მთავარი,სიახლეები

„მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს იზამს“ – გომელაური 14 წლის ნინის საქმეზე

21.02.2021
„მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს იზამს“ – გომელაური 14 წლის ნინის საქმეზე

„გრძნობთ თუ არა პირად პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა ქაქუთში, როდესაც 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა მოძალადეების წინაშე დაუცველი? რატომ მოხდა ეს?“ – ეს შეკითხვა საქართველოს შს მინისტრს [დღეის მდგომარეობით მინისტრობის კანდიდატს] ალეკო ელისაშვილმა დაუსვა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა.

„უმძიმესია და კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებ მე და ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს. ეს არ არის ერთი შემთხვევა, ერთი თვის წინ 16 წლის ბიჭმა ჩამოიხრჩო თავი. იმის წინ კიდევ.. სრულწლოვანმა, არასრულწლოვანმა…

ეს არის ძალიან დიდი პრობლემა საზოგადოებაში, ამას მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ უზამს, თუ არ ჩაერთო მთელი საზოგადოება, ოჯახიდან დაწყებული, ყველა სამინისტრო, ამას ვერაფერს ვერ გავუკეთებთ ჩვენ.

კი ბატონო, აიღოთ პასუხიმგებლობა და კი, პასუხიმგებლობას ვიღებთ, ძალიან შეწუხებული ვართ, უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია ახალგაზრდებში მით უმეტეს და ძალიან ბევრია სამუშაო.

მე ვფიქრობ ამაზე არა მარტო მე, პირადად და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ ყველა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ [პასუხისმგებლობა], როგორც განათლების მიმართულებით, ასევე ოჯახებმა.

მსოფლიოშიც არის ეს პრობლემა, არამარტო საქართველოშია, თუმცა საქართველოშიც არის ძალიან ბევრი სამუშაო“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

9 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგომ, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა. ოჯახის თქმით, ტრაგიკულ შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება.

გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას   წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

ამ საქმეზე 15 თებერვალს პოლიციამ ასევე დააკავა დაღუპული გოგოს ბაბუა, მუქარისა და ძალადობის ბრალდებით.

14 თებერვალს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პოლიციამ რაც შეძლო ყველაფერი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის ნინიზე საქმე გამოძიება ორი თვის წინ დაიწყო და ბრალდებული მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, როცა მოზარდმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

26 თებერვალს საქართველოს ქალაქებში გაიმართება 1000 მშობლის მარში. აქციის ერთ-ერთ მოთხოვნაა დადგეს ნინის საქმის  პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: