სიახლეები

აჭარის მთავრობა ბათუმის ცენტრში მუნიციპალურ ქონებას ითხოვს

20.02.2021
აჭარის მთავრობა ბათუმის ცენტრში მუნიციპალურ ქონებას ითხოვს

აჭარის მთავრობა ბათუმის მერიას ქალაქის ცენტრში,  ზღვასთან ახლოს მდებარე სამსართულიანი შენობის საკუთრებაში გადაცემას სთხოვს, ამ შენობაში უკვე წლებია გარემოს დაცვის სამმართველო ფუნქციონირებს, რამდენიმე ოთახს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები იყენებენ, ქონება 2021 წლის თებერვლამდე არა მუნიციპალური, არამედ სახელმწიფოს საკუთრება იყო და ზემოთ ჩამოთვლილ სტრუქტურებზე, სარგებლობის უფლებით, ქონების ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა გადაცემული.

2021 წლის 11 თებერვალს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინიტროს მიმართვის საფუძველზე, ბათუმში გორგასლის #124-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი [ 929კვ.მ]  და შენობა [ 982,30 კვ.მ. ] ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა, 17 თებერვალს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიმართა ბათუმის მერიას, შენობა აჭარის მთავრობას უსასყიდლოთ უნდა გადასცეო.

მერიას შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მზად აქვს, რომლის განმარტებით ბარათშიც  გადაწყვეტილების მიზეზი კარგად არ არის განმარტებული, საინტერესოა ისიც, რომ როგორც სხვა შემთხვევაში ამჯერად განკარგულების პროექტს მხოლოდ განმარტებითი ბარათი ახლავს, თორნიკე რიჟვაძის წერილი კი არა.

გარმარტებით ბარათში არსებული ბუნდოვანი ინფორმაციით  მთავრობა  შენობისა და მიწის ნაკვეთის გადაცემას მხოლოდ იმიტომ ითხოვს, რომ კაპიტალური ხარჯები გაწიოს, რაც შეიძლება იყოს მაგალითად სარემონტო სამუშაოები.

მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოებზე მთავრობა შეთანხმებას ქონების მესაკუთრესთანაც შეძლებდა, პანდემიის დროს დაკორექტირებულ ისედაც შემცირებულ ბოუჯეტში კი სამთავრობო შენობისთვის მაღაბიუჯეტიანი სარემონტო სამუშაოების ჩატარება ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.

არის თუ არა ამ შენობით რომელიმე ბიზნესმენი დაინტერესებული ეს ჯერ არ ვიცით, თუმცა ბათუმში სხვა მაგალითებიც გვაქვს როცა დაინტერესებულ ინვესტორს სამთავრობო შენობა მიყიდეს და მასზე დაშენების ნებართვა მისცეს.

საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ბათუმში ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს, მიწის ნაკვეთი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, აჭარის საკუთრებაა და ის სააგენტოს სარგებლობის უფლებით გადაეცა. სააგენტოს ახალი შენობის აშენებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 1 619 060 ლარია.

ბათუმში თევზის ბაზართან გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ შენობას ააშენებს

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: