისტი, სამართალმცოდნე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტი. განათლება მიღებული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებელში. არის სახალხო მოძრაობის “იყავი აქტიური საქართველოში” დამფუძნებელი და თანამედროვე ტექნოლოგიების პროექტის გენერალური დირექტორი.
ირაკლი კუპრაძე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისაქართველოს პარლამენტში:
“ჩვენი გუნდის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან ის ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებთ არაერთი გაკეთებული საქმე, იქნება ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა, დასაქმება, ადამიანის უფლებები, კორუფცია, ეკოლოგია თუ სხვა. ეს არის გუნდი, რომელიც აერთიანებს გამოცდილებასა და ახალგაზრდული ბრძოლის სურვილს, ჩვენ თითოეულ ოლქში საზოგადოებას შევთავაზეთ ღირსეული კანდიდატი, რომელიც იქნება რეალური ხალხის ხმა საქართველოს პარლამენტში. ახალი ძალა, ახალი იმედი, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ამ გუნდის ფორმირების პროცესში , რომელსაც აქვს იმის უნარი, ცოდნა და კვალიფიკაცია, რომ ქვეყანა გამოიყვანოს იმ ორპოლუსიანი, მძიმე ჭაობიდან, რომელშიც ის იმყოფება.
ჩვენ შევდივართ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელშიც აჭარა იქნება მთავარი ფრონტის ხაზი, თითოეული ჩვენგანი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და მზად ვართ შევიდეთ ამ მძიმე პროცესში, მოვივლით ყველა ეზოს, სახლს, მივალთ თითოეულ ოჯახში, მოვუსმენთ ყველა ადამიანს, რათა მათი ნდობა სრულიად გავამართლოთ წარმომადგენლობით ორგანოში.
რაც შეეხება კონკრეტულად აჭარიდან წარდგენილ კანდიდატებს: ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის სამაჟორიტარო ოლქში მანდატისთვის ჯამბულ ხოზრევანიძე იბრძოლებს, ეს არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის მთიანი აჭარის გამოწვევები, აქვს უდიდესი გამოცდილება, რომელიც დაეხმარება მას იყოს მთიანი აჭარის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში, გაახმიანოს თითოეული ადამიანის პრობლემა უმაღლესი ტრიბუნიდან და ჩვენს გუნდთან ერთად იფიქროს მოგვარების გზებზე. მისი ჩვენს გუნდში მოსვლის დღიდან ვხედავ, თუ რამხელა პოზიტივი არსებობს მის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ის დაასრულებს ფეოდალიზმს მთიან აჭარაში.
ასევე გამორჩეული კანდიდატი გვყავს ქობულეთში, პაატა ცივაძეს გააჩნია უდიდესი გამოცდილება სხვადასხვა სფეროში მუშაობის, ის კარგად იცნობს ქობულეთელების პრობლემებს, მისი ცოდნა, კვალიფიკაცია და საქმისადმი დამოკიდებულება არის გარანტია იმისა, რომ ქობულეთს ეყოლება გამორჩეული ლობისტი საქართველოს პარლამენტში.
ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე ჩემი ქალაქის ხმას საქართველოს პარლამენტში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული ბათუმელის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. მივალ თითოეულ ბათუმელთან, ყველა უბანში, სახლში ეზოში, რათა ავუხსნა ბათუმელებს, თუ რის გაკეთებას ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთად, მე შევედი ამ ბრძოლაში და მაქვს ჩემი თანაქალაქელების იმედი, რადგან ზუსტად ვიცი, რომ მათ არ მოსწონთ ჩაბეტონებული ქალაქი, ჩაწყობილი ტენდერები, რეკრეაციული სივრცეების არარსებობა და აწუხებთ სხვა უამრავი პრობლემა, რომელიც დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქალაქს გააჩნია“.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს აჭარის უმაღლეს საბჭოში, პარტია მათ უახლოებს მომავალში დაასახელებს.
განათლების სამინისტრომ 2020-2021 სასწავლო წლისთვის უმაღლეს სასწავლებლებში აკრედიტებული ის პროგრამული მიმართულებები დაასახელა, რომლებშიც სტუდენტების სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ათ უნივერსიტეტს შორის არის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. ამ მიმართულებების დასაფინანსებლად ბსუ 967 500 ლარს მიიღებს.
ბსუ-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წელს უნივერსიტეტში პროგრამების მიხედვით ადგილების რაოდენობა, რომლებზეც სტუდენტს სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებენ, სულ 430-ია.
დაფინანსებული პროგრამები და გამოყოფილი კვოტები ბსუ-ში
აგრარული ტექნოლოგიები – 50 ადგილი
ბიოლოგია – 30 ადგილი
ეკონომიკა – 40 ადგილი
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 80 ადგილი
ისტორია – 50 ადგილი
მათემატიკა – 25 ადგილი
მშენებლობა – 50 ადგილი
ფიზიკა – 10 ადგილი
ქართული ფილოლოგია – 80 ადგილი
ქიმია – 15 ადგილი
ბსუ-ს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ოთხივე კურსზე დაფინანსება მიიღო 1 535-მა სტუდენტმა.
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის 28-29 ივლისის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების აღდგენას დაახლოებით 40 მილიონი ლარი დასჭირდება. ეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებია. შესაბამის მომსახურებას დეპარტამენტი ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის, რაზედაც შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობაც აქვს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განაცხადში აღნიშნულია, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო, აღდგენითი სამუშაოები და მათთან დაკავშირებული მომსახურება, სავარაუდოდ, ეტაპობრივად დასრულება 2021 წლის ოქტომბრის თვეში“.
„2020 წლის 28-29 ივლისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებული მდინარე რიონის მიერ დაზიანებული და ჩაწყვეტილი იქნა ცენტრალური შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ნაკიეთი შოვის მონაკვეთზე მიწის ვაკისის ცალკეული სექციები, ასევე დაზიანებული იქნა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგზალოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ცალკეული მონაკვეთები და შეწყდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.
დეპარტამენტის განცხადებით, „აღნიშნული გზის ფუნქციონირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე ტურისტული თვალსაზრისით“, ხოლო „აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უმოკლეს ვადებში აღდგენა წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესს“.
„შესყიდვების სატენდერო პროცედურების დაცვით განხორციელების შემთხვევაში, სატენდერო პროცედურების ჩატარებისთვის საჭირო პერიოდის(დაახლოებით 50-70 დღე), ასევე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების (არ შედგა, დასრულდა უარყოფითი შედეგით) გათვალისწინებით, არსებობს რისკი იმისა, რომ შემჭიდროვებულ ვადაში ვერ იქნას მიღებული ღონისძიების შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი შედეგები, რითაც შეფერხდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც წინააღმდეგობაში მოვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებთან, ვინაიდან, შესყიდვების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია ობიექტზე არსებული მძიმე პირობების მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღმოფხვრის აუცილებლობით“, – აღნიშნული იყო შესყიდვების გვერდზე, გზების დეპარტამენტის განაცხადში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში გრძელდება სამუშაოები მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და საავტომობილო მოძრაობისთვის ეწყობა დროებითი გადასასვლელები.
სტიქიის შედეგების ამსახველი კადრები ნახეთ ამ ბმულზე:
https://netgazeti.ge/news/470795/
მთავარი ფოტო: სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა რაჭაში / ფოტო: გზების დეპარტამენტი
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები პარასკევს, 14 აგვისტოს, იმსჯელებენ რა რეაგირება მოახდინონ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, როცა საპროტესტო აქციები ქვეყანაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩაახშეს.
ევროკავშირმა შესაძლოა თავიდან აამოქმედოს გაუქმებული სანქციები ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. თუმცა, როგორც BBC წერს, ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები შიშობენ, ამით არ უბიძგონ ბელორუსს ეძებოს გამოსავალი რუსეთის მხარდაჭერაში.
საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოთათბირი ბელორუსის თემის განსახილველად პოლონეთის ინიციატივით გაიმართა, რასაც ბალტიის ქვეყნებმა და ფინეთმაც დაუჭირა მხარი.
„ჩვენ უნდა ვუბიძგოთ ლუკაშენკოს აირჩიოს მშვიდობიანი გზა, დაამყაროს ურთიერთობა დასავლეთთან და ევროკავშირთან, რა თქმა უნდა, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სანქციებისგან თავის დაღწევა რთული იქნება“, – თქვა ამ კვირის დასაწყისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ცაპუტოვიჩმა.
კვირის დასაწყისში სანქციების ამოქმედების შესახებ განაცხადა ასევე ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელიმაც.
„ვაკვირდებით ბელორუსის ხელისუფლების ქმედებებს ახლანდელ სიტუაციაში და ვგეგმავთ სიღრმისეულ ცვლილებებს ბელორუსისა და ევროკავშირის ურთიერთობაში. ეს გადაფასებები შესაძლოა შეეხოს ძალადობაზე, უსაფუძვლო დაკავებებსა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე პასუხისმგებელ პირებს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.
გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა სამიტებზე მიიღებენ, საგარეო საქმეთა მინისტრები შეათანხმებენ ქვეყნების პოზიციებს და მოამზადებენ პროექტს სამიტის გადაწყვეტილების მიხედვით.
როგორც BBC წერს, სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ევროპულმა და ამერიკულმა სანქციებმა წლების განმავლობაში ვერ შეცვალა ლუკაშენკოს დამოკიდებულება პოლიტიკურ და სამოქალაქო თავისუფლებასთან, რისი დადასტურებაცაა ოპოზიციის მიმართ რეპრესიები ბელორუსში.
ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ბელორუსში, ნაიჯელ გულდ დეივისი არ ეთანხმება აზრს, რომ სანქციებს საერთოდ არ უმოქმედია ბელორუსიის მდგომარეობაზე.
“ძალიან აშკარა იყო, რომ ლუკაშენკოს ერჩია სანქციები საერთოდ არ ყოფილიყო, იმის მიუხედავად, რომ სანქციები მისთვის სერიოზულ ბარიერად არ ქცეულა, როცა ის წყვეტდა დაემყარებინა კონტროლი და აეცილებინა საფრთხე საკუთარი ძალაუფლებისთვის“, – ამბობს ნაიჯელ გულდ დეივისი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არამხოლოდ საკუთარი რეაქცია გამოხატოს მომხდარის შესახებ, არამედ იმოქმედოს პროაქტიურად, თუნდაც არასაჯარო კონტაქტებით ბელორუსულ მხარესთან, რომ გამოიკვეთოს რა ახალი ზომები იქნება მიღებული ბელორუსის ხელისუფალთა საპასუხოდ.
ევროკავშირი 1997 წლიდან ატარებს ბელორუსის მმართველი პირების წინააღმდეგ სანქციებს, რომლებსაც პერიოდულად ამკაცრებს ან ამსუბუქებს.
სანქციები ძირითადად პერსონალური იყო და ითვალისწინებდა გადაადგილების შეზღუდვასა და აქტივების გაყინვას ევროკავშირის ქვეყნებში.
2016 წელს ევროკავშირმა გააუქმა ლუკაშენკოსა და 169 ბელორუსი ჩინოვნიკის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები, მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ოთხი კომპანია.
სანქციები მოიხსნა მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში შუამავლის როლი შეითავსა და უარი თქვა ღიად დაეჭირა მხარი რუსეთისთვის უკრაინასთან ურთიერთობის საკითხებში.
ევროკავშირის სანქციებისგან ბელორუსში ამჯერად მოქმედებს ემბარგო იარაღზე და ყველა იმ საშუალებებზე, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას შიდა რეპრესიებისთვის.
ასევე პერსონალური სანქციები ბელორუსში მოქმედებს მხოლოდ 4 ადამიანზე, ყოფილ ძალოვანებზე, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ 1999-2000 წლებში ლუკაშენკოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების: ვიქტორ გონჩაროვის, იური ზახარენკოსა და დიმიტრი ზავადსკოის მკვლელობაში.
ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე, მკვლელობის მსხვერპლი გონჩაროვი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი იყო, ზახარენკო – შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ზავადსკოი კი – ტელეჟურნალისტი.
ბელარუსმა მწერალმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა სვეტლანა ალექსიევიჩმა დღეს ლუკაშენკოს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „წადი, სანამ გვიანი არ არის“.
___
2020 წლის 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო. ლუკაშენკო 26 წელია მართავს ბელორუსს.
პროტესტულად განწყობილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ლუკაშენკოს პრეზიდენტად მიღებას. არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს, ოფიციალური ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.
ბათუმის საკრებულომ დღეს, 13 აგვისტოს, ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით ბიუჯეტი მთლიანობაში 26 625 570 ლარით შემცირდა.
თუმცა, შემოსულობების ნაწილში, ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაგეგმილთან შედარებით 39 856 200 ლარით ნაკლებს მიიღებს, ეს დანაკლისი კი, დამატებით მიღებული ტრანსფერით ნაწილობრივ შეივსო.
ბიუჯეტის ცვლილებას დღევანდელ საგანგებო სხდომაზე მხარი 16-მა წევრმა დაუჭირა [უმრავლესობამ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა და რაულ თავართქილაძემ]. ბიუჯეტში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს სამმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ .
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, „წარმოდგენილი ბიუჯეტი პასუხობს ყველა გამოწვევას. ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის განვითარებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების სწრაფი ტემპებით განხორციელებას“.
მიუხედავად ამ განცხადებისა, არაერთი დაგეგმილი პროექტი, რომელთა დასრულებაც მიმდინარე წელს იყო დაგეგმილი, მომავალი წლისთვის გადაიდო.
მაგალითად, ბათუმში, ე.წ. „ბარცხანის“ ავარიული ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსება წელს 1 მილიონ 22 ათას 600 ლარით შემცირდება [შესყიდვის სამუშაოთა წარმოების გრაფიკიდან გამომდინარე ხდება მრავალწლიანი (2020-2021 წწ.) პროექტი – აღნიშნულია განმარტებით ბარათში];
ასევე, ინასარიძის ქუჩა #3-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება წელს შემცირდება 100 ათასი ლარით [გადავიდა 2021 წელს] და სხვ.
ბიუჯეტის ცვლილებების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შემცირებულ/გაუქმებულ იქნა რიგი პროგრამები და ქვეპროგრამები.“ თუმცა, გაუქმდა რამდენიმე სოციალური პროგრამაც.
2020 წელს ბათუმის ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება ფილტვის კიბოს სკრინინგი, რისთვისაც 52 500 ლარი იყო გათვალისწინებული. არ დაფინანსდება ასევე მზრუნველობასმოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება/ჰოსპისი ბინაზე, რისთვისაც 64 000 ლარის დახარჯვა იყო დაგეგმილი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აღარ დაფინანსდება პერსონალური ასისტენტების გადამზადება, რისთვისაც 14 400 ლარი იყო გათვალისწინებული. ბიუჯეტიდან ამოიღეს ასევე სმენადაქვეითებულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახის წევრებისთვის ქართული ჟესტური ენის სწავლება 5 თვის განმავლობაში [8 438 ლარი] და პერსონალური ასისტენტების მიერ სერვისის მიწოდება შშმ პირებისათვის 6 თვე 12 პირისათვის [21 600 ლარი].
ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მიმდინარე წლის დასაწყისში ფილტვის კიბოს სკრინინგზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, შემდეგ კი პანდემიის პერიოდი დაიწყო. სხვა ღონისძიებებიც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ვერ განხორციელდა, ამიტომ მათი დაფინანსება ბიუჯეტიდან ამოიღეს“.
მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რაც შეეხება, სამუშაოები გაგრძელდება, თუმცა მერია წელს ვერ ახერხებს სესხის პროცენტისა და ძირის დაფარვას იმ გეგმით, რაც თავიდანვე იყო განსაზღვრული. შესაბამისად, ქალაქის ეს ვალდებულებები მომდევნო წელში გადავა.
ქალაქი წელს არ გადაიხდის 5 186 300 ლარს, რითაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული სესხების საპროცენტო ხარჯები უნდა დაეფარა, ასევე წელს არ გადაიხდის 19 075 000 ლარს, ამავე ბანკიდან მიღებული სესხების ძირი თანხის დასაფარად. როგორც მერიის დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ვალდებულებები გადავადდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის ივლისის განკარგულების საფუძველზე.
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები – 670 000 ლარით,
შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში (უზურფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან – 600 000 ლარით,
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 23 000 000 ლარით,
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის – 600 000 ლარით,
ჯარიმები, სანქციები და საურავები მცირდება – 400 000 ლარით,
შემოსულობა მიწის გაყიდვიდან – 3 000 000 ლარით [მცირდება წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი].
[/toggle]
შემოსულობები იზრდება გრანტის სახით მიღებული სპეციალური ტრანსფერით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 2 019 730 ლარით [ეს თანხა, როგორც დოკუმენტშია მითითებული, ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50% გადახდის მიზნით გამოიყო]; ბათუმის ბიუჯეტი დამატებით მიიღებს 10 300 000 ლარს აჭარის ბიუჯეტიდან, ამასთან, დაგეგმილია სანებართვო მოსაკრებლის ზრდა 350 ათასი ლარით და პროცენტების ზრდა 560 900 ლარით.
[toggle title=”ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც წელს ბათუმში აღარ დაფინანსდ(ებ)ა, სრულად ნახეთ აქ:“]
ღონისძიებები, რომლებიც წელს ბათუმში აღარ დაფინანსდ[ებ]ა – იმ თანხის მითითებით, რაც გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში:
მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარება – საინფორმაციო მასალების დამზადება და გავრცელება – 70 000 ლარი;
ზ.გორგილაძის ქუჩის მონაკვეთებში მხედველობადაქვეითებულებისთვის განკუთვნილი ბილიკის მოწყობა და ქუჩის მთელ პერიმეტრზე გადასასვლელებზე ტროტუარის ბორდიურის სიმაღლის დაწევა ნულოვან ნიშნულზე – 119 734 ლარი;
წყლის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა -2 500 ლარი;
ეზოების შესასვლელში ახალი ჭიშკრების შეძენა-მონტაჟი – 30 000 ლარი;
ქ. ბათუმში 26 მაისის ქ#106-ში მდებარე საოჯახო ტიპის სახლისა და ეზოს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები – 145 000 ლარი;
ა(ა)იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსთვის ავტომანქანის შეძენა – 110 000 ლარი და კომპიუტერული ტექნიკის შეძენა – 14 400 ლარი;
ქალაქის გაფორმების ღონისძიებები: ნატვრის ხე (მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დაფინანსება) – 40 000 ლარი; წინა პერიოდის დავალიანების დაფარვა – 30 885 ლარი;
ა(ა)იპ – ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება: სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების თანამშრომელთა ტრენინგები – 40 000 ლარი, სათამაშოები – 178 071 ლარი, რბილი ინვენტარის, უნიფორმისა და პირადი ჰიგიენის საგნების შეძენის ხარჯები – 82 600 ლარი, ჭურჭელი და ავეჯის აქსესუარები – 200 000 ლარი, ავეჯი – 178 071 ლარი, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის ელექტროტექნიკის შეძენა – 44 000 ლარი;
პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობა – 38 000 ლარი;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორ-მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების/საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა – 30 000 ლარი; საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებების ბათუმში ჩატარების მხარდაჭერა – 10 000 ლარი;
მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა: სპორტული ინვენტარი – 7 500 ლარი, ტურნირის ორგანიზება – 2 100 ლარი, საპრიზო ფონდი – 11 400 ლარი, ეზოს ფეხბურთის ნაკრები გუნდის გამგზავება გერმანიაში (ავიაბეილეთები) – 9 240 ლარი;
სპორტული ფესტივალი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში – „დედა, მამა და მე – სპორტული ოჯახი” ფესტივალის ორგანიზება – 9 100 ლარი, საპრიზო ფონდი – 30 900 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტის ფესტივალის ორგანიზება – 7 430, საპრიზო ფონდი – 8 570 ლარი;
აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო სკოლა – ტურნირის ორგანიზება – 710 ლარი, საპრიზო ფონდი – 2 600 ლარი;
ფუტსალი და საპლაჟო ფეხბურთი – შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება – 75 300 ლარი, სპორტული ინვენტარი და აღჭურვილობა
– 30 000 ლარი, მასობრივი სპორტული ფესტივალი ფუტსალსა და საპლაჟო ფეხბურთში – 140 000 ლარი, ქუჩის კალათბურთი (მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დაფინანსება) – 40 600 ლარი;
საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა – 300 000 ლარი;
ბათუმელი სპორტსმენების/მწვრთნელების ფინანსური მხარდაჭერა – 21 000 ლარი;
ა(ა)იპ საჭადრაკო კლუბი “ნონა”: კლუბის მოწვეული წევრების შრომის ანაზღაურება – 35 170 ლარი, ევროპის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობა – 32 000 ლარი, საერთაშორისო ნორმიანი ტურნირის ორგანიზება – 37 300 და 43,700 ლარი, სპორტული ინვენტარი – 3 000 ლარი;
ბათუმი სპორტის ქალაქი – პროექტების მხარდაჭერა – 60 000 ლარი;
ბათუმის სპორტული ცენტრი: პრინტერი, სკანერი ასლგადამღები – 3 000 ლარი, სპორტული ცენტრის ბაზაზე ჰოკეის სექციის განვითარება/ბათუმის ღია ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში – 8 000 ლარი, ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება – 5 000 ლარი, სპორტული ინვენტარი (ჰოკეის აღჭურვილობა) – 38 000 ლარი, სპორტული ცენტრის ბაზაზე ფიგურული ციგურაობის სექციის განვითარება/ბათუმის ღია ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში – 5 000 ლარი, ციგურების შეძენა (სამოყვარულო – პროფესიული) – 20 000 ლარი, სანიჩბოსნო სპორტის სექციის განვითარების ხელშეწყობა/სპორტული საქონელი (სპორტული ნავები) – 30 000 ლარი;
ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი (მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დაფინანსება) – 194 598 ლარი;
კულტურული ღონისძიებების მართვა ადამიანური რესურსების გადამზადება (სწავლება) – 3 900 ლარი, უსაფრთხოების დაცვის ხარჯი – 35 000 ლარი;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – 80 000 ლარი;
1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები – 50 000 ლარი;
ბათუმობის ღონისძიებები – 500 000 ლარი;
საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერა: „მოზარდთა ხელოვნების I საერთაშორისო მეგობრობის ფესტივალი“ – 15 000 ლარი, შავი ზღვის საერთაშორისო საოპერო კონკურსი „ოქროს ხმა“ საერთაშორისო ფესტივალის „ბათუმური რაფსოდია“-ს ჩარჩოებში – 60 000 ლარი, „ბათუმი თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები” – 100 900 ლარი; „გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი“ – 20 100 ლარი, „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი” – 80 000 ლარი, ბათუმის მინი ფილმების ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს კადრი“ – 30 000 ლარი, მუსიკალური ფესტივალი – „Black Sea Sound” – 15 000 ლარი [დაგეგმილი ფესტივალებიდან წელს მხოლოდ „საავტორო კინოს ბათუმის XV საერთაშორისო კინოფესტივალი -BIAFF” ჩატარდება, რომლის დაფინანსება 114 000 ლარით შემცირდა]
ფოლკლორის ხელშეწყობა: “განდაგანა” – 170 000 ლარი, სასცენო-საცეკვაო კოსტიუმების შესყიდვა – 10 000 ლარი, საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება – 135 000 ლარი, მუსიკალური ინტსრუმენტის (სინთეზატორი) შეძენა – 4 000 ლარი, ხმის გამაძლიერებელი (მიქშერი)
– 2 500 ლარი,;
თანამედროვე მუსიკის ხელშეწყობა: გასტროლების დაფინანსება – 80 000 ლარი [დაემატა ახალი ღონისძიება – ფესტივალი ,,ზაფხული ბათუმში”, რისთვისაც 250 600 ლარი დაიხარჯება];
კლასიკური მუსიკის განვითარება – 39 200 ლარი, ქალთა კამერული გუნდის გასტროლი საქართველოს მასშტაბით – 9 500 ლარი, ქალთა კამერული გუნდის გასტოლი ავსტრია – 80 000 ლარი;
ხელოვანთა ხელშეწყობა გამოფენებისა და გასტროლების დაფინანსება – 15 000 ლარი;
ქ. ბათუმში 26 მაისის ქუჩა N19-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 184 000 ლარი;
ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია/ფილტვის კიბოს სქრინინგი – 52 500 ლარი;
მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება/ ჰოსპისი ბინაზე – 64 000 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება/პერსონალური ასისტენტების გადამზადება – 14 400 ლარი, სმენადაქვეითებული ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახის წევრებისათვის ქართული ჟესტური ენის სწავლება 5 თვის განმავლობაში – 8 438 ლარი, პერსონალური ასისტენტების მიერ სერვისის მიწოდება შშმ პირებისათვის 6 თვე 12 პირისათვის – 21 600 ლარი;
მუნიციპალური უფასო სასადილო/ბენზეს დასახლებაში არსებული სასადილოს სარემონტო სამუშაოები – 200 000 ლარი;
მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები/უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველებისათვის საპატრონაჟო ღონისძიებები – 60 000 ლარი;
ბათუმის მდგრადი განვითარების ფორუმი – 50 000 ლარი;
ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების სააგენტო – მაღალი გამავლობის ავტომანქანის შეძენა – 55 000 ლარი, საოფისე შენობის სარემონტო სამუშაოები – 30 000 ლარი;
[/toggle]
მთავარი ფოტო: ბათუმის საკრებულოს საგანგებო სხდომა / 13.08.2020 / ფოტო: საკრებულო
ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეკრებილ ახალგაზრდებსა და სტუმრებს თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით მიმართა და მიულოცა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე!
ფორუმის მიზანს „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალო ჩართვა წარმოადგენდა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ირწმუნება, რომ საქართველოს ნავსადგურები – (ბათუმის და ფოთის პორტები, ყულევის ტერმინალი) არ ასაჯაროებენ ინფორმაციას პორტებში ჩატარებული კომპლექსური შემოწმების შედეგების შესახებ. „ბათუმელები“ ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა და რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ბათუმის პორტიდან გაიტანეს 2013 წელს.
ბეირუთის ტრაგედიასთან ბათუმის პორტიდან გატანილი ტვირთის კავშირმა, ასევე იმან, რომ ნავსადგურში სრულდება კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა, სადაც დასაწყობდება ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის, ამონიუმის ნიტრატიც, კიდევ უფრო გააღრმავა ქალაქში შიშები, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები თავად ბათუმის პორტში.
სწორედ ამ შიშებზე საპასუხოდ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 5 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში პორტებს ყოველწლიურად და კომპლექსურად ამოწმებენ.
რამდენად იცავენ უსაფრთხოების სტანდარტებს როგორც ბათუმის, ისე ქვეყნის სხვა პორტებში? – სწორედ ამის შესწავლის მიზნით გამოითხოვა “ბათუმელებმა” 2010 წლიდან დღემდე ჩატარებული კომპლექსური შემოწმების მასალები. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან დღეს, 13 აგვისტოს, გვაცნობეს, რომ ამ დოკუმენტების მოწოდება არ შეუძლიათ.
„ვინაიდან, თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს იმ პირის (ორგანიზაციის) თანხმობას, რომლის მიმართაც არის ის შედგენილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიმართა საქართველოს ნავსადგურებს ინფორმაციის გაცემაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ნავსადგურებმა უარი განაცხადეს სააგენტოს მიერ ნავსადგურებში ჩატარებული კომპლექსური შემოწმების დასკვნების გაცემის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია,“ – მოგვწერეს პასუხად სააგენტოდან.
შესაბამისად, საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია, რა წერია კომპლექსური შემოწმების მასალებში და თუ ყველაფერი რიგზეა, რატომ არ ასაჯაროებენ ამ მასალებს პორტები?
საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცულობაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც 4 აგვისტოს ბეირუთში ამონიუმის ნიტრატით დატვირთული გემი აფეთქდა.
მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემი RHOSUS-ი 2013 წელს ბათუმის პორტიდან გაემგზავრა მოზამბიკის მიმართულებით. გემზე 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი იყო. გემი ლიბანში, ბეირუთის პორტში გაჩერდა, ინსპექტირების შემდეგ RHOSUS-ი დააკავეს და მას პორტის დატოვების უფლება აღარ მისცეს. RHOSUS-ის, დაკავების შემდეგ, გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა – გემი, ეკიპაჟი და ტვირთი კი ბეირუთის პორტში მიატოვა. გემი 6 წლის განმავლობაში იყო ბეირუთის პორტში გაჩერებული.
ბეირუთში მომხდარი დამანგრეველი აფეთქებიდან 1 კვირის თავზე ლიბანის მთავრობა გადადგა. მთავრობის გადადგომას წინ უძღოდა ანტისამთავრობო პროტესტი და შეტაკებები. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ იმ პოლიტიკოსების და პასუხისმგებელი პირების დასჯას, ვისი გულგრილობის და უყურადღებობის შედეგადაც ქალაქის ცენტრში 6 წლის განმავლობაში იყო უყურადღებოდ მიტოვებული ათასობით ტონა ამონიუმის ნიტრატი.
რა წერია ბათუმის პორტის 2013 წლის შემოწმების მასალებში გემ RHOSUS-ზე
ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ გემი RHOSUS-ი ამონიუმის ნიტრატით ბათუმში დაიტვირთა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საკითხი – ჩატარდა თუ არა გემის ინსპექტირება ბათუმის პორტში და ჰქონდა თუ არა მას ნაოსნობის უფლება.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ 2013 წლის სექტემბერში გემმა ბათუმის პორტი წესების სრული დაცვით დატოვა.
„გემი უკანასკნელად საქართველოში იმყოფებოდა 2013 წლის 21-28 სექტემბერს, რის შემდეგაც მან დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები და გაემართა მოზამბიკის მიმართულებით. გემის ინსპექტირება ბათუმის ნავსადგურში განხორციელდა ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ინსპექტორების მიერ შავი ზღვის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში (BS MoU) 2013 წლის 23 სექტემბერს. აღნიშნული შემოწმებისას დაფიქსირდა 11 შენიშვნა, რომელთაგან 7 შენიშვნაზე მიეცათ გამოსწორების ვადა ნავსადგურიდან გასვლამდე, 2 შენიშვნაზე – 14-დღიანი ვადა, ხოლო 2-ზე – შემდეგ ნავსადგურში გამოსწორების მითითებით.
აღნიშნულის შემდგომ, 2013 წლის 26 სექტემბერს, ჩატარდა გემის განმეორებითი ინსპექტირება, შეუსაბამობების აღმოფხვრის შემოწმების მიზნით. ინსპექტირების დროს დადგინდა, რომ შვიდივე შენიშვნა, რომლებიც უნდა გამოსწორებულიყო გემის ნავსადგურიდან გასვლამდე – აღმოიფხვრა. გემის დატვირთვის შემდგომ წარმოდგენილი სატვირთო და სხვა სავალდებულო დოკუმენტაციის საფუძველზე გემს მიეცა თავისუფალი ნაოსნობის უფლება,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.
საქართველოს განათლების მინისტრმა, 11 აგვისტოს ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წელს სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დაამტკიცა.
სამინისტრომ ასევე დაამტკიცა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებში აკრედიტებული ის პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
2020-2021 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსებისთვის 10 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ჯამში 12 723 750 ლარს მიიღებს.
აქედან:
[checklist]
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2 524 500 ლარი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 3 966 750 ლარი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 900 000 ლარი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2 124 000 ლარი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 967 500 ლარი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 562 500 ლარი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 587 250 ლარი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 659 250 ლარი
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 207 000 ლარი
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 225 000 ლარი
[/checklist]
მინისტრის ბრძანების მიხედვით:
უმაღლესი სასწავლებელი შესაბამისი დაფინანსებისა და პროგრამების ფარგლებში [ეს პროგრამები იხილეთ ქვემოთ ცხრილში] არაუგვიანეს შესაბამისი სასწავლო წლის 15 ნოემბრისა და 15 აპრილისა ამტკიცებს ადგილების რაოდენობებს, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს დააფინანსებს სახელმწიფო.
დაფინანსება უმაღლეს სასწავლებელს ეძლევა შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობის ვადით – ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;
უმაღლეს სასწავლებელს უფლება აქვს დაფინანსება მიმართოს:
[checklist]
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ამ ბრძანებით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად;
იმ სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, რომლებიც აღიდგენენ სტუდენტის სტატუსს ან ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან მობილობის/შიდა მობილობის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სრულად არ შეივსება სასწავლებლის მიერ დამტკიცებული იმ ადგილების რაოდენობა, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს აფინანსებს სახელმწიფო.
[/checklist]
აღნიშნულ ადგილებზე ჩარიცხული ყოველი სტუდენტის [გარდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ან სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტისა] სწავლის დასაფინანსებლად:
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ჩაერიცხება არაუმეტეს 2 250 ლარი;
ხოლო, თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 250 ლარისა.
თუ კონკრეტულ პროგრამაზე სწავლის საფასური ნაკლებია 2 250 ლარზე, სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურს.
2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო:
მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 წლამდე ასაკის ბავშვი დღეს, 13 აგვისტოს, გარდაიცვალა. ბავშვი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციის განყოფილებაში სამი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
დღეს გარდაცვლილი ბავშვი 10 აგვისტოს მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული 3 ადამიანის ოჯახის წევრია. ავტომანქანა 10 აგვისტოს ღამეს ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის დაღუპული ოთხი წევრიდან ორი ბავშვია.
დაკავებულია მძღოლი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია ერთი მძღოლი, რომელიც ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. მეორე პირი ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა, რომელიც მეზობელ ქვეყანაში იყო დასაქმებული.
ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა და ორივე მათგანი კარანტინში იმყოფებოდა.
დღესვე გამოჯანმრთელდა 1 პირი.
დღეის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.
13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 10.
მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1068 გამოჯანმრთელდა, 17 – გარდაიცვალა.
ბათუმში ახალგაზრდებმა გაზეთი „ჭაობი“ გამოსცეს. „ჭაობი“ ზაფხულის ცხელ დღეებში მზადდებოდა ბათუმისთვის“ – წერია სეზონური, ხელნაკეთი გამოცემის საპრეზენტაციო ტექსტში. „ჭაობის“ პრეზენტაცია დღეს, 12 აგვისტოს, გაიმართა ბათუმის ზღვისპირა ბარში.
12-გვერდიან გამოცემას ფრანგი და ქართველი ავტორები ჰყავს, მათ შორის, ლორენ ვენი და ზურა აბაშიძე. გამოცემა ორენოვანია – ინგლისურ-ქართული.
გაზეთი გამომცემლებმა საკუთარი სახსრებით დაბეჭდეს ჩვეულებრივ პრინტერზე, თითოეული ეგზემპლარის ხელით ილუსტრირებაში კი მეგობრები და თანამოაზრეები დაეხმარნენ, დაამზადეს სულ 100 ეგზემპლარი.
„ჭაობი“ უფასოდ გავრცელდება ბათუმის კაფე-ბარებში.
როგორც „ჭაობის“ ავტორები ამბობენ, გამოცემას არ აქვს ფინანსური და პოლიტიკური მიზნები და მათ უბრალოდ ახალგაზრდების ხმის მიწვდენა სურთ მკითხველისთვის. გაზეთი სეზონურად გამოვა გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომასა და ზამთარში.
ბარი Conte Beach, სადაც „ჭაობის“ პრეზენტაცია გაიმართა
გაზეთში გაეცნობით რედაქტორის სვეტს, ამბავს ბათუმელ მოხუც ქალზე, რომელსაც ფეხი სტკივა, გარეთ ვერ გადის და წვიმა ახალისებს, გაეცნობით ბათუმელი ლგბტქი თემის წევრების ისტორიებს, რომლებიც თბილისში მიემგზავრებიან ხოლმე ქვიარ საღამოებზე დასასწრებად, რადგან საკუთარ ქალაქში ამ ტიპის თავისუფლებისთვის სივრცე არ აქვთ.
გამოცემის ერთ-ერთი ავტორი ბათუმში მცხოვრები ფრანგი გოგოა, ლორენ ვენი, რომელიც წერს საკუთარ გამოცდილებაზე, როგორია ევროპელისთვის ცხოვრება საქართველოში.
„ჭაობი“ საინტერესო რჩევებს სთავაზობს ბათუმში ერთი საინტერესო დღე-ღამის გატარების მსურველებსაც, სადაა შესაძლებელი გემრიელად სადილობა, სად ღირს საცეკვაოდ ან ალკოჰოლის მისაღებად წასვლა და ა.შ.
„ჭაობის“ პრეზენტაციაზე Conte Beach-ში ლაივ ჰიპ-ჰოპ პერფორმანსი გამართა მარტისტმა – Biggie Brase და Affordance – 303Hz-ის სტუდენტმა, მინიმალიზმისა და ექსპერიმენტული ხელოვნების მიმდევარმა.
12 აგვისტოს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც ცვლილებები შევიდა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ გარდამავალ დებულებებში. დებულებებს დაემატა 2 პუნქტი, რომლებიც უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ეხება.
ახალი ცვლილებით:
[checklist]
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს), რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე წარადგენენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად მიღებულ მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 30 ივნისამდე წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვება, ასევე იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დადებითად შეუფასდათ გარე დაკვირვება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა, მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება ამ სქემის მე-8 მუხლით [წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება] დადგენილი მოთხოვნები.
[/checklist]
ახალი ცვლილებით შეიცვალა ასევე 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი [რომელიც არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პირობებს ეხება] და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე დაადასტურებს ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია და პროფესიული კომპეტენცია 10-10 კრედიტქულაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ორივე გამოცდის (როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული კომპეტენციის) ნაწილობრივი დადასტურებისა (1, 4, 7 კრედიტქულა) და სხვა აქტივობების საფუძველზე დაგროვებული აქვს 14 კრედიტქულა, უფლება ექნება, დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა;“.
[ეს პუნქტი ცვლილებამდე შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას და პროფესიულ კომპეტენციას 10-10 კრედიტქულაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია 7-7 კრედიტქულაზე აქვს დადასტურებული, მას უფლება ექნება დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა“].
გარდამავალ დებულებებს დაემატა ასევე ახალი, მუხლი 44. მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოპოვების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელიც ასეა ჩამოყალიბებული:
„ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც დაწყებულია მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოპოვების/მინიჭების მიზნით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის №390 დადგენილების ამოქმედებამდე [ანუ ამავე წლის 30 ივნისამდე] უნდა დასრულდეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს ურთიერთობა სხვაგვარად არ რეგულირდება, ამავე დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული მოთხოვნებით.“
[toggle title=”გარდამავალი დებულებების სრული ვერსია ამ ცვლილებების შეტანამდე ნახეთ აქ:“]
გარდამავალი დებულებები
მუხლი 38. სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების და კარიერული წინსვლის პირობები
1. პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2020 წლის შემოდგომაზე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.
2. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილას, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე (გარდა იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისა, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.
3. პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, აქვთ 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის უფლება.
4. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს აცხადებს კონკურსს.
5. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.
6. 2020–2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.
7. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით მოპოვებული ექნებათ გარკვეული რაოდენობის კრედიტქულა ან/და ნაწილობრივ (1, 4, 7 კრედიტქულაზე) ან სრულად (10 კრედიტქულაზე) დადასტურებული ექნებათ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები, უფლება აქვთ, არსებული საჭიროებიდან (უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო/დარჩენილი კრედიტქულების შესავსებად) გამომდინარე:
ა) გაიარონ ტრენინგმოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ 1-5 კრედიტქულა;
ბ) დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (მათ შორის, განმეორებით) დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.
8. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს 2020 წლის ბოლომდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც ესცჰოოლ.ემის.გე-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).
9. 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
10. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელმაც ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გზით შეძლო დაგროვილი კრედიტქულების შევსება და 19 კრედიტქულის დაგროვება, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
11. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებზე, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეჩერებული ჰქონდათ შრომითი ურთიერთობა და შესაბამისად ვერ მიეცათ კარიერული წინსვლის საშუალება, არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება შრომითი ურთიერთობის განახლებიდან 2 წლის განმავლობაში.
მუხლი 39. უფროსი მასწავლებლისთვის კარიერული წინსვლის პირობა
1. სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 15 კრედიტქულა, მათ შორის, ორი სავალდებულო აქტივობით (გარდა გარე დაკვირვებისა) ან „გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის №205/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩაეთვალათ ხარვეზის მქონედ, აღნიშნულ პირებს მოცემული ხარვეზის გამოსწორების ვადად განესაზღვროთ 2019-2020 სასწავლო წლის პერიოდი და ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, რაც დადგინდება მონიტორინგის საფუძველზე, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ მხოლოდ გარე დაკვირვება და წარმატებით გავლის შემთხვევაში 2020 წლის ბოლოს მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ამ პუნქტით განსაზღვრული ქმედების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება ამ სქემის მე-8 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფროსი მასწავლებლისთვის ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განესაზღვრება, გამოსწორებული ხარვეზის გათვალისწინებით, გამოსწორებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის და შეფასების ვადები. ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დადებითი შეფასების შემთხვევაში მიეცემა უფლება გაიაროს მხოლოდ გარე დაკვირვება 2020 წლის სექტემბრიდან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებით წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის მონიტორინგისა და შეფასების გახორციელების უფლებამოსილება აქვთ:
ა) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული ექსპერტებს;
ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებს.
მუხლი 40. წამყვანი მასწავლებლისთვის კარიერული წინსვლის პირობა
წამყვან მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა, მათ შორის, განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის შედეგად დაუდასტურდებათ შეფასების ჯგუფის მიერ მინიჭებული კრედიტქულები, 2020 წლის სექტემბერში მიენიჭებათ მენტორი მასწავლებლის სტატუსი.
მუხლი 41. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პირობები
1. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.
2. 2023 წლამდე არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას და პროფესიულ კომპეტენციას 10-10 კრედიტქულაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია 7-7 კრედიტქულაზე აქვს დადასტურებული, მას უფლება ექნება დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა;
ბ) გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ნაწილობრივ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას (1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე). მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
3. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან რუსულენოვან სკოლებში/სექტორებზე რუსულს, როგორც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას და ჩაბარებული ან ნაწილობრივ დადასტურებული აქვთ პროფესიული უნარების და რუსული, როგორც უცხო ენის გამოცდა და მოპოვებული აქვთ ან 2023 წლამდე მოიპოვებენ წინსვლისთვის საჭირო 19 კრედიტქულას, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
მუხლი 42. სპეციალური მასწავლებლის განათლების განსაკუთრებული პირობები
1. პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და რომელიც სპეციალურ მასწავლებლად დასაქმებულია/დასაქმდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვალდებულია, როგორც პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პირმა, კომპეტენციის დადასტურების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ჩააბაროს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.
2. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს პირს, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა.
3. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებულია, კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2023 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.
4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი სპეციალური მასწავლებლის და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა.
მუხლი 43. პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ სქემის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარებისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს 2021 წლიდან.
იმისთვის, რომ სკუტერით მგზავრობა კიდევ უფრო სახალისო და ამასთანავე ხელმისაწვდომი გახდეს, სქროლი გთავაზობთ ლოიალობის ახალ პროგრამას სახელწოდებით – Frequent Flyer. პროგრამა ავტომატურად აქტიურდება აპლიკაციაში და საშუალებას იძლევა ჩვეულებრივი მგზავრობა ერთგვარ თამაშად აქციოს.
პრინციპი მარტივია – რაც უფრო ხშირად იმგზავრებს მომხმარებელი სრქოლით, მით უფრო მეტ შეღავათს მიიღებს, გარემო კი ნაკლებად დაბინძურდება.
Frequent Flyer-ის ვერცხლის, ოქროს და პლატინის სტატუსის მოსაპოვებლად მომხმარებელმა 28 დღის განმავლობაში გარკეული რაოდენობის მგზავრობა უნდა შეასრულოს. სტატუსის მოპოვების შემდეგ კი 10%, 20%, 30% ფასდაკლებებსა და სხვადასხვა სახის შეღავათს მოიპოვებს.
[checklist]
ვერცხლის სტატუსი
[/checklist]
ვერცხლის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია 28 დღის განმავლობაში 5-ჯერ მგზავრობით. ამ სტატუსის მქონე ადამიანს შეუძლია ისარგებლოს 10% ფასდაკლებით.
[checklist]
ოქროს სტატუსი
[/checklist]
შემდეგი საფეხურის განბლოკვისთვის კიდევ 10-ჯერ გასქროლვაა საჭირო. ოქროს სტატუსის მქონე ადამიანი სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით და შეუძლია დაჯავშნოს სკუტერი სრულიად უფასოდ გასქროლვამდე 15 წუთით ადრე. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს პრიორიტეტული მხარდაჭერით.
[checklist]
პლატინის სტატუსი
[/checklist]
ეს სტატუსი სქროლის ერთგული მგზავრებისთვისაა. მისი მიღება შესაძლებელია 20-ჯერ მგზავრობით. პლატინის სტატუსის მოპოვების შემდეგ თქვენ ისარგებლებთ 30% ფასდაკლებით, ასევე შეგეძლებათ სკუტერის გასქროლვამდე 30 წუთით ადრე, სრულიად უფასოდ დაჯავშნა და პრიორიტეტული მხარდაჭერით სარგებლობა.
სქროლის მიზანია მიკრომობილობა უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან, არაერთი კამპანია წამოვიწყეთ, რათა ადამიანებისთვის ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება გაგვეხადა ხელმისაწვდომი და ამავდროულად – უსაფრთხო.
ახალი პროგრამის მეშვეობით გვინდა წავახალისოთ მეტი ადამიანი, რომლებიც თბილისისა და ბათუმის ქუჩებში გადასაადგილებლად სწორედ სქროლს გამოიყენებენ და საბოლოოდ შევქმნათ ქალაქები, სადაც შემცირდება ავტომობილების რაოდენობა და ქუჩები ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება, ეკოლოგიური პირობები კი გაუმჯობესდება.
ყოფილი ცოლ-ქმარი 7 წლის ბავშვისთვის სამი წელია დავობს. უკვე არსებობს საქართველოს სასამართლოების სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება და ბოლო ორი გადაწყვეტილებით ბავშვი დედას უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ სრულდება – ბავშვი ისევ მამასთან ცხოვრობს. იყო თუ არა 4 წლის ასაკში ბიჭი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი – რა დაადგინა სასამართლომ?
ორი სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ, რომლებმაც შეისწავლეს საქმის მასალები, დაადგინა, რომ დედასთან ცხოვრების დროს, ანუ 4 წლის ასაკში ბავშვი არ ყოფილა არც სექსუალური და არც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რასაც მამა ამტკიცებს. სასამართლო გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია: „საქმეში არ არის წარმოდგენილი სარწმუნო და სათანადო მტკიცებულებები, რომ არასრულწლოვნის მიმართ ნამდვილად განხორციელდა რაიმე სახის ძალადობრივი და სექსუალური ხასიათის ქმედება ან კიდევ ასეთს ადგილი ექნება მომავალში… პალატას ჩამოუყალიბდა იმის ვარაუდი, რომ არასრულწლოვნის განმარტებები წარმოადგენს მხოლოდ მამის ზეგავლენის შედეგს“.
რა თქვა 7 წლის ბავშვმა? – ის საქმეში მონაწილე სამი ფსიქოლოგიდან ერთ-ერთს მოუყვა, რომ დედის მეგობარმა სამი წლის წინ მასზე იძალადა სექსუალურად – [კაცმა] „ფეხი დააბიჯა სასქესო ორგანოზე, დედას ეძინა, მან დაიწყო ყვირილი, რაზეც დედას გაეღვიძა და [კაცს] დაუწყო ცემა“; ასევე [კაცმა] „მას მოსთხოვა სასქესო ორგანოს პირში ჩადება“.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მშობლების დავის შესწავლა 2020 წლის 30 აპრილის, სამი თვის და 12 დღის წინ დაასრულა. სასამართლოს ვერდიქტი ასეთია – მამის „საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
უზენაესი სასამართლოს განჩინება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
უზენაესამდე იყო ქუთაისის სასამართლოს მეორე ინსტანციის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ დედის „მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს“. ქალის ადვოკატის, ირაკლი შავაძის თქმით, რომ არა ბათუმის სოციალური სამსახურის დაუდევრობა თუ არაჯანსაღი გავლენიანი მამის ინტერესების გათვალისწინება, თუნდაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ აღსრულდებოდა.
დედის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ჭიანურდება, არსებობს რისკი, მამამ ბავშვი გაიტაცოს, ამიტომ მან სასაზღვრო უწყებებს მიმართა, რომ კაცს საზღვარზე გასვლის უფლება არ მისცენ. თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ მამა მაინც მოახერხებს ბავშვთან ერთად ქვეყნის დატოვებას, „მაგალითად, საოკუპაციო ხაზის გავლით“.
ამ ვითარებაში ბავშვი დღემდე მამასთან რჩება და დედას მისი ნახვის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ ჰქონდა.
სასამართლო ბატალიების შემდეგ დედა, ფსიქოლოგის თანდასწრებით, პირველად გუშინ, 11 აგვისტოს შეხვდა შვილს ბათუმის სოცსააგენტოში. ბიჭმა მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყო დედასთან, თუმცა კონტაქტი ვერ შედგა. ბავშვს დედა შეხვდა დღესაც და როგორც ქალის ინტერესების დამცველი ამბობს, „დღეს ბევრად უკეთესი შედეგი ჰქონდათ“.
მხარე დარწმუნებულია, რომ მამა ძალადობრივი მეთოდებით „დედის წინააღმდეგ განაწყობს შვილს“.
„როცა ბავშვს სექსუალური ხასიათის ძალადობას შთააგონებ, ეს არის გარყვნილი ქმედება. ბავშვიც და ქალიც არის ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ სახელმწიფოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ ადარდებს. აღსრულებას ხელოვნურად უშლიან ხელს“, – აცხადებს ირაკლი შავაძე, რომელმაც პოლიციას სამჯერ მიმართა მამისთვის გამოეწერათ შემაკავებელი ორდერი. პოლიციამ არაფერი იღონა. [„ბათუმელებს“ უწყებაში უთხრეს, რომ „კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის წარმოების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან“].
10 ივლისს დედა იძულებული გახდა ისევ ბათუმის სასამართლოსთვის მიემართა და ამჯერად „ბავშვის მამისგან, როგორც მოძალადისგან“ განცალკევება – დამცავი ორდერი მოითხოვა. ადვოკატი ასევე ითხოვს, რომ დედა-შვილი გადაიყვანონ თავშესაფარში, სადაც ფსიქოლოგს ექნება საშუალება, ბავშვთან მამის გავლენების მიღმა იმუშაოს.
ადვოკატის პოზიცია ბათუმის სასამართლომ არ გაიზიარა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასამართლომ ბავშვი მამისგან არ განაცალკევა, მაგრამ დაავალა, რომ „ბავშვი დედასთან შესახვედრად მოამზადოს“. დამცავი ორდერის თანახმად, დედა შვილს უნდა შეხვდეს ბათუმში, „ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში“ კვირაში სამჯერ.
დამცავი ორდერი ამოქმედდა გამოცემისთანავე.
ამის მიუხედავად, დედა მხოლოდ 11 აგვისტოს შეხვდა შვილს, თუმცა შვილმა მასთან საუბარი არ ისურვა. „აზრს კარგავს ფსიქოლოგის ერთი საათით მუშაობა. ამ შეხვედრიდან გამოსული ბავშვი ისევ მამასთან ბრუნდება, რომელიც შვილს ფსიქოლოგიურ ტრავმებს აყენებს – აჯერებს, რომ „დედა მოჯადოებულია“; „დედამ ის მიატოვა“; „რომ დედის გამო მამას პოლიცია დააკავებს“, – ამბობს ადვოკატი.
არსებითად რა გამოიკვლია სასამართლომ? – მამის ნაამბობი
მშობლების დავა ბავშვის გარშემო საქართველოში ორი წლის წინ დაიწყო. ქუთაისის სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დედის მოთხოვნა შვილთან დაკავშირებით 2018 წლის 9 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა.
მეორე ინსტანციაში საქმე სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა სამი მოსამართლის შემადგენლობით. მამა სასამართლოს უმტკიცებდა, რომ ბავშვი არის სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. იმავეს უშვებდა ფსიქოლოგების ერთი ჯგუფი, რომლებმაც ბავშვთან იმუშავეს.
მამამ სასამართლოს შვილის დედასთან ცხოვრების პერიოდზე უამბო, რომ „მცირეწლოვან ს.-ს კეტავდნენ ცალკე ოთახში, ძალადობდნენ ფიზიკურად, მცირეწლოვანი იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ… არ ზრუნავდა შვილზე, არ დაჰყავდა საბავშვო ბაღში, არ ალაგებდა სახლს“.
თუმცა, იყო უარესი ბრალდებებიც – დედა „არის ერთ-ერთი სექტის წევრი“; „იგი ამორალურ ცხოვრებას ეწეოდა და მიდრეკილია ალკოჰოლისადმი“.
მამის მხრიდან ყველაზე მძიმე ბრალდება კი ის იყო, რომ დედის მეგობარი კაცი სექსუალურად ძალადობდა ბავშვზე. ძალადობის სცენებს თავად ბავშვიც აღწერს.
რა ინფორმაცია მიიღო სასამართლომ ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკებისგან
7 წლის ბავშვთან დღემდე რამდენიმე ფსიქოლოგმა და სოცმუშაკმა იმუშავა. დაიდო შესაბამისი დასკვნებიც.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის, მარინე ჭანტურიას დასკვნაში აქცენტირებულია ბავშვის საცხოვრებელი პირობები: რომ ბავშვი მამასთან ერთად ცხოვრობს კომფორტულ სახლში, სადაც დგას თანამედროვე ავეჯი, აქვს ასაკის და სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები, დიდი რაოდენობით სათამაშო. მამა შვილს კვებავს კარგად, ზრუნავს მის ჯანმრთელობასა და განათლებაზე. სოცმუშაკი თავის დასკვნაში ახსენებს იმასაც, რომ ქმრის გადმოცემით ბავშვის დედა არის „სექტის წევრი“.
პალატა ხაზგასმით წერს, რომ „მითითებულ დასკვნაში არ არის საუბარი ბავშვის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე, რომელზედაც მოგვიანებით – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე უთითებდა მამა. შესაბამისად, დასკვნაში არ არის გამოკითხული ბავშვი და არ არის შეფასებული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით“.
2019 წლის 8 აგვისტოს შეფასება-დასკვნა მოამზადა ააიპ „საქართველოს ბავშვების“ ექსპერტ-ფსიქოლოგმა ნინო ლორთქიფანიძემ იმის გასარკვევად, „ვლინდებოდა თუ არა ბავშვზე სექსუალური ძალადობის ნიშნები“. ამ დასკვნაში წერია, რომ ბავშვი არ არის ხალისიანი. თხრობის მომენტში იწყებს ღელვას, უწევს ხმის ტონს. ამბობს, რომ, როდესაც მ.მ მას „დააბიჯა სასქესო ორგანოზე ფეხი, დედას ეძინა, მან დაიწყო ყვირილი, დედას გაეღვიძა და დაუწყო ცემა მ.მ-ს. ასევე ბავშვი საუბრობს იმაზე, რომ მ.მ მას მოსთხოვა სასქესო ორგანოს პირში ჩადება“.
ფსიქოლოგი იქვე წერს იმაზეც, რომ „ემოციურ გამოვლინებებში იკვეთება სექსუალური ძალადობის გადატანილი ბავშვის ნიშნები“.
იმავე ფსიქოლოგის დასკვნაში ვკითხულობთ: ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ასევე გავლენას ახდენს ბავშვის განცდები დედის მიმართ… იკვეთება დედასთან სიახლოვის ემოციური საჭიროების დომინირება“.
ფსიქოლოგი ფსიქოემოციურ მდგომარეობას აფასებს ბავშვის სავარაუდო ძალადობის განხორციელების ფონზე და დასკვნაში უთითებს: „მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი გარკვეულად ცდილობს დედის ნეგატორულად წარმოჩენას, რაც მამის მხრიდან ბავშვზე ზეგავლენის მოხდენისთვის მიმართული ქმედების შედეგია, დედის წინააღმდეგ განწყობის მიზნით… ბავშვი სავარაუდო ძალადობის ირგვლივ საუბრის დროს… აღწერს დედის მიერ მის მიმართ „დამცველ“ ქცევებს“.
კიდევ ერთი დასკვნა ბავშვის მდგომარეობის შესახებ 5 ივლისისთვის მოუმზადებია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს, ფსიქოლოგ ქეთევან დიასამიძეს, რომლის მიხედვითაც, ბავშვზე შესაძლო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ემოციური კვალის არსებობა არასრულად ვლინდება… ბავშვი „არსებული სიტუაციის ირგვლივ საუბრობს ზერელედ, არ ესმის პრობლემის არსი… სიტუაციის აღქმა და გააზრება – ზერელე“, – წერს სპეციალისტი ბავშვის ქცევაზე. ის ბავშვს ახასიათებს, როგორც „ადვილად შთაგონებადს“.
რა უთხრა სასამართლოს ბავშვის დედამ
ბავშვი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ „დედა მოჯადოებულია“. დედამ კი სასამართლოს უთხრა, რომ ყველა ბრალდება, რასაც ბავშვის მამა უყენებს, არის ტყუილი და ეს 2017 წლიდან დღემდე არაერთი საგამოძიებო და სასამართლო მასალებით დასტურდება.
დედა ამბობს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ქმარი კი გაშორების შემდეგ მის დაბრუნებას ცდილობდა და ბავშვი გაიტაცა ქალის დასჯის მიზნით. ბავშვი ბოლო სამი წელია ცხოვრობს მამასთან. კაცი ცდილობს ბავშვი დედის წინააღმდეგ განაწყოს.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვხვდებით ასეთ ჩანაწერს: „ფსიქოლოგიური შეფასების თანახმად… ბავშვისთვის ორივე მშობელი არის ძალიან მნიშვნელოვანი… დედასა და შვილს შორის სკაიპით ურთიერთობის შედეგად იკვეთება ბავშვის სიამოვნება და დადებითი დამოკიდებულება. აუდიოჩანაწერით გამოიკვეთა, რომ მამა ცდილობდა ბავშვს უარი ეთქვა დედასთან ურთიერთობაზე ბავშვის თანდასწრებით შეურაცხმყოფელი, ბილწი სიტყვების მიყენებით. უფროსებს შორის დაძაბული საუბრის შემდეგ ბავშვს უსვამს შეკითხვას: „გინდა დედასთან საუბარი, მე არ მინდა“. ბავშვი პასუხობს, რომ არ სურს დედასთან საუბარი. შემდეგ კი ითხოვს, რომ თავად უთხრას ეს დედას. ბავშვიც ეუბნება. ხოლო ერთ-ერთ ჩანაწერში, როდესაც დედა-შვილის საუბარს არ ესწრება მამა, ბავშვი ამბობს, რომ მას სურს დედასთან შეხვედრა, თუმცა მამა არ აძლევს ამის უფლებას“.
რა ჩაწერა სასამართლომ 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ზედმიწევნით, დეტალურად შეისწავლა“ საქმეში წარმოდგენილი მასალები და დადგენილად ჩათვალა, რომ ბავშვის მიერ მოყოლილი ინფორმაცია ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ შესაძლო იყოს „მამის ზეგავლენის შედეგად მოწოდებული ინფორმაცია“. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ბავშვის მიმართ ადგილი არ ჰქონდა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობის ფაქტს.
რა პრეტენზიები აქვს დედის ადვოკატს სახელმწიფო ინსტიტუტებთან
ამ დავაში ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტო საქმეში ჩართული იყო მესამე პირად. ადვოკატი ირაკლი შავაძე აცხადებს, რომ საქმის აღსრულების გაჭიანურებაში ამ უწყებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. „კანცელარიაში არ ჩაიბარეს სასამართლო გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი“. „სოცსააგენტოს თანამშრომელმა სასამართლოს ქალთან დაკავშირებით უთხრა, „თუ გავითვალისწინებთ დედის ცხოვრების წესს, სასურველია ბავშვი მამასთან იყოს“, მაშინ, როცა დედას არც კი იცნობდა“, – აცხადებს ირაკლი შავაძე.
მას პრეტენზია აქვს სააგენტოს კიდევ ერთ თანამშრომელთან გულო დილავერიძესთან, რომელიც მედიაში ღიად აკრიტიკებდა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს მიერ დედის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გარდა ამისა, უზენაეს სასამართლოში საჩივარი მამამ და სოცსააგენტომ ერთად შეიტანეს დედის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შესაცვლელად. თუმცა, დავის პროცესში, სააგენტო რეორგანიზაციის შედეგად შეუერთდა „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, რომლის წარმომადგენელმა, გიორგი კუპრეიშვილმა კასაციაში უარი განაცხადა დავის გაგრძელებაზე და დავა მამამ მარტო გააგრძელა.
ირაკლი შავაძე ფიქრობს, რომ სააგენტო რატომღაც თავიდანვე იყო დედის მიმართ არაკეთილგანწყობილი.
„11 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ გამოჩნდა, რომ ბავშვის მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია. თუკი ადრე ბავშვს დედის დანახვაზე თვალები უბრწყინავდა, 11 აგვისტოს შეხვედრაზე დედას ახლოს მისვლის უფლებაც კი არ მისცა. სასამართლომ ბავშვის მამასთან დაყოვნება მიიჩნია ბავშვის საუკეთესო ინტერესების საზიანოდ, „რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უკიდურესად ნეგატიური შედეგი ბავშვის შემდგომი განვითარებისა და აღზრდის პროცესში“. ამ ვითარებაში ბავშვი ისევ მამასთან რჩება, ბავშვის საუკეთესო ინტერესები ამ ქვეყანაში არავის ადარდებს, მთავარია გავლენები“, – ასკვნის ირაკლი შავაძე, რომელიც ფიქრობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ძალიან გართულდება, თუკი ბავშვი მამასთან გააგრძელებს ცხოვრებას. ის ფიქრობს, რომ დედა-შვილი სასწრაფოდ უნდა მოათავსონ თავშესაფარში, სადაც ფსიქოლოგი გააგრძელებს ბავშვთან მუშაობას, მამის გავლენების მიღმა.
ვინ არიან ბავშვის მშობლები
ბავშვის მშობლები ბელორუსიის მოქალაქეები არიან. სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, რომ ბავშვის მამამ „გაიტაცა ბავშვი“, რომელთან ერთადაც ჩამოვიდა საქართველოში და თავშესაფარს ითხოვს.
იგივე დავა განიხილეს ბელორუსიაში საგამოძიებო ორგანოებმა და სხვა სპეციალისტებმაც. მათაც დაასკვნეს, რომ კაცის მიმართ ყველა ბრალდება ყოფილი ცოლის მიმართ იყო უსაფუძვლო და ბავშვზე მეურვეობის უფლება დედას მიანიჭეს. სწორედ სასამართლოს ამ დადგენილების შემდეგ „გაიტაცა“ მამამ ბავშვი უცხოეთში, ქალის მიერ თანაცხოვრების პერიოდში გაცემული „თანხმობით“.
ამასთან ბელორუსიის სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში წერია, რომ „მამის ქმედებებში იკვეთება მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება“.
ბელორუსიაში შედგენილ ერთ-ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არსებობს ჩანაწერი, სადაც ქალის მისამართით კაცი ამბობს: „ჩემ მიერ ნაჩუქარი ტელეფონი გადაიფორმა თავის გვარზე სავარაუდოდ იმისთვის, რომ მე არ შემძლებოდა მისი კონტროლი… ჩვენს შორის მოხდა კონფლიქტი, როდესაც მე ვუწოდე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი“.
დაკარგული შვილის კვალს ქალმა თვეების შემდეგ მიაგნო და ისიც საქართველოში ჩამოვიდა მის დასაბრუნებლად. ქართულმა სასამართლოებმა მისი საჩივარი დააკმაყოფილეს. გადაწყვეტილებაში წერია, რომ არასრულწლოვანი ბელორუსიის რესპუბლიკიდან „არამართლზომიერად“ არის გადაადგილებული“. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბავშვის „ბელორუსიაში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს დედამ“.
საქართველო მიერთებულია ჰააგის 1980 წლის კონვენციას, რომელიც ბავშვთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების სწრაფ და ეფექტურ აღსრულებას ავალდებულებს სახელმწიფოებს.
ბათუმის მერიამ საკრებულოში ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ პროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც ქალაქის შემოსავლები, საერთო ჯამში, 26 625 600 ლარით არის შემცირებული. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს ბათუმის საკრებულო 13 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
პროექტში აღნიშნულია, რომ პანდემიით შენელებული ეკონომიკური პროცესების გამო, შემცირდა შემოსავლები: „აღნიშნული შედეგი უკვე აისახა ბიუჯეტის შემოსულობებზე, ხოლო პანდემიით გამოწვეული დაბალი ეკონომიკური აქტივობის შედეგად იკლებს მომავალ პერიოდში მისაღები შემოსავლები“.
დოკუმენტის მიხედვით, იმის გამო, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა შეძლოს საკუთარი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელება, საჭირო გახდა შესაბამისი ფინანსების მობილიზება ან დაზოგვა, რის გამოც:
[checklist]
ბათუმის მერიამ მიმართა საქართველოს მთავრობას მუნიციპალიტეტის 2020 წლის სასესხო ვალდებულებების [ძირითადი და საპროცენტო თანხების] მომდევნო 2 წელზე გადანაწილებისთვის, საურავების დარიცხვის გარეშე, რაზედაც მიიღო თანხმობა.
გარკვეული პროექტების დაფინანსების მიზნით კი, აჭარის ბიუჯეტიდან ბათუმისთვის გამოიყო 10 300 000 ლარი.
ასევე: „მიმდინარე სახის გადაუდებელი ღონისძიებების, ცალკეული ვალდებულებების, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შემცირებულ/გაუქმებულ იქნა რიგი პროგრამები და ქვეპროგრამები.“
[/checklist]
2020 წლის გეგმით, ბათუმის ბიუჯეტში შემოსულობები 172 352 400 ლარით იყო განსაზღვრული, ცვლილების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი შემცირდება და 145 726 800 ლარით განისაზღვრება [შესაბამისად, ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელები 185 მილიონის ნაცვლად, 158 მილიონ ლარამდე შემცირდება].
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების პროექტი, რომლითაც ბიუჯეტი მცირდება, „ითვალისწინებს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს ქალაქ ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“.
მნიშვნელოვნად შემცირდა ბიუჯეტში ქონების გადასახადი, დღგ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, შემოსავლები შეუმცირდა ბათუმის დელფინარიუმს, ბოტანიკურ ბაღს, მცირდება მერიის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები.
უკვე გაუქმდა ან გაუქმდება მთელი რიგი კულტურული და სპორტული ღონისძიებები; დაგეგმილი არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსება შემცირდება ან მიმდინარე წელს საერთოდ აღარ შესრულდება; გაუქმდება რიგი პროგრამები.
აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, როგორც შესაბამის საფინანსო სამსახურებში აცხადებენ, პანდემიის გამო შემოსავლები დაკარგეს ძირითადად დღგ-ს ნაწილში, ასევე ქონებისა და სხვა გადასახადების კუთხით:
რუსეთის სასამართლომ ბლოგერი ანდრეი პიჟა დააკავა სახელმწიფო საიდუმლოებაში უკანონოდ შეღწევის ბრალდებით. მის იუთუბ გვერდზე ექსტრემალურ მოგზაურობებზე ქვეყნდება მასალები, მათ შორის გავერანებულ, მიტოვებულ და მოქმედ ობიექტებში შეღწევაზე. ადვოკატი კი ამბობს, რომ ბლოგერის დაკავება მის ვიდეორგოლებს არ უკავშირდებოდა.
მუხლი, რომელიც ანდრეი პიჟას წაუყენეს, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 8 წლამდე.
BBC-ის ცნობით, პეტერბურგელ ბლოგერს, რომელსაც იუთუბარხი Urbanturizm-ი აქვს, 5 აგვისტოს შემდეგ ვერავინ უკავშირდება. ბლოგერის ინტერესების სფერო მიტოვებული შენობები, მომაკვდავი ქალაქები და ნახევრად საიდუმლო ობიექტებია. ცოტა ხნის წინ ის მშენებარე ატომური სადგურის რეაქტორში ჩაძვრა. 6 აგვისტოს ის დააკავეს. 35 წლის პიჟას იუთუბარხზე 100-მდე ვიდეორგოლია განთავსებული და მას 780 ათასი გამომწერი ჰყავს.
გასულ წელს ბლოგერი მურმანსკის ოლქის რადიოლოკაციურ სადგურს “Днестр-М”-ს ესტუმრა. 2016 წელს პეტერბურგის სასამართლომ ის 75 ათასი რუბლით დააჯარიმა კოლექტორში შეღწევისა და მდინარე Дачная-ს კალაპოტის გადაგდების გამო მდინარე Красненькая-ში.
ანდრეი პიჟა-ს ბოლო ვიდეო იუთუბარხზე 2 აგვისტოსაა ატვირთული, როცა ის ბელორუსიდან დაბრუნდა. ამ ვიდეობლოგს 64 ათასზე მეტი მნახველი ჰყავს.
უფლებადამცველი მარინა ლიტვინოვიჩის ინფორმაციით, ბლოგერი მოსკოვში დააკავეს საკმაოდ უხეშად, მაგრამ არ უცემიათ. ლიტვინოვიჩის განცხადებით, პიჟა დაკავების შემდეგ მის გარდა არავის მიუკითხავს. ის სრულ ვაკუუმშია ისე, რომ ვერ ხვდება რა მოხდა, რისთვის დააკავეს.
ლიტვინოვიჩის თქმით, ბლოგერის ნათესავებმა დაკავებიდან დღემდე არ იციან, სად არის ანდრეი, როცა წესით პიჟას ახლობლებისთვის უნდა დაერეკათ და ეცნობებინათ მისი დაკავების შესახებ.
ანდრეი პიჟა დაიკარგა მას შემდეგ, რაც ქალაქ სოსნოვი ბორის მშენებარე ატომურ ელექტროსადგურში შეაღწია, ეს არის მეორე ენერგობლოკი, რომელიც 2021 წელს უნდა ამოქმედდეს.
დაბა შუახევიდან ოთხიოდე კილომეტრში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან მარცხნივ, აღმართზე, ვიწრო გზა ადის. სოფელი, სადაც ეს უასფალტო გზა მიდის, ცენტრალური მაგისტრალიდან არ ჩანს. როცა სოფლის გზას დაადგები, პირველი მოსახლე დაახლოებით ორ კილომეტრში ჩნდება. ეს სოფელი ჩანჩხალოა, რომელიც ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს და სადაც ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. სოფელი დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის.
ჩანჩხალოში ჩვენი სტუმრობის მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტი იყო. ორგანიზაციამ იმის გადასაღებად მიგვიწვია, თუ როგორ მუშაობენ სოფლის მოსახლეობის მხარდასაჭერად – ამ შემთხვევაში სოფელს, პროექტის ფარგლებში, გარეგანათების მოწყობა დაუფინანსეს, მოსახლეობამ კი განათების ბოძები თავად შეადუღა, შეღება და დაამონტაჟა.
სოფელში ბევრი ადამიანი დაგვხვდა, განსაკუთრებით ახალგაზრდები. „ამას, პანდემიას და თურქეთის საზღვრის ჩაკეტვას უნდა ვუმადლოდეთ, თორემ ამ დროს სოფელი თითქმის დაცლილია“, – გვითხრა ერთ-ერთმა ჩანჩხალოელმა.
სოფელ ჩანჩხალოში მიმავალი გზასოფელ ჩანჩხალოში მიმავალი გზა
ჩანჩხალოში 4 აგვისტოს მოგვიწია მისვლა. სოფელში, თითქმის ყველა ეზოში, თამბაქო აქვთ დარგული და სახელდახელო საშრობებში თამბაქოს ფოთლებს აშრობენ.
სოფელში მეთამბაქოობა გასულ საუკუნეში წამყვანი დარგი იყო მეცხოველეობასთან ერთად. მოგვიანებით კი, შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა აქ მცხოვრები ოჯახებისთვის.
თამბაქოს პლანტაცია სოფელ ჩანჩხალოშითამბაქოს ფოთლების საშრობი სოფელ ჩანჩხალოში
თამბაქოზე ახალმა რეგულაციებმა, როგორც აჭარის სხვა სოფლების მეთამბაქოეების, ჩანჩხალოელების პროტესტიც გამოიწვია და აქციებზეც ხშირად გამოდიოდნენ. „შემოსავლის ამ ერთადერთ წყაროსაც გვართმევდნენო“, – გვითხრეს სოფელში.
სოფელს ბოლო პერიოდში არაერთი პრობლემა ჰქონდა [მეწყერი, უგზოობა, გვირაბების მშენებლობით გამოწვეული პრობლემები] და ახლაც აქვს, თუმცა, ამჯერად ჩანჩხალოელებმა ის პრობლემა გამოკვეთეს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის დახმარებითა და მათივე ჩართულობით მოაგვარებდნენ. ასეთად სოფელმა სწორედ გარეგანათება შეარჩია.
გარეგანათების ბოძები სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის ეზოშიდასამონტაჟებლად გამზადებული გარეგანათების ბოძი / უკან ფონზე სოფელ ჩანჩხალოს საბავშვო ბაღიმარიამ მიქელაძე
„სოფელ ჩანჩხალოში დღეს მუდმივად 80 კომლი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობისთვის გარეგანათების არქონა დიდი პრობლემაა. მაღალმთიანი სოფელია და ზოგ ადგილას გზა ხრამის პირას გადის, რაც განსაკუთრებით ღამით არ არის უსაფრთხო. ასევე სოფელში მომრავლებულია გარეული ცხოველები და სიბნელეში, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისთვის საშიშია გადაადგილება. ერთ ადგილზე ღამით მანქანებსაც კი უჭირთ გავლა და განათებას, პროექტის ფარგლებში, ამ მონაკვეთშიც ვაკეთებთ“, – ამბობს ჩანჩხალოელი მარიამ მიქელაძე.
მარიამის თქმით, გარეგანათების მოწყობა სოფელს სერიოზულ პრობლემას მოუგვარებს: „პროექტში სოფლის მოსახლეობაა ჩართული. მილების შედუღება, შეღებვა, დამონტაჟება – ამ სამუშაოებს სოფლელები ასრულებენ. სულ 20 ბოძია დასამონტაჟებელი, ნაწილი დავამონტაჟეთ, ნაწილის დამონტაჟებაზე კი მოსახლეობა ახლა მუშაობს“.
გარეგანათების ბოძებს სოფლის მოსახლეობა ღებავსგარეგანათების ბოძის მონტაჟი
გარეგანათების ბოძების დასამონტაჟებლად საჭირო მასალები ჩანჩხალოელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ შეუძინა პროექტის ფარგლებში – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“. ორგანიზაციას ეს პროექტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] დაუფინანსა.
თავის მხრივ, საიამ ფინანსები მოიძია პროექტის ფარგლებში – „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“. ამ პროექტის დონორი კი არის გერმანული ფონდი – „პური მსოფლიოსთვის პროტესტანტული განვითარების სამსახური“ (BFDW).
ირმა პავლიაშვილი
„პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ქვეგრანტები გავეცით აჭარაში, არის გერმანელების მიერ დაფინანსებული. პროექტის მიზანია, უზრუნველვყოთ შემოსავლის მომტანი აქტივობების განხორციელება მოსახლეობისთვის. ამ მიზნით შეირჩა სწორედ ეს სოფლები, სადაც როგორც წყლის პრობლემის მოგვარებაზე ვზრუნავთ მოსახლეობასთან ერთად, ასევე გარეგანათების საკითხების მოგვარებაზეც.
მოსახლეობის ჩართულობა ჩვენი ძირითადი მიზანია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის ქვაკუთხედი სწორედ მოსახლეობაა, რომელიც ჩართული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. [მოსახლეობა] მისი აქტიურობით უნდა გეგმავდეს და აგვარებდეს იმ პრობლემებს, რაც მათ ადგილზე აქვთ და თვითმმართველობასთან ერთად სწორად განსაზღვრავდეს იმ სერვისების მიღებას, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენციაა“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციული დირექტორი.
გოგიტა მახარაძე
„ორგანიზაციამ შეიძინა ლითონის მილები, ასევე ყველა საჭირო მასალა მილების შედუღების, შეღებისა და დამონტაჟებისთვის; შეძენილია ნათურები და ელექტროსადენიც. სამუშაოებს ვაკეთებთ ჩვენ, სოფლის მოსახლეობა… მეოთხე უბანში რამდენიმე ბოძი იმ მონაკვეთზე დავამონტაჟეთ, რომელიც არის დაბურული და ღამით თითქმის შეუძლებელია გადაადგილება. როცა ბოძების მონტაჟს მოვრჩებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით გავიყვანთ კაბელს და გარეგანათება ქსელში ჩაირთვება“, – ამბობს გოგიტა მახარაძე.
გოგიტა მახარაძე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორია ჩანჩხალოში.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თაოსნობით და მხარდაჭერით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩანჩხალოში – იმ უბნებში, სადაც არასდროს ყოფილა გარეგანათების ქსელი, ეწყობა ეს ქსელი და ამ პროექტში მუნიციპალიტეტის მერიაც ჩართულია“, – გვეუბნება გია დავითაძე, შუახევის მერის წარმომადგენელი შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში.
გია დავითაძე
„მუნიციპალიტეტის მართვაშია კომუნალური სამსახური და ეს სამსახური აიღებს თავის თავზე პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული გარეგანათების ბოძების ქსელში ჩართვას და შემდგომში მის მოვლა-პატრონობას,“ – ამბობს გია დავითაძე. – „ასევე გვინდა, ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით და ჩვენი მხარდაჭერით გავაკეთოთ სოფელში ბიბლიოთეკა, მერიის ეკონომიების ხარჯზე გამოვნახოთ შესაბამისი თანხა. ამ პროექტის განხორციელებაშიც მოსახლეობა იქნება ჩართული. ზოგადად, არის მერიის მზაობა, რომ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ ერთად გაგრძელდეს არაერთი სხვა პროექტის განხორციელება“.
გარეგანათების ბოძის მონტაჟი სოფელ ჩანჩხალოში
გოგიტა მახარაძის თქმით, პროექტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფი ჩანჩხალოში შემდგომშიც გააგრძელებს სოფლის პრობლემებზე მუშაობას: „ვფიქრობთ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ თუ სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით აღმოვფხვრით არაერთ პრობლემას.“
ირმა პავლიაშვილი ადასტურებს, რომ „ჩაჩხალოში დაიგეგმა ადგილობრივ დონეზე ბიბლიოთეკის გამართვაც, რომლის ფარგლებში, ახალგაზრდებს, სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება გაეცნონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მიიღონ განათლება და ამან ხელი შეუწყოს შემოსავლის მომტანი აქტივობების განხორციელებას, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა ადგილზე გაუმჯობესდეს. ჩვენი პრიორიტეტია ადგილზე უზრუნველვყოთ ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩართულები ვიქნებით საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებაში სხვადასხვა კუთხით – ეს იქნება ადგილობრივ დონეზე პრობლემების გამოკვეთა, ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თუ სხვა. ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა ეს მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მათ წინაშე იქნება, ადვოკატირების გზით დავაყენოთ თვითმმართველობაში და ასევე ჩვენ ჩვენი პროექტის ფარგლებში უზრუნველვყოთ შემდგომი გაგრძელება ამ აქტივობების, რათა მოსახლეობა გააქტიურდეს. მნიშვნელოვანია მათი ჩართულობით გადაწყდეს სწორედ ის პრობლემები, რომლებიც მათ წლებია აწუხებთ“.
ჩანჩხალოში ბიბლიოთეკის მოწყობის შემდეგ, მუნიციპალიტეტი გეგმავს ბიბლიოთეკარის შტატის დაშვებას, რითაც სოფელში ერთი ადგილობრივი დასაქმდება.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში შეძენილი და სოფლის მოსახლეობის მიერ დამონტაჟებული გარეგანათების ბოძები ჩანჩხალოში / 4.08.2020
„ჩვენ ვეცდებით, რომ მომავალშიც დავუჭიროთ მხარი საინიციატივო ჯგუფების/მოსახლეობის გაძლიერებას და მათ ჩართულობას – ეს იქნება როგორც სამართლებრივი კუთხით კონსულტაციები, ასევე სხვადასხვა ტიპის აქტივობა, კონკრეტულად, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება, რომელიც უშუალოდ მიმართული იქნება იმ კუთხით, რომ მოსახლეობამ თვითონ დაინახოს, თუ რა შეუძლია გააკეთოს თავისი ძალებით და არ იყოს მხოლოდ დამოკიდებული სხვა, მესამე პირის დაპირებაზე. მოსახლეობამ მისი უშუალო ჩართულობით უნდა მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც მას ადგილზე აწუხებს“, – ამბობს ირმა პავლიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციული დირექტორი.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლების მახალაკური, ჩანჩხალო და ბზუბზუს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
მისტიური ბუნებით, ტრადიციებით, ტყეებში მიმოფანტული ხის სახლებითა და ჩანჩქერებით აჭარის მთიანეთი წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველად ესტუმრეთ აქაურობას. წელს აჭარის მთიანეთში შვიდმა ბლოგერმა იმოგზაურა, მათგან ზოგი პირველად იყო ამ კუთხეში. ბლოგერები საკუთარ შთაბეჭდილებებსა და დაკვირვებებზე საუბრობენ.
გურამ შეროზია
გურამ შეროზია ბავშვებთან ერთად, ჩირუხი.
ძალიან იაფია საოჯახო სასტუმროებში დასვენება მთიან აჭარაში. გასაოცარია აქაური სტუმარმასპინძლობის წესები, მთიანეთში დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს, გაცვლით უამრავ ისტორიას ადამიანებთან.
მთის კლიმატი, დღისით მცხუნვარე მზე, ღამით კი სიცივე და შეშის ღუმელი.
ძალიან ბევრის თქმა შემიძლია აჭარულ კერძებზე: სინორი, ბორანო, ნაღბიბორა, აჭარული ხაჭაპური – ეს სამზარეულო ყველის მოყვარულთა სამოთხეა.
ჩირუხი. გურამ შეროზიას ფოტო
გამოვარჩევდი საოცარ ბუნებას, ულამაზეს ხედებს, ხის ქოხებიან სოფლებს – ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ფოტოგენურს ხდის მთიან აჭარას.
სოსო ნებიერიძე
სოსო ნებიერიძე
ყველაზე შთამბეჭდავი აჭარაში საძოვრები, იალაღები იყო. აქ ხალხი ზაფხულობით ამოდის, ყველა შინ გეპატიჟება, უცებ შემოდიან კონტაქტში, ახლობლებივით.
სიცოცხლე ჩქეფს აჭარის მთებში აღმოსავლეთის მთიანეთისგან განსხვავებით. ზაფხულობით აქ ბევრი ბავშვია. ერთობიან, ჟრიამულია. შეიძლება ისეთი ადგილები აღმოაჩინო, მხოლოდ ადგილობრივებმა რომ იციან და ფოტოებზეც არსად გინახავს.
შუამთის ტბები
შარშან ვნახეთ, მაგალითად, შუამთის ტბები. ხიხანის ციხესა და ბეშუმს შორისაა, ისე მაღალზეა ეს სამი ტბა, რომ ხიხანიც კი ჩანს იქიდან, ანუ ხიხანზე მაღლაა. იქვეა საძოვრებიც. აქამდე არაფერი ვიცოდი ამ ტბებზე, ფოტოც არ მქონდა ნანახი.
ნათია ლილიუმი
ნათია ლილიუმი
წელს მეორედ ვიყავი მთიან აჭარაში. საქართველოში ყველგან ვარ ნამყოფი, მაგრამ მთიანი აჭარის მსგავსი არსად მინახავს. ჩემი რჩეული ადგილი ჩირუხია. აქაურები ყველაზე მეგობრული ხალხია, ვინც კი აქამდე მინახავს.
ჩირუხი საზაფხულო საძოვარია. დიდთოვლობის გამო ზამთარში იქ არავინ ცხოვრობს.
ბათუმიდან სულ 15 წუთის სავალზეა ჩემთვის მეორე, განუმეორებელი ადგილი სახალვაშო, საიდანაც ფრინველების გადაფრენას აკვირდებიან – მთის სოფელშიც ხარ და ზღვაც ჩანს. სახალვაშოში საოჯახო სასტუმროებიცაა.
წელს პირველად ვიყავი მტირალაზე და ძალიან მომეწონა. დაგვხვდა ძაღლი, რომელმაც მიგვაცილა მტირალას ჩანჩქერამდე და ჩამოგვაცილა. ეს ძაღლი ამ პარკში ცხოვრობს და ყველა ტურისტს ასე აცილებს თურმე, მიჰყავს ჯგუფები და მოჰყავს. მტირალაზევეა ტყეში გაბმული ზიპლაინი. ეს არის ჩემი საყვარელი ადგილები აჭარაში.
სამასწოლოვანი ხის ხიდი სოფელ ხაბელაშვილებში. ნათია ლილიუმის ბლოგი.
მისტიურია ჩირუხიც, როდის მოდის და როდის მიდის ნისლი, ვერ გაიგებ.
მთიან აჭარაში გამორჩეულად გულღია, ლაღი და თბილი ხალხი ცხოვრობს. ბაირამის დღესასწაულზე აღმოვჩნდით აჭარაში. საინტერესო წეს-ჩვეულებები გაცოცხლდა ჩვენ თვალწინ. ოჯახში ახალდაბადებული ბავშვი ჰყავდათ. მამამ შინ შეგვიპატიჟა, სახლში შესვლამდე კი გვითხრა, ანთებულ ასანთს შემოგატარებთ, ავი სულები რომ არ შემოგყვეთ და ისე შედითო. თითქოს არაფერი, მაგრამ ასეთი დეტალებითაც ეცნობი ადამიანების ყოფას.
სალი წვერავა
აქ ყველაფერი ავთენტურია. არ მიყვარს მთაში ჩადგმული გათანამედროვებული შენობები. მთა ჩირუხიც ასეთი ადგილია, რომელსაც რუკაზეც კი ვერ პოულობდნენ ჩვენი ბლოგერები. რაც მთავარია, საშუალო შემოსავლის ადამიანსაც შეუძლია მოგზაურობა აქ ტუროპერატორების გარეშე, ერთი ზურგჩანთით, საოჯახო სასტუმროები ძვირი არ არის, უგემრიელეს კერძებსაც გთავაზობენ და დანიშნულების ადგილებსაც მიგასწავლიან.
ტიტე მიქაძე
აჭარა არ არის მხოლოდ ქობულეთი, ბათუმი, გონიო და სარფი. მთიანი აჭარის გამოტოვება აქ ყოფნისას არ შეიძლება. საოცარი დამოკიდებულება აქვთ სტუმრის მიმართ. სოფელ კაპნისთავში შევესწარით, როგორ აღნიშნავდნენ კაპნისთავობას და ამ დღესასწაულის მონაწილეებად ვიქეცით. აქაურებს საკუთარი კუთხის მიმართ უფაქიზესი დამოკიდებულება აქვთ, გიყვებიან საკუთარ მხარეზე, ტრადიციებზე, ისტორიაზე, სიამაყით და ღირსეულად.
აჭარის სოფლებში გამაოცა ტრადიციამ, რომ სახლს ჰქონდა თურმე ცალკე ოთახი, ცალკე შესასვლელით სტუმრისთვის. სახლის პატრონი შინ რომც არ ყოფილიყო, სტუმარს გზაზე თუ შემოაღამდებოდა, შეეძლო შესულიყო ამ ოთახში და ღამე გაეთია. რამხელა ზრუნვა ჩანს სხვაზე, უცნობზე, როცა სახლს აშენებ, ფიქრობ, როგორი იყოს მისაღები, საძინებელი და ამასთანავე ფიქრობ, რომ თუ ვინმეს დაუღამდება შენს სახლთან ახლოს, მისთვისაც გქონდეს ოთახი საწოლით, ცალკე წყლით და მოსასვენებლით. მეიდან ოდები ჰქვია აჭარაში ასეთ ოთახებს.
მიკვირს, როგორ არ ვიცოდი აქამდე ჭვანის ხეობაში ხაბელაშვილების სამასწლოვანი ხის ხიდის შესახებ. დროა, ჩვენივე ქვეყნის კუთხეები აღმოვაჩინოთ, უამრავი რამეა სანახავი.
მე ვნახე ნამდვილი საქართველო მთიანი აჭარის ოჯახებში. ოჯახები და ადამიანები – ეს არის ის, რამაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ტიტე მიქაძე აჭარაში.
მთიანი აჭარა იდეალურია იმ ფეისბუქ თუ ინსტაგრამბლოგერებისთვის, რომლებიც ფოტოსთვის კარგ ადგილებს ეძებენ. მტირალას მთაზე ბალიზე მეგონა თავი: ჩანჩქერი, ჯუნგლები… ჩირუხის დანახვისას მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემსავით ნამყოფია ისლანდიაში, ორივემ ერთხმად წამოვიყვირეთ: „ისლანდია!“
სახლები, ზვინები, ნალიები, მთა და ნისლში გახვეული ეს ყველაფერი – უდიდესი ეგზოტიკაა. ყველანი შევთანხმდით, რომ მთიანი აჭარა ჩვენთვის მთელ საქართველოში ყველაზე შთამბეჭდავი და მომნუსხველი ადგილია.
ოთო ნიკურაძე
“აჭარაში არაერთხელ მიმოგზაურია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემთვის მთელს საქართველოში ერთ-ერთი უსაყვარლესი კუთხეა.
ოთო ნიკურაძე მეძიბნას ჩანჩქერთან
ბევრისთვის აჭარა მხოლოდ ბათუმთან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის კურორტებთან ასოცირდება, თუმცა აჭარა გაცილებით მეტია ვიდრე ზღვისპირა რეგიონი. ბათუმიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში იწყება თვალწარმტაცი ბუნება, ულამაზესი ხეობები, მთებზე შეფენილი სახლები.
აჭარის მთავარი ღირშესანიშნაობა ხალხია, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებითა და ადათ-წესებით. აჭარული სამზარულო ხომ ცალკე ხაზგასმის ღირსია.
მოგზაურებს ვურჩევ, გადაუხვიონ მთავარი გზიდან და მოინახულონ საზაფხულო იალაღები, სადაც ბევრად უკეთ შეიგრძნობენ ამ ყველაფერს. აუცილებლად სანახავი ადგილებიდან გამოვარჩევდი ჩირუხის მთას, მერისისა და მეძიბნას ჩანჩქერებს, ღომას მთას, ხიხანის ციხეს და შუამთის ტბებს.
ზურა გელაშვილი
მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას ყველაზე მეტად ჩირუხი მომეწონა, შემდეგ ბეშუმთან მდებარე სოფლები მწვანე ტბის ბილიკზე და ბოლოს მწვანე ტბა…
პირველად ვიყავი მაღალმთიან აჭარაში. ჩემთვის ეს იყო დიდი თავგადასავალი, ყველაზე მეტად მომხიბლა ადგილობრივებთან კონტაქტმა. წარმოუდგენელიც კი არის იქ რაც ხდება, ეს უნდა ნახოთ ამას ვერ გადმოვცემ თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ სტუმრებისადმი.
ახალ ადათ-წესებსაც გავეცანი და დაგემოვნებით ლამის ყველა აჭარული კერძი გავსინჯე. ბორანო ძალიან მომეწონა.
ტურისტებს ვურჩევ მეტი სპონტანურობა გამოიჩინონ: ადექით, ჩაალაგეთ ბარგი და გაიქეცით ჩირუხში… ჩირუხი ზედმეტად შემიყვარდა.
ნუ ელოდებით თანამედროვე ტექნოლოგიებს ან კომფორტს. ჩირუხში დაგხვდებათ სიყვარული, ურთიერთობები, საოცარი ბუნება, ნისლი, ნისლი და კიდევ ნისლი, რომელიც გაგაგიჟებთ იმდენად ლამაზად ერწყმის უსასრულო მთებს. ყველაზე სიცოცხლით სავსე სოფელია ჩირუხი, ყველა მხრიდან ისმის ბავშვების ჟრიამული, საღამოს კოცონსაც ანთებენ და ეს ლამაზი ბუნება უფრო მეტად ემსგავსება ზღაპრულ სამყაროს.
თუ ბათუმში ხართ, ან მალე მიემგზავრებით, შეგიძლიათ შეუკვეთოთ Wolt ბათუმში, გადაიხადოთ Mastercard-ით, დაიბრუნოთ მიტანის საფასური და ისიამოვნოთ დასვენებით.
ბათუმში Mastercard და Wolt-ის ახალი საზაფხულო კამპანია 3 აგვისტოს დაიწყო! მთელი აგვისტოს განმავლობაში Wolt-ისა და Mastercard-ის მომხმარებლებისთვის საკვების მიტანა უფასო იქნება.
Wolt და Mastercard თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს საინტერესო აქციებს და სხვადასხვა აქტივობებს. ბათუმის საზაფხულო აქცია Mastercard-ის კამპანია “სალამი ზაფხულს” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2020 ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ისახავას მიზნად.
***
მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com) არისტექნოლოგიურიკომპანიაგადახდებისგლობალურინდუსტრიაში. მასტერქარდი მართავს მსოფლიოშიგადახდისყველაზესწრაფსაპროცესინგოქსელს, რომელიცერთმანეთთანაკავშირებსმომხმარებლებს, ფინანსურინსტიტუტებს, სავაჭროქსელებს, მთავრობასადაბიზნესს 210-ზემეტქვეყანაში. მასტერქარდისპროდუქტებიდასისტემებიუფროაადვილებს, უსაფრთხოსადაეფექტურსხდისყოველდღიურსავაჭროსაქმიანობას, როგორიცააშოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისადაფინანსებისმართვა. Twitter@MasterCardNews-ზეშესაძლებელია ჩართვა, სხვადასხვა საკითხისგანხილვაბლოგზე „ტრანზაქციისმიღმა” (Beyond the Transaction Blog), ხოლო სიახლეების გაცნობა „Engagement Bureau”-დან (https://newsroom.mastercard.com).
საქართველოში Wolt 2018 წლისმაისიდანოპერირებს. დღეს, Wolt-ისაპლიკაციითკერძებისგამოძახებათბილისის, ბათუმის და ქუთაისის 500-ზემეტირესტორნიდანაა შესაძლებელიდამისისერვისით, ყოველდღიურად, ათასობითმომხმარებელისარგებლობს. 2020 წლისაპრილიდან Wolt-ისაპლიკაციასსუპერმარკეტებისგამოძახებისსერვისიცდაემატა.
„ამ დაზგაზე თითო დეტალი, თითო ფიგურა იჭრება და შემდეგ ხელით ვაწყობ,“ – ასე იწყებს მარადიდელი ქემალ ბედინაძე თავის საქმიანობაზე საუბარს და იმ დაზგას გვაჩვენებს, რომლითაც ათობით აკვანი გაუკეთებია.
ქემალი ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში ცხოვრობს. ამბობს, ლამის უკანასკნელი ოსტატი დავრჩი, ვინც დღემდე ჯიუტად არ ეშვება საყვარელ საქმეს და აკვანს ვამზადებო.
აკვნის დამზადება ბაბუამ და მამამ ასწავლეს. თავად ქემალმა წინაპრების ტრადიცია არ დაარღვია და შვილს გადასცა ცოდნა. 40 წელია, რაც ამ საქმეზე მუშაობს, თუმცა ბოლო წლებში ძალიან შეუმცირდა შეკვეთები.
„წელს მხოლოდ ორი აკვანი გავაკეთე. ერთს ახლა ვასრულებ, ოზურგეთიდან, სოფელ ნასაკირალიდან დამიკავშირდნენ და იქ უნდა გავაგზავნო. ერთი აკვანი 150 ლარი ღირს. ვამზადებ პატარა, სათამაშო აკვნებსაც. მერე მიმაქვს და ბათუმში ბაზარში 20 ლარად ვაბარებ. სათამაშო აკვნები უფრო იყიდება,“ – ამბობს ქემალ ბედინაძე.
მისი თქმით, აკვნის დამზადებას დიდი შრომა და ყურადღება სჭირდება. აკვანი ძირითადად ცაცხვის, თხმელის, წაბლისა და წიფლის ხისგან კეთდება. აკვნის ნაწილი დაზგაზე ითლება, რამდენიმე დეტალი კი, ე.წ. რკალები, უნდა მოიხარშოს.
„დიდ ქვაბში ცეცხლზე ვხარშავ ამ რკალებს. წიფელა ირკალება ყველაზე კარგად. ყველა დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ. ყველაფერი უზადო უნდა იყოს, რომ კლიენტი კმაყოფილი დარჩეს,“- გვიხსნის ქემალი.
მარადიდი პატარა ისტორიული სოფელია მდინარე ჭოროხისპირას. აქ თითქმის ყველა სახლში მოიპოვება ხის დაზგა.
ჭოროხის ხეობას უძველესი დროიდან ჰქონდა სანაოსო ფუნქცია. ნავით ართვინიდან ბათუმამდე ჩადიოდნენ და ამ გზით გადაჰქონდათ როგორც ტვირთი, ასევე გადაჰყავდათ მგზავრები. ნაოსნობამ გააჩინა ნავების დამზადების საჭიროება. ამბობენ, რომ ჭოროხის ხეობის სოფლებიდან ყველაზე მეტად ნავების მშენებლობა სოფელ ქვედა მარადიდში იყო განვითარებული. ადგილს, სადაც ნავი შენდებოდა, თერცხანე ერქვა. გადმოცემის თანახმად ქვედა მარადიდში ოცამდე თერცხანე ყოფილა. მე-20 საუკუნის დასაწყისში სამანქანო გზის გაყვანამ ნაოსნობა შეამცირა, მოგვიანებით კი – სრულად შეწყდა.
ქემალ ბედინაძის დამზადებული აკვნები
სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება სოფელში ახალი ტრადიციის საფუძვლის ჩაყრა. ხელოსნებმა, რომლებიც ადრე ნავებს აკეთებდნენ, აკვნების კეთება დაიწყეს.
მარადიდში პირველი აკვნის დამზადება მარადიდელ ქამილ და ილიას დიასამიძეების სახელთანაა დაკავშირებული. მათი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ სოფელში, თუმცა თავიანთი წინაპრების პროფესიას აღარ მიჰყვებიან.
ახმედ დიასამიძის ოჯახში ინახება ბაბუის, ილიას დიასამიძის ნაქონი დაზგა, რომლითაც აკვანს აკეთებდნენ. დაზგა მექანიკურია. მის ასამუშავებლად ბორბალი ხელოსანს ფეხით უნდა ემოძრავებინა.
მარადიდელები თავდაპირველად აკვნებს ადგილობრივ ბაზარზე ყიდდნენ. მალე აკვნის გაკეთებით სოფლის სხვა მოსახლეებიც დაინტერესდნენ და მეოცე სუკუნის 60-70-იან წლებში უკვე ბევრ ოჯახში გაჩნდა დაზგები და ხელოსნები, რომლებიც ამ საქმიანობას მისდევდნენ. ამჟამად სოფელში სულ სამი ხის ოტატია შემორჩენილი, რომლებიც აკვნებს ამზადებენ.
მასალა მომზადებულია პროექტის “ფოტოისტორიები რეგიონიდან” ფარგლებში.
პროექტს “თავისუფალი ასოციაცია” ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 აგვისტოს 21 საათიდან 13 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 20 – 25 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 29 გრადუსია, მოსალოდნელია 4-ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 14-15 აგვისტოს, ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაშავებული 6 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ბავშვი მესამე დღეა იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს.
დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი – მათ შორის არასრულწლოვანი.
დაკავებულია მძღოლი. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.
აგვისტოს ბოლოს ამ გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე გაიხსნება 4-ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით იქნება 2-ზოლიანი. დარჩენილ 1.5 კმ გზაზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.
ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420- მეტრიანი ხიდი.
ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
რაც შეეხება ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის 6.4 კმ-იანი გზის მშენებლობას, ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა.
„ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლოატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო“, – წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.