განათლება,მთავარი,სიახლეები

კოვიდი მოსწავლეების 0,03%-სა და სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს გამოუვლინდა

21.02.2021
კოვიდი მოსწავლეების 0,03%-სა და სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს გამოუვლინდა

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის [ამჟამად მინისტრობის კანდიდატის] განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით Covid19 სკოლის თანამშრომელთა  1,05 პროცენტს დაუდასტურდა. საჯარო და კერძო სკოლების 600 ათასამდე მოსწავლიდან კი კოვიდი მხოლოდ 0.03 პროცენტს გამოუვლინდა.

ჩხენკელის თქმით, 15 თებერვლიდან  დღემდე მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 34 სკოლა, ხოლო ონლაინრეჟიმში 116 კლასი სწავლობს.

„გაფართოებული ტესტირების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია  85 141 მასწავლებელი, რომლებიც სავალდებულო  ტესტირებას ეტაპობრივად გაივლიან,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა დღეს, 21 თებერვალს.

მისი თქმით, სკოლების მონიტორინგი, ისევე როგორც მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება, მომავალშიც სისტემატურად გაგრძელდება.

„ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები იმოქმედებს, ისე როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით არის გათვალისწინებული, კერძოდ,  დისტანციურ სწავლებაზე გადავა კონკრეტული კლასი/სართული ან მთლიანად სკოლა,“ – განაცხადა ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე მოსმენისას.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა საქართველოს პარლამენტმა თავიდან უნდა დაამტკიცოს. აქ უკვე განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მთავრობის დამტკიცებამდე მინისტრის მოვალეობას ასრულებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: