კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ქართული ცხვრის ბიზნესი და პრობლემები

05.06.2016 • 5676
ქართული ცხვრის ბიზნესი და პრობლემები

ქართულ ცხვარზე მოთხოვნა არაბეთის ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტეში, ასევე ირანსა და ერაყში მაღალია. წელს ქვეყნიდან უკვე გაყვანილია 30 ათასი სული ცხვარი. ცხვარი გაჰყავთ გემებით – ბათუმიდან და თვითმფრინავებით – ჩარტერული რეისებით, თბილისის აეროპორტიდან. ფერმერები კი ამბობენ, რომ ბაზრის არსებობის მიუხედავად მათი ცხვარი ძნელად იყიდება და გარკვეული მაქინაციებით შემოსავალს ერთეულები იღებენ. გასულ წელს საქართველოდან გაყვანილი იქნა 220 ათასი სული ცხვარი, 2014 წელს კი – 250 ათასი.

ბათუმის პორტში არც თუ იშვიათად დგანან სპეციალური გემები, რითაც ცხვარი გადაჰყავთ. ამ მარშრუტით სარგებლობენ სამეზობლო ქვეყნებიდან ცხვარის გადაყვანის დროსაც. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული ცხვრისადმი ინტერესი მაღალია და ეს, ძირითადად, უკავშირდება იმ ვეტერინარულ ღონისძიებებს, რასაც სახელმწიფო ატარებს:

„ქვეყნისადმი ნდობამ, მეცხოველეობის პროდუქტებისადმი ინტერესი არა მარტო არაბეთის, არამედ ევროპის ქვეყნების მხრიდანაც გაზარდა, რაზეც მეტყველებს ქართული მატყლის [ასევე თაფლის] დაშვება ევროპულ ბაზარზე“.

მიუხედავად ამისა, ქართველი მეცხვარეების პრობლემები მოუგვარებელი რჩება. გრიგოლ ბექურაიძე ახმეტაში, სოფელ ალვანში ცხოვრობს. ფერმერი ამბობს, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა ახმეტაში, არც თუშური ცხვარი იქნება და არც მეცხვარე, ვინაიდან მათ ქონებას „ბანკი წაიღებს“: „ვისაც ცხვარი ჰყავს, ყველას ბანკის ვალი აქვს, ცხვარი კი არ იყიდება. რაც ახმეტაში ცხვარია, დიდიან-პატარიანად რომ გაყიდო, ბანკის ვალებს არ ეყოფა… ჩვენამდე არაბი მყიდველი ვერ აღწევს, არ უშვებენ. ჩვენამდე მოდის მეოთხე, მეხუთე კაცი… არადა, მე რაც ვიცი, არაბეთში 700 დოლარიც კი ღირს ერთი ცხვარი. 2-3 წლის წინ 100 დოლარად ვყიდდით ცხვარს, შარშან, შემოდგომაზე, 130 ლარად ვერ გავყიდეთ“.

გრიგოლ ბექურაიძე ვარაუდობს, რომ წელსაც იგივე სიტუაცია იქნება: „2500 ცხვარი მყავს, 12 მეცხვარეს თვეში 1300 ლარს ვუხდი ხელფასს და 250 ათასამდე ლარი ბანკის ვალი მაქვს. სახელმწიფოს წელიწადში 26 ლარს ვუხდით ერთი ჰექტარი საძოვრით სარგებლობაში. აქ კი სომხეთიდან და რუსეთიდან შემოჰყავთ ცხვარი და ის გაჰყავთ, როგორც ქართული… რაც შეეხება მატყლს, 40 თეთრადაც ვერ ვყიდით – ალბათ, გავპარსავთ ცხვარს და გადავყრით. თუ 100 დოლარად მაინც არ გაიყიდა ერთი ცხვარი, ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. ამ ფასზე გვქონდა გათვლილი, როცა სესხი გამოვიტანეთ“.

სამინისტროში კი ფიქრობენ, რომ ექსპორტიორებს, რომლებსაც საქართველოდან ცხვარი გაჰყავთ, დღეს ერთადერთი პრობლემა აქვთ: „ეს არის ცხვრის ნაკლებობა საქართველოში“.

„მათ სჭირდებათ მეტი ცხვარი. მეტი რომ იყოს, მეტს გაიყვანენ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ მიხეილ სოხაძემ.

მიხეილ სოხაძის თქმით, ქართველი მეცხვარეების ძირითადი მოთხოვნა გადასარეკი ტრასების კეთილმოწყობაა: „ამ ტრასებზე დაახლოებით 108 მონაკვეთი არსებობს, სადაც გადაფარვაა, ანუ ის მიწები, რომლებიც ისტორიულად გამოიყენებოდა როგორც გადასარეკი ტრასა, ასევე საძოვრები, წინა წლებში სახელმწიფომ გაასხვისა – ან იჯარით გასცა, ან გაყიდა“ [მთავარ და მცირე კავკასიონზე არაერთი გადასარეკი ტრასა არსებობს, თუმცა ძირითადი პრობლემებიც ამ მიმართულებზეა: დედოფლისწყარო-თეთრიწყარო-დმანისი-წალკა; აქედან კი სხვადასხვა მიმართულებაა-ნინოწმინდა, ახლაციხე, ბაკურიანის ჩათვლით].

ფერმერებმა „ბათუმელებთან“ აღნიშნეს, არიან მოიჯარეები [მესაკუთრეებიც], რომლებიც განკარგავენ გაცილებით მეტ ფართობს, ვიდრე ეკუთვნით. მეცხვარეები სახელმწიფოსგან ამ პრობლემაზე რეაგირებას ითხოვენ: „150 ჰექტარი თუ აქვს, მაგალითად, იჯარით, 500 ჰექტარს ეპატრონება. ხომ შეიძლება ის 350 ჰექტარი ჩვენ მოგვცეს სახელმწიფომ იჯარით? როცა საკითხი დავსვით, გვითხრეს, რომ ეს სახელმწიფოს მიწაა, გადაეცემა თვითმმართველობას და ისინი გასცემენ შემდეგ იჯარით. ჯერ არაფერი ამგვარი არ ხდება“.

ცხვრის გადარეკვა. სოფელი ბზუბზუ.  ეკა ბარამიძის ფოტო

ცხვრის გადარეკვა. სოფელი ბზუბზუ. ეკა ბარამიძის ფოტო

მეორე პრობლემა, რაც მეცხვარეებს აწუხებთ, არის ორმაგი დაბეგვრა. ისინი იხდიან როგორც საგაზაფხულო, ასევე ზამთრის საძოვრებზეც ცალ-ცალკე [ეს ყველას არ ეხება], ანუ ზოგიერთი ფერმერი წელიწადში ორჯერ იხდის ბეგარას. არის პრობლემები საგადასახადო კუთხითაც.

„ძირითადი საკითხები სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას სცილდება, თუმცა მეცხვარეთა ასოციაციას სამინისტრო გვერდში უდგას. საკმაოდ რთული პრობლემებია. მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო მეცხვარეთა ასოციაციის ჩართულობით, რომ ეს პრობლემა ეტაპობრივად მაინც აღმოიფხვრას“, – ამბობენ ასოციაციაში.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ინიციატივით ორი წლის წინ დაიწყო მუშაობა მეცხვარეობის სტრატეგიის შემუშავებაზე. თუმცა, მეცხვარეების თქმით, ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა. „დოკუმენტის სამუშაო ვერსია ასოციაციის ჩართულობით მზადაა და ამით განისაზღვრება ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებიც“, – აცხადებს მიხეილ სოხაძე.

როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ ეტაპზე მეცხვარეთა ასოციაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ასოციაციას ოფიციალური ხელმძღვანელი არ ჰყავს.

დედოფლისწყაროელი ბექა გონაშვილი, რომელსაც საკუთარი კომპანია [„ჯორჯიან ლაივსტოკ ექსპორტი“] აქვს და ცხვარიც ჰყავს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არის კომპანიები, რომლებსაც ცხვარი სომხეთიდან შემოჰყავთ და აქედან გაჰყავთ, როგორც ქართული, რაც ქართული ბაზრის საერთო პრობლემაა:

„შარშან სომხეთიდან საქართველოს გავლით ექსპორტირებული იქნა 40 ათასი სული ცხვარი, შარშანწინ – 70 ათასი. ამჯერად, თითქოს შეჩერებულია, თუმცა მაინც ახერხებს ზოგიერთი შემოყვანას. წელს რუსეთიდანაც კი შემოიყვანეს და გაიყვანეს, როგორც ქართული ცხვარი. არადა, ქართულ ცხვარს, როგორც ბრენდს, ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, ჯერ ჩვენ სახელი გვაქვს დასამკვიდრებელი, რასაც ასეთი მაქინაციები ძალიან ვნებს“.

ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ცხვარი დღეს 100-150-180 ლარიც ღირს. მან ბოლოს ორი რეისით ცხვარი კატარში გააგზავნა. უფრო ადრე კი, საუდის არაბეთში შეექმნა ცხვრის გასაღების პრობლემა: „ჩვენსას არავინ ყიდულობდა. სომხური ცხვარი განსხვავდება ქართულისგან, თუმცა ძალიან ჰგავს არაბულ ცხვარს. ამით სარგებლობენ – იქაური ავასის ჯიშის ცხვარი იქ თუ ღირს, ვთქვათ, 400 დოლარი, აქედან შეყვანილ სომხურ ცხვარს ყიდიან 250 დოლარად. დაახლოებით ასეთი სხვაობაა“.

ქართველი მეცხვარეების თქმით, საქართველოდან იმდენი ცხვარი [მათ შორის სომხური, რომელიც სომხეთში ქართულთან შედარებით გაცილებით იაფია] შეიყვანეს იორდანიაში, რომ ამ ქვეყნის ფერმერებმა ქართული ცხვრის იმპორტის აკრძალვა მოითხოვეს. „შარშან, დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბრიდან იორდანიაში ცხვარი ვეღარ შეგვყავს“, – ამბობს ბექა გონაშვილი.

ფაქტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ იორდანიის ბაზრის ჩაკეტვის ერთადერთი მიზეზი იქაური ფერმერების მოთხოვნა იყო.

ქართველი მეცხვარეები ამბობენ და სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ არაბეთი და სხვა ქვეყნები სომხურ ცხვარს არ იღებენ, რადგან სერტიფიკატს [ცხვრის ჯანმრთელობის შესახებ] ნაკლებად ენდობიან.

„მომავალში საქართველოდან გაგრძელდება როგორც ქართული, ასევე თუნდაც სომხური ცხვრის ექსპორტი, თუმცა წარმოშობის სერტიფიკატში აუცილებლად ჩაიწერება, რომ არის ქართული, სომხური ან რუსული წარმოშობის. ჯანმრთელობის სერტიფიკატი კი იქნება ქართული, ვინაიდან ენდობიან… რაც შეეხება სომხურ ცხვარს, ის კონკურენციაში არ მოდის ქართულ ცხვართან. შარშან სომხეთში დაფიქსირდა დაავადება თურქული. შესაბამისად, ვიდრე სომხეთი არ ჩაატარებს სრულ ვაქცინაციას და არ გვექნება ოფიციალური მომართვა, შეზღუდული იქნება შემოყვანა“, – აცხადებს მიხეილ სოხაძე.

ცხვარი აღარ გადის საქართველოდან აზერბაიჯანში, ვინაიდან იქ ცხვარი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე აქედან შეყვანილი. ქართველი მეცხვარეები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ექსპორტიორები ცხვარს იაფად აზერბაიჯანიდან შემოიყვანენ და როგორც ქართულს, ისე გაიყვანენ არაბეთში, როგორც ადრე სომხური ცხვარი გაჰყავდათ.

ყაზბეგში მცხოვრები ვაჟა ღუდუშაური `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ შარშან თავიანთ ცხვარს სწორედ შემოყვანილი ცხვრის გამო ვერ ყიდდნენ:

„ცხვარი სომხეთის გარდა უკრაინიდანაც შემოიყვანეს და ქართულ ცხვრად გაასაღეს. ამ პრობლემას უნდა მიხედოს სახელმწიფომ. და კიდევ, მე პირადად და ჩემნაირებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება საზაფხულო საძოვრებთან მიმართებაში გვჭირდება – იქნებ იჯარით მოგვცენ [ზამთარში კასპში მყავს ცხვარი, ახლა კი თრუსოს ხეობაში]. სხვა მხრივ, ბუნებრივია, სახელმწიფო მე ცხვარს ვერ გამიყიდის – 3%-იანი აგროსესხი ავიღეთ სახელმწიფოსგან, კიდევ გვინდოდა, მაგრამ ბანკებმა სესხი არ მოგვცეს“.

ერთადერთი, რისთვისაც სახელმწიფოსადმი მადლიერები არიან, მეცხვარეები პირუტყვის ვაქცინაციას ასახელებენ, რასაც სახელმწიფო უფასოდ და დროულად ახორციელებს. უსაფრთხოებასთან ერთად ქართული ცხვრის უპირატესობა მისი საგემოვნო თვისებებიც ყოფილა. მეცხვარეები ამტკიცებენ, რომ ქართული [თუშური] ცხვრის ხორცი განსხვავებული და უკეთესია გემოთიც და ფერითაც.

„არაბებს, ვისაც ვიცნობ და ვისაც გასინჯული აქვს ქართული ცხვრის ხორცი, უფრო მოსწონთ გემოთი. ამასთან, ქართული ცხვარი უფრო კომპაქტურია, პატარა და სარეალიზაციოდ არის კარგი“, – ამბობს ბექა გონაშვილი.

მისივე თქმით, ლოჯისტიკა-ბაზარი-ტრანსპორტირების საკითხები თავისუფალი ეკონომიკის პირობებში ბიზნესმა უნდა მოაგვაროს: „თუმცა, არც ისეთი შემოსავლიანი დარგია, რომ წავიდეს ბიზნესმენი და საკუთარი თვითმფრინავი ან გემი იყიდოს. ამ ტრანსპორტს ვქირაობთ. ბათუმში ცხვარი ტრაილერებით ჩაგვყავს. გემზე როცა დაიტვირთება, გადამზიდავია პასუხისმგებელი ყველაფერზე. თვითმფრინავით ერთ რეისზე 1000-2700 ცხვრის გადაყვანა შეიძლება, გემით კი – 5 ათასი და მეტი. მინახავს გემი, რომელსაც 120 ათასი სულის გადაყვანა შეუძლია. სპეციალური გემებია და გაცილებით იაფი, თუმცა არც თვითმფრინავია ძვირი დღეს, საწვავის ფასებიდან გამომდინარე“.

საქართველოში 5-6 ძირითადი ექსპორტიორია, არიან სხვებიც, რომლებსაც ცხვარი აპრილიდან-ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გაჰყავთ. რამდენიმე მეცხვარე, ვისაც „ბათუმელები“ ტელეფონით ესაუბრა, ამბობს, რომ არსებობს ბარიერები, რის გამოც ისინი ექსპორტიორს ვერ უკავშირდებიან.

ამ საკითხების გარკვევის მიზნით, რამდენიმე დღის წინ სამინისტროში მეცხვარეებს შეხვდნენ. მიხეილ სოხაძის განცხადებით, სააგენტოში ამ დღეებში ბაჰრეინის დელეგაციაც იმყოფებოდა, რომელიც ცხვრის გაყვანით არის დაინტერესებული: „ყველაზე დიდი ბაზარი კი საუდის არაბეთია, „ასევე ეგვიპტეში გაიყვანეს ცხვარი. ასევე საქართველოდან ცხვრის ხორცის გატანა აინტერესებთ ირანსა და ერაყში“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012-2015 წლებში საქართველოდან გაყვანილია 74,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, ხოლო ამავე პერიოდში ქვეყანაში შემოყვანილია 10 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ცხვარი.

იმავე სამსახურის მონაცემებით, ცხვრის სულადობამ 2014 წელს საქართველოში 865 900 შეადგინა, რაც 289 100-ით მეტი იყო 2011 წელთან შედარებით. 2015 წლის მონაცემს რაც შეეხება, საქსტატს, თხისა და ცხვრის რაოდენობა გამიჯნული არ აქვს. 2016 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით საქართველოში ცხვრისა და თხის საერთო რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1 272 800.

ცხვრის გადარეკვა. სოფელი ბზუბზუ.  ეკა ბარამიძის ფოტო

ცხვრის გადარეკვა. სოფელი ბზუბზუ. ეკა ბარამიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: