განათლება,მთავარი,სიახლეები

რამდენად საჭიროა ხარისხის განვითარების ჯგუფის შექმნა სკოლებში

17.02.2021 • 3975
რამდენად საჭიროა ხარისხის განვითარების ჯგუფის შექმნა სკოლებში

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ითვალისწინებს საჯარო სკოლებში ხარისხის განვითარების ჯგუფის შექმნას, რომელმაც უნდა დაადგინოს კონკრეტული მასწავლებლის საჭიროება და დაეხმაროს კვალიფიკაციის ამაღლებაში.

მაგული ჯინჭარაძე სოფელ ქობულეთში და სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ქიმიის წამყვანი მასწავლებელია, რომელიც ამავე დროს ხარისხის განვითარების ჯგუფის ერთ-ერთი წევრიც იქნება. „ბათუმელები“ მას ამ საკითხზე ესაუბრა და ჰკითხა, თუ რა ეტაპზეა მის სკოლაში ხარისხის მართვის ჯგუფის ფორმირება და მისი აზრით, რა უფრო სჯობდა – ახალი მაკონტროლებელი რგოლის შექმნა თუ უკვე არსებული საგნობრივი კათედრების გაძლიერება სკოლაში?

„ჩემი, როგორც ხარისხის ჯგუფის წევრის ვალდებულებაა, დავეხმარო მასწავლებელს, მოვისმინო გაკვეთილები და მივცე ისეთი უკუკავშირი, რაც დაეხმარება მასწავლებელს პროფესიულ წინსვლაში“, – ამბობს მაგული ჯინჭარაძე.

მას ვკითხეთ, რა განსხვავებაა, მისი აზრით, ახლანდელ ხარისხის ჯგუფსა და მანამდე არსებულ შეფასების ჯგუფს შორის? მაგული ჯინჭარაძის თქმით, განსხვავება ის არის, რომ ადრე არსებული შეფასების ჯგუფის წევრ მასწავლებლებს ამ აქტივობაში კრედიტები ენიჭებოდათ, ხარისხის მართვის ჯგუფის წევრებს კი, კრედიტები არ ენიჭებათ. „ძალიან შრომატევადი საქმეა. მე ჩემი გაკვეთილი უნდა გადავანაცვლო ან გადავიტანო, რომ დავეხმარო მასწავლებელს, მივცე უკუკავშირი, შევისწავლო მისი საჭიროებები, ვაჩვენო გზა, ამისთვის მეც მჭირდება მოტივაცია. ადრე ითქვა, რომ ეს შრომა ანაზღაურებადი უნდა იყოსო, მაგრამ რამდენად იქნება, ვერ გეტყვით. მოტივაციის გარეშე შესაძლოა ამ ჯგუფმაც ფორმალური სახე მიიღოს“, – გვითხრა მან.

როგორც ჯინჭარაძე ამბობს, ხარისხის მართვის ჯგუფის დებულების მიხედვით, ჯგუფის წევრს ევალება დაესწროს უფროსი მასწავლებლის სამ, წამყვანის ორ და მენტორის ერთ გაკვეთილს წლის განმავლობაში და ამის მიხედვით განსაზღვროს მისი პროფესიული საჭიროებები.

ჯინჭარაძის თქმით, საგნობრივი ხარისხის განვითარების ჯგუფში შედის დირექტორი, სასწავლო ნაწილი და კათედრის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუკი ხარისხის განვითარების ჯგუფის წევრი ატარებს გაკვეთილს, მას დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე ესწრება გაკვეთილზე, რადგან ეს ორი პირი ამ ჯგუფის მუდმივი წევრია. სხვები კი საგნების მიხედვით იცვლებიან.

სქემის მიხედვით, უფროსი მასწავლებელი ვალდებულია წელიწადში გაიაროს 20 საათი ტრენინგი პროფესიულ განვითარებაში, წამყვანმა 12 და მენტორმა 6 საათი, ამიტომ რა უნდა დაუდგინოს ხარისხის ჯგუფმა მასწავლებელს დამატებით, თუკი ვალდებულებები უკვე გაწერილია წინასწარ?

„ეს დეტალები დასაზუსტებელია, რადგან ერთი მეორეს გამორიცხავს ხოლმე და ეს აჩენს კითხვებს. მაგრამ თუ არ სჭირდება მასწავლებელს ამდენი ტრენინგი, ხარისხის მართვის ჯგუფი სხვა საჭიროებას დაუდგენს მას“, – გვითხრა მაგული ჯინჭარაძემ.

რამდენად ქმედითი იქნება ხარისხის ჯგუფი და ხომ არ დაემსგავსება ის თავის წინამორბედს, – შეფასების ჯგუფს, რომელმაც, როგორც ამბობენ, ფორმალური სახე მიიღო? მაგული ჯინჭარაძის აზრით, „დამატებითი რგოლის შექმნა არ იყო საჭირო, რადგან კათედრებზე ხდება საათების გადანაწილება, გაკვეთილების პროფესიული დაგეგმვა, კათედრები ვისმენთ ყველა პრობლემას და საჭიროებებს და ამ ფუნქციას ისედაც შეასრულებდა კათედრა, თუმცა არის საკითხები, როცა გვიწევს განათლების სამინისტროს პოზიციის გათვალისწინება“.

მაგული ჯინჭარაძეს უფრო ის აწუხებს, რომ სკოლებში მეორე სემესტრი დაიწყო, მასწავლებლებს კი სტატუსის შესანარჩუნებელი აქტივობების განხორციელებისთვის ნაკლები დრო რჩებათ. „რატომღაც სკოლები მხოლოდ პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების დაცვაზე არიან გადასული და ამ დეტალებს ნაკლები ყურადღება ეთმობა.

მე, მაგალითად, მოვთხოვე დირექტორს, რომ მომცეს სავალდებულო გაკვეთილების ჩატარების საშუალება, რომელიც როგორც წამყვან მასწავლებელს მევალება წლის განმავლობაში. ასევე, ახალი სქემა ყურადღებას აქცევს მასწავლებლის პორტფოლიოს და აქტივობები ხომ უნდა გავაკეთოთ?“- ამბობს ის.

სკოლებში ხარისხის ჯგუფის შექმნაზე ბათუმის მე-3 საჯარო სკოლისა და სკოლა „განათლებას“ მასწავლებელს მაია მენაბდესაც ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ ამ პროცესში ნაკლებად არის ჩართული და ზუსტად არც კი იცნობს ხარისხის განვითარების ჯგუფის ფუნქციებს. თუმცა ფიქრობს, რომ დამატებითი მაკონტროლებელი რგოლების შექმნას სკოლის ბაზაზე, უკვე არსებულის გაძლიერება სჯობდა.

„ვფიქრობ, საგნობრივი კათედრების გაძლიერება იქნებოდა უკეთესი, ეს პროცესი დაიწყო კიდეც ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, რადგან საკათედრო მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და მასწავლებლის პროფესიული საჭიროებების დადგენა  სწორედ ამ კათედრების მოვალეობა იყო.

თუმცა კარგია თუ არა მასწავლებელი, ამის ერთადერთი ინდიკატორი არის მოსწავლეების შედეგები და სხვანაირად არ ვიცი კიდევ როგორ უნდა შეფასდეს. რადგან წელიწადში 2-3 გაკვეთილის დაკვირვებით ნამდვილად ვერ განსაზღვრავ მასწავლებლის პროფესიონალიზმს“, – ამბობს მენაბდე.

მისი აზრით, პროფესიულ საჭიროებებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, „თუმცა კოლეგიალური მიდგომაა საჭირო და არა ჩასაფრებული პოზიციიდან ან ზემოდან მითითებით.“

„მეც მჭირდება, რომ ვიღაცამ კრიტიკული თვალით შეხედოს იმას, რასაც ვაკეთებ, მირჩიოს, როგორ შეიძლება გავაკეთო უკეთესად. ეს თანამშრომლობითი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მოიკოჭლებს დღეს სკოლებში, ამიტომ იყო  ეს კათედრებიც უფუნქციო“, – ამბობს მაია მენაბდე.

მიიღებენ თუ არა ხარისხის ჯგუფის წევრები დამატებით ანაზღაურებას სკოლაში? – ამ კითხვით მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ ასეთი დეტალები დაზუსტებული არ არის, რადგან ხარისხის განვითარების ჯგუფებმა პირველ ეტაპზე შესაძლოა საპილოტე რეჟიმში იმუშაონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: