გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს და ხვალ, 18-19 თებერვალს, ბათუმსა და მთელ აჭარაში თოვლიანი და ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება.
აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია თოვა, ზვავსაშიშროება და ქარბუქი; საავტომობილო გზებზე – ლიპყინული.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 20 თებერვალს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვა,ზვავსაშიშროება, 21 თებერვალს კი გამოიდარებს.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ სუბტროპიკულ ზონაში შესაძლებელია გამოიწვიოს ციტრუსოვანი კულტურების, განსაკუთრებით ლიმონის დაზიანება.
„პარლამენტმა ახალი მთავრობა 2 კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს“, – განმარტავს იურისტი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი სულხან სალაძე, თუმცა ის არ გამორიცხავს იმას, რომ პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერს მხარი არ დაუჭიროს.
„ეს იქნება კარგი საშუალება ხელისუფლებისთვის, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როცა ამბობ, მთავრობას ვერ ვაკომპლექტებო, ვიდრე იმის თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა… შესაბამისად, ეს მოლოდინი არსებობს,“ – მიიჩნევს სულხან სალაძე.
სულხან სალაძის თქმით, პრემიერის გადადგომა არ ნიშნავს მთლიანად მთავრობის გაჩერებას. კანონით არაა განსაზღვრული კონკრეტული ვადა, როდის უნდა წარმოადგინოს მმართველმა პარტიამ პრემიერობის ახალი კანდიდატი. მთლიანობაში მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად ორკვირიანი ვადაა.
„პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა,“ – წერია საქართველოს კონსტიტუციაში.
კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
„მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება,“ – აღნიშნულია კონსტიტუციაში.
____
დღეს, 18 თებერვალს, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. გახარიამ თქვა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.
„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“, – ეს მოკლე განცხადება შს სამინისტროს ვებგვერდზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.
გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს, 18 თებერვალს ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.
“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე”, – თქვა გახარიამ.
გიორგი გახარია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გადადგა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თავად გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს სასამართლომ ბატონ მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუფარდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს არ სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის.
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.
დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია თვითონ ქვეყნის განვითარების, შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია, ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები, როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი, არც ერთი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა ან პოლიტიკური ორიენტაციისა თითოეული ჩვენი მოქალაქის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის.
ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან.
მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას. რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2019 წლის 8 სექტემბრიდან იკავებდა.
სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს 18 თებერვალს სილქფესტის აქციას თავაზობს.
კომბინაციით *202#, ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტები, 30 დღით ჩაირთავენ:
[checklist]
400 ლოკალურწუთს – 6 ლარად
5 GB + 100 ლოკალურიწუთი – 7 ლარად
8 GB უსწრაფესინტერნეტს – 8 ლარად
[/checklist]
პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.
პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.
*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.
ბათუმში, თამარის დასახლებაში, გრიშაშვილის ქუჩიდან დადიანის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი ქუჩად ჩამოყალიბდება, ბათუმის საკრებულოს განათლების კომისია ამ ქუჩისთვის „კონსტიტუციის ქუჩის“ სახელის მინიჭებას გეგმავს. შესაბამისი განკარგულების პროექტი კომისიამ უკვე განიხილა.
კომისიის წევრებმა შესაბამისი ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას გადაუგზავნეს, ხოლო საკრებულო სხდომაზე მას სამთავრობო კომისიიდან მიღებული დადებითი დასკვნის შემთხვევაში განიხილავს.
ზუსტად 100 წლის წინ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრებამ მიიღო. ქვეყნის პირველი კონსტიტუცია ბათუმში დაიბეჭდა.
ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს მწერალთა კავშირის კორესპონდენცია მემედ აბაშიძის ქუჩაზე, N46-ში მდებარე შენობაზე რამაზ სურმანიძის მემორიალური დაფების განთავსების თაობაზე და ამ საკითხის კენჭისყრა შემდეგი სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს.
„დანაშაული გამოისყიდა“ – ეს არის ფრაზა, რომელიც 14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუამ, შვილიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ თქვა. საზოგადოების მხრიდან ამ ნათქვამმა კრიტიკა და ახლა უკვე ბრალდებული ბაბუის მიმართ აღშფოთება გამოიწვია.
რა ტვირთს ჰკიდებს საზოგადოება გოგოებს და როგორ არის გაგებული დღეს „ღირსება“, რომლის „შელახვა“ ბავშვებსაც კი საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ? სად არის სკოლა და რა როლი აქვს ბავშვების ტრაგედიაში ან მათ გადარჩენაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, განათლების სპეციალისტს ნინო ლომიძეს ესაუბრა.
ქალბატონო ნინო, სად უნდა ვეძებოთ იმ პრობლემის მიზეზი, რაც გოგონებს აიძულებს ჰქონდეთ დანაშაულის განცდა იმის გამო, რომ მათ აქვთ სექსუალური ცხოვრება თუნდაც მოზარდობის ასაკში?
ბოლო დროს, როცა ვფიქრობ იმაზე, რაც 14 წლის გოგოს თავს მოხდა, ვაკვირდები, რომ ამ ყველაფრის კვალდაკვალ ძალიან ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. როგორც დაავადების სიმპტომი იჩენს ხოლმე თავს გამწვავებისას, ასე გამოვლინდა ამ ტრაგედიის შემდეგ ბევრი პრობლემა, მათ შორის ღირებულებების, სტერეოტიპების, არასწორი შეხედულებების, ის რაც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში თუ საქმე ეხება ქალის, გოგონას სქესობრივ ცხოვრებას.
ერთი მხრივ, როგორ განიკითხავს საზოგადოება არა მარტო გოგონას, არამედ დედასაც, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებს ცხოვრებას და მეორე მხრივ, პატარა გოგოს, რომელსაც ოჯახი ბრალს დებს ღირსების შელახვაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს. საზოგადოებაც და ოჯახიც საქალწულე აპკსა და ღირსებას ერმანეთთან აიგივებს, ბრალს სდებს მოზარდს და მიჰყავს თვითმკვლელობამდე.
ეს ფრაზები, გამოსროლილი თუ ამოხეთქილი ოჯახის წევრების მხრიდან, მენტალური პრობლემების, ვიტყოდი, მძიმე დაავადების სიმპტომებს აჩვენებს – იმას, რომ უბიწობა, საქალწულე აპკის მთლიანობაა მათთვის მნიშვნელოვანი და არა ბავშვი და პიროვნება, რომელიც მარტო დგას ამ რაღაც უბედურების წინაშე. სწორედ ამიტომ ჩათვალა ოჯახმა, რომ მოზარდის სიკვდილი იყო ის, რამაც მათი შელახული ღირსება აღადგინა.
ეს შუასაუკუნეობრივი გაგება რატომ არის დღესაც ასე ძლიერი, რატომ უდრის გოგოსთვის პარტნიორის ყოლა სიკვდილს?
ისევ და ისევ განათლებასთან მივდივართ, რადგან სქესობრივი განათლების აკადემიურ სივრცეში დანერგვა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. რატომ? იმიტომ, რომ უფრთხიან მშობლების, საზოგადოების რეაქციას, მათ შორის რელიგიური საზოგადოების რეაქციასაც, რადგან უმეტესობა სქესობრივ განათლებას განიხილავს, როგორც გარყვნილების პროპაგანდას. არ ხდება ჩაღრმავება, რომ მოზარდს უჩნდება კითხვები საკუთარ სხეულთან დაკავშირებით და ბევრ სხვა რამეზე. მას ინტერნეტსივრცეში ისეთ საიტებთან აქვს წვდომა, საიდანაც შეუძლია მიიღოს არა სასარგებლო, არამედ დამაზიანებელი ინფორმაცია, ამიტომ სწორედ სკოლა უნდა გახდეს ის ადგილი, სადაც მოზარდი მიიღებს სანდო, საჭირო ინფორმაციას თავისი უსაფრთხოების შესახებ, სქესობრივი უსაფრთხოების შესახებ, საკუთარი სხეულის შესახებ…
რატომ არ არის სქესობრივი განათლება გარყვნილება – ამაზე ვინ უნდა დაიწყოს საუბარი?
მე ვფიქრობ, რომ სწორედ აკადემიურ სივრცეში უნდა გაჩნდეს ჯერ დისკუსიები, რადგან ადამიანებს აკლიათ განათლება. ამ ამბებში (ნინის ტრაგედია) რასაც ვუყურებ, აქცენტი კეთდება მხოლოდ კონკრეტულ ოჯახზე, რომელსაც წარმოაჩენენ როგორც მონსტრებს, ურჩხულებს, არადა რაც იქ ხდება, მხოლოდ იმიტომ გახმაურდა, რომ საზარელი შედეგი დადგა. მსგავსი შეხედულებები გვხვდება ჩვენს ყოველდღიურობაში, განა რა ხდება სხვაგან იმისგან განსხვავებული, რასაც ნინის ოჯახის წევრები ამბობენ?
ნაადრევი ქორწინებები, საქალწულე აპკის და ღირსების ერთ სიბრტყეზე განხილვა, თუ ქალიშვილი არ არის ცოლად როგორ მოიყვან – ასეთი არანორმალური შეხედულებები ერთგვარ ნორმადაც აღიქმება. ავადმყოფობას ფესვები ჩვენს კულტურასა და ტრადიციაში აქვს ჩასობილი და ძირეული, სიღრმისეული ცვლილებები სჭირდება.
ცემა, ძალადობა, მოზარდისა და ბავშვის პიროვნების უგულებელყოფა, ღირსების შელახვა რომ დასაშვები ქცევის მოდელია, ჩანს ირგვლივ ყველგან – სკვერებში, პარკებში, სადაც ბავშვების თავში წამორტყმაზე რეაქცია არ გვაქვს. ეს წამორტყმა არის სწორედ ღირსების შელახვა, როცა ხელით ვეხებით მას. ნორმაა თითქოს.
ძალიან ხშირად, სწორედ პედაგოგებია ის ჯგუფი, რომელიც წინააღმდეგია მოზარდის სქესობრივი განათლების, რატომ?
მასწავლებლებიც ამ საზოგადოების ნაწილია. პედაგოგს პროფესიული ეთიკაც უკრძალავს, რომ არ გამოიყენოს ბავშვის ღირსების შემლახავი სიტყვები, ფრაზები, თუმცა მოზარდებისგან მსმენია, ისეთი სიტყვები, როგორიცაა „დებილო“, „უმაქნისო“, „ზარმაცო“ – ისმის კლასში და მიმართვის ფორმებად ამ სიტყვებს მასწავლებლებიც იყენებენ.
ღირსების სწავლების საკითხი არც ბიჭების შემთხვევაშია სწორად დაყენებული სკოლაში, რადგან მათაც „ვაძალებთ“, რომ იყვნენ გმირული, ვაჟკაცური, არ დააჩაგვრინონ არავის თავი და ამ ყველაფერს ვაიგივებთ ღირსებასთან. ოჯახებში ასეთი დარიგებები არ გვსმენია? – „დაგარტყამენ – დაარტყი“, „პირველი შენ დაარტყი, რომ არ გაგიბედოს არავინ ხელის დაკარება“ და მსგავსი… ღირსების განცდისა და დაცვის რაღაც უცნაური აღქმა გვაქვს. გავიხსენოთ მოზარდებს, სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებები, რაც მკვლელობებითაც დასრულებულა.
ჩემს ბავშვობაში სკოლაში ისწავლებოდა ნინოშვილის მოთხრობა – „სიმონა“, სადაც გაუპატიურების შემდეგ თავს იკლავს მთავარი გმირის ცოლი. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ სიცოცხლის უფლება არ აქვს. როცა მხატვრულ ლიტერატურას ასწავლით, მსგავს დეტალებზე თუ მიდის ხოლმე დისკუსიები, არის თუ არა საუბარი იმაზე, რომ მსხვერპლი არ შეიძლება იყოს დამნაშავე?
საბაზო საფეხურზე ორი ტექსტი მახსენდება, სადაც საზოგადოებისა და ადამიანის მიმართება, ბრბოსა და ინდივიდის შეჯახება და ინდივიდის, პიროვნების მარცხია დამუშავებული. რა დამღუპველ ზეგავლენას ახდენს პიროვნებაზე, მის თავისუფალ ნებაზე საზოგადოებაში გაბატონებული მანკიერი, ტრადიციად შერაცხილი ქმედებები და შეხედულებები. მაინც ვფიქრობ, რომ არც ერთ ამ შემთხვევაში მოზარდის ასაკობრივი თავისებურებები არ არის გათვალისწინებული, რადგან ძალიან რთული თემატიკაა. ამ ნიშნითაც რამდენად ვითვალისწინებთ მოსწავლის, მოზარდის ასაკობრივ თავისებურებებს და მის ინტერესებს, ესეც გადასახედია და რამდენდ გვაქვს დრო იმისთვის, რომ სიღრმისეულად ვიკვლიოთ ეს ურთულესი და ფაქიზი საკითხები, სწორი გზავნილები დავუტოვოთ მოზარდებს.
ლიტერატურის გაკვეთილები ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთ მგრძნობიარე თემებზე ისაუბრონ მოსწავლეებმა. რა აწუხებთ, თვითონ როგორ უყურებენ ამა თუ იმ პრობლემას, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით პრობლემაა ისიც, რომ სასწავლო პროგრამა გადატვირთულია და ხშირად „მოსწრებაზეა“ თემები. ახლა მიმდინარეობს ახალი სკოლის მოდელის პროექტი და ამის ფარგლებში ბევრი რამ შეიცვალა სწავლის მეთოდოლოგიაში და, როგორც ვიცი, უკეთესი ცვლილებები გველის წინ, თუმცა ამის მიუხედავად პრობლემად მაინც რჩება დრო და მეორე,
სავალდებულო საპროგრამო ნაწარმოებების ჩამონათვალი, რომელიც საკმაოდ დიდია და ამ სავალდებულო ნაწარმოებების უმეტესობა წინა საუკუნეებშია შექმნილი.
ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს სამსჯელო საკითხები და საკითხავი ლიტერატურა სამოქალაქო განათლების, ლიტერატურის, ისტორიის გაკვეთილებზე, მაგრამ რითი ვართ დაკავებული ამ გაკვეთილებზე? ვასწრებთ და ვიკვლევთ მოზარდი ადამიანისთვის მნიშვნელოვან კითხვებს? ვუსმენთ მათ? ვაკვირდებით, რა სჭირდებათ, რა თემები „მოდის“ მათგან? თუ ვაზეპირებინებთ ლექსებს, ვსაუბრობთ დიად წარსულზე, უკან მიმართული მზერით ვკარგავთ ძვირფას დროს?
მაშინ გამოდის, რომ სასწავლო გეგმა არ ყოფილა ბავშვის საჭირობებზე ორიენტირებული?
მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესების გათვალისწინება რამდენად ხდება ამაზე გვაქვს საფიქრალი. მეტი ურთიერთობაა საჭირო გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის და მასწავლებლებს შორის, ვისაც პირადად აქვთ ურთიერთობა მოზარდებთან. ალბათ, ხდება შეხვედრები სამინისტროს კურიკულუმის ჯგუფსა და მასწავლებლებს შორის, მაგრამ რამდენად ეფექტიანია ეს შეხვედრები? რამდენად აქვთ პრაქტიკოს მასწავლებლებს იმაზე საუბრის საშუალება, თუ როგორ იღებენ ამა თუ იმ ტექსტს მოზარდები? ინტერესდებიან თუ არა? რის მიხედვით არის შერჩეული ლიტერატურული ნაწაროებები და რა ღირებულებებს ვუყალიბებთ ლიტერატურით, რამდენად ვახერხებთ გაკვეთილებზე მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე დავგეგმოთ საგაკვეთილო პროცესი და არა მოსასწრები პროგრამიდან გამომდინარე.
ოჯახის თუ სკოლის შემთხვევაში, უმთავრესი მაინც არის ნდობის ფაქტორი. მოზარდს უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ მშობელთან მივა ნებისმიერი კითხვით, პრობლემით, სატკივარით, ან თავს გადამხდარი უბედურებით და ცემა-ტყეპის, ღირსების აღსადგენი რაღაც გაუგებარი ქმედებების მოთხოვნის ნაცვლად მიიღებს მხარდაჭერას. უპირობო ნდობა და მხარდაჭერა უნდა არსებობდეს მშობელსა და შვილს შორის. ეს არის უმთავრესი.
ასევე სკოლამაც უფრო მეტად უნდა იფიქროს ბავშვზე, უფრო მეტად უნდა შეამჩნიოს ის.
თუნდაც ნინის ტრაგედიიდან გამომდინარე შეიძლება დაიგეგმოს საინფორმაციო კამპანიები და შესაძლებელია, რომ ეს როლი სკოლამ შეითავსოს. ბოლო დღეებში გამოიკვეთა არაერთი ორგანიზაცია, რომელიც მზად არის მიიტანოს ბავშვთან მისთვის საჭირო ინფორმაცია, არსებობს ნდობის ტელეფონი, რომელზეც მოზარდს შეუძლია დარეკოს ანონიმურადაც და მიიღოს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, მაგრამ აქვთ კი წვდომა ამ ინფორმაზიაზე მოზარდებს? გაჩნდა იდეა, რომ იქნებ სახელმძღვანელოებზე დაიწეროს ნდობის ტელეფონის ნომერი. რომ სცოდნოდა ნინისაც, იქნებ დაერეკა, იქნებ ვინმესთვის გაეხსნა გული, იქნებ არ დამდგარიყო ეს შედეგი. სულ კარდაკარი რომ გახდეს საჭირო, ეს ინფორმაცია უნდა მივიტანოთ ბავშვებამდე. სოცმუშაკი ამბობდა, 80 საქმე მარტო მე მაქვსო, წარმოგიდგენიათ? ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რამდენ ბავშვს უჭირს ნინისავით, რამდენია მსგავს მდგომარეობაში.
მე თუ მკითხავთ, ეს ოჯახიც ერთგვარი მსხვერპლია ამ რეტროგრადული მანკიერი ტრადიციების, რადგან თავის ქმედებაში ისინი ვერ ხედავენ დანაშაულს. განათლებით, დისკუსიით, საუბრით, აკადემიურ სივრცეში დაგეგმილი აქტივობებით შეიძლება შეეწინაამდეგო ამ სიბნელეს, სოფლებში ინფორმაციის მიტანით, სამოქალაქო აქტივიზმით, ასე ვიტყოდი, სისტემური დაგეგმვა და ცვლილებებია საჭირო, სხვანაირად არ ვიცი სადამდე უნდა მივიდეთ. ყველა პასუხი არის განათლებაში.
თქვენ თქვით, რომ მშობელსა და ბავშვს შორის უნდა არსებობდეს უპირობო ნდობა, მაგრამ თუ მშობელი კულტურის მსხვერპლია, ვინ უნდა დაეხმაროს ბავშვს?
სახელმწიფო უნდა იდგეს ბავშვთან, საგანმანათლებლო სისტემა უნდა იყოს სწორ ორიენტირებზე, სწორ ღირებულებებზე აგებული, რადგან სახლში შეიძლება ვიღასაც ასწავლიდნენ, რომ „უბიწო თუ არ ჩაბარდი პატრონს, ჯობია მოკვდე“ ან რომ ღირსების დაცვა და „მრუშობის ცოდვის“გამოსყიდვა ცემით ან სუიციდითაა დასაშვები.
ყველა ოჯახში ვერ შეხვალ და ვერ შეცვლი ამას, მაგრამ სისტემურად, სახელმწიფო, განათლების სისტემა მოზარდს ოჯახის მიღმა უნდა სთავაზობდეს ისეთ ღირებულებებს, რომელიც დაეხმარება არ გახდეს მსხვერპლი, იცოდეს, როგორ მოიქცეს, რისი უფლება და რა პასუხისმგებლობები აქვს საკუთარი თავის წინაშე, როგორ დაიცვას ჯანმრთელობა, სიცოცხლე, განათლების უფლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, დღეიდან, 17 თებერვლიდან, უკვე შესაძლებელია მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა.
მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი.
ასევე, სრულად აღდგა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებული პირები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას.
რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადის მიღება შესაძლებელი იქნება ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე დამზადებული დოკუმენტები გაიცემა შევსებისას მითითებულ სტრუქტრულ ერთეულში.
2021 წლის პირველი თებერვლიდან განახლდა მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა მათთვის, ვისაც თეორიული გამოცდა უკვე ჩაბარებული ჰქონდა, თეორიულ გამოცხადაზე გასვლა კი ამ დრომდე შეჩერებული იყო.
20 წლისაა. ხულოში, სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს. ის კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება იმუშაო საკუთარ თავზე, როგორ შეიძლება განვითარდე ყოველდღიურად შეზღუდული რესურსების მიუხედავად.
ევა ართმელაძე სტუდენტია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიას სწავლობს.
“დავიბადე და გავიზარდე სოფელ ბეღლეთში, ხულოს მუნიციპალიტეტში.
უშუქობა მიყვარს. ჩვენთან, სოფელში დიდი ზამთარი იცოდა. ბოლო რამდენიმე წელია თოვლი აღარ მოდის და შუქიც აღარ ქრება, მაგრამ ადრე ბავშვობაში იმხელა თოვლი მოდიოდა, სკოლაშიც ვერ მივდიოდით. საღამოობით, როცა შუქი ქრებოდა, რაღაც განსაკუთრებული ამბები ხდებოდა. მაშინ ჩემს და-ძმებს მობილური არ ჰქონდათ. ყველა ღუმელთან ვსხდებოდით და დედიკო გვიკითხავდა ზღაპრებს. ეს არის ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება. საერთოდ, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობები. სოფელში კი ყველაზე კარგად იგრძნობა, რომ ადამიანებს უყვარხარ. ყველაზე ჰარმონიულად ვარ ჩემს სოფელში.
როცა სოფელში ცხოვრობ და განათლებას იღებ
სოფელში დაბადება წინააღმდეგობრივი ამბავია.
გამიმართლა რაღაც თვალსაზრისით და არ გამიმართლა რაღაც თვალსაზრისით. თუმცა ძალიან ვამაყობ და მიხარია, რომ აქ დავიბადე. მგონია, რომ აქ განსაკუთრებული ურთიერთობები იციან ადამიანებმა. ძალიან გულწრფელები არიან. განსაკუთრებულები. ასეთი გულწრფელობა, როგორიც სოფელშია, სხვაგან არსად არ მინახავს.
მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემაა, თუნდაც განვითარების თვალსაზრისით. ბავშვობაში ყველა ბავშვს უნდა ისწავლოს დაკვრა, ცეკვა. მეც მინდოდა, მაგრამ არ იყო ამის საშუალება. არც იმის, რომ სხვაგან წავსულიყავი და იქ მესწავლა.
სოფელში ზოგადად წესია – ძალიან ბევრ შეკითხვას გისვამენ. რატომ ხარ? რისთვის ხარ? რამდენი ხნით ხარ? თუმცა ჩემთვის არ არის ეს შემაწუხებელი.
სოფელში ყველაფერი განსაზღვრულია. რა უნდა ჩაიცვა, სად უნდა წახვიდე, რა უნდა ჭამო და ა.შ. გეუბნებიან – „ეს ჩაიცვი, ის ჩაიცვი“, მაგრამ ჩემები უკვე შევაჩვიე ჩემს დამოუკიდებლობას.
ჩაცმულობის მხრივ ძალიან თავისუფალი ვარ. მიყვარს დიდი ზომის ტანსაცმელი და სულ ვცდილობ რამე დიდი, გრძელი, ფუშფუშა, ფუმფულა რაღაცები მეცვას. ჩემი დები ძალიან კლასიკურები არიან და სულ მეჩხუბებიან – რა გაცვია. მაგრამ, ჩემი აზრით, რაც გიყვარს და რაც მოგწონს, ყოველთვის ის უნდა აკეთო. შესაბამისად, ის მაცვია, რაც მომწონს.
სოფლის სკოლა დავამთავრე. სოფელში ბევრი ბარიერია. თუნდაც ენის ბარიერი. შეიძლება ითქვას, რომ 11 წელი ინგლისური არ მისწავლია. მეთორმეტე კლასამდე ინგლისურის მასწავლებელი არ მყოლია. მეთორმეტე კლასში იყო გამონათება, როცა მოვიდა სპეციალისტი და მისი წყალობაა, რომ დღეს სტუდენტი ვარ.
ძალიან მინდოდა უნივერსიტეტში ჩამებარებინა. როცა ვუყურებდი, ჩემი სოფლის სხვა ახალგაზრდებს, იყო ორი არჩევანი – ან უნივერსიტეტი ან მხოლოდ სახლი. თუ რჩებოდი მხოლოდ სახლში, შენი განვითარება იყო წერტილდასმული. არიან ახლაც ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ, რომლებიც მართლა უსაზღვროდ ნიჭიერები არიან, ძალიან მონდომებულები, მაგრამ ის რეალობა, რაც მათ აქვთ, მათ გონებასთან შესაბამისობაში საერთოდ ვერ მოდის, რადგან გაცილებით მეტს იმსახურებენ. ეს მეტი რამ რატომ არ ეძლევათ, დღემდე ჩემთვის კითხვის ნიშანია. რა თქმა უნდა, ვიცი პასუხები, მაგრამ ამის გაზიარება იმდენად არ მინდა, ჩემს თავს ვეუბნები – მოდი ევა, ამაზე არ იფიქრო. იმიტომ, რომ მძიმეა იმის გააზრება – ადამიანს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს ძალიან კარგი მომავალი, ეს მომავალი თავისი შრომით შექმნას, მაგრამ რეალობა სხვა რამაა – თუნდაც იმიტომ, რომ ინგლისურ ენაში აკლდება ორი ქულა და ვერ აბარებს მისაღებ გამოცდებს. შემდგომაც აღარ აქვს მცდელობები, რომ ჩააბაროს.
მერე როგორც ხდება – თუ გოგო ხარ გათხოვებენ, თუ ვაჟი ხარ ალბათ ცოლი უნდა მოიყვანო.
უნივერსიტეტში
ჩავაბარე უნივერსიტეტში. ვერ ვიტყვი, რომ ღამეებს ვათენებდი და ვმეცადინეობდი. მეთორმეტე კლასში ვიყავი, როცა გავიაზრე, რომ აუცილებლად უნდა ჩამებარებინა უნივერსიტეტში და ჩემს ირგვლივ შემექმნა ისეთი სიტუაცია, რომლითაც ვიქნებოდი მეტ-ნაკლებად კმაყოფილი.
სოფელში ვინც კი სტუდენტი იყო, ყველასთან მივედი სახლში. ჩვენი სოფლიდან ბავშვები ძირითადად ბათუმში სწავლობენ. ყველას მშობელი მყავდა გაფრთხილებული – როცა სოფელში ამოვიდოდნენ, ჩემთვის ეთქვათ. მივდიოდი და მომქონდა ყველა წიგნი, რაც ჰქონდათ და რითიც მათ ჩააბარეს გამოცდები. ყველასგან ვიღებდი რჩევებს თუ როგორ ემზადებოდნენ. შეგროვებული წიგნები ერთ ოთახში რომ დავალაგე, ბოლოს წიგნის გორები იდგა. მერე მივყევი, ვიმეცადინე და გავხდი სტუდენტი.
გული მწყდება, რომ იმ ადამიანების რიცხვში ვარ, ვისაც ინგლისურში დაბალი ქულა ჰყავდა. დღემდე პრობლემა მაქვს. უნივერსიტეტში ჩემს კურსელებს სხვა საგნებში აქვთ პრობლემა – ზოგს ენათმეცნიერება უჭირს, ზოგს ბიზანტიური, ზოგს რაღაც, ზოგს რაღაც – ჩემთვის ყველაფერი მარტივია, გარდა ინგლისურისა.
ინგლისური რჩება ისეთ საგნად, რომელსაც ყველაზე მეტად ვეჭიდები და მაინც ყველაზე რთულია. არადა ძალიან მინდა, რომ ვისწავლო.
დაუძლეველი სირთულეები არ არსებობს, მაგრამ ერთი ადრეული ფიქრის ნარჩენები მაქვს გამოყოლილი. ენებთან ჩემს დამოკიდებულებას ეხება. მეგონა, რომ სხვა ენას ვერასდროს ავითვისებდი სრულყოფილად. ახლა აღარ ვფიქრობ ასე, მაგრამ ჭიდილი მაინც მაქვს ამ სირთულესთან.
ევა ართმელაძე
ძალიან მიყვარს სეირნობა. ყველაზე მეტად. ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა.
დედაჩემს უკვე ესმის და ხვდება, რომ უბრალოდ გარედ გავდივარ. მაგრამ სოფელში ასე უბრალოდ გარეთ გასვლა მიღებული არაა. დედა ხშირად მეხუმრება – „ვინმეს გიჟი არ ეგონო, ჩვენთან ასე უბრალოდ გარეთ გასვლა არ მოსულა და რამე მოიმიზეზეო. თითქოს შაქარზე მიდიხარ მეზობელთან, ან მარილზეო.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავისუფლება. ის, რომ გადაწყვეტილებები მივიღო დამოუკიდებლად. თუ საკუთარი გადაწყვეტილების თუნდაც უარყოფით შედეგებს ვერ იგემებ, ვერასდროს განვითარდები. თუ ყოველთვის ვინმეს გავლენა იქნება შენზე, შენ რაღაც კარს მიღმა რჩები. იმიტომ, რომ ის შედეგი რეალურად შენი არაა. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაა და შედეგებზე პასუხისმგებლობის დამოუკიდებლად აღებაც.
დიდი ხანია მოხალისე ვარ. ძალიან მიყვარს და მომწონს ეს საქმიანობა. თავისუფალ დროს და პრინციპში არათავისუფალსაც ვუთმობ იმ საქმეს, რომელიც მსიამოვნებს და მომწონს.
სხვადასხვა პროექტში ვარ ჩართული. არის ასეთი პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“, რომლის ფარგლებშიც გვაქვს შექმნილი ლიტერატურული კლუბი.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ზუმში გვიწევს შეხვედრა, ყოველ კვირა დღეს ვხვდებით. ერთმანეთთან კომუნიკაციით და ლიტერატურით ვცდილობთ დატვირთული კვირა იყოს განტვირთვადი.
წინასაარჩევნოდ ვიყავი ჩართული საქართველოს გაეროს ასოციაციის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს PITA-ას პროგრამაში, ახალგაზრდების მობილურ ჯგუფის საინფორმაციო კამპანიაში, რომელსაც აჭარის რეგიონში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ახორციელებს. საინფორმაციო კამპანიას დროს, მოსახლეობას ვაწვდიდით ინფორმაციას, დემოკრატიული არჩევნების პრინციპების შესახებ, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე და პროცედურებზე. დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს. ჩვენ გადაგვამზადეს და მერე ჩვენ უნდა ჩაგვეტარებინა ტრენინგები სხვა ადამიანებისთვის. ჩვენი სამიზნე ჯგუფი იყო ის ახალგაზრდები, ვინც პირველად აძლევდა ხმას არჩევნებში. ჩვენ ვუხსნიდით მათ, თუ როგორ უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. რა უფლებები ჰქონდათ და რატომ იყო მნიშვნელოვანი მისულიყვნენ არჩევნებზე. 119 ადამიანის გადამზადება შევძელი ამ ტრენინგების დახმარებით.
როცა იგებენ, რომ მუსლიმი ვარ…
უსაზღვროდ დიდ პატივს ვცემ ჩემს რელიგიას. ძალიან ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომელიც აქვთ ჩემს მშობლებს, ჩემს მეგობრებს და ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ვხვდები და ძალიან ნათლად ჩანს, რომ ძალიან უყვართ საკუთარი რელიგია. მართლა სწამთ ის, რასაც მათი რელიგია მოისაზრებს.
ბევრი მიფიქრია – მიყვარს ჩემი რელიგია, მაგრამ ვარ თუ არა მე რელიგიური? ძალიან რთული საკითხია. რელიგიური ვარ, მწამს რაღაცების, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ვარ იმდენად რელიგიური, რამდენადაც ჩემს გარემოცვაში ადამიანები. მათთან შედარებით შეიძლება რელიგიური საერთოდაც არ ვიყო.
ყველა ადამიანს ვცემ პატივს და ყველა ადამიანში არის ჩემთვის სინათლის სხივი. ამ შემთხვევაში მხოლოდ მუსლიმებზე არ მაქვს საუბარი. ყველა, ნებისმიერი რელიგიის ადამიანს, რომელიც არის რელიგიური, რომელსაც მართლა სწამს. რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში რა სწამს? საერთო ჯამში ის, რაც მას სწამს, არის მისთვის ჭეშმარიტება.
რაღაც გამოწვევების პირისპირ ვდგავართ. რაღაცებში გვაქვს მუსლიმ გოგოებს ბარიერები, რომელიც შეიძლება სხვებს არ ჰქონდეთ. თუმცა ეს არ არის დაუძლეველი. ბარიერები არის უფრო დამოკიდებულებებში. პატარ-პატარა ჩავარდნები აქვთ ადამიანებს ჩვენს მიმართ, ცოტა განსხვავებულად გვიყურებენ. მე ამას კატასტროფად არ აღვიქვამ – მგონია, რომ ყველაფერი გამოსწორებადია და ეს დამოკიდებულებებიც შეიცვლება.
როცა იგებენ რომ ვარ მუსლიმი, პირველი რეაქცია იცით რა არის? მეკითხებიან – როდის ინათლები? რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ მუსლიმი ხარ, უეჭველად რამდენიმე დღეში ან კვირაში უნდა მოინათლო.
ერთი ისტორია მაქვს. სამსახურში არავისთვის არ მითქვამს, რომ მუსლიმი ვიყავი. ან რატომ უნდა მეთქვა. მუშაობის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ რაღაც საუბარს მოჰყვა და ვთქვი, რომ ვიყავი მუსლიმი. ეს ისეთი უცნაური იყო მათთვის, თითქოს შოკში ჩავარდნენ. წამიერად ვიფიქრე, რომ ასეთი რა ვთქვი? მე ხომ უბრალოდ მუსლიმი ვარ? მე ვარ იმ კატეგორიაში, რომელიც ყოველთვის თამამად და თავისუფლად საუბრობს თავის რელიგიაზე. ძალიან გაუკვირდათ. ამ დროს მე ის გამიკვირდა, რომ მათ ეს გაუკვირდათ.
ჩემი სამეგობრობს უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. მყავს სხვა რელიგიის მიმდევარი მეგობრებიც, ასევე მყავს ათეისტი მეგობრებიც. ძალიან მიყვარს ყველა. მეცინება ხოლმე, როცა სოციალურ ქსელში ვაწყდები ისეთ კომენტარებს, სადაც წერენ ცუდი ენით, მძიმე ტერმინებს იყენებენ. ძირითადად ვცდილობ არ წავიკითხო, არ მინდა დავითრგუნო და ჩემს განწყობაზე იმოქმედოს ამან, მაგრამ თუ კითხულობ, საერთო ჯამში, მაინც რაღაც ღიმილის მომგვრელი ხდება. როგორ შეიძლება ადამიანის შეფასების დროს შენს ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად გამოიყენო ის თუ რომელი რელიგიის მიმდევარია ის. ეს ჩემთვის გაუმართლებელია. რა მნიშვნელობა აქვს რელიგიას? მთავარია ვინ არის ის.
სტუდენტი რომ გავხდი და ბათუმში გადავედი საცხოვრებლად, მაინტერესებდა და დავდიოდი ეკლესიებში. დავსწრებივარ წირვასაც. მაინტერესებდა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ეკლესიაში.
სოფელ ბეღლეთის მეჩეთში
მინდა ცვლილებები მოვახდინო. აი, ჩვენი სოფელი რომ ავიღოთ. ყველაზე მეტად რაც აკლია ჩემს სოფელს, არის სივრცეები. არ ვგულისხმობ სკოლას, რადგან მას აქვს თავისი ჩარჩო. სკოლა არ და ვერ იქნება ის ადგილი, სადაც შეგიძლია თავისუფალი დრო გაატარო შენს მეგობრებთან ერთად და ისაუბრო ისეთ თემებზე, რომლებზეც საუბარი აუცილებელია.
ძალიან დიდ დანაკლისად მიმაჩნია, რომ სოფელში არ არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები მივლენ სკოლის შემდეგ და ერთმანეთს თავიანთ აზრებს გაუზიარებენ. ესაუბრებიან მუსიკაზე, მხატვრობაზე, თავიანთ სურვილებზე, მომავალზე, აღმოჩენებზე.
ასეთი სივრცის არ არსებობა ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან, ასე მგონია, საუბარი და საწინააღმდეგო აზრის მოსმენა ან თანამოაზრის პოვნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
მეც მაკლდა ეს სკოლის პერიოდში. გაკვეთილზე ამ თემებზე ვერ ისაუბრებ. ხუთი წუთი დასვენება არაფერში არ გყოფნის, წიგნებსაც ვერ ცვლი ხანდახან. გაკვეთილების შემდეგ კიდევ მივდიოდით სახლებში და მორჩა.
როცა სკოლა დავამთავრე, ერთ-ერთი ჩემი კლასელი, როგორც მეგობარი, სკოლის შემდეგ აღმოვაჩინე. სკოლის დამთავრების შემდეგ აღმოვაჩნეთ ერთმანეთი თავიდან. მერე გავუზიარეთ ამბები, მერე ვუთხარით ერთმანეთს რა გვინდოდა, რატომ და რისთვის. საერთოდ ვინ ვიყავით. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება აქვს მას ჩემზე. ერთხელ მითხრა – იცი, რა ევა! ნინო რომ იყავი და ნინოთი რომ გიცნობდი, ასეთი არ იყავი. ახლა სულ სხვანაირი ხარო. ამიტომ მგონია, რომ უნდა იყოს სივრცეები, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ესაუბრებიან.
ნინო
ბევრმა იცის, რომ ევა მქვია. თუმცა იურიდიულად ვარ ნინო ართმელაძე. როცა სტუდენტი გავხდი და დამოუკიდებლობა ვიგრძენი, როცა შევქმენი ჩემი სივრცე, მაშინ მომინდა, რომ სახელიც მე თვითონ შემერჩია. ამიტომ შევიცვალე და დავირქვი ევა. ხშირად მეკითხებიან – შენით დაირქვი? რატომ დაირქვი? ნინო ხომ კარგი სახელია?
ბარიერები
მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ქვეყანაში დავიბადე, სადაც ინტერნეტი იყო, 20 წლის ვარ ხომ, და 20 წლის წინ საქართველოში ინტერნეტი ჰქონდათ ადამიანებს, ძალიან გვიან მოხდა ჩემი კავშირი ინტერნეტთან და სწორად გამოყენებად ინტერნეტთან უფრო. მახსოვს მეათე კლასში ვიყავი, რაღაც პროექტში გავიმარჯვე, სადაც ფული მომცეს. ავდექი და თვითნებურად ვიყიდე ტელეფონი. ოღონდ მობილური კი მქონდა, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა. რეალურად, სკოლა რომ დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაშინ მივხვდი რეალურად რა იყო ინტერნეტი და რამდენად დიდი რესურსი აქვს მას.
უნივერსიტეტში ჩაბარება რას ჰგავდა იცით? აბსოლუტურ სიცარიელეში დავრჩი და მქონდა უამრავი კითხვა. მაგალითად, რატომ არ ვიცოდი ისეთი ელემენტალური რაღაცები, რაც იცოდა ჩემს ირგვლივ ყველამ. დღეს ბევრი პროექტია სკოლის მოსწავლეებისთვის, რომ განათლება მიიღონ. კი, სკოლა განათლების ძირითადი კერაა, მაგრამ მხოლოდ სკოლა დიდ განათლებას ვერ იძლევა. 12 წლის განმავლობაში უნდა აკეთო რაღაც სხვაც. შენი ინტერესების მიხედვით უნდა განვითარდე.
ამიტომ მინდა ძალიან სოფელში კინოჩვენებების მოწყობა. კინოთეატრის მოწყობა სოფელში არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი. ახლა, პანდემიის გამო, სოფელში რომ დავბრუნდი, უფრო მინდა რომ გავაკეთო.
ვფიქრობ, რომ არის 50 ფილმი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ნახო. კი, ტელევიზორი მქონდა და მეც ვუყურებდი ფილმებს, მაგრამ სტუდენტობამდე არცერთი ფილმი არ მქონდა ნანახი ისე, რომ დამენახა მასში სხვა შინაარსი. აღმექვა ეს კადრები სხვანაირად.
ძალიან მინდა ჩემს სახლში ერთი ოთახი გამოვყო, სადაც მოვლენ საღამოობით ჩემი მგობრები, ჩემი ძმის მეგობრები. მარტო ახალგაზრდები არა, ბებია-ბაბუები, იგივე ჩემი მშობლების თაობა. მინდა ყველამ ერთად ვუყუროთ ფილმებს და მერე მოვუყვეთ ერთმანეთს რა გავიგეთ. სადისკუსიო სივრცე მინდა შევქმნა, სადაც ერთმანეთს ჩვენს აზრებს გავუზიარებთ.
მასალა მომზადდა batumelebi.ge–ს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“(PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
მასალაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ვიდეოს გმირს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 8 მარტს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება.
„ტესტირება ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა X–XII კლასების მოსწავლეებისათვის ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა“.
მეორე ტურში 6 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.
ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავა ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის და საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევისთანახმად, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე დაერთებული სამი კოვიდპაციენტიდან ერთს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (პტსა) სიმპტომები უვითარდება, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვირუსი ზემოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“წერს.
კოვიდზე საეჭვო ან კოვიდდადასტურებული 13 049 პაციენტის კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ მეხუთეს, ვინც საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მაგრამ არ სჭირდებოდა ვენტილაციის აპარატი, ასევე ჰქონდა პტსა-ს სიმპტომები.
კვლევის თანახმად, კოვიდპაციენტებში პტსა-ს ყველაზე გავრცელებული სიმპტომი იყო ინტრუზიული სურათები (გონებაში უნებლიეთ გაცოცხლებული, არასასურველი გამოსახულებები წარსულიდან), ანუ წარსულში განცდილი ემოციების ან მოგონებების უეცარი გამონათებები – „ფლეშბექები“ . ამის მაგალითი შეიძლება იყოს ინტენსიური ზრუნვის განყოფილების გარემოს გამოსახულებები, ასევე ინტენსიური ზრუნვის განყოფილების სხვა პაციენტების და იმ ექიმების გამოსახულებები, რომლებიც ატარებენ პერსონალის დამცავ სრულ აღჭურვილობას.
კვლევამ აჩვენა პტსა-ს სიმპტომების უფრო სუსტი გამოვლინებით იმ პაციენტებში, რომლებიც დახმარებას იღებდნენ სახლში (დაახლოებით ექვსიდან ერთ შემთხვევაში) და პაციენტებში, რომლებსაც არ სჭირდებოდათ სახლში დახმარებას, მაგრამ ჰქონდათ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები (ათიდან ერთ შემთხვევაში).
დოქტორმა ადამ ჰემფშირმა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯიდან, „გარდიანთან“ საუბრისას თქვა:
„ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიას სავარაუდოდ მწვავე და ხანგრძლივი გავლენა ექნება, მათ შორის, პაციენტების იმ მნიშვნელოვან ნაწილზე, რომლებიც სახლში რჩებოდნენ სუნთქვის პრობლემებით და სამედიცინო დახმარება არ მიუღიათ. ეს მონაცემები შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს მომავალი თერაპიისთვის და ამ დაავადების გრძელვადიანი ჯანმრთელობის ტვირთის შესამცირებლად“.
„გარდიანი“ წერს, რომ პტსა-ს სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს ეგრევე ან გარკვეული დროის შემდეგ, თუმცა, როგორც წესი, სიმპტომები წარმოიშვება ტრავმული შემთხვევიდან ექვსი თვის განმავლობაში და მკურნალობის გარეშე შეიძლება წლობითაც გაგრძელდეს.
დღეს, 17 თებერვლის მდგომარეობით, ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში 3 805 ადამიანია ინფიცირებული, საიდანაც 1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, ხოლო მძიმე პაციენტად მიიჩნევა 379 პირი.
“რა ვქნა, რა გამეკეთებია?” – ჰკითხა ატირებულმა ბრალდებულმა სულიკო ცეცხლაძემ მოსამართლეს, როცა ის დაინტერესდა, რას ფიქრობდა 14 წლის ნინის ბაბუა პატიმრობაზე ან გირაოთი გათავისუფლებაზე.
14 წლის ნინის ბაბუამ ვრცელი სიტყვით მიმართა მოსამართლეს, თუმცა იმის გამო, რომ სხდომა დისტანციურად იმართებოდა, ბრალდებული პროცესზე ქობულეთის პოლიციის განყოფილებიდან ჩართეს და მისი ხმა ცუდად ისმოდა.
“მე თუ მოსაკლავი ვარ, მომკალით…” – განაგრძო ბრალდებულმა და დაღუპული ბავშვის დედაზეც ისაუბრა.
“დატოვა და წავიდა თურქეთში, მე რა მექნა?… ის ამბავი რომ მოხდა, ამოვიდა სახლში ბავშვი, სინიაკები ჰქონდა…” – ტირილით ესაუბრა ბაბუა მოსამართლეს, რომელმაც ჯერ მისი დამშვიდება სცადა, ხოლო შემდეგ შეაჩერა, როცა შეატყო, რომ დაღუპული მოზარდის ბაბუა თხრობას აღარ ასრულებდა.
“დღევანდელ სხდომაზე არ განვიხილავთ, ჩაიდინეთ თუ არა დანაშაული,” – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 14 წლის ნინის ბაბუას – სულიკო ცეცხლაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
“ის შეურაცხყოფდა ოჯახის ღირსებას,” – ამ ფრაზის წაკითხვა ორჯერ მოუწია დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს, როცა მან საქმიდან ამოიკითხა, რას ედავებოდა პროკურატურა 76 წლის სულიკო ცეცხლაძეს. პროკურატურის დადგენილებაში ბრალის წარდგენის შესახებ ეს ფრაზაა მითითებული, რაც ბაბუამ უთხრა პოლიციელებს, როცა მან 14 წლის შვილიშვილის ცემა და მუქარა დაადასტურა.
14 წლის ნინის ბაბუა – სულიკო ცეცხლაძე 15 თებერვალს დააკავეს.
პროკურატურის ვერსიით, 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში სულიკო ცეცხლაძემ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სულიკო ცეცხლაძეს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მას გამოძიება ოჯახში ძალადობის და ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ მუქარას ედავება.
მოსამართლემ ბრალდებულს გაახსენა სამი ეპიზოდი – ორჯერ მოზარდის ცემა, ერთხელ სიცოცხლის მოსპობის მუქარა. სამივე შემთხვევაში ნინი საკუთარ სახლში იყო. გამოძიების ვერსიით, 10 დეკემბერს ბაბუამ მოზარდს სახეში ხელი დილით გაარტყა. ძალადობის მეორე შემთხვევა და მუქარა კი, ღამით მოხდა.
“გუშინ იზოლატორში ცუდად გახდა, ასაკშია,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. მან აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ჩვენება მისცა. ბრალდებულმა ასევე აღიარა 10 დეკემბრის ეპიზოდში შვილიშვილისთვის ხელის დარტყმა.
ადვოკატმა სულიკო ცეცხლაძის გათავისუფლება გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვა.
“მე შემიძლია შეგახსენოთ ფრაზები თქვენი ჩვენებიდან: შემარცხვინა მეზობლებში და ნათესავებში, თავი მომჭრა მეზობლებში…,” – ისევ საქმის მასალებს დაუბრუნდა მოსამართლე და იქვე თქვა, რომ გამოძიებამ უკვე გამოკითხა მეზობლები, ნათესავები, მასწავლებლები და ამ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.
——————————————
9 თებერვალს ქობულეთში 14 წლის ნინიმ თავი მოიკლა. შემთხვევას წინ უძღოდა მოზარდზე სექსუალური ძალადობა. გოგოს დაღუპვიდან რამდენიმე საათში 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას.
მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა – ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაგვიდასტურეს, სადაც ასევე გვითხრეს, რომ კლასი, რომელშიც მოსწავლე სწავლობდა, დროებით ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
აჭარაში სკოლის შენობებში სწავლა პირველ თებერვალს განახლდა. 17 დღის განმავლობაში სკოლებში კოვიდის ერთეული შემთხვევები დადასტურდა.
პირველი თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის სულ 7 შემთხვევა გამოვლინდა მოსწავლეებში, მასწავლებლებში კი – ორი შემთხვევა.
პროტოკოლის მიხედვით, სკოლის მასწავლებლებს ყოველ ორ კვირაში უტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება.
„შუახევი ჰესი“ 2020 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა და მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დაახლოებით 8%-ით გაზარდა სეზონური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
,,თითქმის ერთი წელია, რაც შუახევი ჰესი ოპერირებს წარმატებით და ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევების გარეშე. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდის პროცესში.’’ – განაცხადა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელმა გიორგი ლაკირბაიამ.
„შუახევი ჰესის“ ინვესტორები პროექტის დაწყების პირველივე დღეებიდან აცხადებდნენ, რომ ჰესის მართვას ოპერირების ეტაპზე, ეტაპობრივად გადაიბარებდნენ ქართველი ინჟინრები. კომპანიის განცხადებით, მათი გუნდის 95%-ს დღეს ქართველი ინჟინრები შეადგენენ.
,,შუახევი ჰესს, როგორც დაგეგმილი იყო, ოპერირების ეტაპიდან მართავენ ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები. გარდა იმისა, რომ შუახევი ჰესი მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ამავდროულად ამ პროექტმა საშუალება მისცა არაერთ ახალგაზრდა ქართველ ინჟინერს, შეეძინა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. დღეს ისინი ყოველდღიურად, მაღალი კვალიფიკაციით და პასუხისმგებლობით უზრუნველყოფენ შუახევი ჰესის წარმატებულ ოპერირებას,“ – განაცხადა გიორგი ლაკირბაიამ.
„შუახევი ჰესი“ წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებულ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ენერგოპროექტს.
კომპანია „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში საკუთარი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრისთვის პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600 კვ.მეტრი ტერიტორია სჭირდება. ამისთვის კომპანიის დირექტორი, ელგუჯა ქებურია, თავისივე ნაკვეთსა და ე.წ. საშინელებათა ოთახს შორის არსებულ ტერიტორიას ითხოვს ბათუმის მერიისგან.
ამ წერილით ირკვევა, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ელგუჯა ქებურია ბათუმის ყოფილ მერს, ლაშა კომახიძეს 600 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ ავტოსადგომზე პარკინგის ადგილების გადაცემას მუნიციპალურ საკუთრებაში ჰპირდება.
ოფიციალური წერილით დასტურდება, რომ მერი ლაშა კომახიძე თანახმაა ეს ტერიტორიაც გადასცეს ბიზნესმენს. ის ამ გზით აპირებს ბათუმში პარკირების პრობლემის მოგვარებას.
ამის შესახებ საზოგადოებისთვის ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი.
შპს „ამბასადორი ბათუმის“ სამშენებლო ღობესა და ე.წ. საშინელებათა ოთახს შორის არსებული ტერიტორია, სადაც კომპანია პარკინგის მოწყობას გეგმავს
დოკუმენტების თანახმად, კომპანიის დირექტორმა ელგუჯა ქებურიამ ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს ამ საკითხზე ოფიციალური წერილით 2018 წლის იანვარში მიმართა. ის მერს, ლაშა კომახიძეს სწერდა, რომ ირგვლივ არ არსებობს ადგილი პარკინგის მოსაწყობად და სთხოვს აღნაგობის უფლებით გადასცეს „ამბასადორის“ მშენებარე ობიექტსა და ე.წ. საშინელებათა ოთახს შორის მდებარე ნაკვეთი, 600 კვადრატული მეტრი, ამავე გზის ქვეშ ავტომანქანების სადგომის მოსაწყობად.
ელგუჯა ქებურია მერს უხსნის ასევე, რომ ქალაქში პარკინგის მწვავე პრობლემაა და ჰპირდება, რომ ბულვარში მოწყობილი მიწისქვეშა სადგომის ნახევარს მუნიციპალიტეტს დაუთმობს.
მერი წერილს მალევე პასუხობს – წერს, რომ პარკინგის ადგილები ქალაქისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ლაშა კომახიძე იმედოვნებს, რომ ბულვარში პარკინგის ადგილების მოწყობა ქალაქს ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
მოთხოვნილი ტერიტორიის ნაწილი უკვე ამბასადორის მშენებარე პროექტის ღობის შიგნითაა მოქცეული. თუმცა გუშინ, 16 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში მერიაში ვერ მოახერხეს ეპასუხათ კითხვაზე – გაფორმდა თუ არა რაიმე სახის შეთანხმება ამ მიმოწერის შემდეგ. ამ კომპანიასთან აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ საკითხი მერიას ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ გაუტანია. ამ საკითხზე გადაწყვეტილება არც რეესტრშია ასახული.
შესაბამისად, ვერ გავარკვიეთ, რა შეთანხმება არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით მერიასა და „ამბასადორს“ შორის. დაზუსტებით ვიცით ის, რომ კომპანიას იჯარით გადასცეს ე.წ. საშინელებათა ოთახის შენობა.
ნებართვის გამცემი უწყების, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით კი, პროექტი, რომელიც კომპანიამ წარადგინა, პარკინგის ადგილს არ ითვალისწინებს.
ჩვენ მოვიპოვეთ კიდევ ერთი საინტერესო წერილი, რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით სააგენტოს გაუგზავნა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა. უფრო სწორად, ამ წერილით მან სააგენტოს უპასუხა.
ნებართვის გამცემმა უწყებამ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, პროექტი ბათუმის მერიას გადაუგზავნა და ტექნიკურ რეგლამენტთან [ 41-ე დადგენილება] მისი შესაბამისობის შემოწმება სთხოვა. არჩილ ჩიქოვანმა კი უპასუხა, რომ პროექტი 41-ე დადგენილების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ეთანხმება თუ არა ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობას მერის მოვალეობის შემსრულებელი, როგორც ქონების მესაკუთრე? – არაერთი მცდელობის მიუხედავად, არჩილ ჩიქოვანის პასუხი ამ საკითხზე არ გვაქვს.
ზემოთ აღნიშნული წერილის შინაარსი, ალბათ, შეიძლება ჩაითვალოს არჩილ ჩიქოვანის პასუხად.
___
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.
კულტურის სამინისტროს კვლევითი ცენტრის დასკვნით, ბათუმის ბულვარში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, 16-სართულიანი სასტუმროს აშენება უკანონო და დაუშვებელია.
კომპანია „ამბასადორ ბათუმს“ ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 21 იანვარს მისცა, რასაც ბათუმში პროტესტიმოჰყვა.
16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე საზოგადოება „ბათომი“ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] სამართლებრივ დავას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში არსებითად დაეყრდნო კომპანიის დაკვეთით მომზადებულ კვლევას, რომელიც ბულვარის მიმდებარედ არსებული მასშტაბური მშენებლობების გათვალისწინებით, ბულვარის ტერიტორიაზეც დასაშვებად მიიჩნევდა მსხვილმასშტაბიანი შენობების აშენებას.
ამ დასკვნის საპირისპიროდ, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭომ საბაღე-საპარკო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობასთან და ძეგლის დაცვის პრინციპებთან შეუთავსებლად მიიჩნია.
ეს ცენტრი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ორგანოა.
„ბოლო ათწლეულში ბულვარის მიმდებარე მონაკვეთში განხორციელებული აგრესიული ინტერვენციის შედეგად აშენებულმა მაღლივმა შენობებმა – „ანბანის კოშკი“, სასტუმრო „რადისსონ ბლუ“, „პალმა“ და ტექნიკური უნივერსიტეტი, კანონით დადგენილი რეგულაციების დაცვის საჭიროება კი არ შეარბილა, პირიქით, მისი დაცვის აუცილებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა და გააორმაგა. ცხადი გახადა, რომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში განხორციელებული მსგავსი უხეში ჩარევებით ქალაქის თვითმყოფადობას სრული გაქრობის საფრთხე შეექმნა… თუმცა აქამდე გადადგმული უპასუხისმგებლო ქმედებების გამო არ უნდა დავუშვათ ბულვარის, ქალაქის და საზოგადოების დაზარალება“, – წერია დასკვნაში.
სამეცნიერო საბჭო ასევე მიუთითებს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების გზები უნდა გამოიძებნოს ბათუმის ბულვარის, როგორც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ინტერესების უპირატესობის გათვალისწინებით, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
დასკვნაში ნათქვამია ისიც, რომ 2018 წელს თავად კომპანიის დაკვეთით მომზადებული სახელოვნებათმცოდნეო დასკვნაც პირდაპირ მიუთითებს ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი მშენებლობის დაუშვებლობაზე. კერძოდ კი, დასკვნაში, რომელიც დღემდე ინახება სააგენტოში, პირდაპირ საუბარია, რომ დაუშვებელია „მიმდებარედ არსებული ახალი მოცულობითი მასშტაბური ფორმების გამეორება-მიბაძვა“.
სპეციალისტები წერენ, რომ ბულვარში, საბაღე-საპარკო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა კომპანიის მიერ ძეგლის რეაბილიტაციადაა წარმოდგენილი.
კანონმდებლობის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს წარმოადგენს, თუმცა ვერც სააგენტო და ვერც თავად კომპანია ვერ ასაბუთებს, როგორ შეიძლება გააუმჯობესოს ბულვარი, როგორც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მასში მაღალი მასშტაბის ბეტონისა და შუშის სასტუმროს მშენებლობამ, რომელზეც ცალსახა უარყოფითი საექსპერტო და საზოგადოებრივი შეფასებები არსებობს.
___________
ფოტოზე: აქცია ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობის აგების წინააღმდეგ. ფოტო: „ბათუმელები“
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ითვალისწინებს საჯარო სკოლებში ხარისხის განვითარების ჯგუფის შექმნას, რომელმაც უნდა დაადგინოს კონკრეტული მასწავლებლის საჭიროება და დაეხმაროს კვალიფიკაციის ამაღლებაში.
მაგული ჯინჭარაძე სოფელ ქობულეთში და სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ქიმიის წამყვანი მასწავლებელია, რომელიც ამავე დროს ხარისხის განვითარების ჯგუფის ერთ-ერთი წევრიც იქნება. „ბათუმელები“ მას ამ საკითხზე ესაუბრა და ჰკითხა, თუ რა ეტაპზეა მის სკოლაში ხარისხის მართვის ჯგუფის ფორმირება და მისი აზრით, რა უფრო სჯობდა – ახალი მაკონტროლებელი რგოლის შექმნა თუ უკვე არსებული საგნობრივი კათედრების გაძლიერება სკოლაში?
„ჩემი, როგორც ხარისხის ჯგუფის წევრის ვალდებულებაა, დავეხმარო მასწავლებელს, მოვისმინო გაკვეთილები და მივცე ისეთი უკუკავშირი, რაც დაეხმარება მასწავლებელს პროფესიულ წინსვლაში“, – ამბობს მაგული ჯინჭარაძე.
მას ვკითხეთ, რა განსხვავებაა, მისი აზრით, ახლანდელ ხარისხის ჯგუფსა და მანამდე არსებულ შეფასების ჯგუფს შორის? მაგული ჯინჭარაძის თქმით, განსხვავება ის არის, რომ ადრე არსებული შეფასების ჯგუფის წევრ მასწავლებლებს ამ აქტივობაში კრედიტები ენიჭებოდათ, ხარისხის მართვის ჯგუფის წევრებს კი, კრედიტები არ ენიჭებათ. „ძალიან შრომატევადი საქმეა. მე ჩემი გაკვეთილი უნდა გადავანაცვლო ან გადავიტანო, რომ დავეხმარო მასწავლებელს, მივცე უკუკავშირი, შევისწავლო მისი საჭიროებები, ვაჩვენო გზა, ამისთვის მეც მჭირდება მოტივაცია. ადრე ითქვა, რომ ეს შრომა ანაზღაურებადი უნდა იყოსო, მაგრამ რამდენად იქნება, ვერ გეტყვით. მოტივაციის გარეშე შესაძლოა ამ ჯგუფმაც ფორმალური სახე მიიღოს“, – გვითხრა მან.
როგორც ჯინჭარაძე ამბობს, ხარისხის მართვის ჯგუფის დებულების მიხედვით, ჯგუფის წევრს ევალება დაესწროს უფროსი მასწავლებლის სამ, წამყვანის ორ და მენტორის ერთ გაკვეთილს წლის განმავლობაში და ამის მიხედვით განსაზღვროს მისი პროფესიული საჭიროებები.
ჯინჭარაძის თქმით, საგნობრივი ხარისხის განვითარების ჯგუფში შედის დირექტორი, სასწავლო ნაწილი და კათედრის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუკი ხარისხის განვითარების ჯგუფის წევრი ატარებს გაკვეთილს, მას დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე ესწრება გაკვეთილზე, რადგან ეს ორი პირი ამ ჯგუფის მუდმივი წევრია. სხვები კი საგნების მიხედვით იცვლებიან.
სქემის მიხედვით, უფროსი მასწავლებელი ვალდებულია წელიწადში გაიაროს 20 საათი ტრენინგი პროფესიულ განვითარებაში, წამყვანმა 12 და მენტორმა 6 საათი, ამიტომ რა უნდა დაუდგინოს ხარისხის ჯგუფმა მასწავლებელს დამატებით, თუკი ვალდებულებები უკვე გაწერილია წინასწარ?
„ეს დეტალები დასაზუსტებელია, რადგან ერთი მეორეს გამორიცხავს ხოლმე და ეს აჩენს კითხვებს. მაგრამ თუ არ სჭირდება მასწავლებელს ამდენი ტრენინგი, ხარისხის მართვის ჯგუფი სხვა საჭიროებას დაუდგენს მას“, – გვითხრა მაგული ჯინჭარაძემ.
რამდენად ქმედითი იქნება ხარისხის ჯგუფი და ხომ არ დაემსგავსება ის თავის წინამორბედს, – შეფასების ჯგუფს, რომელმაც, როგორც ამბობენ, ფორმალური სახე მიიღო? მაგული ჯინჭარაძის აზრით, „დამატებითი რგოლის შექმნა არ იყო საჭირო, რადგან კათედრებზე ხდება საათების გადანაწილება, გაკვეთილების პროფესიული დაგეგმვა, კათედრები ვისმენთ ყველა პრობლემას და საჭიროებებს და ამ ფუნქციას ისედაც შეასრულებდა კათედრა, თუმცა არის საკითხები, როცა გვიწევს განათლების სამინისტროს პოზიციის გათვალისწინება“.
მაგული ჯინჭარაძეს უფრო ის აწუხებს, რომსკოლებში მეორე სემესტრი დაიწყო, მასწავლებლებს კი სტატუსის შესანარჩუნებელი აქტივობების განხორციელებისთვის ნაკლები დრო რჩებათ. „რატომღაც სკოლები მხოლოდ პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების დაცვაზე არიან გადასული და ამ დეტალებს ნაკლები ყურადღება ეთმობა.
მე, მაგალითად, მოვთხოვე დირექტორს, რომ მომცეს სავალდებულო გაკვეთილების ჩატარების საშუალება, რომელიც როგორც წამყვან მასწავლებელს მევალება წლის განმავლობაში. ასევე, ახალი სქემა ყურადღებას აქცევს მასწავლებლის პორტფოლიოს და აქტივობები ხომ უნდა გავაკეთოთ?“- ამბობს ის.
სკოლებში ხარისხის ჯგუფის შექმნაზე ბათუმის მე-3 საჯარო სკოლისა და სკოლა „განათლებას“ მასწავლებელს მაია მენაბდესაც ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ ამ პროცესში ნაკლებად არის ჩართული და ზუსტად არც კი იცნობს ხარისხის განვითარების ჯგუფის ფუნქციებს. თუმცა ფიქრობს, რომ დამატებითი მაკონტროლებელი რგოლების შექმნას სკოლის ბაზაზე, უკვე არსებულის გაძლიერება სჯობდა.
„ვფიქრობ, საგნობრივი კათედრების გაძლიერება იქნებოდა უკეთესი, ეს პროცესი დაიწყო კიდეც ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, რადგან საკათედრო მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და მასწავლებლის პროფესიული საჭიროებების დადგენა სწორედ ამ კათედრების მოვალეობა იყო.
თუმცა კარგია თუ არა მასწავლებელი, ამის ერთადერთი ინდიკატორი არის მოსწავლეების შედეგები და სხვანაირად არ ვიცი კიდევ როგორ უნდა შეფასდეს. რადგან წელიწადში 2-3 გაკვეთილის დაკვირვებით ნამდვილად ვერ განსაზღვრავ მასწავლებლის პროფესიონალიზმს“, – ამბობს მენაბდე.
მისი აზრით, პროფესიულ საჭიროებებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, „თუმცა კოლეგიალური მიდგომაა საჭირო და არა ჩასაფრებული პოზიციიდან ან ზემოდან მითითებით.“
„მეც მჭირდება, რომ ვიღაცამ კრიტიკული თვალით შეხედოს იმას, რასაც ვაკეთებ, მირჩიოს, როგორ შეიძლება გავაკეთო უკეთესად. ეს თანამშრომლობითი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მოიკოჭლებს დღეს სკოლებში, ამიტომ იყო ეს კათედრებიც უფუნქციო“, – ამბობს მაია მენაბდე.
მიიღებენ თუ არა ხარისხის ჯგუფის წევრები დამატებით ანაზღაურებას სკოლაში? – ამ კითხვით მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ ასეთი დეტალები დაზუსტებული არ არის, რადგან ხარისხის განვითარების ჯგუფებმა პირველ ეტაპზე შესაძლოა საპილოტე რეჟიმში იმუშაონ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 17 თებერვლის 21 საათიდან ხვალ, 18 თებერვლის 21 საათამდე, აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, თოვა.
აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ზვავსაშიშროება.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 2 გრადუსი ყინვა
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 19-20 თებერვალს, დროგამოშვებით კვლავ ითოვებს.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ სუბტროპიკულ ზონაში შესაძლებელია გამოიწვიოს ციტრუსოვანი კულტურების, განსაკუთრებით ლიმონის დაზიანება.
________________
ფოტოზე: თოვლი ბათუმში. 20 იანვარი, 2021 წელი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
„ეს არის კომუნიკაციის პრობლემა, რაც აზარალებს პროცესს,“ – მიიჩნევენ მესამე სექტორის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიდგომაზე, როცა ის მოქალაქეებს არ ხვდება, ან ამბობს, რომ შეხვდება, ოღონდ მედიის გარეშე.
მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრების ტენდენცია ძლიერდება, რაც პრობლემას ვერ აგვარებს.
„10 დღეში უფრო მეტნი ვიქნებით და ისევ მოვალთ“, – ამ განცხადებით დაიშალა გუშინ, 15 თებერვალს, საპროტესტო აქციააჭარის მთავრობის სახლის წინ. აქცია სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფმა გამართა, მათ შორის იყვნენ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ თორნიკე რიჟვაძეს განსაკუთრებით ემადლიერებოდნენ, გუშინ კი იგივე ჯგუფი ასევე განსაკუთრებული მონდომებით აკრიტიკებდა თორნიკე რიჟვაძეს – ითხოვდნენ მასთან შეხვედრას და კონკრეტული დოკუმენტის შემუშავებას, რაც განსაზღვრავს, ვინ მიიღებს ბინას.
მსგავსი აქცია აჭარის მთავრობასთან გასულ კვირასაც გაიმართა. მაშინ და ახლაც აქციის მონაწილეებს მთავრობის აპარატის წარმომადგენელმა უთხრა, რომ თორნიკე რიჟვაძე სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდებოდა, ოღონდ ჟურნალისტების გარეშე. გუშინ აქციის მონაწილეები ამ პირობას დათანხმდნენ, თუმცა მთავრობის სახლში შესულ აქციის მონაწილეებს რიჟვაძის ნაცვლად დახვდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – რამაზ ჯინჭარაძე , ვისთან კომუნიკაციის პრობლემა აქციის მონაწილეებს ისედაც არ აქვთ. მოქალაქეებმა ეს შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„ეს არის არაჯანსაღი“ – კატეგორიულია ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ის იხსენებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მუდმივად დახურულ კარს მიღმა ითხოვს შეხვედრების გამართვას.
„ბოლო დროს მუდმივად ასეა, როცა საზოგადოება ან საინიციატივო ჯგუფი ითხოვს შეხვედრას… თვლიან, რომ ასე უფრო შესაძლებელია პოზიციების შეთანხმება, მაგრამ ეს არის არაჯანსაღი, მით უმეტეს, როცა მოქალაქეები ითხოვენ ამას. თუკი შენს ხელშია პრობლემის მოგვარების ბერკეტები, გაუგებარია, რატომ არ უნდა იყოს ეს პროცესი გამჭვირვალე? რატომ არ უნდა აშუქებდეს ამას მედია?“ – კითხულობს ნათია აფხაზავა.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი, ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ ყველა მოქალაქეს, ვისაც პრობლემა აქვს, შესაძლოა მთავრობის თავმჯდომარე ვერ შეხვდეს და ეს გასაგებიცაა, მაგრამ როცა სხვადასხვა სოციალური ჯგუფი აქციაზე გამოდის, ჩანს, რომ მათ მინიმუმ საჯარო უწყებებთან კომუნიკაციის პრობლემა აქვთ.
„ვფიქრობ, უნდა არსებობდეს კომუნიკაციის ისეთი ფორმები, რომ ყველა პრობლემასა და კითხვაზე მოქალაქე არ მირბოდეს მთავრობის თავმჯდომარესთან კითხვების დასასმელად. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაც პრობლემაა, არსებობს რიგი სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ვალდებულნი არიან, მოაგვარონ კონკრეტული პრობლემები და მინიმუმ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მოქალაქეებს. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ „ოცნების ქალაქზე“, იქ მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, რა კრიტერიუმებით დაარიგებენ საცხოვრებელ ბინებს. იქ შენდება საცხოვრებელი კორპუსები, შესაბამისად, ეს ადამიანები ცდილობენ იმის გაგებას, მათ ეკუთვნით თუ არა ბინა,“ – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.
ასლან ჭანიძე და ნათია აფხაზავაც იხსენებენ, რომ „ოცნების ქალაქს“ თორნიკე რიჟვაძე რამდენჯერმე ესტუმრა. ასლან ჭანიძე იხსენებს თორნიკე რიჟვაძეს „ოცნების ქალაქში“ ოვაციებითაც რომ დახვდნენ, როცა იქ მცხოვრებმა ადამიანებმა საცხოვრისის დაპირება მიიღეს. იყო რამდენიმე შეხვედრაც მედიის გარეშე, თუმცა, საბოლოოდ, არ არსებობს დოკუმენტი იმაზე, თუ ვის ერგება ბინა „ოცნების ქალაქში“. ამ მოთხოვნას მესამე სექტორი 2012 წლიდან ააქტიურებს.
„ამიტომაც ითხოვენ ახლა ასე დაჟინებით აქციის მონაწილეები მედიის თანდასწრებით შეხვედრას. მედია იძლევა პროცესის გამჭვირვალედ მართვის შესაძლებლობას…“ – აღნიშნავს ნათია აფხაზავა.
„ბუნებრივია, მთავრობის თავმჯდომარემ უნდა შეარჩიოს მისთვის მისაღები კომუნიკაციის ფორმები, მაგრამ ჩანს, რომ კომუნიკაციის პრობლემა არსებობს… მედია არის შესაძლებლობა, ესაუბრო საზოგადოებას, მათ შორის მეც, როგორც მოქალაქეს, მაინტერესებს რაში დაიხარჯება ეს ფული, რაც „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად გამოიყო. მე არ ვთვლი, რომ ყველას, ვინც ცხოვრობს „ოცნების ქალაქში“, ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი…“ – მიიჩნევს ასლან ჭანიძე.
ნათია აფხაზავასთვის გუშინდელი დღე და საპროტესტო აქცია კარგი მაგალითია ასევე იმის საჩვენებლად, თუ რა შეიძლება მოხდეს მედიის გარეშე, როცა რჩები მთავრობასთან დახურულ კარს მიღმა. საუბარია შემთხვევაზე, როცა თორნიკე რიჟვაძის ნაცვლად აქციის წარმომადგენლებს მთავრობის სახლში ისევ რამაზ ჯინჭარაძე დახვდა, რომელიც მანამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოვიდა აქციაზე და ისედაც ხშირად ხვდება ამ მოქალაქეებს.
„მედიის გარეშე როცა შედიხარ, არ იცი, რა დაგხვდება, ვინ იქნება მაგიდასთან, ასეთი თამაშის წესის გარეშე მოქმედება არაა სახელმწიფოებრივი და დიალოგის გზით პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული,“ – აღნიშნავს ნათია აფხაზავა.
ასლან ჭანიძისთვის კი არ იყო მოულოდნელი გუშინდელი დღე. „თორნიკე რიჟვაძის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო ის, რომ აამოქმედა ძველი დოკუმენტი და მთავრობის სხდომები დახურა,“ – აღნიშნა ასლან ჭანიძემ.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების აზრით, კომუნიკაციის ამ ფორმით მოსახლეობაში უკმაყოფილების შეგრძნება იზრდება. რატომ შეიძლება აწყობდეს თორნიკე რიჟვაძის მასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გაზრდა?
„მე ვფიქრობ, უფრო საქმე გვაქვს პიროვნულ სიჯიუტესთან, აქვს რაღაც პრინციპებისადმი ერთგულება თითქოს, რომელიც ამ თანამდებობისთვის შესაფერისი არ არის. გამოცდილება აჩვენებს, რომ რაც უფრო ვშორდებით მოქალაქეებს და არ ვესაუბრებით მათთვის გასაგებ ენაზე, ეს აისახება შემდეგ ნდობაზე, დამოკიდებულებაზე, არჩევნებზე… ხელისუფლების ვალდებულებაა იზრუნოს მოქალაქეების ინტერესების დაკმაყოფილებაზე. როცა ვერ პოულობ კომუნიკაციის გზას, გამოდის, რესურსი ამოწურე და აღარ ხარ ორიენტირებული ხალხზე,“ – მიიჩნევს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი.
„ყოველთვის ჯობია, ადამიანებს გასცე პასუხი, თუნდაც ეს მის უკმაყოფილებას იწვევდეს და არ მისცე, არ ამყოფო ფუჭი დაპირების პირობებში. ჯობია, ადამიანებს უთხრა, რომ რაღაც შენს კომპეტენციაში არ შედის, მაგალითად, იპოთეკარების, რომლებიც ასევე იყვნენ გუშინდელ აქციაზე. ამ ადამიანებთან უნდა მიიტანო სწორი ინფორმაცია და აუხსნა, რომ ეს არის კერძო კომპანიასა და სუბიექტს შორის არსებული დავა და აჭარის მთავრობა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს… საჯაროობა ყოველთვის ჯობია. შესაძლოა, საჯაროობა იყოს რთული პროცესი, მაგრამ საჯაროობით ხარ დაცული“, – გვეუბნება ასლან ჭანიძე.
როგორ დაიცავს საჯაროობა, მაგალითად, თორნიკე რიჟვაძეს? – ესეც ვკითხეთ ასლან ჭანიძეს.
კითხვის პასუხად ასლან ჭანიძე წაბლანელების შემთხვევა გაიხსენა – მათ სოციალური სახლი აუშენეს, თუმცა საპროტესტო აქციები ამ დრომდე არ სრულდება. წაბლანელები ამბობენ, რომ მათთვის თეთრი კარკასი უნდა ჩაებარებინათ და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ეს დაპირება მიიღეს, ხელისუფლება კი ირწმუნება, დაპირება შევასრულეო.
„არ არსებობს, არავის გამოუქვეყნებია დოკუმენტი, სადაც გაწერილია, რა სახით უნდა ჩაბარებოდათ ბინები წაბლანელებს… ეს შემთხვევა აჩვენებს, რატომაც არის საჭირო დოკუმენტი, როცა ხელისუფლებას და ადამიანებს შორის კომუნიკაციას ეხება საქმე,“ – მიიჩნევს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.
წაბლანელებმა საპროტესტო აქცია 14 თებერვალსაც გამართეს. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში კი პროტესტის ნიშნად სოფელ წაბლანაში საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდა.
თორნიკე რიჟვაძე რამდენჯერმე შეხვდა „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებს. გუშინაც მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ აქ მშენებარე თითოეულ საცხოვრებელ კორპუსში 580 ოჯახი მიიღებს ბინას. ეს და წინამდებარე განცხადებები ხომ არ ნიშნავს იმას, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ საკითხზე დამატებით აღარაფერი აქვს სათქმელი?
„2012 წლიდან სახელმწიფო ამბობს, რომ შეიმუშავებს კრიტერიუმებს, მაგრამ ის არ არსებობს. არ არის ცნობილი, ვინ მიიღებს ბინას,“ – განმარტავს ასლან ჭანიძე. მისი აზრით, აჭარის მთავრობა ვალდებულია არათუ ამ კონკრეტულ ჯგუფს, არამედ ზოგადად საზოგადოებას განუმარტოს, ვინ იცხოვრებს ახალ კორპუსებში, „ოცნების ქალაქში“ რომ შენდება და ხალხის ფული იხარჯება.
„სახელმწიფო ვალდებულია ადამიანები უზრუნველყოს საცხოვრისით, მაგრამ იქ არის გარკვეული კატეგორია, რომელსაც არ ეკუთვნის. კრიტერიუმების ჩამოყალიბება ამ ყველაფერს დაალაგებდა და ყველა გაიგებდა, ვის ეკუთვნის და რატომ. ჩვენ 2012 წლიდან ვითხოვდით ამას. „ოცნების ქალაქში“ ამ კითხვას გაღიზიანებაც მოჰყვა, მოვაგვარეთ მთავრობასთან და თქვენ რა გინდათო, მაგრამ ასე არ მოხდა… კომუნიკაცია ამ ადამიანებს და ხელისუფლებას შორის მორღვეულია და ყველა ცდილობს ახლა მივიდეს მთავრობაში და რაღაც მიიღოს,“ – მიიჩნევს ასლან ჭანიძე.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების უმოქმედობა შეიცავს რისკებსაც.
„ამ კრიტერიუმების დადგენა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ეს შეაჩერებს სხვა პროცესებს. გუშინწინ ჩვენ ვნახეთ, რომ სადღაც ისევ შევიდნენ მოქალაქეები ძალისმიერი მეთოდებით… ყველა ჩათვლის, რომ მეც მეკუთვნის რაღაც სახელმწიფოსგან იმის მიუხედავად, ვარ ეკომიგრანტი თუ არა, დამეწვა სახლი თუ არა, წვიმა ჩამომდის თუ არა სახლში,“ – აღნიშნა ასლან ჭანიძემ.
„როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ გავაკეთებ კომენტარს,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, როცა მას ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე ვკითხეთ. ბოლო პერიოდში თორნიკე რიჟვაძე ბრიფინგს მედიასთან დახურული სხდომების შემდეგაც აღარ აწყობს.
პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე არასრულწლოვნის ბაბუას ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ს.ც.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს ნ.ც.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცავებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა.
ს.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.
___________________
9 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება. გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში შეღწევას და თვითმკვლელობამდე მიყვანას.
ამ საქმეზე 15 თებერვალს პოლიციამ ასევე დააკავა დაღუპული გოგოს ბაბუა, მუქარისა და ძალადობის ბრალდებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 923.1 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.2 პროცენტით მეტია.
ამავე მონაცემებით, ქვეყანაში ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 11.0 პროცენტით შემცირდა და 793.0 ათასი სული შეადგინა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს:
ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 449.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.7 პროცენტით აღემატება.
ღორის რაოდენობა 155.2 ათასი სული იყო, რაც 0.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ფრინველის რაოდენობამ 9.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 99.7 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.3 პროცენტით მეტია. 2020 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 572.5 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.9 პროცენტით აღემატება 2019 წლის შედეგს.
2020 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 22.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია. 2020 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 69.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს უტოლდება.
2020 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 162.6 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით ნაკლებია. 2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი და 2019 წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა.
საქართველოში ნახევარმილიონზე მეტი მოქალაქე ვალს დროულად ვერ იხდის. ქვეყანაში დღეს 545 029 ფიზიკურ პირს ბანკის, მიკროსაფინანსო თუ სხვა ორგანიზაციის ვადაგადაცილებული სესხი აქვს. სესხის ჯამური მოცულობა 2,4 მილიარდს აჭარბებს [ექვივალენტი ლარში]. გარდა ამისა, 9 669 პირი არის თანამსესხებელი, ხოლო 90 487 პირი – გარანტორი.
„დაკანონებული ყაჩაღობა“ – ასე აფასებენ სახელმწიფოს პოლიტიკას საფინანსო სექტორში ის მოქალაქეები, რომლებიც სესხის დროულად გადახდას პანდემიის პირობებში შემოსავლების დაკარგვის გამო ვერ ახერხებენ. ამ ადამიანების ერთი ჯგუფი 15 თებერვალს აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზეც შეიკრიბა.
„გადაგვივადონ სესხი ისე, რომ რეალური შეღავათი მივიღოთ“, „დააწესონ დაბალი პროცენტი,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ.
„პანდემიის დროს შემექმნა სესხის პრობლემა. გასული წლის მაისში იყო გადავადება, დავრეკე ბანკში და ვუთხარი, რომ თუ პროცენტი მომემატება, ასეთი გადავადება არ მაწყობდა. არაო მითხრეს, უბრალოდ, თქვენი ვალდებულება სამი თვით იქეთ გადაიწევსო. ეს მაწყობდა. ვადის გასვლის შემდეგ [გზავნილებზე მაქ სესხი და იცით ევროპაშიც რა სიტუაციაა] კიდევ დამჭირდა გადავადება – მთავრობამაც გამოაცხადა, დაწერეთ განცხადება და ინდივიდუალურად განიხილავს ბანკებიო. კი გადაგივადეს, მაგრამ ძალიან ცუდი პირობებითო. ჯერ 927 ლარს ვიხდიდი თვეში, მოემატა და ახლა 1026 ლარი ერთი წელი უნდა ვუხადო ბანკს ისე, რომ ჩემს სასესხო ვალდებულებას [ძირს] არ აკლდება არაფერი. ასეთი დახმარება რად მინდოდა? ვითხოვთ საბანკო პოლიტიკა გადაიხედოს, მთავრობამ ყურად იღოს, რომ საპროცენტო განაკვეთები მაინც დაიწიოს. ბანკიდან სესხი რომ გამომაქვს, უბედურებაში კი არ უნდა ჩავვარდე, ჩემი მდგომარეობა უნდა გავიუმჯობესო. 14%-ში მაქვს სესხი. ძლიერი ეკონომიკა რომ აქვს, იმ ქვეყნებში არ არის ამხელა პროცენტი. ეს აუცილებლად მისახედია“, – ამბობს ბათუმში მცხოვრები მაია მელიქიძე.
„გადავადების პერიოდში 6 თვე რაც უნდა მეხადა, 1140 ლარი, ის დაემატა ძირს [ჯამში 6 ათასამდე ლარი] და ამ დამატებულ ძირს დაერიცხა შემდეგ პროცენტი და გამიძვირდა სესხი. იპოთეკური სესხი მაქვს. კარგი იქნება, დაბალპროცენტიანი რომ იყოს ეს სესხები და უფრო გრძელვადიანი. სახელმწიფოს დახმარებით კი გამოვიტანე სესხი, მაგრამ თუ ვერ გადავიხადე, ეს რაღა დახმარებაა. რაღაცნაირად გავაგრძელე გადახდა, მაგრამ სესხი გამიძვირდა… ის, რაც აქამდე გადავიხადე, თითქოს არც გადამიხდია, ისევ ხელახლა დავიწყე გადახდა. დრო მაინც გაგვიხანგრძლივონ, რომ თვეში ნაკლები გადასახადი გვქონდეს. იმ სამუშაოს და ხელფასების პირობებში, რაც ჩვენს ქვეყანაშია, როგორ უნდა გავაგრძელო გადახდა, არ ვიცი“, – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე ირმა მიქელაძე.
ლალი ზაქარეიშვილი იმ ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვაზე მუშაობს. მისი თქმით, პანდემიის გამო დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა: „დაყადაღებულია მთელი საქართველო ამ იპოთეკური სესხების გამო და ახლა ამ ძველ დაზარალებულთა ჯგუფს დაემატა მომართვიანობა პანდემიის დროს გადავადებულ სესხებთან დაკავშირებით. პირველი გადავადება იყო სამი თვით, შემდეგ კიდევ სამი თვით და გამოვიდა ისე, რომ მორიგი აფიორა გაითამაშეს ისევ ბანკების სასარგებლოდ. ევროპაში, მაგალითად, [მაქვს შეხება და ვიცი] ძირიც დაპაუზდა, პროცენტიც და უთხრეს 6 თვის შემდეგ გააგრძელეთ იქედან, სადაც იყო სესხი გაჩერებულიო. ჩვენთან კი, განახლებული ხელშეკრულებებით ისე შედგა გრაფიკი, ერთი წელი მსესხებელი იხდის გიგანტურ დანამატს. არის შემთხვევები, როცა 12 ათასი ლარი მიაქვს წლის განმავლობაში ბანკს ისე, რომ ძირს არ აკლდება არაფერი. რა დავარქვათ ამას, ეს არ არის ოფიციალურად დაკანონებული ყაჩაღობა?“
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, 30 დღით და მეტით ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკა საქართველოში ასე გამოიყურება:
[crosslist]
308 340 ფიზიკურ პირს აქვს კომერციული ბანკების სესხი. ვადაგადაცილებული სესხების ჯამური მოცულობა – 1 758 057 941 ლარი;
222 673 ფიზიკურ პირს აქვს სხვა რეგულირებადი სუბიექტების [მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სხვ.] სესხი, სადაც ვადაგადაცილებული სესხების ჯამური მოცულობა 642 569 957 ლარია;
14 016 ფიზიკურ პირს კი, სესხი აღებული აქვს არარეგულირებადი სუბიექტებისგან, სადაც ვადაგადაცილებული სესხების ჯამური მოცულობა 82 637 736 ლარია.
[/crosslist]
„ბათუმელებს“ არაერთმა მოქალაქემ უთხრა, რომ პანდემიის შედეგად სამსახურის/შემოსავლების დაკარგვის გამო ვერ იხდის სესხს. უმეტესობას სესხი უზრუნველყოფილი აქვს საცხოვრებელი ბინით/სახლით და დგანან ამ ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე. ეს ადამიანები გამოსავალს სესხის გადავადებაში ხედავენ, რაზედაც, მათივე თქმით, კომერციული ბანკები უარს ეუბნებიან.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა რამდენიმე ბანკს, ასევე ეროვნულ ბანკს და საქართველოს მთავრობას, იმის გასარკვევად, თუ რას აკეთებს ამ კატეგორიის მოქალაქეების დასახმარებლად სახელმწიფო.
როგორც აღმოჩნდა, „სესხის გადავადებას, რესტრუქტურიზაციასა და რეფინანსირებას კომერციული ბანკები მსესხებლებს სთავაზობდნენ და სთვაზობენ თავისი შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად“ და სახელმწიფო ამ საკითხში არ ერევა.
„ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობას ამ კითხვებით მიმართა:
1. განიხილება თუ არა საქართველოს მთავრობაში იმ ფიზიკური პირების პრობლემურ სესხებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებმაც სამსახური/შემოსავალი პანდემიის გამო [მათ შორის, დაწესებული შეზღუდვების შედეგად] დაკარგეს?
2. აქვს თუ არა მთავრობას ინფორმაცია რამდენი ფიზიკური პირი ვერ ახერხებს კომერციული ბანკებისთვის სესხის გადახდას დღევანდელი მდგომარეობით?
3. განიხილება თუ არა მთავრობაში ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის რაიმე სახით დახმარება [მაგალითად, კონსულტაციები კომერციულ ბანკებთან სესხის გადავადებაზე]?
4. ხომ არ იგეგმება ქვეყნის ბიუჯეტიდან ან/და დონორებისგან მიღებული თანხის ნაწილის იმ კუთხით მიმართვა, რომ ფიზიკურმა პირებმა შეღავათი მიიღონ პრობლემურ სესხებთან მიმართებაში?
2021 წლის 24 იანვარს გაგზავნილი წერილზე მთავრობამ არ გვიპასუხა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნა. ფინანსთა სამინისტრომ 10 თებერვალს მოგვწერა, რომ „2020 წელს ამუშავდა ბიზნესის მხარდაჭერის საკრედიტო საგარანტიო სქემა, გაეშვა პროგრამა თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე, ბიზნესის ხელშეწყობის დამატებითი ეფექტური მექანიზმი სამშენებლო სექტორის მიმართულებით.“
ფინანსთა სამინისტროს წერილიდან ირკვევა, რომ ბიზნესისგან განსხვავებით „დამატებით, ფიზიკური პირების სესხებთან მიმართებაში რაიმე ტიპის შეღავათები ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული“.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2021 წლის 27 იანვრის წერილით წარმოდგენილი თქვენი განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ შემდეგს:
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებიდან გამომდინარე, ეკონომიკის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების საპასუხოდ 2020 წელს ამუშავდა ბიზნესის მხარდაჭერის საკრედიტო საგარანტიო სქემა, გაეშვა პროგრამა თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე, ბიზნესის ხელშეწყობის დამატებითი ეფექტური მექანიზმი სამშენებლო სექტორის მიმართულებით.
ზემოაღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ:
51 მილიონი ლარი მიიმართა სასტუმრო, სარესტორნო და ივენთ კომპანიების ბიზნესსესხების თანადაფინანსებაზე „24 07 03 01 – მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების“ პროგრამული კოდის ასიგნებებიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილებების შესაბამისად [„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მარტის N177 დადგენილება; „სახელმწიფო პროგრამის – ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის N678 დადგენილება; „სახელმწიფო პროგრამის – თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის” დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის N728 დადგენილება];
ბიზნესკრედიტების უზრუნველყოფისათვის საგარანტიო თანხა 47 მილიონი ლარის ოდენობით „24 07 03 02 – საკრედიტო საგარანტიო სქემის“ პროგრამული კოდის ასიგნებებიდან განთავსებულ იქნა სახელმწიფო ხაზინაში და კომერციულ ბანკებში [სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“
სადეპოზიტო ანგარიშებზე] „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N163 დადგენილების შესაბამისად.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული მიზნით გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი „24 07 03 03 – საკრედიტო საგარანტიო სქემის“ პროგრამული კოდის ასიგნებებში;
24 07 03 03 – სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ პროგრამული კოდის ასიგნებებიდან მიიმართა 9.0 მილიონი ლარი იპოთეკური კრედიტების უზრუნველყოფისა და თანადაფინანსებისათვის, „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის” სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის N387 დადგენილების შესაბამისად.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული მიზნით გათვალისწინებულია 35 მილიონი ლარი „24 07 03 01 – სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“
პროგრამული კოდის ასიგნებებში.
ბიზნესსესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
აქვე გაცნობებთ, რომ დამატებით ფიზიკური პირების სესხებთან მიმართებაში რაიმე ტიპის შეღავათები ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული“.
[/toggle]
განიხილება თუ არა ეროვნულ ბანკში იმ ფიზიკური პირების პრობლემურ სესხებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებმაც სამსახური/შემოსავალი პანდემიის გამო [მათ შორის, დაწესებული შეზღუდვების შედეგად] დაკარგეს? ასევე, ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის რაიმე სახით დახმარების აღმოჩენა [მაგალითად, კონსულტაციები კომერციულ ბანკებთან სესხის გადავადებაზე, რაიმე დროებითი რეგულაციების შემოღება და სხვა]? – ეს კითხვები ეროვნულ ბანკს გავუგზავნეთ.
„Covid19-ის პანდემიით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან გამკლავებისათვის კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს რამდენიმე ეტაპად შესთავაზეს ვალდებულებების გადავადეების, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირების შესაძლებლობა. მსგავსი ღონისძიებების მიზანია მსესხებელთა შემოსავლების შემცირებით გამოწვეული დროებითი ფინანსური სირთულეების დაძლევა. პროცესში ბანკები ხელმძღვანელობდნენ შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით მიდგომები მსესხებლებთან მიმართებაში იყო განსხვავებული გადახდის გრაფიკის, საშეღავათო პერიოდის ხანგრძლივობისა და ა.შ. გათვალისწინებით. მიმდინარე ეტაპზე ბანკები კვლავ ინტენსიურად და ინდივიდუალურად განიხილავენ მსესხებლის თითოეულ მიმართვას და გადავადება, რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირებაზე მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას“, – მოგვწერეს ეროვნული ბანკიდან.
ეროვნული ბანკი ასევე გვწერს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა საზედამხედველო ღონისძიებებმა მაქსიმალურად ხელი შეუწყო აღნიშნული პროცესის ეფექტიან განხორციელებას“.
ეროვნულ ბანკს დამატებით ვთხოვეთ ,დაეკონკრეტებინა რა საზედამხედველო ღონისძიებები გაატარა ამ კუთხით და ეს ღონისძიებები უშუალოდ პანდემიიდან გამომდინარეობდა თუ არა [იყო თუ არა რაიმე რეგულაცია ბანკების მიმართ? არის თუ არა გაფორმებული რაიმე მემორანდუმი და სხვა]?
„სესხის გადავადებებს, რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირებებს კომერციული ბანკები მსესხებლებს სთავაზობდნენ და სთვაზობენ თავისი შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად“ – მოგვწერეს ეროვნული ბანკიდან.
„ბათუმელები“ რამდენიმე კომერციულ ბანკსაც დაუკავშირდა, რომლებსაც კითხვები წერილობით გავუგზავნეთ.
გვაინტერესებდა, რა პროცესები მიდის კონკრეტულ ბანკში ფიზიკური პირების პრობლემური სესხების გადავადების ან პანდეემიით დაზარალებული კლიენტებისთვის განსხვავებული პირობების შესაძლო შეთავაზების კუთხით და რა შეღავათებს სთავაზობს ბანკი მათ, ვინც პანდემიის პირობებში შემოსავლის/სამსახურის დაკარგვის გამო ვერ იხდის სესხს? – ამ და სხვა კითხვებზე ბანკებიდან მხოლოდ ზოგადი პასუხები მივიღეთ.
„საქართველოს ბანკი, როგორც მომხარებელზე ორიენტირებული ბანკი, ცდილობს გაითვალისწინოს არსებული მდგომარეობა და მომხმარებელს, რომელიც საჭიროებს რესტრუქტურიზაციას, შესაძლებლობის ფარგლებში სთავაზობს მასზე მორგებულ გადახდის გრაფიკს. თითოეული ასეთი მომხარებლის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და ბანკი მაქსიმალურად ცდილობს დააკმაყოფილოს მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე მისი ინტერესი“, – მოგვწერეს „საქართველოს ბანკიდან“.
„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით კი „მომხმარებლებს, ვინც დაკარგა შემოსავალი და ვეღარ ახერხებს სესხის გადახდას, ვთავაზობთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობას 2021 წლის მარტის ჩათვლით. საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის მომხმარებელზე დარეგისტრირდება ახალი სესხი. რამდენიმე სესხის შემთხვევაში, ყველა სესხი გაერთიანდება ერთ სესხად. ყველა მომხმარებელს, ვინც დაკარგა შემოსავალი, შეუძლია მიმართოს ბანკს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე“.
„თიბისი ბანკში“ ასევე გვითხეს, რომ სესხის გადავადებაზე მსესხებელთა „მომართვის ძირითადი მიზეზი არის შემოსავლის დაკარგვა ან შემცირება“.
მსესხებელთა რამდენი პროცენტი ვერ იხდის სესხს, რამდენმა მიმართა ბანკს, რამდენმა მოახდინა სესხის რესტრუქტურიზაცია და სხვა სტატისტიკა ბანკებიდან ვერ მივიღეთ.
ერთ-ერთ ბანკში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის მხარდამჭერი პაკეტი 1,1 მილიარდი ლარითაა განსაზღვრული. აქ ერთ-ერთ პუნქტად მითითებულია – „საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა შეიზღუდა დეკემბერ-იანვარში“, თუმცა, რას გულისხმობს ეს „შესაძლებლობა“, დაკონკრეტებული აღარ არის.
2021 წელს 200-ლარიანი დახმარება [იანვარში] 106 080 პირს ჩაერიცხა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დასაქმებული იყვნენ გასულ წელს, მაგრამ პანდემიის გამო დეკემბერში უხელფასოდ დარჩნენ.
2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი, პანდემიის გამო სამსახური 161 905-მა პირმა დაკარგა. ამავე პერიოდისთვის შემოსავლის გარეშე დარჩა კიდევ 248 823 თვითდასაქმებული. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა იმ პირების, რომლებზეც 200 და 300-ლარიანი კომპენსაციები გაიცა.
—
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფომ სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან ჯამში 540 მილიონი აშშ დოლარი და 1,6 მილიარდი ევრო ისესხა. 2020 წლის ოქტომბერში აღნიშნული სესხიდან საქართველოში უკვე ჩამორიცხული იყო ჯამში 2,4 მილიარდი ლარი:
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა საზოგადოება „ბათომს“ ძეგლების საბჭოში წარდგენილიკანდიდატურის, შოთა გუჯაბიძის საბჭოში შეყვანაზე უარი უთხრა, მიზეზად კი მისი კვალიფიკაცია დაასახელა:
„წარმოდგენილ პირს გააჩნია სამშენებლო და კინოსარეჟისორო განათლება, რაც არ შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს.“
შოთა გუჯაბიძე ამავე საბჭოდან სააგენტოს დირექტორმა საბჭოს დისკრედიტაციის ბრალდებით დაითხოვა. გარდა ამ გადაწყვეტილებისა, 2021 წლის 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მასთან არსებული სათათბირო ორგანოს საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესიშეცვლა.
„ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ასევე იმ ფაქტზე, რომ საზოგადოება ბათომის მიერ საბჭოს წევრის კანდიდატურად წარმოდგენილ იქნა იმ პირის კანდიდატურა, რომელსაც ცოტა ხნის წინ სააგენტოს დირექტორის არგუმენტირებული გადაწყვეტილებით შეუწყდა უფლებამოსილება. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მათ შორის იმ მოტივით, რომ საბჭოს კონკრეტული წევრის მიერ ხშირ შემთხვევაში საკითხის განხილვა ხდებოდა არაპროფესიული კუთხით“ – წერს ზაურ ახვლედიანი „ბათომის“ თავმჯდომარეს, ნინო ინაიშვილს.
ამავე წერილით სააგენტოს დირექტორი სთხოვს „ბათომის“ თავმჯდომარეს ახალი კანდიდატურა 20 თებერვლამდე წარადგინოს. იმ შემთხვევაში კი, თუ „ბათომი“ ასეთ კანდიდატურას არ წარადგენს, სააგენტო იგივე მოთხოვნით სხვა ორგანიზაციებს მიმართავს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანო მსჯელობს საპროექტო დოკუმენტაციაზე, რომელსაც ნებართვის მისაღებად წარმოადგენს ნებართვის მაძიებელი ან ნებართვის მფლობელი. საბჭოში მსჯელობის შედეგად რეკომენდაცია ნებართვის გაცემაზე ან უარის თქმაზე ეგზავნება სააგენტოს დირექტორს.
დღეს, 16 თებერვალს, ხელვაჩაურის მერიასთან მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე. ისინი პანდემიის პირობებში დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ, რომლის პირობებშიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, მიკროავტობუსების მოძრაობა შეზღუდულია.
მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ბადრი შუშანიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვების მოხსნა ხელვაჩაურის მერიას არ შეუძლია.
„ომია ახლა. სავალდებულოა, რომ ყუმბარები იყოს და ჭურვები? ასეთი ომი რომ იყოს, არ მგონია მიკროავტობუსებს ევლოთ. ნელ-ნელა ყველაფერი მოწესრიგდება. მერია უბრალოდ შუამავალია მოსახლეობასა და საკოორდინაციო საბჭოს შორის. სხვას ვერაფერს მოგახსენებთ,“ – ამბობენ მერიის პრესსამსახურში. აქვე გვითხრეს, რომ მძღოლებთან მოლაპარაკება გაგრძელდება.
ხელვაჩაურში მცხოვრები არაერთი მოქალაქე მუშაობს ბათუმში, სოფლებში მიკროავტობუსების შეზღუდვის გამო კი მათ გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ამ დრომდე არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი, როდის განახლდება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილება.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ აღსაზრდელებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გაცემა განაახლა.
გასულ წელს, როცა პანდემიის გამო ბაღები დაიხურა, პროდუქტებს ბავშვებს ყოველთვიურად ურიგებდნენ. მიმდინარე წლის იანვარში კი, გაერთიანებამ პროდუქტი არ დაარიგა.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ გაიცა პროდუქტი მაშინ, როცა ბათუმის ბიუჯეტი დეკემბერში დამტკიცებული იყო, ბაღების გაერთიანება კი ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„საქართველოს მთავრობის დადგენილებით 3 იანვრიდან 18 იანვრამდე გამოცხადდა უქმე დღეები, ამიტომ აღსაზრდელებზე პროდუქტების გაცემის დრო განისაზღვრა 2021 წლის 18 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით. 15 თებერვლიდან დავიწყეთ თვე-ნახევრის პროდუქტის გაცემა აღსაზრდელებზე,“ – მოგვწერეს ბაღების გაერთიანებიდან.
გაერთიანებაში ასევე გვითხრეს, რომ ამჯერად რიგდება თებერვლის მთელი თვის და იანვრის ნახევარი თვის პროდუქტი, რომელიც გამარტივებული წესით ჯამში 627 920 ლარად შეიძინეს. მარტის თვიდან საჭირო პროდუქტების შესაძენად კი ელექტრონული ტენდერებია გამოცხადებული.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, საბავშვო ბაღების მუშაობა 2021 წლის 1-ლი მარტიდან უნდა განახლდეს.
2020 წელს ბათუმის ბაღების გაერთიანებისთვის ჯამში 14,5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, 2021 წელს კი 15 მილიონი ლარია.
ბაღების გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ადმინისტრაციაში და ბაღებში დასაქმებული 1 338 პირისთვის გასულ წელს ხელფასებში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით კი, 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 1375-მდეა გაზრდილი, მათი ხელფასებისთვის კი, ჯამში 9 590 300 ლარია გაწერილი.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების 2020 წლის ხარჯები [კვება, ხელფასი, კომუნალურები] და 2021 წლის გეგმა:
წყარო: ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა,არჩილ ჩიქოვანმა, „ბათუმის ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი თანამდებობიდან 2020 წლის დეკემბრის ბოლოს გაათავისუფლა და ამ თანამდებობაზე თენგიზ აფხაზავა დანიშნა. ის ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ოცნებიდან“ და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა.
გლობალური საკონსულტაციო კომპანია და მსოფლიო ლიდერი მობილური ქსელების ტესტირებაში umlaut , საქართველოში საუკეთესოდ მაგთიკომის ქსელს აღიარებს.
“Best in Test” – ასე აფასებს მაგთიკომის ქსელს დამოუკიდებელი გლობალური კომპანია umlaut-ი, რომელიც მსოფლიო ლიდერია მობილური ქსელების ტესტირებისა და შეფასების სფეროში.
umlaut-ის მიერ საქართველოს მობილური ქსელების დამოუკიდებლად ჩატარებულმა ტესტირებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაგთიკომს ქვეყანაში საუკეთესო ქსელი აქვს.
მაგთიკომი “Best in Test” – სერტიფიკატი კომპანიას 2021 წლის 12 თებერვალს გადაეცა.
მაგთიკომის ქსელის საუკეთესოდ აღიარება 2020 წლის დეკემბერში საქართველოში მაგთიკომისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ ტესტირებას ეფუძნება. კვლევის არეალი მოიცავდა როგორც დიდ ქალაქებსა და რეგიონებს, ისე მაგისტრალებსა და დამაკავშირებელ გზებს.
umlaut-მა მაგთიკომის ხმოვანი და ინტერნეტსერვისის ხარისხის ტესტირება სხვადასხვა ტექნოლოგიების მიხედვით (LTE/UMTS/GSM) განახორციელა.
umlaut-მა ქსელის შეფასება მომსახურების 3 ძირითადი პარამეტრის მიხედვით მოახდინა:
Voice – ხმოვანი სერვისის მიმართულებით (გაიზომა დარეკვის დრო, ზარების ხარისხი, ხმის გარჩევადობა)
Data – მობილური ინტერნეტსერვისის მიმართულებით (შეფასდა მონაცემთა გადაცემის სიჩქარე, ხარისხი)
crowdsourced quality – შეფასდა სხვადასხვა საერთაშორისო აპლიკაციების მომწოდებლების სერვერებიდან მიღებული მონაცემები.
მაგთიკომის ქსელი მომსახურების სამივე კატეგორიაში ლიდერობს საქართველოში, საუკეთესო შედეგებს აჩვენებს კონკურენტებთან მიმართებაში, გამოირჩევა ყველაზე მაღალხარისხიანი და სწრაფი მობილური ინტერნეტით და საუკეთესო ხმოვანი სერვისით.
“ვულოცავ მაგთიკომს მომსახურების ყველა კატეგორიაში ლიდერობას. მან საუკეთესო შედეგები აჩვენა როგორც მობილური ინტერნეტის, ისე ხმოვანი სერვისის და აპლიკაციების მოხმარების ხარისხის (crowdsourced quality) მიმართულებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ით განპირობებული გამოწვევების პერიოდში“, – აცხადებს Hakan Ekmen, umlaut-ის გენერალური დირექტორი.
umlaut-ი გლობალური, სრულიმომსახურების მქონე, კროს-ინდუსტრიული კომპანიაა, რომელიც პროცესის საწყისი ეტაპიდან ბოლო საფეხურამდე მიყვანას უზრუნველყოფს და მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს.
50 ქვეყანაში არსებული umlaut-ის 20 საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია, 4300 სპეციალიზირებული ექსპერტი და ინჟინერი ინოვაციურ გადაწყვეტებს და ტრანსფორმაციებს სთავაზობს სხვადასხვა ინდუსტრიებს.
გარდატეხის ასაკში, როცა უამრავი ფსიქოფიზიოლოგიური ცვლილება იჩენს თავს, მოზარდებს ხშირად ურჩევნიათ გვიან ღამემდე გარეთ ყოფნა, ზოგი ამ დროს იწყებს თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებას.
ეს ამ ასაკობრივი პერიოდისთვის დამახასიათებელ უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია მშობლებისთვის. „ბათუმელები“ აგრძელებს გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის, ქეთი დევაძის რჩევებს სთავაზობს მშობლებს.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ ხშირად მოზარდს სთხოვენ შინ ადრე დაბრუნდეს, მაშინ, როცა მისი მეგობრების გარეთ ყოფნის ლიმიტი გაცილებით ხანგრძლივია. ამის გამო კი მოზარდი თავს დაჩაგრულად გრძნობს.
გვიან ღამემდე გარეთ ყოფნით ხანდახან მოზარდები ცდილობენ დაუმტკიცონ საკუთარ თავს და სხვებს, რომ ზრდასრულები არიან და თავად წყვეტენ სად, რამდენი ხნით იქნებიან და როდის დაბრუნდებიან.
სხვადასხვა მშობელი ასეთ დროს სხვადასხვაგვარად რეაგირებს და ღელავს.
რა ქნას მშობელმა?
ქეთი დევაძე მიიჩნევს, რომ:
პირველ რიგში საჭიროა გაიაზროს მშობელმა რა სახის ღელვა და გრძნობები აქვს, მისი პრობლემა ხომ არ არის გადამეტებული ღელვა მოზარდის გარეთ ყოფნასთან დაკავშირებით; ხანდახან შეიძლება მართლა გადაჭარბებული იყოს მშობლის გრძნობები;
რეკომენდებულია მოზარდთან ერთად სხვადასხვა შემთხვევის განხილვა, კერძოდ: უნდა აუხსნათ მოზარდს რატომ არის თქვენთვის მისი დაგვიანება მნიშვნელოვანი; განიხილოთ სხვადასხვა სცენარი – რა შეიძლება მოხდეს, რა შეიძლება მოჰყვეს გვიან ღამემდე გარეთ ყოფნას; რა რისკები არსებობს. ეს რისკები ორივემ უნდა გაიზიაროს, ეს რისკები მხოლოდ მშობელს კი არა, მოზარდსაც უნდა აღელვებდეს;
უნდა ვკითხოთ მოზარდს, რას ნიშნავს მისთვის გარეთ ყოფნა და გარეთ ყოფნის რა დროა მისთვის სასურველი;
მნიშვნელოვანია, რომ დროის ლიმიტი შვილმა და მშობელმა ერთად დაადგინოს.
არ შეიძლება მოზარდს მხოლოდ მშობელმა შეუდგინოს დრო და დაუწესოს ლიმიტები, ეს მოზარდებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ, როგორც წესი, მათ მიერ შემუშავებული ლიმიტის წესებს მოზარდები უფრო სცემენ პატივს და ნაკლებად არღვევენ ამ წესებს, მხოლოდ მშობლების მიერ ერთპიროვნულად შემუშავებული წესებისგან განსხვავებით.
მოზარდები გარდატეხის ასაკში ხშირად იწყებენ თამბაქოსა და ალკოჰოლის პირველად მოხმარებას.
„მნიშვნელოვანია ეს გამოწვევა მრავალმხრივ შეაფასოს მშობელმა. შეიძლება ძალიან კომპლექსური იყოს პრობლემა. თუ საქმე ეხება რეგულარულ მოხმარებას, მშობელი უნდა დაინტერესდეს, თუ რატომ დაიწყო ბავშვმა, მოზარდმა ნებისმიერი ნივთიერების გამოყენება. შესაძლოა პასუხი მერყეობდეს ძალიან მარტივი ინტერესიდან, ექსპერიმენტიდან ისეთ რთულ ფორმებამდე, როგორიცაა საკუთარი თავის დამახინჯებულად აღქმა, თვითშეფასების პრობლემები და თვით პატივისცემის სირთულეები,“ – ამბობს ქეთი დევაძე.
ფსიქოლოგის რჩევით:
როცა გვაქვს ეჭვი, რომ მოზარდი თამბაქოს ან ალკოჰოლს მოიხმარს, მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავესაუბროთ მას. მშობელი ამ საუბრისთვის კარგად უნდა მოემზადოს, მოიძიოს ინფორმაცია ამ ნივთიერებების შესახებ და მშვიდ გარემოში, ინდივიდუალურად გაესაუბროს მოზარდს;
თამბაქოსა და ალკოჰოლის ავადმოხმარების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა ბავშვთან ერთად შეიმუშაოს წესები. ეს წესები უნდა მოიცავდეს იმას, თუ ვინ შეიძლება მოიხმაროს ეს ნივთიერებები, რა რაოდენობით, სად და ა.შ;
მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს ვის შეიძლება მიმართოს და ვის შეუძლია ესაუბროს ნივთიერების ავადმოხმარების პრობლემებზე;
თუ მშობელი ამჩნევს, რომ მოზარდი რეგულარულად მოიხმარს ნივთიერებებს, სასურველი და აუცილებელიცაა ჩართონ პროფესიონალები ბავშვთან მუშაობაში;
მშობელმა ბავშვს უნდა მიაწოდოს ფაქტობრივი ინფორმაცია იმ მავნე ზემოქმედების შესახებ, რაც აქვს ამ კონკრეტულ ნივთიერებებს და შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ბავშვის ჯანმრთელობაზე, განვითარებაზე, მის ემოციურ მდგომარეობაზე. მშობელმა ხაზი უნდა გაუსვას მოზარდთან იმ ფაქტს, რომ ამათუიმ ნივთიერების ხშირი გამოყენება სამომავლოდ შესაძლოა მასზე ძლიერი დამოკიდებულების მიზეზად იქცეს.
მოზარდებთან ყვირილი და ავტორიტარული მიდგომა, ასევე ბრძანებითი საუბრები ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან გასამკლავებლად, ფსიქოლოგის აზრით, უშედეგო და დამაზიანებელი იქნება, რადგან მოზარდები ამ ასაკში უკვე ფლობენ ძალაუფლებას და თუ ჩვენ ძალის დემონსტრირებას მოვახდენთ, ისინი აუცილებლად დაგვიბრუნებენ ამას უკან.
„გარდატეხის ასაკში ბავშვები ისეც ექსპერიმენტატორობენ ძალაუფლებით და თუ ვიყვირებთ, ვუბრძანებთ, აუცილებლად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას დაამტკიცონ, რომ თავადაც აქვთ ძალა.
მშობლის ქცევა არის როლური მოდელი შვილისთვის. ბავშვი აკვირდება როგორ უმკლავდება მშობელი სხვადასხვა პრობლემას და გამოწვევას: ყვირილით, ჩხუბით, აგრესიით თუ მშვიდად და გაწონასწორებულად. ეს არის ბავშვისთვის მოდელი – თავად რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სხვადასხვა გამოწვევაზე – სახლში თუ სახლს გარეთ”, – ამბობს ქეთი დევაძე.
26 თებერვალს ბათუმი შეუერთდება 1000 მშობლის მარშს, რომელიც ამავე დღეს თბილისში იგეგმება.
1000 მშობლის მარშის მიზანი პროტესტი და ცვლილებების მოთხოვნაა. მარში ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება.
„გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო!
#გამო – თქვი, #გამო – დი, ერთად დავარღვიოთ დუმილი. #მომისმინე #პროტესტის 100 დღე არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ჩვენ ვითხოვთ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
1000 მშობლის მარშის ორგანიზატორი ქალთა მოძრაობაა, რომელიც 26 თებერვალს გეგმავს თბილისში მშობელთა მარშის გამართვას ვარდების მოედნიდან მთავრობის კანცელარიამდე, სადაც გაახმოვანებენ მთავარ მოთხოვნებს:
შეცვალოს პარლამენტმა გაუპატიურების კანონი და ცენტრალური ასპექტი გახადოს თანხმობის არარსებობა;
შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;
ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისთვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა, რომ ბავშვებმა შეძლონ სქესობრივი ძალადობისაგან თავის დაცვა;
გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ენიშნებოდეს ფსიქოლოგი.
დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.
სად და რა ფორმით გაიმართება 1000 მშობლის მარში ბათუმში, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
___________________
9 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება. გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში შეღწევას და თვითმკვლელობამდე მიყვანას.
ამ საქმეზე 15 თებერვალს პოლიციამ ასევე დააკავა დაღუპული გოგოს ბაბუა, მუქარისა და ძალადობის ბრალდებით.
15 თებერვალს საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე სარეგისტრაციო პორტალიამოქმედდა და რეგისტრაცია დაიწყო. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება.
საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აქვეყნებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და მათზე პასუხებს საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე.
როდის იწყება გერმანიაში დროებით სეზონურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია?
სარეგისტრაციო პროცესი დაიწყება 2021 წლის 15 თებერვლიდან.
რამდენ ხანს გრძელდება რეგისტრაციის პროცესი?
რეგისტრაცია სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის გაგრძელდება მანამდე, ვიდრე გერმანიის მხარე ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან და გერმანელი დამსაქმებლების მხრიდან შემოვა სამუშაო შეთავაზებები. ეს კი, წარმატებული თანამშრომლობის პირობებში წლები შეიძლება გაგრძელდეს.
როდის შემეძლება გერმანიაში მუშაობის დაწყება?
სამუშაოს დაწყების ზუსტი თარიღი გეცნობებათ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში.
დასაქმებისთვის საჭირო საბუთების ატვირთვა მოხდება რეგისტრაციის სისტემაში, თუფიზიკურად უნდა მოხდეს დოკუმენტების წარდგენა?
შერჩეული კანდიდატი საჭირო დოკუმენტებს (პასპორტი, ნასამართლეობის ცნობა, ჯანდაცვის ცნობა) პირადად წარადგენს საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში. Covid19-ზე ტესტის წარდგენა საჭიროა გამგზავრების წინ (რამდენი დღით ადრე, ამას განსაზღვრავს გერმანული მხარე, იმ დროს არსებული ვითარების შესაბამისად).
ვინ ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას?
პროგრამას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს დასაქმების ხელშეწყობისა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოები.
ვინ იქნებიან დამსაქმებლები გერმანიაში?
დამსაქმებლები იქნებიან გერმანიაში მცხოვრები ფერმერები.
რა სახის სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს აღნიშნული სქემა?
დასაქმება ხორციელდება სოფლის მეურნეობის სექტორში და მოიცავს სხვადასხვა კულტურის მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა?
საქართველოს მოქალაქეებს 18-დან 60 წლამდე, მათ, ვისაც არ უმოგზაურია შენგენის ზონის ქვეყნებში გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში და არ აქვს ისეთი დარღვევა, რაც ქვეყანაში შესვლის შეზღუდვას გამოიწვევს. ამასთანავე, უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი.
შემიძლია თუ არა სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გარეშე გერმანიაში სეზონურად დასაქმება?
დიახ, შესაძლებელია. თუმცა, სასურველია, რომ სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველს გააჩნდეს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობის გამოცდილება ან/და მოტივაცია.
სავალდებულოა თუ არა უცხო ენების ცოდნა?
სასურველია, რომ გერმანიაში სეზონურად დასაქმების მსურველი პირი ფლობდეს გერმანულ ან ინგლისურ ენას ელემენტარულ, საკომუნიკაციო დონეზე (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). უფრო კონკრეტულად, ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს თავად დამსაქმებელი.
როგორ იქმნება გერმანიაში გასამგზავრებელი ჯგუფები?
ჯგუფებს აყალიბებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო იმ აპლიკანტებისგან, რომლებიც უკვე შერჩეულნი იქნებიან გერმანელი დამსაქმებლის მიერ. გჯუფები დგება დასაქმების მაძიებლებისგან დამოუკიდებლად.
რა ხანგრძლივობით ვიქნები დასაქმებული?
სეზონური დასაქმება შეიძლება გაგრძელდეს 90 კალენდარულ დღემდე (180 კალენდარული დღის განმავლობაში), რაც შეადგენს არაუმეტეს 70 სამუშაო დღეს. დასაქმების კონკრეტული ვადა მიეთითება სამუშაო ნებართვასა და შრომით ხელშეკრულებაში.
როგორი იქნება სამუშაო დროის ხანგრძლივობა?
სეზონური სამუშაოს მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 30 საათს კვირაში. ზოგადად, სამუშაო დრო საშუალოდ შეადგენს კვირაში 5-6 დღეს, დღეში კი დაახლოებით, 8-10 საათს. სამუშაო დროის ზუსტი ხანგრძლივობა (სამუშაო საათები კვირაში ან თვეში) აისახება დამსაქმებლის სამუშაო შეთავაზებაში.
რამდენი იქნება შრომის ანაზღაურება (ხელფასი)?
სამუშაო უნდა ანაზღაურდეს სულ მცირე გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენს 9,50 ევროს საათში (დაბეგვრამდე დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება საშემოსავლოს გადასახადი – 5%.
როგორი სახის არის ანაზღაურება?
ანაზღაურება შეიძლება იყოს საათობრივი, გამომუშავებაზე დაფუძნებული, ან კომბინირებული (საათობრივი ანაზღაურება + გამომუშავებაზე დაფუძნებული ბონუსი). გამომუშავების მიხედვით ანაზღაურებისას მხედველობაში მიიღება შეგროვებული მოსავლის რაოდენობა.
ანაზღაურდება თუ არა ზეგანაკვეთური სამუშაო?
თუ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება ან კოლექტიური შეთანხმება არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას გაზრდილი ტარიფით, მაშინ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხდება ხელფასის სტანდარტული, საათობრივი განაკვეთით. დამატებითი დეტალები ცნობილი გახდება შრომითი ხელშეკრულების გამოგზავნის შემდეგ.
უამინდობის გამო მოცდენისას თუ ხდება ანაზღაურება?
როგორც წესი, უამინდობით გამოწვეული შეფერხება დამსაქმებელს ეკისრება და დასაქმებულს აქვს იძულებითი მოცდენის დროის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. თუმცა, ეს პრინციპი შეიძლება შეიცვალოს შრომითი ხელშეკრულებით. შესაბამისად, ეს საკითხი წინასწარ განსაზღვრული უნდა იყოს ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაში.
დასაქმებულის ავადმყოფობის შემთხვევაში თუ ხდება ანაზღაურება?
დასაქმებული, რომელიც ავადმყოფობის გამო ვერ ასრულებს სამუშაოს, რაც მისი ბრალით არ არის გამოწვეული, ინარჩუნებს სტანდარტულ ანაზღაურებას 6 კვირის განმავლობაში. მაგრამ ეს უფლება წარმოიშობა შრომითი ურთიერთობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. ავადმყოფობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს მუშაობის შეუძლებლობის შესახებ. თუ ამგვარი მდგომარეობა გრძელდება 3 დღეზე მეტი, დასაქმებულმა არაუგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა, დამსაქმებელს უნდა წარუდგინოს სამედიცინო ცნობა, რომელიც დაადასტურებს, რომ დასაქმებულს ავადმყოფობის გამო არ შეუძლია მუშაობა და მიუთითებს მუშაობის შეუძლებლობის ხანგრძლივობას. დამსაქმებელს უფლება აქვს მოითხოვოს სამედიცინო ცნობის წარდგენა ავადმყოფობის პირველსავე დღეს.
როგორ ხდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა?
შრომითი ურთიერთობა წყდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. ვადაზე ადრე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
ხელშეკრულების შეწყვეტა მნიშვნელოვანი საფუძვლით, თუ სახეზეა ფაქტები, რომელთა საფუძველზეც, შრომითი ურთიერთობის გაგრძელება არ შეიძლება მოეთხოვოს შემწყვეტ მხარეს. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სასამართლო.
პრაქტიკაში ამგვარი გარემოება შეიძლება იყოს: დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმა, კოლეგების მიმართ ძალადობა, ქურდობა, დასაქმებულის უკანონო და განზრახი ქმედება, რაც აზიანებს დამსაქმებლის ქონებას, პროფესიული საიდუმლოს დარღვევა, უკანონო და დისკრიმინაციული ქმედება და ა.შ. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნისა და საფუძვლის შესახებ შემწყვეტმა მხარემ მეორე მხარეს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს შეწყვეტის განმსაზღვრელი ფაქტების შეტყობიდან ორი კვირის ვადაში.
შრომითი ურთიერთობის ე.წ. “ორდინარული შეწყვეტა“ გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, რაიმე განსაკუთრებული საფუძვლის არსებობის გარეშე. ამ შემთხვევაში კანონი ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წესს, წინასწარი გაფრთხილების ვადებსა და ფორმას, თუმცა, განსაზღვრული ვადით დადებულ ხელშეკრულებაზე, „ორდინარული შეწყვეტის“ წესები ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამაზე შეთანხმდნენ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური შეთანხმებით.
როგორია საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობები?
დამსაქმებელი ვალდებულია სეზონური მუშაკი დასაქმების პერიოდში უზრუნველყოს შესაფერისი საცხოვრებელი ბინით. მუშაკი შეიძლება განთავსებული იყოს საერთო საცხოვრებელში. საცხოვრებლის ხარჯები არ იქვითება ხელფასიდან. კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას მიგრანტისთვის ცნობილი იქნება, თუ ვინ ფარავს განთავსების ხარჯებს (მომუშავე თუ დამსაქმებელი).
სამუშაო ადგილზე თუ ხდება საკვებით უზრუნველყოფა?
სამუშაო ადგილზე საკვებით უზრუნველყოფის საკითხი დამსაქმებლის გადასაწყვეტია. იგი აისახება კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას და მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს.
ვინ დაფარავს მგზავრობის ხარჯებს?
სამუშაო შეთავაზების მიღებამდე სეზონური მუშაკისთვის ცნობილი გახდება, მგზავრობის ხარჯების დაფარვა მოხდება დამსაქმებლის თუ მის მიერ.
რა სახის ხარჯის გაღება მოუწევს დასაქმების მსურველს?
შერჩეულ კანდიდატს მოუწევს შემდეგი ხარჯების დაფარვა:
გამგზავრებამდე: პასპორტის აღების ღირებულება (ბიომეტრული პასპორტის არქონის შემთხვევაში); მგზავრობის/თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება; ჯანმრთელობის ცნობა; ტესტირება „კოვიდ19-ზე“ გერმანიაში ცხოვრების ხარჯები თვეში: საცხოვრებელი (200-300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ; კვების (დაახ. 300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ.
გამიფორმდება თუ არა სამუშაო ხელშეკრულება?
სეზონურ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება დაიდება წერილობითი ფორმით გერმანიაში გამგზავრებამდე, რომელსაც ექნება განსაზღვრული ვადა.
მექნება თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა?
დიახ. გერმანიის მოქმედი კანონმდებლობის და შეთანხმების შესაბამისად, შრომითი მიგრანტის ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა დამსაქმებლის ვალდებულებაა. დაზღვევის პროცედურები და სამედიცინო მომსახურების სახეები განსაზღვრულია სამედიცინო დაზღვევის შეთანხმებით. სეზონურ მუშაკებზე ასევე ვრცელდება სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის დაზღვევა. უბედური შემთხვევის დაზღვევის ხარჯების დაფარვა დამსაქმებელს ეკისრება.
მექნება თუ არა ანაზღაურებადი შვებულება?
დიახ, სეზონურ მუშაკებს აქვთ შვებულების მოთხოვნის უფლება. თუ დასაქმების ხანგრძლივობა 6 თვეზე ნაკლებია, შვებულების ხანგრძლივობა შეადგენს თვეში 2 დღეს.
როგორია დასაქმების პროცედურები?
გერმანიაში სეზონური დასაქმების მსურველები გაივლიან საბოლოო დასაქმებისთვის შეთანხმებით გათვალისწინებულ შემდეგ პროცედურებს:
ონლაინაპლიკაციის შევსება/რეგისტრაცია;
შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება;
ჯანმრთელობის (ფორმა №100) და ნასამართლეობის ცნობების წარდგენა;
გერმანული მხარის მიერ კანდიდატების საბოლოო შერჩევა;
შერჩეულ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება;
გამგზავრების წინა ორიენტაციის ტრენინგის გავლა;
PCR – ტესტის ჩატარება;
გერმანიაში გამგზავრება და დასაქმება.
როდის დაიწყება დასაქმება და რამდენ ხანში მოხდება კანდიდატთან დაკავშირება? რეგისტრირებულთა ბაზიდან დასაქმების მსურველთა შერჩევა და დასაქმება მოხდება ეტაპობრივად, გერმანიიდან მოწოდებული სამუშაო შეთავაზებების საფუძველზე. გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება იწყება 2021 წლის აპრილის თვიდან.
მომდევნო ნაკადების შერჩევა და დასაქმება გაგრძელდება იმ სიხშირით, რა სიხშირითაც მოწოდებული იქნება სამუშაო შეთავაზებები. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
როგორ გავიარო რეგისტრაცია პროგრამაში მონაწილეობისთვის?
გერმანიაში სეზონური დასაქმების მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია პორტალზე workabroad.moh.gov.ge და შეავსოს ელექტრონული განაცხადი „დროებითი ლეგალური დასაქმება სეზონურ სამუშაოზე გერმანიაში“ ან ეწვიოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეგანთავსებულ შესაბამის ბმულს.
ვინ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების დასაქმების შესახებ?
საბოლოო გადაწყვეტილებას ცალკეული შრომითი მიგრანტის დასაქმების თაობაზე იღებს გერმანელი დამსაქმებელი.
რამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს გერმანიაში (ქვოტა თუ არის დადგენილი)?
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის ქვოტა არ არის დადგენილი. დასაქმებულთა რაოდენობა დამოკიდებულია მოწოდებულ სამუშაო შეთავაზებებზე (ვაკანსიების რაოდენობაზე)
დასაქმება/გამგზავრება საქართველოდან მოხდება ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად?
საქართველოდან გამგზავრება/დასაქმება შესაძლებელია მოხდეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად.
შემიძლია თუ არა ოჯახის წევრების თან წაყვანა?
შეთანხმება არ ვრცელდება მიგრანტების ოჯახის წევრებზე. თუმცა, ოჯახის სხვა წევრებს აქვთ უფლება ინდივიდუალურად ჩაერთონ დასაქმების პროგრამაში.
როგორ შევხვდე დამსაქმებელს გერმანიაში ჩასვლის შემდეგ?
გერმანიაში გამგზავრების წინ შერჩეულ კანდიდატებს დამსაქმებლის მიერ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია დანიშნულების/შეხვედრის ადგილამდე მისვლის შესახებ.
ვის უნდა მივმართო გერმანიაში შრომითი უფლებების დარღვევის ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა, პრობლემური საკითხის არსებობის შემთხვევაში?
გერმანიაში ყოფნისას, ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე, მათ შორის შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტზე, შეგეძლებათ მიმართოთ გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და სხვა პასუხისმგებელ ორგანიზაციებს. გამგაზვრებამდე, დასაქმებულს მიეწოდება ყველა საჭირო საკონტაქტო ინფორმაცია.
შემიძლია თუ არა სამუშაო ვადის დასრულების შემდგომ იმავე ან სხვა დამსაქმებელთან სამუშაოს გაგრძელება?
საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმების სქემა ითვალისწინებს 90 დღის შემდეგ დასაქმებული მოქალაქეების/ბენეფიციარების საქართველოში სავალდებულო დაბრუნებას. სამუშაოს გაგრძელების შესახებ გერმანელ დამსაქმებელთან შეთანხმება არის ინდივიდუალური და მასზე არ ვრცელდება სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
შესაძლებელია თუ არა გერმანიაში დამსაქმებლის შეცვლა?
შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხდება დასაქმება, ფორმდება კონკრეტულ დამსაქმებელთან. შესაბამისად, სხვა დამსაქმებელთან გადასლვა არ არის შესაძლებელი. ახალ დამსაქმებელთან დასაქმებისთვის იგივე პროცედურებია გასავლელი, რაც პირველ დამსაქმებელთან.
პროგრამაში ერთხელ მონაწილეობის მიღების შემდეგ, შემეძლება თუ არა ხელმეორედ გავაკეთო განაცხადი?
საქართველოსა და გერმანიას შორის დროებითი, ცირკულარული დასაქმების შესახებ შეთანხმება, დასაქმების მსურველს არ უკრძალავს პროგრამაში განმეორებით მონაწილეობას. შესაბამისად, 90 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებიდან 3 თვეში მას კვლავ შეუძლია გახდეს პროგრამის მონაწილე/ბენეფიციარი.
სოციალურად დაუცველის სტატუსის ფლობის შემთხვევაში, გერმანიაში გამგზავრებისას შეჩერდება თუ არა სოციალურად დაუცველის სტატუსი?
არა. ავტომატურად არ ჩერდება.
ყადაღის შემთხვევაში, შემეძლება თუ არა გერმანიაში დასაქმება?
ყადაღის არსებობა არ წარმოადგენს გერმანიაში დასაქმებისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორს.
შრომითი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გერმანიაში დარჩენის შემთხვევაში, რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევ პირს?
შრომითი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გერმანიაში დარჩენის შემთხვევაში, პირის ყოფნა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაითვლება არალეგალურად. შესაბამისად, ასეთი პირი გაძევებულ იქნება ქვეყნიდან (დეპორტი, რეადმისია) და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით. გარდა ამისა, დამატებითი სანქცია შეიძლება იყოს ასეთი პირისთვის მომავალში საზღვარგარეთ დასაქმების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა.
გერმანიაში გამგზავრებამდე სავალდებულოა თუ არა კოვიდვაქცინის გაკეთება?
ამ ეტაპისათვის Covid ვაქცინის გაკეთება არ არის სავალდებულო.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაზე საქართველოს 53 274 მოქალაქე დარეგისტრირდა. რეგისტრაცია გუშინ, 15 თებერვალს, დაიწყო. დღეს, 16 თებერვლის 2:31 საათის მონაცემებით, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ უკვე 53 274 პირია დარეგისტრირებული, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო 35 121-მა პირმა.
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები კი აპრილიდან დაიწყება.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი. მოსწავლე მეორე საჯარო სკოლის მეორე კლასში სწავლობს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ მოსწავლე ხუთშაბათის, 11 თებერვლის შემდეგ სკოლაში არ ყოფილა, თუმცა კლასი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაინც გადაიყვანეს დისტანციურ სწავლებაზე.
აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლა პირველ თებერვალს განახლდა. მას შემდეგ კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა მოსწავლეებში, მასწავლებლებში კი – ორი შემთხვევა.
პროტოკოლის მიხედვით, სკოლის მასწავლებლებს ყოველ ორ კვირაში უტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება.
ბათუმის მერიას ახალი თანამდებობის პირი ჰყავს, რომელიც ვიცე-მერის კაბინეტში მუშაობს, მას მონიტორის ფუნქცია აქვს. მერიაში ზუსტად არ განგვიმარტეს, რა მიმართულებები უნდა აკონტროლოს ახალმა თანამშრომელმა, თუმცა არაოფიციალურად ვიცით, რომ გიორგი ხარაზს და მის ორ დამხმარეს ყველას და ყველაფრის კონტროლი ევალებათ.
გიორგი ხარაზი ბათუმის მერიაში დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის თანაკლასელი და მეგობარია.
გიორგი ხარაზს მერიის მონიტორის ფუნქციის განხორციელებაში კიდევ ორი პირი ეხმარება, ისინიც ხელშეკრულებით დაიქირავა მერიამ.
ოფიციალურად მერიაში მონიტორინგის სამსახური არ შეუქმნიათ, თუმცა რიგითი მოხელეები მერიაში ამ ჯგუფს, როგორც მონიტორინგის სამსახურს, ხოლო გიორგი ხარაზს ამ სამსახურის უფროსად მოიხსენიებენ.
არაოფიციალურად გვითხრეს ისიც, რომ მონიტორმა ბათუმის მერიის შპს-ები და ა(ა)იპები უნდა აკონტროლოს.
___
ბოლო პერიოდში მერიაში საკადრო გადაადგილებების შესახებ წაიკითხეთ აქ:
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წელს საქართველოში სულ 338 ექიმს დაეკისრა პასუხისმგებლობა პროფესიული საქმიანობისთვის, მათ შორის:
271 ექიმს (80%) მიეცა წერილობითი გაფრთხილება;
61 ექიმს (18%) სერტიფიკატი შეუჩერდა სხვადასხვა ვადით;
სერტიფიკატი მხოლოდ 2019 წელს გაუუქმდა ჯამში 6 ექიმს (2%).
სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, გამოვლენილი დარღვევების (მათ შორის განმეორებითი დარღვევების) გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 666 ოქმი შედგა, 2020 წელს კი – 535 ოქმი.
2019-2020 წლებში სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სახეებში, უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობისთვის დაიწერა სულ 33 ოქმი. იხილეთ სრული ჩამონათვალი:
სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ამ სამართალდამრღვევების მიმართ გატარდა შემდეგი ღონისძიებები:
32 სამართალდამრღვევის წინააღმდეგ საქმე შეწყდა, 188-ს მიეცა შენიშვნა, 294 შემთხვევაში სასამართლო პროცესი არ იყო დასრულებული, 687 სამართალდამრღვევი კი დაჯარიმდა.