მთავარი,სიახლეები

რატომ არ თანხმდება თორნიკე რიჟვაძე ღია შეხვედრებს

16.02.2021 • 1314
რატომ არ თანხმდება თორნიკე რიჟვაძე ღია შეხვედრებს

„ეს არის კომუნიკაციის პრობლემა, რაც აზარალებს პროცესს,“ – მიიჩნევენ მესამე სექტორის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიდგომაზე, როცა ის მოქალაქეებს არ ხვდება, ან ამბობს, რომ შეხვდება, ოღონდ მედიის გარეშე.

მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრების ტენდენცია ძლიერდება, რაც პრობლემას ვერ აგვარებს.

„10 დღეში უფრო მეტნი ვიქნებით და ისევ მოვალთ“, – ამ განცხადებით დაიშალა გუშინ, 15 თებერვალს, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ. აქცია სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფმა გამართა, მათ შორის იყვნენ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ თორნიკე რიჟვაძეს განსაკუთრებით ემადლიერებოდნენ, გუშინ კი იგივე ჯგუფი ასევე განსაკუთრებული მონდომებით აკრიტიკებდა თორნიკე რიჟვაძეს – ითხოვდნენ მასთან შეხვედრას და კონკრეტული დოკუმენტის შემუშავებას, რაც განსაზღვრავს, ვინ მიიღებს ბინას.

მსგავსი აქცია აჭარის მთავრობასთან გასულ კვირასაც გაიმართა. მაშინ და ახლაც აქციის მონაწილეებს მთავრობის აპარატის წარმომადგენელმა უთხრა, რომ თორნიკე რიჟვაძე სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდებოდა, ოღონდ ჟურნალისტების გარეშე. გუშინ აქციის მონაწილეები ამ პირობას დათანხმდნენ, თუმცა მთავრობის სახლში შესულ აქციის მონაწილეებს რიჟვაძის ნაცვლად დახვდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები  და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – რამაზ ჯინჭარაძე , ვისთან კომუნიკაციის პრობლემა აქციის მონაწილეებს ისედაც არ აქვთ. მოქალაქეებმა ეს შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„ეს არის არაჯანსაღი“ – კატეგორიულია ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი. ის იხსენებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მუდმივად დახურულ კარს მიღმა ითხოვს შეხვედრების გამართვას.

„ბოლო დროს მუდმივად ასეა, როცა საზოგადოება ან საინიციატივო ჯგუფი ითხოვს შეხვედრას… თვლიან, რომ ასე უფრო შესაძლებელია პოზიციების შეთანხმება, მაგრამ ეს არის არაჯანსაღი, მით უმეტეს, როცა მოქალაქეები ითხოვენ ამას. თუკი შენს ხელშია პრობლემის მოგვარების ბერკეტები, გაუგებარია, რატომ არ უნდა იყოს ეს პროცესი გამჭვირვალე? რატომ არ უნდა აშუქებდეს ამას მედია?“ – კითხულობს ნათია აფხაზავა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი, ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ ყველა მოქალაქეს, ვისაც პრობლემა აქვს, შესაძლოა მთავრობის თავმჯდომარე ვერ შეხვდეს და ეს გასაგებიცაა, მაგრამ როცა სხვადასხვა სოციალური ჯგუფი აქციაზე გამოდის, ჩანს, რომ მათ მინიმუმ საჯარო უწყებებთან კომუნიკაციის პრობლემა აქვთ.

„ვფიქრობ, უნდა არსებობდეს კომუნიკაციის ისეთი ფორმები, რომ ყველა პრობლემასა და კითხვაზე მოქალაქე არ მირბოდეს მთავრობის თავმჯდომარესთან კითხვების დასასმელად. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაც პრობლემაა, არსებობს რიგი სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ვალდებულნი არიან, მოაგვარონ კონკრეტული პრობლემები და მინიმუმ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მოქალაქეებს. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ „ოცნების ქალაქზე“, იქ მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, რა კრიტერიუმებით დაარიგებენ საცხოვრებელ ბინებს. იქ შენდება საცხოვრებელი კორპუსები, შესაბამისად, ეს ადამიანები ცდილობენ იმის გაგებას, მათ ეკუთვნით თუ არა ბინა,“ – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

ასლან ჭანიძე და ნათია აფხაზავაც იხსენებენ, რომ „ოცნების ქალაქს“ თორნიკე რიჟვაძე რამდენჯერმე ესტუმრა. ასლან ჭანიძე იხსენებს თორნიკე რიჟვაძეს „ოცნების ქალაქში“ ოვაციებითაც რომ დახვდნენ, როცა იქ მცხოვრებმა ადამიანებმა საცხოვრისის დაპირება მიიღეს. იყო რამდენიმე შეხვედრაც მედიის გარეშე, თუმცა, საბოლოოდ, არ არსებობს დოკუმენტი იმაზე, თუ ვის ერგება ბინა „ოცნების ქალაქში“. ამ მოთხოვნას მესამე სექტორი 2012 წლიდან ააქტიურებს.

„ამიტომაც ითხოვენ ახლა ასე დაჟინებით აქციის მონაწილეები მედიის თანდასწრებით შეხვედრას. მედია იძლევა პროცესის გამჭვირვალედ მართვის შესაძლებლობას…“ – აღნიშნავს ნათია აფხაზავა.

„ბუნებრივია, მთავრობის თავმჯდომარემ უნდა შეარჩიოს მისთვის მისაღები კომუნიკაციის ფორმები, მაგრამ ჩანს, რომ კომუნიკაციის პრობლემა არსებობს… მედია არის შესაძლებლობა, ესაუბრო საზოგადოებას, მათ შორის მეც, როგორც მოქალაქეს, მაინტერესებს რაში დაიხარჯება ეს ფული, რაც „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად გამოიყო. მე არ ვთვლი, რომ ყველას, ვინც ცხოვრობს „ოცნების ქალაქში“, ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი…“ – მიიჩნევს ასლან ჭანიძე.

ნათია აფხაზავასთვის გუშინდელი დღე და საპროტესტო აქცია კარგი მაგალითია ასევე იმის საჩვენებლად, თუ რა შეიძლება მოხდეს მედიის გარეშე, როცა რჩები მთავრობასთან დახურულ კარს მიღმა. საუბარია შემთხვევაზე, როცა თორნიკე რიჟვაძის ნაცვლად აქციის წარმომადგენლებს მთავრობის სახლში ისევ რამაზ ჯინჭარაძე დახვდა, რომელიც მანამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოვიდა აქციაზე და ისედაც ხშირად ხვდება ამ მოქალაქეებს.

„მედიის გარეშე როცა შედიხარ, არ იცი, რა დაგხვდება, ვინ იქნება მაგიდასთან, ასეთი თამაშის წესის გარეშე მოქმედება არაა სახელმწიფოებრივი და დიალოგის გზით პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული,“ – აღნიშნავს ნათია აფხაზავა.

ასლან ჭანიძისთვის კი არ იყო მოულოდნელი გუშინდელი დღე. „თორნიკე რიჟვაძის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო ის, რომ აამოქმედა ძველი დოკუმენტი და მთავრობის სხდომები დახურა,“ – აღნიშნა ასლან ჭანიძემ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების აზრით, კომუნიკაციის ამ ფორმით მოსახლეობაში უკმაყოფილების შეგრძნება იზრდება. რატომ შეიძლება აწყობდეს თორნიკე რიჟვაძის მასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გაზრდა?

„მე ვფიქრობ, უფრო საქმე გვაქვს პიროვნულ სიჯიუტესთან, აქვს რაღაც პრინციპებისადმი ერთგულება თითქოს, რომელიც ამ თანამდებობისთვის შესაფერისი არ არის. გამოცდილება აჩვენებს, რომ რაც უფრო ვშორდებით მოქალაქეებს და არ ვესაუბრებით მათთვის გასაგებ ენაზე, ეს აისახება შემდეგ ნდობაზე, დამოკიდებულებაზე, არჩევნებზე… ხელისუფლების ვალდებულებაა იზრუნოს მოქალაქეების ინტერესების დაკმაყოფილებაზე. როცა ვერ პოულობ კომუნიკაციის გზას, გამოდის, რესურსი ამოწურე და აღარ ხარ ორიენტირებული ხალხზე,“ – მიიჩნევს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი.

„ყოველთვის ჯობია, ადამიანებს გასცე პასუხი, თუნდაც ეს მის უკმაყოფილებას იწვევდეს და არ მისცე, არ ამყოფო ფუჭი დაპირების პირობებში. ჯობია, ადამიანებს უთხრა, რომ რაღაც შენს კომპეტენციაში არ შედის, მაგალითად, იპოთეკარების, რომლებიც ასევე იყვნენ გუშინდელ აქციაზე. ამ ადამიანებთან უნდა მიიტანო სწორი ინფორმაცია და აუხსნა, რომ ეს არის კერძო კომპანიასა და სუბიექტს შორის არსებული დავა და აჭარის მთავრობა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს… საჯაროობა ყოველთვის ჯობია. შესაძლოა, საჯაროობა იყოს რთული პროცესი, მაგრამ საჯაროობით ხარ დაცული“, – გვეუბნება ასლან ჭანიძე.

როგორ დაიცავს საჯაროობა, მაგალითად, თორნიკე რიჟვაძეს? – ესეც ვკითხეთ ასლან ჭანიძეს.

კითხვის პასუხად ასლან ჭანიძე წაბლანელების შემთხვევა გაიხსენა – მათ სოციალური სახლი აუშენეს, თუმცა საპროტესტო აქციები ამ დრომდე არ სრულდება. წაბლანელები ამბობენ, რომ მათთვის თეთრი კარკასი უნდა ჩაებარებინათ და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ეს დაპირება მიიღეს, ხელისუფლება კი ირწმუნება, დაპირება შევასრულეო.

„არ არსებობს, არავის გამოუქვეყნებია დოკუმენტი, სადაც გაწერილია, რა სახით უნდა ჩაბარებოდათ ბინები წაბლანელებს… ეს შემთხვევა აჩვენებს, რატომაც არის საჭირო დოკუმენტი, როცა ხელისუფლებას და ადამიანებს შორის კომუნიკაციას ეხება საქმე,“ – მიიჩნევს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

წაბლანელებმა საპროტესტო აქცია 14 თებერვალსაც გამართეს. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში კი პროტესტის ნიშნად სოფელ წაბლანაში საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდა.

თორნიკე რიჟვაძე რამდენჯერმე შეხვდა „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებს. გუშინაც მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ აქ მშენებარე თითოეულ საცხოვრებელ კორპუსში 580 ოჯახი მიიღებს ბინას. ეს და წინამდებარე განცხადებები ხომ არ ნიშნავს იმას, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ საკითხზე დამატებით აღარაფერი აქვს სათქმელი?

„2012 წლიდან სახელმწიფო ამბობს, რომ შეიმუშავებს კრიტერიუმებს, მაგრამ ის არ არსებობს. არ არის ცნობილი, ვინ მიიღებს ბინას,“ – განმარტავს ასლან ჭანიძე. მისი აზრით, აჭარის მთავრობა ვალდებულია არათუ ამ კონკრეტულ ჯგუფს, არამედ ზოგადად საზოგადოებას განუმარტოს, ვინ იცხოვრებს ახალ კორპუსებში, „ოცნების ქალაქში“ რომ შენდება და ხალხის ფული იხარჯება.

„სახელმწიფო ვალდებულია ადამიანები უზრუნველყოს საცხოვრისით, მაგრამ იქ არის გარკვეული კატეგორია, რომელსაც არ ეკუთვნის. კრიტერიუმების ჩამოყალიბება ამ ყველაფერს დაალაგებდა და ყველა გაიგებდა, ვის ეკუთვნის და რატომ. ჩვენ 2012 წლიდან ვითხოვდით ამას. „ოცნების ქალაქში“ ამ კითხვას გაღიზიანებაც მოჰყვა, მოვაგვარეთ მთავრობასთან და თქვენ რა გინდათო, მაგრამ ასე არ მოხდა… კომუნიკაცია ამ ადამიანებს და ხელისუფლებას შორის მორღვეულია და ყველა ცდილობს ახლა მივიდეს მთავრობაში და რაღაც მიიღოს,“ – მიიჩნევს ასლან ჭანიძე.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების უმოქმედობა შეიცავს რისკებსაც.

„ამ კრიტერიუმების დადგენა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ეს შეაჩერებს სხვა პროცესებს. გუშინწინ ჩვენ ვნახეთ, რომ სადღაც ისევ შევიდნენ მოქალაქეები ძალისმიერი მეთოდებით… ყველა ჩათვლის, რომ მეც მეკუთვნის რაღაც სახელმწიფოსგან იმის მიუხედავად, ვარ ეკომიგრანტი თუ არა, დამეწვა სახლი თუ არა, წვიმა ჩამომდის თუ არა სახლში,“ – აღნიშნა ასლან ჭანიძემ.

„როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ გავაკეთებ კომენტარს,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, როცა მას ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე ვკითხეთ. ბოლო პერიოდში თორნიკე რიჟვაძე ბრიფინგს მედიასთან დახურული სხდომების შემდეგაც აღარ აწყობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: