Batumelebi | მიკროავტობუსების მძღოლების აქცია ხელვაჩაურში – რას პასუხობს მათ მერია მიკროავტობუსების მძღოლების აქცია ხელვაჩაურში – რას პასუხობს მათ მერია – Batumelebi
RU | GE  

მიკროავტობუსების მძღოლების აქცია ხელვაჩაურში – რას პასუხობს მათ მერია

დღეს, 16 თებერვალს, ხელვაჩაურის მერიასთან მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე. ისინი პანდემიის პირობებში დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ, რომლის პირობებშიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, მიკროავტობუსების მოძრაობა შეზღუდულია.

აქციის მონაწილეები დღესვე ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ბადრი შუშანიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვების მოხსნა ხელვაჩაურის მერიას არ შეუძლია.

„ომია ახლა. სავალდებულოა, რომ ყუმბარები იყოს და ჭურვები? ასეთი ომი რომ იყოს, არ მგონია მიკროავტობუსებს ევლოთ. ნელ-ნელა ყველაფერი მოწესრიგდება. მერია უბრალოდ შუამავალია მოსახლეობასა და საკოორდინაციო საბჭოს შორის. სხვას ვერაფერს მოგახსენებთ,“ – ამბობენ მერიის პრესსამსახურში. აქვე გვითხრეს, რომ მძღოლებთან მოლაპარაკება გაგრძელდება.

ხელვაჩაურში მცხოვრები არაერთი მოქალაქე მუშაობს ბათუმში, სოფლებში მიკროავტობუსების შეზღუდვის გამო კი მათ გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ამ დრომდე არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი, როდის განახლდება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com