მთავარი,სიახლეები

კობახიძის დაჯილდოება გზავნილია, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო ვიყოთ, უნდა შევეგუოთ – ხვადაგიანი

19.02.2021 • 1151
კობახიძის დაჯილდოება გზავნილია, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო ვიყოთ, უნდა შევეგუოთ  – ხვადაგიანი

ხვალ, 20 თებერვალს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან მეასე წელს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვებენ.

რას ნიშნავს კობახიძისთვის ამ ჯილდოს გადაცემა მას შემდეგ, როცა სწორედ მისი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში  სერგეი გავრილოვი, რომელსაც საზოგადოების ძლიერი პროტესტის ფონზე მოუწია საქართველოს დატოვება, ირაკლი კობახიძეს კი – პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის? – ამ თემაზე  „ბათუმელებთან“ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი საუბრობს.

  •  რა შეფასება შეიძლება მივცეთ კობახიძისთვის ამ ჯილდოს გადაცემას?

ეს შემთხვევაც ერთ-ერთი დემონსტრირება ჩვენი ხელისუფლების სტილის, რომ მაქსიმალურად დაამციროს საზოგადოება და ასეთი ოდიოზური ფიგურა გახადოს  საკუთარი მმართველობის სახედ.

ყველა ვაცნობიერებთ, რომ ჩრდილოვანი მმართველობა გვაქვს, გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი, რომელიც ფუნქციურად არც აღმასრულებელ ხელისუფლებაშია წარმომადგენილი, არც საკანონმდებლოში, არც პარტიული ფორმალური ფუნქცია უკავია და სუროგატად გვასაღებს ამ კონკრეტულ ადამიანს, რომლის მიმართაც საკმაოდ დიდი აგრესიაა საზოგადოებაში მისი კონკრეტული ქცევებიდან გამომდინარე, როგორც ვიცით, ის ასოცირდება გავრილოვთან და ზოგადად, მისი რიტორიკისა და დამოკიდებულების გამო.

ამ ხელისუფლებას სჯერა, რომ ნებისმიერი მესიჯი შეუძლია გაიტანოს და დაამკვიდროს საზოგადოებაში თავისი პიარტექნოლოგიებით, თავისი ვირტუალური მხარდამჭერების – ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის მობილიზებით და რაც არ უნდა გამაღიზიანებელი და მიუღებელი იყოს კონკრეტული ნაბიჯი ან კონკრეტული პერსონა, მაინც თქვას, რომ ასე არ არის და გამრუდებული სარკის რეალობას გვთავაზობენ.

  • კობახიძის დაჯილდოებით დასცინის „ქართული ოცნება“ საზოგადოებას?

რა თქმა უნდა, დაცინვაც არის და იმ პროექტის ნაწილიც, რომ კობახიძე გადაქცეულია ხელისუფლების განსახიერებად,  რომლის ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ის ამ ფიგურით გველაპარაკება საზოგადოებას. ამ ორდენით დაჯილდოება კი ძალიან კომიკური და გამაღიზიანებელია იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის ასი წელია.

ასეთი ფიგურა, რაც არ უნდა ამტკიცებდეს, რომ დიდი სამართალმცოდნე და კონსტიტუციონალისტია… მით უმეტეს, ვერაფრით ვერ დაიკვეხნის ჩვენი თანამედროვე კონსტიტუცია და ბევრი მხრივ ჩამორჩება ასი წლის წინანდელ კონსტიტუციას.

  • კობახიძის რაიმე განსაკუთრებულ წვლილს ხედავთ თანამედროვე კონსტიტუციაში?

არანაირ. საცირკო წარმოდგენის მსგავსია, თითქოს სახალხო განხილვებით იყო მიღებული ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის არსი, ჩემის ჩათვლით, არავის ახსოვს.

ერთია კონსტიტუცია ქაღალდზე და მეორე – რეალობაში როგორ ხორციელდება.

ჩვენი რეალობა კი არის ტრაგიკული და სამარცხვინო, ამ კონსტიტუციის გადამწერების და საკუთარი თავის დამჯილდოვებლების ხელში კონსტიტუციის ასი წლის იუბილეზე, როცა ერთპარტიული პარლამენტით, ფაქტობრივად არალეგიტიმური მთავრობით და ამ საშინელი კრიზისით ხვდება ქვეყანა ასეთ მნიშვნელოვან თარიღს.

  • რატომ სჭირდება ივანიშვილს საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, არის ეს რუსული პოლიტიკის გაგრძელება?

ერთგვარი გზავნილია ეს საზოგადოებისთვის, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო და გაღიზიანებული ვიყოთ, უნდა შევეგუოთ. წესით ნორმალური პოლიტიკური ძალა უნდა აცნობიერებდეს, რომ ასეთი კომუნიკაცია არ უნდა სჭირდებოდეს საზოგადოებასთან.

ერთის მხრივ საზოგადოებისთვის გზავნიან სიგნალებს, რომ ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ და ჩვენი ემოციები, მოსაზრებები ან ღირებულებები მათთვის არ არის მნიშვნელოვანი და მეორეს მხრივ, ეკეკლუცებიან რაღაც ბირთვს და აჩვენებენ, რომ აი, ასეთი შეურიგებელი, ოპოზიციისადმი მტრული რიტორიკის და საქციელის მქონე ადამიანები არიან ჩვენი სახე და ამით თქვენი დაკვეთა სრულდება.

რაც შეეხება რუსულ გავლენებს, რა თქმა უნდა, პირდაპირი ილუსტრაცია იყო გავრილოვის ჩამოყვანა. შემდეგ იგრძნეს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე და ამან განაპირობა მათი მხრიდან ეს ძალადობაც და გარკვეული უკანდახევებიც.

პირდაპირი გაგებით არავის სჭირდება, არც ჩვენ მეზობელს და არც ამ ხელისუფლებას, რომ მაინც და მაინც რუსული ჯავშანტექნიკა დადგეს რუსთაველზე.

თუ სახელმწიფო იქნება არსობრივად იგივე, რაც არის დღევანდელი რუსეთი – მოძალადე, კორუფციული, მაფიოზური მმართველობით, ასეთი ქვეყანა არასდროს გახდება რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის პრობლემის შემქმნელი, არასდროს დაუშვებს დასავლეთს ამ რეგიონში საპირწონედ რუსეთისთვის და ისედაც, რუსეთს ყოველთვის ექნება არგუმენტად, რომ ეს არის შეუმდგარი, მაჩანჩალა, ჩამორჩენილი და მომაკვდავი ქვეყანა, რომელსაც არანაირი წონა არ აქვს და არანაირი ნაწილი არ იქნება საერთაშორისო პოლიტიკის.

2012 წელს პირდაპირ ისმოდა ეს რიტორიკა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთისთვის პრობლემა საერთაშორისო დონეზე და შესრულდა კიდეც.  საქართველოს სახელი არსად აღარ ისმის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: