მთავარი,სიახლეები

როგორ ვესაუბროთ მოზარდებს, როცა თამბაქოს ან ალკოჰოლს მოიხმარენ და გვიან ბრუნდებიან

16.02.2021 • 1883
როგორ ვესაუბროთ მოზარდებს, როცა თამბაქოს ან ალკოჰოლს მოიხმარენ და გვიან ბრუნდებიან

გარდატეხის ასაკში, როცა უამრავი ფსიქოფიზიოლოგიური ცვლილება იჩენს თავს,  მოზარდებს ხშირად ურჩევნიათ გვიან ღამემდე გარეთ ყოფნა, ზოგი ამ დროს იწყებს თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებას.

ეს ამ ასაკობრივი პერიოდისთვის დამახასიათებელ უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია მშობლებისთვის. „ბათუმელები“ აგრძელებს გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის, ქეთი დევაძის რჩევებს სთავაზობს მშობლებს.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ხშირად მოზარდს სთხოვენ შინ ადრე დაბრუნდეს, მაშინ, როცა მისი მეგობრების გარეთ ყოფნის ლიმიტი გაცილებით ხანგრძლივია. ამის გამო კი მოზარდი თავს დაჩაგრულად გრძნობს.

გვიან ღამემდე გარეთ ყოფნით ხანდახან  მოზარდები ცდილობენ დაუმტკიცონ საკუთარ თავს და სხვებს, რომ ზრდასრულები არიან და თავად წყვეტენ სად, რამდენი ხნით იქნებიან და როდის დაბრუნდებიან.

სხვადასხვა მშობელი ასეთ დროს სხვადასხვაგვარად რეაგირებს და ღელავს.

რა ქნას მშობელმა?

ქეთი დევაძე მიიჩნევს, რომ:

  • პირველ რიგში საჭიროა გაიაზროს მშობელმა რა სახის ღელვა და გრძნობები აქვს, მისი პრობლემა ხომ არ არის გადამეტებული ღელვა მოზარდის გარეთ ყოფნასთან დაკავშირებით; ხანდახან შეიძლება მართლა გადაჭარბებული იყოს მშობლის გრძნობები;
  • რეკომენდებულია მოზარდთან ერთად სხვადასხვა შემთხვევის განხილვა, კერძოდ: უნდა აუხსნათ მოზარდს რატომ არის თქვენთვის მისი დაგვიანება მნიშვნელოვანი; განიხილოთ სხვადასხვა სცენარი – რა შეიძლება მოხდეს, რა შეიძლება მოჰყვეს გვიან ღამემდე გარეთ ყოფნას; რა რისკები არსებობს. ეს რისკები ორივემ უნდა გაიზიაროს, ეს რისკები მხოლოდ მშობელს კი არა, მოზარდსაც უნდა აღელვებდეს;
  • უნდა ვკითხოთ მოზარდს, რას ნიშნავს მისთვის გარეთ ყოფნა და გარეთ ყოფნის რა დროა მისთვის სასურველი;
  • მნიშვნელოვანია, რომ დროის ლიმიტი შვილმა და მშობელმა ერთად დაადგინოს.

არ შეიძლება მოზარდს მხოლოდ მშობელმა შეუდგინოს დრო და დაუწესოს ლიმიტები, ეს მოზარდებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. 

ფსიქოლოგი ამბობს, რომ, როგორც წესი, მათ მიერ შემუშავებული ლიმიტის წესებს მოზარდები უფრო სცემენ პატივს და ნაკლებად არღვევენ ამ წესებს, მხოლოდ მშობლების მიერ ერთპიროვნულად შემუშავებული წესებისგან განსხვავებით.

მოზარდები გარდატეხის ასაკში ხშირად იწყებენ თამბაქოსა და ალკოჰოლის პირველად მოხმარებას.

„მნიშვნელოვანია ეს გამოწვევა მრავალმხრივ შეაფასოს მშობელმა. შეიძლება ძალიან კომპლექსური იყოს პრობლემა. თუ საქმე ეხება რეგულარულ მოხმარებას, მშობელი უნდა დაინტერესდეს, თუ რატომ დაიწყო ბავშვმა, მოზარდმა ნებისმიერი ნივთიერების გამოყენება. შესაძლოა პასუხი მერყეობდეს ძალიან მარტივი ინტერესიდან, ექსპერიმენტიდან ისეთ რთულ ფორმებამდე, როგორიცაა საკუთარი თავის დამახინჯებულად აღქმა, თვითშეფასების პრობლემები და თვით პატივისცემის სირთულეები,“ – ამბობს ქეთი დევაძე.

ფსიქოლოგის რჩევით:

  • როცა გვაქვს ეჭვი, რომ მოზარდი თამბაქოს ან ალკოჰოლს მოიხმარს, მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავესაუბროთ მას. მშობელი ამ საუბრისთვის კარგად უნდა მოემზადოს, მოიძიოს ინფორმაცია ამ ნივთიერებების შესახებ და მშვიდ გარემოში, ინდივიდუალურად გაესაუბროს მოზარდს;
  • თამბაქოსა და ალკოჰოლის ავადმოხმარების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა ბავშვთან ერთად შეიმუშაოს წესები. ეს წესები უნდა მოიცავდეს იმას, თუ ვინ შეიძლება მოიხმაროს ეს ნივთიერებები, რა რაოდენობით, სად და ა.შ;
  • მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს ვის შეიძლება მიმართოს და ვის შეუძლია ესაუბროს ნივთიერების ავადმოხმარების პრობლემებზე;
  • თუ მშობელი ამჩნევს, რომ მოზარდი რეგულარულად მოიხმარს ნივთიერებებს, სასურველი და აუცილებელიცაა ჩართონ პროფესიონალები ბავშვთან მუშაობაში;
  • მშობელმა ბავშვს უნდა მიაწოდოს ფაქტობრივი ინფორმაცია იმ მავნე ზემოქმედების შესახებ, რაც აქვს ამ კონკრეტულ ნივთიერებებს და შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ბავშვის ჯანმრთელობაზე, განვითარებაზე, მის ემოციურ მდგომარეობაზე. მშობელმა ხაზი უნდა გაუსვას მოზარდთან იმ ფაქტს, რომ ამათუიმ ნივთიერების ხშირი გამოყენება სამომავლოდ შესაძლოა მასზე ძლიერი დამოკიდებულების მიზეზად იქცეს.

მოზარდებთან ყვირილი და ავტორიტარული მიდგომა, ასევე ბრძანებითი საუბრები ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან გასამკლავებლად, ფსიქოლოგის აზრით, უშედეგო და დამაზიანებელი იქნება, რადგან მოზარდები ამ ასაკში უკვე ფლობენ ძალაუფლებას და თუ ჩვენ ძალის დემონსტრირებას მოვახდენთ, ისინი აუცილებლად დაგვიბრუნებენ ამას უკან.

„გარდატეხის ასაკში ბავშვები ისეც ექსპერიმენტატორობენ ძალაუფლებით და თუ ვიყვირებთ, ვუბრძანებთ, აუცილებლად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას დაამტკიცონ, რომ თავადაც აქვთ ძალა.

მშობლის ქცევა არის როლური მოდელი შვილისთვის. ბავშვი აკვირდება როგორ უმკლავდება მშობელი სხვადასხვა პრობლემას და გამოწვევას: ყვირილით, ჩხუბით, აგრესიით თუ მშვიდად და გაწონასწორებულად. ეს არის ბავშვისთვის მოდელი – თავად რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სხვადასხვა გამოწვევაზე – სახლში თუ სახლს გარეთ”, – ამბობს ქეთი დევაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: