მთავარი,სიახლეები

რას უქადის საქართველოს ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა?

19.02.2021 • 1307
რას უქადის საქართველოს ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა?

„ღარიბაშვილი არის ივანიშვილი ავატარით… მას ერთი სურვილი აქვს, შევარდეს დროზე ნაციონალების ოფისში, იქ ყველა დაარბიოს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, აწი რაც იქნება, ჩვენ ეგ უკვე ნანახი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა იქნება კვადრატში, რადგან ახლა 2014 წელი აღარ არის, „ოცნებას“ აღარ აქვს იგივე ნდობა, რაც მაშინ ჰქონდა, კრიზისი კი, ღრმაა,“ – ჯერ „ოცნებიდან,“ ხოლო შემდეგ პოლიტიკიდან წასულ დათო ზურაბიშვილს ეს მოლოდინი აქვს ქართულ პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლაზე.

ღარიბაშვილის ხელახლა გაპრემიერებაზე საუბრის დროს 2014 წელს ახსენებენ პოლიტოლოგები – ზვიად დიასამიძე და ლევან ცუცქირიძეც, თუმცა დათო ზურაბიშვილისგან განსხვავებით, იმედი აქვთ, რომ ღარიბაშვილს ცალსახად შეცვლილი რეალობის გათვალისწინება ადრე თუ გვიან მოუწევს.

დღეს, 19 თებერვალს, პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის კანდიდატები უკვე დაასახელა.

შეიცვლება ღარიბაშვილის მართვის სტილი? – „გააჩნია, როგორ შეაშინებენ ივანიშვილს დასავლეთიდან“

პოლიტოლოგები ერთნაირად ხედავენ მიზეზს, თუ რა მიზანს ემსახურება ღარიბაშვილის „მეორედ მოსვლა“ – „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება, თუმცა განსხვავებულია ხედვები, რა შეიცვლება ღარიბაშვილის რიტორიკაში.

„ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერს, ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა, დასჭირდება დაფიქრება, რა ნაბიჯებით შეიძლება გამოასწორო ვითარება, რადგან შეუძლებელია იგივე მეთოდებით განაგრძო სვლა, რასაც აკეთებდი 2014 წელს და ეს არანაირად შედეგიანი არ იყო. პირიქით, ამან საზოგადოების პოლარიზება დააჩქარა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ზვიად დიასამიძე. მისი აზრით, ღარიბაშვილს უპირველესად დასავლელი პარტნიორების შეხედულებების გათვალისწინება მოუწევს, რომელიც უფრო და უფრო კრიტიკული ხდება.

„ცალსახაა, რომ დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება არ ყოფილა საქართველოს შიდა პროცესების შეფასებისას ისეთი, როგორიც ახლაა. ისინი ყოველთვის ცდილობენ გააკეთონ ფრთხილი შეფასებები. დღეს და გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირი და უჩვეულოდ მკაფიო განცხადებები დასავლელი პარტნიორებისგან, რომელიც, პირველ რიგში, მიმართულია მმართველი გუნდის მიმართ. ახლა კრიზისი არის უმძიმესი და კრიზისიდან გამოსავალი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში კრიზისიდან გამოსვლა ასე ხდება,“ – აღნიშნავს „ბათუმელებთან“ ზვიად დიასამიძე.

არჩევნებს ნაკლებად ელის, თუმცა პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე თვლის, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკების მაგიდაა, სადაც მისხდომა მალე ყველას მოუწევს.

„ღარიბაშვილი არის რადიკალური დამოკიდებულების პოლიტიკოსი არამხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებით, არასამთავრობო სექტორსაც ის უწოდებდა სახელმწიფოს მტრებს და ძირგამომთხრელებს. ამიტომაც, მე ვხედავ რისკს, რომ ამან შესაძლოა დაძაბულობა გაამწვავოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ აღარ არის იმ ვითარებაში, როგორიც იყო 2014 წელს, როცა ღარიბაშვილი იყო პრემიერი: ადრე თუ გვიან, ღარიბაშვილი იქნება ეს თუ სხვა ლიდერი, მოუწევთ არა მხოლოდ იმის დანახვა, რა სჭირდება ქვეყანას, არამედ მათ პოლიტიკურ თვითგადარჩენას,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან ცუცქირიძე.

ლევან ცუცქირიძე

„გააჩნია, როგორ შეაშინებენ ივანიშვილს დასავლეთიდან,“ – ასე ფიქრობს „ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი. მისი დაკვირვებით, ახლა საქართველოს პოლიტიკურ არენაზე არც მოლაპარაკების რესურსი არსებობს, ოპოზიციიდანაც აღარ ჩანს ამის სურვილიო, შენიშნავს ის და ამტკიცებს, რომ არჩევნებს „ქართული ოცნება“ გამორიცხავს. დათო ზურაბიშვილი ელის, რომ კრიტიკა დასავლეთიდან, განსაკუთრებით კი, შეერთებული შტატებიდან კიდევ უფრო გამწვავდება და ამის გათვალისწინება მოუწევს ივანიშვილს.

„მთავარია, აქ რას იზამს ივანიშვილი, ღარიბაშვილი ვიცით, რომ იმის გამკეთებელია, რასაც ივანიშვილი ეტყვის… მე ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერი იქნება ეს ზეწოლა, ვიდრე იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის გადაგდების დროს… ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამერიკის მოტყუებას არაფერი უნდა, მაგრამ არ გაგიტარებს ამას ზესახელმწიფო, მით უმეტეს, ბაიდენის ადმინისტრაცია. იძახი, წავედი, წავედიო და ღარიბაშვილი დანიშნე ბოლოს. ეს სრულიად ამოვარდნაა ყველაფრისგან… მე არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, ვადამდელ არჩევნებიც არ იქნება, ამას არ მოსთხოვენ „ოცნებას“, მაგრამ ეტყვიან, რომ დაანებოს თავი ოპოზიციის დევნას, ძალადობას და იყოს პოლიტიკური პლურალიზმი,“ – გვიყვება დავით ზურაბიშვილი.

რა ბერკეტი აქვს დასავლეთს, რომ ივანიშვილმა სტრატეგია შეცვალოს? – დათო ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოიყენოს სანქციები შეერთებულმა შტატებმა და ეს მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

„ხომ ვიცით ყველამ, რომ ივანიშვილს თავისი აქციების 90 პროცენტი იქა აქვს? ვიცით ასევე, რომ ოფშორშია ბიზნესის დიდი წილი. მე არც იმას გამოვრიცხავ, გამოძიებაც დაიწყონ იმდენად ცუდად და შეურაცხმყოფლად იქცევა ივანიშვილი საერთაშორისო დონეზე,“ – დასძინა დავით ზურაბიშვილმა.

რა კრიზისის დაძლევა მოუწევს ღარიბაშვილს? 

„7 წლის წინ, როცა ღარიბაშვილი იყო პრემიერი, სულ სხვა იყო „ოცნების“ ლეგიტიმაცია, ვიდრე ახლა. მაშინ მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავდა და მეტი მოლოდინიც იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან… ღარიბაშვილის დამოკიდებულებებს მაშინ ნაკლებად დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა ქვეყნისთვის, ახლა კი სრულიად შეცვლილი ვითარებაა. შესაბამისად, რთული სათქმელია, გაამართლებს თუ ვერა ახლა ღარიბაშვილი მხარდამჭერების მოლოდინებს,“ – ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე.

პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი – ამ ფაქტორებს ასახელებენ პოლიტიკის ანალიტიკოსები დღეს ქვეყანაში არსებული კრიზისის საფუძვლად, რომელსაც „ქართული ოცნება“ და შესაბამისად ახალი პრემიერი გვერდს ვერ აუვლის.

„ღარიბაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა უნდა გაიაზრონ ეს რეალობა, თუ არადა, დაშვებაც არ მინდა იმის, რაც მოხდება… ვფიქრობ, „ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ამას იაზრებენ,“ – ამბობს პოლიტოლოგი ზვიად დიასამიძე, რომელიც ახლა ღარიბაშვილის პირველ ოფიციალურ განცხადებას ელის. იგი თვლის, რომ პირველივე კომენტარებში გამოჩნდება, რაზე იქნება ორიენტირებული პრემიერის პოსტზე მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილი.

„თუ შეთანხმება და კომპრომისი არ მიიღწევა, ეს ქვეყანა ჩამოიშლება… პოლიტიკოსებს შეუძლიათ ეს ცეცხლი გაანელონ, ან ზედ ნავთი დაასხან,“ – უჭირს ლევან ცუცქირიძეს იმის უარყოფა, რომ შესაძლოა, შეთანხმება არ შედგეს. მისი აზრით, მთავარი საფრთხე ისაა, თუკი მოსახლეობა საბოლოოდ დაკარგავს პოლიტიკოსების იმედს და თავად ეცდება „წესრიგის დამყარებას“.

„თუ პოლიტიკოსები ამ ღატაკ ქვეყანაში რეალურ პრობლემებს კი ვერ ჭრიან, არამედ ერთმანეთს ჯიხვებივით ეჭიდავებიან, რაში გვჭირდება ასეთი პოლიტიკოსები?“ – რიტორიკულ კითხვას სვამს ლევან ცუცქირიძე.

პოლიტოლოგის ხედვით, ახლა მთავარი გამოწვევა ქართული პოლიტიკისთვის იმის დემონსტრირებაა, გვაქვს თუ არა კომპრომისის უნარი.

„არცერთმა მხარემ არ უნდა წარმოაჩინოს კომპრომისი, როგორც ვიღაცის დამარცხება. უნდა იყოს გაგებული, რომ კომპრომისი არის არა ვინმეს დამარცხება, არამედ ყველას გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პროცესიდან გამარჯვებული ვერავინ გამოვა. მოგება-მოგების რეჟიმი არის მხოლოდ დიალოგში. პოლარიზებაში კი არის მხოლოდ წაგება-წაგება. მთლიანობაში წაგებული გამოვა საქართველო,“ – გვითხრა ლევან ცუცქირიძემ.

რა გზავნილია ღარიბაშვილის პრემიერად დასახელება? 

„ჩემთვის ეს გზავნილი მარტივია – ამით საზოგადოებას უთხრეს, რომ ივანიშვილი არსად არ წასულა,“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.

„თვითონ ღარიბაშვლი არის პერსონა, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა „ოცნების“ [რბილად რომ ვთქვათ] კონსერვატიულ ნაწილში, რეალურად კი, მოფაშისტო, ოპოზიციის მიმართ რადიკალურად განწყობილ, რეტროგრადულ, რეაქციულ ნაწილში… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დავით გარეჯის საქმის სულის ჩამდგმელიც ღარიბაშვილი იყო. ღარიბაშვილის გაპრემიერებაში ასევე ჩანს ამ რეტროგრადული ნაწილის კოორდინაციის სურვილი, რომ აი, მკაცრი ხელი მოვიდა სათავეში. თუმცა მე არც ის გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს დროებითი ფიგურა და მალე გამოცვალონ, თუ იქნება შესაბამისი ზეწოლა დასავლეთიდან,“ – აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი „ბათუმელებთან“.

„ეს უფრო იყო შოკური გადაწყვეტილება,“ – ფიქრობს პოლიტოლოგი ზვიად დიასამიძე. მისი აზრით, „ოცნებაში“ სახელდახელოდ შეარჩიეს კადრი, რომელიც გახარიას მსგავსად მოულოდნელ სვლას არ გააკეთებს.

ზვიად დიასამიძე

„გახარიას წასვლა იყო აშკარად მოულოდნელი, ამიტომაც შეარჩიეს კადრი იმის მიხედვით, ვისაც 100 პროცენტით ენდობიან, ენდობა თავად ივანიშვილი, რომელიც ისევ პოლიტიკაში რჩება… იფიქრეს, რომ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მოულოდნელ სვლას არ გააკეთებს. ამიტომაც, ეს იყო შოკური გადაწყვეტილება, როგორი შოკიც იყო გახარიას წასვლა,“ – გვიყვება ზვიად დიასამიძე.

ლევან ცუცქირიძის აზრით, „ეს არის გზავნილი თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომ აი, ჩვენ ვართ მონოლითური პარტია და არ შეგეშინდეთ, დავამყარებთ წესრიგს… მხარდამჭერები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კოჰაბიტაცია დანაშაულია, ღარიბაშვილის გაპრემიერება ასეთი ტიპის მხარდამჭერების გაერთიანების მცდელობაცაა“.

პოლიტოლოგ ზვიად დიასამიძისთვის განსხვავებული პოლიტიკური რეალობა ახლა იმ კუთხითაც გვაქვს, რომ „ოცნების“ ამომრჩევლის რეალური სურვილი აღარაა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის „ოცნების“ ამომრჩევლის სურვილი, მათი უპირველესი ინტერესია ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესება და პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნა, რეალური ნაბიჯები კრიზისის განსამუხტავად, ამისთვის კი, საჭიროა მაგიდასთან მიიწვიო ყველა,“ – მიიჩნევს ზვიად დიასამიძე.

რას უპირებს ღარიბაშვილი ევროინტეგრაციას? 

„პროევროპულობის დემონსტრაცია იქნება პროევროპულად მოქცევა. ამ კრიზისს როგორ გადაჭრის, აქ გამოჩნდება, საით მივდივართ: დაეტაკება ტანკივით, თუ იტყვის, მოდით, საკითხი გადავწყვიტოთ ცივილურად. ევროპულობა ქვეყნის ევროპულად მართვაა,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე, რომელსაც „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ გზავნილზე ვკითხეთ – „ღარიბაშვილი ასოცირების ხელშეკრულებას აწერს ხელს“.

ლევან ცუცქირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მასობრივი მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოში ინსტიტუტები ვერ გაძლიერდნენ და აბსურდულია მმართველი პოლიტიკური გუნდის აქცენტი იმაზე, რომ ღარიბაშვილი ამჯერად ევროკავშირში შეიყვანს საქართველოს.

„რომ დაგუგლავს საქართველოს ფრანგი და ჰოლანდიელი და ნახავს ალყაშემორტყმულ პარტიას, მართლმსაჯულებას, რომელზეც ყველამ ვიცი, როგორი პოლიტიკური გავლენაცაა, გაიცინებს და იტყვის, ეს ხალხი ევროკავშირის ოჯახში შემოსაშვები არ არის…“ – დასძენს ლევან ცუცქირიძე.

პოლიტოლოგს პოზიტიური მოლოდინი აქვს ბაიდენის ადმინისტრაციისგან. ლევან ცუცქირიძის აზრით, ბოლო წლებში ეს ყველაზე კომპეტენტური ადმინისტრაციაა, რომელმაც იცის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი და მას აღარ ექნება ამბივალენტური დამოკიდებულება, რაც ტრამპის ადმინისტრაცია ჰქონდა.

„ტრამპს დიდად არ აინტერესებდა, აქ რა ხდებოდა, უფრო თვალის დახუჭვის პოლიტიკა ჰქონდა. ბაიდენმა კი, კარგად იცის ამ რეგიონის პრობლემები და თვლის, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ „ბათუმელებთან“.

„საგარეო ორიენტაცია ივანიშვილს არასდროს აინტერესებდა, არც ახლა აინტერესებს,“ – პესიმისტური მოლოდინი აქვს დავით ზურაბიშვილს. ის არ გამორიცხავს, საქართველო რუსეთს უფრო მეტად დაუახლოვდეს, თუკი ივანიშვილი საკუთარი უსაფრთხოების გარანტიებს დასავლეთში ვეღარ დაინახავს.

დათო ზურაბიშვილი

„ეს არ არის მთავარი თემა ივანიშვილისთვის, სადაც კარგად იქნება, ის იქნება მისი ორიენტაციაც, რაც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს… თუ ისე დაინახა, რომ რუსეთშია ხსნა, გახდება პრორუსი, თუ ასე არ ჩათვალა, არ გახდება, სულ ესაა,“ – ფიქრობს დავით ზურაბიშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: