მთავარი,სიახლეები

რას აკეთებს ბავშვზე ზრუნვის განყოფილება ქობულეთის მერიაში

19.02.2021 • 1476
რას აკეთებს ბავშვზე ზრუნვის განყოფილება ქობულეთის მერიაში

ქობულეთის მერიაში ბავშვთა ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილება 2020 წლის სექტემბერში შეიქმნა. განყოფილება მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ნაწილია, რომლის წლიური დაფინანსება 151 250 ლარია. განყოფილებაში, რომელმაც ბავშვზე ძალადობის თუ სხვა უფლებების დარღვევის შემთხვევები უნდა შეისწავლოს, 5 ადამიანი მუშაობს. მათ შორის 3 სოციალური მუშაკი და 1 ინსპექტორი. რას აკეთებს და როგორ ესმით განყოფილებაში ბავშვზე ზრუნვა, ამ თემით „ბათუმელები“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ქობულეთში 14 წლის მოზარდმა, ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„ბათუმელების“ კითხვებს განყოფილების უფროსს ლიკა ინაიშვილი პასუხობს.

  • ქალბატონო ლიკა, დაარსებიდან ხუთი თვის განმავლობაში თუ შემოვიდა შეტყობინება თქვენს სამსახურში ბავშვზე ძალადობის შესახებ?

14 შეტყობინებაა შემოსული ჩვენს სამსახურში სულ, აქედან ორი მიმდინარეა, დანარჩენი კი შევისწავლეთ. ძალადობაზე იყო ერთი შემთხვევა, თვითონ მოზარდმა მოგვმართა, ოჯახური კონფლიქტი იყო, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა ამ კონფლიქტის ნიადაგზე, რადგან ბებია ასხვისებდა სახლს და იმ სახლიდან უნდა გასულიყო ეს ბავშვი.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, უფრო სოციალური იყო.

  • რას ითხოვდნენ ეს ოჯახები და რითი ეხმარებით?

ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ უფასო სასადილო, თუ საკვები არ აქვთ ოჯახში, შეშაზე შეუძლიათ დაწერონ განცხადება, გაზიფიცირებაზე, მედიკამენტებზე გვაქვს ახალი პროგრამა, ერთ წლამდე ბავშვებისთვის მოვლის საშუალებებზე ვაუჩერი და ასევე ახალი პროგრამა გვაქვს მარტოხელა დედებისთვის, რომელიც თვეში 100 ლარის დახმარებას ითვალისწინებს. ოთხმა მარტოხელა დედამ უკვე მოგვმართა.

  • როგორ იღებთ ინფორმაციას, იციან თქვენი სამსახურის შესახებ მოზარდებმა?

არსებობს ცხელი ხაზი, სადაც შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ნდობის ტელეფონი, მერიის გვერდზე დევს…

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვები ან მოზარდები მერიის ვებგვერდზე მოძებნიან თქვენს ტელეფონს?

პედაგოგებმა იციან, პანდემიიდან გამომდინარე არ გვქონდა სკოლებთან შეხება, მაგრამ აბსოლუტურად ყველა დირექტორი, პედაგოგი, სოფლის წარმომადგენელი, ექიმი თუ ექთანი გაფრთხილებული გვყავს – ვესაუბრეთ ტელეფონით როგორც კი შეიქმნა სამსახური, რომ თუკი რაიმე მსგავსი ინფორმაცია ექნებათ, ან უბრალოდ ეჭვი შეეპარებათ ბავშვის უფლების დარღვევაში, მაშინვე მოგვმართონ. ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში, 5-6 წლის ბავშვმაც რომ მოგვაკითხოს, რეაგირება გვექნება.

  • იმ სკოლაში თუ იციან ამის შესახებ, სადაც ნინი სწავლობდა?

თავისთავად. ყველა დირექტორზე იყო გადაცემული ინფორმაცია, რომ მერიის სამსახურში არსებობდა ეს განყოფილება.

  • ამ ბავშვის შესახებ არავინ დაგკავშირებიათ?

არავინ. როგორც ყველამ, ჩვენც მედიით გავიგეთ.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაგიკავშირდათ არავინ. როგორც გამოძიების მასალებით ირკვევა, ბევრს ჰქონდა ძალადობაზე ინფორმაცია, მათ შორის სკოლას?  

სტიგმის გამო.

  • რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს სტიგმა დაძლიონ ადამიანებმა და ნდობა გაუჩნდეთ თქვენი სამსახურის მიმართ?

ეს ყველას ვალდებულებაა, საზოგადოებისაც, მედიისაც, რომ ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები დამალული არ იყოს და დროულად  გამოვლინდეს. შეხვედრებია საჭირო, გასაუბრებები, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოპოვებულ ინფორმაციებზე გავდივარ. თუ არანაირი ინფორმაცია არ შემოვიდა ოჯახებიდან, სოფლიდან, ნებისმიერი ადამიანისგან, ასეთ შემთხვევაში არაფერი შეგვიძლია.

  • 3 სოციალური მუშაკი გყავთ, 1 ინსპექტორი, როგორ მუშაობენ ისინი, რა პრინციპით?

სოცმუშაკი მაშინ გადის, როცა ინფორმაცია შემოდის. ანონიმურიც რომ იყოს, მაინც მაშინვე გავდივართ და ხდება ოჯახის გადამოწმება.

  • ინსპექტორი რაზე მუშაობს?

მავნე ზეგავლენის ქვეშ რომ არ იყვნენ ბავშვები, სკოლებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არ მიყიდონ ბავშვს ალკოჰოლი ან სიგარეტი. თუმცა, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ გამოგვივლენია. ახლა პანდემიაა და ნაკლებად გამოდიან ბავშვები ღია სივრცეებში.

ინფორმაციის ან მომართვის საფუძველზე ვსწავლობთ ოჯახებს, ბავშვების მდგომარეობას თუ ჩვენს კომპეტენციაში შემოდის საკითხი და შეგვიძლია დახმარება სოციალური პროგრამების ნაწილში, ვეხმარებით, თუ არ შეგვიძლია, მაშინ ბავშვთა ზრუნვისა და ტრეფიკინგის სამსახურში ვამისამართებთ თბილისში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: