მთავარი,სიახლეები

სამინისტრო 30 ათას ლარს დახარჯავს „ახალი ჰესებისადმი რადიკალური განწყობის განსამუხტად“

25.03.2021 • 2948
სამინისტრო 30 ათას ლარს დახარჯავს „ახალი ჰესებისადმი რადიკალური განწყობის განსამუხტად“

„მოსახლეობის ენერგოპროექტებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისა“ და ახალი ჰესებისადმი „საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში შექმნილი რადიკალური განწყობილების“ განმუხტვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოციალურ ქსელ „facebook“-ზე გვერდი – „ენერგომომავალი“ შექმნა. გვერდი რამდენიმე დღის წინ, 2021 წლის 19 მარტს შეიქმნა. ფეისბუქრეკლამაში კი წელს 30 000 ლარი დაიხარჯება.

„ქვეყნის მოსახლეობის ენერგოპროექტებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისა და მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის ფონზე, ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზება საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, მიიღონ სწორი ინფორმაცია ჰიდროელექტროსადგურების შესახებ და განმუხტავს საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში შექმნილ რადიკალურ განწყობილებას“ – აღნიშნულია მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის მიერ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის, გიორგი ჩიქოვანისადმი გაგზავნილ წერილში.

ამავე წერილის მიხედვით, „ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სამინისტრომ დაიწყო ენერგეტიკის სფეროში აქტიური საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ენერგეტიკის მნიშვნელობაზე, როგორც ეკონომიკის განვითარების ისე ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ“.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის წერილში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დიდი როლის გათვალისწინებით, ახალი პროექტების განხორციელებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მნიშვნელოვანია სწორი საინფორმაციო კამპანიის წარმართვა“.

მინისტრის მოადგილე ამ წერილით ფონდის დირექტორს თხოვს „შესაძლო მოკლე ვადებში“, აღნიშნული გვერდისთვის უზრუნველყოს „facebook“-ის ინფორმაციის რეკლამირების მომსახურების შესყიდვა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გვერდის „ენერგომომავალი“ პოპულარიზაციის მიზნით, გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

ფეისბუქრეკლამაში ფონდი 30 000 ლარის გადახდას გეგმავს.

„აღნიშნული შესყიდვის მიზანია ენერგეტიკის სფეროში აქტიური საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე „ფეისბუქი“-ს, აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის მის გამოყენებას უალტერნატივოს ხდის. შესყიდვისთვის ყოველთვიურად საჭირო სავარაუდო თანხა განისაზღვრა სოციალურ ქსელში აქტივობების სხვადასხვა მოცულობის რეკლამის დადგენილი ღირებულებების გათვალისწინებით.“ – აღნიშნულია ფონდის განაცხადში.

ფონდის განაცხადში აღნიშნულია, რომ მაგალითად, 150$-იანი პაკეტის შეძენა უზრუნველყოფს ამ გვერდზე განთავსებული ერთი კონკრეტული აქტივობის წვდომას 67 000-180 000 მომხმარებლისთვის, 60$-იანი პაკეტი კი გათვლილია 32 000-84 000 მომხმარებელზე: „გვერდის ადმინისტრატორი პოსტის მნიშვნელობიდან გამომდინარე შესყიდული მომსახურების ღირებულების ფარგლებში ირჩევს შესაბამის პაკეტებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მომსახურებას ახორციელებს „ფეისბუქი“, შესყიდვის ობიექტის დანაწევრება აზრს კარგავს.“

ფონდის განცხადებით, აღნიშნული შესყიდვები განხორცილდება „ინტერნეტის გამოწერის გზით, ეტაპობრივად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან თანხმობის მიღების დღიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“.

შესყიდვების სააგენტოში ფონდის განაცხადის განხილვის ბოლო ვადა 2021 წლის 30 მარტია.

მიმდინარე წლის 14 მარტს, ქუთაისში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ, შეაჩეროს ჰესის მშენებლობა. გაჟღერდა ახალი მოთხოვნაც – თანამდებობა დატოვოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მოსახლეობა ითხოვს კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, დატოვოს რიონის ხეობა.

მთავარი ფოტო: „არა ნამახვან ჰესს“ – აქცია ქუთაისში, 14 მარტი, 2021. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ამ თემაზე:

რა წერია ნამახვანი ჰესის ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში – დოკუმენტის ანალიზი

რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: