კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ზაურ ახვლედიანმა „ბათომს“ ძეგლების საბჭოში გუჯაბიძის კანდიდატურაზე უარი უთხრა

16.02.2021
ზაურ ახვლედიანმა „ბათომს“ ძეგლების საბჭოში გუჯაბიძის კანდიდატურაზე უარი უთხრა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა საზოგადოება „ბათომს“ ძეგლების საბჭოში წარდგენილი კანდიდატურის, შოთა გუჯაბიძის საბჭოში შეყვანაზე უარი უთხრა, მიზეზად კი მისი კვალიფიკაცია დაასახელა:

„წარმოდგენილ პირს გააჩნია სამშენებლო და კინოსარეჟისორო განათლება, რაც არ შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს.“

შოთა გუჯაბიძე ამავე საბჭოდან სააგენტოს დირექტორმა საბჭოს დისკრედიტაციის ბრალდებით დაითხოვა.  გარდა ამ გადაწყვეტილებისა,  2021 წლის 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მასთან არსებული სათათბირო ორგანოს საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესი შეცვლა.

„ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ასევე იმ ფაქტზე, რომ საზოგადოება ბათომის მიერ საბჭოს წევრის კანდიდატურად წარმოდგენილ იქნა იმ პირის კანდიდატურა, რომელსაც ცოტა ხნის წინ სააგენტოს დირექტორის არგუმენტირებული გადაწყვეტილებით შეუწყდა უფლებამოსილება. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მათ შორის იმ მოტივით, რომ საბჭოს კონკრეტული წევრის მიერ ხშირ შემთხვევაში საკითხის განხილვა ხდებოდა არაპროფესიული კუთხით“ – წერს ზაურ ახვლედიანი „ბათომის“ თავმჯდომარეს, ნინო ინაიშვილს.

ამავე წერილით სააგენტოს დირექტორი სთხოვს „ბათომის“ თავმჯდომარეს ახალი კანდიდატურა 20 თებერვლამდე წარადგინოს. იმ შემთხვევაში კი, თუ „ბათომი“ ასეთ კანდიდატურას არ წარადგენს, სააგენტო იგივე მოთხოვნით სხვა ორგანიზაციებს მიმართავს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანო მსჯელობს საპროექტო დოკუმენტაციაზე, რომელსაც ნებართვის მისაღებად წარმოადგენს ნებართვის მაძიებელი ან ნებართვის მფლობელი. საბჭოში მსჯელობის შედეგად რეკომენდაცია ნებართვის გაცემაზე ან უარის თქმაზე ეგზავნება სააგენტოს დირექტორს.

______________

ფოტოზე: ზაურ ახვლედიანი. ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

ბათომი: გუჯაბიძის ძეგლების საბჭოდან დათხოვნა ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას უკავშირდება

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: