მთავარი,სიახლეები

„შესაძლებელია პარლამენტმა მთავრობა არ დაამტკიცოს“ – სულხან სალაძე

18.02.2021
„შესაძლებელია პარლამენტმა მთავრობა არ დაამტკიცოს“ – სულხან სალაძე

„პარლამენტმა ახალი მთავრობა 2 კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს“, – განმარტავს იურისტი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი სულხან სალაძე, თუმცა ის არ გამორიცხავს იმას, რომ პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერს მხარი არ დაუჭიროს.

„ეს იქნება კარგი საშუალება ხელისუფლებისთვის, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როცა ამბობ, მთავრობას ვერ ვაკომპლექტებო, ვიდრე იმის თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა… შესაბამისად, ეს მოლოდინი არსებობს,“ – მიიჩნევს სულხან სალაძე.

სულხან სალაძის თქმით, პრემიერის გადადგომა არ ნიშნავს მთლიანად მთავრობის გაჩერებას. კანონით არაა განსაზღვრული კონკრეტული ვადა, როდის უნდა წარმოადგინოს მმართველმა პარტიამ პრემიერობის ახალი კანდიდატი. მთლიანობაში მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად ორკვირიანი ვადაა.

„პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა,“ – წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

„მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება,“ – აღნიშნულია კონსტიტუციაში.

____

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს. გახარიამ თქვა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: