მთავარი,სიახლეები

ბათუმის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემა განახლდა – რაში ხარჯავს გაერთიანება 15 მილიონს

16.02.2021
ბათუმის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემა განახლდა – რაში ხარჯავს გაერთიანება 15 მილიონს

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ აღსაზრდელებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გაცემა განაახლა.

გასულ წელს, როცა პანდემიის გამო ბაღები დაიხურა, პროდუქტებს ბავშვებს ყოველთვიურად ურიგებდნენ. მიმდინარე წლის იანვარში კი, გაერთიანებამ პროდუქტი არ დაარიგა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ გაიცა პროდუქტი მაშინ, როცა ბათუმის ბიუჯეტი დეკემბერში დამტკიცებული იყო, ბაღების გაერთიანება კი ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით 3 იანვრიდან 18 იანვრამდე გამოცხადდა უქმე დღეები, ამიტომ აღსაზრდელებზე პროდუქტების გაცემის დრო განისაზღვრა 2021 წლის 18 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით. 15 თებერვლიდან დავიწყეთ თვე-ნახევრის პროდუქტის გაცემა აღსაზრდელებზე,“ – მოგვწერეს ბაღების გაერთიანებიდან.

გაერთიანებაში ასევე გვითხრეს, რომ ამჯერად რიგდება თებერვლის მთელი თვის და იანვრის ნახევარი თვის პროდუქტი, რომელიც გამარტივებული წესით ჯამში 627 920 ლარად შეიძინეს. მარტის თვიდან საჭირო პროდუქტების შესაძენად კი ელექტრონული ტენდერებია გამოცხადებული.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, საბავშვო ბაღების მუშაობა 2021 წლის 1-ლი მარტიდან უნდა განახლდეს.

2020 წელს ბათუმის ბაღების გაერთიანებისთვის ჯამში 14,5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, 2021 წელს კი 15 მილიონი ლარია.

ბაღების გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ადმინისტრაციაში და ბაღებში დასაქმებული 1 338 პირისთვის გასულ წელს ხელფასებში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ქალაქის ბიუჯეტის მიხედვით კი, 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 1375-მდეა გაზრდილი, მათი ხელფასებისთვის კი, ჯამში 9 590 300 ლარია გაწერილი.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების 2020 წლის ხარჯები [კვება, ხელფასი, კომუნალურები] და 2021 წლის გეგმა:

წყარო: ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, „ბათუმის ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი თანამდებობიდან 2020 წლის დეკემბრის ბოლოს გაათავისუფლა და ამ თანამდებობაზე თენგიზ აფხაზავა დანიშნა. ის ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ოცნებიდან“ და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა.

ამავე თემაზე:

ბათუმის ბაღებში ხელფასები 100 ლარით არ იზრდება – გახარიას შეუსრულებელი დაპირება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: