მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ვის ავნებს გეგმიური ოპერაციების გადავადება – კომენტარი

26.11.2020 • 1826
ვის ავნებს გეგმიური ოპერაციების გადავადება – კომენტარი

ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სამინისტრომ შეაჩერა სახელმწიფო პროგრამით არაგეგმიური ოპერაციების დაფინანსება 2021 წლის პირველ მარტამდე.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

გეგმიური ოპერაციების ჩატარება პირადი ხარჯით, კვლავ შესაძლებელია.

მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველა ნოზოლოგიაში არსებობს კონკრეტული შემთხვევა, როცა გეგმიური ოპერაციის გადადებაც საზიანოა პაციენტისთვის.

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ გეგმიური ოპერაციების გადავადება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მეთოდი მცდარია და ეს გადაწყვეტილება არაერთ პაციენტს დააზიანებს:

„ასეთი ეპიდსიტუაციის დროს, პირველი ნაბიჯი, როგორც წესი, ყველა ქვეყანაში არის გეგმიური ოპერაციების შეჩერება, თუმცა სხვა საკითხია, როგორ ვაჩერებთ ამ ამბავს.

დაფინანსების გზით ამის შეჩერება არის საკმაოდ სახიფათო, იმიტომ, რომ შეიძლება საჭირო იყოს გეგმიური ოპერაციის ჩატარება, რომლის გადადება მარტამდე საკმაოდ ცუდ  შედეგებს მოიტანს, დაფინანსების არქონის გამო კი ეს ვერ მოხდება.

მაგალითად, ავიღოთ მენჯ-ბარძაყის პროთეზირება. ათიდან რვა შემთხვევაში ეს არის ოპერაცია, რომელიც დიდხანს მოიცდის, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ოპერაციის გაკეთება გეგმიურად არის აუცილებელი, რომ შემდეგ არ გამოიწვიოს სხვა სახის დაზიანებები, მაგალითად, ხერხემლის. იგივე ხდება თვალის ოპერაციების შემთხვევაში.  მაგალითად, კატარაქტა გეგმიური ოპერაციაა, მაგრამ შეიძლება 4 თვით მოცდამ სერიოზული დაზიანებები გამოიწვიოს და პაციენტს მხედველობის სერიოზული პრობლემა დარჩეს“. 

ექიმი-ანესთეზიოლოგი განმარტავს, რომ ყველაზე სწორი მიდგომა იქნება, თუ გეგმიური ოპერაციების გადავადების საკითხი დარეგულირდება კლინიკური რეგულაციებით, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, რადგან ყველა ნოზოლოგიაში არსებობს შემთხვევები, როცა გეგმიური ოპერაციის გადადება შეიძლება საზიანო იყოს.

„სამინისტრომ გამოყო ონკოლოგია, კარდიოლოგია და ზოგიერთი სხვა მიმართულება, რომელსაც ეს არ შეეხება. ეს სწორია, მაგრამ არის კიდევ ძალიან ბევრი შემთხვევა, თითქმის ყველა ნოზოლოგიაში, რომლებიც უნდა დარეგულირდეს კლინიკური კრიტერიუმების მიხედვით.

ექიმს, კლინიკებს რეკომენდაციები უნდა მიეცეთ, რომ გეგმიური ოპერაციები მინიმუმამდე დაიყვანონ, ოღონდ ეს უნდა იყოს ექიმის და სამედიცინო საზოგადოების გადასაწყვეტი, რომელ შემთხვევაში შეიძლება გეგმიური ოპერაციის შეჩერება და რომელში – არა“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

__________________

ფოტო: pexels

გადაბეჭდვის წესი


ასევე: