მთავარი,სიახლეები

ბათუმელი კაცი, რომელიც ხმელი ფოთლებითა და ხის ქერქებით ხატავს 

22.02.2021 • 2202
ბათუმელი კაცი, რომელიც ხმელი ფოთლებითა და ხის ქერქებით ხატავს 

ბროწეულის კანი კრამიტად აქცია, ასანთის ღერები – კედლებად და ასე ააშენა ძველი თბილისის ერთი უბანი ჩარჩოში. შემდეგ ნივრის ფურცლებით შექმნა მდინარე და თანდათან ტექნოლოგია უფრო განავითარა.

ბუნებრივი, ხმელი მასალებით შექმნილი პეიზაჟები, საქართველოს კუთხეები და თბილისის ძველი უბნები, კონკრეტული შენობები, საკუთარი სახლის კედლებზე გამოფინა – ეს საქმე პანდემიის დროს იზოლაციაში დარჩენილმა დავით გოგავამ  სტრესის დაძლევის მთავარ იარაღად გამოიყენა.

დავით გოგავას მიერ ხმელი მასალებით შექმნილი ნამუშევრები

მისი ნამუშევრები ერთი შეხედვით ნახატებს ჰგავს, თუმცა საღებავს საერთოდ არ იყენებს და ყველაფერი ბუნებრივი მასალით აქვს შექმნილი.

დავით გოგავა გვიყვება, რომ მისი ცხოვრება პანდემიამდე ცოტა ადრე შეიცვალა, მაშინ როცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამსახურისთვის თავის დანებება მოუწია, პანდემიამ კი სახლში გამოკეტა და ნათესავებსა და მეგობრებს დააშორა, რაც არ იყო მისთვის მარტივი:

„სახლში გამოკეტვამ სტრესულ მდგომარეობამდე მიმიყვანა, უკვე ქუჩაში  გასვლაც აღარ შემეძლო. ფსიქოლოგიური სტრესი იყო ისიც, რომ ასაკოვნები რისკჯგუფში ვიყავით, ამან ჩვენი სრული იზოლაცია გამოიწვია, რაც ძალიან რთული იყო. რაღაც უნდა მეკეთებინა და ამ დროს 40 წლის წინ ნასწავლი საქმე გამახსენდა“.

დავით გოგავამ ხმელი ფოთლების, სხვადასხვა ქერქის, გამხმარი მცენარეების შეგროვება და ამ ნივთებით „ხატვა“ დაიწყო.

„პირველად გამიჭირდა საჭირო მასალების შეგროვება, ძირთადად ვიყენებ ნაძვის მასალას. ასევე, ბროწეულის კანს. თეთრი ფერის პრობლემა მქონდა, არყის ხის მასალები გამომიგზავნა ჩემმა ძმამ, ეს საქმეც მისგან ვისწავლე. არყის ხის ქერქში უნიკალური ფერებია, ოთხი-ხუთი ფერია, მათ შორის თეთრიც. შემდეგ ვაკვირდებოდი ბუჩქებს, ყვავილებს, მასალების უმეტესობა ქუჩაში ვიპოვე, ქვაფენილის გაკეთება თუ მინდა, ამის პრობლემაც აღარ მაქვს უკვე“.

დავით გოგავას მიერ ხმელი მასალებით შექმნილი ნამუშევრები

დავით გოგავა მიიჩნევს, რომ შრომატევადი, მაგრამ საინტერესო საქმე იპოვა:

„ძალიან საინტერესოა, თუმცა შრომატევადი. სულ მცირე 15 დღე უნდა ერთი ნამუშევრის დასრულებას, დღეში 3 საათი მაინც უნდა იმუშაო, შეცდომას ვეღარ გამოასწორებ, პატარა გადახრა სიზუსტეს და ხაზებს არღვევს, ახალ რაღაცებს ნახულობ და თანდათან ტექნოლოგიას ავითარებ.“

დავით გოგავას ნამუშევრებში ძველი თბილისის არქიტექტურა სჭარბობს. ამბობს, რომ პროგრესის მომხრეა, თუმცა მოსწონს ყველაფერი ძველი, განსაკუთრებით კი ძველი ეკლესიების არქიტექტურა ხიბლავს, გაკეთებული აქვს ბათუმის მეჩეთიც:

„ვფიქრობ, რომ ძველი ეკლესიების არქიტექტურა საოცარია, ეს არის მოვლენა, ისტორია მიყვარს, ვამბობ თვითნასწავლი ისტორიკოსი ვარ-მეთქი, მიყვარს ძველი ფილმები და ასევე ძველი მანქანებით ვარ გატაცებული“.

პორტრეტი ჯერ არ შეუქმნია, ახლა აპირებს. ამბობს, რომ ჩაფიქრებული აქვს შვილიშვილისა და რძლის პორტრეტი შექმნა.

დავით გოგავას ჯერ არ უცდია თავისი საქმე კომერციულ პროექტად ექცია, მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრების ფეისბუქში გამოფენის შემდეგ ბევრი მოწონება დაიმსახურა და იმითაც დაინტერესდნენ, იყიდება თუ არა მისი ნამუშევრები.

ჯერ არც ერთი არ გაუყიდია, მხოლოდ ორი მათგანი გააჩუქა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს საქმე მართლაც აქციოს კომერციულ პროექტად, იცის, რომ მსგავსი ნამუშევრები, განსაკუთრებით ეროვნულ თემატიკაზე, ტურისტებს  მოსწონთ, თუმცა პანდემიის პირობებში შესაძლოა ჯერ ონლაინაუქციონში სცადოს მონაწილეობა.

გვიყვება, რომ ცოტა ხნის წინ იტალიაში ხელოვანი ქალი გაიცნო, ის ქარგავს, ერთმანეთს საკუთარ ნამუშევრებს და მოსაზრებებს უზიარებენ, გეგმავენ, რომ მომავალში ერთად გააკეთებენ გამოფენას:

„რატომაც არა, ამ ყველაფერს სიმშვიდე მოაქვს, ვიცი, რომ ვიღაც ბათუმში კვერცხის ნაჭუჭისგან ქმნის ნამუშევრებს, მინდა ისიც გავიცნო.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: