განათლება,მთავარი,სიახლეები

სახელმწიფომ არ იცის, სად არის ქვეყანაში დაბადებული 5 000 ბავშვი

26.03.2021 •
სახელმწიფომ არ იცის, სად არის ქვეყანაში დაბადებული 5 000 ბავშვი

განათლების პროგრამების ხელმღვანელი „იუნისეფში“, მაკო ყუფარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  სახელმწიფო 5 ათასი ბავშვის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს. ეს იმ ბავშვების ნაწილია, ვისზეც განათლების სამინისტრო ამბობს, რომ არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. საუბარია 10 404 ბავშვზე, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილები.

„განათლების სამინისტროს გააჩნია ჩაშლილი ინფორმაცია ამ ბავშვებზე. აქედან, სადღაც 1600-მდე ბავშვი არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, 700-მდე ბავშვი სხვადსხვა შეზღუდვების მქონეა – სპეციალური საჭიროების, საკმაოდ დიდი ნაწილი (დაახლოებით 3 204) მიგრანტი ბავშვია, 5 ათასი ბავშვი კი, დანამდვილებით გეტყვით, რომ არ არის იდენტიფიცირებული“, – ამბობს მაკო ყუფარაძე.

როგორ მოიპოვა სამინისტრომ ამ ბავშვების შესახებ ინფორმაცია? – ვკითხეთ მაკო ყუფარაძეს. მისი თქმით, 2015 წელს „იუნისეფის“ ტექნიკური დახმარებით დარედაქტირდა განათლების სამინისტროს განათლების მონაცემთა საინფორმაციო ბაზა, „რაც იმას ნიშნავს, რომ გაჩნდა ახალი ინდიკატორები სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ. 2015-16 წლების შემდეგ, სამინისტროს საშუალება აქვს შეაგროვოს ეს ინფორმაცია“, – ამბობს ყუფარაძე.

მისი თქმით, 2017 წელს, სამინისტროს მონაცემებით, სკოლის გარეთ 28 ათასი ბავშვი იმყოფებოდა, ბოლო მონაცემებით კი, 10 404 ბავშვია სკოლის გარეთ.

სამინისტროში ამბობენ, რომ ამ ბავშვებს არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. თუ სტატუსი არ ჰქონიათ, მაშინ როგორ მოხვდნენ ისინი განათლების საინფორმაციო სისტემის ბაზაში? – ვკითხეთ მაკო ყუფარაძეს.

„ბავშვები დაბადებული არიან, თუმცა მათი სკოლაში შეყვანის მოთხოვნა არ არის დაფიქსირებული. სკოლაში არ დარეგისტრირებულან, თუმცა სამოქალაქო რეესტრის ბაზებში არიან. ვიცით სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, შშმ ბავშვების, მიგრანტების. თუმცა 5 ათასი ბავშვი ვინ არის და სად, ეს დასადგენია“, – გვეუბნება მაკო ყუფარაძე.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველ და შშმ ბავშვებთან მიმართებაში არსებობს მიდგომა, რომ არცერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს ყურადღების, განათლების გარეშე.

„ეს უნდა გახდეს გამოკვეთილად ეროვნული პრინციპი. შესაბამისად, კიდევ უნდა დამუშავდეს მონაცემთა ბაზები და გაკეთდეს ანალიზი. უნდა დადგინდეს, რა არის მიზეზი, რომ ვერ დადიან ეს ბავშვები სკოლაში – არ აქვთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სახელმძღვანელოები თუ სხვა არსებითი კომპონენტების არქონაა მიზეზი“, – ამბობს ყუფარაძე.

ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს, რომ მათი ზედამხედველობის ქვეშ, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, საოჯახო ტიპის სახლებში, სახელმწიფო მზრუნველობაში იმყოფება 278 ბავშვი, მათ შორის 56 შშმ ბავშვი. „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურ მომსახურებას იღებს ქუჩაში მცხოვრები 168 ბავშვი“, – მოგვწერეს სააგენტოდან, სადაც ასევე გვითხრეს, რომ სამინისტროს მიერ დასახელებული ბავშვთა კონტინგენტზე – 10 404 ბავშვზე, მათ ინფორმაცია არ აქვთ.

მაკო ყუფარაძე ამბობს, რომ სოციალური სამსახური, წესით, ჩართული უნდა ყოფილიყო ამ ბავშვების იდენტიფიცირების პროცესში. პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ სოცმუშაკები, ზოგადად, იმ შემთხვევებში არიან ჩართულები, როდესაც უკვე იდენტიფიცირებული ბავშვების დღის ცენტრებში ჩარიცხვაზე მუშაობენ.

„სულ 6 ასეთი ცენტრია ქვეყანაში დღეს, სადაც ბავშვებს უწევენ შესაბამისი დახმარებას. იმისთვის, რომ ეს ბავშვები ჩაირიცხონ სკოლებში, განათლების თვალსაზრისითაც უნდა მოამზადონ“, – ამბობს ყუფარაძე.

თუმცა 2015 წელს სახელმწიფო აცხადებდა, რომ არც დღის ცენტრების მუშაობას ჰქონია დიდი შედეგი, რადგან ბავშვების 90 პროცენტი ცენტრებში არ დადიოდა.

„როგორც ვხედავთ, მხოლოდ კანონი, რომ სკოლამ უნდა მიიღოს აკადემიური ჩამორჩენის მქონე ბავშვი სკოლაში, პრობლემას არ და ვერ წყვეტს. უნდა შემუშავდეს პროგრამები – ილუზიაა 45-წუთიანი გაკვეთილით აკადემიურად ძალიან ჩამორჩენილი ბავშვის დაწევა სასწავლო სტანდარტზე.

სკოლაში უნდა არსებობდეს ალტერნატიული დამატებითი პროგრამები. ეს შეიძლება იყოს მასწავლებლების, წარჩინებული მოსწავლეების მიერ თანატოლებთან მუშაობის პროგრამა, სკოლის შემდეგ ბავშვების დატოვება და მათთან მუშაობა, რომ დაეხმარონ მასწავლებლები დავალებების მომზადებაში. გარდა ამისა, ამ პერიოდში ბავშვი უნდა გამოიკვებოს, მით უმეტეს სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომელიც 6-7 საათზე მიდის სახლში და მას არ ხვდება არც მშობელი და არც საკვები, ამიტომ იძულებულია გავიდეს ქუჩაში. ეს ძალიან დიდი რისკია ბავშვისთვის.

მაგრამ აქ ჩვენ ვეჯახებით ძალიან დიდ პრობლემას – სკოლა, რომელიც ვალდებულია მიიღოს ასეთი ბავშვები, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მათთან მუშაობის მოტივაცია და კომპეტენციაც. მასწავლებელს სჭირდება ფინანსური მოტივაციაც და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამოყოს ამისთვის ფინანსები“, – ამბობს მაკო ყუფარაძე.

მისი თქმით, თანხების გამოყოფასთან ერთად საჭიროა გადაამზადონ მასწავლებლები, უნდა არსებობდეს ალტერნატიული ექსტრაკურიკულუმი, რომელიც ბავშვს მისცემს საშუალებას ქუჩის მაგივრად დარჩეს სკოლაში, სადაც მასზე იზრუნებს მასწავლებელი, დირექცია, გამოკვებავენ მას, დაეხმარებიან მომზადებაში, შესთავაზებენ ფიზიკურ აქტივობას, რეკრეაციულ სექციურ მუშაობას. ეს ხელს შეუწყობს ბავშვის ტალანტების განვითარებას.

ეს პროგრამა სჭირდება არა მხოლოდ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ინკლუზიას, არამედ იმ ბავშვებსაც, რომელთაც აკადემიური ჩამორჩენა აქვთ. ეს იქნება არა მარტო ბავშვის, არამედ მშობლის დახმარების პროცესიც“, – გვეუბნება ყუფარაძე.

მისი აზრით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა კომპლექსურად უნდა იმუშაონ, „სადაც ყველა მოთამაშის ფუნქცია ძალიან კარგად უნდა იყოს განსაზღვრული და შესრულებული“.

_____________________________

მთავარი ფოტო: მაკო ყუფარაძე, იუნისეფი/ ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: