მთავარი,სიახლეები

გახარია გადადგა

18.02.2021
გახარია გადადგა

გიორგი გახარია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გადადგა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თავად გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს სასამართლომ ბატონ მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუფარდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს არ სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.

დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია თვითონ ქვეყნის განვითარების, შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია, ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები, როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი, არც ერთი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა ან პოლიტიკური ორიენტაციისა თითოეული ჩვენი მოქალაქის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის.

ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან.

მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას. რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2019 წლის 8 სექტემბრიდან იკავებდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: