მოქალაქეებს ძველი სანომრე ნიშნების შეცვლა ონლაინაპლიკაციით შეუძლიათ – შსს

ავტომანქანებზე ძველი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა პირველ აპრილამდე განისაზღვრა, რამაც მომსახურების სააგენტოების წინ, მოქალაქეთა გრძელი რიგები გააჩინა.

შსს ინფორმაციით, ავტომანქანებზე  სახელმწიფო სანომრე ნიშნების შეცვლა მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურადაც შეუძლიათ.

„იმ შემთხვევაში თუ ავტომანქანის მფლობელის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი.

მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) გადმოწერა შესაძლებელია „აიფონით“  სარგებლობის შემთხვევაში – APP Store -დან, ხოლო ანდროიდით სარგებლობისას – PLAY Store-დან. გადმოწერის შემდეგ, დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე დარეგისტრირებული“-აცხადებს შსს.

რიგები რუსთავში მომსახურების ცენტრთან ძველი სანომრე ნიშნების შეცვლაზე

დისტანციური მომსახურების მისაღებად, სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. „რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი აპლიკაციაში პირდაპირ ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეძლებს პირად გვერდზე გადასვლას“-ამბობს შსს.

შსს ინფორმაციით, ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა 2021 წლის 1 აპრილიდან უწყდება, „თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს აღნიშნული თარიღის შემდეგაც შეუძლია კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში, სატრანსპორტო საშუალების მოყვანის და დათვალიერების გარეშე“-აცხადებს შსს, თუმცა აქვე დასძენს, რომ პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

აჭარაში „ფაიზერის“ ვაქცინა 900-ზე მეტმა ადამიანმა დაჯავშნა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ამ დროისთვის 430-ზე მეტი ადამიანია აცრილი,  დაჯავშნილია 26 ვაქცინა. „ფაიზერის“ ვაქცინა კი უკვე 900-ზე მეტ ადამიანს აქვს დაჯავშნილი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, „ფაიზერზე“ აცრები  6 ჰოსპიტალში მათ შორის ბათუმში, სამშაბათს, 30 მარტს დაიწყება. ხოლო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია 24-მდე ჰოსპიტალში უკვე მიმდინარეობს.

ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის ექთანის გარდაცვალების გამო, ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქის კლინიკაში დაყოვნების დრო ნახევარი საათიდან, 45 წუთამდე გაიზარდა, რადგან როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, გარკვეული გვერდითი მოვლენები შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში გამოვლინდეს.

ამირან გამყრელიძის თქმით, „ასტრაზენეკას“ მოლოდინის რიგში ქვეყნის მასშტაბით 2 ათასი ადამიანი დგას, 9 ათასი ადამიანი კი, „ფაიზერის“ რიგშია. ეს ნიშნავს, რომ „ფაიზერის“ დაახლოებით 5 ათასი დოზაა თავისუფალი.

ამ ეტაპზე უცნობია, „ფაიზერის“დოზების ამოწურვის შემდეგ, კიდევ როდის და რამდენ დოზას მიიღებს საქართველო. პირველ ეტაპზე  ქვეყანაში, სამედიცინო პერსონალის და 65 წელს ზემოთ ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს.

ქობულეთის შემოვლით გზაზე 6 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

დღეს 27 მარტს, ბათუმი-ქობულეთის შემოვლილ გზაზე, ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.

თუმცა, როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ქობულეთში, „ევექსის“ კლინიკაში „ჭრილობებით და გულმკერდის ტრავმით ორი ადამიანია გადაყვანილი“.

შსს ინფორაციით გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

აჭარის 30 საჯარო სკოლა განათლების ესტონურ მოდელში ჩაერთვება

აჭარაში 30 საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც პედაგოგებს ესტონური განათლების მოდელის მიხედვით გადაამზადებენ. პროექტი ხორციელდება UNICEF-ესტონეთი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში. პროექტის მიზანია, ესტონური განათლების მოდელი 2024 წლისთვის საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში დაინერგოს.

პროექტის დეტალებზე „ბათუმელები“ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს ესაუბრა.

„ამ 30 სკოლის მასწავლებლები 18 თვის განმავლობაში გაივლიან მომზადების კურსს. წვრთნის პროცესში ჩართული იქნებიან როგორც ქართველი პედაგოგები, რომლებმაც უკვე გაიარეს გადამზადება ესტონეთში, ასევე ონლაინ ჩართვებიც ექნებათ ესტონელ კოლეგებს და შესაძლოა დაიგეგმოს ქართველი პედაგოგების სასწავლო ვიზიტიც ესტონეთში. პროექტი ითვალისწინებს პედაგოგების ადგილზე წვრთნას და ამ პროცესში გამოყენებული იქნება ტრენინგის სხვადასხვა მოდელი“-ამბობს მაია ქურციკიძე.

რას ითვალისწინებს ესტონური განათლების მოდელი? – როგორც ქურციკიძე ამბობს, ესტონური განათლების სისტემა მთლიანად ბავშვზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვას, სადაც აქტიურადაა გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები.

„შეუძლებელია, 21-ე საუკუნის განათლებაზე ვისაუბროთ ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების გარეშე და სწორედ ამ გამჭოლი კომპეტენციების განვითარების გარეშე ბავშვებში. ამაზეა მორგებული ესტონური მოდელიც, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი მოემზადოს ცხოვრებისთვის.

მაია ქურციკიძე, იუნისეფი ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ქვეყნის მასშტაბით 15 საპილოტე სკოლაში უკვე გადამზადდნენ დირექტორები და მასწავლებლები, თუ როგორ უნდა მოეწყოს სკოლის გარემო ისე, რომ ბავშვისთვის გახდეს უფრო საინტერესო “-ამბობს მაია ქურციკიძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მასწავლებლების ტექნოლოგიებით აღჭურვა არ იგეგმება, საუბარია სკოლის დირექტორების ინფორმირებაზე, რომ გაიგონ რას ნიშნავს ინოვაციური მიდგომა და რას ნიშნავს ბავშვები რომ იყოს ყურადღების ცენტრში.

„ამაში ისინი მიიღებენ ესტონელი კოლეგებისგან ძალიან დიდ დახმარებას, რადგან როგორც ვიცით ესტონეთი არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ბავშვის განათლების შედეგების მიხედვით და ბავშვზე ორიენტირებული სწავლებით.

ესტონეთი ძალიან საინტერესო ქვეყანაა ჩვენთვის იმ გაგებითაც, რომ მათაც ჩვენნაირი საბჭოთა გამოცდილება ჰქონდათ და სკანდინავიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოახერხეს მთლიანად შეეცვალათ განათლების სისტემა. დღეს ისინი არიან  წამყვანი, განათლების შედეგების და მიღწევების მიხედვით და ჩვენც გვინდა რომ აქეთკენ წავიდეთ“- გვეუბნება მაია ქურციკიძე.

ბსუ-ში, აჭარაში შერჩეულ საპილოტე სკოლებს ესტონური განათლების მოდელი გააცნეს.

რა შეიცვალა იმ საპილოტე სკოლებში, რომლებიც წლების წინ ჩაერთო აღნიშნულ პროექტში? – ვკითხეთ მაია ქურციკიძეს. „მე პირადად ვიყავი საგარეჯოს სკოლაში, სადაც ნამდვილად შეცვლილია გარემო“-გვეუბნება ის, – „ნახავთ  რომ ბავშვები გუნდურად მუშაობენ  ჯგუფებში, მღერიან, ცეკვავენ, მასწავლებლები არ უშლიან ხელს რომ აქტიურად იყვნენ ჩართული.

ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები, მაგალითად გეოგრაფია-მათემატიკა და ბავშვები უფრო კომპლექსურად იღებენ ინფორმაციას,  ჯგუფში მუშაობის დროს ბავშვები სწავლობენ ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარებსაც, უფრო აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიებს მასწავლებლებიც. ამბობდნენ კიდეც, რომ არ გვეგონა თუ ტელეფონი შეგვეძლო გამოგვეყენებინა როგორც სასწავლო რესურსიო“-ამბობს ქურციკიძე.

აჭარაში შერჩეულ 30 სკოლის დირექტორებს და პედაგოგებს, ესტონური მოდელის შესახებ პროექტი ბათუმში, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის დროს გააცნეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ესტონეთი ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი,  ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენი, რომელმაც ახალი პროექტი გააცნო განათლების სფეროს წარმომადგენლებს, რომელიც ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს ქართულ სკოლებში და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

___________________________

მთავარი ფოტო: საპილოტე სკოლების წარმომადგენლებს ესტონური მოდელი გააცნეს

დგებუაძე ირწმუნება, რომ მესამე თაობის სასწავლო გეგმის​ შემუშავებაში ყველა სკოლაა ჩართული

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში, თუნდაც სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალის შერჩევისას, რამდენად გაითვალისწინეს სკოლის პედაგოგების მოსაზრებები? – ეს კითხვა დაუსვა „ბათუმელებმა“ ბათუმში მყოფ განათლების მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძეს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოში არსებული ყველა სკოლა იყო ჩართული.

არადა სოციალურ ქსელებში პედაგოგები საუბრობენ იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში არ არის მათი აზრი გათვალისწინებული სასკოლო კურიკულუმებისა თუ სხვა დოკუმენტების შემუშავებისას.

„სკოლებში იყო შეხვედრები და შემდეგ სამინისტროშიც ვიღებდით შეკითხვებს მასწავლებლებისგან. ამიტომ, ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში მასწავლებლები არ იყვნენ ჩართული“, – ამბობს ეკა დგებუაძე. მას ვკითხეთ, რამდენად შესაძლებელია სამინისტრომ გადახედოს იმ სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალს, მაგალითად, ქართულ ლიტერატურაში, რომელიც დღეს არსებობს?

მინისტრის მოადგილე პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, განიხილავს თუ არა სამინისტრო სასწავლო პროგრამიდან მაგალითად დიდტანიანი ნაწარმოებების ამოღებას, პედაგოგები სწორედ ამ ნაწარმოებების შესახებ ამბობენ, რომ დროის სიმცირის გამო რთულია მათი საფუძვლიანი შესწავლა. მათი აზრით, სავალდებულო ნაწარმოებების სია უნდა გადაიხედოს.

ეკა დგებუაძე ამბობს, რომ მასწავლებელს არავინ ავალდებულებს მაინც და მაინც ასწავლოს სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალიდან. თუმცა, შესაძლებელია, აბიტურიენტს ეროვნულ გამოცდაზე შეხვდეს სწორედ ის ნაწარმოები, რომელიც პროგრამულად არის განსაზღვრული.

„ამიტომ, მასწავლებელმა პროგრამული საკითხებიც უნდა ასწავლოს და დამატებით, იმ ეპოქაში არსებული სხვა მწერლებიც. ასევე, მაგალითები მოიყვანოს, გააკეთოს შედარებები, დისკუსია გამართოს პერსონაჟებთან ისტორიულ ფაქტებთან მიმართებაში და საინტერესო გახადოს სასწავლო პროცესი. რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება დაგეგმილი გაკვეთილი ეს არის მასწავლებელზე დამოკიდებული“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

რაც შეეხება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმას, ეკა დგების თქმით, ამ ეტაპზე უკვე მზადაა საშუალო საფეხურის გეგმის ხედვა, მოდელი. „სტანდარტებზე მუშაობას ჩვენ არ ვიწყებთ მანამ, სანამ ყველა სკოლიდან არ გვექნება უკუკავშირი. ეს პროცესი მნიშვნელოვანია ჩვენთვის – ის აბსოლუტურად განსხვავდება საშუალო საფეხურის დღეს არსებული მოდელისგან და სკოლის პოზიცია მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – ამბობს დგებუაძე.

მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე სამინისტრო საინტერესო უკუკავშირებს იღებს სკოლის დირექტორებისა და რესურსცენტრებისგან. „სავარაუდოდ მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში, შეჯამებული მოსაზრებების საფუძველზე დაიწყება საგნობრივი სტანდარტების დაწერა“, – ამბობს დგებუაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, მეექვსე საფეხურის ჩათვლით ახალი გეგმა უკვე დანერგილია სკოლებში. ამ ეტაპზე მეცხრე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირებაზე მუშაობენ. „ივნისის ბოლოს უნდა მოვასწროთ გრიფირების დასრულება, რომ ახალი სასწავლო წლისთვის მივაწოდოთ სკოლებს ახალი სახელმძღვანელოები“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 27 მარტი

დღეს, 27 მარტს აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კრიტიკულად, მართვით სუნთქვაძე იმყოფება 3 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი.

კლინიკაში ამ დროისთვის 145 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ სასტუმროში 47 ადამიანი იმყოფება, ონლაინ კლინიკებში კი 123 პაციენტი მკურნალობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში  კორონავირუსით 8  ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს მთლიანობაში 3 746 ადამიანი ემსხვერპლა.

„მადლობა ჯადოსნური 8 წლისთვის“ – მაღაზია „წიგნები ბათუმში“ იხურება

ბათუმში იხურება მაღაზია „წიგნები ბათუმში“, რომელიც 8 წლის წინ გახსნეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე ირაკლი ბაკურიძემ და მარი კორინთელმა.

„ამ რთულმა ერთმა წელმა ბევრი მსხვერპლი მოიტანა. ამ მსხვერპლში, სამწუხაროდ, ჩვენი მაღაზიაც (მხოლოდ მაღაზია და არა გამომცემლობა) აღმოჩნდა.

დასასრულის განცდა შარშან მარტიდან მოყოლებული დაიბადა, დიდხანს ვატარეთ ხელოვნური სუნთქვა და დადგა დრო, როცა აპარატი უნდა გამოირთოს.

წარმოუდგენლად ძნელია, დაუჯერებელია ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ აქ და ახლა უნდა დაგემშვიდობოთ.

დიდი მადლობა ამ ჯადოსნური 8 წლისთვის, უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის, ყველა წერილისთვის, რომელიც დაგვიტოვეთ, ყველა კეთილი სიტყვისთვის, რომელიც არ დაიშურეთ და გულები აგვიჩუყეთ. მადლობა, რომ ეს ადგილი ამდენს ნიშნავდა თქვენთვის.

ცოტა ხანს შევისვენებთ და აუცილებლად შევხვდებით სხვა სხეულით, მაგრამ იგივე სულით. აქ და ახლა ეს გამაოგნებელი, დაუჯერებელი, სიკეთით სავსე თავგადასავალი დასრულდა, მაგრამ წინ და სხვაგან უფრო დიდი თავგადასავლებია“ – ვკითხულობთ მაღაზიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მაღაზია ხუთშაბათს იხურება, 27-28 მარტს კი მაღაზიაში ინგლისურ და რუსულენოვან წიგნებზე სალიკვიდაციო ფასდაკლება იქნება.

წიგნების მაღაზია „წიგნები ბათუმში“ 2013 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმში მკითხველების საყვარელ ადგილად. მაღაზიაში იმართებოდა ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები და „ზღაპრის საათი“ ბავშვებისათვის.

2014 წელს მარი კორინთელმა და ირაკლი ბაკურიძემ გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ დააარსეს, რომელიც აგრძელებს მუშაობას.

შენობის მოცულობა უჩინარდება ცის ფონზე – მინისტრის არგუმენტი ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

„შედარებით შორი თვალსაწიერიდან შენობის მასშტაბი მშვიდად ეწერება მრავალსართულიანი შენობების საერთო პანორამაში, რომლებიც განთავსებულია ობიექტის უშუალო სიახლოვეს, მოცულობის საერთო მასიურობას აქრობს, ფასადების ზედა ნაწილების მთლიანი შემინვა, რომელიც ცდილობს მოცულობის „გაუჩინარებას“ ცის ფონზე“, – ეს ამონარიდია აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის უარის წერილიდან, რომლითაც მან ორგანიზაციების „ბათომისა“ და EMC- ის საჩივარს უპასუხა.

„ბათომი“ და EMC ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მიერ 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვის კანონიერების შესწავლას ითხოვდნენ.

ზემოთ მოყვანილ ციტატასთან დაკავშირებით, მინისტრი განმარტავს, რომ ასეთია ხელოვნებათმცოდნეების დასაბუთება, რომლებმაც კვლევა „ამბასადორი ბათუმის“ დაკვეთით ჩაატარეს.

მაია ხაჯიშვილისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა და მის პასუხში საერთოდ არ არის ნახსენები არამხოლოდ იმ ხელოვნებათმცოდნეების მოსაზრებები, რომელთა კვლევებიც მომჩივანმა მხარემ წარადგინა, არამედ არც იმ ავტორიტეტული ორგანიზაციების წერილები, რომელთაც ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა დაუშვებლად მიაჩნიათ.

მინისტრისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა, როგორც ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია „იკომოსის“ დასკვნები.

მინისტრმა არ გაიზიარა მომჩივანის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სააგენტოს არ უნდა გაეცა ნებართვა, ვიდრე ბათუმის ბულვარის გენგეგმის მომზადება არ დასრულდებოდა. მით უფრო, რომ ბულვარის ადმინისტრაციას ეს მომსახურება უკვე შესყიდული აქვს და მის ჩაბარებას უახლოეს პერიოდში ელის.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ მომჩივანის ეს დამოკიდებულება არარელევანტურია, გამომდინარე იქედან, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმამ უნდა მოიცვას ბულვარის სარგებლობაში არსებული ტერიტორია, ხოლო მომიჯნავე ტერიტორიაზე რეკომენდაციები უნდა მოამზადოს.

საგულისხმოა, რომ შპს „ამბასადორი ბათუმის“ საკუთრება ძეგლის ტერიტორიაზეა და არა მომიჯნავედ. თუმცა, ასეც რომ იყოს, კანონი ამ მასშტაბის მშენებლობას ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში არ ითვალისწინებს. ამაზე ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრიც წერს თავის დასკვნაში:

ამონარიდი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის დასკვნიდან

მინისტრი კი ამ პასუხშიც აპელირებს კომპანიის შესაძლო ფინანსურ ზიანზე, რაც მას ადმინისტრაციული ორგანოს აქტის გაბათილებით მიადგება:

მაია ხაჯიშვილმა ასევე გაიზიარა მოპასუხე მხარის – შპს „ამბასადორი ბათუმის“ არგუმენტი, როცა მან სააგენტოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკაზე გააკეთა აქცენტი. უფრო მეტიც, ამის საილუსტრაციოდ წინა ხელისუფლების დროს მიღებული გადაწყვეტილებები დაასახელა, მაგალითად, „ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ მშენებლობა და „ბათუმის ფოსტის“ რეკონსტრუქცია.

ამ ჩანაწერის მთელი ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ხელისუფლებაში მყოფი პირები, ბათუმის საზოგადოებასთან ერთად, წინა ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდნენ ამ გადაწყვეტილებების გამო და საპროტესტო აქციებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ სააგენტოს საბჭოს დღევანდელი წევრებიც – მაგალითად, აკაკი ძნელაძე. ის ამავდროულად განათლების მინისტრის მოადგილეცაა და მხარი დაუჭირა 16 სართულის აშენებას ბულვარში.

მინისტრი ასევე დაეყრდნო სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომელთა აზრით, ამბასადორის პროექტი არ ცვლის ბულვარის ავთენტურობას და ხელი არ ეშლება მის აღქმას. მათ მიაჩნიათ, რომ „შენობის ვიზუალი თავისი ელემენტებით, მიესადაგება ბულვარის არქიტექტურას.“

მინისტრის პასუხში წერია ასევე ისიც, რომ ამბასადორის მიერ წარდგენილი პროექტის ცვლილების შესწავლა არ იძლევა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად მინისტრი ასევე ასახელებს  სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, რომელიც შპს „ამბასადორმა“ წარდგინა. ამ კვლევის მიხედვით, პროექტი პასუხობს საპარკე არქიტექტურის მოთხოვნებს:

„…მოცულობითი გადაწყვეტით, მსხვილმასშტაბიან შენობებს, ამ მოცულობამ გარკვეული ვიზუალური ჰარმონია და ბალანსი უნდა შექმნას ბულვარის გამყოფ ხაზზე.“

მინისტრი თავის პასუხში წერს, რომ 2021 წლის 21 იანვარს სააგენტომ გასცა ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობის ნებართვა. ის არსად არ ახსენებს, რომ შენობას სასტუმროს ფუნქციაც აქვს.

ბათუმის მე-14 სკოლის დირექტორსა და მოადგილეს კოვიდი დაუდასტურდათ

დღეს, 26 მარტს, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს და მის მოადგილეს, გეგმიური ტესტირების შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. სკოლა შესაძლოა ორშაბათიდან მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს..

როგორც სკოლის დირექტორმა ნატო გოგუაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მათ სიმპტომები არ ჰქონდათ. „თუმცა, მაინც რისკ-ფაქტორად ჩაითვალა ეს გარემოება და სკოლა შესაძლოა მთლიანად გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე“, – ამბობს დირექტორი.

დირექტორი და მოადგილე 12 დღის განმავლობაში დარჩებიან იზოლაციაში, შემდეგ კი მათ კვლავ ჩაუტარდებათ ტესტი.

მე-14 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი პედაგოგია კოვიდით ინფიცირებული. შემთხვევა 24 მარტს გამოვლინდა. მაშინ არც სკოლა და არც ის კლასები, სადაც ეს მასწავლებელი ასწავლიდა, დისტანციურ სწავლებაზე არ გადასულან.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, კიდევ ერთხელ ჩატარდება ღრმა კვლევა და საბოლოოდ გადაწყდება დარჩება სასწავლო პროცესი სკოლაში თუ გადავლენ ონლაინზე.

სკოლებში კორონავირუსზე პედაგოგების ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ტარდება.

„სად არიან მაშინ ორსულები?“ – დავა ბათუმის სამშობიაროსთვის დაიწყო

„სად არიან მაშინ ორსულები? პანდემია დააკავებს მშობიარეს? ეკონომიკის სამინისტრომ განგაშის ზარები რატომ არ შემოჰკარით?“ – იკითხა ექიმმა ხათუნა ვარშალომიძემ, როცა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელმა სასამართლო პროცესზე გააჟღერა ბათუმის სამშობიარო სახლის პირგასამტეხლო „10 მილიონ ლარზე მეტია“ და კიდევ: „ყოველდღიურად 1242 ლარი ემატება“.

ბათუმის საქალაქო სასამართლო „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 31 მეწილის სარჩელს განიხილავს „ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ წინააღმდეგ. საქმეს მოსამართლე როინ კახიძე განიხილავს.

საუბარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს იჯარით 2026 წლამდე გადასცა „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“. ამ ორგანიზაციაში მაშინ ის ექიმები გაწევრიანდნენ, რომლებიც სამშობიაროში მუშაობდნენ. იმისთვის, რომ ექიმების კომპანიას პირნათლად შეესრულებინა სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებები, სამშობიაროში ქვემოიჯარე შემოიყვანეს – „მრავალპროფილური სამშობიარო სახლი“. ქვემოიჯარეს მილიონ 200 ათასის ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და კიდევ სხვა ვალდებულებები.

მოსარჩელეების თქმით, ქვემოიჯარემ ვალდებულებები არ შეასრულა და ამ კომპანიამ ბათუმის სამშობიარო სახლი უნდა დატოვოს.

ზიანის ანაზღაურება, ქვემოიჯარესთან ხელშეკრულების მოშლა და დირექტორის გათავისუფლება – მარტივად ამ სამი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ ახლა მოსარჩელეები, რომელთა ნაწილი უკვე ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელიც აღარაა და წუხს იმაზე, რომ სახელმწიფო პირგასამტეხლოს მათ მოსთხოვს, რადგან მეიჯარეები თავად არიან.

ექიმები ეჭვობენ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული პროცესია სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ბათუმის სამშობიარო სახლის სრულად გაკოტრების შემთხვევაში სახელმწიფო ამ შენობას და სარფიან ადგილსაც გაყიდის.

„სამივე მოთხოვნა უსაფუძვლოა და მოვითხოვთ საქმისწარმოების შეწყვეტას,“ – მიმართა მოსამართლეს სიმონ ასათიანმა. ის ქვემოიჯარე კომპანიის „მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ იურისტია.

„არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ჩვენი მხრიდან ზიანს, ზიანი არ არსებობს…“ – დაიწყო ადვოკატმა და აქცენტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ საბანკო გარანტის – 200 ათასი ლარის გადასახდელად დადგენილ ვადაზე გაამახვილა.

„ეკონომიკის სამინისტროს არ მოუთხოვია პირგასამტეხლოს გადახდა… ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო ამ გარანტიის წარმოსადგენად 2021 წლის ივლისამდე,“ – აღნიშნა სიმონ ასათიანმა.

„პირგასამტეხლო ანულირდება, თუკი კომპანია წარმოადგენს საბანკო გარანტიას,“ – საუბარში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთო, რომელიც, როგორც მესამე მხარე, ისე ესწრება სასამართლო განხილვას.

„თუ ისევ არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ რა მოხდება?“ – დაინტერესდა მოსამართლე.

„მაშინ ძველი პირგასამტეხლოც გაცოცხლდება და ახალიც დაემატება“, – განმარტა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა.

„იქნებ მოსამართლეს ისიც უთხრათ, ამ დრომდე რამდენჯერ გადაუვადეთ პირგასამტეხლოს გადახდა? რის საფუძველზე უვადებთ და რატომ? მოვა ივლისი და ისევ გადაუვადებთ, პირგასამტეხლოს რაოდენობა კი ისევ და ისევ გაიზრდება, რომელსაც საბოლოოდ ჩვენ მოგვთხოვთ,“ – მიმართა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს ექიმმა ნანა შერვაშიძემ.

„პანდემიის სიტუაციიდან გამომდინარე ვუვადებთ,“ – უხერხულად ჩაილაპარაკა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამ მონაკვეთში უთხრეს ექიმებმა სამინისტროს წარმომადგენელს, რომ გადავადება კი არა, „განგაშის ზარების შემოკვრა“ იყო საჭირო, რადგან ქვემოიჯარე ვალდებულებებს არ ასრულებს, ხოლო პირგასამტეხლოს რაოდენობას მილიონები ემატება.

ქვემოიჯარის იურისტის მტკიცებით, კომპანიამ ვალდებულებები შეასრულა და 1 მილიონ 400 ათასი ლარის ინვესტიციაც განახორციელა, ასევე გაიხსნა ქირურგიული განყოფილება და ემერჯენსიც. „მხოლოდ საქართველოს 200 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება არ შესრულებულა სრულად ამ დროისთვის, დრო სჭირდებოდა,“ – დასძინა სიმონ ასათიანმა.

ექიმების ვერსიით კი, ქვემოიჯარეს „ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს საქმისთვის“, ხელფასებიც ვერ დაარიგა და ცარიელი, თეთრი კედლებიღა დარჩა.

„აუდიტისთვის კარგი დასკვნა რომ ჰქონოდათ, „მედინადან“ მოიტანეს რაღაც აპარატურა და მერე უკან წაიღეს,“ – უთხრა მოსამართლეს ნანა შერვაშიძემ. ექიმების თქმით, ჯუმბერ უნგიაძეს, რომელიც ამ დრომდე რეესტრით სამშობიაროს ხელმძღვანელია, ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან „მედინაში“ ხელმძღვანელობს სამეანო განყოფილებას და ბათუმის სამშობიარო სახლში არც მუშაობს.

„თუ ამდენი შემოსავალია, ხელფასს რატომ არ გვიხდით, დივიდენდებს რატომ არ გვაძლევთ?“ – ჩააცივდნენ ექიმები ქვემოიჯარის იურისტს და კონკრეტული ციფრების დასახელება მოითხოვეს: რა შემოსავალი აქვს ბათუმის სამშობიარო სახლს ახლა და რამდენია პაციენტი?

„ეს კომერციული საიდუმლოა,“ – მოკლედ მოუჭრა მოსარჩელეებს იურისტმა სიმონ ასათიანმა.

„თუ შემოსავალი არსებობს და ვალდებულება სრულდება, რატომ უვადებთ პირგასამტეხოს გადახდას?“ – ისევ მიუბრუნდნენ მოსარჩელეები ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს, – „კარგი, ჩვენ ვერაფერს ვიგებთ და მოტყუებული დავრჩით, თქვენ რატომ იტყუებთ თავს? თუ ყველაფერი წესრიგშია, ამ 200 ათასი ლარის საბანკო გარანტია სად არის?“

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ექიმების ემოციურ და ხმამაღლა დასმულ კითხვებს მშვიდად და მოკლედ უპასუხა: „კანონი იძლეოდა გადავადების შესაძლებლობას“.

„ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის“ 2019 წლის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, ნანა შერვაშიძე პარტნიორების მიერ არჩეული დირექტორია. თუმცა, საჯარო რეესტრმა მას დირექტორად რეგიტრაციაზე იმ მოტივით უთხრა უარი, რომ სასამართლო დავა არ დასრულებულა.

ეს მომენტი სასამართლო სხდომაზე თავად ნანა შერვაშიძემაც შეახსენა სიმონ ასათიანს, როცა მან იკითხა: „მოსამართლე როგორ გადაწყვეტს, ვინ იქნება დირექტორი და ვინ – არა?“

„აჰა, თურმე, ვერ გადაწყვეტს, გცოდინიათ კანონი… “ – დასძინეს ექიმებმა დარბაზიდან. ისინი მოსარჩელეები არიან და მათი პოზიციებიც მოისმინა მოსამართლემ.

„35 წელია მაქ ვიმუშავე და გამომაგდეს, მაქ დავტოვე ჯანმრთელობა, ორი სტენტი მაქვს ჩასმული მაგის გამო… მაქ არის „ბესპრიდელი“, – მიმართა მოსამართლეს ექიმმა დალი მურადაშვილმა.

„ორსული ენატრება შენობას, სადაც თვეში 300-მდე ბავშვი ჩნდებოდა,“ – აღნიშნა ექიმმა ფატმა ლორთქიფანიძემ.

„ახლა 7 სამშობიაროა ირგვლივ,“ – რეპლიკით მიმართ ექიმებს ქვემოიჯარის იურისტმა, სიმონ ასათიანმა.

მოსმართლე როინ კახიძემ ქვემოიჯარე კომპანიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვის შეწყვეტაზე უარი თქვა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დირექტორის გათავისუფლების ნაწილშიც მოსარჩელეების მოთხოვნა შესაძლებლოა განიხილოს სასამართლომ, რადგან „მართალია, ამას მეწარმეთა შესახებ კანონი განსაზღვრავს, მაგრამ აქ შემოდის სამართლიანი სასამართლოს უფლება,“ – დასძინა მოსამართლემ.

ამ თემაზე:

ვის დარჩება ბათუმის სამშობიარო სახლი?

აჭარის განათლების მინისტრმა ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა არ შეაჩერა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა ორგანიზაციების: „ბათომისა“ და EMC- ის ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნას უარით უპასუხა.

მინისტრმა კანონიერად მიიჩნია ნებართვა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე.

„ბათომმა“ და EMC-იმ მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით  26 თებერვალს მიმართეს. მათი მოთხოვნა იყო მინისტრს შეესწავლა მისი ქვემდგომი სტრუქტურის, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციული საჩივრით მაია ხაჯიშვილს ასევე სთხოვდნენ მშენებლობის შეჩერებას საჩივრის განხილვამდე, თუმცა მაია ხაჯიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო.

ადმინისტრაციულ საჩივარზე პირველი პასუხით, რაც მშენებლობის შეჩერებას შეეხებოდა, მინისტრმა დაადასტურა, რომ „ამბასადორის“ შესაძლო ფინანსური ზიანი მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება.

EMC- სა და „ბათომისთვის“ გაგზავნილ წერილებში, სადაც ის მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში კომპანიის შესაძლო ზიანზე წუხს, გამოჩნდა მინისტრის წინასწარი განწყობაც, რა შეიძლებოდა ყოფილიყო სამინისტროს გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის შემდეგ. მინისტრი წერილში აქცენტებს აკეთებდა კომპანიის შესაძლო ფინანსურ ზიანზე. მეტიც, მაია ხაჯიშვილი მიიჩნევს, რომ ბულვარში მშენებლობის შეჩერება რეგიონის სოციალურ ფონს დაამძიმებს.

_____________________

„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა.

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC], საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებს.

განათლების მინისტრს „ამბასადორის“ ფინანსური ზიანი უფრო ადარდებს, ვიდრე ბულვარი

 

 

 

კიდევ 2 ოპერაცია სჭირდება ჯარისკაცს, რომელიც 3 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული და გუშინ გაიარა

თავდაცვის სამინისტრომ 28 წლის ჯარისკაცს, ზაურ კომახიძეს, ოპერაცია და  სარეაბილიტაციო კურსი მხოლოდ მას შემდეგ დაუფინანსა, რაც მედიამ მის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. როგორც ზაურ კომახიძის ოჯახის წევრი „ბათუმელებთან“ ამბობს, ის 3 წლის განმავლობაში ითხოვდა დახმარებას თავდაცვის სამინისტროსგან, თუმცა „ხმა ვერც ერთ მინისტრს ვერ მიაწვდინა“.

„ჩემი ძმა 2017 წლის 11 სექტემბერს აფეთქდა ნაღმზე ავღანეთში – ხერხემალი და წელი დაიზიანა. აფეთქების შემდეგ პირველ პერიოდში სიარული უჭირდა, შემდეგ კი საერთოდ ვეღარ დადიოდა. ადგნენ და გამოუშვეს ჯარიდან, არ მიაქციეს ყურადღება. 2017 წლის შემდეგ მუდმივად ვწერდით განცხადებას, დახმარებას ვთხოვდით თავდაცვის სამინისტროს. არაკანონიერად იყო გამოშვებული ჯარიდან და მას [სახელმწიფოს] ყურადღება სჭირდებოდა. ვერ მივაწვდინეთ ვერავის ხმა. იმ დროისათვის თავდაცვის მინისტრი იყო [ლევან] იზორია, რომელმაც საერთოდ არ მოგვაქცია ყურადღება. ღარიბაშვილის დროსაც დავწერეთ განცხადება, მაგრამ არ მივიდა რატომღაც არც მასთან ხმა.

„მთავარმა არხმა“ გააკეთა ჩემს ძმაზე სიუჟეტი. ახლანდელმა მინისტრმა ამ რეპორტაჟის შემდეგ გადაწყვიტა დახმარება. თავდაცვის მინისტრის დავალებით მოვიდა ჩვენთან სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უფროსი ბუბა ლომუაშვილი. ჩემი ძმა თავდაცვის ახალი მინისტრის მხარდაჭერით, ერთ-ერთი სამედიცინო ფირმის დახმარებით, გადაიყვანეს სტამბულში და გაუკეთეს ოპერაცია, რომელმაც გამოიღო შედეგი,“ – უყვება „ბათუმელებს“ ჯარისკაცის და თამარ კომახიძე.

მისივე თქმით ჯარისკაცს, კიდევ ორი ოპერაცია სჭირდება.

„ბარძაყში აქვს რაღაც პრობლემა, მეორე ოპერაცია სჭირდება – მეოთხე-მეხუთე მალთაშუა დისკი აქვს ამოვარდნილი. ესეც აფეთქების შედეგად. მაგრამ რადგან ახლახან გაიკეთა პირველი ოპერაცია, იმ ოპერაციების გაკეთება ჯერ არ შეიძლება. თანამედროვე იმპლანტები აქვს ჩასმული ხერხემალში. 25 ნაკერი აქვს, საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადაიტანა,“ – ამბობს თამარ კომახიძე.

თამარს და მის ოჯახს იმედი აქვთ, რომ თავდაცვის სამინისტრო დანარჩენ ორ ოპერაციასაც დააფინანსებს და ჯარისკაცის მკურნალობის ხარჯების.

სახელმწიფომ არ იცის, სად არის ქვეყანაში დაბადებული 5 000 ბავშვი

განათლების პროგრამების ხელმღვანელი „იუნისეფში“, მაკო ყუფარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  სახელმწიფო 5 ათასი ბავშვის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს. ეს იმ ბავშვების ნაწილია, ვისზეც განათლების სამინისტრო ამბობს, რომ არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. საუბარია 10 404 ბავშვზე, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილები.

„განათლების სამინისტროს გააჩნია ჩაშლილი ინფორმაცია ამ ბავშვებზე. აქედან, სადღაც 1600-მდე ბავშვი არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, 700-მდე ბავშვი სხვადსხვა შეზღუდვების მქონეა – სპეციალური საჭიროების, საკმაოდ დიდი ნაწილი (დაახლოებით 3 204) მიგრანტი ბავშვია, 5 ათასი ბავშვი კი, დანამდვილებით გეტყვით, რომ არ არის იდენტიფიცირებული“, – ამბობს მაკო ყუფარაძე.

როგორ მოიპოვა სამინისტრომ ამ ბავშვების შესახებ ინფორმაცია? – ვკითხეთ მაკო ყუფარაძეს. მისი თქმით, 2015 წელს „იუნისეფის“ ტექნიკური დახმარებით დარედაქტირდა განათლების სამინისტროს განათლების მონაცემთა საინფორმაციო ბაზა, „რაც იმას ნიშნავს, რომ გაჩნდა ახალი ინდიკატორები სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ. 2015-16 წლების შემდეგ, სამინისტროს საშუალება აქვს შეაგროვოს ეს ინფორმაცია“, – ამბობს ყუფარაძე.

მისი თქმით, 2017 წელს, სამინისტროს მონაცემებით, სკოლის გარეთ 28 ათასი ბავშვი იმყოფებოდა, ბოლო მონაცემებით კი, 10 404 ბავშვია სკოლის გარეთ.

სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ბავშვებს არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. თუ სტატუსი არ ჰქონიათ, მაშინ როგორ მოხვდნენ ისინი განათლების საინფორმაციო სისტემის ბაზაში? – ვკითხეთ მაკო ყუფარაძეს.

