განათლება,მთავარი,სიახლეები

შერცხვენა „ღირსების“ სახელით – რა ტვირთს ჰკიდებს გოგოებს საზოგადოება

17.02.2021 • 1804
შერცხვენა „ღირსების“ სახელით – რა ტვირთს ჰკიდებს გოგოებს საზოგადოება

„დანაშაული გამოისყიდა“ – ეს არის ფრაზა, რომელიც 14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუამ, შვილიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ თქვა. საზოგადოების მხრიდან ამ ნათქვამმა კრიტიკა და ახლა უკვე ბრალდებული ბაბუის მიმართ აღშფოთება გამოიწვია.

რა ტვირთს ჰკიდებს საზოგადოება გოგოებს და როგორ არის გაგებული დღეს „ღირსება“, რომლის „შელახვა“ ბავშვებსაც კი საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ? სად არის სკოლა და რა როლი აქვს ბავშვების ტრაგედიაში ან მათ გადარჩენაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, განათლების სპეციალისტს ნინო ლომიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინო, სად უნდა ვეძებოთ იმ პრობლემის მიზეზი, რაც გოგონებს აიძულებს ჰქონდეთ დანაშაულის განცდა იმის გამო, რომ მათ აქვთ სექსუალური ცხოვრება თუნდაც მოზარდობის ასაკში?

ბოლო დროს, როცა ვფიქრობ იმაზე, რაც 14 წლის გოგოს თავს მოხდა, ვაკვირდები, რომ ამ ყველაფრის კვალდაკვალ ძალიან ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. როგორც დაავადების სიმპტომი იჩენს ხოლმე თავს გამწვავებისას, ასე გამოვლინდა ამ ტრაგედიის შემდეგ ბევრი პრობლემა, მათ შორის ღირებულებების, სტერეოტიპების, არასწორი შეხედულებების, ის რაც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში თუ საქმე ეხება ქალის, გოგონას სქესობრივ ცხოვრებას.

ერთი მხრივ, როგორ განიკითხავს საზოგადოება არა მარტო გოგონას, არამედ დედასაც, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებს ცხოვრებას და მეორე მხრივ, პატარა გოგოს, რომელსაც ოჯახი ბრალს დებს ღირსების შელახვაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს.  საზოგადოებაც და ოჯახიც საქალწულე აპკსა და ღირსებას ერმანეთთან აიგივებს, ბრალს სდებს მოზარდს და მიჰყავს თვითმკვლელობამდე.

ეს ფრაზები, გამოსროლილი თუ ამოხეთქილი ოჯახის წევრების მხრიდან, მენტალური პრობლემების, ვიტყოდი, მძიმე დაავადების სიმპტომებს აჩვენებს – იმას, რომ უბიწობა, საქალწულე აპკის მთლიანობაა მათთვის მნიშვნელოვანი და არა ბავშვი და პიროვნება, რომელიც მარტო დგას ამ რაღაც უბედურების წინაშე. სწორედ ამიტომ ჩათვალა ოჯახმა, რომ მოზარდის სიკვდილი იყო ის, რამაც მათი შელახული ღირსება აღადგინა.

  • ეს შუასაუკუნეობრივი გაგება რატომ არის დღესაც ასე ძლიერი, რატომ უდრის გოგოსთვის პარტნიორის ყოლა სიკვდილს?

ისევ და ისევ განათლებასთან მივდივართ, რადგან სქესობრივი განათლების აკადემიურ სივრცეში დანერგვა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. რატომ? იმიტომ, რომ უფრთხიან მშობლების, საზოგადოების რეაქციას, მათ შორის რელიგიური საზოგადოების რეაქციასაც, რადგან უმეტესობა სქესობრივ განათლებას განიხილავს, როგორც გარყვნილების პროპაგანდას. არ ხდება ჩაღრმავება, რომ მოზარდს უჩნდება კითხვები საკუთარ სხეულთან დაკავშირებით და ბევრ სხვა რამეზე. მას ინტერნეტსივრცეში ისეთ საიტებთან აქვს წვდომა, საიდანაც შეუძლია მიიღოს არა სასარგებლო, არამედ დამაზიანებელი ინფორმაცია, ამიტომ სწორედ სკოლა უნდა გახდეს ის ადგილი, სადაც მოზარდი მიიღებს სანდო, საჭირო ინფორმაციას თავისი უსაფრთხოების შესახებ, სქესობრივი უსაფრთხოების შესახებ, საკუთარი სხეულის შესახებ…

  • რატომ არ არის სქესობრივი განათლება გარყვნილება – ამაზე ვინ უნდა დაიწყოს საუბარი?

მე ვფიქრობ, რომ სწორედ აკადემიურ სივრცეში უნდა გაჩნდეს ჯერ დისკუსიები, რადგან ადამიანებს აკლიათ განათლება. ამ ამბებში (ნინის ტრაგედია) რასაც ვუყურებ, აქცენტი კეთდება მხოლოდ კონკრეტულ ოჯახზე, რომელსაც წარმოაჩენენ როგორც მონსტრებს, ურჩხულებს, არადა რაც იქ ხდება, მხოლოდ იმიტომ გახმაურდა, რომ საზარელი შედეგი დადგა. მსგავსი შეხედულებები გვხვდება ჩვენს ყოველდღიურობაში, განა რა ხდება სხვაგან იმისგან განსხვავებული, რასაც ნინის ოჯახის წევრები ამბობენ?

ნაადრევი ქორწინებები, საქალწულე აპკის და ღირსების ერთ სიბრტყეზე განხილვა, თუ ქალიშვილი არ არის ცოლად როგორ მოიყვან – ასეთი არანორმალური შეხედულებები ერთგვარ ნორმადაც აღიქმება. ავადმყოფობას ფესვები ჩვენს კულტურასა და ტრადიციაში აქვს ჩასობილი და ძირეული, სიღრმისეული ცვლილებები სჭირდება.

ცემა, ძალადობა, მოზარდისა და ბავშვის პიროვნების უგულებელყოფა, ღირსების შელახვა რომ დასაშვები ქცევის მოდელია, ჩანს ირგვლივ ყველგან – სკვერებში, პარკებში, სადაც ბავშვების თავში წამორტყმაზე რეაქცია არ გვაქვს. ეს წამორტყმა არის სწორედ ღირსების შელახვა, როცა ხელით ვეხებით მას. ნორმაა თითქოს.

  • ძალიან ხშირად, სწორედ პედაგოგებია ის ჯგუფი, რომელიც წინააღმდეგია მოზარდის სქესობრივი განათლების, რატომ?

მასწავლებლებიც ამ საზოგადოების ნაწილია. პედაგოგს პროფესიული ეთიკაც უკრძალავს, რომ არ გამოიყენოს ბავშვის ღირსების შემლახავი სიტყვები, ფრაზები, თუმცა მოზარდებისგან მსმენია, ისეთი სიტყვები, როგორიცაა „დებილო“, „უმაქნისო“, „ზარმაცო“ –  ისმის კლასში და მიმართვის ფორმებად ამ სიტყვებს მასწავლებლებიც იყენებენ.

ღირსების სწავლების საკითხი არც ბიჭების შემთხვევაშია სწორად დაყენებული სკოლაში, რადგან მათაც „ვაძალებთ“, რომ იყვნენ გმირული, ვაჟკაცური, არ დააჩაგვრინონ არავის თავი და ამ ყველაფერს ვაიგივებთ ღირსებასთან. ოჯახებში ასეთი დარიგებები არ გვსმენია? – „დაგარტყამენ – დაარტყი“, „პირველი შენ დაარტყი, რომ არ გაგიბედოს არავინ ხელის დაკარება“ და მსგავსი… ღირსების განცდისა და დაცვის რაღაც უცნაური აღქმა გვაქვს. გავიხსენოთ მოზარდებს, სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებები, რაც მკვლელობებითაც დასრულებულა.

  • ჩემს ბავშვობაში სკოლაში ისწავლებოდა ნინოშვილის მოთხრობა –  „სიმონა“, სადაც გაუპატიურების შემდეგ თავს იკლავს მთავარი გმირის ცოლი. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ სიცოცხლის უფლება არ აქვს. როცა მხატვრულ ლიტერატურას ასწავლით, მსგავს დეტალებზე თუ მიდის ხოლმე დისკუსიები, არის თუ არა საუბარი იმაზე, რომ მსხვერპლი არ შეიძლება იყოს დამნაშავე?

საბაზო საფეხურზე ორი ტექსტი მახსენდება, სადაც საზოგადოებისა და ადამიანის მიმართება, ბრბოსა და ინდივიდის შეჯახება და ინდივიდის, პიროვნების მარცხია დამუშავებული.  რა დამღუპველ ზეგავლენას ახდენს პიროვნებაზე, მის თავისუფალ ნებაზე საზოგადოებაში გაბატონებული მანკიერი, ტრადიციად შერაცხილი ქმედებები და შეხედულებები. მაინც ვფიქრობ, რომ არც ერთ ამ შემთხვევაში მოზარდის  ასაკობრივი თავისებურებები არ არის გათვალისწინებული, რადგან ძალიან რთული თემატიკაა. ამ ნიშნითაც რამდენად ვითვალისწინებთ მოსწავლის, მოზარდის ასაკობრივ თავისებურებებს და მის ინტერესებს, ესეც გადასახედია და რამდენდ გვაქვს დრო იმისთვის, რომ სიღრმისეულად ვიკვლიოთ ეს ურთულესი და ფაქიზი საკითხები, სწორი გზავნილები დავუტოვოთ მოზარდებს.

ლიტერატურის გაკვეთილები ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთ მგრძნობიარე თემებზე ისაუბრონ მოსწავლეებმა. რა აწუხებთ, თვითონ როგორ უყურებენ ამა თუ იმ პრობლემას, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით პრობლემაა ისიც, რომ სასწავლო პროგრამა გადატვირთულია და ხშირად „მოსწრებაზეა“ თემები. ახლა მიმდინარეობს ახალი სკოლის მოდელის პროექტი და ამის ფარგლებში ბევრი რამ შეიცვალა სწავლის მეთოდოლოგიაში და, როგორც ვიცი, უკეთესი ცვლილებები გველის წინ, თუმცა ამის მიუხედავად პრობლემად მაინც რჩება დრო და მეორე,

სავალდებულო საპროგრამო ნაწარმოებების ჩამონათვალი, რომელიც საკმაოდ დიდია და ამ სავალდებულო ნაწარმოებების უმეტესობა წინა საუკუნეებშია შექმნილი.

ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს სამსჯელო საკითხები და საკითხავი ლიტერატურა სამოქალაქო განათლების, ლიტერატურის, ისტორიის გაკვეთილებზე, მაგრამ  რითი ვართ დაკავებული ამ გაკვეთილებზე? ვასწრებთ და ვიკვლევთ მოზარდი ადამიანისთვის მნიშვნელოვან კითხვებს? ვუსმენთ მათ? ვაკვირდებით, რა სჭირდებათ, რა თემები „მოდის“ მათგან? თუ ვაზეპირებინებთ ლექსებს, ვსაუბრობთ დიად წარსულზე, უკან მიმართული მზერით ვკარგავთ ძვირფას დროს?

  • მაშინ გამოდის, რომ სასწავლო გეგმა არ ყოფილა ბავშვის საჭირობებზე ორიენტირებული?

მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესების გათვალისწინება რამდენად ხდება ამაზე გვაქვს საფიქრალი. მეტი ურთიერთობაა საჭირო გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის და მასწავლებლებს შორის, ვისაც პირადად აქვთ ურთიერთობა მოზარდებთან. ალბათ, ხდება შეხვედრები სამინისტროს კურიკულუმის ჯგუფსა და მასწავლებლებს შორის, მაგრამ რამდენად ეფექტიანია ეს შეხვედრები? რამდენად აქვთ პრაქტიკოს მასწავლებლებს იმაზე საუბრის საშუალება, თუ როგორ იღებენ ამა თუ იმ ტექსტს მოზარდები? ინტერესდებიან თუ არა? რის მიხედვით არის შერჩეული ლიტერატურული ნაწაროებები და რა ღირებულებებს ვუყალიბებთ ლიტერატურით, რამდენად ვახერხებთ გაკვეთილებზე მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე დავგეგმოთ საგაკვეთილო პროცესი და არა მოსასწრები პროგრამიდან გამომდინარე.

ოჯახის თუ სკოლის შემთხვევაში, უმთავრესი მაინც არის ნდობის ფაქტორი. მოზარდს უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ მშობელთან მივა ნებისმიერი კითხვით, პრობლემით, სატკივარით, ან თავს გადამხდარი უბედურებით და ცემა-ტყეპის, ღირსების აღსადგენი რაღაც გაუგებარი ქმედებების მოთხოვნის ნაცვლად მიიღებს მხარდაჭერას. უპირობო ნდობა და მხარდაჭერა უნდა არსებობდეს მშობელსა და შვილს შორის. ეს არის უმთავრესი.

ასევე სკოლამაც უფრო მეტად უნდა იფიქროს ბავშვზე, უფრო მეტად უნდა შეამჩნიოს ის.

თუნდაც ნინის ტრაგედიიდან გამომდინარე შეიძლება დაიგეგმოს საინფორმაციო კამპანიები და შესაძლებელია, რომ ეს როლი სკოლამ შეითავსოს. ბოლო დღეებში გამოიკვეთა არაერთი ორგანიზაცია, რომელიც მზად არის მიიტანოს ბავშვთან მისთვის საჭირო ინფორმაცია, არსებობს ნდობის ტელეფონი, რომელზეც მოზარდს შეუძლია დარეკოს ანონიმურადაც და მიიღოს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, მაგრამ აქვთ კი წვდომა ამ ინფორმაზიაზე მოზარდებს?  გაჩნდა იდეა, რომ იქნებ სახელმძღვანელოებზე დაიწეროს ნდობის ტელეფონის ნომერი. რომ სცოდნოდა ნინისაც, იქნებ დაერეკა, იქნებ ვინმესთვის გაეხსნა გული, იქნებ არ დამდგარიყო ეს შედეგი. სულ კარდაკარი რომ გახდეს საჭირო, ეს ინფორმაცია უნდა მივიტანოთ ბავშვებამდე. სოცმუშაკი ამბობდა, 80 საქმე მარტო მე მაქვსო, წარმოგიდგენიათ? ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რამდენ ბავშვს უჭირს ნინისავით, რამდენია მსგავს მდგომარეობაში.

მე თუ მკითხავთ, ეს ოჯახიც ერთგვარი მსხვერპლია ამ რეტროგრადული მანკიერი ტრადიციების, რადგან თავის ქმედებაში ისინი ვერ ხედავენ დანაშაულს. განათლებით, დისკუსიით, საუბრით, აკადემიურ სივრცეში დაგეგმილი აქტივობებით შეიძლება შეეწინაამდეგო ამ სიბნელეს, სოფლებში ინფორმაციის მიტანით, სამოქალაქო აქტივიზმით, ასე ვიტყოდი, სისტემური დაგეგმვა და ცვლილებებია საჭირო, სხვანაირად არ ვიცი სადამდე უნდა მივიდეთ. ყველა პასუხი არის განათლებაში.

  • თქვენ თქვით, რომ მშობელსა და ბავშვს შორის უნდა არსებობდეს უპირობო ნდობა, მაგრამ თუ მშობელი კულტურის მსხვერპლია, ვინ უნდა დაეხმაროს ბავშვს?

სახელმწიფო უნდა იდგეს ბავშვთან, საგანმანათლებლო სისტემა უნდა იყოს სწორ ორიენტირებზე, სწორ ღირებულებებზე აგებული, რადგან სახლში შეიძლება ვიღასაც ასწავლიდნენ, რომ „უბიწო თუ არ ჩაბარდი პატრონს, ჯობია მოკვდე“ ან რომ ღირსების დაცვა და „მრუშობის ცოდვის“გამოსყიდვა ცემით ან სუიციდითაა დასაშვები.

ყველა ოჯახში ვერ შეხვალ და ვერ შეცვლი ამას, მაგრამ სისტემურად, სახელმწიფო, განათლების სისტემა მოზარდს ოჯახის მიღმა უნდა სთავაზობდეს ისეთ ღირებულებებს, რომელიც დაეხმარება არ გახდეს მსხვერპლი, იცოდეს, როგორ მოიქცეს, რისი უფლება და რა პასუხისმგებლობები აქვს საკუთარი თავის წინაშე, როგორ დაიცვას ჯანმრთელობა, სიცოცხლე, განათლების უფლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: