მთავარი,სიახლეები

ევა – გოგო ხულოდან | VIDEO

17.02.2021 • 2262
ევა – გოგო ხულოდან | VIDEO

20 წლისაა. ხულოში, სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს. ის კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება იმუშაო საკუთარ თავზე, როგორ შეიძლება განვითარდე ყოველდღიურად შეზღუდული რესურსების მიუხედავად.

ევა ართმელაძე სტუდენტია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიას სწავლობს.

“დავიბადე და გავიზარდე სოფელ ბეღლეთში, ხულოს მუნიციპალიტეტში.

უშუქობა მიყვარს. ჩვენთან, სოფელში დიდი ზამთარი იცოდა. ბოლო რამდენიმე წელია თოვლი აღარ მოდის და შუქიც აღარ ქრება, მაგრამ ადრე ბავშვობაში იმხელა თოვლი მოდიოდა, სკოლაშიც ვერ მივდიოდით. საღამოობით, როცა შუქი ქრებოდა, რაღაც განსაკუთრებული ამბები ხდებოდა. მაშინ ჩემს და-ძმებს მობილური არ ჰქონდათ. ყველა ღუმელთან ვსხდებოდით და დედიკო გვიკითხავდა ზღაპრებს. ეს არის ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება. საერთოდ, ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობები. სოფელში კი ყველაზე კარგად იგრძნობა, რომ ადამიანებს უყვარხარ. ყველაზე ჰარმონიულად ვარ ჩემს სოფელში.

როცა სოფელში ცხოვრობ და განათლებას იღებ

სოფელში დაბადება წინააღმდეგობრივი ამბავია.

გამიმართლა რაღაც თვალსაზრისით და არ გამიმართლა რაღაც თვალსაზრისით. თუმცა ძალიან ვამაყობ და მიხარია, რომ აქ დავიბადე. მგონია, რომ აქ განსაკუთრებული ურთიერთობები იციან ადამიანებმა. ძალიან გულწრფელები არიან. განსაკუთრებულები. ასეთი გულწრფელობა, როგორიც სოფელშია, სხვაგან არსად არ მინახავს.

მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემაა, თუნდაც განვითარების თვალსაზრისით. ბავშვობაში ყველა ბავშვს უნდა ისწავლოს დაკვრა, ცეკვა. მეც მინდოდა, მაგრამ არ იყო ამის საშუალება. არც იმის, რომ სხვაგან წავსულიყავი და იქ მესწავლა.

სოფელში ზოგადად წესია – ძალიან ბევრ შეკითხვას გისვამენ. რატომ ხარ? რისთვის ხარ? რამდენი ხნით  ხარ? თუმცა ჩემთვის არ არის ეს შემაწუხებელი.

სოფელში ყველაფერი განსაზღვრულია. რა უნდა ჩაიცვა, სად უნდა წახვიდე, რა უნდა ჭამო და ა.შ. გეუბნებიან – „ეს ჩაიცვი, ის ჩაიცვი“, მაგრამ ჩემები უკვე შევაჩვიე ჩემს დამოუკიდებლობას.

ჩაცმულობის მხრივ ძალიან თავისუფალი ვარ. მიყვარს დიდი ზომის ტანსაცმელი და სულ ვცდილობ რამე დიდი, გრძელი, ფუშფუშა, ფუმფულა რაღაცები მეცვას. ჩემი დები ძალიან კლასიკურები არიან და სულ მეჩხუბებიან – რა გაცვია. მაგრამ, ჩემი აზრით, რაც გიყვარს და რაც მოგწონს, ყოველთვის ის უნდა აკეთო. შესაბამისად, ის მაცვია, რაც მომწონს.

სოფლის სკოლა დავამთავრე. სოფელში ბევრი ბარიერია. თუნდაც ენის ბარიერი. შეიძლება ითქვას, რომ 11 წელი ინგლისური არ მისწავლია. მეთორმეტე კლასამდე ინგლისურის მასწავლებელი არ მყოლია. მეთორმეტე კლასში იყო გამონათება, როცა მოვიდა სპეციალისტი და მისი წყალობაა, რომ დღეს სტუდენტი ვარ.

ძალიან მინდოდა უნივერსიტეტში ჩამებარებინა. როცა ვუყურებდი, ჩემი სოფლის სხვა ახალგაზრდებს, იყო ორი არჩევანი – ან უნივერსიტეტი ან მხოლოდ სახლი. თუ რჩებოდი მხოლოდ სახლში, შენი განვითარება იყო წერტილდასმული. არიან ახლაც ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვიცნობ, რომლებიც მართლა უსაზღვროდ ნიჭიერები არიან, ძალიან მონდომებულები, მაგრამ ის რეალობა, რაც მათ აქვთ, მათ გონებასთან შესაბამისობაში საერთოდ ვერ მოდის, რადგან გაცილებით მეტს იმსახურებენ. ეს მეტი რამ რატომ არ ეძლევათ, დღემდე ჩემთვის კითხვის ნიშანია. რა თქმა უნდა, ვიცი პასუხები, მაგრამ ამის გაზიარება იმდენად არ მინდა, ჩემს თავს ვეუბნები –  მოდი ევა, ამაზე არ იფიქრო. იმიტომ, რომ მძიმეა იმის გააზრება – ადამიანს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს ძალიან კარგი მომავალი, ეს მომავალი თავისი შრომით შექმნას, მაგრამ რეალობა სხვა რამაა – თუნდაც იმიტომ, რომ ინგლისურ ენაში აკლდება ორი ქულა და ვერ აბარებს მისაღებ გამოცდებს. შემდგომაც  აღარ აქვს მცდელობები, რომ ჩააბაროს.

მერე როგორც ხდება – თუ გოგო ხარ გათხოვებენ, თუ ვაჟი ხარ ალბათ ცოლი უნდა მოიყვანო.

უნივერსიტეტში

ჩავაბარე უნივერსიტეტში. ვერ ვიტყვი, რომ ღამეებს ვათენებდი და ვმეცადინეობდი. მეთორმეტე კლასში ვიყავი, როცა გავიაზრე, რომ აუცილებლად უნდა ჩამებარებინა უნივერსიტეტში და ჩემს ირგვლივ შემექმნა ისეთი სიტუაცია, რომლითაც ვიქნებოდი მეტ-ნაკლებად კმაყოფილი.

სოფელში ვინც კი სტუდენტი იყო, ყველასთან მივედი სახლში. ჩვენი სოფლიდან ბავშვები ძირითადად ბათუმში სწავლობენ. ყველას მშობელი მყავდა გაფრთხილებული – როცა სოფელში ამოვიდოდნენ, ჩემთვის ეთქვათ. მივდიოდი და მომქონდა ყველა წიგნი, რაც ჰქონდათ და რითიც მათ ჩააბარეს გამოცდები. ყველასგან ვიღებდი რჩევებს თუ როგორ ემზადებოდნენ. შეგროვებული წიგნები ერთ ოთახში რომ დავალაგე, ბოლოს წიგნის გორები იდგა. მერე მივყევი, ვიმეცადინე და გავხდი სტუდენტი.

გული  მწყდება, რომ იმ ადამიანების რიცხვში ვარ, ვისაც ინგლისურში დაბალი ქულა ჰყავდა. დღემდე პრობლემა მაქვს. უნივერსიტეტში ჩემს კურსელებს სხვა საგნებში აქვთ პრობლემა –  ზოგს ენათმეცნიერება უჭირს, ზოგს ბიზანტიური, ზოგს რაღაც, ზოგს რაღაც – ჩემთვის ყველაფერი მარტივია, გარდა ინგლისურისა.

ინგლისური რჩება ისეთ საგნად, რომელსაც ყველაზე მეტად ვეჭიდები და მაინც ყველაზე რთულია. არადა ძალიან მინდა, რომ ვისწავლო.

დაუძლეველი სირთულეები არ არსებობს, მაგრამ ერთი ადრეული ფიქრის ნარჩენები მაქვს გამოყოლილი. ენებთან ჩემს დამოკიდებულებას ეხება. მეგონა, რომ სხვა ენას ვერასდროს ავითვისებდი სრულყოფილად. ახლა აღარ ვფიქრობ ასე, მაგრამ ჭიდილი მაინც მაქვს ამ სირთულესთან.

ევა ართმელაძე

ძალიან მიყვარს სეირნობა. ყველაზე მეტად. ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა.

დედაჩემს უკვე ესმის და ხვდება, რომ უბრალოდ გარედ გავდივარ. მაგრამ სოფელში ასე უბრალოდ გარეთ გასვლა მიღებული არაა. დედა  ხშირად მეხუმრება – „ვინმეს  გიჟი არ ეგონო, ჩვენთან ასე უბრალოდ გარეთ გასვლა არ მოსულა და რამე მოიმიზეზეო. თითქოს შაქარზე მიდიხარ მეზობელთან, ან მარილზეო.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავისუფლება. ის, რომ გადაწყვეტილებები მივიღო დამოუკიდებლად. თუ საკუთარი გადაწყვეტილების თუნდაც უარყოფით შედეგებს ვერ იგემებ, ვერასდროს განვითარდები. თუ ყოველთვის ვინმეს გავლენა იქნება შენზე, შენ რაღაც კარს მიღმა რჩები. იმიტომ, რომ ის შედეგი რეალურად შენი არაა. ვფიქრობ, რომ ყველაზე  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაა და შედეგებზე პასუხისმგებლობის დამოუკიდებლად აღებაც.

დიდი ხანია მოხალისე ვარ. ძალიან მიყვარს და მომწონს ეს საქმიანობა.  თავისუფალ დროს და პრინციპში არათავისუფალსაც ვუთმობ იმ საქმეს, რომელიც მსიამოვნებს და მომწონს.

სხვადასხვა პროექტში ვარ ჩართული. არის ასეთი პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“, რომლის ფარგლებშიც გვაქვს შექმნილი ლიტერატურული კლუბი.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ზუმში გვიწევს შეხვედრა, ყოველ კვირა დღეს ვხვდებით. ერთმანეთთან კომუნიკაციით და  ლიტერატურით ვცდილობთ დატვირთული კვირა იყოს განტვირთვადი.

წინასაარჩევნოდ ვიყავი ჩართული საქართველოს გაეროს ასოციაციის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  PITA-ას პროგრამაში, ახალგაზრდების მობილურ ჯგუფის საინფორმაციო კამპანიაში, რომელსაც აჭარის რეგიონში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ახორციელებს. საინფორმაციო კამპანიას დროს, მოსახლეობას ვაწვდიდით ინფორმაციას, დემოკრატიული არჩევნების პრინციპების შესახებ, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე და პროცედურებზე. დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს. ჩვენ გადაგვამზადეს და მერე ჩვენ უნდა ჩაგვეტარებინა ტრენინგები სხვა ადამიანებისთვის. ჩვენი სამიზნე ჯგუფი იყო ის ახალგაზრდები, ვინც პირველად აძლევდა ხმას არჩევნებში. ჩვენ ვუხსნიდით მათ, თუ როგორ უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. რა უფლებები ჰქონდათ და რატომ იყო მნიშვნელოვანი მისულიყვნენ არჩევნებზე. 119 ადამიანის გადამზადება შევძელი ამ ტრენინგების დახმარებით.

როცა იგებენ, რომ მუსლიმი ვარ…

უსაზღვროდ დიდ პატივს ვცემ ჩემს რელიგიას. ძალიან ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომელიც აქვთ ჩემს მშობლებს, ჩემს მეგობრებს და ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ვხვდები და ძალიან ნათლად ჩანს, რომ ძალიან უყვართ საკუთარი რელიგია. მართლა სწამთ ის, რასაც მათი რელიგია მოისაზრებს.

ბევრი მიფიქრია – მიყვარს ჩემი რელიგია, მაგრამ ვარ თუ არა მე რელიგიური? ძალიან რთული საკითხია. რელიგიური ვარ, მწამს რაღაცების, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ვარ იმდენად რელიგიური, რამდენადაც ჩემს გარემოცვაში ადამიანები. მათთან შედარებით შეიძლება რელიგიური საერთოდაც არ ვიყო.

ყველა ადამიანს ვცემ პატივს და ყველა ადამიანში არის ჩემთვის სინათლის სხივი. ამ შემთხვევაში მხოლოდ მუსლიმებზე არ მაქვს საუბარი. ყველა, ნებისმიერი რელიგიის ადამიანს, რომელიც  არის რელიგიური, რომელსაც მართლა სწამს. რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში რა სწამს? საერთო  ჯამში ის, რაც მას სწამს, არის მისთვის ჭეშმარიტება.

რაღაც გამოწვევების პირისპირ ვდგავართ. რაღაცებში გვაქვს მუსლიმ გოგოებს ბარიერები, რომელიც შეიძლება სხვებს არ ჰქონდეთ. თუმცა ეს არ არის დაუძლეველი. ბარიერები არის უფრო დამოკიდებულებებში. პატარ-პატარა ჩავარდნები აქვთ ადამიანებს ჩვენს მიმართ, ცოტა განსხვავებულად გვიყურებენ. მე ამას კატასტროფად არ აღვიქვამ – მგონია, რომ ყველაფერი გამოსწორებადია და ეს დამოკიდებულებებიც შეიცვლება.

როცა იგებენ რომ ვარ მუსლიმი, პირველი რეაქცია იცით რა არის? მეკითხებიან – როდის ინათლები? რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ მუსლიმი ხარ, უეჭველად რამდენიმე დღეში ან კვირაში უნდა მოინათლო.

ერთი ისტორია მაქვს. სამსახურში არავისთვის არ მითქვამს, რომ მუსლიმი ვიყავი. ან რატომ უნდა მეთქვა. მუშაობის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ რაღაც საუბარს მოჰყვა და ვთქვი, რომ ვიყავი მუსლიმი. ეს ისეთი უცნაური იყო მათთვის, თითქოს შოკში ჩავარდნენ. წამიერად ვიფიქრე, რომ ასეთი რა ვთქვი? მე ხომ უბრალოდ მუსლიმი ვარ? მე ვარ იმ კატეგორიაში, რომელიც ყოველთვის თამამად და თავისუფლად საუბრობს თავის რელიგიაზე. ძალიან გაუკვირდათ. ამ დროს მე ის გამიკვირდა, რომ მათ ეს გაუკვირდათ.

ჩემი სამეგობრობს უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. მყავს სხვა რელიგიის მიმდევარი  მეგობრებიც, ასევე მყავს ათეისტი მეგობრებიც. ძალიან მიყვარს ყველა. მეცინება ხოლმე, როცა სოციალურ ქსელში ვაწყდები ისეთ კომენტარებს, სადაც წერენ ცუდი ენით, მძიმე ტერმინებს იყენებენ. ძირითადად ვცდილობ არ წავიკითხო, არ მინდა დავითრგუნო და ჩემს განწყობაზე იმოქმედოს ამან, მაგრამ თუ კითხულობ, საერთო ჯამში, მაინც რაღაც ღიმილის მომგვრელი ხდება. როგორ  შეიძლება ადამიანის შეფასების დროს შენს ერთ-ერთ  ძირითად კრიტერიუმად გამოიყენო ის თუ რომელი რელიგიის მიმდევარია ის. ეს ჩემთვის გაუმართლებელია. რა მნიშვნელობა აქვს რელიგიას? მთავარია ვინ არის ის.

სტუდენტი რომ გავხდი და ბათუმში გადავედი საცხოვრებლად, მაინტერესებდა და დავდიოდი ეკლესიებში. დავსწრებივარ წირვასაც. მაინტერესებდა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ეკლესიაში.

სოფელ  ბეღლეთის მეჩეთში

მინდა ცვლილებები მოვახდინო. აი, ჩვენი სოფელი რომ ავიღოთ. ყველაზე მეტად რაც აკლია ჩემს სოფელს, არის სივრცეები. არ ვგულისხმობ სკოლას, რადგან მას აქვს თავისი ჩარჩო. სკოლა არ და ვერ იქნება ის ადგილი, სადაც შეგიძლია თავისუფალი დრო გაატარო შენს მეგობრებთან ერთად და ისაუბრო ისეთ თემებზე, რომლებზეც საუბარი აუცილებელია.

ძალიან დიდ დანაკლისად მიმაჩნია, რომ სოფელში არ არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები მივლენ სკოლის შემდეგ და ერთმანეთს თავიანთ აზრებს გაუზიარებენ. ესაუბრებიან მუსიკაზე, მხატვრობაზე, თავიანთ სურვილებზე, მომავალზე, აღმოჩენებზე.

ასეთი სივრცის არ არსებობა ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან, ასე მგონია, საუბარი და საწინააღმდეგო აზრის მოსმენა ან თანამოაზრის პოვნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მეც მაკლდა ეს სკოლის პერიოდში. გაკვეთილზე ამ თემებზე ვერ ისაუბრებ. ხუთი წუთი დასვენება არაფერში არ გყოფნის, წიგნებსაც ვერ ცვლი ხანდახან. გაკვეთილების შემდეგ კიდევ მივდიოდით სახლებში და მორჩა.

როცა სკოლა დავამთავრე, ერთ-ერთი ჩემი კლასელი, როგორც მეგობარი, სკოლის შემდეგ აღმოვაჩინე. სკოლის დამთავრების შემდეგ აღმოვაჩნეთ ერთმანეთი თავიდან. მერე გავუზიარეთ ამბები, მერე ვუთხარით ერთმანეთს რა გვინდოდა, რატომ და რისთვის. საერთოდ ვინ ვიყავით. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება აქვს მას ჩემზე. ერთხელ მითხრა – იცი, რა ევა! ნინო რომ იყავი და ნინოთი რომ გიცნობდი, ასეთი არ იყავი. ახლა სულ სხვანაირი ხარო. ამიტომ მგონია, რომ უნდა იყოს სივრცეები, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ესაუბრებიან.

ნინო

ბევრმა იცის, რომ ევა მქვია. თუმცა იურიდიულად ვარ ნინო ართმელაძე. როცა სტუდენტი გავხდი და დამოუკიდებლობა ვიგრძენი, როცა შევქმენი ჩემი სივრცე, მაშინ მომინდა, რომ სახელიც მე თვითონ შემერჩია. ამიტომ შევიცვალე და დავირქვი ევა. ხშირად მეკითხებიან – შენით დაირქვი? რატომ დაირქვი?  ნინო ხომ კარგი სახელია?

ბარიერები

მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ქვეყანაში დავიბადე, სადაც ინტერნეტი იყო, 20 წლის ვარ ხომ, და 20 წლის წინ საქართველოში ინტერნეტი ჰქონდათ ადამიანებს, ძალიან გვიან მოხდა ჩემი კავშირი ინტერნეტთან და სწორად გამოყენებად ინტერნეტთან უფრო. მახსოვს მეათე კლასში ვიყავი, რაღაც პროექტში გავიმარჯვე, სადაც ფული მომცეს. ავდექი და თვითნებურად ვიყიდე ტელეფონი. ოღონდ მობილური კი მქონდა, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა. რეალურად, სკოლა რომ დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაშინ მივხვდი რეალურად რა იყო ინტერნეტი და რამდენად დიდი რესურსი აქვს მას.

უნივერსიტეტში ჩაბარება რას ჰგავდა იცით? აბსოლუტურ სიცარიელეში დავრჩი და მქონდა უამრავი კითხვა. მაგალითად, რატომ არ ვიცოდი ისეთი ელემენტალური რაღაცები, რაც იცოდა ჩემს ირგვლივ ყველამ. დღეს ბევრი პროექტია სკოლის მოსწავლეებისთვის, რომ განათლება მიიღონ. კი, სკოლა განათლების ძირითადი კერაა, მაგრამ მხოლოდ სკოლა დიდ განათლებას ვერ იძლევა. 12 წლის განმავლობაში უნდა აკეთო რაღაც სხვაც. შენი ინტერესების მიხედვით უნდა განვითარდე.

ამიტომ მინდა ძალიან სოფელში კინოჩვენებების მოწყობა. კინოთეატრის მოწყობა სოფელში არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი. ახლა, პანდემიის გამო, სოფელში რომ დავბრუნდი, უფრო მინდა რომ გავაკეთო.

ვფიქრობ, რომ არის  50 ფილმი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ნახო. კი, ტელევიზორი მქონდა და მეც ვუყურებდი ფილმებს, მაგრამ სტუდენტობამდე არცერთი ფილმი არ მქონდა ნანახი ისე, რომ დამენახა მასში სხვა შინაარსი. აღმექვა ეს კადრები სხვანაირად.

ძალიან მინდა ჩემს სახლში ერთი ოთახი გამოვყო, სადაც მოვლენ საღამოობით ჩემი მგობრები, ჩემი ძმის მეგობრები. მარტო ახალგაზრდები არა, ბებია-ბაბუები, იგივე ჩემი მშობლების თაობა. მინდა ყველამ ერთად ვუყუროთ ფილმებს და მერე მოვუყვეთ ერთმანეთს რა გავიგეთ. სადისკუსიო სივრცე მინდა შევქმნა, სადაც ერთმანეთს ჩვენს აზრებს გავუზიარებთ.

მასალა მომზადდა batumelebi.ge–ს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“(PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. 

მასალაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ვიდეოს გმირს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

გადაბეჭდვის წესი