სიახლეები

400-ზე მეტი მიუსაფარი ბავშვი ქუჩაში – რას და როგორ აკეთებს სახელმწიფო

01.06.2015 • 4124
400-ზე მეტი მიუსაფარი ბავშვი ქუჩაში – რას და როგორ აკეთებს სახელმწიფო

იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებენ, მოწყალებას ითხოვენ და არ დადიან სკოლაში, სახელმწიფომ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება. თავდაპირველად პროგრამა საპილოტე იყო და ევროკავშირის დაფინანსებით და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ხორციელდებოდა, დღეს პროგრამა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 2015 წელს 79 000 ლარია. პროგრამა ძირითადად ორ დიდ ქალაქს – თბილისსა და ქუთაისს მოიცავს.

როგორც პროექტის მენეჯერი ეკა ჯავახიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, პროგრამას მომსახურებას სამი არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს: „საქართველოს კარიტასი“, საერთაშორისო ორგანიზაცია „ვოლდვიჟენი“ და „ბავშვი და გარემოს“ ქართული ორგანიზაცია.

„თბილისსა და ქუთაისზე აქცენტი იმიტომ გაკეთდა, რომ 2007-2008 წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, სწორედ ამ ორ ქალაქში გამოიკვეთა მიუსაფარი ბავშვების ყველაზე დიდი რაოდენობა“- ამბობს ეკა ჯავახიშვილი. ახალი კვლევები, მისივე თქმით, ბოლო წლებში არ ჩატარებულა.
„მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში თბილისში სამი მობილური ჯგუფი მუშაობს. ფუნქციონირებს ორი დღის ცენტრი და ერთი – კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი. პროგრამის მენეჯერის თქმით, თბილისში დამატებით კიდევ ერთი თავშესაფრის გახსნა იგეგმება.

პროგრამის ფარგლებში ტრანზიტული მომსახურების დღის ცენტრია გახსნილი ქალაქ რუსთავშიც. ტრანზიტული სერვისი გულისხმობს შედარებით გრძელვადიან მომსახურებასა და სიღრმისეულ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას. მუშაობა მიმდინარეობს ბავშვთა ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში, რომ ბავშვი მომზადდეს სახლში დასაბრუნებლად ან გადავიდეს საოჯახო ტიპის სახლში. ქუთაისში ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის ერთი თავშესაფარი და ერთი მობილური ჯგუფი. სულ სამი მობილური ჯგუფი მუშაობს, სამი თბილისში და ერთი ქუთაისში. ჯგუფი ოთხი ადამიანისგან შედგება. ესენი არიან: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, თანასწორ განმანათლებელი და ადმინისტრატორი. თანასწორ განმანათლებელი, როგორ ეკა ჯავახიშვილი განმარტავს, არის ბავშვი, რომელიც დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებდა, თუმცა შემდეგ ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში და შეიცვალა ცხოვრების წესი.

როგორ მუშაობენ მობილური ჯგუფები? – როგორც ეკა ჯავახიშვილი ამბობს, ჯგუფის წევრები, პირველ რიგში, ქუჩაში მყოფი ბავშვების ნდობის მოპოვებას ცდილობენ: „ჯგუფი იწყებს მოძიებას, თუ სად იკრიბებიან და რას საქმიანობენ ბავშვები. ცდილობენ მათთან გამონახონ საერთო ენა და შემდეგ მიდის იმ მომსახურების შეთავაზება, რასაც პროგრამა ითვალისწინებს. მათი თანხმობის შემთხვევაში, ბავშვები მიგვყავს დღის ცენტრებში. თუკი არსებობს 24-საათიანი მომსახურების საჭიროება, მაშინ ვრთავთ კრიზისულ მომსახურებაში და ბავშვი გადადის საოჯახო ტიპის სახლში ან მინდობით აღზრდაში“.

ეკა ჯავახიშვილის თქმით, ამ დროისთვის მარტო თბილისში მობილური მომსახურების გავლით, 400-მდე ბავშვმა ისარგებლა. თუმცა აქტიურად სერვისებში მხოლოდ 75-ია ჩართულია.

„400 ბავშვიდან მინდობით აღზრდაში გადავიდა 10 ბავშვი, რეინტეგრაცია მოხდა და ოჯახში დაბრუნდა მხოლოდ ექვსი, მცირე საოჯახი ტიპის სახლშიც გადავიდა ექვსი ბავშვი“ –  ამბობს ეკა ჯავახიშვილი. მისი თქმით, ბავშვების დიდ ნაწილს სკოლაში საერთოდ არ უვლია ან მიტოვებული აქვს სკოლა: „ამ ბავშვებს ვეხმარებით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღებაში. დღემდე 34 ოჯახს დავეხმარეთ პირადობის მოწმობის აღებაში, საგანმანათლებლო პროცესში კი, 26 ბავშვის ჩართვა მოვახერხეთ. ეს ის ბავშვები არიან, რომლებსაც არასდროს უვლიათ სკოლაში“.

ქუჩაში მყოფი ბავშვების საშუალო ასაკი 12-იდან 16 წლამდეა, თუმცა არიან უფრო პატარებიც და უფრო დიდებიც.

როგორ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას ის ბავშვები, რომლებსაც დიდი ასაკი აქვთ, აკადემიური დონე კი – დაბალი? – როგორც ეკა ჯავახიშვილი ამბობს, არის შემთხვევები, როცა 16 წლის მოზარდის განათლების დონე შეესაბამება მესამე კლასის დონეს: „ამ ბავშვებს ბუნებრივია მესამე კლასში ვერ დავსვამთ, რომ უხერხულობა არ იგრძნონ, ამიტომ ისინი სკოლაში სპეციალურად მათთვის შემუშავებულ პროგრამას გადიან. გარდა ამისა, მომსახურებაში გვაქვს არაფორმალური განათლების კომპონენტებიც, რაც დაეხმარება მათ ცოდნის დონის ამაღლებაში“.

რატომ ხვდებიან ბავშვები ქუჩაში? – ეკა ჯავიხიშვილის განმარტებით, მიზეზები არაერთგვაროვანია, თუმცა ძირითად მიზეზად მაინც ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობა სახელდება: „არის ძალადობის შემთხვევებიც, როცა მშობელი აიძულებს ბავშვს, რომ ქუჩაში გავიდეს და მოწყალება ითხოვოს. ასეთ დროს ჩვენ ვუხსნით მშობლებს რა მოეთხოვებათ მათ, ვახსენებთ მათ მოვალეობებს“.

როგორც ეკა ჯავახიშვილი ამბობს, არიან ოჯახები, რომლებიც თავიანთი შვილების სახელმწიფო სერვისებში ჩართვას ეწინააღმდეგებიან.
„მშობლის დარწმუნება განსაკუთრებით რთულია იმ შემთხვევებში, როცა კულტურულ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. ასეთი წინააღმდეგობები არსებობს ბოშებთან მიმართებაში, როცა მშობელი ამბობს, რომ მას არასდროს უსწავლია და არც მის შვილს სჭირდება განათლება. თუმცა, აქაც არიან ისეთი მშობლები, რომლებიც ინტერესდებიან და გვთანხმდებიან“.

400 ბავშვიდან, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას და დახმარებას საჭიროებს, 150 ბავშვი ეთნიკურად ქართველია. „მეორე ადგილზე არიან აზერბაიჯანელი ქურთები, შემდეგ კი – მოლდოველი ბოშები. მცირე რაოდენობით არიან სომხები, უკრაინელები და რუსები“ – ამბობს ეკა ჯავახიშვილი.

პროექტის მენეჯერის თქმით, აზერბაიჯანელი ქურთებისა და ბოშების ჩართვა პროგრამაში რთულია, ქურთები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, ბოშებს კი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვთ. „ამ ეტაპზე სახელმწიფომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილება და მათთვის მიუსაფრად იდენტიფიცირებული დროებითი პირადობის მოწმობები გაიცა“ – ამბობს ეკა ჯავახიშვილი.

ქუთაისში ამ დროისათვის უკვე დარეგისტრირდა ერთი დღის ცენტრი, მობილური მომსახურება კი აპრილიდან ფუნქციონირებს. პროგრამის მენეჯერის თქმით, ორი თვის განმავლობაში ქუთაისში 20 მიმართვა დაარეგისტრირეს.

რაც შეეხება ბათუმს, მიუსაფარი ბავშვების რაოდენობა, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში გვეუბნებიან, სეზონურად მატულობს.
„შარშან, როცა თბილისში იკლო ამ ბავშვების რაოდენობამ, გაიზარდა ბათუმში. ლოგიკურად თუ მივყვებით, ეს ალბათ ერთი და იგივე ბავშვები არიან და სეზონურად გადაადგილდებიან რეგიონებში“ – ამბობს ეკა ჯავახიშვილი.

ბათუმში მომუშავე სოციალური მუშაკის ნინო ცეცხლაძის თქმით, მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებით ზარები მათთან 1505-დან შედის, თუმცა რამდენი ზარი განხორციელდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამის ზუსტი სტატისტიკა აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში არ აქვთ. ზეპირი მონაცემებით კი დახმარებას 20-მდე ბავშვი საჭიროებს: „სამი დღის წინ ჩამოგვივიდა ბრძანება, რომ აღვრიცხოთ თითოეული შემთხვევა. სკოლები ვალდებულნი არიან მოგვაწოდონ ინფორმაცია, რამდენი არასრულწლოვანი გათხოვდა, რამდენი არ დადის სკოლაში და ა.შ აქამდე სტატისტიკა არ წარმოებდა, ახლა უკვე ბრძანებით გვაქვს დავალებული და გაერთიანებულ ცხრილს აჭარის მასშტაბით მე თავად გავაკეთებ“ – ამბობს ნინო ცეცხლაძე.

სოციალური მუშაკი ადასტურებს, რომ იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებენ, გაიზარდა. იგი იმ ორ შემთხვევაზე საუბრობს, რომელზეც ამჟამად მუშაობს: „გვყავს ექვსი წლის ბიჭი, რომელიც, ფაქტობრივად, მარტოა. დედა თურქეთში გათხოვდა და იქ ცხოვრობს, არც მამა აქცევს ყურადღებას. ბავშვი მთელი დღე ქუჩაშია. ვცდილობთ, რომ ეს ბავშვი როგორმე მივიყვანოთ სკოლაში“.

სოციალური მუშაკი ამბობს, რომ კიდევ ერთ ბავშვთან მუშაობს, გოგონასთან, რომელიც არ დადის სკოლაში.

ნინო ცეცხლაძის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტო ქუჩაში მყოფი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, მთლიანად ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზეა დამოკიდებული: „ჩვენ სხვა მექანიზმი არ გვაქვს ასეთი ფაქტების გამოსავლენად“.

გადაბეჭდვის წესი