„ბავშვები დაბადებული არიან, თუმცა მათი სკოლაში შეყვანის მოთხოვნა არ არის დაფიქსირებული. სკოლაში არ დარეგისტრირებულან, თუმცა სამოქალაქო რეესტრის ბაზებში არიან. ვიცით სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, შშმ ბავშვების, მიგრანტების. თუმცა 5 ათასი ბავშვი ვინ არის და სად, ეს დასადგენია“, – გვეუბნება მაკო ყუფარაძე.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველ და შშმ ბავშვებთან მიმართებაში არსებობს მიდგომა, რომ არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს ყურადღების, განათლების გარეშე.

„ეს უნდა გახდეს გამოკვეთილად ეროვნული პრინციპი. შესაბამისად, კიდევ უნდა დამუშავდეს მონაცემთა ბაზები და გაკეთდეს ანალიზი. უნდა დადგინდეს, რა არის მიზეზი, რომ ვერ დადიან ეს ბავშვები სკოლაში – არ აქვთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სახელმძღვანელოები თუ სხვა არსებითი კომპონენტების არქონაა მიზეზი“, – ამბობს ყუფარაძე.

ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს, რომ მათი ზედამხედველობის ქვეშ, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, საოჯახო ტიპის სახლებში, სახელმწიფო მზრუნველობაში იმყოფება 278 ბავშვი, მათ შორის 56 შშმ ბავშვი. „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურ მომსახურებას იღებს ქუჩაში მცხოვრები 168 ბავშვი“, – მოგვწერეს სააგენტოდან, სადაც ასევე გვითხრეს, რომ სამინისტროს მიერ დასახელებული ბავშვთა კონტინგენტზე – 10 404 ბავშვზე, მათ ინფორმაცია არ აქვთ.

მაკო ყუფარაძე ამბობს, რომ სოციალური სამსახური, წესით, ჩართული უნდა ყოფილიყო ამ ბავშვების იდენტიფიცირების პროცესში. პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ სოცმუშაკები, ზოგადად, იმ შემთხვევებში არიან ჩართულები, როდესაც უკვე იდენტიფიცირებული ბავშვების დღის ცენტრებში ჩარიცხვაზე მუშაობენ.

„სულ 6 ასეთი ცენტრია ქვეყანაში დღეს, სადაც ბავშვებს უწევენ შესაბამისი დახმარებას. იმისთვის, რომ ეს ბავშვები ჩაირიცხონ სკოლებში, განათლების თვალსაზრისითაც უნდა მოამზადონ“, – ამბობს ყუფარაძე.

თუმცა 2015 წელს სახელმწიფო აცხადებდა, რომ არც დღის ცენტრების მუშაობას ჰქონია დიდი შედეგი, რადგან ბავშვების 90 პროცენტი ცენტრებში არ დადიოდა.

„როგორც ვხედავთ, მხოლოდ კანონი, რომ სკოლამ უნდა მიიღოს აკადემიური ჩამორჩენის მქონე ბავშვი სკოლაში, პრობლემას არ და ვერ წყვეტს. უნდა შემუშავდეს პროგრამები – ილუზიაა 45-წუთიანი გაკვეთილით აკადემიურად ძალიან ჩამორჩენილი ბავშვის დაწევა სასწავლო სტანდარტზე.

სკოლაში უნდა არსებობდეს ალტერნატიული დამატებითი პროგრამები. ეს შეიძლება იყოს მასწავლებლების, წარჩინებული მოსწავლეების მიერ თანატოლებთან მუშაობის პროგრამა, სკოლის შემდეგ ბავშვების დატოვება და მათთან მუშაობა, რომ დაეხმარონ მასწავლებლები დავალებების მომზადებაში. გარდა ამისა, ამ პერიოდში ბავშვი უნდა გამოიკვებოს, მით უმეტეს სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომელიც 6-7 საათზე მიდის სახლში და მას არ ხვდება არც მშობელი და არც საკვები, ამიტომ იძულებულია გავიდეს ქუჩაში. ეს ძალიან დიდი რისკია ბავშვისთვის.

მაგრამ აქ ჩვენ ვეჯახებით ძალიან დიდ პრობლემას – სკოლა, რომელიც ვალდებულია მიიღოს ასეთი ბავშვები, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მათთან მუშაობის მოტივაცია და კომპეტენციაც. მასწავლებელს სჭირდება ფინანსური მოტივაციაც და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამოყოს ამისთვის ფინანსები“, – ამბობს მაკო ყუფარაძე.

მისი თქმით, თანხების გამოყოფასთან ერთად საჭიროა გადაამზადონ მასწავლებლები, უნდა არსებობდეს ალტერნატიული ექსტრაკურიკულუმი, რომელიც ბავშვს მისცემს საშუალებას ქუჩის მაგივრად დარჩეს სკოლაში, სადაც მასზე იზრუნებს მასწავლებელი, დირექცია, გამოკვებავენ მას, დაეხმარებიან მომზადებაში, შესთავაზებენ ფიზიკურ აქტივობას, რეკრეაციულ სექციურ მუშაობას. ეს ხელს შეუწყობს ბავშვის ტალანტების განვითარებას.

ეს პროგრამა სჭირდება არა მხოლოდ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ინკლუზიას, არამედ იმ ბავშვებსაც, რომელთაც აკადემიური ჩამორჩენა აქვთ. ეს იქნება არა მარტო ბავშვის, არამედ მშობლის დახმარების პროცესიც“, – გვეუბნება ყუფარაძე.

მისი აზრით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა კომპლექსურად უნდა იმუშაონ, „სადაც ყველა მოთამაშის ფუნქცია ძალიან კარგად უნდა იყოს განსაზღვრული და შესრულებული“.

_____________________________

მთავარი ფოტო: მაკო ყუფარაძე, იუნისეფი/ ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბათუმში უროლოგიური ცენტრი გაიხსნა, სადაც პროსტატის კიბოს უოპერაციოდ კურნავენ

დღეს, 26 მარტს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩის №35-ში უროლოგიური დაავადებების რეგიონული მნიშვნელობის დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა.

MMT LIFE LINE / ემ ემ ტე ლაიფლაინი ბათუმში პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის MMT ჰოსპიტალის უროლოგიური ჰაბის ნაწილია. სწორედ ამ ჰოსპიტალმა დანერგა პირველმა რეგიონსა საქართველოში პროსტატის კიბოს უოპერაციოდ მკურნალობის მეთოდი რობოტული ულტრაბგერითი თერაპიის გამოყენებით.

Focal One-რუთის ეს უახლესი ტექნოლოგია დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი ახლა ინერგება. საქართველო გურამ ქარაზანაშვილის ძალისხმევით გლობალურ ლიდერებს შორისაა, ვინც თანამედროვე მედიცინის უახლეს მიღწევებს პრაქტიკაში ნერგავს პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

ბათუმისა და, ზოგადად, აჭარის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია უროლოგიურ დაავადებებზე ორიენტირებული ცენტრის არსებობა. აქამდე ამ სერვისის საჭიროების მქონე პაციენტებს სიღრმისეული კვლევებისა და მკურნალობისთვის დედაქალაქში უწევდათ სპეციალისტებისა და ცენტრების ძიება.

დღეს MMT LIFE LINE / ემ ემ ტე ლაიფლაინის გახსნაზე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, სხვა საკითხებთან ერთად სწორედ რეგიონში უროლოგიური პროფილის ულტრათანამედროვე ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვიწროპროფილური, მაღალტექნოლოგიური ცენტრების გახსნის პრაქტიკა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი გავრცელებული დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტირებისა  და მკურნალობისთვის, როგორიც უროლოგიური დაავადებებია.

„MMT ჰოსპიტალი უროლოგიური და გინეკოლოგიური მიმართულების დიდი ჰაბია, რომელიც ულტრათანამედროვე მიდგომებს ნერგავს რეგიონში. არ ვინანებთ ფინანსებს, დროს თუ ცოდნას იმ მიმართულებების განვითარებისთვის, რასაც ვემსახურებით.

პროსტატის კიბო მსოფლიო პრობლემაა და კაცებში ონკოლოგიური სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია, არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც.

ბათუმში ახალგახსნილ ცენტრ ემ ემ ტე ლაიფლაინში ძირითადად დაინერგება კაცების ჯანმრთელობის, უროლოგიური კვლევები, თუმცა აქვე იქნება გინეკოლოგიური და სხვა მიმართულების კვლევებიც.

ბათუმის ცენტრში მიკროსკოპული ექოსკოპიაა ხელმისაწვდომი, რაც საშუალებას იძლევა პროსტატის კიბო ადრეულ სტადიაზე გამოვავლინოთ 100%-იანი სიზუსტით.

ბათუმის ცენტრი უნიკალურია რეგიონში იმითაც, რომ აქვეა შესაძლებელი უოპერაციოდ, თანამედროვე მეთოდით პროსტატის კიბოს განკურნება დაავადების ადრეულ ეტაპზე“, – ამბობს MMT ჰოსპიტალის ჰაბის დამფუძნებელი, პროფესორი, უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი.

დიდი სიახლეა ბათუმის ემ ემ ტე ლაიფლაინში სამედიცინო აპარატების მწარმოებელი ლიდერის, გერმანულ-ავსტრიული ფირმის STORZ DUOLITH -ის აპარატი, რომლის საშუალებითაც დარტყმითი ტალღოვანი მკურნალობაა შესაძლებელი. მკურნალობის ეს მეთოდი ერექციული დისფუნქციის, ქრონიკული პროსტატიტის დროს გამოირჩევა დიდი ეფექტურობით.

ეს თერაპია გამოიყენება ასევე ნებისმიერი ტკივილის: ართროზების, ართრიტების, ხერხემლის, სახსრების ტკივილის შემთხვევაში.

თბილისში „ფაიზერის“ ვაქცინა რამდენიმე საათში ამოიწურა, ბათუმში ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – booking.moh.gov.ge, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად მიმდინარეობს ელექტრონული რეგისტრაცია, პროგრამა აჩვენებს, რომ თბილისის ტერიტორიაზე იმუნიზაციის არცერთ ცენტრში, „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი აღარ არის.

იმუნიზაციის ცენტრები თბილისში ოთხ რაიონშია: ისანში, საბურთალოზე, სამგორსა და დიდუბეში.

„ფაიზერის“ ვაქცინა დღევანდელი [16:00] მონაცემებით, მსურველთათვის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია აჭარასა და იმერეთში.

„ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში გუშინ, 25 მარტს ჩამოიტანეს გამთენიისას.

რაც შეეხება ,,ასტრაზენეკას“, ამ ვაქცინით აცრაზე დარეგისტრირება, პლატფორმაზე booking.moh.gov.ge, შესაძლებელია აჭარაში, გურიაში, თბილისში, იმერეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ბრიტანულ-შვედურმა კომპანიამ დაამზადა „ფაიზერი“ კი – გერმანულ-ამერიკული კომპანიის ნაწარმია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, „ასტრაზენეკას“ მოლოდინის რიგში ახლა 2 ათასი ადამიანი დგას, 9 ათასი ადამიანი კი „ფაიზერის“ რიგში. ეს ნიშნავს, რომ „ფაიზერის“ დაახლოებით, 5 ათასი დოზაა თავისუფალი.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

ტიკარაძე: ეს გარკვეულწილად არის მესამე ფაზის დასაწყისი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის წინ, სატელევიზიო გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოში “გარკვეულწილად პანდემიის მესამე ტალღის დასაწყისია”.

“რაც შეეხება იმას თუ, რომელ ფაზაში ვართ [პანდემიის], დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი, იმის ნიშანი, რომ შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნუ უგულებელჰყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომლებიც დღეს გაგვაჩნია – ეს არის პირბადე, სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა. ასევე, რა თქმა უნდა, ეს არის ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც ბათუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ვიზიტით იმყოფება.

26 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 29 341 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 738 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარაში – 26, იმერეთში – 64, ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 22, გურიაში – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 18, კახეთში – 9, მცხეთა-მთიანეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 17.

 

„ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“ – ოჯახი, რომელსაც სახლი დაეწვა

ხულოში, სოფელ ყინჩაურში შაინიძეების ოჯახს ხანძარმა სახლი გაუნადგურა. შემთხვევა 21 მარტს, გვიან საღამოს მოხდა.

შაინიძეების 9-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშა დარჩა. ისინი ღამეს მეზობელთან ათევენ. ოჯახს აღარ შერჩა არცერთი პირადი ნივთი – მათ ცეცხლისგან ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ერთსართულიანი სახლი გვქონდა და გვერდით საქონლის სადგომი. ორივე დაიწვა. კიდევ კარგი პირუტყვის გადარჩენა მოვახერხეთ. ახლა ნულიდან გვაქვს  დასაწყები ყველაფერი. ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი გამოგვადგება. შეიძლება სხვას ის ნივთი არაფრად უღირდეს, მაგრამ ჩვენთვის გამოსადეგი იქნება, რადგან არაფერი აღარ გვაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხვიჩა შაინიძემ.

ოჯახში ოთხი მცირეწლოვანია – 6 და 2 წლის გოგოები, 4 წლის და 6 თვის ბიჭი. 9-სულიან ოჯახში ცხოვრობს ასევე 16 წლის ბიჭიც. ბავშვებს სჭირდება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ხვიჩა შაინიძეს ტელეფონზე: 557 42 10 70

___

ამავე თემაზე:

„ცეცხლმა წამაქცია. სახანძრო რომ მოვიდა, სახლი აღარ იყო“ – ხულოში სახანძრო ბრიგადას ითხოვენ

4 სასულიერო პირს დაუდასტურდა კორონავირუსი – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმში 4 სასულიერო პირს დაუდასტურდა covid -19, მათ შორის, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს. ინფიცირებული სასულიერო პირები თვითიზოლაციაში არიან.

ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, იოანე გორელიშვილის თქმით, კორონავირუსი წინამძღვართან ერთად დაუდასტურდა ამავე ტაძრის კიდევ ორ სასულიერო პირს. რამდენიმე დღის წინ კი covid – 19 დაუდგინდა ფერიის მთაზე მშენებარე მონასტერში მცხოვრებ ბერს.

„თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი თვითიზოლაციაში არიან.

სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში და ხვალ ლოცვის დროს გაიხსნება,“- გვითხრა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

მისივე თქმით, სასულიერო პირებს სამშაბათობით უტარებენ ტესტირებას კორონავირუსზე.

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის კიდევ 2 მოსწავლე დაინფიცირდა კოვიდით

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუსი კიდევ ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. მეექვსეკლასელი მოსწავლეები ერთი ოჯახის წევრები არიან.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეები სამშაბათს იმყოფებოდნენ სკოლაში, ამიტომ კლასი დღეს, 26 მარტს გადავა ონლაინსწავლებაზე.

აღნიშნულ სკოლაში ონლაინსწავლებაზე უკვე გადასულია მეთერთმეტე და მეოთხე კლასი, სადაც კორონავირუსი მოსწავლეებს 19 მარტს დაუდასტურდათ.

სკოლის დირექტორის თქმით, ოთხშაბათს მასწავლებლებს ჩაუტარდათ გეგმიური ტესტირება, თუმცა ყველა პასუხი უარყოფითია.

 

სარფის გავლით 76 000 ლარის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანაზე 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 701.67 გრამი ოქროსა და 26.54 გრამი ვერცხლის ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 76 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 26 მარტის 21 საათიდან 27 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა.

მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა და ზვავსაშიშროება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 28 მარტს, შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი ამინდი, მთაში – თოვა და ზვავსაშიშროება, 29-30 მარტს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ბათუმში 3 თვეში პარკირების წესების დარღვევის 7 647 შემთხვევა გამოვლინდა

ბათუმის მუნიციპლაური ინსპექციის ინფორმაციით, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა დგომა-გაჩერებისა და არასწორი პარკირების მიმართულებით 7 647 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინა.

კერძოდ:

  •  6 580 – პარკირების საფასურის გარეშე დგომა
  •  518 – ტროტუარზე დგომა
  •  428 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა
  • 119 – საჯარიმო ავტოსადგომზე შემოყვანილი ავტომობილი
  • 43 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა
  • 40 – ველობილიკზე დგომა
  • 38 – შშმ პირის ტრანსპორტის პარკირებისთვის განსაზღვრულ ადგილას დგომა.

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის მონიტორინგი ყოველდღიურად განხორციელდება.

 

მთავარ ფოტოდ /მუნიციპალური ინსპექციის ფოტოები

ექთნის გარდაცვალება შესაძლოა არ გამოუწვევია ვაქცინას – ტიკარაძე

„ის ღრმა კვლევა, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს სამხარაულთან ერთად, ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა,“ – განაცხადა დღეს, 26 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ექთნის დაღუპვის საქმეზე.

27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე 19 მარტს დაიღუპა მას შემდეგ, როცა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ნდობა „ასტრაზენეკას“ მიმართ გაიზრდება.

„მოქალაქეების ნდობა ასევე ასტრაზენეკას მიმართ გაიზრდება მნიშვნელოვნად და ვაქცინაციის პროცესი აღდგება ჩვეულ რიტში,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ფაიზერი“ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა – ეკატერინე ტიკარაძე

„ფაიზერი“ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა,“ – აღნიშნა დღეს, 26 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ ოზურგეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობის გახსნის დროს.

ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება კორონავირუსის წინააღმდეგ, სარგებლის მომტანია.

„როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე მკაცრი მარეგულირებლები აცხადებენ, რომ ყველა ვაქცინა არის სარგებლის მომტანი, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა,“ – დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესი უკვე დაწყებულია, „ფაიზერით“ ვაქცინაცია კი 30 მარტიდან იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს და 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებს აქვთ.

 

7 თვეში სტადიონის დაგვა-დასუფთავებაზე 48 200 ლარი დაიხარჯება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გარე და შიდა პერიმეტრის დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ [ყოფილი შპს „სტადიონი“] ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სტადიონის 7 თვით [2021 წლის 1-ლი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში] ყოველდღიურად დაგვა-დასუფთავებაში კომპანია აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 48 200 ლარს გადაიხდის [დღგ-ს ჩათვლით].

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 4 აპრილს დაიწყება და 6 აპრილს დასრულდება.

[toggle title=”სატენდერო პირობები ნახეთ აქ:“]

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სტადიონის გარე პერიმეტრზე – გენ-გეგმაზე აღნიშნული 25 000 კვ/მ ტერიტორიის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება დილით 10.00 საათამდე, შეგროვებული ანახვეტი მოათავსოს სპეციალურ კონტეინერებში და მოახდინოს მათი დაცლა/გატანა;

შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა სტადიონის გარე პერიმეტრზე შემსყიდველის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე უნდა განათავსოს არანაკლებ 10 ერთეული დეკორატიული ურნა და ყოველდღიურად მოახდინოს მათი დაცლა/გატანა;

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყოველდღიურად ბათუმის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ აუზებში ჩაყრილი ნარჩენებისგან გაწმენდა;

მომსახურება უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, 2021 წლის 01 ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე დაგეგმილი ღონისძიების შემთხვევაში შიდა პერიმეტრზე არსებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება:

ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე დაგეგმილი ღონისძიების ზუსტი დროის თაობაზე მიმწოდებელს შემსყიდველის მიერ ეცნობება ღონისძიების გამართვამდე 1 (ერთი) დღით ადრე;

მიმწოდებელმა სტადიონის ტრიბუნებზე მისასვლელ დერეფნებში, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ადგილებში უნდა განათავსოს არანაკლებ 20 ერთეული დეკორატიული ურნა;

მიმწოდებელმა ღონისძიების დასრულებისთანავე ან შემსყიდველის მიერ მითითებულ დროს, არაუმეტეს 3 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ბათუმის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნების (მათ შორის კიბეები), გასასვლელების, შემოსასვლელების, ტრიბუნებზე მისასვლელი დერეფნებისა და სადარბაზოს კიბეების დასუფთავება, მოგროვებული
ნარჩენების განთავსება სპეციალურ კონტეინერებში და სტადიონიდან გატანა;

მიმწოდებელმა ტრიბუნებისა (მათ შორის კიბეები) და სადარბაზოს კიბეების დასუფთავება უნდა უზრუნველყოს ცოცხის გამოყენებით, ხოლო ტრიბუნებზე მისასვლელი დერეფნებისა და სტადიონზე გასასვლელების-შემოსასვლელების დასუფთავება ქუჩის ელექტრომტვერსასრუტებით.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის გადარეცხვა სპეციალური ტექნიკით და აუზების გაწმენდა;

მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად თვეში ერთხელ უნდა მოახდინოს ბათუმის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის გადარეცხვა სპეციალური ტექნიკით (მინიმუმ 10 ტონიანი ცისტერნა).  [/toggle]

ბათუმის სტადიონის გარე პერიმეტრის გენგეგმა / ფოტო ტენდერიდან

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად, 2018 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე [26.03.2021] პერიოდში გაწეული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსახურება [ქუჩების, სკვერების, მოედნების დასუფთავება] საერთო ღირებულებით არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით.

20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ბათუმში ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ და მის ასაშენებლად ოფიციალური ინფორმაციით 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში [ყოფილი შპს „სტადიონი“], 2020 წლის სექტემბერში განაცხადეს, რომ, „ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა 2020 წლის 14 ოქტომბერი იყო, თუმცა სამშენებლო ტემპიდან გამომდინარე სამუშაოები დროზე ადრე დასრულდა“.

შესაბამისად, სტადიონის გახსნა 12 სექტემბრისთვის დაანონსეს, თუმცა, მოგვიანებით გადადეს და მიზეზად აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაასახელეს.

მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნოდ, 2020 წლის 27 ოქტომბერს, ბათუმში საფეხბურთო სტადიონი ოფიციალურად მაინც გაიხსნა.

ბათუმის „დინამომ“ ახალ სტადიონზე 21 და 26 ნოემბერს „დილას“ და „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. ამ თამაშების შემდეგ კი მინდვრის საფარი დაზიანდა, რის გამოც „დინამომ“ სტადიონზე მესამე შეხვედრა ვეღარ გამართა. თუმცა, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ „ბათუმელებთან“ მაშინ განაცხადა, რომ მორიგი მატჩის ვერჩატარება მინდვრის საფარს არ უკავშირდებოდა.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განცხადებით, ბათუმის ახალ სტადიონზე უკვე დამონტაჟდა ე.წ ხელოვნური მზე, რომელიც „მინდვრის საფარის ზრდას და განვითარებას უზრუნველყოფს და სრულად შეესაბამება უეფას მოთხოვნებს“.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის სტადიონი/ფოტო: აჭარის პროექტების მართვის კომპანია

 

რუსუდან გოცირიძე პანდემიის პერიოდის შეზღუდვებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

მოქალაქე რუსუდან გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს. ის  სადავო ნორმის საფუძველზე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს ღამის საათებში გადაადგილებისთვის იმ მიზეზით, რომ მის სახელზე გაცემულ საშვში მითითებული არ იყო გადაადგილების ტერიტორია. რუსუდან გოცირიძის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ [EMC] დაიცავს.

დავის საგანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებენ მკაცრ სანქციებს იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის.

გასაჩივრებულია ასევე მითითებული სამართალდარღვევების განხილვის წესი და მათი დარღვევისათვის პირის შესაბამის სივრცეში მოთავსების უფლებამოსილება სასამართლო კონტროლის გარეშე.

„გარდა ამისა, სადაო ნორმების საფუძველზე, პირს იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მათ შორის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი. სადაო ნორმები ითვალისწინებს პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის ნებისმიერი დარღვევისათვის, იმ პირობებში, როდესაც განუსაზღვრელია შეზღუდვების შინაარსი,“ – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებაც, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესის და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ანიჭებს პირის შესაბამის სივრცეში გადაყვანის უფლებამოსილებას.

EMC-ის შეფასებით, სადაო ნორმა ერთის მხრივ ქმნის ადამიანის თავისუფლების უფლებაში ჩარევის ბუნდოვან და განუსაზღვრელ საფუძველს, მეორეს მხრივ კი, პირის თავისუფლების უფლების შეზღუდვას უშვებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თავისუფლების უფლებას.

დადასტურდა 419 ახალი შემთხვევა, 6 პაციენტი გარდაიცვალა – კოვიდის სტატისტიკა დღეს

26 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 29 341 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 738 პირი ემსხვერპლა.

25 მარტის მდგომარეობით საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.60 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.89%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარაში – 26, იმერეთში – 64, ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 22, გურიაში – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 18, კახეთში – 9, მცხეთა-მთიანეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პაციენტი.

192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 342  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარაში კოვიდის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 26 მარტი

Stopcov.ge-ს ცნობით, 26 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 177 პაციენტია, მათგან 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

30  პაციენტია ამ დროისთვის რეგიონის კოვიდსასტუმროში. აჭარაში თვითიზოლაციაშია 784 ინფიცირებული.

რას ამბობს ნორვეგიის ელჩი ქართულ განათლებასა და პოლიტიკურ კრიზისზე – ექსკლუზიური ინტერვიუ

დღეს, 25 მარტს, ბათუმში იმყოფებოდა ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენა სანდ ანდრესენი, რომელმაც „იუნისეფთან“ ერთად წარმოადგინა ოთხწლიანი პროექტი. ეს პროექტ ინკლუზიური განათლებისა და ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. „ბათუმელებს“ შესაძლებლობა ჰქონდა დიპლომატთან ესაუბრა ამ საკითხზე. ელჩმა ასევე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

  • ქალბატონო ელჩო, როგორია ნორვეგიის საელჩოს თანამონაწილეობა „იუნისეფის“ ამ პროექტში და კონკრეტულად რა არის მისი მიზნები?

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის გაგრძელება საქართველო-ნორვეგიის ათწლიანი თანამშრომლობის. ახალი ეტაპი დაიწყო ამ თანამშრომლობის იმ კუთხით, რომ ახალი კომპონენტი, ახალი თანამშრომლობის ფორმატი შემოვიყვანეთ იუნისეფის გაეროს ბავშვთა ფონდის სახით. ასევე ამ პროექტში შემოდის ნორვეგიის საგანმანათლებლო სააგენტო. მათი გამოცდილების გაზიარება და მათი ექსპერტების ჩართულობა იქნება ინტენსიური.

  • ინკლუზიური განათლების, სკოლის მიღმა მყოფი და სოციალურად დაუცველი ბავშვების გაძლიერების ნაწილში ადრეც თანამშრომლობდით განათლების სამინისტროსთან, თუ ეს ამ პროგრამის ნაწილია?

ათწლიანი თანამშრომლობა იყო დაკავშირებული ინკლუზიურ განათლებასთან. თუმცა ახლა გავაფართოეთ ეს კომპონენტი და როგორც უკვე აღვნიშნე, შემოვიყვანეთ ახალი აქტორები, პროაქტიული რომ გავხადოთ და ეფექტიანი ეს პროექტი.

  • ჩვენ წლებია გვესმის ხელისუფლებისგან, რომ ინკლუზიური განათლების მიმართულებით აუმჯობესებენ პროგრამებს, ამუშავებენ სხვადასხვა დოკუმენტს, თუმცა კონკრეტული ბავშვების ისტორიები გვაჩვენებს, რომ მათ ცხოვრებაში არაფერი იცვლება. დღეს სამინისტრო გვეუბნება, რომ ჰყავს 10 ათასზე მეტი ბავშვი სკოლის მიღმა, მათ შორის სმენისარმქონე და სხვა შეზღუდვების მქონე ბავშვები. ეს პროექტი იქნება ხელშესახები ბავშვების ან ნაწილისთვის?

სწორედ ეს არის ჩვენი პროექტის მიზანი, რომ ეს ბავშვები დავფაროთ – უფრო დეტალურად ავხსნი ამ კომპონენტებს.

ჩვენი პროექტის პირველი კომპონენტი ითვალისწინებს იმ მდგომარეობას, რაც საქართველოს აქვს – თქვენ გაქვთ საბჭოთა გამოცდილება ამ სფეროში, როდესაც შშმ ბავშვები მოთავსებული ჰყავდათ ეგრეთ წოდებულ ინტერნატებში და სრულიად მოწყვეტილი იყვნენ სხვა სივრცეებს. მათ შორის სკოლას.

ჩვენი მიზანია, რომ ეს ე.წ. ინტერნატები გადაკეთდეს რესურსცენტრებად, სადაც ასეთ ბავშვებზე იზრუნებენ განსაკუთრებულად და თანამედროვე მიდგომებით. ის მასწავლებლები, რომლებიც ამ რესურსცენტრებში ასწავლიან, გადამზადდებიან, აუმაღლდებათ კვალიფიკაცია და საშუალება ექნებათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ სკოლის მასწავლებლებს. ეს კომპლექსური მიდგომა და მუშაობა უზრუნველყოფს იმას, რომ ინკლუზიური განათლება უფრო ეფექტური იყოს და არცერთი ბავშვი არ დარჩეს განათლების გარეშე.

მეორე კომპონენტი არის მასწავლებელზე – იმ კადრების გადამზადებაზე, გაწვრთნაზე მორგებული, ვინც ახლა იწყებს მუშაობას და ასევე იმ მასწავლებლების, ვინც უკვე მუშაობენ სკოლაში. ვასწავლით, როგორ უნდა მოექცნენ შშმ ბავშვებს, როგორ უნდა ასწავლონ, როგორ უნდა შექმნან ინკლუზიური განათლების გარემო, როგორ უნდა შეძლონ ამ ბავშვების ინტეგრირება საჯარო სკოლაში.

მესამე კომპონენტი მოიცავს უნივერსიტეტებში ბავშვთა უფლებების ცენტრების გახსნა, რომ ბავშვთა უფლებები ისწავლებოდეს საუნივერსიტეტო პროგრამებში, ეს ფაკულტეტის კურიკულუმში იმისთვის უნდა შევიდეს, რომ ყველა სტუდენტს ჰქონდეს წარმოდგენა, რას ნიშნავს ბავშვთა უფლებები. შემდეგ, სადაც იმუშავებს ეს ადამიანი, იქნება ეს მთავრობა თუ სხვა სფერო, ყველას ეცოდინება, რას ნიშნავს ბავშვთა უფლებები. ამის შემდეგ მოქალაქეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოსთხოვენ მთავრობას ამ მიმართულებით.

მეოთხე კომპონენტი უკავშირდება სტიგმის მოხსნას, რადგან ეს საკმაოდ ძლიერია ყველა ქვეყანაში – [ადამიანებმა] რაც არ იციან, იმას უფრთხიან და შორს უჭირავთ თავი. თუკი ჩვენ ცნობადობას ავამაღლებთ ამ კუთხით, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე მთავრობის წევრებთან, ყველა სფეროს თუ მივწვდებით, ისინი ადვილად მიხვდებიან, რომ მიუხედავად იმისა – შშმ ბავშვებს, რომლებსაც შეიძლება აქვთ მენტალური პრობლემები, ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, არიან თანაბარი უფლების მქონე მოქალაქეები და მათ აქვთ უფლება მიიღონ თანაბარი განათლება. ჩვენ მათში უნდა აღმოვაჩინოთ ის განსაკუთრებული ნიჭი და უნარები, რომელიც გააჩნიათ.

  •  მიუხედავად იმისა, რომ ევროპა, როგორც პარტნიორი, მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას ბევრი მიმართულებით განვითარებაში, საზოგადოებაში მაინც არსებობს იმედგაცრუების განცდა ხელისუფლების მიმართ და ჩნდება კითხვები – სად არის დახმარებების, მხარში დგომის შედეგი, რატომ არის ამდენი დაუცველი ბავშვი, რატომ ვერ წავიდა წინ განათლების სისტემა. თქვენ როგორი განცდა გაქვთ, არის თუ არა თქვენი ძალისხმევა შედეგიანი?

უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირე. ამ მდგომარეობაში ძალიან რთულია შედეგების სწრაფად მიღწევა. თუმცა ჩვენ წარსულში უნდა დავტოვოთ საბჭოთა მეხსიერება, სამოქალაქო ომები, ოკუპაციის გამოცდილება, ეს ყველაფერი წარსულში უნდა დავტოვოთ და ეტაპობრივად, ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ახალი აგურის დადება, ინსტიტუციონალურ მშენებლობას უნდა შევუწყოთ ხელი. ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს, რომ მივიღოთ ხელშესახები შედეგები.

ჩემი ქვეყანაც კი, რომელიც ითვლება ინკლუზიური განათლების კუთხით ძალიან წარმატებულად, მაინც არ ვართ იდეალურები. შეუძლებელია ამდენი პრობლემის ფონზე უცბად მიიღოთ ხელჩასაჭიდი შედეგი. ეს სამწლიანი, ძალიან ამბიციური პროგრამაა და ველოდებით ძალიან სერიოზულ შედეგებს. თუმცა ეს ვერ იქნება იდეალური, ეს არის ერთი ნაბიჯი, ერთი აგური, რომელსაც თქვენი ქვეყნის განვითარებაში დავდებთ, თქვენ უნდა გააგრძელოთ განვითარება.

  • რადგან განვითარება მაინც დამოკიდებულია სტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მინდა საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, რა იქნება უკეთესი გამოსავალი ამ კრიზისიდან?

დასამალი ნამდვილად არ არის, რომ საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური პოლარიზაციას აქვს ადგილი. ხალხის ინტერესების და პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ვფიქრობ, ყურადღება ზედმეტად გადატანილია ამ პროცესებზე. ზუსტი პასუხი გამიჭირდება, თუ როგორ უნდა გამოვიდეს მთავრობა პოლიტიკური კრიზისიდან.

ვფიქრობ, მთავრობამ და მმართველმა პარტიამ უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ ვალდებულებებს. ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები, მათ უნდა გამონახონ საერთო ენა ამ კრიზისის მოსაგვარებლად. ერთად დასხდნენ და რეფორმების განხორციელებაზე იზრუნონ. უკვე ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს რეფორმები სისრულეში მოვიდეს და მხოლოდ ქაღალდზე კი არ იყოს ეს ყველაფერი, არამედ რეალობაში. ყველა მხარემ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა.

ჯანსაღ დემოკრატიას სჭირდება ძლიერი ხელისუფლება და ოპოზიცია, რომელიც ჩართული იქნება კონსტრუქციულ დიალოგში. ამასთან საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც ხალხს კანონის უზენაესობის რწმენას დაუბრუნებს.

  • სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ, საზოგადოებას აქვს განცდა, რომ სასამართლო მიისაკუთრა ხელისუფლებამ და ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს ბიძინა ივანიშვილის გავლენებს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ის არ არის ხელისუფლებაში. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ღელავს იმაზეც, რომ ხელისუფლებამ შეასუსტა ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა და ძლიერდება რუსული გავლენები…

ნორვეგია, ისევე როგორც საქართველოს სხვა პარტნიორი ქვეყნები, რა თქმა უნდა, ღელავენ საქართველოს ბედზე და აქვთ მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა შეასრულებს რეკომენდაციებს, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს – იქნება ეს ევროპის საბჭო, ვენეციის კომისია, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რომელსაც ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებული რეკომენდაციები, ასევე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ველით, რომ მთავრობა, რომელსაც აქვს ევროპული კურსი აღებული, ზუსტად ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით და შესრულებით დაამტკიცებს, რომ იგი ერთგულია ევროპული ღირებულებების.

  • რა არის საზოგადოებაზე დამოკიდებული, თუკი მთავრობა გადაუხვევს ამ გზას?

მინდა გითხრათ, რომ თქვენ გყავთ ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერი ომბუდსმენის ოფისი, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და რაც მთავარია, დამოუკიდებელი მედია, მათ შორის თქვენი გამოცემა „ბათუმელები“.

ეს კომპონენტები ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, რომ გააგრძელოთ ამ ტემპით და შეინარჩუნოთ ეს სიძლიერე, რადგან ეს არის დემოკრატიული ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსგან“ შევიტყვე, არსებობს სათემო კომიტეტები, რომლებიც დააფუძნა ხალხმა და თავიანთ სატკივარს და პრობლემებს წარუდგენენ ადგილობრივ მთავრობებს, პასუხისმგებლები რომ იყვნენ ამა თუ იმ პროექტის შესრულებაზე. ეს ძალიან სერიოზული მექანიზმია.

_____________________

მთავარი ფოტო: ჰელენა სანდ ანდრესენი/ ლელა დუმბაძე/ბათუმელები

სამინისტრო 30 ათას ლარს დახარჯავს „ახალი ჰესებისადმი რადიკალური განწყობის განსამუხტად“

„მოსახლეობის ენერგოპროექტებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისა“ და ახალი ჰესებისადმი „საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში შექმნილი რადიკალური განწყობილების“ განმუხტვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოციალურ ქსელ „facebook“-ზე გვერდი – „ენერგომომავალი“ შექმნა. გვერდი რამდენიმე დღის წინ, 2021 წლის 19 მარტს შეიქმნა. ფეისბუქრეკლამაში კი წელს 30 000 ლარი დაიხარჯება.

„ქვეყნის მოსახლეობის ენერგოპროექტებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისა და მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის ფონზე, ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზება საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, მიიღონ სწორი ინფორმაცია ჰიდროელექტროსადგურების შესახებ და განმუხტავს საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში შექმნილ რადიკალურ განწყობილებას“ – აღნიშნულია მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის მიერ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის, გიორგი ჩიქოვანისადმი გაგზავნილ წერილში.

[toggle title=”წერილი შეგიძლიათ ნახოთ აქ:”][/toggle]

ამავე წერილის მიხედვით, „ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სამინისტრომ დაიწყო ენერგეტიკის სფეროში აქტიური საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ენერგეტიკის მნიშვნელობაზე, როგორც ეკონომიკის განვითარების ისე ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ“.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის წერილში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დიდი როლის გათვალისწინებით, ახალი პროექტების განხორციელებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მნიშვნელოვანია სწორი საინფორმაციო კამპანიის წარმართვა“.

მინისტრის მოადგილე ამ წერილით ფონდის დირექტორს თხოვს „შესაძლო მოკლე ვადებში“, აღნიშნული გვერდისთვის უზრუნველყოს „facebook“-ის ინფორმაციის რეკლამირების მომსახურების შესყიდვა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გვერდის „ენერგომომავალი“ პოპულარიზაციის მიზნით, გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

ფეისბუქრეკლამაში ფონდი 30 000 ლარის გადახდას გეგმავს.

„აღნიშნული შესყიდვის მიზანია ენერგეტიკის სფეროში აქტიური საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე „ფეისბუქი“-ს, აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის მის გამოყენებას უალტერნატივოს ხდის. შესყიდვისთვის ყოველთვიურად საჭირო სავარაუდო თანხა განისაზღვრა სოციალურ ქსელში აქტივობების სხვადასხვა მოცულობის რეკლამის დადგენილი ღირებულებების გათვალისწინებით.“ – აღნიშნულია ფონდის განაცხადში.

ფონდის განაცხადში აღნიშნულია, რომ მაგალითად, 150$-იანი პაკეტის შეძენა უზრუნველყოფს ამ გვერდზე განთავსებული ერთი კონკრეტული აქტივობის წვდომას 67 000-180 000 მომხმარებლისთვის, 60$-იანი პაკეტი კი გათვლილია 32 000-84 000 მომხმარებელზე: „გვერდის ადმინისტრატორი პოსტის მნიშვნელობიდან გამომდინარე შესყიდული მომსახურების ღირებულების ფარგლებში ირჩევს შესაბამის პაკეტებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მომსახურებას ახორციელებს „ფეისბუქი“, შესყიდვის ობიექტის დანაწევრება აზრს კარგავს.“

ფონდის განცხადებით, აღნიშნული შესყიდვები განხორცილდება „ინტერნეტის გამოწერის გზით, ეტაპობრივად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან თანხმობის მიღების დღიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“.

შესყიდვების სააგენტოში ფონდის განაცხადის განხილვის ბოლო ვადა 2021 წლის 30 მარტია.

მიმდინარე წლის 14 მარტს, ქუთაისში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ, შეაჩეროს ჰესის მშენებლობა. გაჟღერდა ახალი მოთხოვნაც – თანამდებობა დატოვოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მოსახლეობა ითხოვს კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, დატოვოს რიონის ხეობა.

მთავარი ფოტო: „არა ნამახვან ჰესს“ – აქცია ქუთაისში, 14 მარტი, 2021. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ამ თემაზე:

რა წერია ნამახვანი ჰესის ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში – დოკუმენტის ანალიზი

რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ 

 

ბათუმში აშენდება ცათამბჯენი ზღვაზე გადასახედი ხიდით, ამ ხიდის ქვეშ კი მოექცევა სამანქანო გზა

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე აშენდება 131 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენი, რომელსაც ზღვაზე გადასახედი ხიდი ექნება.

ამ ხიდის ქვეშ მოექცევა სამანქანო გზა და ის ქვეითთა გადასასვლელის ფუნქციასაც შეითავსებს. მშენებელი კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, ქვეითთა გადასასვლელი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება: „ლიფტის საშუალებით“.

პროექტი ორ – 8 და 38-სართულიანი კორპუსს აერთიანებს.

კომპლექსის მშენებლობა დაგეგმილია ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე ხელოვნების და კულტურის ცენტრთან ახლოს, ძეგლის დაცვის ზონაში – ამავე ზონაში ძეგლის სტატუსის მქონე კიდევ ორი შენობაა – ნობელების მუზეუმი და თამარის ციხე.

კომპლექსის პროექტის ავტორია არქიტექტორი ზვიად ბურჭულაძე. ის არის, როგორც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს, ისე ძეგლების საბჭოს წევრი. ზვიად ბურჭულაძე საბჭოს ორივე სხდომას ესწრებოდა, როცა ამ პროექტის პირველი და მეორე ეტაპი შეითანხმეს, თუმცა ამ კონკრეტული საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

პროექტი მისმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს და შეითანხმეს.

პროექტის მეორე ეტაპი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2020 წლის 28 დეკემბერს შეითანხმა. სამშენებლო ტერიტორია 8 526,0 კვ.მეტრ ფართობია. პროექტის მომზადებამდე ამ მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმა კომპანიამ ბათუმის მერიას უკვე წარუდგინა და ის საკრებულომაც დაამტკიცა.

კომპანიას უკვე აქვს მშენებლობის ნებართვა.

პროექტის რენდერი

კომპლექსი მოიცავს როგორც მრავალბინიან საცხოვრებელ და სასტუმრო ზონებს, ასევე  მრავალფუნქციურ კომპლექსს: რესტორნებს, საკონფერენციო  ცენტრს, კაზინოს, საზოგადოებრივ სივრცეებს, მიწისქვეშა ავტოპარკინგს, საცურაო აუზებსა და სპორტულ მოედნებს.

მშენებელი კომპანია შპს „თაუერ ჯორჯიაა“, რომლის წილების ასივე პროცენტს „ბათუმი ცენტრალი“ ფლობს. კომპანიის დირექტორია ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე.

„ბათუმი ცენტრალის“ დამფუძნებელი ბიზნესმენი გიორგი ჭყონიაა. გიორგი ჭყონია „ოცნების“ მხარდამჭერი და ერთ-ერთი აქტიური შემწირველია.

___

მთავარი ფოტო: ცათამბჯენის პროექტის რენდერი

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ covid 19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად

booking.moh.gov.ge – ეს არის ვებგვერდი, სადაც 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე შეუძლიათ ელექტრონულად დარეგისტრირება. აღსანიშნავია, რომ აქამდე ვაქცინის გაკეთება შეეძლო მხოლოდ სამედიცინო პერსონალს და ვებგვერდიც მხოლოდ მათ აძლევდა რეგისტრაციის საშუალებას, დღეიდან კი ამ გვერდზე ზემოთხსენებული ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებიც შეძლებენ ონლაინრეგისტრაციას.

ვებგვერდი booking.moh.gov.ge თავდაპირველად ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის სახით დარეგისტრირებას გვთავაზობს. ფიზიკური პირები ირჩევენ შესაბამის ველს, რის შემდეგაც ირჩევთ სერვისს:

  • ვაქცინის დასახელებას, რითაც აცრა გსურთ [ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ შვედურ-ბრიტანული ვაქცინა „ასტრაზენეკა“, 30 მარტიდან კი გერმანულ-ამერიკული ,,ფაიზერიც“ გამოჩნდება ვებგვერდზე რეგისტრაციისას ჩამონათვალში]
  • ირჩევთ სერვისის ჩატარების რეგიონს;
  • სერვისის მომწოდებელ დაწესებულებას;
  • აცრისთვის თქვენთვის მოსახერხებელ თარიღსა და დროს;
  • ავსებთ პირადი ინფორმაციის ველსა და საკონტაქტო ინფორმაციას;
  • ვერიფიკაციის კოდის ღილაკზე დაჭერით პიროვნებას პირადი მობილურის ნომერზე sms-ით და ელ.ფოსტის საშუალებით მისდის უნიკალური კოდი, ამ კოდის შეყვანა აუცილებელი ჯავშნის პროცესის დასასრულებლად. ვერიფიკაციის კოდი მხოლოდ 60 წამის განმავლობაშია აქტიური.
  • შესაძლებელია ჯავშნის რედაქტირება და გაუქმება.

ონლაინრეგისტრაციის სრულ ვიდეოინსტრუქციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

YouTube video player

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც წვდომა არ აქვთ ვებპლატფორმაზე და საავადმყოფოშივე არჩევენ დარეგისტრირებას, შეუძლიათ მივიდნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ადგილზევე გაიარონ რეგისტრაცია. რიგის სიდიდე-სიმცირის მიხედვით დღეიდან, 25 მარტიდან, ისინი შეძლებენ აცრას რეგისტრაციიდან რამდენიმე წუთში, ან რიგის არსებობის შემთხვევაში დაჯავშნიან მომდევნო დღეებში აცრის დროს.

დღეიდან, 25 მარტიდან ზემოთხსენებული ასაკობრივი ჯგუფისთვის ასტრაზენეკასთან ერთად ფაიზერის ვაქცინაცინაც იქნება ხელმისაწვდომი.

აცრის დღეს მისული მოქალაქე ადგილზე ავსებს სპეციალურ კითხვარს, რის მიხედვითაც დგინდება მიზანშეწონილია თუ არა მისთვის ვაქცინაცია.

აცრის შემდეგ მოქალაქე კლინიკაში 45 წუთს რჩება.

___

კოვიდზე აცრის შემდეგ მოქალაქე 45 წუთი უნდა დარჩეს კლინიკაში

ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციოდ 8,6-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულებას, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, კომპანია „ზიმო 7“-თან 8 646 623 ლარზე გააფორმებს.

კომპანია ხელშეკრულების დასადებად სატენდერო კომისიამ უკვე მიიწვია. ხელშეკრულების გასაფორმებლად კი აუცილებელია „ზიმო 7“-მა საბანკო გარანტია 2021 წლის 27 მარტამდე წარადგინოს.

ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე) რეაბილიტაციის სამუშაოებზე მერიის სამმართველოს ტენდერი 11 867 002 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე მიმდინარეობდა, ის ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა და ამიტომ ჯერ უცნობია „ზიმო-7“-ის გარდა, მონაწილეობდნენ თუ არა მასში სხვა პრეტენდენტები.

მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები მრავალწლიანი პროექტია და ქუჩის 1,5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება.

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 15 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 11 მილიონი დაიხარჯება

2 დღეა სუეცის არხი ჩაკეტილია – კომპანიები მილიონობით დოლარის ზარალზე საუბრობენ

ორი დღეა სუეცის არხი დაკეტილია. მიზეზი უზარმაზარი კონტეინერმზიდი Ever Given-ა, რომელიც 23 მარტს სუეცის არხში მეჩეჩზე შეჯდა, დიაგონალურად გაიჭედა და სუეცის არხი მთლიანად ჩაკეტა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი ჩინეთიდან როტერდამში მიდიოდა.

სუეცის არხის ჩაკეტვამ შეაფერხა გლობალური ვაჭრობა და ტვირთბრუნვა. 150-მდე  გემი იცდის სუეცის არხის გადასაკვეთად, თუმცა სპეციალისტები ჯერჯერობით კონტეინერმზიდის წყალში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. „ბიბისის“ ინფორმაციით Ever Given-ის იაპონელმა გემთმფლობელმა ბოდიში მოიხადა შექმნილი სიტუაციის გამო.

ასეთი სიტუაციაა ამჟამად სუეცის არხში. სქრინი marinetraffic-ის საიტიდან

სუეცის არხი ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან აკავშირებს. ეს არის ყველაზე მოკლე საზღვაო გასასვლელი ევროპასა და აზიას შორის. გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12 % სუეცის არხზე მოდის. არსებობს სუეცის არხის ალტერნატიული მარშრუტიც – სამხრეთ აფრიკაში, კეთილი იმედის კონცხის გავლით, მაგრამ ამ მარშრუტის დაფარვას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება.

ტრაქტორი მუშაობს სუეცის არხში, რათა გემი ქვიშისგან გაათავისუფლოს

სუეცის არხის გასახსნელად და კონტეინერის ზღვაში დასაბრუნებლად ათობით ადამიანი მუშაობს. სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან სპეციალისტები და ტექნიკა – რვა საბუქსირო გემი ცდილობს კონტეინერმზიდის გათავისუფლებას, თუმცა ჯერჯერობით – უშედეგოდ.

როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები სააგენტო „როიტერსთან“ აცხადებენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გემი უახლოეს საათებში დაბრუნდება საწყის პოზიციაში და არხში გასასვლელს გაათავისუფლებს, ზარალი მილიონობით დოლარი იქნება.

სუეცის არხის ადმინისტრაციის განცხადებით, დღის განმავლობაში არხში დაახლოებით 51 გემი გადის. გასულ წელს არხმა 19 000 გემი გაატარა.

ვინ არის მასწავლებელი, რომლის ვიდეოც ვირუსული გახდა – თოვლში ცეკვა მოსწავლეებთან

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის ეზოში გადაღებულმა ვიდეომ გუშინ, 24 მარტს ქართული ინტერნეტი მოიცვა. ახალგაზრდა მასწავლებლის მოსწავლეებთან ერთად თოვლში ცეკვის ამსახველი კადრები მალე გახდა ვირუსული.

ეს მასწავლებელი 25 წლის თამუნა ლაბაძეა, მოსწავლეების თხოვნას, დაენახათ მასწავლებელი პირბადის გარეშე, მან ასე უპასუხა – ბავშვები შესვენებაზე სკოლის ეზოში გამოიყვანა და მათთან ერთად იცეკვა.

„მუსიკის ფონზე ვიცეკვეთ. თოვდა, მაგრამ ძალიან იმხიარულეს“, – ამბობს თამუნა.

თამუნა ლაბაძე მაძიებელი მასწავლებელია. იგი ხულოში, სოფელ ჩაოში გაიზარდა, თუმცა ერთადერთი სკოლა, რომელმაც მაძიებელ, ახალგაზრდა მასწავლებელს სკოლის კარი გაუღო, შუახევში ინწკირვეთის საჯარო სკოლაა.

თამუნა ამბობს, რომ ბავშვობიდან სურდა მასწავლებელი გამხდარიყო.

„დედაც პედაგოგია და ბავშვობაში ის იყო ჩემთვის იდეალური მასწავლებელი. ძალიან სახალისო გაკვეთილები ჰქონდა, ყველა გაკვეთილი ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. ისე ვსწავლობდით, არც გვჭირდებოდა შეხსენება, რომ გაკვეთილები უნდა გვესწავლა.

„როცა უნივერსიტეტში ჩააბარა დედამ, უკვე სამი შვილი ჰყავდა. 35 წლის იყო და მე მაგ დროს პირველ კლასში ვსწავლობდი. შეძლო წარმატებისთვის მიეღწია და ახლა უკვე წამყვანი მასწავლებელია“, – გვეუბნება თამუნა.

თამუნა ლაბაძე

თამუნა ამბობს, რომ მისთვის მთავარია, როგორ ასწავლის, რა დაამახსოვრდება ბავშვს ხვალ.

„ხშირი იყო შემთხვევები, როცა თავს მახვევდნენ ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ მეთოდებს – ახსენი, მოუყევი, შეამოწმე, შეფასება მიეცი, კითხვა დაუსვი – მაგრამ ვერ შევეგუე. მარტო ეს არ არის ჩემთვის მისაღები.

ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკაში სწავლებას. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩავატაროთ ექსპერიმენტები სასწავლო სივრცეში, თუნდაც სახლში და შემდეგ ერთმანეთს აზრი გავუზიაროთ“.

თამუნა ამბობს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის აზრს. მისი თქმით, ბავშვი გაკვეთილზე არა მარტო მსმენელი უნდა იყოს, არამედ საკუთარ აზრსაც თამამად უნდა ამბობდეს.

„საბჭოთა სკოლაში ბავშვის აზრი იგნორირებული იყო. ბავშვს არ ჰქონდა უფლება ეთქვა, რატომ არ ეთანხმებოდა თუნდაც ავტორის მოსაზრებას ან რატომ აკრიტიკებდა პერსონაჟს. მსგავსი მიდგომების ადგილი თანამედროვე სკოლაში არ არის. დღეს ეს ყველაზე მეტად საჭიროა, რომ დამოუკიდებელ ადამიანებად გაიზარდონ ბავშვები.

რაც მთავარია, ისინი გაკვეთილზე სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას და განსხვავებული აზრის მიღებას. მაგალითად, როცა ვამბობთ, რომ ჭიქაში ასხია ალუბლის კომპოტი, შეიძლება ყველამ დაინახოს, რომ ჭიქაში მართლაც ასხია წითელი ფერის სითხე, მაგრამ ჩვენ რომ დავარწმუნოთ სხვა, რომ ნამდვილად ალუბლის კომპოტია ჭიქაში, ამისთვის უნდა გვქონდეს არგუმენტები, რადგან გვკითხავენ: რა ვიცით, რომ ალუბალია? ასეთი მაგალითებით ბავშვებს მსჯელობისთვის ვამზადებთ“, – გვეუბნება თამუნა.

თამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან ერთად
თამუნა ლაბაძის მოსწავლეები

თამუნა ამბობს, რომ არგუმენტირებული მსჯელობის დროს ყველაზე მეტად ადგებათ აქტივობა, რომელსაც ეწოდება „ცხელი სკამი“.

„ამ აქტივობის დროს ვირჩევთ პერსონაჟებს, ვსვამთ სკამზე ავტორს და მას კითხვებს უსვამენ. მაგალითად, „მგელი და კრავის“ დროს გამოვიყენებთ ეს აქტივობა.

ყველა მონაწილე ცდილობს დაიცვას თავისი პერსონაჟის პოზიცია. მაგალითად, ავტორს ვუსვამდით კრიტიკულ შეკითხვებს: „რატომ დაჩაგრე ასე კრავი?“, „რატომ არის მგელი ასეთი დაუნდობელი?“, „რა აგრესია გაქვს დაგროვილი, რომ ასეთ პატარა, უცოდველ კრავს ასეთი ამბები დააწიე?“ და ასე შემდეგ. შემდეგ ავტორი იცავს თავს და იმდენად შედიან როლში, რომ პერსონაჟებს დიდი ძალისხმევა უწევთ, საკუთარი პოზიციები რომ დაიცვან. ეს საკმაოდ საინტერესო და სახალისო პროცესია“, – გვეუბნება თამუნა.

მისი თქმით, მოსწავლეებს მოსწონთ ისეთი გაკვეთილი, სადაც მათ ენიჭებათ წამყვანი როლი. რატომ ვერ ახერხებს ყველა მასწავლებელი ამას? – ამ კითხვას თამუნა ასე პასუხობს:

„თუ ისე გააკეთებ, რომ თუნდაც ერთი მოსწავლისთვის ერთი გაკვეთილი იქნება ნაბიჯი, რომ იპოვოს საკუთარი თავი სასწავლო სივრცეში, უკვე მიღწევაა. მასწავლებლების გარკვეული ნაწილი ვერ ბედავს გადაუხვიოს დადგენილ წესებს, რადგან ხშირია კოლეგების მხრიდან ბულინგიც, განსხვავებული ადამიანები არ უყვართ ზოგადად“.

თამუნა ლაბაძე მოსწავლეებთან

თამუნა ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკისაა მასწავლებელი, მთავარია, როგორ მუშაობს ის გაკვეთილებზე.

„უფროსი თაობის მასწავლებლებთან მქონია ურთიერთობა და ახალგაზრდებთანაც. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ორივე კატეგორიას, მაგრამ გააჩნია, ეს დაგროვილი გამოცდილება რაზეა დაფუძნებული. პრინციპზე – „გინდა თუ არა უნდა ისწავლო“, თუ ხალისით სწავლაზე.

მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის იქნები, მთავარია, როგორ მიაწვდი ბავშვს ცოდნას, რამდენად შეახალისებ გაკვეთილზე ყოფნა. მინახავს 75 წლის მასწავლებელი, რომელიც ცეცხლს ანთებს გაკვეთილზე, რაც შეიძლება მე ვერ გავაკეთო 25 წლის ასაკში“, – ამბობს თამუნა. 

რა არის ის, რაც პედაგოგებს ხელს უშლით სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში? – თამუნა ამბობს, რომ პირადად მას ხელს უშლის დამოკიდებულება, რომ „ახალგაზრდაა და გამოცდილება არ აქვს“.

„სამსახურის დაწყების მხრივ მქონდა პრობლემები, ჯერ ჩაბარებული არ მაქვს მასწავლებლის საგნობრივი გამოცდა და არ ვარ უფროსი მასწავლებელი.

ძალიან უჭირთ ამ მხრივ ახალი კადრების აყვანა, რადგან მაძიებელი ხარ და არ გაქვს სტატუსი. ძალიან ბევრ გასაუბრებაზე ვიყავი და ყველგან დადებითად დამახასიათეს, თუმცა ძალიან ბევრმა სკოლამ გამომიხურა კარი. მეგონა, რომ ჩემი კარიერა იქ დასრულდა. ეს იყო ძალიან დიდი სტრესი. ერთადერთი საჯარო სკოლა აღმოჩნდა, რომელიც მენდო“, – ამბობს თამუნა.

თამუნას სკოლა მცირეკონტინგენტიანია. პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით ინწკირვეთის სკოლაში სულ 16 მოსწავლე სწავლობს, მეშვიდე კლასში კი მოსწავლე საერთოდ არ ჰყავთ.

თამუნას სამი მოსწავლე ჰყავს. ერთი – პირველ კლასში, ორი კი – მეოთხეში. „ეს არ გვიშლის ხელს შევასრულოთ სხვადასხვა  აქტივობა, ხარისხი რაოდენობით არ განისაზღვრება. თუ იხარჯები, ბოლომდე უნდა დაიხარჯო, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი მოსწავლე გყავს“, – გვეუბნება ის.

თამუნა გვეუბნება, რომ ინწკირვეთი ძალიან ლამაზი და შუახევის ყველაზე მაღალი სოფელია. მთები ქვემოთაა, ჩვენ კი ზემოთო – ამბობს.

გაუმართავი გზა და ინფრასტრუქტურა ადგილობრივებს აიძულებს ქალაქში ეძებონ უკეთესი ცხოვრება.

„სახლები თითქმის დაკეტილია. სკოლის გარდა მოსწავლეებს სხვა გასართობი სივრცე არ აქვთ, ამიტომ არიან კომპიუტერებს მიჯაჭვული. პანდემიამ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გააძლიერა“, – ამბობს თამუნა.

მისი თქმით, ალბათ მალე მოვა ის დრო, როცა ეს ბავშვებიც მიატოვებენ სოფელს და ქალაქში წავლენ. „იმას ვცდილობ, რომ როცა ისინი მოხვდებიან იმ სოციუმში, არ დაიჩაგრონ და ისევე ხალისით გაგრძელონ სწავლა, როგორც გუშინ და დღესო“, – გვეუბნება თამუნა.

მოსწავლეები და მშობლები ახალგაზრდა მასწავლებელს ძალიან მიეჩვივნენ, თუმცა შესაძლოა მათ დაშორება მოუხდეთ. თამუნა ამბობს, რომ ამ სკოლაში ერთი-ერთი მასწავლებლის ნაცვლად მუშაობს, რომელიც აპრილის დასაწყისში დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებას აპირებს.

„ვნახოთ რამდენად მოხერხდება ჩემი აქ დარჩება. 1-2 პროექტი კიდევ მაქვს დარჩენილი და წასვლამდე აუცილებლად მოვასწრებ“, – ამბობს თამუნა.

თამუნა ლაბაძის მოსწავლეებს სახალისო გაკვეთილებთან ერთად აუცილებლად მოაგონდებათ ფლეშმობი, რომელიც მათ მარტის თოვლიან დღეს მოაწყვეს სკოლის ეზოში.

თიბისის მხარდაჭერით Mova Jewelry-მ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა გამართა

Mova Jewelry ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომლისთვისაც პანდემიის პირველი ტალღა  პირველი სტენდის გახსნას დაემთხვა. დამფუძნებლები – სალომე ჯაოშვილი და თეონა წიტაიშვილი – მალევე მიხვდნენ, რომ თვეების განმავლობაში დაგეგმილი, აწყობილი, რეალიზაციისთვის გამზადებული და პანდემიის გამო უვადოდ შეჩერებული ბიზნესი უახლესი ტექნოლოგიებით უნდა გადაერჩინათ. ამისთვის კი თიბისი ბანკის მიერ შექმნილი b2c პლატფორმა იდეალური საშუალება აღმოჩნდა, რაც Mova-მ უმოკლეს დროში აქცია ბიზნესის წარმატების წყაროდ.

„თიბისის მიერ შემოთავაზებული b2c პლატფორმა, საკმაოდ დეტალური განმარტებებით და ვიდეო ინსტრუქციებით, ძალიან მარტივად ასათვისებელი აღმოჩნდა. თიბისის წარმომადგენელი დაგვეხმარა საბანკო გადახდის სისტემის მიბმაშიც. ამ ყველაფერმა საქმე გაგვიადვილა და ძალიან მოკლე დროში შევქმენით ჩვენი ონლაინ მაღაზია, რომელიც პირველივე დღეებში წარმატებით ამუშავდა. ვებგვერდის საშუალებით  მომხმარებლებს მაქსიმალურად გავუმარტივეთ ონლაინ შოპინგი. ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელი ხედავს ყველა ხელმისაწვდომ პროდუქტს, არჩევს სასურველ მოდელს და მიწოდების სერვისს. ჩვენ კი საიტის სისტემა, სხვა კომფორტის გარდა, მარაგების კონტროლის კუთხითაც გვეხმარება,“ – ამბობს Mova-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, სალომე ჯაოშვილი.

Mova Jewelry-ს დახვეწილი დიზაინის მქონე, კომფორტულ ვებგვერდზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ, შეარჩიოთ და იყიდოთ ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული აქსესუარების უნიკალური ნიმუშები, რომლებსაც  Mova საქართველოს ნებისმიერ წერტილში, უმოკლეს დროში მოგართმევთ.

“ბიზნესის მხარდაჭერისთვის შექმნილი ეს პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, განსაკუთრებით პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების საშუალებით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხების ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან,“ – აცხადებს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონულ კომერციის გამართაში მხარდაჭერას მოიცავს.

Exit mobile version