ბალქ კარგო სერვისის (Bulk Cargo Service) დირექტორის სერგო ბაციაშვილის ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-12 ნავმისადგომზე, მშრალი ნაყარი ტვირთების საოპერაციო წარმადობის გაზრდის მიზნით, კომპანიამ ახალი ამწეები შეისყიდა.
მშრალი ნაყარი ტვირთების გადამუშავების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად Bulk Cargo Service-მა და APM ტერმინალს ფოთმა გააფორმეს ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მშრალი ნაყარი ტვირთების ერთობლივი გადამუშავება ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-12 ნავმისადგომზე. ზემოთ აღნიშნული კოოპერირება ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების განვითარებას ფოთის პორტში და შექმნის კონკურენტულ გარემოს, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მშრალი ნაყარი ტვირთების მიმოქცევას საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გავლით.
Bulk Cargo Service-მა საპორტო მომსახურებების და ტვირთების დამუშავების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მფლობელობაში მიიღო ორი მობილური სანავსადგურე ამწე, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ბრენდების „სენებოგენის“ და „ლიბჰერის“ მიერ არის ნაწარმოები და მიმდინარე წლის დასასრულამდე განთავსდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-12 ტერმინალზე.
Liebherr A944CHD და Sennnebogen 680HMC ფოთის პორტს მისცემს საშუალებას მე-12 ტერმინალზე გადაამუშაოს დამატებით წლიურად 150 000 ტონა მშრალი ნაყარი ტვირთი და მოემსახუროს 3 000 – 5 000 ტონა ტვირთამწეობის გემებს.
„ჩვენი კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტებია ბაზარზე არსებული შესაძლებლობების ათვისება და საპორტო საქმიანობაში 25 წლიანი გამოცდილების საშუალებით კონკურენტული, ტვირთმფლობელებზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება “- აცხადებს კომპანიის დირექტორი სერგო ბაციაშვილი.
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ კონკურსში „ადამიანის უფლებათა ტიტა 2020“-ის გამარჯვებულები გამოავლინა.
პირველ ადგილზე გავიდა ჟურნალისტი კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დამფუძნებელი, მეორე ადგილზე კი გავიდნენ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი და ლგბტ და ქალთა უფლებების დამცველი ცაბუნია ვართაგავა სამეგრელოდან.
მანანა ქველიაშვილი 2012 წლიდან მუშაობს გაზეთ „ბათუმელებში“, არის ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და მულტიმედია რეპორტიორი.
კონკურსში ნომინანტები საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს.
ნიდერლანდების საელჩო საქართველოში უკვე მესამედ მართავს ამ კონკურსს.
18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, მთავრობის განცხადებით, ყოველთიურად, 6 თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამ დახმარების გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და ამავე წლის ივნისში დასრულდება.
აღნიშნული შშმ პირები დახმარებას ავტომატურად, ყოველგვარი მიმართვისა თუ რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ – განუცხადეს „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში.
სახელმწიფომ მოსახლეობის დახმარების პროგრამა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების ფონზე შეიმუშავა.
გარდა აღნიშნული შშმ პირებისა, ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ დასაქმებულები და თვითდასაქმებულებთა ნაწილი, რომელთაც 28 ნოემბრიდან მუშაობა შეეზღუდათ. კომპენსაციას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახებიც.
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2022 წელში დასრულდება. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის 2021 წელს – 80 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს – 55 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ 6 თვის წინ უთხრეს, რომ „გზის მშენებლობის პროცესში გარკვეული შეფერხებები გამოიწვია პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ“.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ჯამში 429 მილიონ 740 ათასი ლარი დაიხარჯება [აქედან, 2019 წელს დაიხარჯა 241 მილიონ 740 ათასი ლარი, 2020 წელს კი – 53 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულდეს]. მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება.
რაც შეეხება ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელებას მდინარე ჭოროხიდან სარფამდე, ამ ახალი გზის მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაფინანსებული არ არის. არადა, ინფორმაცია კაპიტალურ პროექტებზე მოცემულია 2024 წლის ჩათვლით.
ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2024 წლისთვის დაიწყება.
„გაგრძელდება ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, 2024 წლისთვის დასრულდება ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, დაიწყება ნატახტარი ჟინვალის 27 კმ-იანი ჩქაროსნული გზა. დაიწყება ავტომაგისტრალების მშენებლობა ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით“ – აღნიშნულია სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
2023 წელში უნდა დასრულდეს ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაც.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ გზის მშენებლობისთვის, 2021 წელს 30 მილიონი ლარი გამოიყოფა, 2022 წელს – 50 მილიონი, ხოლო 2023 წელს – 15 მილიონი ლარი.
მაღაზიების დაკეტვის გარდა ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ახლა ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით წარწერას – „ქირავდება“. ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ცხოვრება განსაკუთრებით მცირე ბიზნესს გაუჭირდა, რომელსაც ონლაინვაჭრობის რესურსიც არ აქვს. გამოკეტილი და ბოქლომდადებული მაღაზიების გვერდით დაგხვდებიან ინდმეწარმეებიც. ისინი კლიენტებს ისევ ელიან – საკუთარი მაღაზიასთან ახლოს, ან წინ გაჩერებულ მანქანებში. მათ საჯაროდ გამოჩენა არ სურთ, თუმცა თითოეულ მათგანს სათქმელი ბევრი აქვს.
„ფეისბუქით იმუშავეთო, მაგრამ მე რომ ფეისბუქიც არ მაქვს?“ – კითხულობს პუშკინის ქუჩაზე მომუშავე ინდმეწარმე მზია კვირიკაძე. ის უსამართლოდ მიიჩნევს დაწესებულ რეგულაციებს და თვლის, რომ არაფერი დაშავდება, თუკი ონლაინვაჭრობის ნაცვლად, რომლის გამოცდილება არც მას აქვს და არც მის კლიენტებს, იქვე მოემსახურება ადამიანებს მაღაზიაში შესვლის გარეშე.
მზია კვირიკაძეს შერეული მაღაზია აქვს, თმის საღებავებს ყიდის, სათამაშოებს, წვრილმანებს. ამბობს, რომ თვეში იჯარის ფულის – 450 ლარი აქვს გადასახდელი. შესაბამისად, კომპენსაციის სახით მიღებული 300 ლარი ვერაფერს უშველის.
„თუ დაკეტვაა, ყველაფერი დაკეტილიყო მაშინ. მაგრამ შეიძლება დისტანციის დაცვა, პირბადეა… ასე სახლში ვიჯდე მშიერი და მაღაზია დაკეტილი მქონდეს, ესაა სამართალი?“ – ამბობს მზია კვირიკაძე. მას მაღაზიასთან ვესაუბრეთ, რომელიც ბოქლომით იყო გამოკეტილი.
მზია კვირიკაძე
პუშკინის ქუჩაზე მაღაზიების ერთ ნაწილზე ჟალუზები ბოლომდე ჩამოშვებული არ არის. აქ თუ შეჩერდებით, მაღაზიაში მყოფი ადამიანები განიშნებენ, რომ ვიტრაჟზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე უნდა დარეკო და შემდეგ მოგაწვდიან სასურველ ნივთს.
„საერთოდ აღარ არის მუშაობა, ასე თუ გაგრძელდა, მალე სულ აღარ ვიქნებით,“ – ამბობს ვიკა იბრაგიმოვა. მას ჩანთების მაღაზია აქვს და ამბობს, რომ იჯარის თანხა თვეში 1400 ლარი აქვს გადასახდელი.
„ადრე თუ 10 – 15 ჩანთას ვყიდდი დღეში, ახლა ერთი თუ გავყიდე, მიხარია. აღარ არის მყიდველი, ღიაც რომ მქონდეს მაღაზია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ვიკა იბრაგიმოვამ.
ჩანთების მაღაზია, წერეთლის ქუჩა, ბათუმი
მაღაზიების ნაწილზე ჟალუზები ბოლომდე ჩამოწეული არ არის
თითქმის ყველა დაკეტილი მაღაზიის კართან მოვლენ და გკითხავენ, რისი შეძენა გსურთ. ისინი ან მაღაზიის სიახლოვეს არიან, ან მაღაზიების წინ გაჩერებულ ავტომანქანებში. მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ თითქმის ყოველი ნახევარ საათში დადიან შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და ამოწმებენ ნამდვილად დაკეტილია თუ არა მაღაზიები. შესაბამისად, ისინი არც დაჯარიმების საფრთხეს გამორიცხავენ.
„ასე რა მუშაობა გამოვა, იშვიათად მოდის ვინმე, გვერდით კარიდან შევდივარ და ისე ვაწვდი ნივთს, მაგრამ არავინ არ მოდის… შიმშილის ზღვარზე ვართ, ეს დაწერეთ,“ – გვითხრა კიდევ ერთმა ინდმეწარმემ, რომელიც პუშკინის ქუჩაზე შეგვხვდა და ვინაობის გამხელა არ ისურვა.
დაკეტილი, თუ ნახევრადდაკეტილი მაღაზიების მფლობელებს აღიზიანებთ საუბარი კომპენსაციაზე. „არაფერში გვყოფნის“, – მოკლედ და კატეგორიულად პასუხობენ ისინი ამ კუთხით დასმულ კითხვებს.
„რაც იყო, იმის 90 პროცენტს ვეღარ ვვაჭრობ. თვეში 1000 ლარი მაქვს მარტო იჯარის ფული გადასახდელი. გადავადებაზე უარს მეუბნებიან, ასე თუ გაგრძელდა, თვის ბოლოს ალბათ საერთოდ დავცლი მაღაზიას,“ – გვიპასუხა ინდმეწარმე ირაკლი ბასილაძემ, მას სანტექნიკის მაღაზია პუშკინის ქუჩაზე აქვს.
გერმანული მედიის ცნობით კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი, კომპანია Biontech-ის თანადამფუძნებელი უღურ შაჰინიმსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაშია. კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, შაჰინი მსოფლიოში 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის რიგებში შევიდა. 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე უღურ შაჰინის ქონება 1 მილიარდიდან 5.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე შაჰინის ქონება, რომელიც კომპანია Biontec-ის 17.3 პროცენტს ფლობს, 5,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, გლობალურ რეიტინგში ის 493-ე, გერმანიაში კი სულაც 34-ე პოზიციაზეა.
გერმანული მედიის ვარაუდით, მეცნიერს პირადად დიდად არ უნდა აინტერესებდეს ის ფაქტი, რომ ის ახლა სუპერმდიდრების ელიტარულ კლუბშია. მას სურს კაცობრიობა გაათავისუფლოს კიბოსგან და ამ მიზნით შექმნა კომპანია Biontech. მას შემდეგ კი, რაც ამ წლის იანვარში, შაჰინმა და მისმა მეუღლემ წაიკითხეს ვუჰანში ვირუსის გავრცელების შემაშფოთებელი მონაცემები, გადაწყვიტეს დროებით გადაეტანათ ყურადღება Covid 19-ის დამარცხებაზე.
კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ მინიმუმ 12-12 მილიარდი დოლარით გამდიდრდა კომპანია Biontech-ის კიდევ ორი აქციონერი.
დღეს, 7 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობისაა და ყველას შეუძლია აიცრას.
ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. აქ გვითხრეს, რომ ყველა მსურველს შეუძლია აიცრას ბათუმის პოლიკლინიკებში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში გრიპზე უფასოდ.
„გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობითაა ქვეყანაში, მოვხსენით ყველანაირი ბარიერი, ყველას შეუძლია პოლიკლინიკებში შევიდეს და აიცრას. ჯერ კიდევ ამის დრო არის. დაახლოებით 60-65 ათასამდე დოზაა ქვეყანაში გრიპის ვაქცინის და გთხოვთ, ისარგებლეთ ამ შემოთავაზებით.
235 ათასი დოზა იყიდა წელს სახელმწიფომ, რომ ავიცრათ. გრიპთან დაკავშირებით ყოველ ორშაბათს ვაახლებთ ინფორმაციას, ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვსარგებლობთ შემთხვევით და მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ აიცრან,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ასაცრელი ჯგუფების წრე წელს გაფართოვდა.
„მასწავლებლებს ვთხოვეთ, რომ ჩაერთონ ვაქცინაციაში, ასევე, მოვხსენით თანმხლები დაავადებები 65 წელს ზემოთ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულ ქალებს, რომ აიცრან. მათთვის მთელ სეზონზე იქნება ვაქცინის გარკვეული რაოდენობა შენახული, რადგან ორსულები არის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი, ამიტომ სასურველია ყველა ორსული აიცრას,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი, 1978 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.
შსს-ს ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
წინასწარი შეცნობით 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხვალ, 8 დეკემბერს, საქართველოში, ახალქალაქში შემოვა თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზაში ადასტურებენ.
თურქული მედიის ცნობით, მატარებელი თურქეთიდან ჩინეთამდე 8 693 კილომეტრს გაივლის 12 დღეში.
მატარებელი გაივლის 5 ქვეყანას, მათ შორის – საქართველოსაც, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. სამმხრივ ხელშეკრულებას ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ 2007 წლის 7 თებერვალს მოაწერეს ხელი თბილისში პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა, მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, რომელსაც მაშინ თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.
_____________
ფოტოზე: გუშინ, 6 დეკემბერს, მატარებელი კოჩაელის პროვინციაში შევიდა. ხვალ უკვე მატარებელი დატოვებს თურქეთს და საქართველოში შემოვა. ფოტო: სააგენტო ანადოლუ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შემოსავლების სამსახურში ამ დროისათვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად.
მინისტრის თქმით, განცხადებები უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში და მალე დაიწყება კომპენსაციის გაცემა.
მინისტრმა მოუწოდა მეწარმეებს, რომელთაც 28 ნოემბერს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ძალაში შესული შეზღუდვები შეეხოთ, ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, შეავსონ განცხადება, სადაც უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, პირადი მონაცემები და საბანკო ანგარიშები.
პირებმა, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი.
ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით, რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღოს ერთჯერადი 300 -ლარიანი კომპენსაცია.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.
სხალთის ეპისკოპოსს სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა.
“მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში,” – დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქზე.
„ბათუმელების“ რესპონდენტები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ, თუმცა აშკარაა, რომ ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ თითქმის ერთნაირი გამოცდილება დაუგროვდათ: მაგალითად, საქმიანი საუბრის გადაფარვა ხმამაღალი ტემბრით ან თითქოსდა ქათინაურით – „რა ლამაზად გამოიყურები“.
მათი პოლიტიკური ბრძოლის მაგალითები თითქმის იდენტურია – რთული, დამღლელი, მაგრამ მოტივაციის აღმძვრელი. ქალებმა იციან, რომ მსგავსი მაგალითები ცვლის რეალობას.
გუგული მაღრაძე: თავს გიქნევენ, მაგრამ შემდეგ არ ითვალისწინებენ
„მახსოვს, ერთხელ პარლამენტში ჩვენი კოლეგა შემოვიდა დარბაზში. გავიგე, რომ დაოჯახდა. მითხრა, მეოთხე ცოლი მოვიყვანეო და იმ წუთშივე წავიდა ჰა-ჰა, მოწონების ხმებმა გადაიარა კაცებში. მე ვთქვი, ახლა ქალი რომ იყოს მსგავს სიტუაციაში, რას იტყოდით-მეთქი…“ – გვიყვება გუგული მაღრაძე. ის სამჯერ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.
გუგული მაღრაძე
გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ თითოეულ ქალს, რომელიც პოლიტიკაში აქტიურდება, გაცილებით მეტი წინააღმდეგობის გაწევა უწევს, ვიდრე კაცს. პარლამენტის წევრს არ აქვს განცდა, რომ წლების შემდეგ რამე შეიცვალა. იგი მიიჩნევს, რომ ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული შეხედულებები ერთმანეთთან, როცა ქალი ჩნდება პოლიტიკაში:
„ქალს ოფიციალურად არავინ უშლის კარიერის კეთებას, წინსვლას ან აზრის გამოთქმას, მაგრამ ქალი უნდა იყოს სამჯერ, ოთხჯერ უფრო მაგარი. კაცს უფრო ადვილად მოსდის ეს პოზიციები.
ამას უნდა დაუმატოთ ისიც, რომ ქალი არის პასუხისმგებელი ოჯახზე სოციალურად და როგორც ბოლო წლებმა აჩვენა, ფინანსურადაც. კაცებს უფრო ფინანსურ ვალდებულებას აკისრებს ჩვენი კულტურა, თუმცა ისე შეიცვალა შრომის ბაზარი, რომ ესეც ქალის საქმე გახდა… შესაბამისად, ქალს უნდა ჰქონდეს სახლი დალაგებული, ჰყავდეს მოვლილი ქმარი, შვილები, ნათესავები, ახლობლები და კიდევ თუ შემორჩა დრო და ენერგია, მერე, კი ბატონო, იყოს პოლიტიკაში.
რა მაკვირვებს: საქართველოში არის ოჯახის კულტი, მაგრამ როცა პოლიტიკას ეხება საქმე, ქალს ეუბნებიან, წადი და სახლში დაჯექიო. იგულისხმება, რომ მას არ აქვს პოლიტიკისთვის საჭირო უნარი და თითქოს ოჯახი არის ადვილი. აქ ოჯახი მეორეხარისხოვანი გამოდის.
ბევრჯერ დამიფიქსირებია: თავს გიქნევენ, თითქოს არ გეწინააღმდეგებიან, მაგრამ არ ითვალისწინებენ. მერე აღმოაჩენ, რომ შენ რასაც ამბობდი, კაცი იტყვის მოგვიანებით და იმას აიტაცებენ… როცა საჯარო გამოსვლაა, ქალს უფრო იოლად აწყვეტინებენ სიტყვას, საპარლამენტო ტრიბუნა იქნება ეს თუ კონფერენციები. შემიმჩნევია, რომ ქალმა სიტყვის თქმის უფლებაც უნდა მოიპოვოს. კაცებზე კი რატომღაც იმთავითვე ითვლება პატრიარქალურ კულტურაში, რომ ის უფრო ჭკვიანია, ვიდრე ქალი,“ – ამბობს გუგული მაღრაძე.
პარლამენტის ყოფილი წევრი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ასაკის გამოც ხდებიან ქალი პოლიტიკოსები გენდერული შევიწროების მსხვერპლი.
„თუ ახალგაზრდა ქალია პოლიტიკოსი, ამბობენ, ამას ახლა რა უნდა პოლიტიკაში, რა იცისო ამან? თუ ხანშიშესულია -ეს დედაბერი რას ამბობსო. მსგავსს არაფერს ამბობენ ახალგაზრდა კაც პოლიტიკოსებზე, ან ხანშიშესულებზე. ეს არის ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი,“ – დასძინა გუგული მაღრაძემ.
პოლიტიკოსი ქალი მიიჩნევს, რომ ყველაზე მძიმე მაინც ინტერნეტბულინგია. იხსენებს, რომ ბევრჯერ იგრძნო დაღლა და ხელი ჩაიქნია.
„…გიწერენ ათასგვარ კომენტარს. ასე იყო სიგარეტის კანონპროექტზე და მერე ჭარბწონიანობაზეც. ეს ერთგვარი პოლიტიკური იერიშია. გინდა ყველას უპასუხო, გამოხატო შენი აზრი, მაგრამ იღლები, მოტივაცია გეკარგება… ბევრჯერ მომდომებია, ფეისბუქში რაღაც დამეწერა და პასუხი გამეცა, მაგრამ მერე ისევ წრეზე უნდა წახვიდე, უნდა გაგლანძღონ, შეგაგინონ, აღარ გინდა რა…“
გუგული მაღრაძე მარტოხელა დედაა. ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ოჯახის მხარდაჭერა იყო ფაქტორი, რის გამოც ამ კუთხით კრიტიკის ობიექტი არ გახდა.
„ამის გამო უხერხულობა არ მიგრძვნია, ოჯახის მხარდაჭერა მქონდა დიდი, მატერიალურადაც ძლიერი ოჯახი მქონდა, თუმცა ჩემი კარიერის გაკეთებაში დედაჩემს და მამაჩემს არავითარი როლი არ მიუძღვით…
ჩემს თაობაში და ახალშიც ისევ იგივეა – ისევ ქალი მუშაობს და მერე კაცი წარმოადგენს ამ ნამუშევარს,“ – აღნიშნა გუგული მაღრაძემ „ბათუმელებთან“.
ეკა ბესელია: მე სულ ვეუბნები კოლეგებს, რომ ჩემი მაგალითი არ ვარგა
„როდესაც კვოტირების საკითხი იხილებოდა, კაცი პოლიტიკოსები ჩემს მაგალითს მოიყვანდნენ ხოლმე, რომ აი, ახლა ეკას რად უნდა ეს კვოტირებაო. მე სულ ვეუბნებოდი მათ, რომ ჩემი მაგალითი არ ვარგა,“ – იხსენებს ეკა ბესელია პერიოდს, როცა პარლამენტი გენდერული კვოტირების კანონპროექტს განიხილავდა.
ეკა ბესელია
ეკა ბესელია ამჯერად ლიდერია პარტია „სამართლიანობისთვის“.
„ვამბობდი, რომ თქვენ თუ ქალს უნდა მოსთხოვოთ იმდენი, რაც მე გამოვიარე, რომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს, დაამტკიცოს, რომ აქვს ისეთივე უფლებები, როგორც კაცს, ამას ბევრი ვერ გაუძლებს და საერთოდ აღარ მოუნდება პოლიტიკა. სხვათა შორის, მე მაშინ გავხდი კვოტირების მომხრე. მივხვდი, რომ თუკი ბუნებრივად მივუშვებთ ამ პროცესს, ამას ბევრი წელი დასჭირდება“ – ამბობს ის.
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ როცა აშანტაჟებდნენ და კადრების გავრცელებას ცდილობდნენ, ეს მკაფიო მაგალითია, რა ბრძოლის გადატანა უწევს ქალ პოლიტიკოსს.
„ჩემი შემთხვევა იყო ყველაზე დიდი და მძიმე. ჩემი მაგალითი ააშკარავებს, რამდენად ღრმა და სისტემურია ეს პრობლემა… რომ არა გენდერული ნიშანი, ამ მეთოდებს, რაც იყო გამოყენებული ჩემს წინააღმდეგ, არ გამოიყენებდნენ და ეს გამოიყენეს მაშინ, როგორც კი დაიწყო ჩემი პოლიტიკური აქტიურობა საკუთარი გუნდის წინააღმდეგ…
მაშინ ჩათვალეს, რომ ამ ნიშნით ზეწოლით ყველაზე იოლად მიაღწევდნენ მიზანს. გასათვალისწინებელია კონტექსტიც: საქართველოში არის სტერეოტიპები გენდერული ნიშნით გაცილებით მოწყვლადია პოლიტიკაში ქალი, რომლის მიმართ არსებობს სხვა სტანდარტი და მოთხოვნები, ვიდრე კაცის მიმართ,“ – გვიყვება ეკა ბესელია.
ეკა ბესელიას თქმით, ის თავიდანვე გრძნობდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, როგორც კი პოლიტიკური ამბიცია გაუჩნდა.
„მე პირადად ვიყავი ინიციატორი „სტამბოლის კონვენციის“, ფემიციდის კანონპროექტსაც დავუჭირე მხარი და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ქალის გაძლიერებას იწვევს, თუმცა ჩემი მაგალითიც აჩვენებს, რომ სისტემა ვერ შეიცვალა, ჯერ კიდევ ყველაფერი ინდივიდუალურ გამძლეობაზე.
იცით როგორ არის? ჯერ შენ უნდა გაუძლო და გადარჩე. თუ ეს ვერ გააკეთე, სხვა ამას ვერ გააკეთებს. ინდივიდუალური მაგალითებია საჭირო, რომ საზოგადოებამ სტერეოტიპები დაძლიოს.
ჩემი ამბების შემდეგაც მიგრძვნია, რომ რაღაც მოხდა საზოგადოებაში, აზრის ფორმირება დაიწყო. თუ იარაღი ვერ აღწევს მიზანს, მერე უკვე ასეთი მომეტებული შიშიც ვეღარ იქნება. პოლიტიკოსებიც ხედავენ მერე, რომ ეს უკვე აღარ მუშაობს.
ყოველთვის, როცა მსგავსი მეთოდებით ცდილობდნენ ჩემს გაჩუმებას, ვფიქრობდი, რომ ახლა მათი მიზანი არის ჩემი გაჩუმება, განეიტრალება. ყოველთვის ძალიან მინდოდა, ეს მიზანი არ ყოფილიყო მიღწეული. მე ეს მქონდა სულ ტვინში. მე ამას ვთხოვდი ჩემს თავს, რომ ცუდი მაგალითი არ აღმოვჩნდე-თქო.
ამ ყველაფერმა შესაძლოა მართლა ბოლო მოგიღოს, დაგანგრიოს, შესაძლოა, შეეწირო კიდეც, მაგრამ ეს საბოლოო შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, – უთხრა ეკა ბესელიამ „ბათუმელებს“.
თამარ კორძაია: კვოტირებამ აჩვენა, რომ ქალების დანახვა ისევ არ უნდათ
ბოლო არჩევნების პარტიული სიები გაგვახსენა საუბრის დასაწყისში თამარ კორძაიამ და კვოტირების წესი – პარტიულ სიებში არც მეტი და არც ნაკლები ყოველი მეოთხეა ქალი.
„კვოტირების სისტემამ აჩვენა, რომ კვოტირება სასიცოცხლოდ საჭიროა… სიების ფორმირების დროს იყო არგუმენტი, ყოველი მეოთხე ხომ უნდა იყოს ქალიო. რატომ არ შეიძლება ყოველი მესამე იყოს, ან სიის პირველი ნომერი, ან საერთოდ 50/50-ზე იყოს. ამაზე არ გელაპარაკებიან. ეს პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა. მთავარია, კანონის მოთხოვნა შეასრულონ, ქალების დანახვა ისევ არ უნდათ…
თამარ კორძაია. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
ეს „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ თემას ჰგავს – ვისმენდით არგუმენტს, რომ ეს უნდა მივიღოთ, რადგან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებაა. ანუ ვალდებულება რომაა, ამიტომ მიიღეს და არა იმიტომ, ეს სიკეთეა ანტიდისკრიმინაციული ქცევა. ერთია, რას იღებ, მეორეა რამდენად გჯერა იმის, რაც მიიღე. ამიტომაც, ჩვენთან ძალიან ნელა იცვლება ყველაფერი,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია.
თამარ კორძაიასთვის ერთგვარი მოულოდნელობა ყოფილა, როცა პოლიტიკაში გააქტიურდა და ამ დროს განსაკუთრებული ინტერესი იგრძნო მის ოჯახურ მდგომარეობაზე, არის თუ არა რეგისტრირებულ ქორწინებაში, შვილები თუ ჰყავს, როგორი დიასახლისია და ასე შემდეგ.
„გაუგებარია, რატომ სთხოვენ ქალს, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს კარგი დიასახლისიც… პარტიამდე ვიდრე მივიდოდი, არც კი მეგონა, თუ ასე ღრმად იყო ეს მოთხოვნები. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ინტერესდებიან საჯარო პირების პირადი ცხოვრებით, მაგრამ იქ არის თანაბარი მიდგომა. ინტერესდებიან, როგორც ქალის, ასევე კაცის ოჯახებით.
შესაბამისად, თუკი ოჯახის ინსტიტუტი არსებობს, თანაბარი მიდგომა უნდა იყოს… წინასაარჩევნოდაც პიარსპეციალისტები ამბობდნენ, რომ მედიასთან გვესაუბრა ოჯახზე, რომ საზოგადოების წინაშე შენი სანდოობის ხარისხი გაიზარდოს,“ – გვიყვება თამარ კორძაია.
პარლამენტის ყოფილი წევს ვთხოვეთ გაეხსენებინა საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღების დროს რამდენად რთულია ქალისთვის, მაგალითად, სრულფასოვანი ჩართულობის მიღწევა.
„ძირითადად გადაწყვეტილებები ასე მიიღება: საღამოობით ვიღაცები წავლენ ვახშამზე, საჭმელად, თითო ჭიქის დასალევად. ყოველ საღამოს შენ ეს არ გინდა, რადგან ცხოვრების სხვა წესი გაქვს, დაძინება გინდა, ან შვილებთან ერთად ყოფნა. თანასწორობა ხომ ის არაა, რომ ერთნაირები ვიყოთ. თანასწორობა არის ის, რომ განსხვავებული წესები გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შენი იგნორირება არ ხდება. ამ დროს ისინი დასხდებიან, საუბრობენ, მეორე დღეს მიდიხარ და იგებ, რომ გადაწყვეტილებები უკვე მიუღიათ.
ესაა ყოველდღიური ცხოვრება… ესაა, როცა ამბობ, რომ ორმაგი ბრძოლა გიწევს,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია.
ახსენდება შემთხვევები, როცა საქმიანი შეხვედრის ან დისკუსიის დროს მისთვის მოულოდნელად უთქვამთ, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება.
„შეიძლება ყველას უთხრა, რომ ლამაზად გამოიყურება, მაგრამ გააჩნია, რა ვითარებაში და რა დროს. როდესაც საქმეზე ლაპარაკობ და ამ დროს მეუბნები, ვხვდები, რომ აღარ გაინტერესებს ჩემთან საქმიანი საუბარი,“ – დასძინა თამარ კორძაიამ.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გვითხრა ისიც, რომ ამ საკითხზე კაც კოლეგებთან უსაუბრია კიდეც. თამარ კორძაიას განცდა დარჩა, რომ კაცებს ამ საკითხზე ქალების გულწრფელობის არ სჯერათ. პოლიტიკოსი ქალი მიიჩნევს, რომ საუკუნეების განმავლობაში მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპების შეცვლა სკოლიდან უნდა დაიწყოს, სადაც ბავშვობიდან უნდა ასწავლიდნენ ადამიანებს პირადი სივრცის აღქმას და მის პატივისცემას.
„ძალიან ბევრი ნიუანსია… მაგალითად, კაცები სხვა ტემბრით საუბრობენ და შენც თუ ხმას არ აუწიე, ან რაღაც განსაკუთრებულად არ მოითხოვე, არ მოგაქცევენ ყურადღებას.
პირველ რიგში, უნდა გაიზარდოს ემპათია. კაცებმაც უნდა იგრძნონ, რას გრძნობს რეალურად ქალი იგივე სექსუალური შევიწროების დროს. ქალი გრძნობს დისკომფორტს და უხერხულობას. კაციც ხომ ყოფილა იგივე მდგომარეობაში, როცა დისკომფორტს გრძნობდა? მისთვის საგრძნობი უნდა გახდეს ეს. სინამდვილეში მარტივია, მაგრამ ეს მოითხოვს ძალისხმევას და საკუთარ ქმედებებზე მეტ ფიქრს. კაცები კი ჩვენთან ჯერ კიდევ დარწმუნებული არიან, რომ ქალების ეს პროტესტი არ არის გულწრფელი და სინამდვილეში სიამოვნებთ. ჩვენთან ძალიან ძლიერია კულტურის გავლენა.
არავინ არ უნდა გაიგოს ეს ისე, რომ ქალები ებრძვიან იმას, რომ კაცს მოსწონდეს ქალი, ან პირიქით. უბრალოდ, არის რაღაც წესები, რის გამოც ერთმანეთი შეიძლება რომ არ ჩავაყენოთ ცუდ მდგომარეობაში, მათ შორის, გენდერული ნიშნით, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც, მაგალითად, გახმაურებული ამბავი არ არის, მაგრამ ქმარმა ცოლს მოაჭრა ყური იმიტომ, რომ მის დაუკითხავად გაიხვრიტა ყური. ეს მოხდა ახლა თბილისში, ორი-სამი თვის წინ. ჩვენ აი, აქ ვართ ისევ.“
ნინო ბურჯანაძე: ქალების ჯდომის და საუბრის მანერასაც აქცევენ ყურადღებას
„ფაქტია, რომ ქალების მიმართ არიან გაცილებით უფრო კრიტიკულები, ვიდრე კაცის მიმართ… ქალების შემთხვევაში ყველაფერს აქცევენ ყურადღებას: ჩაცმას, მოწესრიგებას, ჯდომის მანერას, საუბრის მანერას… თუკი დავუშვათ რამე შეეშალა ქალს, ან რამეს არაკომპეტენტურად იტყვის, ესეც უფრო მეტად და მწვავედ ხდება კრიტიკის საგანი“ – გვიყვება ნინო ბურჯანაძე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.
სხვა ქალი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ თავად არასდროს შეხებია გენდერული ნიშნით ჩაგვრა. ის ხაზს უსვამს იმას, რომ როცა პოლიტიკაში მოვიდა, იმდროინდელ პოლიტიკოსებს პიროვნულად, ოჯახური ურთიერთობებიდან გამომდინარე იცნობდა.
ნინო ბურჯანაძე. EPA/ზურაბ ქურციკიძე
„ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ალბათ ბევრი ფაქტორი იყო ერთობლივად. ერთ-ერთი შეიძლება იყო ის, რომ ვიდრე პოლიტიკაში დავიმკვიდრებდი ადგილს, ძირითადად იმ თემებთან დაკავშირებით ვლაპარაკობდი, სადაც ძალიან კარგად ვიყავი გარკევული ექსპერტული თვალსაზრისით, იურიდიულ საკითხებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე. როგორც წესი, ყოველთვის ვემზადებოდი ნებისმიერი თემისთვის, გამოსვლისთვის. ჩემი პოზიციის დაცვა ძალიან მყარად შემეძლო. პირდაპირი პოლიტიკით რომ დამეწყო, ალბათ უფრო მეტი სირთულე იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპმა გამიადვილა შემდეგ უკვე პოლიტიკაში ადგილის დამკვიდრება.
როცა პოლიტიკაში მოვედი, იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც პიროვნულად მეც ვიცნობდი და ჩემი ოჯახის წევრებიც. ასე რომ, როგორც ჩანს, მე გამიმართლა,“ – გვიპასუხა ნინო ბურჯანაძემ.
სალომე სამადაშვილი: პარტიულ სტრუქტურებში უნდა მიეცეთ ქალებს ზემოთ ასვლის შესაძლებლობა
„პირველ რიგში, პარტიულ სტრუქტურებში უნდა მიეცეთ ქალებს ზემოთ ამოსვლის შესაძლებლობა. ისინი აკეთებენ ძირითად საქმეს, მაგრამ ჩრდილში არიან. კულტურა ასწავლის ქალებს, რომ ისინი ამბიციურები არ უნდა იყვნენ,“ – ამბობს „გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
სალომე სამადაშვილი დასავლურ პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ცალკეული გაერთიანებები, ასევე ბიზნესჯგუფები პოლიტიკაში ქალის გააქტიურებას უწყობენ ხელს და ლობირებენ კიდეც. სალომე სამადაშვილი გვიყვება, რომ ის რამდენიმე წელი უცხოეთში სწავლოდა, იქ მუშაობდა და შემდეგ მოვიდა ქართულ პოლიტიკაში, რის გამოც „რთული გზის“ გავლა აღარ მოუწია.
„კი, ჩემი გამოცდილება სხვაა. ჩემი კარიერა საერთაშორისო ასპარეზზე შედგა და იქედან გადმოვედი… გარდა ამისა, მე ბავშვობიდან ვიყავი შეჩვეული გარემოს, სადაც ბიჭები იყვნენ დომინანტები. სკოლაშიც ფიზიკა-მათემატიკური კლასი დავამთავრე, სადაც 25 ბიჭი იყო და ორი გოგო…
პოლიტიკური დებატების დროს უთქვამთ, ლამაზი ქალი ხართ და არ გეკადრებათო. იქვე მივუთითე, რომ ეს გენდერული სტერეოტიპია. მე, პირადად, არ მიგრძვნია შევიწროება ან ჩაგვრა, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არსებობს. პრობლემა ძალიან მწვავეა,“ – გვითხრა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილი
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საზოგადოების განწყობების შეცვლას ქალი პოლიტიკოსების აქტიურობამ უნდა შეუწყოს ხელი.
„პოლიტიკოსობა არის არჩევითი თანამდებობა და საზოგადოების განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც უფრო სწრაფად შეიცვლება განწყობა საზოგადოებაში, მით უფრო მეტი შესაძლებლობები მიეცემათ ქალებს პოლიტიკაში, მაგრამ ამ სტერეოტიპების დამსხვრევაში ქალმა პოლიტიკოსებმა უნდა ითამაშონ დიდი როლი. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი წარმატებული პოლიტიკოსი ქალი იქნება, ეს სტერეოტიპიც უფრო წარმატებით შეიცვლება,“ – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა „ბათუმელებთან“.
7 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2501 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 3 988 პირი და გარდაიცვალა 36 პაციენტი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 540 ადამიანი.
დღეს გამოვლენილი 2501 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
თბილისი – 1 060
აჭარა – 337
იმერეთი – 397
ქვემო ქართლი – 175
შიდა ქართლი – 108
გურია – 32
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 177
კახეთი – 80
მცხეთა-მთიანეთი – 90
სამცხე-ჯავახეთი – 45
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0
დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 25 911 ადამიანი. 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 15 204 პირი მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში 1 135 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი.
მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 55 165 ადამიანი.
ტერაბანკში სესხის განცხადის შევსება და აღება უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი. ახალი სერვისი ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ტერაბანკის ვებგვერდს www.terabank.ge -ს ეწვიონ და სესხის მოთხოვნის განაცხადი ონლაინ შეავსონ. დამტკიცების შემთხვევაში, ბანკის არსებული მომხმარებლები სესხს ინტერნეტბანკითვე გაიაქტიურებენ, ახალ მომხმარებლებს კი ფილიალში მისვლა მხოლოდ ერთხელ, თანხის მისაღებად მოუწევთ.
როგორც ტერაბანკში აცხადებენ, პანდემიით განპირობებული გამოწვევების ფონზე, დისტანციური პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება სულ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ხდება. „ჩვენ ამ სერვისზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და ბანკის ვებგვერდზე სახის ამომცნობი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირება განვახორციელეთ. ვფიქრობთ, ეს საინტერესო ინიციატივაა როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების უსაფრთხოებისა და კომფორტის თვალსაზრისით“, – აღნიშნავენ ტერაბანკში.
ტერაბანკისთვის დისტანციური მომსახურებების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებული პირველი მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, ბანკმა მომხმარებლებს ახალი, დისტანციური სერვისები შესთავაზა, მაგალითად, პლასტიკური ბარათის დისტანციურად შეკვეთა, რომელსაც მომხმარებელი სასურველ ადგილას იღებდა. ბანკი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და სამომავლოდაც არაერთი საინტერესო სიახლის შეთავაზებას გეგმავს.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00
პროტესტის დაწყებიდან 33-ე დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან ვიდრე შედეგს არ მიაღწევენ. აქციის მონაწილეების თქმით არჩევნები გაყალბდა, „ჩვენ მათ ხმები მოგვპარეს“, ამიტომაც მთავრობა დათმობაზე უნდა წავიდეს.
„ჩვენ შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – განაცხადა დღეს, 6 დეკემბერს, აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ.
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან / 6.12.2020
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს, პირველი აქცია არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით ბათუმში 2 ნომებერს გაიმართა, 8 ნოემბრიდან კი აქცია აჭარის მთავრობის სახლთან უწყვეტად მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების ნაწილი კი აქ ღამესაც ათენებს. აქცია ამ დრომდე ძირითად მშვიდობიანია, თუმცა იყო შემთხვევები როცა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც დააკავეს და დააჯარიმეს აქციის რამდენიმე მონაწილე, ერთ-ერთ დაკავებულს კი შვიდდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
აქციაზე დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახდს ჰელიუმის ბუშტების გაშვება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სამუშაო კაბინეტის ფანჯრების მიმართულებით.
აჭარის მთავრობის სახლთან მუშაობს სიმბოლური სავაჭრო ჯიხური და კაფე „იმოქმედე“, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის განათავსეს:
„ადამიანები დარჩნენ უმუშევრები. ჩვენ ვთავაზობთ მოიტანონ სუვენირები, ტანსაცმელი და გაყიდონ…“ – აქციის ორგანიზატორები აქ გარემოვაჭრეებსაც ეპატიჟებიან. ამ დროისთვის კი, ძირითადად, მხოლოდ ყავას და ტკბილეულს ყიდიან.
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან / 6.12.2020
აქ სიმბოლური ნაძვის ხეც დადგეს, რომელზეც იმ პროდუქტების ფასები განათავსეს, რომლებიც ბოლო დროს გაძვირდა. ამ ნაძვის ხესთან დღეს ფოტოებს იღებდნენ.
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან / 6.12.2020
დღესვე აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ ორ დღეში ადგილიდან ფეისბუქგადაცემას დაიწყებენ, რომელსაც სხვადასხვა წამყვანი ეყოლება.
„ამ გადაცემაში რეგიონში მიმდინარე პრობლემებს განვიხილავთ“ – გვითხრა რეზო ხარაზმა. მისივე თქმით, გადაცემა ლაივში ფეისბუქის რემდენიმე გვერდზე გავა, მათ შორის გვერდზე – „თავისუფალი კვარტალი“.
ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში სამი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამომავლოდ ამ „სოციალურ სახლებში“ ბინები „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში გაიცემა თუ არა, ჯერ-ჯერობით მერიიდან პასუხი არ გვაქვს.
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. 3 კორპუსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 50 ათასი ლარია გამოყოფილი. დოკუმენტაცია, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა მომზადდეს.
„ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტების შესყიდვა გვევალება, შემდგომში რა პრინციპით განაწილდება ბინები, არ ვიცით“ – გვითხრეს ინფრასტრუქტურის სამმართველოში.
წინადადებების მიღება დაიწყება 2020 წლის 13 დეკემბერს და 16 დეკემბერს დასრულდება.
ტენდერის პირობის მიხედვით თითოეულ სართულზე 5 ბინა უნდა დაპროექტდეს, თითოეულის ფართობი კი – 38,5 – 59,3 – 39,5 – 43,6 და 60,2 კვ.მ-მდე უნდა იყოს. ანუ, 3 კორპუსში სხვადასხვა ფართობის, ჯამში 75 ბინა იქნება.
სოციალური სახლები ბათუმში, ჯავახიშვილის N82-ში უნდა აშენდეს, სადაც გამწვანებულ ეზოში ორსართულიანი შენობა დგას. დიდი ალბათობით ამ შენობას დაანგრევენ. მშენებლობას შესაძლოა გამწვანებაც შეეწიროს.
აბრები შენობაზე ჯავახიშვილის 82-ში / ბათუმი/შენობა, რომელიც იმ ტერიტორიაზე დგას, სადაც სოციალური სახლების დაპროექტება/მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ შენობას, დიდი ალბათობით, დაანგრევენ / ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა N82 / 5.12.2020
ბათუმში საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ითვალისწინებს პროგრამა – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარული შენობების რეაბილიტაცია“, რომელიც ამჯერად 2021-24 წლებზეა გათვლილი. ამ წლებში, უშუალოდ საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის კი, ბიუჯეტის პროექტით, ჯამში 6 132 400 ლარია გაწერილი.
პროგრამაში აღნიშნულია, რომ, „მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტულია ქალაქ ბათუმში რეგისტრირებულ იმ
მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სტაბილური შემოსავალი, არ გააჩნით საკუთრებაში უძრავი ქონება და თავისი შემოსავლიდან გამომდინარე ბაზარზე არსებული მოთხოვნებით ვერ შეძლეს საცხოვრებელი ბინის შეძენა, მიეცეთ შესაძლებლობა შეეძინონ საცხოვრებელი ბინა, შეღავათიანი პირობებით“.
როგორ შეარჩევენ ბენეფიციარებს, პროგრამაში გაწერილი არ არის. თუმცა, ეს პროგრამა მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნასაც ითვალისწინებს.
ადგილი [მარცხნივ] ბათუმში, სადაც სოციალური სახლები უნდა აშენდეს/ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაამ ადგილთან ახლოს, სადაც 3 კორპუსი უნდა დაპროექტდეს, ქალაქის ბიუჯეტის სახსრებით, 4 ხუთსართულიანი კორპუსი უკვე აშენებულია. აქედან ორი დასრულებულია, ორი კი, არა.
ამ ახალაშენებულ კორპუსებში ბინები [სულ 80 ბინა] ე.წ. „იაფი სახლის“ [ხელმისაწვდომი საცხოვრისის] პროგრამის ფარგლებში უნდა განაწილდეს. როგორც ერთი თვის წინ მერიაში გვითხრეს, შესულია ბინის მსურველ მოქალაქეთა 245 განაცხადი, რომლებსაც კომისია განიხილავს.
2021 წელს ქობულეთის მერია შემოსავლების სახით ჯამში 35 მილიონ 6 ათას ლარს ელოდება, რაც თითქმის იმდენივეა, რამდენიც მიმდინარე წლისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, პანდემიის გამო, მუნიციპალიტეტი წელს იძულებული გახდა შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი 2,4 მილიონი ლარით შეემცირებინა.
ქობულეთის ბიუჯეტში აჭარის ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით სამომავლოდ 16 მილიონ ლარს ელოდებიან, რაც დაგეგმილი შემოსულობების თითქმის ნახევარია [45,6 პროცენტი]. ეს მაჩვენებელი 2020 წლის სასტარტო მაჩვენებელზე 842 ათასი ლარით ნაკლებია. ამას დაემატება 16 მილიონ 909 ათას 100 ლარი, რაც ქობულეთის ბიუჯეტში მომავალ წელს გადასახადების სახით უნდა აისახოს, 2 088 900 ლარი გაითვალისწინეს სხვა შემოსავლების სახით.
საბოლოო ჯამში ქობულეთის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტი 35 მილიონ 116 ათასი ლარით განსაზღვრა – ასეთია წინასწარი პროგნოზი, რაც პანდემიის პირობებში, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ოპტიმისტურია. მომავალი წლის ბიუჯეტი, მიმდინარე წლის სეკვესტრირებულ ბიუჯეტთან შედარებით მთლიანობაში 2,1 მილიონი ლარითაა გაზრდილი.
მომავალ წელს ქობულეთის მერია გადასახადების სახით გაცილებით მეტის ამოღებას ვარაუდობს, ვიდრე 2019 წლის ბოლოს ჰქონდა ამის მოლოდინი, მაშინ როცა არც მოსალოდნელი პანდემიის შესახებ ვიცოდით და ტურიზმიც ერთერთ წარმატებულ დარგად იყო დასახელებული.
მუნიციპალიტეტის ფინანსისტების პროგნოზით მომავალ წელს ქობულეთის ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 4 500 000 ლარი უნდა შევიდეს, ეს მთლიანი შემოსულობების 12,8 პროცენტია და 2020 წლის შესაბამისი მაჩვენებელს იდენტურია.
განაწილებული დამატებული ღირებულების გადასახადის [დღგ] სახით კი მომავალ წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 12 მილიონ ლარზე მეტი უნდა მიიღოს, ხოლო სხვა შემოსავლების ნაწილში 2021 წლის გეგმა 2 მილიონ 88 ათას 900 ლარით განსაზღვრეს, რაც გასული წლის თავდაპირველ მაჩვენებელთან მიმართებაში 15.9%-ით ნაკლებია.
სხვა შემოსავლებში ერთიანდება ბუნევრივი რესრუსებით სარგებლობის, საიჯარო, უზურფრუქტის და სხვადასხვა სანებართვო მოსაკრებლები, ამ ნაწილში საპროგნოზო ყველაზე მეტი – მილიონ 100 ათასი ლარი სანქციების, ჯარიმების და საურავების სახით უნდა ამოიღონ.
2021 წლების ბიუჯეტში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის 4 მილიონ 521 ათას 141 ლარი გაითვალისწინეს. დაგეგმილიია ქობულეთის №1 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რისთვისაც 679 807 ლარი დაიხარჯება. დაფინანსდება ასევე საბავშვო ბაღის მოწყობა სოფელ ხალაში – 675 822 ლარი, ლეღვაში – 1 249 268 ლარი, საჩინოში -1 516 244 ლარი. დაბა ჩაქვში, აჭარის ქუჩაზე – 400 000 ლარი.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსებით გადაყვანის მომსახურეობას ახორციელებს შპს“ ქობულეთის ტრანსრეგულირება“. ფინანსური გაანგარიშებით საწარმოს შემოსავალი არასაკმარისია, ამიტომაც იმისათვის, რომ ფიქსირებული მინიმალური მგზავრობის საფასური შენარჩუნდეს, სუბსიდირებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 297 000 ლარი გაითვალისწინეს.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შპს “ქობულეთის წყალის” სუბსიდირება 500 000 ლარით. მერიის განმარტებით კომპანია თავისი რესურსით ვერ უზრუნველყოფს დაფაროს ვალდებულებები „მათ შორის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი“ მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას მოსახლეობის წყლით შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფისათვის გაგასწიოს ეს ხარჯი და დააფინანსოს კომპანია.
ქობულეთის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემების გამო წელს არაერთი საპროტესტო აქცია გამართა. ამ აქციების საპასუხოდ ქობულეთის მერიაში აცხადებდნენ, რომ პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს. მომვალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 879 000 ლარი გაითვალისწინეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით დაგეგმილია 1 მილიონ 200 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებული მეწყრული პროცესებით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის მიზნით განხორციელდება ფერდსამაგრი სამუშოების ჩატარება 100-მდე მეწყრულ მონაკვეთზე. სამუშოები განხორცელდება როგორც დაზარელებულთა სახლის ტერიტორიაზე, ასევე მისასვლელ გზებზე.
ქობულეთის მერიის ინფრომაციით მომავალ წელს ეკონომიკური საქმიანობის სფეროში 3 მილიონ 596 ათას 395 ლარი გაითვალისწინეს. ეს თანხა გათვლილია უკვე კეთილმოწყობილი ქალაქის ქუჩების შენარჩუნებასა და რეაბილიტაციაზე, ტროტუარების მოწყობაზე; მოწესრიგებული ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთა გაუმჯობესებული და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნვეყოფაზე. ამ დაფინანსების ნაწილში უნდა განხორციელდეს ასევე ისეთი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები როგორიცაა:
გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა – 1 მილიონი ლარი.
ყოფილი სასტუმრო ,,კოლხეთი”-ს მიმდებარედ ზღვაზე გადასასვლელის კეთილმოწყობა – 100 000 ლარი.
დავით აღმაშენებელის გამზირიდან თამარ მეფის სანაპროზე 100 გრძ.მეტრზე საფეხმავლო გადასაველის მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით. განთავსდება ახალი გარე განათების სისტემა, საპარკე სკამები და დეკორატიული ურნები.
ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის I შესახვევის რეაბილიტაცია – 41 895 ლარი. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, გზის სავალ ნაწილზე 100 გრძ.მეტრზე მოეწყობა დეკორატიული ფილები.
დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქუჩის ტროტუარის მოწყობისათვის განსაზღვრულია 500 000 ლარი. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორია მოპირკეთდება დეკორტიული ფილებით.
ვერულიძის ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით გათვალისწინებულია სულ 300 000 ლარი. მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარი მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, გზის სავალ ნაწილზე სულ 287 გრძ.მეტრზე მოეწყობა ასფალტო ბეტონის საფარი. მოეწყობა საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი, აგრეთვე დამონტაჟდება ახალი გარე განათების სისტემა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაცდელების მოწყობის მიზნით გათვალისწინებულია 50 000 ლარი. გაჩერებებზე აგურის მოსაცდელები მოეწყობა შემდეგ ადგილებში: სოფელი ქობულეთი – ყელის ასასვლელთან; გელაური – საბავშვი ბაღის შესახვევი; ლეღვა – ჯამეს შესახვევი; ლეღვა – ცენტრალური გზა, ზაქარიაძეების ასახვევი; ხუცუბანი – მაგული ჯინჭარაძის სახლის მიმდებარედ; გელაური – კაიკაციშვილის და თხილაიშვილის კვეთა; აჭყვისთავი – სახარია; ჩაქვი – რკინიგზის სადგურის მოპირდაპირედ; მუხაესტატე – მესხიძეების შესახვევი.
მდინარეების დეხვასა და კინტრიშის კალაპოტების გასწორხაზოვნება დაგეგმილია 35 000 ლარით. ზამთარში ძლიერი შტორმის შედეგად მდინარეებმა კალაპოტი შეიცვალა და სანაპიროს ტერიტორია დააზიანა. მდინარე კინტრიშის, დეხვას და აჭყვას შესართავთან გატარდება ტერიტორიის მოსაწესრიგებელი სამუშაოები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება:
6 დეკემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა -465 პაციენტი, ამ დროის მონაცემებით დღემდე გამოჯანმრთელებულია – 22 073 პაციენტი, ხოლო კლინიკა დატოვა -86-მა პაციენტმა.
კრიტიკულია და მართვით სუნთქვიაზე იმყოფება – 40 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს – 959 .
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 301 ადამიანი.
რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, უწყებაში ამბობენ, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR.
26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 162 475 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 133 511 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 504 გარდაიცვალა.
4 321 გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა თბილისში დადასტურდა, რეგიონების მიხედვით კი გადანაწილება ასე გამოიყურება:
თბილისი – 1615
აჭარა – 491
იმერეთი – 564
ქვემო ქართლი – 395
შიდა ქართლი – 253
გურია – 77
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 433
კახეთი – 236
მცხეთა-მთიანეთი – 175
სამცხე-ჯავახეთი – 76
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 994, აჭარაში – 1 035, იმერეთში – 1 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 493, აჭარაში – 157, იმერეთში – 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 88, იმერეთში – 48. 3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 – თბილისში, 1 942 – აჭარაში, 428 – იმერეთში. 16 568 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციითვე, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 1 282 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება – 51 296.
მთავრობამ სტაციონარული დაწესებულებები [არაკოვიდკლინიკები] ნოემბერში დაავალდებულა თავადვე, ადგილზე უმკურნალონ მათ პაციენტებსა და მედპერსონალს, თუ კორონავირუსი დაუდასტურდებათ. ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება ასევე ვალდებულია დამატებითი ანაზღაურება გადაუხადოს იმ პერსონალს, ვინც კოვიდის მართვაში ჩაერთვება.
მთავრობის 3 დეკემბრის დადგენილებით, „სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს დაწესებულებაში დასაქმებული იმ პერსონალის [რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი] დამატებითი ანაზღაურება, რომელიც ჩართულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში“.
დადგენილების მიხედვით, კოვიდის მართვაში ჩართული პერსონალის დამატებითი ანაზღაურება უნდა იყოს „საშუალო ხელფასის არანაკლებ 50%“.
პანდემიის გამო, ქვეყანაში ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება დროებით გათავისუფლებულია ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის ნებართვის ფლობის ვალდებულებისგან.
ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი, ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის, სადაც სამუშაოები 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, შესაძლოა 2021 წლის მარტამდე არ გაიხსნას.
ვინაიდან აქ გზა ჩაკეტილია, ფიროსმანის ქუჩიდან მომავალი ავტომანქანები გორგასალის ქუჩაზე ვერ გადიან. ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ კი ტრანსპორტი ვერც გორგილაძის ქუჩით გააგრძელებს მოძრაობას და ქალაქის ცენტრში რომ მოხვდეს, ერთადერთი გზა რჩება – გავიდეს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, აქედან კი – რუსთაველზე.
„ჯავახიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს წყალარინების კოლექტორის მოწყობა. სამუშაოები დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც დაიწყება გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიაში 2 დეკემბერს.
ჯავახიშვილის ქუჩა / 2.12.2020 / ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია ითვალისწინებს სანიაღვრე არხის, ტროტუარების მოწყობას და სხვა სამუშაოებს. გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2021 წლის 30 აპრილამდე აქვს.
„შესაბამისად, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია შესაძლოა ან მომავალი წლის თებერვალში დასრულდეს ან ვთქვათ, მარტში. ზუსტი თარიღი უცნობია“ – გვითხრეს სამმართველოში.
2020 წლის მარტში იგეგმებოდა არდაგანის ტბასთან სატუმბი სადგურის მშენებლობის დასრულებაც.
„რაც შეეხება არდაგანის ტბის მიმდებარედ არსებულ სატუმბ სადგურს, ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილია დანადგარების მონტაჟი და ტექნიკური სამუშაოები, რაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო შეფერხდა (დანადგარების შემოტანა). შესაბამისად, პროექტი 2021 წლის პირველ კვარტალში დასრულდება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.
არდაგანის ტბასთან დღეს სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს არხუ სატუმბ სადგურს უნდა მიუერთდეს, საიდანაც წყალი ზღვაში გადაიქაჩება / 2.12.2020 / ფოტო: გურამ მურვანიძე
შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან სატუმბ სადგურამდე დღეს არხის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, არხის ამ მონაკვეთის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ადრე სანიაღვრე არხიდან წყალი ზოგჯერ ტბაში ჩაედინებოდა, რაც აღარ მოხდება. „არხი ისე შენდება, არანაირი კავშირი არ ექნება ტბასთან“ – გვითხრა აქ ერთ-ერთმა მუშამ.
ჯავახიშვილის სანიაღვრე არხიდან, რომელიც ხიმშიაშვილის ქუჩამდე რეაბილიტირებულია, დროებით წყალს ტბაში უშვებენ.
არდაგანის ტბა / 2.12.2020 / სანიაღვრე არხის მშენებლობის გამო არხიდან წყალი შლანგებით დროებით ტბაში ჩაედინება. ტბამდე ეს არხი კაპიტალურად უკვე აშენებულია. დარჩენილია ხიმშიაშვილის ქუჩიდან სატუმბ სადგურამდე მონაკვეთი. ფოტო: გურამ მურვანიძე
ავტორი: მაკა ხუციშვილი,ვარშავის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტი
_________________
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილი კომუნისტური ბლოკის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების პოლიტიკას.
დეკომუნიზაცია არ გამოიხატება მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმთან ასოცირებული ძეგლების აღებაში. საუბარია სერიოზულ საარქივო კვლევებთან და შესაბამის ინსტიტუციებთან, კოლექტიური მეხსიერების მთავრი ელემენტების წინა პლანზე წამოწევასთან.
თითქმის ყველგან არსებობს ტოტალიტარული წარსულის შემსწავლელი ინსტიტუტები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დაარსებული. საქართველოში კი, რომელიც სამოცდაათი წელი იძულებით იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში და უკვე ოცდაათი წელი ხდება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საბჭოთა წარსულთან მიმართებაში არ არსებობს მეხსიერების პოლიტიკა.
სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მაკა ხუციშვილი
მაგალითად მოვიყვან რამდენიმე ქვეყანას:
2007 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში დაარსდა ტოტალიტარული რეჟიმების შემსწავლელი ინსტიტუტი; ლიეტუვის გენოციდის და წინააღმდეგობის კვლევის ცენტრი, რომელიც თავდაპირველად დაარსდა, როგორც სახელმწიფო გენოციდის კვლევის ცენტრი 1992 წელს; გერმანიაში ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივებს სტასის სააგენტო განაგებს, რომელიც დაარსდა 1991 წელს; მეხსიერების ეროვნული ინსტიტუტი სლოვაკეთში დაარსდა 2003 წელს; უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი –2006 წელს; უნგრეთის ეროვნული მეხსიერების კომიტეტი – 2013 წელს; ხოლო ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრი –1999 წელს და ა. შ.
ცოტა მეტს ვიტყვი პოლონეთზე, სადაც მე ვწერ ჩემს სადოქტორო დისერტაციას. 1998 წლიდან პოლონეთში არსებობს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი, რომლის კვლევებიც ეხება 1939-1989 წლების ისტორიას, ანუ ნაცისტური გერმანიის და
საბჭოთა კავშირის ოკუპაციას და პერიოდს, როდესაც პოლონეთი კომუნისტური რეჟიმის ქვეშ იყო.
გარდა ამისა, სამი წლის წინ ვარშავაში დაარსდა პილეცკის ინსტიტუტი, ეს არის ტოტალიტარიზმის კვლევის ცენტრი, რომელსაც აქვს ასევე ფილიალი ბერლინში. პილეცკის ინსტიტუტის კვლევები ძირითადად ეხება ჰოლოკოსტს, მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს, მათ გავლენას მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საზოგადოებებსა და პოლიტიკაზე.
პოლონელთა კოლექტიურ მეხსიერებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოვლენებს: დადებითსაც და უარყოფითსაც.
ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის დღე – 1918 წლის 11 ნოემბერი, როდესაც თავისუფალი პოლონეთი ხელახლა გამოჩნდა პოლიტიკურ რუკაზე თითქმის 123 წლიანი წყვეტის შემდეგ.
კოლექტიური მეხსიერების მთავარი ელემენტია ასევე 1920 წლის გამარჯვება ბოლშევიკებთან, მას ეწოდება „სასწაული ვისლაზე“ და აღინიშნება დამოუკიდებლობის დღის მსგავსად. ეს გამარჯვება უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას აღნიშნავს (სხვათა შორის, არა მარტო პოლონეთისთვის).
მეხსიერების პოლიტიკის ნაწილია ისიც, რომ პოლონეთში პიროვნებების და მოვლენების სახელები არა მხოლოდ ქუჩებს აქვთ მინიჭებული, არამედ – საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსაც და ეს ისტორიული სახელები ყოველდღიურობაში ტრიალებს.
კიდევ ერთი, ტრაგიკული მოვლენა არის 1944 წლის ვარშავის აჯანყება, რის შემდეგაც ჰიტლერმა ისე დაანგრია ქალაქი, რომ ნახატების მიხედვით აღადგინეს ვარშავის ძველი ნაწილი. ვარშავის აჯანყების მუზეუმი დაარსდა 1983 წელს, მაგრამ მაშინდელი მღელვარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მუზეუმის აშენება.
ყველაფერი შეიცვალა 2002 წელს, როდესაც ვარშავის მერი გახდა ლეჰ კაჩინსკი, რომელმაც სრული პასუხისმგებლობა აიღო და მუზეუმი გახსნა 2004 წელს. მუზეუმის დიდი სივრცე კარგად აჩვენებს 1944 წლის საშინელ ტრაგედიას, წარმოაჩენს ყველას სახელს და გვარს რიგითი მონაწილიდან – ხელმძღვანელებამდე.
ვარშავის აჯანყების მუზეუმი. ფოტო: ვიკიპედიამემორიალური დაფა ვარშავის აჯანყების მუზეუმის შენობაზე. ფოტო: ვიკიპედია
გარდა ისტორიული მოვლენებისა, პოლონელთა კოლექტიურ მეხსიერებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნებებს, მაგალითად დამოუკიდებელი პოლონეთის დამფუძნებელ მამებად ოუზეფ პილსუდსკის გარდა, მიჩნეულნი არიან ასევე რომან დმოვსკი, იგნაცი იან პადერევსკი, ვინცენტი ვიტოსი, ვოიცეჰ კორფანტი, იგნაცი დაშინსკი.
ყოველი წლის 11 ნოემბერს ვარშავაში ნახავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამ ადამიანების გადიდებულ პორტრეტებს, რომლებსაც თან ახლავს მადლიერების წარწერები.
პოლონეთში მეხსიერების პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა სასაფლაოებზე ზრუნვა. პოლონეთის ფარგლებს გარეთ არსებობს ოთხი სასაფლაო, (უკრაინა, რუსეთი) რომლებსაც „კატინის სასაფლაოები“ ეწოდებათ, ეს არის 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ და ომის დროს დახვრეტილ მსხვერპლთა სასაფლაოები.
მინდა აღვნიშნო უნგრეთსა და გერმანიაზეც.
ბუდაპეშტში ტერორის სახლი დაარსდა 2002 წელს და მისი გამოფენა ეძღვნება ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნას. სხვათა შორის, მუზეუმი იმავე შენობაშია განთავსებული, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით ადამიანს კითხავდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. ეს ტრაგიკული მოვლენები უნგრელთა კოლექტიური მეხსიერების მთავარი ელემენტია 1956 წლის მოვლენებთან ერთად.
ბუდაპეშტი, ტერორის სახლი. ფოტო: ვიკიპედია
ანალოგიურად, ლაიფციგში სტასის მუზეუმი სწორედ იმ შენობაშია განთავსებული, რომელშიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საიდუმლო პოლიციის შტაბი იყო და საუკეთესოდ აღწერს, რომელ ოთახს რა ფუნქცია ჰქონდა.
გერმანიაში ძალიან საინტერესო იდეა გაჩნდა 1992 წელს „დამაბრკოლებელი ქვების“ სახით ნაცისტების მსხვერპლთა ხსოვნის შესანარჩუნებლად, რომელშიც მოიაზრება არა მხოლოდ ებრაელები, არამედ ყველა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები: ჰომოსექსუალები, შავკანიანები; ბოშები – სინტი და რომა და ა. შ.
ეს იდეა ეკუთვნის კიოლნში მცხოვრებ ხელოვანს, გიუნტერ დემნიგს. პროექტი ხორციელდება ინდივიდუალური დონაციებით და გავრცელებულია ევროპის სხვა ქვეყნებში, ასევე, უკრაიანასა და მოლდოვაში, მათ შორის.
ეს არის პატარა სპილენძის დაფები, რომლებიც გერმანიაში და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ტროტუარებსა და გზებზეა ჩასმული იმ შენობების წინ, სადაც მსხვერპლები ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ და ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდზე, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლად იქცა, არამედ ნაცისტების დანაშაულის მასშტაბებზეც.
ბერლინი
მხოლოდ მიუნხენში, ებრაული კულტურის ცენტრის გავლენით, უარი თქვეს ამ იდეაზე იმ მიზეზით, რომ ხალხმა არ უნდა იაროს გარდაცვლილთა სახელებზე.
უკრაინაში 2008 წელს გაიხსნა ჰოლოდომორ-გენოციდის ეროვნული მუზეუმი. ეს ტრაგიკული მოვლენა საბჭოთა წარსულიდან უმთავრესი ელემენტია უკრაინელთა კოლექტიურ მეხსიერებაში.
როგორც უკვე ვახსენე, 2006 წლიდან უკრაინაში არსებობს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი. კიევთან ახლოს, ბიკოვნიაში არის ყველაზე დიდი სასაფლაო, რომელიც ეძღვნება სტალინური ტერორის მსხვერპლებს. ყურადღება ექცევა ჰოლოკოსტსაც, უკრაინის მთავრობამ ხელი მოაწერა მემორანდუმს ბაბინ იარის მემორიალური ცენტრის მხარდასაჭერად.
ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში კი წინ წამოწეულია მხოლოდ დადებითი მოვლენები.
ქვეყანა, სადაც რამდენიმე ანტისაბჭოთა აჯანყება მოხდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საბჭოთა რეჟიმმა [მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ქაქუცა ჩოლოყაშვილს ეხმარებოდნენ და ამის გამო დახვრიტეს ბოლშევიკებმა], მათი სახელები დღემდე უცნობი რჩება საზოგადოებისთვის და ეს მხოლოდ მათმა შთამომავლებმა იციან.
„დამაბრკოლებელი ქვები“ სწორედ ყველა ადამიანის ხსოვნას მიაგებს პატივს და არა მხოლოდ საზოგადოებისთვის ცნობილ ღვაწლმოსილ ადამიანებს.
მაგალითად, თელავში იდენტიფიცირებულია ადგილები, სადაც 1924 წლის აჯანყების მონაწილენი დახვრიტეს. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა იყოს ასეთ შენობაში მუზეუმი, სხვა შემთხვევაში მეხსიერებაში იკარგება ეს მოვლენები და ისეთი სიმძაფრით ვეღარ აღიქმება, როგორც საჭიროა, რომ იყოს.
კიდევ რამდენი ასეთი ადგილია საქართველოში.
ვფიქრობ, რომ საბჭოთა პერიოდი ქართველების ეროვნული მეხსიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და უკვე დროა სერიოზულად ვიფიქროთ აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილების გაზიარებაზე.
მადლობელი ვარ, რომ არსებობს ოკუპაციის მუზეუმის ერთი დარბაზი, მაგრამ ძალიან მცირეა მისი მასშტაბების გამოსახატავად. ეს ერთი დარბაზი ეროვნული მუზეუმის ფარგლებში სრულად ვერც კი დაიტევს ყველა იმ ადამიანის მონაცემებს, რომლებიც 1921 წლიდან 1991 წლამდე საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.
_____________
მთავარ ფოტოზე: ვარშავის აჯანყების მუზეუმი. ფოტო: ვიკიპედია
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, მთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა.
ღია მუზეუმი, ჩანჩქერები, წისქვილები და ღვინის მარანი – ამ ყველაფერს ტურისტები სოფელ კაპნისთავის ტურისტულ ბილიკზე ნახავენ.
სოფელი კაპნისთავი ბათუმს 26 კილომეტრითაა დაშორებული.
კაპნისთავის ტურისტული მიმართულების მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო.
„კაპნისთავის ტურისტულ მარშრუტზე სტუმრებს საშუალება აქვთ რეგიონის ყოფასა და ტრადიციებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის ცენტრში მოწყობილ ღია მუზეუმში გაეცნონ, რომელშიც დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ექსპონატებია გამოფენილი.
გარდა ამისა, სოფელში ფუნქციონირებს საოჯახო ღვინის მარანი, სადაც ადგილობრივი სახეობის ღვინისა და კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.
სოფელში ადგილობრივების მიერ შექმნილია მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურაც“ – აღნიშნულია პრესრელიზში, რომელსაც დეპარტამენტი ავრცელებს.
ღია მუზეუმი, კაპნისთავი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიღია მუზეუმი, კაპნისთავი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიკაპნისთავი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიკაპნისთავი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 2 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბიზნესმენს კ.მ.-ს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ – ბორია აფაქელას სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დ.ხ. და ნ.ბ. ბიზნესმენს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ საქმის გარჩევის მიზნით.
შსს იუწყება, რომ სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მსხვერპლმა მათ მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 5 000 აშშ დოლარი გადასცა.
ასევე, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის ჩხრეკისას, 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლიდან – 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დაკავებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ წევრობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჩადენილს ჯგუფურად.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
____________
ფოტოზე: კადრი შს სამინსიტროს მიერ გავცელებული ვიდეომასალიდან.
5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 2 306 პირი და გარდაიცვალა 37 პაციენტი.
დღეს გამოვლენილი 5 450 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
თბილისი – 2 053
აჭარა – 453
იმერეთი – 931
ქვემო ქართლი – 339
შიდა ქართლი – 528
გურია – 84
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 434
კახეთი – 386
მცხეთა-მთიანეთი – 104
სამცხე-ჯავახეთი – 105
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33
დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 27 456 ადამიანი. 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 16 621 პირი მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.
ქვეყანაში 1 116 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი.
მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაში იმყოფება 52 850 ადამიანი.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, შაბათ-კვირას, 5 და 6 დეკემბერს, ბათუმში არსებული პოლიკლინიკები 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებენ.
მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები – ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, გაიკეთონ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი და 20 წუთში მიიღონ პასუხი.
ბათუმში შეგიძლიათ მიხვიდეთ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:
ბათუმის N1 პოლიკლინიკა. ტელ: 0422 29 30 47 მისამართი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2
საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი. ტელ: 0422 27 73 03 მისამართი: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ.N30
თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი. ტელ: 0422 25 20 08 მისამართი: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ.N4
ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა. ტელ: 0322 55 05 05 მისამართი: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20
ბათუმის N4 პოლიკლინიკა. მობ: 577 96 30 50 მისამართი: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N 7
საზღვაო ჰოსპიტალი. ტელ: 0422 27 25 88 მისამართი: ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის N102 ბ
ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი. მობ: 568 88 85 02 მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7
თიბისი დაზღვევას თავისი მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე აქვს.
კომპანიისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ამიტომ, დღეიდან, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თიბისი დაზღვევის მომსახურებით სარგებლობს, შეუძლია მთელი დეკემბრის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღოს REDMED-ისCOVID-19 ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის მომსახურება.
პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში კონსულტაცია გაიაროს სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმებთან.
ოჯახის ექიმის მომსახურება მოიცავს:
[checklist]
სიმპტომების შეფასებას და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრას.
ინფექციის ბინაზე მართვას და მკურნალობას.
ექიმის კვალიფიურ პასუხს COVID-19 ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე.
პაციენტის განათლების ამაღლებას თვითიზოლაციისა და ოჯახის წევრების დაცვის შესახებ.
[/checklist]
„ბიზნესის წარმატებისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და სერვისის შეთავაზება. თუმცა, არანაკლები წონა აქვს სწორედ იმ ადამიანების ლოიალურობას, თანადგომას და ნდობას, რომლებსაც მომხმარებლები წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევის უცვლელი პრიორიტეტი ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. რასაც, პანდემიის პირობებში, მათთვის უწყვეტი მხარდაჭერის გამოცხადებით ვამტკიცებთ და ამ შემთხვევაში, ვთავაზობთ ყველაზე საჭირო სერვისს – Covid-19 ვირუსის მართვის პროგრამაში ჩართვას სრულიად უფასოდ, რითაც REDMED-თან ერთად, მათ ვუმარტივებთ ყველზე მნიშვნელოვანს – ჯანმრთელობაზე ზრუნვას“, – პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დისტანციურად მართვის პროგრამის ფარგლებში, REDMED–ის ოჯახის ექიმებმა გაიარეს სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგი, რომელსაც Oklahoma City-ს ფედერალური კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფექციონისტი – გიორგი კურდღელაშვილი უძღვებოდა.
პროგრამით უფასოდ სარგებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/TBCICOV19
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ დღეს, 4 დეკემბერს 152 704-ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ყოველ მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 41 000 ინფიცირებულია, ანუ ყოველი 24-ე ადამიანი.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში მილიონ მოსახლეზე 385-ია.
საქართველოში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გამოჯანმრთელდა – 126 904 ადამიანი, მათგან ბოლო 24 საათში – 2336.
ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ გარდაიცვალა 1425 ადამიანი, მათგან ბოლო 24 საათში – 38.
ინფიცირების მაჩვენებლებით საქართველომ რამდენიმე დღეა გაუსწროსომხეთსა და აზერბაიჯანს.
ავსტრალიელ ქალს სახლში ნაძვის ხეზე უჩვეულო მორთულობა – ნამდვილი კოალა დახვდა. ცნობისმოყვარე კოალას ფოტოებს CNN-იავრცელებს.
უჩვეულო სტუმრით გაოცებულმა ამანდა მაკკორმიკმა, რომელიც სამხრეთ ავსტრალიაში, ქალაქ ადელაიდეს მახლობლად, კორომანდელის ხეობაში ცხოვრობს, კოალების გადამრჩენელთა ადგილობრივ ორგანიზაციაში დარეკა.
„ამ საღამოს ჩვენს ცხელი ხაზის ოპერატორს დაურეკეს. თავდაპირველად მან იფიქრა, რომ ეხუმრებოდნენ. მაგრამ არა, საშობაო სულისკვეთებით შეპყრობილი კოალა ამანდა მაკკორმიკის სახლში შეიპარა და გადაწყვიტა, რომ სურდა ნაძვის ხის ფერია ყოფილიყო“ – წერს ორგანიზაცია Facebook-ზე.
კოალა ავსტრალიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცხოველია, მაგრამ მათ პოპულაციას მზარდი საფრთხე ემუქრება ადამიანის საქმიანობის ზემოქმედების გამო.
„ტყის ხანძრები, მათი საცხოვრებელი გარემოს ფრაგმენტაცია, ავტოსაგზაო შემთხვევები და ძაღლების თავდასხმები, რაც კოალებს აზიანებს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო ხშირდება” – წერს CNN-ი.
მსოფლიოში კოვიდპანდემიის გავრცელების პარალელურად დღემდე მზარდია კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ტალღა, რომელიც ბოლო დროს კორონავირუსის ახალშემუშავებული ვაქცინების უსაფრთხოებასადა ეფექტურობასაც აყენებს ზიანს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ამ მასობრივ დეზინფორმაციას სახელიც აქვს – ინფოდემია. ასე უწოდებენ კორონავირუსზე დიდ საინფორმაციო ტალღას, რომლითაც ხშირად არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება.
ინფოდემიამ შეიძლება გამოიწვიოს მასიური დაბნეულობა და უნდობლობა მთავრობებისა და ჯანდაცვის სამსახურების მიმართ, რაც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საფრთხის შემცველია.
მითი №1 კორონავირუსის ვაქცინა ადამიანების მასიურად დაჩიპვის მექანიზმია
ეს მითი განსაკუთრებით საშიშია ახლა, რადგან სწორედ ეფექტურ ვაქცინას ელის მსოფლიოს მოსახლეობა.
ერთ-ერთი თვალსაჩინო ტყუილი, რომელიც აცრებსა და ე.წ. ჩიპებს ეხება, რუსულენოვანი ვიდეოა, სადაც უცნობი მამაკაცი პარკიდან უცნაური ფორმისა და დასახელების შპრიცებს იღებს და ამბობს, რომ მალე ამ ვაქცინით აიცრება მოსახლეობა. კადრშივე ჩანს, რომ შპრიციდან, დგუშის ზემოქმედების შედეგად პატარა ზომის კაფსულა ვარდება.
ეს მორიგი კონსპირაციული ვიდეო დაშინებაზეა გამიზნული და ადამიანების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
სინამდვილეში ჩიპიანი შპრიცი ცხოველების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება და ამ მოწყობილობის გამოწერა ონლაინაც შეიძლება. ცხოველების იდენტიფიკაციისთვის მათი დაჩიპვა საქართველოს ვეტკლინიკებშიც შესაძლებელია და ეს არც თუ ისე ახალი ამბავია. დაჩიპვის გარდა ცხოველების იდენტიფიკაციისკიდევ სხვა საშუალებებიც არსებობს, მათ შორის სვირინგი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური საჭდით, საყელურით და სხვა.
_______________________
მითი №2 პირბადე ადამიანებს წამლავს და აბრუებს, რომ ადვილად მართვადი გახადოს ისინი
კორონავირუსი ძირითადად ვრცელდება სასუნთქი გზებიდან, წვეთებით, რომელსაც ადამიანები გამოყოფენ საუბრის, ხველის ან ცემინების დროს.
ცნობილია, რომ ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სიმპტომების არმქონე ადამიანისგანაც სიმპტომების გამოვლენამდე ორი დღით ადრე, რაც ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს გადამდები და არ იცოდეს ამის შესახებ. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი პირბადის ტარება ყველასთვის, ვისაც ურთიერთობა აქვს სხვა ადამიანებთან.
ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდიც სწორედ პირბადის ტარება და სხვა ადამიანებთან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვაა.
პირბადეებთან დაკავშირებული ერთ-ერთი სახიფათო მითის მიხედვით ნიღბის ტარებისას ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება, ადამიანი სუნთქავს ნახშირორჟანგს, რაც თითქოს მასობრივად გვაბრუებს და გვწამლავს.
მრავალი წლის განმავლობაში (და ახლაც) მედმუშაკები ატარებენ სწორედ ასეთ პირბადეებს საკმაოდ ხანგრძლივად, თანაც ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენების გარეშე.
გარდა ამისა, ქუჩაში და ისეთ ღია სივრცეებში გადაადგილებისას, სადაც მჭიდრო კონტაქტი არ გიწევთ ადამიანებთან, სავსებით მისაღებია უბრალო ქსოვილისგან დამზადებული, თუნდაც სახლში შეკერილი პირბადის ტარება, რომელიც ჰაერს უკეთ ატარებს.
MAYO CLINIC:ჟანგბადის დონის ნაკლებობის, იგივე ჰიპოქსიის რისკი ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებში არ არის. პირბადით სუნთქვისას ნახშირორჟანგი თავისუფლად გავრცელდება თქვენი ნიღბის გარეთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასამშრიან პირბადესუწევს რეკომენდაციას, რომლის შიდა შრე დამზადებული უნდა იყოს ისეთი შემწოვი მასალისგან, როგორიცაა ბამბა; შუა შრე დამზადებული უნდა იყოს უქსოვი მასალისაგან, როგორიცაა პოლიპროპილენი; გარე შრე დამზადებული უნდა იყოს არაშეწოვადი მასალისაგან, როგორიცაა პოლიესტერი ან პოლიესტერის სინთეზური ქსოვილი.
იმის მიუხედავად, თუ რა სახის პირბადეს აირჩევთ, იგი უნდა ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს და დამაგრებული უნდა იყოს ელასტიური მარყუჟებით ან თასმებით.
პირბადის ტარება არ არის სავალდებულო 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირთ პირბადის ტარება. სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.
_______________________
მითი №3: ვირუსი 5G ინტერნეტით ვრცელდება
5G ინტერნეტი ერთ-ერთი მთავარია იმ კონსპირაციულ თეორიებში, რომელთა მიხედვითაც „მასონებმა გამოიგონეს არარსებული ვირუსი, ადამიანები გააბრუეს პირბადეებით, აიძულებენ ჩიპების ჩადგმას ვაქცინის სახით და შემდეგ 5G ინტერნეტის საშუალებით მოხდება ჩიპებზე სიგნალის გადაცემა, ან უბრალოდ ეს ინტერნეტი აავადებს ადამიანებს“.
როგორც წესი, ასეთი საშიში მითები ისეთი ფაქტებისა და მოწყობილობების ირგვლივ ითხზება, რომელთა მუშაობის პრინციპი არასპეციალისტებისთვის ადვილად გასაგები არ არის.
იმის შესახებ, რომ ვირუსებს არ შეუძლიათ მოგზაურობა რადიოტალღებზე/მობილური ქსელების საშუალებით, ბევრი განმარტება გაკეთდა.
COVID-19 ვრცელდება რესპირატორული წვეთების საშუალებით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ადამიანი ასევე შეიძლება დაინფიცირდეს დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით და შემდეგ ამ ხელის თვალზე, პირსა ან ცხვირზე შეხებით.
რაც შეეხება 5G ანტენების ზემოქმედებას ადამიანის იმუნიტეტსა და ზოგადად ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქამდეც წერდა, რომ ზემოქმედება 5G-ს მომწოდებელი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც დაახლოებით 3.5 გეგაჰერცია, ანალოგიურია აქამდე არსებული მობილური ტელეფონების საბაზისო სადგურებისა.
ჯანმო ამჟამად მუშაობს არსებული რადიოსიხშირეების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკების შეფასებაზე, რომელიც მოიცავს მთელ რადიოსიხშირულ დიაპაზონს, მათ შორის, 5G-ს. ანგარიში მზად 2022 წლისთვის იქნება.
_______________________
მითი №4 „კორონავირუსი არ არსებობს“
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მავნე და მასიური ტყუილი ვირუსის არარსებობას ეხება. მითის მიხედვით „COVID-19 არ არსებობს, მთავრობებმა იგი ადამიანების დასაშინებლად, მათი დაჩიპვისა და დამონებისთვის გამოიგონეს”.
ცხადია, ვირუსი არსებობს და ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისა და მეცნიერების გარდა, მოწმობენ ექიმები, კოვიდ პაციენტები და კორონავირუსით გარდაცვლილი ასი ათასობით ადამიანის ოჯახის წევრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, მათ შორის საქართველოდან.
თუ არ ენდობით ექიმებს, მედიკოსებსა და პოლიტიკოსებს, და თუ ისე მოხდა, რომ თქვენ აქამდე არ გქონიათ პირდაპირი შეხება იმ ადამიანთან ვინც გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან ან ვინც ამჟამად არის ინფიცირებული, შეგიძლიათ შეხვიდეთ თუნდაც ამ ფეისბუქჯგუფში – სტოპ-COV აჭარადა პირადად გაეცნოთ ვირუსთან ბრძოლის ისტორიებს.
_______________________
რატომ არის მნიშვნელოვანი რომ არ მოვტყუვდეთ კონსპირაციების თეორიებით და კიდევ უფრო უარესი, თავად არ გავხდეთ მათი გამავრცელებელი?
შესაბამისი ნდობისა და სწორი ინფორმაციის გარეშე სადიაგნოსტიკო ტექსტები და იმუნიზაციის კამპანიები ვერ მიაღწევს სამიზნე აუდიტორიამდე, ვირუსი გააგრძელებს გავრცელებას და უამრავი ადამიანის სიკვდილის გარდა, გააგრძელებს სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისის გაღრმავებას.
სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არა მხოლოდ არ დავიჯეროთ ტყუილები, არამედ თავად არ გავხდეთ მათი გავრცელების მონაწილე.
_______________________
ვინ დგას მითებისა და კონსპირაციების უკან?
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული მითები და კონსპირაციების თეორიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და ხშირად მეორდება კიდეც, მათ უკან არა ერთი, არამედ ბევრი სხვადასხვა ჯგუფი დგას, რომელთა ნაწილიც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას და საზოგადოებრივი აზრის კერძო ინტერესების სასარგებლოდ მართვას ცდილობს, ნაწილს კი მართლაც სჯერა, რომ „ბოლო ჟამი მოახლოვდა“.
ქართულ ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციის გამოვლენასა და მხილებაზე საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტი, ფაქტ-მეტრი, იგივე factcheck.ge მუშაობს.
მარიამ წიწიკაშვილი. ფოტო: factcheck.ge
საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტების მენეჯერი მარიამ წიწიკაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მითების გავრცელების მთავარი არხი საქართველოში ფეისბუქია და მარტიდან მოყოლებული ყველაზე მეტი ყალბი ამბავი სწორედ კორონავირუსზე ვრცელდება.
მისი თქმით კორონავირუსთან დაკავშირებული მითების უკან არა ერთი, არამედ ბევრი ჯგუფი დგას, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია პრორუსული მედიები და რელიგიური ჯგუფები.
„ქართულენოვან მედიებს ვგულისხმობ უმეტესწილად, მაგალითად „ნიუსფონდს”, რომელიც ფეისბუქის განცხადებით არის რუსეთის სპეცსამსახურებათან დაკავშირებული, რაც მათი გზავნილებიდან გამომდინარე ჩვენთვისაც ცხადი იყო.
ასევე, „საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და სხვა ღიად პრორუსული მედია საშუალებები მარტიდან დაწყებული მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და კორონავირუსს იყენებდნენ დასავლეთის დისკრედიტაციისთვის. ეს პრორუსული მედიები ვერ ვიტყვი, რომ არ აღიარებდნენ კორონავირუსის არსებობას, ისინი სხვა მიმართულებით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, მაგალითად იმის სათქმელად, რომ თითქოს ვირუსს რუსეთი კარგად უმკლავდება, ჩინეთმა საერთოდ დაამარცხა და დასავლეთის ლიბერალური დემოკრატიები ვერ უმკლავდებიან“ – ამბობს მარიამ წიწიკაშვილი.
მისივე თქმით, ყველაზე საშიში ალბათ რელიგიური ჯგუფების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია იყო, რადგან გაცილებით საშიშია, როცა სასულიერო პირები ავრცელებენ ყალბ ამბებს.
„თავიდან უფრო მაღალი იერარქებისგანაც გვესმოდა ეს მითები, მაგრამ უფრო მიზანმიმართული იყო მაგალითად მმკ-სთან დაკავშირებული ჯგუფი. მათ შემოდგომაზე ვიდეოც ჩაწერეს და ყველა დეზინფორმაცია გაიმეორეს კორონავირუსზე, დაახლოებით 10-მდე ყალბი ამბავი იყო თავმოყრილი, იქამდე კი სავარაუდოდ მრევლშიც ავრცელებდნენ ამ დეზინფორმაციას” – ამბობს მარიამ წიწიკაშვილი.
კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებაში, ახლა ყველაზე საშიში ანტივაქსერების ჯგუფია, მათ შორის არიან კერძო სარგებელზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც მარიამ წიწაკაშვილის თქმით, განსაკუთრებით გააქტიურდნენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და კოვიდის ახალ ვაქცინებთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელებში. მათ შორის არიან ჰომეოპათები და ფსევდომეცნიერების მიმდევრები.
factcheck.ge სექტემბრიდან მოყოლებული თანამშრომლობს Facebook-თან, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაციის მიერ, ფეისბუქზე ყალბ ამბად მონიშნულ პოსტს ფეისბუქი ხელს უშლის გავრცელებაში.
_______________________
და ბოლოს, როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან?
დააკვირდით, ვინ გიზიარებთ ინფორმაციას; არ დაეყრდნოთ მხოლოდ სათაურს: სათაური შეიძლება იყოს განზრახ სენსაციური ან პროვოკაციული; შეამოწმე თარიღი: არის თუ არა ამბავი ნამდვილად სიახლე და მიმდინარე მოვლენების რელევანტური? ხომ არ არის სათაური, სურათი ან სტატისტიკა კონტექსტიდან ამოგლეჯილი?
ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია სანდო მედიასაშუალებებში და სამთავრობო და ოფიციალური ორგანიზაციების ვებგვერდებზე.
სანდო ამბები სიმართლეს ფაქტებით ადასტურებენ, მაგალითად ექსპერტების ციტატები ან სტატისტიკისა და კვლევის ბმულები. გადაამოწმეთ ექსპერტების სანდოობა, რამდენად შესაბამისობაშია სტატისტიკა იმ ამბავთან, რასაც კითხულობთ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც კორონავირუსზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ჩატარება უფასოდაა შესაძლებელი.
პაციენტებს სწრაფი ტესტის გასაკეთებლად მიმართვა შეუძლიათ ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, პაციენტებს ასევე თვითდინებით შეუძლიათ მიმართონ სწრაფი ტესტისთვის ამბულატორიებს კორონავირუსის სიმპტომების შემთხვევაში.
ბათუმი
სს საზღვაო ჰოსპიტალი – მის: ბათუმი, მელიქიშვილის 102 ბ
ევექსის პოლიკლინიკა – მის: ხიმშიაშვილის 20
„ენმედიცი“ – მის: ჯავახიშვილის 3 ა
ბათუმის №1 პოლიკლინიკა – ტბ. აბუსერიძის 2
„ვია ვიტა“ – მის: ტბეთის №5ა
თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი – მის: ტბეთის ქუჩა №4
საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი – მის: ბარათაშვილის 30