კოვიდით დაღუპული 31 წლის ქალის და: ექიმები მეუბნებოდნენ ის ფსიქიკურად შეიშალა, ნუ უსმენთო

გუშინ ბათუმში 31 წლის რუსუდან კოკობინაძე გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ის „უსიმპტომო“ იყო, თუმცა კორონავირუსმა მაინც იმსხვერპლა. გარდაცვლილის დას, მირანდა კოკობინაძეს მიაჩნია, რომ რუსუდანის მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის გულგრილობით დამძიმდა. რატომ აქვს ქალის ოჯახს ეს განწყობა, როგორ დამძიმდა 31 წლის ქალის მდგომარეობა, ამის შესახებ „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა გარდაცვლილის დას დაუსვა.

„გვირეკავდა, გვწერდა, რომ თრომბის ნემსს არ უკეთებდნენ ოპერაციის [საკეისრო კვეთა] შემდეგ. როცა ექიმებს ეუბნებოდა, რომ „დამეხმარეთ, სუნთქვა მიჭირსო“, ხმამაღლა უყვიროდნენ – „მე შენ თავზე ვერ დაგადგები, მე შენი თავი არ მაქვს, მე სხვა პაციენტები მყავს და შენ თავს შენ თვითონ უნდა დაეხმაროო“. გვესმის, რომ ექიმებიც გადაღლილები არიან, მაგრამ როცა შეიძლება ადამიანი გადარჩეს ერთი ნემსით ან აუცილებელი ჩარევით, ხომ შეიძლება ეს გაუკეთო“, – ამბობს მირანდა კოკობინაძე.

მისი თქმით, რუსუდან კოკობინაძეს საკეისრო ოპერაცია ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს გაუკეთეს, თუმცა ოპერაციამდე მშობიარე ქალის ფილტვების მდგომარეობა არ შეუმოწმებიათ, რენტგენი არ გადაუღიათ.

„მხოლოდ გარედან მოუსმინეს. სხვა ანალიზებიც ნორმაში აქვსო, გვეუბნებოდნენ. „მედინაში“ 27 ნოემბერს გადაიყვანეს დილის 6 საათზე, თუმცა CT [კატე] იქაც მხოლოდ საღამოს გადაუღეს, რადგან გაფუჭებული იყო [დანადგარი] და არემონტებდნენ.

გადაღების შემდეგ დაზიანება შეაფასეს 23 ქულით. ეს იმას ნიშნავდა, რომ ფილტვების 90 პროცენტი დაზიანებული იყო“, – ამბობს მირანდა.

მირანდა კოკობინაძის თქმით, ოჯახმა მიმართა თბილისში მყოფ ექიმ ლევან რატიანსაც, რომელმაც პაციენტს ანტიბიოტიკი დაუნიშნა. გარდაცვლილის და ამბობს, რომ კლინიკაში არც ეს დანიშნულება შეასრულეს – ანტიბიოტიკი არ გაუკეთეს.

„ექიმები ჩემს დაზე გვეუბნებოდნენ, რომ ფსიქიკურად შეიშალა და სწორ ინფორმაციას ვერ გვაწვდიდა. არ მოუსმინოთო. მაშინ როცა, ფილტვები ფაქტობრივად განადგურებული ჰქონდა, სათანადო მკურნალობას არ უტარებდნენ“, – ამბობს გარდაცვლილის და.

მირანდა კოკობინაძე ამბობს, რომ ოჯახი მისი დის გარდაცვალების თაობაზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოსაც მიმართავს.

რუსუდანს ერთი კვირის შვილი დარჩა.


ბათუმში კოვიდით გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა

ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს კორუფციისთვის 8 წელი მიუსაჯეს

ვენის სასამართლომ ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი კარლ-ჰაინც გრასერი დამნაშავედ ცნო თითქმის 10 მილიონი ევროს ქრთამად აღებაში და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების ვერსიით, 2004 წელს გრასერმა, რომელიც მაშინ ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო, 60 ათასამდე სახელწიფო ბინის გაყიდვისას კერძო ინვესტორს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა შესყიდვის ფასის შესახებ, რომ ტენდერი სხვა კომპანიას არ მოეგო.

გარიგების მთლიანი თანხა 961 მილიონი ევრო იყო, მინისტრმა კომპანიისგან 9,6 მილიონი ევრო მიიღო ქრთამის სახით.

ამავე საქმეზე 14 ბრალდებული დაჯარიმდა.

საქმეზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო. სასამართლოს წინაშე 165 მოწმე წარსდგა, საქმე 865-გვერდიანი იყო.

მდინარაძე: ჯანდაცვის მინისტრის და სისტემის კრიტიკის დრო არ არის

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, 4 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანდემიის დროს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და სისტემის „მიზანმიმართული და ორკესტრირებული შეტევა მიუღებელია“. ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით ახალგაზრდა ადამიანების დაღუპვის შესახებ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში ბევრი ითქვა და დაიწერა ჯანდაცვის გაუმართავ სისტემაზე.

„ამ სიტუაციაში ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა არის ის, საომარი სიტუაციის დროს თავდაცვის მინისტრს რომ დაესხა თავს“, – აცხადებს მდინარაძე.

მისი აზრით, ჯანდაცვის სისტემას მედია, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და ორგანიზაციები აკრიტიკებენ.

„მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებსაც უჭირთ კოვიდ 19-ის შედეგებთან გამკლავება. ამ მძიმე ვითარებაში ჯანდაცვის სისტემაზე და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა სრულიად გაუმართლებელია.

დღეს ამ საკითხში არა ერთმანეთთან ბრძოლის თუ შეცდომების, ხარვეზებზე ჩასაფრების, არამედ გაერთიანების და ერთად დგომის დროა. ასეთ დროს კრიტიკა არა მარტო სისტემის დისკრედიტაციაა, არამედ მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

___

გუშინ ბათუმში კორონავირუსით დაიღუპა 31 წლის ქალი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბათუმის სამშობიაროში საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. დღესვე ოჯახმა გაავრცელა დაღუპული ქალის მიერ გაგზავნილი სმს შეტყობინებების სქრინები, რომლის მიხედვითაც ქალს კლინიკაში 24 საათში ერთხელ აკითხავდნენ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 336 ადამიანი.

________________________________

ამავე თემაზე:

ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი ჟურნალისტების მხრიდან – ჯანდაცვის მინისტრი

სილქნეტის მომხმარებლებისთვის „ულიმიტო დღეების“ აქცია იწყება

შეუზღუდავი კომუნიკაციისთვის, სილქნეტმა   “ულიმიტო დღეების“  აქცია განაახლა.  

აქციაში მონაწილე სამივე პაკეტი მოიცავს ულიმიტო სასაუბრო დროს ლოკალურ ქსელებზე (გლობალსელის და ასანეტის გარდა), ულიმიტო სმს და ულიმიტო ინტერნეტს.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კოდით *020# გაიაქტიუროს სასურველი პირობა:

[checklist]

  • ულიმიტო დღიური – 3 ლარად;
  • ულიმიტო 5 დღიანი – 7 ლარად;
  • ულიმიტო 30 დღიანი – 41 ლარად

[/checklist]

დღიური და 5 დღიანი პაკეტები არის ავტომატურად განახლებადი, ხოლო 30 დღიანი პაკეტი არის ერთჯერადი პირობით

პაკეტები ხელმისაწვდომია ყოველდღიურად,  როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი აბონენტებისათვის

მობილური ქსელის აბონენტები მინიმალურ ფასად ისარგებლებენ სასაუბრო, სმს და ინტერნეტ კავშირით ულიმიტოდ. 

21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ბათუმში გაიმართება

2023 წელს საქართველო, რუმინეთთან ერთად, უმასპინძლებს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს. ევროპის 24-ე ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში, ახალაშენებულ არენაზე გაიმართება.

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფა-მ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

„ევროპის 24-ე ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში, ახალაშენებულ არენაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები ითამაშებს. საქართველოში ორი ჯგუფის მატჩები – თბილისში, ბათუმსა და ფოთში ჩატარდება“, – ინფორმაციას საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

გამყრელიძე რეინფიცირებაზე – ჯერ ვერ დავადასტურებ, მიმდინარეობს კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, დღეს, 4 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე არ დაადასტურა ინფორმაცია საქართველოში რეინფიცირების სამი შემთხვევის შესახებ.

რეინფიცირების შესახებ გუშინ განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა, მაგრამ დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს.

„… გვაქვს მხოლოდ სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს  ჩაღრმავებული კვლევა. რომ დავადასტუროთ ის, რომ ნამდვილად იყო რეინფიცირების შემთხვევა, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

___

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 336 ადამიანი.

უსკო-ს თავმჯდომარეს „ივანიშვილის სერტიფიკატი“ მიუტანეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენენ და მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. დღეს, 4 დეკემბერს, უსკო 31 ოქტომბრის არჩევნებზე შემაჯამებელ ოქმს მიიღებს. საპროტესტო აქცია სხდომის პარალელურად იმართება.

აქციის მონაწილეებმა უსკო-ს თავმჯდომარეს, პარმენ ჯალაღონიას „ივანიშვილის სერტიფიკატი“ მიუტანეს და პირადად მისი გადაცემა ითხოვეს, თუმცა დაცვის სამსახური მათ ამის საშუალებას ჯერჯერობით არ აძლევს. აქციის მონაწილეების განმარტებით, უსკოც მონაწილეობდა არჩევნების გაყალბებაში და მათ სიმბოლურად მიუძღვნეს სერტიფიკატი ივანიშვილის ხელმოწერით.

საპროტესტო აქციაზე გაუშვეს ბუშტებიც, რომელზეც სხვადასხვა საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმია მიკრული.

„ასე, ბუშტებივით გასკდება ეს გაყალბებული ოქმებიც,“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.

არჩევნების შედეგებს 3 ნოემბრიდან აპროტესტებენ ბათუმში. აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება.

საპროტესტო აქცია უსკოსთან, 4 დეკემბერი, 2020 წ.

აჭარაში კოვიდით 11 ადამიანი გარდაიცვალა – 4 დეკემბერი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა დღეს, 4 დეკემბერს ბრიფინგზე.

ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების 38 შემთხვევაა დღეს. აქედან 20 შემთხვევა თბილისშია. ბოლო რამდენიმე დღეა, რეგიონების მიხედვით გარდაცვლილების მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო აღარ ავრცელებს.

გამყრელიძის თქმით, სპეციალური კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს ვაქცინის მიღების მოსამზადებელ გეგმაზე და წინასწარი მონახაზი მომდევნო კვირაში უნდა იყოს.

„გარდა კოვაქსპლატფორმისა, რომლიდანაც საქართველოს უკვე გარანტირებული აქვს დაახლოებით მილიონ 400 ათასი დოზის მიღება, რომელიც დაახლოებით მარტი-აპრილის თვეში იქნება, თუმცა მანამდე, ქვეყანა პარალელური გზებით  ცდილობს გარკვეული რაოდენობის ვაქცინის დოზების მიღებას, რომ ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის და რისკის ჯგუფებისთვის“, – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 24 349 აქტიური შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 80 პროცენტია.

ბათუმის სამშობიარო სახლის განმარტება 31 წლის ქალის გარდაცვალებაზე

„მისი ოჯახის წევრებს, დას, მეუღლეს ჰქონდათ კომუნიკაცია სამშობიაროს დირექტორთან, ერთხელაც არ გაუჟღერებიათ, რომ ყურადღებას არ აქცევენ, იჩაგრება ჩემი და, ან მსგავსი რამ… იმ პალატაში მარტო ხომ არ იყო, სხვასთან მიდიოდა ექიმი და მასთან არა?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის სამშობიარო სახლის“ იურისტი სიმონ ასათიანი 31 წლის რუსუდან კოკობინაძის სმს მიმოწერის შესახებ, რომელიც დღეს გავრცელდა.

კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს საკეისრო კვეთა გაუკეთეს, გუშინ, 3 დეკემბერს გარდაიცვალა.

დღეს, 4 დეკემბერს, რუსუდან კოკობინაძის ოჯახის წევრებმა სმს მიმოწერა გაასაჯაროვეს, სადაც 31 წლის ქალი წერს, რომ ექიმები 24 საათში ერთხელ შედიან, ყურადღებას არ აქცევენ და როცა დახმარებას ითხოვს, ექიმი უყვირის. „გაგუდული დაგვხდები“ – წერდა ახლობლებს ქალი, რომელიც დაიღუპა.

„ეს ქალბატონი იყო კოვიდდადასტურებული, მას სჭირდებოდა ჟანგბადი… ამ სირთულის მიუხედავად მეანობის კუთხით მდგომარეობა განვითარდა ისე, როგორც იყო საჭირო, მას გართულება არ ჰქონია. ბავშვი წაიყვანეს ოჯახის ახლობლებმა და ის კარგად გრძნობს თავს… პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა კოვიდინფექციის კუთხით და საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში მოთავსება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს,“ – გვითხრა სიმონ ასათიანმა.

რუსუდან კოკობინაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ 27 ნოემბერს „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორ დამძიმდა 31 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა? – სამშობიარო სახლის იურისტმა გვითხრა, რომ ზუსტი მიზეზი მისთვის უცნობია და მოგვიანებით ექიმს გაგვასაუბრებს.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს სამშობიარო სახლის დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ არ უპასუხა.

რას წერდა კოვიდით გარდაცვლილი 31 წლის ქალი ოჯახს და რას აცხადებენ სამინისტროში

დღეს, 4 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ბათუმში 31 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შემთხვევას აუდიტის ჯგუფი და რეგულირების სააგენტო შეისწავლის. მისი თქმით, შეისწავლიან იმ მიმოწერას, რომელიც პაციენტს ოჯახის წევრებთან ჰქონდა გარდაცვალებამდე.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხდება გარდაცვალება, ორსულობა მაქვს მხედველობაში და ყველა დედის დანაკარგი არის დიდი ტრაგედია. გარდაცვალების ყველა შემთხვევას რეგულირების სააგენტო და აუდიტის ჯგუფი შეისწავლის, მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევასაც.

ის ინფორმაცია, რომელიც დღეს ჩვენ კლინიკიდან გვაქვს, მიუთითებს იმაზე, რომ ეტაპები, რომელიც გაიარა პაციენტმა არის ის ეტაპები, რომელიც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. ჩაღრმავებულ ანალიზს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის მძიმე დაზიანებას. რადგან თანმხლები დაავადებები რასაც შესაძლოა გამოეწვია გარდაცვალება, არ ფიქსირდება, ამ შემთხვევის ღრმა ანალიზიც ჩატარდება“, – ამბობს თამარ გაბუნია.

დღეს დილიდან TV პირველი ავრცელებს გარდაცვლილი ქალის მიერ ოჯახის წევრებისთვის გაგზავნილი სმს-ებს, სადაც გარდაცვლილი წერს, რომ მას ყურადღებას არ აქცევენ და „არ შემოდიან, მხოლოდ 24 საათში ერთხელ“, რომ „უყვირიან“.

შეტყობინებები, რომლებსაც 31 წლის ქალი ოჯახის წევრებს უგზავნიდა. ფოტო: TV პირველი

თამარ გაბუნიას თქმით, ინფორმაციას სჭირდება დადასტურება და გადამოწმება.

„ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო არის იმისთვის, რომ პრევენციულად სრულიად გამორიცხულია ასეთი ტიპის, შეუფერებელი დამოკიდებულება პაციენტთან და ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის მონიტორინგი ტარდება საავადმყოფოებში იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ იყოს. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას რაც ვრცელდება, სჭირდება გადამოწმება და ამაზეც სამინისტროს აქვს რეაგირების მექანიზმი“, – ამბობს გაბუნია.

31 წლის ქალი ბათუმში გუშინ გარდაიცვალა. მას რამდენიმე დღის წინ საკეისრო ოპერაცია გაუკეთეს. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა.

___

მთავარ ფოტოზე: გარდაცვლილი ქალი და smsის სქრინი, რომელიც ტვ პირველმა გაავრცელა. 

ამავე თემაზე:

ბათუმში კოვიდით გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა

ზამთარი საშუალოზე 1 გრადუსით თბილი იქნება | ამინდის ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2020-2021 წლის ზამთრის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექის რაოდენობა კი ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +6, +7; მთაში +1, +2; მაღალ მთაში -1, 0; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +2; მთაში -2, -1 მაღალ მთაში -5, -4 გრადუსს  შეადგენს.

____________

ფოტოზე: თოვლიანი დღე ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თორნიკე თავაძე

„112“-ის და „144“-ის გამართულად მუშაობისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

„112“-ის და „144“-ის გამართულად მუშაობისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 2 580 000 ლარის ინვენტარისა და კომპიუტერული ტექნიკის შეძენას ტენდერის გარეშე გეგმავს. „112“-მა შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანხმობისთვის უკვე მიმართა.

„112“-ის ადამიანური რესურსების სრული მობილიზების მიუხედავად, ეპიდსიტუაციის გამწვავების პარალელურად, საგრძნობლად გაზრდილია მომართვიანობა. შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, მოხდა ადამიანური რესურსების სარეზერვო ჯგუფების მაქსიმალური მობილიზება, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდა, ახალი სამუშაო განრიგის შემუშავებისა და ცვლების გადანაწილების შემდგომ, გამოიკვეთა „112“-თვის და „144“-თვის, დამატებითი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვის საჭიროება“, – აღნიშნულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის განაცხადში.

ხელშეკრულებების გაფორმებიდან 80 დღეში ცენტრმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი ინვენტარისა და ტექნიკის შეძენა/მონტაჟი:

  • ქსელური მოწყობილობა – 2 ცალი
  • სერვერი – 8 ცალი
  • საოფისე სავარძელი – 60 ცალი
  • საოფისე სკამი – 50 ცალი
  • საოფისე მაგიდა – 30 ცალი
  • მობილური ტელეფონი – 40 ცალი
  • უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროები – 5 ცალი

აღნიშნული ტექნიკის გარეშე, ცენტრის ინფორმაციით, „ვერ მოხერხდება ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის – 144-ის სრულყოფილი ფუნქციონირება და საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეულ მოქალაქეთა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპერატიული რეაგირება“.

ცენტრი ტექნიკის შესყიდვას საკუთარი შემოსულობებითა და StopCoV ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით გეგმავს.

ბათუმში უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 4 დეკემბრის 21 საათიდან 5 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 4 –9 გრადუსი

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 2 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო 2 დღეს, 6-7 დეკემბერს, მოსალოდნელია  უმეტესად უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე მოცემული გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში უნალექო ამინდი 8 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე

აჭარაში კოვიდის 483 ახალი შემთხვევაა, რეგიონში 155 მძიმე პაციენტია

4 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 483 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 515 პაციენტი.

მთავრობის ცნობით, აჭარაში 1025 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 155 მძიმე პაციენტია, ხოლო 44  ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

ბოლო 24 საათში საქართველოში 38 პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით აჭარაში, ამას უკვე რამდენიმე დღეა არც საკოორდინაციო საბჭო და არც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს.

2022 ადამიანია აჭარაში დღეისათვის კოვიდსასტუმროში, ხოლო 448 – საკარანტინო სივრცეში.

აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 12071 პირი.

კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი – 5 068 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა –  38 , გამოჯანმრთელდა –  2 336 პირი.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19.

ჩვენ მასწავლებლები არ ვართ? – რატომ არ ემატებათ სპეციალურ მასწავლებლებს ხელფასი

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს, ვისაც 15 საათი აქვს, 100 ლარი დაემატება ხელფასზე. ვისაც უფრო ნაკლები საათები აქვთ, მათი დანამატი საათების პროპორციული იქნება.

სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სპეციალური მასწავლებლები სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან მათ სახელმწიფომ მთელი წლის განმავლობაში არ მისცა შესაძლებლობა სტატუსი აემაღლებინათ – ზაფხულში ჩატარებულ გამოცდებზე სპეციალური მასწავლებლები არ მონაწილეობდნენ, შემოდგომის გამოცდა კი გაუქმდა.

„სპეციალურმა მასწავლებლებმა რა დააშავეს ნეტა, მათ შრომას რომ არავინ არაფრად აგდებს“, – წერს ერთ-ერთი პედაგოგი, თიკო სარალიძე სტატიის კომენტარში, რომელიც „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა და მასში საუბარია 100 ლარით მასწავლებლის ხელფასის ზრდაზე.

კიდევ ერთი მასწავლებელი ამავე სტატიის ქვემოთ წერს, რომ სპეცმასწავლებლებს 18 საათიც აქვთ, თუმცა ხელფასი მაინც არ შეესაბამება მათ შრომას. „სამარცხვინო ხელფასი გვაქვს“, – წერს პედაგოგი გვანცა დეკანოიძე.

„მიხარია, რომ საგნის მასწავლებლებს ემატებათ ხელფასი, მაგრამ სპეციალურ მასწავლებლებზე არაფერს ამბობთ? ჩვენ მასწავლებლები არ ვართ? ჩვენი მიზერული ხელფასი სირცხვილი არ არის? ჩვენი ბრალია, რომ სქემაში ჩართვას წლები მოანდომეთ? ჩვენი ბრალია პანდემია? ჩვენი არსებობა ასე არაფრად ღირს ნუთუ განათლების სისტემისთვის, რომ 1800 მასწავლებლის დისკრიმინაციას ახდენთ.

ჩვენი ბრალი არ არის, რომ კიდევ დიდხანს მარადიულ მოლოდინში გვამყოფებთ და რომ ისევ რაღაცა უშლის ხელს ჩვენს გამოცდას. გამოცდის გარეშეც გვეკუთვნის ხელფასის მომატება, ჩვენც გვყავს შვილები, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია და ჩვენ გვინდა ჩვენი შრომის დაფასება“, – წერს კიდევ ერთი პედაგოგი.

დღეს, 3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც სპეციალურ მასწავლებლებზეც საუბრობს. თუმცა არსად არ არის ნახსენები ხელფასის ან დანამატის ზრდა 2021 წლიდან.

„ბათუმელებმა“ სამინისტროს ჰკითხა, რატომ არ მოხვდნენ სპეციალური მასწავლებლები იმ კატეგორიაში, ვისაც 100 ლარი უნდა დაემატოს ხელფასზე, თუნდაც პროპორციული გადანაწილებით? სამინისტროს კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

სამინისტროს ოფიციალური პოზიციაა, რომ სპეციალურ მასწავლებლებთან მიმართებაში პოზიტიური ნაბიჯი მაშინ გადაიდგა, როცა ისინი საგნის მასწავლებლებთან გაათანაბრეს და მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში ჩართეს.

ამ ცვლილების მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლებს პრაქტიკოსი მასწავლებლების სტატუსი მიენიჭათ და შესაძლებლობა აქვთ, სტატუსი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე აიმაღლონ.

ბოლო ცვლილების მიხედვით, სპეციალურ მასწავლებელს გამოცდის ჩაბარება მხოლოდ მომავალი წლიდან შეეძლება. თუმცა გამოცდების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის. საქართველოში 1500-ზე მეტი სპეციალური მასწავლებელია.

ბათუმში კოვიდით გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა

კლინიკა „მედინას“ დირექტორი, ჯუმბერ უნგიაძე ადასტურებს ინფორმაციას კლინიკაში 31 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ. სოფელ ერგეში მცხოვრები რუსუდან კოკობინაძე დღეს, 3 დეკემბერს გარდაიცვალა. უნგიაძის ინფორმაციით ქალი კოვიდინფიცირებული იყო და მას საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს ჩაუტარეს. 27 ნოემბერს კი ის გართულებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

ჯუმბერ უნგიაძის ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა, ჰქონდა სუნთქვის ძლიერი უკმარისობა, შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ რუსუდან კოკობინაძეს ჰქონდა ფილტვების მძიმე დაზიანება.

„ფაქტობრივად ფილტვი აღარ იყო“, – გვითხრა ექიმმა. მისივე ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა 1-ელ, 2 დეკემბერს გაუმჯობესდა, თუმცა დღეს ისევ დამძიმდა და ის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.

რაც შეეხება ახალშობილს, ექიმის თქმით, ბავშვი ჯანმრთელია და ის სახლშია.

„პროგრესელი“ ლანა დავითაძე: ყველას ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს გასავლელი

„როდესაც სამზარეულოში ტრიალებ და ფიქრობ, რომელიმე კერძის ან ტკბილეულის მომზადებაზე, გონებაში გიტრიალებს შედეგი: როგორ გააწყობ სუფრას, როგორ “განალაგებ კერძებს, როგორ მოახდენ სერვირებას, რა სისქის კრემი უნდა იყოს, რომ არქიტექტურულად აეწყოს ნამცხვარი, მდგრადობა შეინარჩუნოს, ლამაზი იყოს და თან გემრიელი. პროფესიად არქიტექტურა ავირჩიე, ამ ასაკში კულინარიაში ვცდი, თუმცა ვხატავ კიდეც, ხაზვაც კარგად გამომდის და ვფიქრობ, დიდ მასშტაბებშიც კარგად გამომივა. დიდი გეგმები მაქვს“, – გვიყვება ლანა დავითაძე, რომელიც ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მე-12 კლასის მოსწავლეა.

ლანა პროფესიულ ღირებულებებს სამომავლოდ აითვისებს, თუმცა აქედანვე იცის, რომ ორგანიზებული და კომუნიკაბელური იქნება:

“სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ღირებულება ყალიბდება. მსოფლიოში გამოწვეული პანდემიის გამო დღეს უპირველესი საზრუნავი და ღირებულება ჯანმრთელობაა. ალბათ ახალგაზრდებს არასდროს გვიფიქრია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობა და როგორი პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს გაუფრთხილებლობის შემთხვევაში. რაც შეეხება სხვა ღირებულებებს, ახლანდელი თაობა წარმატებასა და კარიერაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე ოჯახის შექმნაზე, როგორც ეს ჩემი მშობლების თაობაში ხდებოდა. სამშობლოს სიყვარულსაც თავისებურად გამოვხატავთ, თითოეული ჩვენგანის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს.”

ლანას ქვეყანაში შემქნილი მდგომარეობის გამო სხვა მოსწავლეების მსგავსად დისტანციურად უწევს სწავლა. ამბობს, რომ მასწავლებლებს ორმაგი ენერგია სჭირდებათ, რომ ონლაინ რეჟიმში გაკვეთილები ისეთივე საინტერესო იყოს, როგორც საკლასო ოთახში.

“სწავლა სკოლის კედლებში უფრო კარგია, მაგრამ დისტანციურადაც ვახერხებთ. კომპიუტერთან მეტი დროის გატარება გვიწევს. ადრე გვიშლიდნენ მშობლები, ახლა ზოგჯერ ჩვენც გვწყინდება კომპიუტერთან ჯდომა. თუმცა პანდემიამ საშუალება მოგვცა ჩვენ, ადამიანებმა, დავაფასოთ ის, რაც გაგვაჩნია. თითოეული მოქალაქე ჩართულია სხვა ადამიანების დახმარებაში, ერთმანეთს თანადგომას უცხადებენ. კარგად დავინახეთ, რომ ერთიანი ძალისხმევის გარეშე ვერ დავამარცხებთ პანდემიას“, – გვიყვება ლანა.

ლანას ისტორიაც ძალიან უყვარს. აინტერესებს თავისი და სხვა ქვეყნების წარსული. მუდმივად ეცნობა, როგორ იქმნებოდა არქიტექტურული ძეგლები, რა ისტორიული მოვლენა ედო საფუძვლად და რა მიზანს ისახავდა. ამბობს, რომ ყველა საზოგადოება და კულტურა თავისებურ წესრიგს აწესებს და ნორმებს კარნახობს ადამიანებს.

„მნიშვნელოვანია თვითგამორკვევა, ინდივიდუალური მიზნების დასახვა და მისკენ სვლა. მნიშვნელოვანია ყოველთვის ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ და არავითარ შემთხვევაში არ ვცადოთ საზოგადოებაზე მორგება. თითოეული განსაკუთრებული ვართ და ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს გასავლელი“.

81 წლის ქალის ამბავი, რომელიც სასწრაფოს 9 დღე ელოდა და კოვიდი მაინც დაამარცხა

„დავამარცხე კოვიდი, ღმერთმა გაახაროს ყველა ექიმი, წამალი გინდა, საჭმელი გინდა, ყურადღება არ დამკლებია, თუ გადავრჩებოდი არ მეგონა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 81 წლის ნათელა ფაღავა. მან კორონავირუსი დაამარცხა და ახლა უკვე სახლშია. ნათელა ფაღავა კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. მას პნევმონია ჰქონდა.

„ახლა რამე აღარ მაწუხებს, ისე სუნთქვა მიჭირდა ძალიან… ჩემს ერთად კიდევ 85 წლის ქალი იყო თბილისიდან, ისიც გამოჯანმრთელდა. ორ დღეში ისიც გაიწერება, მე დღეს გამომწერეს,“ – გვითხრა ნათელა ფაღავამ. ის ხელვაჩაურში, სოფელ ყოროლისთავში ცხოვრობს.

ნათელა ფაღავას შვილი – მარინა ფაღავა გვიყვება, რომ პრობლემა გახდა მოხუცის კლინიკაში გადაყვანა და მისთვის ტესტის დროულად ჩატარებაც.

„40 სიცხე ჰქონდა, ვერ ვუგდებდი, სუნთქვა უჭირდა, სასწრაფოს ვურეკავდი დღეში სამჯერ და ვერ მოვიყვანე. სიმპტომებით მივხვდი, რომ კორონავირუსი ჰქონდა. სასწრაფოს ერთხელ ღამის 4 საათზეც დავურეკე და მითხრა, რაც გაქვთ, ის დაალევინეთო, ვეჩხუბე იმ ოპერატორს… მეორე დღეს ჩემთან უბნის პოლიცია მოვიდა, ასე და ასე ოპერატორი გიჩივით, თურმე ემუქრებითო… მერე ჩავრიე ჯანდაცვა, ჯანდაცვის მინისტრს – ნინო ნიჟარაძეს მივწერე ფეისბუქში და მომაქცია ყურადღება. 20 წუთის მერე ჩემთანაც მოვიდა სასწრაფო, 9 დღე გავიდა ამ ლოდინში…“ – გვითხრა მარინა ფაღავამ.

81 წლის ქალის შვილის, მარინა ფაღავას თქმით, რამდენადაც გაუჭირდა დედის კლინიკაში შეყვანა, იმდენად კმაყოფილია კლინიკაში დედის მიმართ გამოჩენილი ყურადღებით. რაც შეეხება პოლიციასთან მის ურთიერთობას, იმ დღის გაფრთხილების შემდეგ პოლიცია მასთან აღარ გამოჩენილა.

ვინ იქნება დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“ [სია]

დღეს, 3 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ათეულიდან სამმა მომავალმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა. კერძოდ, უმაღლეს საბჭოში არ შევლენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მისი მოადგილე თინა ზოიძე.

არჩევნების შედეგების მიხედვით 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 11 წევრი უნდა შევიდეს.

სიის პირველი ნომერი თორნიკე რიჟვაძე იყო.

სიის მეორე ნომერია წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, რომელსაც სავარაუდოდ იმავე პოსტზე წარადგენენ.

სიის მესამე ნომერი იყო  მოქმედი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მეოთხე კი – თინა ზოიძე. მათ მანდატებზე უარი თქვეს.

რიგითობის მიხედვით შემდეგ მოდის გიორგი მანველიძე, წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. 2020 წლის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ის „ოცნების“ ბათუმის შტაბს ხელმძღვანელობდა.

სიის მეექვსე ნომერი ირაკლი ჭეიშვილია, რომელიც ასევე წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი და „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეა.

სიაში მეშვიდე ნომერია ნადიმ ვარშანიძე – ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე .

მერვე ნომერი „ოცნების“ სიაში ფატი ხალვაშია, წინა მოწვევის პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“ , შემდეგ მოდიან ასევე წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრები: დავით თედორაძე, ლადო მგალობლიშვილი და დავით ბაციკაძე.

უმაღლეს საბჭოში  შესვლას შეძლებენ ასევე  სიი მე-12 ნომერი – მარინე გვიანიძე, „ბათუმის წყლის“ დირექტორი და მე-13 ნომერი – ილია ვერძაძე, რომელიც ასევე წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრია.

დარჩენილი შვიდი მანდატი პროპორციული სიით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ერგო, თუმცა ოპოზიცია იმ მოტივით, რომ არჩევნები გაყალბდა, უმაღლეს საბჭოში არ შედის, შესაბამისად აჭარის უმაღლესი საბჭო ერთპარტიული იქნება.

ასევე, აჭარის უმაღლეს საბჭოში შევა სიის მე-14 ნომერი, ლაშა სირაბიძე, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრია „ოცნებიდან“.

გარდა ამისა, აჭარის უმაღლეს საბჭოში იქნება 3 მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან,“ – ცოტნე ანანიძე, ტიტე აროშიძე და ფრიდონ ფუტკარაძე.

  1. დავით გაბაიძე
  2. გიორგი მანველიძე
  3. ირაკლი ჭეიშვილი
  4. ნადიმ ვარშანიძე
  5. ფატი ხალვაში
  6. დავით თედორაძე
  7. ლადო მგალობლიშვილი
  8. დავით ბაციკაძე
  9. მარინე გვიანიძე
  10. ილია ვერძაძე
  11. ლაშა სირაბიძე
  12. ცოტნე ანანიძე
  13. ტიტე აროშიძე
  14. ფრიდონ ფუტკარაძე

რიჟვაძე ისევ მთავრობის თავმჯდომარე იქნება, დეპუტატობაზე უარი თქვეს ზოიძემ და ფუტკარაძემაც

რას გეგმავს ხელვაჩაურის მერია დამეწყრილი ოჯახების დასახმარებლად 2021 წელს

ხელვაჩაურის მერიას 4 ათასამდე მოქალაქე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული კარმიდამოს და საცხოვრებელი სახლის გეოლოგიურ შესწავლას და დროულ რეაგირებას სთხოვს.

12 ნოემბერს ერთ-ერთი დამეწყრილი ოჯახი აჭარის მთავრობის შენობის წინაც აპროტესტებდა ხელისუფლების გულგრილობას და ამბობდა, რომ მთავრობამ არაფერი გააკეთა მათი სახლის გასამაგრებლად, სადაც ღამის გათევა სიცოცხლისთვის საშიშია.

„ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიას წერილობით მიმართა და ჰკითხა, თუ რას აპირებს მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების დასახმარებლად, რამდენი ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს და როდის დაიწყება უშუალოდ სახლების გამაგრებითი სამუშაოები.

ხელვაჩაურის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ხელვაჩაურში 53 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, ხოლო 75 ოჯახი გადაყვანილია დროებით საცხოვრებელ გარემოში.

მერიიდან გვწერენ, რომ ყველა ამ ოჯახს მუნიციპალიტეტი უხდის ბინის ქირას და ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება ოჯახების ერთი ნაწილის ეკომიგრანტთა პროგრამაში ჩართვა, ხოლო მეორე ნაწილის – საცხოვრებელი სახლების გამაგრება და ფერდდამცავი ღონისძიებების გატარება.

„ბათუმელები“ მერიას სთხოვდა ინფორმაციას იმის თაობაზე, ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ რამდენმა ოჯახმა მიმართა გეოლოგიური კვლევის ჩასატარებლად და რამდენი მოქალაქის თხოვნა დააკმაყოფილა მერიამ.

მერიის ინფორმაციით, ხუთი წლის განმავლობაში მერიას სულ 3 794-მა მოქალაქემ მიმართა.

„ყველა შემთხვევაში ჩატარდა სათანადო კვლევა,“ – წერს ხელვაჩაურის მერია.

რაც შეეხება დამეწყრილი ოჯახების დახმარებას, როგორც მერიიდან მოგვწერეს, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში პრევენციული და ფერდდამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 2 მილიონი კაპიტალური ტრანსფერია აჭარის ბიუჯეტიდან, ხოლო 1 მილიონი ლარი დაფინანსდება მუნიციპალიტეტის შემოსავლებიდან.

ხელვაჩაურის მერიამ სპეციალური განყოფილება დაამატა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან გრანტები უნდა მოეზიდა მეწყრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა როგორც მერიიდან გვწერენ, მათ არ მოუპოვებიათ ამ მიმართულებით გრანტი.

„მოცემულ პერიოდში შესაბამისი მიმართულებით საგრანტო კონკურსი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ არ იყო გამოცხადებული“, – აცხადებენ მერიაში.

2020 წლის ოქტომბერში აჭარაში, სოფელ ჯოჭოში, მეწყრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ისინი გეოლოგიური მდგომარეობის შესწავლას ითხოვდნენ, თუმცა თვითმმართველობის ორგანოებმა შესაბამისი ზომები დროულად არ მიიღეს.

________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/მეწყერი სოფელ ჯოჭოში.

უკავშირდება თუ არა პროტესტის გამწვავება ვარშალომიძის შეურაცხყოფას – რას ამბობს რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 3 დეკემბერს, მთავრობაში ბრიფინგი გამართა, სადაც განცხადების შემდეგ  მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

„ბათუმელების“ კითხვას – როგორ ფიქრობთ, რატომ გადმოინაცვლა თქვენი აზრით, აქციების ეპიცენტრმა თბილისიდან ბათუმში და ხომ არ უკავშირდება ეს თქვენი მხრიდან ლევან ვარშალომიძის მისამართით გამოყენებულ ფრაზას –  „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“, რომელიც შესაძლოა აღქმულიყო პიროვნულ შეურაცხყოფად,  თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა, რომ ის არ აპირებს წაგებულებზე საუბარში დრო დახარჯოს.

„არ ვაპირებ მუდმივად წაგებულებთან მიმართებაში ამდენი დრო დავხარჯო. რეალურად, ყველასთვის არის ცხადი, რომ ეს საკითხი არის ჩახურული, პროცესი გრძელდება და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მშვიდად“, – განაცხადა რიჟვაძემ.

კიდევ ერთ კითხვას – ხომ არ უქმნის დემოკრატიას პრობლემას ის ფაქტი, რომ უმაღლესი საბჭო მხოლოდ ერთი პარტიით, „ქართული ოცნებით“ იქნება წარმოდგენილი, რიჟვაძემ ასე უპასუხა:

„მე არ ვიცი დემოკრატიის განვითარებაში ნაცმოძრაობა რა როლს ითამაშებს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ გამოიყენონ ის კონკრეტული მანდატები, რომელიც მიანიჭა მათ ხალხმა.

ცხოვრებაში, წაგებასაც და მოგებასაც უფრო ღირსეულად უნდა შეხვდე… მაგრამ ჩვენთვის, უმაღლესი საბჭოს კონტექსტში არ არის პრინციპული, ნაცმოძრაობა რას გადაწყვეტს“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ამავე თემაზე: 

ვინ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნებიდან“ – უსკო

რიჟვაძე ისევ მთავრობის თავმჯდომარე იქნება, დეპუტატობაზე უარი თქვეს ზოიძემ და ფუტკარაძემაც

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატზე უარი თქვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო. ის აცხადებს, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს მუშაობს.

მანდატზე უარი თქვა ასევე ჯაბა ფუტკარაძემ, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს. ჯაბა ფუტკარაძე პარტიული სიის მესამე ნომერი იყო.

უმაღლეს საბჭოში არ შედის ასევე ჯაბა ფუტკარაძის მოადგილე თინა ზოიძე, თუმცა ის არც თავის ამჟამინდელ პოზიციას შეინარჩუნებს და სამუშაოდ ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გადადის.

ვინ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნებიდან“ – უსკო

ვის ეკუთვნის 300-ლარიანი კომპენსაცია და ვინ უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეს, 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდება.

მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებით კომპენსაციას, 300 ლარს, მიიღებს:

  • დაქირავებულირომელიც 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით, დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობა. დაქირავებული პირების შესახებ ელექტრონულად განაცხადს წარადგენს დამქირავებელი. ანუ დაქირავებული, დასაქმებული თავად არ გადის რეგისტრაციას.
  • ინდივიდუალურ მეწარმე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირ, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირ და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირ რომლებიც 2020 წლის მეოთხე კვარტალში [ოქტომბერ-ნოემბერში] ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობა და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. სწორედ ეს პირები ითვლებიან რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებად და მათ თავად უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი შემოსავლების სამსახურში, ანუ, კომპენსაციის მისაღებად თავად უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
  • თვითდასაქმებულირომელიც ფაქტობრივად ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობა.

ანუ, თუ პირი არ იყო ოფიციალურად დასაქმებული და მუშაობდა მაგალითად, ბაზრობაზე, მაგრამ 28 ნოემბრიდან ეს ბაზრობა დროებით დაიხურა, მაშინ ეს პირი, როგორც თვითდასაქმებული, მიიღებს კომპენსაციას.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით ასეთი პირი ითვლება, როგორც არარეგისტრირებული თვითდასაქმებული და მის შესახებ მონაცემებს ელექტრონულად შემოსავლების სამსახურს აწვდის ობიექტის მფლობელი/დამსაქმებელი [მაგალითად ბაზრობის მესაკუთრე].

შესაბამისად, თვითდასაქმებულს ელექტრონული რეგისტრაცია არ სჭირდება. ამას აკეთებს ობიექტის მფლობელი, რომელიც შესაბამის გრაფაში მიუთითებს – არარეგისტრირებული თვითდასაქმებული.

მთავრობის დადგენილებიდან გამომდინარე 300-ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებენ, მაგალითად თურქეთში სეზონურად, თუ სხვა ფორმით დასაქმებული პირები, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი.

 

[highlight color=”red”]შენიშვნა: [/highlight]მთავრობამ 18 დეკემბერს გამოსცა ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც მუშაობდა ისეთ ობიექტზე, რომლის საქმიანობაც 28 ნოემბრიდან მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერდა და ვისაც სამსახურში ხელფასის ჩარიცხვა ბოლოს 4 დეკემბრის ჩათვლით უფიქსირდება, დეკემბრის თვეში ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. ამის შესახებ  ვრცლად ნახეთ ბმულზე:  ცვლილება 300-ლარიანი კომპენსაციების წესში, რომელიც დაქირავებით დასაქმებულებს ეხებათ

 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ამ ბმულზე:

როგორ მივიღოთ 300-ლარიანი კომპენსაცია | რეგისტრაცია დაიწყო

შვილის და შვილის მეგობრების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცი დააკავეს | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დააკავეს 1980 წელს დაბადებული გ.გ., დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით.

შსს-ს ცნობით, გ.გ.-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა.

„პოლიცია განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვნების გამოკვეთა-დადგენის მიზნით,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_______________

ფოტო შს სამინისტროს ვიდეომასალიდან 

 

დააკავეს კაცი, რომელმაც ხელვაჩაურში აფთიაქი დააყაჩაღა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელმაც ხელვაჩაურში აფთიაქი დააყაჩაღა.

პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად გასტაცა 340 ლარი და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, გ.ლ. ცხელ კვალზე დააკავეს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და აფთიაქიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორ მივიღოთ 300-ლარიანი კომპენსაცია | რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 3 დეკემბერს, დაიწყო 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება.

სარეგისტრაციო განაცხადი უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან [ბმულის გასახსნელად დაკლიკეთ წითლად მონიშნულ სიტყვებს].

ამავე ბმულზე შესაძლებელია ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია.

ასე გამოიყურება ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის ველი.

300-ლარიანი, ერთჯერადი კომპენსაციის მიღება შეუძლიათ პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

ელექტრონული განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა  24 დეკემბრი.

ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით, რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.

რეგისტრირებულმა თვითდასაქმებულმა პირებმა თავად უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი.

დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში, განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

ქალები, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, ისევ აქციებისთვის ემზადებიან

უახლოეს მომავალში ბათუმში შესაძლოა გაჩნდეს კიდევ ერთი ადგილი, სადაც მოქალაქეები ტრანსპარანტებით გამოვლენ და მთავრობისგან პასუხებს მოითხოვენ – აქციას თურქეთში, საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში დასაქმებული, ახლა სამსახურის გარეშე დარჩენილი ქალები აანონსებენ. ისინი პანდემიის პირობებში ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მათი პროტესტის მოტივი სოციალური სიდუხჭირეა. ქალები ამბობენ, რომ ამჯერად ოჯახებთან ერთად გამოვლენ და მათი აქცია ხალხმრავალი იქნება.

უსამსახუროდ დარჩენილი ქალები ამბობენ, რომ არ აპირებენ აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციებს შეუერთდნენ, ამიტომაც საკუთარი პროტესტის გამოსახატად სხვა ადგილს აირჩევენ.

თურქეთში დასაქმებულებს შორის უმეტესობა ქალია. ისინი ამბობენ, რომ მათი ხელფასი ოჯახებში ერთადერთი შემოსავალი იყო.

მას შემდეგ, რაც საქართველო-თურქეთის საზღვარი პანდემიის მიზეზით ჩაიკეტა, ქალები სამსახურის და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, მთავრობისგან კი გრძელვადიანი პროტესტის შემდეგ მხოლოდ ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება და სასურსათო კალათი მიიღეს. მათივე თქმით, სასურსათო კალათი დაახლოებით ერთი თვის სამყოფ პროდუქტი იდო. ამ დახმარების მიღების შემდეგ კი ზუსტად სამი თვე გავიდა.

„ახლობლები დაგვეხმარნენ“, „ფული ვისესხეთ“, „ნაცნობების აფთიაქებიდან წამოვიღეთ წამლები… პროდუქტი“, „ბოლო რესურსიც ამოგვეწურა, ვეღარავის ვთხოვთ დახმარებას“, – ამბობენ ისინი და ამჯერადაც დახმარებას მთავრობისგან ითხოვენ.

„დაგვეხმაროს მთავრობა ან დაგვასაქმოს“, – ამბობენ  თურქეთში დასაქმებული ქალები, რომლებიც დასაქმებულები აღარ არიან.

დარეჯან დიასამიძე მათ შორისაა, ვინც ყოველდღიურად თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ და უსამსახუროდ დარჩა. ის ახლა ახლობლების იმედად ცხოვრობს. ამბობს, რომ საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ სამსახურს ბათუმში ეძებდა:

„ასაკის გამო დამიწუნეს, 48 წლის ვარ. არანაირი შემოსავალი არ მაქვს, ვარ მარტოხელა. ვისესხე ფული ახლობლებისგან, წამლები მჭირდება, რისთვისაც კიდევ უნდა ვისესხო ფული, სხვა გზა არ მაქვს“.

კიდევ ერთი უმუშევრად დარჩენილი ქალის – ციცინო თებიძის თქმით კი, იმ ცხრა თვის განმავლობაში, რაც ხელფასი დაკარგა, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების გარდა მის ოჯახს არანაირი შემოსავალი არ მიუღია:

„როგორ ვცხოვრობთ და ვაი-ვაგლახით. ცხრა თვეში ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება და სასურსათო კალათა მივიღეთ. თვეში 100 ლარის მხოლოდ წამალი გვჭირდება, რადგან ამ წამლებზე ვარ დამოკიდებული. ოჯახში 2 არასრულწლოვანი გვყავს“.

ციცინოს განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ისიც, რომ იპოთეკით დატვირთული თავისი ბინა დაგირავებული აქვს, თავად კი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ქალის თქმით, ამ დრომდე თურქეთში მისი ყოფილი დამქირავებელი ეხმარებოდა.

ციცო ქადაგიძის თქმით, მისმა ოჯახმა თავი იმით გაიტანა, რომ მეუღლე სამარშუტო მიკროავტობუსზე მუშაობდა: „ყოველდღიურად  შემოჰქონდა მცირე თანხა, ახლა ისიც უმუშევარი დარჩა. ყველაფერი ჩაიკეტა. რა უნდა ვქნათ?“

კიდევ ერთი ქალი, მზია მჟავანაძე მამასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი მამის პენსიაა. ამბობს, რომ ყველა საარსებო რესურსი ამოწურული აქვს, ამიტომაც დახმარებას მთავრობისგან ელის.

„თურქეთში აღებული ხელფასით ვიხდიდი გადასახადებს და დავალიანებასაც.

ბინა საფინანსო ორგანიზაციაში მაქვს დაგირავებული. დამირეკეს და მითხრეს, რომ თანხას თუ ვერ გადავიხდი, ჩემს საქმეს სააღსრულებლოს გადასცემენ“, – გვითხრა ქალმა.

საქართველო-თურქეთის საზღვარი ოფიციალურად 15 მარტს ჩაიკეტა. თურქეთ-საქართველოს საზღვარს პანდემიამდე ასობით ქალი კვეთა ყოველდღიურად, ისინი მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქებში მომსახურების სფეროში მუშაობდნენ; ასევე სეზონურ სამუშაოზე – ჩაის და თხილს კრეფდნენ.

ირაკლი ჩხვირკია 7 დღით დააპატიმრეს

ბათუმის საპროტესტო აქციაზე გუშინ, 2 დეკემბერს, დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ირაკლი ჩხვირკია აქციაზე მას შემდეგ დააკავეს, როცა მას და აქციის სხვა მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლის წინ ბუშტების განთავსების საშუალება არ მისცეს. გუშინვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ჩხვირკია პოლიციელებს მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას რაიმე მოთხოვნის შესრულებისკენ პოლიცია არ მოუწოდებს. ვიდეოკადრების მიხედვით, მას დაკავების დროს წინააღმდეგობაც არ გაუწევია.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება რეზო ხარაზიც. ისიც გუშინ დააკავეს იმ დროს, როცა ბუშტების გასაკრავად აჭარის მთავრობის სახლის წინ განათების ბოძზე აძვრა. პოლიციელებმა მას ბუშტები დაუხეთქეს და დააკავეს. რეზო ხარაზი გუშინ ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში წერია, რომ დაკავებისას რეზო ხარაზი „ილანძღებოდა ხმამაღლა“. „აღნიშნულზე პოლიციამ მოუწოდა, რომ შეეწყვიტა ლანძღვა, მაგრამ არ დაემორჩილა და კიდევ აგრძელებდა [ლანძღვას]“.

ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს ასევე განიხილავს ბათუმის საპრიტესტო აქციაზე დაკავებული კიდევ ოთხი პირის საქმეს.

ბათუმის აქციაზე დღეს ისევ აპირებენ ბუშტების გაშვებას.

განახლება:

ვინაიდან სასამართლო პროცესი დისტანციური წესით იმართება და არ გვაქვს შესაძლებლობა, დავესწროთ ამ პროცესს, „ბათუმელებისთვის“ მოგვიანებით გახდა ცნობილი საფუძველი, რის გამოც მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ირაკლი ჩხვირკია „არაერთგზის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა აგრესიული ქმედებები, კერძოდ ცდილობდა ადმინისტრაციულ შენობაში არაკანონიერად შეღწევას, ამასთან პოლიციის თანამშრომლეს შეგნებულად და გააზრებულად ჩამოახია პირბადე. შესაბამისად, დაკავდა ადმინისტრაციული წესით“.

სასამართლოში პოლიციელებმა წარადგინეს ვიდეო კადრები, რომელიც პოლიციელისთვის პირბადის მოხსნას ადასტურებდა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ირაკლი ჩხვირკიამ სამართალდარღვევა ჩაიდინა. სხვა ნაწილში პოლიციამ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა ვერ შეძლო.

კომისია მოამზადებს ვაქცინაციის გეგმას საქართველოში – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იზრუნებს კორონავირუსის ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე.

ამის შესახებ გახარიამ დღეს, 3 დეკემბერს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ თანხა უკვე გადაიხადა ვაქცინის დროულად შემოტანისთვის.

„შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე.

ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის.

ამ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამრელიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო დაახლოებით 600-700 ათას დოზას მიიღებს.  გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ეს მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნოს დასაწყისში მოხდება.

გუშინ, 2 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა Pfizer/ BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა  ფართო გამოყენებისათვის.

დიდ ბრიტანეთში იმუნიზაცია სავარაუდოდ  რამდენიმე დღეში დაიწყება მაღალი პრიორიტეტის მქონე ჯგუფებისთვის.

თევზით გარემოვაჭრეების ბრძოლა ადგილისთვის წერეთლის ქუჩაზე

„მერია ბაზარში ვაჭრობას გვაიძულებს, სადაც არავინ შედის და გადასახადი თვეში 300 ლარია. ამას ემატება კომუნალური გადასახადები,“- ამბობენ ბათუმელი გარემოვაჭრეები, რომლებიც წერეთლის ქუჩაზე ქაფშიას ყიდიან.

გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე. ქაფშიით მოვაჭრეთა პროტესტი. 3 დეკემბერი, 2020 წელი

დღეს, 3 დეკემბერს, დილით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასთან დაპირისპირების შემდეგ გარემოვაჭრეებმა ეს ადგილი მხოლოდ რამდენიმე წუთით დატოვეს.

„მოვიდნენ და აგვყარეს, დახლები დაგვიმტვრიეს და სანაგვე ურნებში ჩაყარეს. აი, ჩემი ხელი, ნახეთ, როგორ გადამიგრიხეს,“- ხელზე ჩალურჯებები გვაჩვენა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, ნინო ღორჯომელაძემ.

ნინო ღორჯომელაძე ჩალურჯებულ ხელს გვაჩვენებს

ნინო და და სხვებიც აქ წლებია ვაჭრობენ. ნინო ამბობს, რომ მერიის შეთავაზებას ვერ დათანხმდება, რადგან გასულ წელს წერეთლის ქუჩაზე გადახურულ ბაზრობაში მუშაობის გამოცდილება აქვს.

„როგორ შეიძლება ყველთან ერთად თევზიც იყიდებოდეს? თანაც, ჩვენი დახლების წინაა ტუალეტი, სიბინძურეა, იქ საერთოდ აღარ შემოდიოდა მყიდველი… ვინ იცის, რამდენი დღე მარტო მაკარონს ვჭამდი და ჩაის. მარტოხელა დედა ვარ, მაგრამ არც ეს სტატუსი მაქვს. ახლა ჩემი შვილი უმაღლესში სწავლობს, ამის ფულიც მოსაგროვებელი მაქვს“,- გვითხრა ნინო ღორჯომელაძემ.

გარემოვაჭრეებმა იქვე ახლოს მდებარე ბაზარი გვაჩვენეს, სადაც მერია მათ მუშაობისკენ მოუწოდებს. ბაზარში დახლები ცარიელი დაგვხვდა. აქ ერთ დახლზე მხოლოდ ყველის მოვაჭრეა.

ცარიელი დახლები ბაზარში

ბაზრის ადმინისტრაციამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. აქ განმარტეს, რომ ეს ბაზარი კერძო საკუთრებაა, ამხანაგობა „მეგობრობას“ ეკუთვნის და ვალდებულება არ აქვთ არც მერიასთან და არც გარემოვაჭრეებთან.

გარემოვაჭრეების თქმით, დაპირისპირების დროს დაზიანდა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელიც.

„დაზიანდა, მაგრამ ჩვენი ბრალი არ იყო, დახლებს იღებდა და მაშინ იტკინა ხელი,“- დასძინეს გარემოვაჭრეებმა.

ქაფშიით გარემოვაჭრეებმა უკვე ახალი დახლები მოაწყვეს. აქვეა გაჩერებული მუნიციპალური ინსპექციის ავტომანქანა, თუმცა ინსპექციის წარმომადგენლები ადგილზე აღარ ჩანან.

 

აჭარაში კორონავირუსის 525 ახალი შემთხვევა დადასტურდა

3 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 525 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 551 პაციენტი.

მთავრობის ცნობით, აჭარაში 1043 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 152 მძიმე პაციენტია, ხოლო 45 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

ბოლო 24 საათში საქართველოში 45 პაციენტი გარდაიცვალა, თუმცა რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით აჭარაში, ამას უკვე რამდენიმე დღეა არც საკოორდინაციო საბჭო და არც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს.

1997 ადამიანია აჭარაში დღეისათვის კოვიდსასტუმროებში, ხოლო 970 – საკარანტინო სივრცეში.

აჭარაში თვითიზოლაციაში იმყოფება 11775 პირი.

კოვიდის 4260 ახალი შემთხვევა, 45 პაციენტი გარდაიცვალა | 3 დეკემბრის მონაცემები

3 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4260 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო ჯამში ქვეყანაში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე.

24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 1 676 შემთხვევა
  • აჭარა -525
  • იმერეთი – 591
  • ქვემო ქართლი – 351
  • შიდა ქართლი – 294
  • გურია – 131
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 274
  • კახეთი – 166
  • მცხეთა-მთიანეთი – 134
  • სამცხე-ჯავახეთი – 88
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30

ამ ეტაპზე საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი.

3867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 11 227 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 50 544 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 675 პირი, აჭარაში – 11 775, იმერეთში – 5 080.

ავარიის შედეგად ბათუმში დედა-შვილი დაშავდა

ბათუმში, მეჯინისწყლის ხიდთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად “ბათუმელების” ინფორმაციით, დედა-შვილი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ ეტაპზე უცნობია, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

სილქნეტმა ვირტუალური ოპერატორების დაშვებაზე საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა

გვინდა გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით, სადაც  Cullen International-ის მთავარი ანალიტიკოსის და კონკურენციის ექსპერტის მიერ ნათქვამია: „მაშინ, როცა სატელეკომუნიკაციო ბაზარი მომწიფებულია, ინვესტიციები უკვე განხორციელებულია, ასევე, ბაზარი სრულად გაჯერებულია და ვერ იზრდება კონკურენცია, მარეგულირებელმა კომისიებმა სავალდებულო უნდა გახადონ MVNO-ების (მობილური ვირტუალური ოპერატორების) დაშვება“. 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბაზარზე ვითარება სხვაგვარია. გვინდა მოვიყვანოთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური კომპანიის, Analysys Mason-ის შეფასება დღეისათვის საქართველოს ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. Analysys Mason-თან ერთად ჩვენი თითქმის ერთი წელია, ვაწარმოებთ კვლევას საქართველოს მობილურ ბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლაზე. შედეგად,  Analysys Mason-ი თავის კვლევაში აცხადებს: „დღეისათვის საქართველოში ბაზარი საკმარისად კონკურენტულია და ვერ ვხედავთ ბაზრის არაეფექტურად  ფუნქციონირების ისეთ მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც გამართლებული იქნებოდა MVNO-ების დაშვების წინასწარი რეგულირების დაწესება“;

მისივე კვლევებში ნათქვამია: „საქართველოს ბაზარზე ოპერირებს სამი სრულფასოვანი ქსელური მობილური ოპერატორი, რომლებიც  კონკურენტულ და მრავალფეროვან მომსახურებებს სთავაზობენ აბონენტებს უახლესი სტანდარტების გამოყენებით (მათ შორის  4G,4.5G, 4.9G)“.

ჩვენ, ისევე, როგორც ჩვენი კონკურენტები, ყოველწლიურად ვახორციელებთ ათობით მილიონი დოლარის ინვესტირებას, რაც მუდმივად განგრძნობითი პროცესია და სამომავლოდაც ვგეგმავთ არანაკლები ინვესტიციების გაწევას უახლესი ტექნოლოგიების დასანერგად, რათა მომხმარებელს კვლავაც შევთავაზოთ მაღალი დონის მომსახურება, მათ შორის 5G  ტექნოლოგიის გამოყენებით.  

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მობილური საცალო ბაზარი ეფექტურად კონკურენტულია. 

გვინდა, აქვე აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არაერთი თვეა, ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით ვმუშაობთ მარეგულირებელ კომისიასთან. ამ პროცესში ჩვენი პარტნიორია Analysys Mason -ი. კვლევა დასრულებულია და დღეს გადავეცით მარეგულირებელ კომისიას. ჩვენ დაველოდებით, სანამ კომისია განიხილავს საკითხს და ჩვენს შეჯერებულ პოზიციას გავასაჯაროვებთ უახლოეს მომავალში. 

გლეხის პროდუქტი გაიაფდა, სხვა ყველაფერი გაძვირდა | ფასები ბათუმის ბაზრიდან

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხშირად მოისმენთ უკმაყოფილო მოქალაქეების საუბრებს საკვებ პროდუქტებზე მომატებული ფასის გამო. კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოში მართლაც მოიმატა მთელი რიგი პროდუქტების ფასმა.

საკვები პროდუქტების ფასების გასაგებად ბათუმის აგრარულ ბაზარს ვეწვიეთ, მიიჩნევა, რომ  აქ პროდუქტი ყველაზე იაფია.

ბაზარში გვითხრეს, რომ მხოლოდ გლეხების მიერ ჩამოტანილი პროდუქტი გაიაფდა პანდემიისას. საბითუმო მაღაზიების მოვაჭრეებისა და მფლობელების თქმით კი, გაძვირებულია ის პროდუქტებიც, რომელთა სტაბილური ფასიც, წესით, სახელმწიფოს უნდა დაეზღვია.

პურის გამყიდველი ამბობს, რომ პური ბოლო 20 დღის განმავლობაში 5 თეთრით გაძვირდა.

  • თეთრი, დაჭრილი პური – 0,80 ლარი ღირს;
  • რუხი, დაჭრილი პური 0,75 ლარი;
  • აგურის პური კი – 0,75 ლარი ღირს.

„არ ვიცი, სახელმწიფო სუბსიდია რას ეხება. ფაქტია, რომ დისტრიბუტორებს 5 თეთრით გაძვირებული პური მოაქვთ. ფქვილიც გაძვირებულია და ჩვენც მომატებული ფასის დადება გვიწევს“, – ამბობს გამყიდველი.

ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი – ეს არის ის 9 პროდუქტი, რომელთა სტაბილური ფასიც სახელმწიფოს უნდა ეკონტროლებინა, მაგრამ ბათუმის აგრარულ ბაზარში ამ პროდუქტებზეც მომატებულია ფასი:

  • ბრინჯი – 1, 92 ლ.
  • ლობიო – 5, 7 ლ.
  • წიწიბურა – 3, 30 ლ.
  • შაქარი – 1,80 ლ.
  • ლიტრი ზეთი – 5 ლ. [ყველაზე იაფი] ღირს.

სხვა პროდუქტების ფასები 2 დეკემბრის მონაცემებით აგრარულ ბაზარში ასეთია:

  • იმერული ყველი – 10, 11, 12 ლ.
  • წითელი ოსპი – 3,50 ლ.
  • აჭარული დაწნული ყველი – 13 ლ.
  • მეგრული სულგუნი – 14, 15, 16 ლ.
  • იმერული ნადუღი – 6 ლ.
  • სახაჭაპურე ყველი – 10 ლ.
  • აჭარული, მარილიანი მთის ნადუღი 3, 4 ლ.
  • კარტოფილი – 1,20 ლ.
  • ხახვი -1, 80 ლ.
  • სტაფილო – 1,50 ლ.
  • კილოგრამი მწვანილი – 4 ლ.
  • კომბოსტო – 0, 70 ლ.
  • ჭარხალი – 1,50 ლ.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასები მომატებულია რძის პროდუქტებზე, რაც გამოწვეულია არამხოლოდ პანდემიით, არამედ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი პირუტყვის ნაკლებპროდუქტიულობით.

„რძის პროდუქტები ამ დროს არ არის ბევრი და ფასიც იმატებს. ამას ემატება ისიც, რომ გლეხს პანდემიაში გაუძვირდა ყველაფერი“, – ამბობს რძის პროდუქტებით მოვაჭრე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით საქართველოში:

  • ზეთი და ცხიმი გაძვირდა 17.3 პროცენტით
  • ყავა, ჩაი და კაკაო გაძვირდა 13.6 პროცენტით
  • თევზეული გაძვირდა 10.3 პროცენტით
  • პური და პურპროდუქტები გაძვირდა 7.8 პროცენტით
  • რძე, ყველი და კვერცხი გაძვირდა 6.0 პროცენტით
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული გაძვირდა 4.5 პროცენტით
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები გაძვირდა 3.5 პროცენტით
  • ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა 2.2 პროცენტით


ამავე თემაზე:

საქსტატი: პური 7.8%-ით გაძვირდა, ზეთი -17.3%-ით

Exit mobile version