სიახლეები,ჯანმრთელობა

მართვით სუნთქვაზე მყოფი კოვიდპაციენტების მესამედს პტსა-ს სიმპტომები აღენიშნება | კვლევა

17.02.2021 • 1445
მართვით სუნთქვაზე მყოფი კოვიდპაციენტების მესამედს პტსა-ს სიმპტომები აღენიშნება | კვლევა

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის და საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე დაერთებული სამი კოვიდპაციენტიდან ერთს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (პტსა) სიმპტომები უვითარდება, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვირუსი ზემოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.

კოვიდზე საეჭვო ან კოვიდდადასტურებული 13 049 პაციენტის კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ მეხუთეს, ვინც საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მაგრამ არ სჭირდებოდა ვენტილაციის აპარატი, ასევე ჰქონდა პტსა-ს სიმპტომები.

კვლევის თანახმად, კოვიდპაციენტებში პტსა-ს ყველაზე გავრცელებული სიმპტომი იყო ინტრუზიული სურათები (გონებაში უნებლიეთ გაცოცხლებული, არასასურველი გამოსახულებები წარსულიდან), ანუ წარსულში განცდილი ემოციების ან მოგონებების უეცარი გამონათებები – „ფლეშბექები“ . ამის მაგალითი შეიძლება იყოს ინტენსიური ზრუნვის განყოფილების გარემოს გამოსახულებები, ასევე ინტენსიური ზრუნვის განყოფილების სხვა პაციენტების და იმ ექიმების გამოსახულებები, რომლებიც ატარებენ პერსონალის დამცავ სრულ აღჭურვილობას.

კვლევამ აჩვენა პტსა-ს სიმპტომების უფრო სუსტი გამოვლინებით იმ პაციენტებში, რომლებიც დახმარებას იღებდნენ სახლში (დაახლოებით ექვსიდან ერთ შემთხვევაში) და პაციენტებში, რომლებსაც არ სჭირდებოდათ სახლში დახმარებას, მაგრამ ჰქონდათ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები (ათიდან ერთ შემთხვევაში).

დოქტორმა ადამ ჰემფშირმა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯიდან, „გარდიანთან“ საუბრისას თქვა:

„ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიას სავარაუდოდ მწვავე და ხანგრძლივი გავლენა ექნება, მათ შორის, პაციენტების იმ მნიშვნელოვან ნაწილზე, რომლებიც სახლში რჩებოდნენ სუნთქვის პრობლემებით და სამედიცინო დახმარება არ მიუღიათ. ეს მონაცემები შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს მომავალი თერაპიისთვის და ამ დაავადების გრძელვადიანი ჯანმრთელობის ტვირთის შესამცირებლად“.

„გარდიანი“ წერს, რომ პტსა-ს სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს ეგრევე ან გარკვეული დროის შემდეგ, თუმცა, როგორც წესი, სიმპტომები წარმოიშვება ტრავმული შემთხვევიდან ექვსი თვის განმავლობაში და მკურნალობის გარეშე შეიძლება წლობითაც გაგრძელდეს.

დღეს, 17 თებერვლის მდგომარეობით,  ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში 3 805 ადამიანია ინფიცირებული, საიდანაც 1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, ხოლო მძიმე პაციენტად მიიჩნევა 379 პირი.

გადაბეჭდვის წესი