მთავარი,სიახლეები

„ცეცხლმა წამაქცია. სახანძრო რომ მოვიდა, სახლი აღარ იყო“ – ხულოში სახანძრო ბრიგადას ითხოვენ

22.03.2021 • 3859
„ცეცხლმა წამაქცია. სახანძრო რომ მოვიდა, სახლი აღარ იყო“ – ხულოში სახანძრო ბრიგადას ითხოვენ

„როცა სახანძრო მოვიდა, ჩემი სახლი აღარ იყო, ხანძრის გაჩენიდან 1 საათის შემდეგ მოვიდა ადგილზე სახანძრო,“ – გვიყვება ჯუმბერ შაინიძე, რომელსაც გუშინ, 21 მარტის ღამეს, სახლი და ბოსელი დაეწვა. ხანძრის შედეგად ჯუმბერ შაინიძის 9-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა, მათ შორის, 4 მცირეწლოვანია.

ჯუმბერ შაინიძის ოჯახი არაა ხულოში ერთადერთი, რომლის ცეცხლმოდებულ სახლთან სახანძრო-სამაშველო ბრიგადა დროულად ვერ მივიდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხულოში მხოლოდ ერთი სახანძრო სამსახურია. ხულოს ცენტრიდან სოფელ ყინჩაურამდე კი, სადაც ჯუმბერ შაინიძეს სახლი დაეწვა, 25 კილომეტრია.

„სხალთის ცენტრში რომ ყოფილიყო სახანძრო, 5 წუთში მოვიდოდა, სხალთიდან ჩემს სოფლამდე 200 მეტრია. რამდენი ხანია ამას ვითხოვთ, მაგრამ არაფერი… ხულოს ცენტრიდან ვიდრე ამოვიდა სახანძრო, ბოსელიც თითქმის დამწვარი იყო. ის ჩააქრეს მხოლოდ,“ – ამბობს ჯუმბერ შაინიძე.

ჯუმბერ შაინიძის ოჯახი ხულოში, სოფელ ყინჩაურში ერთსართულიან ხის სახლში ცხოვრობდა.

„90-იან წლებში ვიყიდეთ ეს სახლი, მას შემდეგ, როცა წაბლანაში წაგვიღო მეწყერმა და გამოვასწარით – გვიყვება ჯუმბერ შაინიძე და ხანძრის გაჩენის დეტალებსაც იხსენებს. -„უცებ მოედო ცეცხლი ყველაფერს, მისაღებში ვიყავით ყველა და ტელევიზორს ვუყურებდით, მეორე ოთახის კარი რომ შევაღე, კაბელიდან ცეცხლი მოკიდებული იყო უკვე ოთახზე, ჩქარა გარეთ-მეთქი, ვიყვირე და ცეცხლმა წამაქცია იქვე, იმხელა ცეცხლი იყო უკვე, მეზობლები რომ არა, ალბათ ყველა ვერც გამოვასწრებდით გარეთ… ჩვენ გადავრჩით, 3 პირუტყვი და კიდევ ძაღლი, მეტი არაფერი მაქვს… ტელეფონიც დამეწვა ხანძრის დროს, მეზობლის ტელეფონით გესაუბრებით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ჯუმბერ შაინიძე. მისი ოჯახი დროებით მეზობელთან იცხოვრებს.

ხულოს მერმა დაზარალებულ ოჯახს უკვე პირადად აცნობა, რომ დახმარების გამოყოფამდე ხულოს მერია გადაუხდის ოჯახს ქირის ფულს – თვეში 300 ლარს.

„შესწავლის შემდეგ მივმართავთ აჭარის მთავრობას და გამოიყოფა ფულადი დახმარება, რაც 15 ათასი ლარია…“ – აცხადებს ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე.

„რას ვიყიდი 15 ათას ლარად? ვერაფერს ვერ ვიყიდი. ისევ მეზობლების იმედი მაქვს,“ – ამბობს ჯუმბერ შაინიძე.

„ბიუჯეტში ნაშთი რჩება ნახევარი მილიონი ლარი და ამ პრობლემის მოგვარებას არავინ ცდილობს,“ – ამბობს ნუგზარ გორგილაძე. ისიც სოფელ ყინჩაურში ცხოვრობს და ხულოს საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“. ნუგზარ გორგილაძის თქმით, არაერთხელ ჰქონდა ინიციატივა რამდენიმე თემის ცენტრში მოწყობილიყო სახანძრო პუნქტები და „ოცნების“ რამდენიმე დეპუტატიც უჭერდა მხარს ამ იდეას, თუმცა ხულოს მუნიციპალიტეტმა სახანძრო პუნქტების დამატებაზე უარი თქვა.

„ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, საუბარია ხიხაძირსა და ღორჯომის თემში სახანძრო პუნქტების დამატებაზე, ჩვენ შსს-ს 2020 წელს მივმართეთ,“ – გვითხრა ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ.

როდის მოეწყობა დამატებით სახანძრო პუნქტები ხულოს თემებში, სადაც ხის სახლები სახანძროს მისვლამდე ხშირად იწვის? – ხულოს მერი ამ პრობლემას აღიარებს, თუმცა დასძენს, რომ ის შსს-ს გადაწყვეტილებას ელოდება და ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს, როდის გამოჩნდებიან მეხანძრეები მაღალმთიან სოფლებთან ახლოს.

ხის სახლი დაიწვა ხულოში 9 თებერვალს გაჩენილი ხანძრის შედეგადაც. ეს სოფელი ხულოს ცენტრთან, შესაბამისად, სახანძრო სამსახურთან ახლოსაა.

„გვერდით სახლებსა და ნაგებობებზე არ გადასულა ხანძარი, ესაა მთავარი, რომ სხვა შენობების დროული გადარჩენა მოხერხდა,“ – აღნიშნავს ხულოს საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ჯორბენაძე.

ხულოში ხის სახლის დაწვის რამდენიმე შემთხვევაა წელიწადში: 2020 წლის 19 მაისს ხულოში, სოფელ საციხურში ხის სახლი დაიწვა. სახლში 7 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი, 2019 წლის 22 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში 7 სახლი და 5 სათავსო ერთდროულად დაიწვა. 2019 წლის 20 ოქტომბერს სახლი დაიწვა სოფელ ხიხაძირში.

„ჩვენ ვცდილობთ სოფლებში მოეწყოს ბუნებრივი სახანძრო სისტემები,“ – ახალ მიდგომებზეც გვესაუბრა ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე. მისი თქმით, ამ ეტაპზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე სოფელში აწყობენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ჰიდრანტებს, ანუ ადგილს, სადაც წყლის ონკანი იქნება, ხოლო მილებით მოსახლეობას სახანძროს დახმარების გარეშე შეეძლება ონკანით სარგებლობა.

„უკვე მოეწყო ასეთი სისტემა, მაგალითად, სოფელ წინწკალაშვილებში, ჯერ აქ შემთხვევა არ გვქონია და ვერ გეტყვით, როგორ იმუშავებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსახლეობა შეძლებს მის გამოყენებას… დაახლოებით 8-10 ათასი ლარი ჯდება ამის მოწყობა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხერხდება. ყველგან ეს ვერ მოეწყობა, რადგან გააჩნია რელიეფს, ზოგან წყლის პრობლემაა, მაგრამ ხიხაძირის ან სხვა თემში რომ იყოს სახანძრო, მანქანას მაღალმთიან სოფლამდე 15-20 წუთი მაინც დასჭირდება და ამ დროში იწვის უკვე ძველი ხის სახლები,“ – მიიჩნევს ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე.

აპირებს თუ არა და როდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხულოში ახალი სახანძრო პუნქტების მოწყობას? – უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ პასუხის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: