უჭირს კონკრეტული ჩამონათვალის გაკეთება იმისა, თუ რა დავკარგეთ, რადგან თვლის, რომ წარსულის შანსებზე საუბარი 100 წლის შემდეგ რთულია. ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ზუსტად 100 წლის წინ, როცა ბათუმში პირველი რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია დაბეჭდეს, საქართველო „ძალიან კარგ გზაზე“ იდგა და გამორჩეულიც კი იყო მსოფლიოში თავისი სოციალური ექსპერიმენტებით. კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის შემდეგ ლაშა ბაქრაძე დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ გამოწვევად გლობალური ხედვის არარსებობას ასახელებს და ხაზგასმით ამბობს, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვებით იყო გამორჩეული საქართველოს პირველი რესპუბლიკა.
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი შესრულდა. „ბათუმელები“ ისტორიკოსს ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა.
- ბატონო ლაშა, 100 წლის წინ საქართველოში, კონკრეტულად კი, ბათუმში პირველი კონსტიტუცია მიიღეს. თუმცა რამდენიმე დღეში წითელი არმია შემოვიდა… რეალურად რა იყო ეს, რა შესაძლებლობა დავკარგეთ?
რეალურად ჩვენ დავკარგეთ იმის შანსი, რომ ფეხი აგვეწყო კაცობრიობის განვითარებისათვის, მათთან ერთად საქართველოს განეცადა ნორმალური აღმშენებლობა. ერთი საკითხია, რომ 1921 წელს სხვა ქვეყანამ დაიპყრო საქართველო, მაგრამ მეორე, კიდევ უფრო უარესი იყო ის, რომ ეს ქვეყანა იყო კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი. ამას მოჰყვა, რასაკვირველია, წარმოუდგენელი ტერორი ყველგან, მათ შორის, საქართველოში და წარმოუდგენელი ტვინის გარეცხვა საზოგადოებისა, რომლის მსგავსი მანამდე კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა.
ასე რომ, საქართველომ 100 წლის წინ არა მხოლოდ დამოუკიდებლობა დაკარგა, არამედ გახდა ნაწილი ქვეყნისა, სადაც ადამიანებზე წარმოუდგენელი ტერორი განხორციელდა. შეიძლება ითქვას, რომ ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, ის, ვინც ემიგრაციაში ვერ წავიდა, ფაქტობრივად განადგურდა.
რაც მთავარია – ახალი თაობებიც გაიზარდნენ მავნებლური იდეოლოგიით, რომლის შედეგებს ჩვენ დღესაც განვიცდით. ხშირად არც კი გვესმის, რამხელა კვალი დააჩნია ადამიანებს კომუნისტურმა აზროვნებამ და როგორ არ გვაქვს ჩვენ დღესაც იმის გაგება, თუ რას ნიშნავს, მაგალითად, სამართლიანობა, რომ არსებობდეს ნორმალური სასამართლო, რას ნიშნავს კერძო საკუთრება რეალურად და არა ისე, როგორც დღეს გაიგეს საქართველოში: ფაქტობრივად კაპიტალიზმი, რომელიც დღეს გვაქვს.
აი, კომუნისტებს რომ წარმოედგინათ, როგორი ცუდი იყო კაპიტალიზმი, ისეთია, სადაც წარმოუდგენლად დიდი განსხვავებაა ღარიბსა და მდიდარს შორის, სადაც არ იცავენ ელემენტარულ უფლებებს.
კომუნისტები ამბობდნენ, რომ ახალი ადამიანი უნდა შეექმნათ. მართალია, ვერ შექმნეს, მაგრამ გადააგვარეს და ეს არ ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მოესწრნენ ამ პერიოდს, არამედ ეს ახალ თაობაზეც გადადის, რადგანაც ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს დღესაც ამ სასტიკ წარსულს.
- რა ტიპის ქვეყანა შესაძლოა ყოფილიყო საქართველო, რომ არა საბჭოთა ოკუპაცია?
არ მიყვარს წარსულ შანსებზე საუბარია, რთულია… მაგრამ საქართველო იდგა ძალიან კარგ გზაზე დღევანდელისგან განსხვავებით. ის ბრმად არ იღებდა იგივე დასავლურ გამოცდილებას. რეალურად ქვეყნის შიგნით იყო საკმარისად მომწიფებული ხედვა იმისათვის, რომ საქართველო გამხდარიყო სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი. ვფიქრობ, საქართველო შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი დემოკრატიული, სამართლიანი ქვეყანა და ეკონომიკურად წელში გამართული, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა.
- საიდან გაჩნდა პირველ კონსტიტუციაში სოციალისტური ხედვები? მაშინაც და ახლაც ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ დღეს არ გვყავს მემარცხენე, სოციალისტური პოლიტიკური პარტიები. რას უკავშირებთ ამას?
მაშინ, რასაკვირველია, სოციალისტური ხედვები განაპირობა იმან, რომ ხელისუფლებაში იყვნენ „სოციალ-დემოკრატები“. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ ნამუშევარი ამ ხედვებზე. იმ დროს საქართველო მსოფლიოში მართლაც სამაგალითო ქვეყანა იყო ამ სოციალური ექსპერიმენტის თვალსაზრისით. ამას განაპირობებდა „სოციალ-დემოკრატების“ ხელისუფლებაში მოსვლა და არა მენშევიკების, სხვათა შორის, როგორც ეს ტერმინი თავს მოგვახვიეს კომუნისტებმა – „მენშევიკური საქართველო“, „გასაბჭოება“ ოკუპაციის მაგივრად და ასე შემდეგ.
ეს იყო უბრალოდ დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება და ქართველმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა. მათ ჰქონდათ პროგრამაში ჩადებული სერიოზული სოციალური თემატიკა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა იქნებოდა ევროპის ისეთი ქვეყნების მსგავსი, სადაც სოციალ-დემოკრატებმა ბევრი რამ გააკეთეს.
- არსებობს მოსაზრება, რომ რეალურად კონსტიტუციაში 100 წლის წინ ჩაწერილი ხედვები ვერ განხორციელდებოდა, რადგან ქვეყანას ეკონომიკურად უჭირდა.
ქვეყანა, რასაკვირველია, ძალიან ღარიბი იყო.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ომის ბოლო წელს, როდესაც არამცთუ ჩვენნაირი ქვეყანა, არამედ ევროპის მდიდარი ქვეყნებიც კი, ომმა დიდ გასაჭირში ჩააგდო. წლები დასჭირდათ ევროპულ ქვეყნებს ომისგან თავსდატეხილი ეკონომიკური უკუსვლისგან თავის დასაღწევად.
მაგალითად, მანამდე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა – გერმანია ამ პერიოდში ეკონომიკურმა კატასტროფამ დააქცია და ამან შეუწყო ხელი გაღარიბებული გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლას. ასე რომ, საქართველოს სიღარიბეში არაფერი განსაკუთრებული არ იყო. მთავარია, რომ არსებობდა ხედვა, როგორ განვითარებულიყო ქვეყანა. დღეს ჩვენ ძალიან ხშირად ეს ხედვა არა გვაქვს – როგორი ქვეყანა გვინდა სინამდვილეში გვქონდეს.
- ხედვის არარსებობა რამდენად უკავშირდება საბჭოთა წარსულს, საიდანაც მოვდივართ?
რასაკვირველია, ეს არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა. მხოლოდ სოციალურ თემატიკაზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, დღეს ამ თემაზე ყურადღების გამახვილება ჰგონიათ, რომ არის ბოლშევიკური ამბავი და უნდა იყოს ველური კაპიტალიზმი, რაც გაიარა 100 წლის წინ დასავლეთმა და ამ ველური კაპიტალიზმის გარეშე ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ნორმალური მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას. როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ თემატიკაზე, ძალიან ბევრს მართლაც ჰგონია, რომ ეს კომუნისტებთან უნდა იყოს აუცილებლად კავშირში, რაც ასე არ არის.
იგივე გერმანიის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეკონომიური საოცრების ავტორი იყო მემარჯვენე ლუდვიგ გერჰალდი, რომელმაც დაწერა წიგნი „კეთილდღეობა ყველასთვის“. მან კარგად გაიგო, რომ მიუხედავად მემარჯვენე ხედვებისა, თუ კეთილდღეობა ყველასთვის არ იქნებოდა, იყო საშიშროება იმისა, რომ ექსტრემისტები მოვიდოდნენ ხელისუფლების სათავეში, რაც გერმანიამ საკუთარ ტყავზე გამოსცადა ნაცისტების სახით, მსგავსი რამ მოხდებოდა კიდევ ერთხელ.
- როგორი იყო დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრები და რა დავკარგეთ ოკუპაციის პირობებში?
დამოუკიდებლობის პერიოდშიც საქართველოს მუდმივი პრობლემები ჰქონდა საზღვრებთან დაკავშირებით. ერთია რუკები, რომელზეც ახლა ხშირად საუბრობენ, მაგრამ ესაა ხშირად უფრო სასურველი რუკა, რაც ასახავს საქართველოს სურვილს, აკონტროლოს ესა თუ ის ტერიტორია.
ძალიან ხშირად საზღვრისპირა რეგიონები ერთი ხელიდან მეორეში გადადიოდა. მაგალითად, არის საუბარი, რომ საინგილო დავკარგეთ, მაგრამ საინგილოსთან დაკავშირებით მუდმივად პრობლემა იყო აზერბაიჯანთან. ლორესთან დაკავშირებითაც იყო პრობლემა სომხებთან, ნეიტრალური ზონა იყო ლორეში. დამოუკიდებლობის წლებში საქართველომ პატარა ზოლი მოიგო რუსეთთან შეთანხმებით, როდესაც ფსოუზე გავიდა საზღვარი, მანამდე უფრო სამხრეთით გადიოდა. პატარა ზოლია, მაგრამ 1920 წლის ხელშეკრულებით დადგინდა და საქართველომ მეტი ტერიტორია მიიღო.
ასეთივე პრობლემა იყო თურქეთთანაც, გარკვეული საზღვრები დაიკარგა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთს კიდევ უფრო მეტზე ჰქონდა პრეტენზია. გარდა ბუნებრივი საზღვრისა, რომელსაც წარმოადგენს კავკასიის ქედი, ფაქტობრივად სხვა საზღვრები არასდროს იყო დაზუსტებული და შეთანხმებული მეზობელ ქვეყნებთან.
იგივე დავით გარეჯის მხარეზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს ნაწილი ნამდვილად შედიოდა და ეფექტურადაც აკონტროლებდა საქართველო, მაგრამ სხვა საზღვრები – ლორე, საინგილო, თურქეთში დღეს არსებული ტერიტორიები, რომელიც მაშინდელ საქართველოს საქართველოდ მიაჩნდა და იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი, მთელი სამი წლის განმავლობაში არ იყო საქართველოს გამგებლობის ქვეშ. ამიტომაც, მე უფრო ფრთხილად ვისაუბრებდი საზღვრებზე, ვიდრე დღეს არის საუბარი, რომ აი, ეს დავკარგეთ, ის დავკარგეთ. ეს საკითხი ასე ადვილად დასანახი არ არის. როცა საუბრობენ, მაგალითად, რომ სოჭი საქართველოს ეკუთვნოდა, კი, სოჭში ქართული ჯარი შევიდა, მაგრამ მალევე უკან გამოვიდა და საქართველოს არასდროს არ გამოუცხადებია, რომ სოჭი საქართველოა.
- რა შეიცვალა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საზღვრების ნაწილში?
თითქმის ყველა სადავო ტერიტორიის საკითხი საქართველოს საწინააღმდეგოდ გადაწყდა, რადგან ქართველ ბოლშევიკებს მიაჩნდათ, რომ ინტერნაციონალიზმი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ტერიტორიები.
რეალურად, ნაღმი, რაც დაგვიტოვეს, არის აზროვნება, რომელიც დღემდე არ არის აღმოფხვრილი და არც აღმოიფხვრება, თუკი ის მუდმივად არ შევისწავლეთ, გავაანალიზეთ. ამის სურვილი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, უნდა იყოს შესწავლილი საბჭოთა პერიოდი, ისევე, როგორც დამოუკიდებლობის პერიოდი. სასურველია გადაიხედოს ჩვენი ისტორია და შესაბამისად ისწავლებოდეს სკოლებში, ადვილად ხელმისაწვდომი მასალები უნდა არსებობდეს.
- როგორ ისწავლება სკოლებში პირველი რესპუბლიკის პერიოდი?
ფაქტობრივად არაფერი ისწავლება და სკოლიდან გამოსულ ადამიანს ვერაფერს მოსთხოვ, რადგან აბსოლუტურად არასაკმარისია, რასაც ჩვენ ვხვდებით სკოლის სახელმძღვანელოებში. ეს საკითხი არის სრულიად მიგდებული… რაც მთავარია, სწავლების ეს ფორმა არასწორ ინფორმაციას უტოვებს დიდ გასაქანს. შესაძლოა გასაკვირად მოგვეჩვენოს, მაგრამ არიან ახალგაზრდები, რომლებიც არ მოსწრებიან საბჭოთა კავშირს, მაგრამ აქვთ გარკვეული ტიპის სიმპათიები საბჭოეთისადმი, თვლიან, რომ თითქოსდა მეტი იყო თანასწორობა, რაც არანაირად არ შეესაბამება რეალობას.
ვფიქრობ, დღეს გამოწვევები წარმოუდგენლად დიდია, რადგან ძალიან ჩქარი ტემპებით იცვლება სამყარო. ხშირად მგონია, რომ აი ამ კონტექსტს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ვერ ვხედავთ – წვრილმანი საკითხები შედარებით უფრო ახლოს არის ჩვენს თვალებთან და ვერ ვხედავთ გლობალურ ცვლილებებს, რაც სამყაროში ხდება. თუ ფეხი ვერ ავუწყვეთ სამყაროს, მაშინ ჩვენ მუდმივად ასეთ გაჭირვებულ ქვეყნად დავრჩებით, რომელსაც არ ჰყავს მეგობრები. იმისათვის, რომ გყავდეს მეგობრები პოლიტიკაში, საჭიროა, რომ იყო მნიშვნელოვანი.
ამ თემაზე:
რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა