მთავარი,სიახლეები

„ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება დავუბრუნდე ჩემს ოჯახს“ – ცქიტიშვილი

19.02.2021 • 1277
„ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება დავუბრუნდე ჩემს ოჯახს“ – ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა:

„ბოროტად ვისარგებლე იმით, რომ ბატონ ირაკლის 15 წელია ვიცნობ, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ საერთაშორისო ფონდ ქართუში, მაშინ, როდესაც ბატონი ირაკლი იყო მთავრობის მეთაური, მოგეხსენებათ, რომ მე მას ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და, შესაბამისად, ის ცხრაწლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ძალიან დატვირთული დავასრულო ამით და მივცე საშუალება ჩემს გუნდს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს – უკვე, როგორც ითქვა, არის ჩემი პირველი მოადგილე სამი წლის განმავლობაში, ირაკლისთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ…

მინდა დღევანდელი ტრიბუნა გამოვიყენო და მადლობა ვუთხრა ბატონ გიორგი გახარიას, იმ პრემიერს, რომელთანაც ერთად ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვიყავი ვიცე-პრემიერის პოზიციაზე, ასევე ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი იყო, სამწუხაროდ, დაგვემთხვა კოვიდის პანდემია, რა დროსაც, ვფიქრობ, რომ მთავრობის მთელი შემადგენლობა, მთელი გუნდი, ძალიან წარმატებულად მართავდნენ ამ პროცესს. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, მიხარია, რომ იგივე გუნდი აგრძელებს მუშაობას სრული შემადგენლობით,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა ამის შემდეგ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსაც, რომელთან ერთადაც ის პოლიტიკაში მოვიდა – „მთელი ეს პერიოდი ვიზიარებდი „ქართული ოცნების“ სულისკვეთებას და ვრჩები მის მხარდამჭერად“

„მინდა ასევე მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, მედიას. ვისარგებლო შემთხვევით და ასევე, მედიასაც, როგორც აქტიური პოლიტიკიდან გასული ადამიანი, ამ ფუფუნებით ვისარგებლო და აღარ ვიყო უკვე თქვენი რესპონდენტი, დიდი მადლობა ყველას,“ – თქვა ცქიტიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ღარიბაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე წარადგინა.

ღარიბაშვილის განცხადებით, სხვა მინისტრები პოსტს შეინარჩუნებენ.

პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: