მთავარი,სიახლეები

რატომ არ მუშაობს ბათუმის მერიის ვებგვერდები

19.02.2021 • 1489
რატომ არ მუშაობს ბათუმის მერიის ვებგვერდები

„ჩხაკ, გადაიღებ ფოტოს, რომელზეც ასახული იქნება შენი უბნის კონკრეტული პრობლემა და ატვირთავ ამ გვერდზე, მიუთითებ მისამართს და  ეს ინფორმაცია ავტომატურად მივა მერიაში ისე, რომ არანაირი მისვლა და წერილის მიწერა არ დაგჭირდება“, – ასე აუხსნა ბათუმის მოსახლეობას მერიის თანამშრომელმა ახალი ვებგვერდის დამატების აუცილებლობა და მოსალოდნელი სარგებელი.

პრეზენტაციას მაშინდელი მერიც ესწრებოდა.

ამავე  გვერდზე უნდა ყოფილიყო შესაძლებელი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ სად რა სამუშაოებს ასრულებენ დაქირავებული კომპანიები და სად რა არის დაგეგმილი.

ადმინისტრაციული ერთეულების პორტალი უკვე რამდენიმე თვეა არ მუშაობს, გვერდი საერთოდ არ იხსნება.

ადმინისტრაციული ერთეულების პორტალის გარდა მერიის მთავარ ვებგვერდს კიდევ რამდენიმე ახალი გვერდი მიაბეს, სადაც კონკრეტული მონაცემები სრულად უნდა ატვირთულიყო. მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ გადაწყვეტილებები, ნებართვები და სხვა სახის სამომხმარებლო ინფორმაცია სწორედ ამ ვებგვერდების საშუალებით გახდებოდა მარტივად ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

გასული წლის ბოლოდან აღარ მუშაობს ასევე გვერდი – „დაგეგმე ვიზიტი ბათუმის მერთან“. ეს გვერდი საშუალებას აძლევდა ამომრჩეველს მერისთვის მიემართა პრობლემაზე, რომელიც მერიის ქვედა რგოლის გავლით ვერ მოაგვარა.

ინფორმაციას ვერც სტატისტიკის გვერდზე იპოვით, არც ის იხსნება. ეს გვერდი გასულ წელს მუშაობდა, თუმცა ინფორმაციას თებერვლიდან აღარ ანახლებენ.

მერიაში ამბობენ, რომ ვებგვერდი გადატვირთული იყო, ცუდად მუშაობდა და პრობლემის მოსაგვარებლად ახალ პორტალს ქმნიან. ასეთი პასუხი მერიისგან პირველად არ მოგვისმენია, ასე ხდება ყოველთვის, როცა კონკრეტული გვერდები არ მუშაობს ან ინფორმაცია განახლებული არ არის.

მერიის სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი, აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან მერიამ ახალი პორტალის შექმნის მიზნით გრანტი მიიღო და, სავარაუდოდ, მარტში მერიას ახალი პორტალი ექნება, რომელიც ბევრად უფრო გამართული და ინფორმაციული იქნება.

მერიის ახალი ვებგვერდის შექმნას USAID-ი დააფინანსებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: