მთავარი,სიახლეები

მოქალაქე 40, ბიზნესი კი 1000 ლარით დაჯარიმდება პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე

19.02.2021
მოქალაქე 40, ბიზნესი კი 1000 ლარით დაჯარიმდება პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე

დღეიდან, 19 თებერვლიდან, პანდემიის/ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის ფიზიკური პირი 40 ლარით დაჯარიმდება, ხოლო, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის განმეორებით დაშვებისთვის, დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე – 1 000 ლარით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 18 თებერვალს მოაწერა. კანონი დღეს, 2021 წლის 19 თებერვალს ამოქმედდა.

ამ ცვლილებების შემდეგ, აღნიშნულ კოდექსში მუხლი, რომელიც პირბადის ტარების წესის დარღვევისას ჯარიმის ოდენობას განსაზღვრავს, შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

„მუხლი 42​​11. პირბადის ტარების წესის დარღვევა

1. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

2. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება − გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

2​1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.

3. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

4. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

5. ამ მუხლის პირველი, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს (მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში ან/და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.“

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმის გაორმაგებაზე 2021 წლის 4 თებერვალს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008