ვისარგებლებთ თუ ვერა ჯანდაცვის პროგრამებით 13 მაისამდე

როგორ მუშაობს ჯანდაცვის პროგრამები, ვის უნდა მივმართოთ მაშინ, როცა სამთავრობო უწყებები 12 მაისის ჩათვლით ისვენებენ და სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია – ამ კითხვით „ბათუმელები“ ბათუმის მერიასა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.

მერიის ინფორმაციით, უწყება მთლიანად გაჩერებულია და 12 მაისის ჩათვლით ყველა სამსახური ისვენებს. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, მარინა რუხაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა.

მარინა რუხაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ხელი არ შეეშლებათ, რადგან მერიის ჯანდაცვის პროგრამები ძირითადად ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტებით დახმარებას ითვალისწინებს. შესაბამისი დოკუმენტები კი მიმდინარე თვეში უკვე გაცემულია.

„მედიკამენტების გასანაწილებლად ჩვენ გვაქვს ორკვირიანი ვადა, რაც შემოტანილი იყო, უკვე გაცემულია. ჩვენი პროგრამები არ აფინანსებს გადაუდებელ საჭიროებებს. მაგრამ თუ არის მაინც რაიმე  გადაუდებელი შემთხვევა, მუშაობს ცხელი ხაზი და მეილი info@batumi.ge, რომელიც ყოველთვის მოწმდება. უნდა შემოიტანონ ამ მეილზე განაცხადი, გადამოწმდება და გამოუწერენ ვაუჩერს“,  – ამბობს მარინა რუხაძე.

მისივე ინფორმაციით, ვაუჩერის გატანა შეიძლება ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობიდან. მოქალაქემ განაცხადის შეტანიდან ორი კვირის ვადაში უნდა მიიღოს პასუხი:

„შეიძლება ასევე, რომ დაინტერესებულმა პირებმა, ვისაც დარჩება დეტალები გასარკვევი, დარეკონ 27 26 26 – ამ ნომერზე ყოველთვის გიპასუხებენ“.

27 26 26  – ეს არის მერის მისაღების ნომერი, რომელზეც, როგორც პროგრამების ბენეფიციარები ამბობენ, დასვენების დღეებში არ პასუხობენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ჯანდაცვის პროგრამები უქმე დღეებშიც მუშაობს და ხელმისაწვდომობას ყოველდღიურად ორი მორიგე სპეციალისტი უზრუნველყოფს.

გამოაცხადებენ თუ არა აუქციონს ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე

ბათუმის ბულვარის მიმდებარე პლაჟზე საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ნაკვეთების გასაცემად აუქციონი წელს არ გამოცხადდება. ყოფილ მოიჯარეებთან ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ხელშეკრულებებს პირდაპირი წესით გააფორმებს.

რაც შეეხება გონიო-კვარიათის პლაჟებს, რა ფორმით გადაეცემა ის დაინტერესებულ პირებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ.

„პირდაპირი წესით იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება იმ მოიჯარეებთან, რომლებსაც პლაჟის კონკრეტული მონაკვეთები იჯარით 2020 წელს ჰქონდათ აღებული. ეს ერთგვარი შეღავათი იქნება მათთვის პანდემიის პირობებში. რაც შეეხება საიჯარო ქირას, ფასის ოდენობა აუდიტის შეფასების შემდეგ დადგინდება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბულვარის ადმინისტრაციაში.

ბულვარის ინფორმაციით, აუქციონი გამონაკლის შემთხვევაში შესაძლოა მხოლოდ პლაჟის იმ სექტორზე გამოცხადდეს, რომლის იჯარით აღებაზეც წელს ყოფილი მოიჯარე ფიზიკური თუ იურიდიული პირი უარს იტყვის. „დამდეგ საზაფხულო სეზონისთვის ბულვარი მაქსიმალურად ემზადება“.

რაც შეეხება კვარიათსა და გონიოს, ამ დასახლებების პლაჟები ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მდებარეობს, სადაც დასაშვები ობიექტების სახეობებს ბათუმის საკრებულო განსაზღვრავს. დასაშვები ობიექტების ჩამონათვალში ბუნგალოები და სხვა კვების ობიექტები 2018 წლამდე არ იყო, თუმცა ასეთი ობიექტები გონიო-კვარიათში მაინც ფუნქციონირებდა.

ბათუმის საკრებულომ ზღვისპირა ზოლში [პლაჟთან] „ბუნგალოსა და დროებითი, მსუბუქი [გრუნტთან არამყარად დაკავშირებული] კონ­ს­ტრუქციის სხვა ობიექტების“ არსებობა 2018 წლის ივლისიდან დაუშვა.

მთავარი ფოტო: გონიო-კვარიათის პლაჟი /29.04.2021

კვარიათისა და გონიოს პლაჟები ბათუმის მერიას 41 სექტორად აქვს დაყოფილი, რომელთაგან ზოგ სექტორში დასაშვებია ბუნგალოსა თუ სხვა დროებითი ნაგებობის განთავსება, ზოგ სექტორში კი – არა.

ამ თემაზე ნახეთ სტატია „ბათუმელების“არქივიდან:

მერია ცვლილებებს გეგმავს, გონიო-კვარიათის პლაჟზე კი უკანონო მშენებლობები გრძელდება

საქართველოში დადასტურდა კოვიდის 1806 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

6 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 1 806 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 28 180 კვლევა ტესტით.

ამავე პერიოდში საქართველოში კოვიდით 20 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 4 227 პირი გარდაიცვალა.

5 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.51%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.59%. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15790, მათგან 4 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 10 744 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარაში კოვიდის 167 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 6 მაისი

6 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 167 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 513 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 11 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 326 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12 წლის გოგოები – რეალური ისტორიები

„მეშინოდა“ – ამ ფრაზას ახსენებენ ყველაზე ხშირად ბავშვები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. მოზარდებს აშინებენ პედოფილები, რომ ჩუმად უნდა იყვნენ და „ეს მათი განსაკუთრებული საიდუმლოა“, რომლის დაძლევასაც მერე ხშირად წლები სჭირდება. მოზარდებს აშინებთ მშობლების და მათი ახლობელი ადამიანების რეაქციაც. მათ აქვთ განცდა, რომ „რაღაც ცუდი მოხდა“.

ჩვენი ერთ-ერთი გმირი 12 წლის ნინია. არც მას სურდა დედისთვის ან ვინმესთვის რამე ეთქვა. მან სასამართლოს ორჯერ მისცა ჩვენება – მეორედ მას შემდეგ, როცა ექსპერტიზამ დასკვნა დადო. ნინი საბოლოოდ მოჰყვა სრულად, რა მოხდა დეკემბრის იმ დღეს, როცა ის დედამ „ოჯახის ახლობელ“ 31 წლის ლევანთან ერთად შეშის მოსატანად გაუშვა ტყეში.

„რას წარმოვიდგენდი“ – უთხრა მოსამართლეს ნინის დედამ. ქალი შვილზე სექსუალურ ძალადობას უკვე საკუთარ სახლში თავად შეესწრო.

ძალადობის ისტორიებიდან ნათლად ჩანს, რომ ბავშვებზე ძირითადად ოჯახის ახლობლები, კარგად ნაცნობი ადამიანები ან თავად ოჯახის წევრები ძალადობენ.

12 წლის ნინი: მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი და ამის შესახებ არ უნდა მეთქვა 

„…დეკემბრის იმ დღეს ძალიან ციოდა, დედამ მე და ლევანი ტყეში გაგვიშვა შეშის მოსატანად, ლევანი დაგეხმარებაო,“ – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა 12 წლის ნინიმ. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

„ტყის გზაზე ერთი მიტოვებული და ხავსმოკიდებული რესტორანია. ლევანმა მითხრა, მოდი, შევიდეთ, გავერთობითო… იქ მითხრა პირველად, რომ ვუყვარდი და ჩემი ცოლად შერთვა სურდა. ნახევრად დანგრეული რესტორნის მეორე სართულზე  ავედით. მან თავისი ქურთუკი გაიხადა, ძირს დააფინა, მერე

არ ვიცი, რას ვგრძნობდი იმ დროს. მეგონა, რომ ლევანს ვუყვარდი და მეც მიყვარდა. როცა შინ ვბრუნდებოდით, მითხრა, რომ ამის შესახებ არავისთვის უნდა მეთქვა და ეს საიდუმლოა.

ვგრძნობდი, დედა გამიბრაზდებოდა ამის გამო. მეშინოდა.

სახლში დავბრუნდით, მაგრამ დედისთვის არაფერი მითქვამს. მინდოდა, მეთქვა, მაგრამ ვერ გავბედე… იმ დღეს ისვენებდა და დაღლა ეტყობოდა. დედა რესტორანში მუშაობს, თეფშებს რეცხავს. დედა ბევრს მუშაობს.

სახლში მე და დედა მარტო ვცხოვრობთ. მე არ მაქვს პირადობის მოწმობა. დედა ამბობს, რომ სახლში გამაჩინა და საავადმყოფოში არ ყოფილა. მამის შესახებ არაფერი ვიცი. დედა ამბობს, რომ აპრილში დავიბადე,“ – დაასრულა ნინიმ.

ლევანი ნინისთან სახლში ამ შემთხვევის შემდეგ 16 დეკემბერსაც მისულა. ის სალომეს [ნინის დედის] თანამშრომლის ძმაა და ოჯახი ახლობლად მიიჩნევდა.

„ის მკოცნიდა, როცა მოულოდნელად დედა დაბრუნდა… მან ფანჯრიდან დაგვინახა,“ – თქვა ნინიმ.

„ის ჩემს ბავშვს ტუჩებზე და მკერდზე ეფერებოდა, თვალებს არ ვუჯერებდი, ეს რა ხდება-მეთქი,“ – აღელვებული ესაუბრა მოსამართლეს ნინის დედა – სალომე.

„ჩემს შვილს ლევანი აშინებდა არ თქვაო, თორემ არ დამიმალავდა ამას,“ – დასძინა დედამ, რომელსაც ამ შემთხვევის შემდეგ დაურეკავს პოლიციაში. მან არ იცოდა, რომ ლევანს მის 12 წლის გოგოსთან სექსიც ჰქონდა. სასამართლოს პირველ ჩვენებაშიც ნინიმ მხოლოდ ის თქვა, რომ ლევანი მას კოცნიდა. მას არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა მოხდა ტყის გზაზე, რესტორნის ნანგრევებში.

ვიდრე ლევანს გამომძიებლები პოლიციაში დაიბარებდნენ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე პროკურორს ლევანის ფარული აუდიო ჩაწერა გადაუწყვეტია – საუბარი ლევანთან ნინის დედამ ისევ საკუთარ სახლში ჩაწერა:

„ბაზარი არ არის, კოცნაზე არ ვიყავი მართალი, ვაღიარე, ხო,“ – ისმოდა ჩანაწერში ლევანის ხმა.

„რად გინდოდა, რატომ კოცნიდი, რატომ?“ –  ჩანაწერში ამჯერად ისევ ქალის ხმა გაისმა.

„არ გამოწეულიყო, ბავშვებს ვფიცავარ… დამნაშავე ვარ, მაშინაც გითხარი და ანალოგიურს კიდევ ვამბობ. შენ როგორც თქვი, მართლაც მასეთნაირად, მე მაშინ მაგისთვის მართლა უნდა გამელაწუნებინა კარგად, გემრიელი, მაგრამ… “

,,მაგრამ შენ გადააწვინე და აკოცე,“ – აწყვეტინებს ლევანს სალომე, 12 წლის გოგოს დედა.

,,კი, მართალია“, – მოკლედ ასრულებს კაცი.

ამ საუბრის დროს და შემდეგაც, სასამართლოში ლევანმა ბავშვთან სექსუალური კავშირი უარყო და მხოლოდ კოცნა დაადასტურა, თუმცა რამდენიმე დღეში ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. გაირკვა, რომ 12 წლის ნინისთან ლევანს სექსიც ჰქონდა.

„…გამომძიებელმა დაურეკა იმ საღამოს დედას. გაბრაზდა ისევ. სახლში ამ დროს კიდევ დედაჩემის მეგობარი იყო. იმან მითხრა, წამოდი, მაღაზიაში წავიდეთო. მაღაზიაში როცა მივდიოდით, მარიკა დეიდას ვუთხარი, რაც მოხდა რესტორნის ნანგრევებში“, – თქვა ნინიმ მეორე ჩვენებაში ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ.

მოსამართლე ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო, რომლითაც გენეტიკური პროფილის დადგენა, მართალია, შეუძლებელი აღმოჩნდა, მაგრამ ექსპერტიზის მიხედვით, სქესობრივი აქტის დრო ზუსტად დაემთხვა იმ დროს, რაზეც ნინი ჰყვებოდა, როცა შეშის მოსატანად გაუშვა დედამ ლევანთან ერთად ტყეში.

მოსამართლისთვის საყურადღებო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ნინიმ ლევანთან სექსუალური კავშირის შესახებ არაფერი თქვა ექსპერტიზის დასკვნამდე:

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორც წესი, არ არის საჯარო ხასიათის, რის გამოც მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში დანაშაულის შემსწრე უშუალო თვითმხილველი მოწმეები არ არსებობენ. შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას და მის თანხვედრას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა დასახელებული და მტკიცებულებებით დადასტურებული, რომ დაზარალებულს გააჩნდა რაიმე მოტივი ლ.-ს  მიმართ, რის გამოც შეიძლებოდა მისთვის დაებრალებინა ესოდენ მძიმე დანაშაულის ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი მსგავსი მოტივის არსებობა არ დადასტურდა. პირიქით, დაზარალებული ექსპერტიზის დასკვნამდე ცდილობდა დაეფარა ლ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება, რაც სასამართლოს კიდევ ერთხელ არწმუნებს დაზარალებულის ჩვენების უტყუარობაში“, – ვკითხულობთ განაჩენში.

მოსამართლემ განაჩენში აქცენტი გააკეთა მეზობლის ჩვენებაზეც, რომელმაც თქვა, რომ ნინი სულ სახლშია და „მხოლოდ მაღაზიაში თუ გავიდოდა“.

„მე მეზობელი ვარ… ხშირად არ ვხდებით ერთმანეთს, მაგრამ ვხედავ, შეშის დაჩეხვაზე ვეხმარები, ჩაისა და ყავაზე მპატიჟებს სალომე… ნინი სულ სახლში იყო, რაც ვიცი, სხვა არავისთან ერთად არ მინახავს ეს ბავშვი, მაღაზიაში თუ გავიდოდა, ის იყო,“ – უთხრა მოსამართლეს დედა-შვილის მეზობლად მცხოვრებმა კაცმა.

მოსამართლე თეა ლეონიძემ ბოლნისის სასამართლოში ლევანს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

12 წლის გოგოს მეზობელი: საღამურით შემოვარდა, ტუჩიდან სისხლი სდიოდა, მითხრა, რომ მამინაცვალი შეუვარდა ლოგინში

„საღამოს 11 საათი იქნებოდა, როცა კიბეებზე ამოირბინა სალომემ, ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა, სახე სულ წითელი ჰქონდა, კანკალებდა, საღამური ეცვა, ფეხშიშველი… მითხრა, რომ მამინაცვალი შეუვარდა ლოგინში“, – უთხრა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმში მცხოვრებმა ქალმა – გიული ა.-მ. მისი თქმით, მის მეზობლად მცხოვრებ 12 წლის ბავშვზე მამინაცვალმა სექსუალურად იძალადა. საბოლოოდ, სისხლის სამართლის ამ საქმეში მოსამართლეს მამინაცვლის გამართლება მოუხდა.

„არ ვიცოდი, რა მექნა. ბავშვის დამშვიდება კი ვცადე, დავსვი დივანზე…“, – განაგრძო მეზობლის ქალმა, რომელმაც მოწმის სახით მისცა სასამართლოს ჩვენება, -„სახლში აღარ მინდაო, იძახდა ბავშვი. მეძინა და გამეღვიძა, როცა მივხვდი მამინაცვალი მეფერებოდაო… მარტო იყვნენ თურმე სახლში. დედამისი – ნინო სამეგრელოში წასულა, სამშობიარო იყო ქალი და იქეთ მირჩევნია, ჩემებთანო. მამინაცვალი რომ საწოლში შეუვარდა, ბავშვს ყვირილი დაუწყია, გაჩუმდიო და რომ ვერ გააჩერა, მერე დაურტყამს კიდეც ბავშვისთვის…,“ – დეტალურად ახსოვდა სალომეს აკანკალებული ხმით მოყოლილი ამბავი გიულის.

მეზობელს ჯერ სალომეს დედისთვის დაურეკავს, შემდეგ კი – პოლიციაში.

„შეშინებული გოგო დაგვხვდა, როცა იქ მივედით, კანკალებდა, ტიროდა, საღამური ეცვა, ფეხშიშველი იყო, ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა, მკერდის არეში, ყურთან და ზურგზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ბავშვმა გვითხრა, რომ მამინაცვალი შევიდა მასთან საწოლში, კოცნა დაუწყო და ხმა არ ამოიღო, მეზობლები გაიგებენო, მერე ხელი სახეში დამარტყაო, ხელზე ვუკბინე და ამ დროს გამოვექეციო…“ – გაიხსენა პოლიციელმა, შემდეგ გისოსებიან კუთხეში მოთავსებულ ბრალდებულს – აკაკის გახედა და დაამატა:

„იმავე ღამეს მივედით ბავშვის სახლში, კარზე ვაკაკუნებდით დიდხანს, მაგრამ არ გვიღებდა,“ – ამოიოხრა პოლიციელმა. – „მაგრამ გადაადგილდებოდა, ხმა ისმოდა, აშკარა იყო, რომ სახლში იყო, ბატონო მოსამართლევ“.

პოლიციელის თქმით, აკაკიმ კარი რამდენიმე წუთის შემდეგ გააღო, ხელჩანთა ეჭირა უკვე ხელშიო და უცებ გინება დაგვიწყოო, ჰყვებოდა პოლიციელი.

„ჩვენ მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება მოგვიხდა“, – დაასრულა თხრობა პოლიციელმა.

„მე დანაშაული არ ჩამიდენია,“ – კატეგორიული ტონით მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბრალდებულმა აკაკიმ. მისი თქმით, იდეალური ურთიერთობა აქვს ცოლთან, რომელიც იმ დღეებში სამეგრელოში წავიდა, ხოლო მასთან დარჩა გერი, რომელსაც მამობას უწევს.

„იმ საღამოს სალომე ვერ იყო კარგად, სიცხე ჰქონდა, ცივი ტილო დავაფინე შუბლზე, ტელეფონით მუდმივად მეუღლეს ვურეკავდი, რომ ეკარნახა, რა მექნა,“ – მზრუნველი იმიჯის შექმნას ბრალდებული არც სასამართლო დარბაზში მოერიდა, – „ჩვენ ორსართულიანი სახლი გვაქვს, ტუალეტი პირველ სართულზეა… ამ დროს მეც ზემოთ ვიყავი, დივანზე ვისვენებდი, სალომეს თავისი ოთახი აქვს. ხმა გავიგონე და დავინახე, რომ სალომე ჩავიდა ტუალეტში, მაგრამ დააგვიანა ამოსვლა. ამ დროს მოულოდნელად ჩემმა ცოლმა დარეკა. მითხრა, მეზობელთანაა სალომე და ღამეც იქ დარჩებაო… ადრეც დარჩენილა მეზობელთან, არ გამკვირვებია. მე დივანზე ჩამეძინა… იმავე ღამეს პოლიციელებმა გამაღვიძეს და პოლიციაში წამიყვანეს“, – თქვა ბრალდებულმა.

„აკაკი არჩენს ოჯახს, ჩვენ სამი წელია ერთად ვცხოვრობთ“ – ამას გაუსვა ხაზი 12 წლის სალომეს დედამ. მან დაადასტურა, რომ იმ საღამოს მეზობლად მცხოვრებმა გიულიმ მართლაც დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვის გაუპატიურება სცადა აკაკიმ, მაგრამ არ დავიჯერეო. დედამ არც ის დამალა, რომ მეზობელს სთხოვა, პოლიციისთვის არ მიემართა.

„ვთხოვე, ვიდრე არ დავბრუნდები და არ გავერკვევი სიტუაციაში, არ დაურეკოთ პოლიციას-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა,“ – ბრაზი ახლაც ეტყობოდა ნინოს.

სასამართლოს ჩვენება მისცა 12 წლის სალომემაც, რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობოდა ტუჩზე დაზიანების კვალი. მან თქვა, რომ კიბეზე შემთხვევით წაიქცა და არ ახსოვს შემდეგ როგორ მოხვდა მეზობელთან.

„იმ დღეს რაღაც შევჭამე და მოვიწამლე, ცუდად გავხდი, სიცხემ ამიწია. აკაკი მივლიდა, შემოდიოდა ჩემს ოთახში და სიცხის დასაწევად წამლებს მასმევდა… მერე ტუალეტში გავედი და კიბეზე წავიქეცი, როგორ აღმოვჩნდი მეზობელთან არ მახსოვს… მეორე დღეს პოლიციაში აღმოვჩნდი. მთხოვდნენ, რომ რაღაცაზე ხელი მომეწერა,“ – თქვა 12 წლის გოგომ.

„ეს დაზიანებები ტუჩთან როდის მიიღეთ?“ – ჰკითხეს მოზარდს.

„ტუჩებს ვიკვნეტ დაწოლის წინ, ასეთი ჩვევა მაქვს ბავშვობიდან“, – უხერხულად ჩაილაპარაკა სალომემ.

„რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ასახავს სალომეს სხეულზე არსებულ მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სალომეს სხეულზე არსებული დაზიანებები არ არის განვითარებული ისეთ მიდამოებში, რომელიც მეტწილად დამახასიათებელია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის (მაგალითად, შორისის მიდამოში ან ეროგენულ ზონებში). სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ამგვარი სახის დაზიანებანი დაზარალებულებში გხვდება მაშინაც, როდესაც მასზე ხორციელდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ოჯახში ჩადენილი ძალადობის დროს. დაზარალებულს აღენიშნება სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებანი ისეთ ადგილებში, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას და განვითარდეს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებშიც და საერთოდ არ ჰქონდეს კავშირი დანაშაულთან,“ – აღნიშნულია განაჩენში.

ექსპერტიზით სალომეს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები დადასტურდა, მაგრამ არავის დაუდგენია ამ დაზიანებებთან ჰქონდა თუ არა კავშირი მოზარდის მამინაცვალს.

„გამართლდეს“ – ჩაწერა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა.

რას განიცდის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, როცა ის ბავშვია ან მოზარდი – ფსიქოლოგის დაკვირვება 

„ყველაზე ხშირია დანაშაულის და სირცხვილის განცდა, საკუთარი თავიდან გაქცევის სურვილი, შიში, რომ ამას სხვა გაიგებს და საერთოდ ვერავინ გაუგებს,“ – პროფესიულ გამოცდილებას გვიზიარებს ბავშვების, მოზარდების და ოჯახის ფსიქოლოგი – ქეთი დევაძე. მას ჰქონია შემთხვევები, როდესაც მშობელს მიუმართავს სხვა მიზეზით, რომ თინეიჯერი „აგრესიული გახდა“ ან „აღარ სწავლობს კარგად“, „საკუთარ თავში ჩაიკეტა“, ხოლო ფსიქოლოგის პირისპირ, მარტოდ დარჩენილ მოზარდს უთქვამს, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

„ხშირად მათ აქვთ დანაშაულის განცდა და ამას აღწევს მოძალადე, როცა ეუბნება: „ეს ხომ შენც გინდოდა“?  ბავშვებს და მოზარდებს ამ დროს ხშირად ეცვლებათ ქცევა, საკუთარ თავში იკეტებიან და დეპრესიისკენ მიდრეკილი ხდებიან, ან პირიქით, აგრესიულები, აქვთ სწავლის და კონცენტრაციის პრობლემა… მათ აქვთ ასევე ერთგვარი გაუცხოება და ზიზღი საკუთარი სხეულის მიმართ, უნდათ, რომ საკუთარი კანიდან გამოძვრნენ… იყო შემთხვევები, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდები ძალიან ხშირად იღებდნენ აბაზანას, თითქოს რაღაცის ჩამორეცხვას ცდილობდნენ…

ეს იმდენად ძლიერი ფსიქოტრავმაა, რომ ზოგიერთის სექსუალურ ცხოვრებას სამუდამოდ აზიანებს,“ – ამბობს ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგის დაკვირვებით, მოძალადე ხშირად მსხვერპლის ოჯახისთვის კარგად ნაცნობი ან დაახლოებული პირია, რომელსაც აქვს მოზარდთან დიდი დროს გატარების შესაძლებლობა. კიდევ ერთი: სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირი ხშირ შემთხვევაში კარგად ფლობს მანიპულაციის ხერხებს.

„ბოლო დროს კი გააქტიურებულია მუქარა და შანტაჟიც, რომ „აი, ფოტოებს გამოგიქვეყნებ ინტერნეტში“, „შენი საყვარელი ადამიანები გაიგებენ ამას,“ – ბოლო წლების ტენდენციას ასე ახასიათებს ქეთი დევაძე.

ქეთი დევაძეს უმუშავია შემთხვევებზეც, როცა მოძალადე თანატოლია, თუმცა ამ დროს პასუხისმგებლობის ტვირთი ფსიქოლოგიურად თანაბრად ნაწილდება მოზარდებზე და ფსიქოლოგის დაკვირვებით, თანატოლების შემთხვევაში მანიპულაცია ნაკლებად შეხვედრია. მისი სამუშაო გაცილებით მარტივდება, ხოლო როცა მოძალადე ზრდასრულია, ამ დროს უფრო მეტად ეტყობა მსხვერპლს „შეკავებული ბრაზი“.

„ეს არის შეკავებული აგრესიული ენერგია, როცა შენს ცხოვრებაში ტრავმა ხდება და ვერ უმკლავდები მას, გაქვს ბრაზი, რომელსაც ვერ გამოხატავ. შესაძლოა, მუდმივად გქონდეს სხვადასხვა ხარისხით ეს შეკავებული ბრაზი, რომელიც ხშირად გადაიქცევა ხოლმე სხვადასხვა სომატურ ტკივილად, კუჭის წყლული, ენურეზი, უნებლიე შარდვა და ასე შემდეგ…“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი ქეთი დევაძე „ბათუმელებთან“.

ფსიქოლოგი პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობს ასევე, რომ ხშირად მოძალადე აჯერებს მსხვერპლს, რომ ის განსაკუთრებულია და ყველა ამას ვერ შეძლებს.

„ეუბნებიან, შენ დიდი გოგო ხარ, ამას მხოლოდ შენთვის ვაკეთებ, განსაკუთრებული ხარ…“ – დასძენს ფსიქოლოგი.

მოზარდებთან, ვისთანაც ფსიქოლოგ ქეთი დევაძეს უმუშავია, ყველას ჰქონია ბრალეულობის განცდა: „ჩემი ბრალია, მე რომ იქ არ მივსულიყავი,“ „მე რომ ეს არ გამეკეთებია,“ „ჩემნაირი არავინაა, ყველაფრის ღირსი ვარ“…

ფსიქოლოგი ხაზს უსვამს დაუცველობის განცდას, რაც ამ დროს ბავშვებსა და მოზარდებში ჩნდება და ამას თან ახლავს „უფროსების“ მიმართ შეხედულების შეცვლა.

„ამ დროს უკვე დამსხვრეულია ხატი იმის შესახებ, რომ უფროსები მასზე ზრუნავენ. მანამდე მას ჰქონდა განცდა, რომ უფროსი სანდოა და მასზე ზრუნავს: მშობელი, ექიმი, მასწავლებელი… ხდება განზოგადებაც, რომ აი, არც ერთი უფროსი არაა სანდო,“ – გვიყვება ფსიქოლოგი.

რატომ არის ამ დროს ოჯახიც მსხვერპლი

ფსიქოლოგს ვკითხეთ, რამდენად ხშირად ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, როგორც ეს 13 წლის ნინის შემთხვევაში მოხდა. ფსიქოლოგმა გვითხრა, რომ ოჯახში ძალადობა ხშირია მსგავს საქმეებში, თუმცა ამ დროს ოჯახიც უნდა განვიხილოთ, როგორც მსხვერპლი.

  • 13 წლის ნინის ტრაგედიის შემდეგ კამპანია „1000 მშობლის მარში“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოითხოვეს ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდა იმისთვის, რომ მოზარდს იოლად მიუწვდებოდეს ხელი ფსიქოლოგიური დახმარების სერვისზე. 13 წლის ნინისთან, რომელიც სექსუალური და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ფსიქოლოგს საერთოდ არ უმუშავია.

„როდესაც მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, ამ დროს სტრესი, რასაც მოზარდი იღებს, ვრცელდება მისი ოჯახის ყველა წევრზე. ჩვენ ფსიქოთერაპიაში ვრთავთ ოჯახის წევრებსაც… ამ დროს ტრავმის სირთულე მოქმედებს ოჯახის სხვა წევრებზეც. ისინი როდესაც იგებენ სექსუალური ძალადობის შესახებ, განიცდიან შოკს, უარყოფას, პირველ ეტაპზე არც კი სჯერათ მოზარდის, მათ აქვთ მწუხარების სტრესული განცდა, მათაც აქვთ დანაშაულის და ბრალეულობის განცდა, რომ მოზარდი ვერ დაიცვეს, აი, ეს რომ ასე არ ექნათ და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ოჯახში ძალადობის გამართლება შეუძლებელია, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ სტრესი ნაწილდება ოჯახზეც. მოზარდს თუ აქვს განცდა, რომ ოჯახის წევრებიც დაცვის ნაცვლად ეჩხუბებიან, არ სჯერათ ჩემი, ან მუდმივად ცუდ განწყობაზე მხვდებიან, ეს მოზარდისთვის დამატებით ახალი ტრავმაა,“- მიიჩნევს ფსიქოლოგი ქეთი დევაძე.

ფსიქოლოგს აქვს კიდევ ერთი რჩევა – სექსუალური განათლება, რისი დეფიციტიც, მისი დაკვირვებით, ხშირად თვალშისაცემია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მოზარდებთან მუშაობის დროს.

„მოზარდების შემთხვევაშიც კი, ხშირია, როდესაც მოზარდებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია სექსუალური აქტის შესახებ, რომელიც გარკვეულ ასაკში მოზარდებმა კი არა, ბავშვებმაც უნდა იცოდნენ თუნდაც იმიტომ, რომ მათ დაიცვან თავი სხვადასხვა სახის ძალადობისგან. ხშირად ვხდებით მოზარდებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ მსგავსი სექსუალური სახის ტრავმა და მათ დიდ ნაწილს საერთოდ არ ჰქონია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სექსუალური აქტი. საუბარია როგორც გოგონებზე, ასევე ვაჟებზე,“ – გვითხრა ქეთი დევაძემ.

 

ფულის ძალა სასამართლოში – უთანასწორო ბრძოლა საჯარო სივრცისთვის

მშვიდობიანი პროტესტი აზრს კარგავს! – ეს განცდა აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი სივრცეების მშენებლებისგან დასაცავად ჯერ ქუჩაში გავიდნენ, შემდეგ კი სასამართლოს მიმართეს.

სასამართლომ თქვა, რომ ამ საქმეებს განიხილავს, მაგრამ საქმის განხილვამდე სადავო მშენებლობებს არ აჩერებს, რასაც მომჩივანი მხარე დაჟინებით და დასაბუთებულად ითხოვს. ამის შემდეგ კი  მოსამართლეებმა ეს საქმეები თაროზე შემოდეს, ანუ მათი არსებითი განხილვა ჯერაც არ დაწყებულა.

  1. შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტის მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეებმა საიასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის იანვარში მიმართეს.
  2. ერთ წელზე მეტია, რაც სარჩელი შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში – ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად საია შპს „რივიერა ბათუმის“ გენგეგმის დამტკიცების კანონიერების შესწავლას ითხოვს. სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უნდა განიხილოს, თუმცა დღემდე მას ამ საქმეზე ერთი სხდომაც კი არ ჩაუნიშნია.
  3. ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობის ნებართვის კანონიერების დადგენის მოთხოვნით, სარჩელი სასამართლოში  2021 წლის მარტში შევიდა, განხილვა არ დაწყებულა.
  4. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2019 წელს გაასაჩივრა ასევე ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გრგ, რომელიც მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ორი 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. არც ამ საქმის არსებითი განხილვა დაწყებულა [ჩამონათვალი არასრულია].

სასამართლო ბათუმის ბულვარში მშენებლობის საქმეზე როცა გადაწყვეტილებას მიიღებს, მშენებლობა დასრულებული იქნება – აქ 10 სართული უკვე ააშენეს.

შპს „რივიერა ბათუმის“ ტერიტორიაზე კი მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, კომპანიას ერთი თაუერისა და ხელოვნური ლაგუნას მშენებლობის ნებართვა აქვს და მშენებლობის დაწყებაში ხელს არაფერი უშლის. რაც შეეხება სამშენებლო პროექტს მწვანე კონცხზე, მშენებლობა უკვე დაწყებულია.

ეს მიდგომა მოქალაქეებს უჩენს განცდას, რომ სასამართლო იმ პოლიტიკის გამგრძელებელია, რომელსაც არჩეული ხელისუფალი თავს ახვევს ამომრჩეველს , როგორც „ინვესტორზე მორგებული ეკონომიკური პოლიტიკას“ არგუმენტით, რომ „ ასე დასაქმების ადგილებს ზრდიან და სწორედ ეს არის გადარჩენის შესაძლებლობა.“

ან მთავრობა უბრალოდ ამბობს, რომ „შენება კარგია.“

„სასამართლო არ არის ბოლომდე დამოუკიდებელი. მსგავს საქმეებზე მოსამართლემ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თანაც სწრაფად, რადგან დაგვრჩა ერთადერთი გზა სიმართლის დასადგენად და ეს სასამართლოა. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის წინა ხელისუფლების სასამართლოს მსგავსი, მაგრამ აშკარაა, რომ მიკერძოებულია. როცა დაინტერესება არის სახელმწიფოს მხრიდან, წლობით იწელება პროცესები. სასამართლომ არაკანონიერადაც რომ ჩათვალოს მშენებლობა ბათუმის ბულვარში, მისი დასრულების შემდეგ ამ გადაწყვეტილებას რაღა აზრი ექნება?! პირველ რიგში, დაუცველობის განცდა მიჩნდება“- ამბობს ნინო ნაკაშიძე, ის ერთ-ერთი აქტივისტია მათ შორის, რომლებიც ბოლო პერიოდში აქციებით ცდილობენ გადაწყვეტილების მიმღებთან თავიანთი სათქმელის მიტანას. ეს მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა.

ნინო ნაკაშიძე – მარჯვნივ

შპს „რივიერა ბათუმის“ წინააღმდეგ საქმეში სალომე ცეცხლაძე ერთ-ერთ მოსარჩელედ ფიქსირდება. კომპანია მშენებლობას მისი სახლის ახლოს იწყებს. ამ მშენებლობის დასრულების შემდეგ სალომეს საცხოვრებელი გარემო მნიშვნელოვნად შეიცვლება – 5 თაუერით და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურით დაიფარება დიდი რეკრეაციული სივრცე მის სახლთან. დაიფარება ზღვის ხედი მისი ფანჯრიდან და დაიბლოკება ზღვიდან მომავალი ჰაერის ნაკადი.

სალომე ცეცხლაძე არ არის ერთადერთი, ვისაც ეს ელის.

სალომე საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, ახლა კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი პასუხები ამ საკითხზე ეჭვსაც შეიცავს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებები მას კითხვებს უჩენს:

სალომე ცეცხლაძე რუპორით ხელში – ბეტონყმობა, აქცია „რივიერას“ წინააღმდეგ, ძველი ბათუმის დასაცავად. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

„ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი წუხილი, წინააღმდეგობა, აზრის გამოხატვა ყოველთვის იყოს სამართლებრივ  ჩარჩოებში მოქცეული, დასაბუთებული და ცივილურ ნორმებში. სასამართლო კი მიმართავს უცნაურ და არაკანონიერ მეთოდებს. ჩვენ არ ვითხოვთ სწორ გადაწყვეტილებებს ჩვენთვის, არამედ ვითხოვთ ქალაქისთვის. ამ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, შევინარჩუნებთ თუ არა ძველ ქალაქს“, – ამბობს სალომე ცეცხლაძე.

„არ მაქვს განცდა, რომ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ სასამართლოში, მაგრამ აზრი მაინც აქვს  პროტესტს, რადგან ჩვენ ვიბრძვით სისტემური ცვლილებისთვის, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს“, – ასეთია კიდევ ერთი აქტივისტის, აზა გაბუნიას მოტივაცია. გარდა იმისა, რომ ის სამოქალაქო პროტესტის აქტიური მონაწილეა, ხშირად თავადაც არის ამ აქციების ორგანიზატორი.

 

მარიამ ქაჯაია: სასამართლო არ ითვალისწინებს ხალხის მოთხოვნას. ვიდრე უკმაყოფილო მოქალაქე არ მიიღებს დასაბუთებულ განმარტებას, რატომ უნდა აშენდეს ან არ უნდა აშენდეს, წინასწარვე ზრუნავს, რომ არ შეფერხდეს ბიზნესინტერესი, როცა შეუძლია პატარა განცდა მაინც გააჩინოს იმისა, რომ დაინტერესდება და შეისწავლის საქმეს საფუძვლიანად [მარიამი „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ ერთ-ერთი მოსარჩელეა].
შპს „რივიერა ბათუმის“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი სხდომა უკვე ჩანიშნული ჰქონდა, როცა მომჩივანმა მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ სამშენებლო სამუშაოები  „რივიერა ბათუმის“ ტერიტორიაზე არ გააჩერა. 

საიას იურისტის, გიორგი ანთაძის განმარტებით [ის ამ საქმეს უძღვება, როგორც მომჩივანის ადვოკატი], ვიდრე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, საქმის არსებითი განხილვა ვერ დაიწყება.

რაც შეეხება გენგეგმის დამტკიცების კანონიერების დადგენის საკითხს, საიამ უკვე ორჯერ მიმართა სასამართლოს წერილობით, რომ დროულად უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება. იმ შემთხვევაში კი, თუ უახლოეს მომავალში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე სხდომას არ ჩანიშნავს, ორგანიზაცია მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს: „რადგან ერთ წელზე მეტი პერიოდით საქმის განუხილველად დატოვების მიზეზი არ შეიძლება იყოს გადატვირთულობა.“

აქცია ბათუმში „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ / 13.03.2021/ ფოტო: ცაგო კახაბერიძე

როგორც საიას იურისტი, ასევე მომჩივანი აქტივისტები ეჭვობენ, რომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე საქმის განხილვის დაწყებას შეგნებულად აჭიანურებს.

შპს „ამბასადორი ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა ბათუმის საქალაქო სასამართლომაც, რაც იურისტებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მანამდე კი  მოსამართლემ ეს საქმე განსაკუთრებულად რთული კატეგორიის საქმედ მიიჩნია. რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებას მინიმუმ ხუთი თვე დასჭირდება.

„ამბასადორის“ პროექტთან დაკავშირებული საჩივრის განსაკუთრებულად რთული კატეგორიის საქმედ შეფასება „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტს, ლადო ქუთათელაძეს კითხვებს უჩენს:

„როგორც წესი, ვადის გაგრძელება ხდება მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნახავს, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადაში ვერ ასწრებს. ამ შემთხვევაში საჩივრის მიღებისთანავე, პრაქტიკულად მეორე დღესვე, განსაზღვრა ხუთი თვე, რაც განცდას ტოვებდა, რომ… ძალიან რთულია საქმეს ერთ დღეში ისე გაეცნო, რომ მიხვდე რთულია თუ არა. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს არის რთული კატეგორიის საქმე, ეს უფრო არის სენსიტიური, აქტუალური საქმე, ვიდრე რთული. ყველასთვის ცნობილია, თუ როგორი მნიშვნელოვანია აქ ვადა, რადგან მშენებლობა მიმდინარეობს. “

იურისტების დაკვირვებით, რომლებიც წლების განმავლობაში მსგავს თემებზე მუშაობენ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ სასამართლო საჯარო სივრცეებთან დაკავშირებული დავებისას ძირითადად არ იყენებს მიმდინარე მშენებლობის ან ნებართვის შეჩერების შესაძლებლობას. სწორედ ამის გამო ხშირად დავა აზრს კარგავს, თუმცა მოსამართლეებს ეს საკითხი უმეტესწილად არ აღელვებთ. სასამართლოში იმ იმედით მისული მოქალაქეები კი, რომ დავა დროულად და ეფექტურად გადაწყდებოდა, სასამართლოს მიმართ ნდობას კარგავენ. 

„იანვარში გაიცა ნებართვა „ამბასადორის“ მშენებლობაზე, იანვარშივე  გავასაჩივრეთ, მაგრამ ის არც ზემდგომმა უწყებამ, სამინისტრომ და არც სასამართლომ არ შეაჩერა. სასამართლომ გვითხრა, რომ  გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, როცა იქ მშენებლობა სრულდება. დავა აზრს კარგავს, რადგან ნაკლებად საეჭვოა მოქალაქისთვის, რომ ამხელა ფინანსური ინვესტიციის პირობებში, შემდგომში სასამართლო ამის დემონტაჟის გადაწყვეტილებას არ მიიღებს“, – ამბობს იურისტი ეთერ გვრიტიშვილი, რომელიც პროექტ „ამბასადორის“  წინააღმდეგ დავის პროცესში „ბათომს“ წარმოადგენს.

რაც შეეხება დასაბუთებას, როცა სასამართლო ამბობს, რომ მშენებლობას არ აჩერებს, იურისტის თქმით, იყენებენ ძირითადად შაბლონურ განმარტებას, რომელიც თითქმის ყველა მსგავს საქმეზე იდენტურია: „ხანდახან შთაბეჭდილება გვრჩება, რომ სასამართლო საქმის მასალებს მთლიანად არც ეცნობა.“

საერთო ჯამში, იურისტების შეფასებით, პრაქტიკა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან, რაც საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით გარანტირებული უფლებაა. არადა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შექმნას ისეთი გარემო, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება ხელმისაწვდომობა დროულ მართლმსაჯულებაზე.

6 მაისს ორგანიზაცია „ბათომმა“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან მიიღო უწყება, რომ შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობის შეჩერების საკითხს [ ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა] 22 აივნისს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავენ.

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 40-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს – ამის შესახებ კომპანია თავისსავე  გავრცელებულ სარეკლამო მასალებში წერს.  ხოლო „რივიერა ბათუმი“ 70 მილიონზე მეტის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

___

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „დაიცავი ბათუმი“, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბათომი“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

ამავე თემაზე:

 

ფულის ძალა – „ამბასადორის“ 16-სართულიანი მშენებლობა ბათუმის ბულვარში

ბავშვების 60% ამბობს, რომ უფრო სევდიანი გახდა – მოზარდები პანდემიაში

კვლევაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია SAVE THE CHILDREN-მა 46 ქვეყანაში ჩაატარა 2020 წელს, 31 683-მა მშობელმა და მზრუნველმა, ასევე 11-17 წლამდე ასაკის 13 477-მა ბავშვმა  მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხული ბავშვების 74-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ უფრო მეტად ნერვიულობდნენ, ვიდრე პანდემიამდე. 62 პროცენტი თავს ნაკლებად ბედნიერად მიიჩნევდა.

ბავშვების 60 პროცენტი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში მათ ჰქონდათ მობეზრება, უფრო სევდიანი გახდნენ, რადგან ვერ ხვდებოდნენ მეგობრებს და ვერ საუბრობდნენ მათთან ხშირად.

გამოკითხული ბავშვების ოჯახების 65 პროცენტი აღნიშნავს, რომ აკლიათ ფინანსური რესურსი, 38 პროცენტი კი უმუშევარი დარჩა.

შესაბამისად, პანდემიის პერიოდში გაძვირდა საკვები ბავშვებისთვისაც, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს, რომ სახლში საპონი და სანიტაიზერი არ ჰქონდათ.

პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშე დადგნენ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის შშმ ბავშვები, როგორც ჯანდაცვის სერვისების, ასევე განათლების მიღების მხრივ.

მაგალითად, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში პანდემიის პერიოდში დაირღვა განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, რის გამოც ორგანიზაციამ სასამართლოსაც კი მიმართა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ, კერძოდ კი, განათლების სამინისტრომ, დროულად ვერ უზრუნველყო დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის თანაბრად.

სამინისტროს მიერ შემოთავაზებული დისტანციური სწავლების პროგრამა TEAMS-ი კი არ იყო მისაწვდომი უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვებისთვის.

„ამიტომ პედაგოგებს უხდებოდათ პროგრამის ნაცვლად ტელეფონის ან მესენჯერის გამოყენება, რაც იმთავითვე ამცირებდა ბავშვების განათლებაზე მისაწვდომობას,“ – მიიჩნევს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, პანდემიამდე უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებში ტექნოლოგიების გამოყენების დაბალმა დონემ განსაკუთრებით დამაზიანებელი გავლენა იქონია დისტანციურ სწავლებაში მათ ჩართვაზე.

„შშმ პირთა ორგანიზაციების ინფორმაციით, სახელმწიფომ მხოლოდ პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მოახერხა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის შედარებით დაბალფასიანი ინტერნეტის უზრუნველყოფა და იმგვარი ბაზის შექმნა, სადაც აღრიცხული იქნებოდა ბავშვებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია დისტანციური სწავლების ტექნიკური საშუალებები.

თუმცა ამგვარი მონაცემთა ბაზის შექმნის შემდეგაც, ბავშვებისთვის დისტანციურ სწავლებაში ჩართვის ტექნიკური პირობების გაუმჯობესება არ შეუთავაზებიათ,“-მიიჩნევს არგანაშვილი. ის მუშაობდა კვლევაზე, რომელიც აჩვენებს, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვთა გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ჰქონდათ ქცევითი გამოწვევები, საერთოდ ვერ ჩაერთო დისტანციურ სწავლებაში.

„ეს ბავშვები აღმოჩნდნენ სრულიად მოუმზადებელი ამგვარი ცვლილებისთვის, ვინაიდან მათთვის მანამდე არ შეუთავაზებიათ ტექნოლოგიების მეშვეობით სწავლების პრაქტიკა. ამ ჯგუფის ბავშვები ფაქტობრივად 4 თვის განმავლობაში სრულიად მოწყდნენ როგორც განათლებას, ისე მხარდამჭერ სერვისებს, რამაც მძიმე გავლენა მოახდინა მათზე,“ – წერს თავის კვლევაში ანა არგანაშვილი.

პანდემიის პირველ პერიოდში პრობლემები ჰქონდათ ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს იმ მხრივაც, რომ ჟესტური ენის თარჯიმნებმა დისტანციურ სწავლებასთან გვიან მოახერხეს ადაპტირება სხვადასხვა მიზეზით, „მათ შორის, ტექნიკური პრობლემების გამო“.

განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ იმ ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვებს, რომლებიც არ ფლობენ ჟესტურ ენას და სამეტყველოდ იყენებენ ბაგებიდან ამოკითხვას.

„მათთვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო საგაკვეთილო პროცესის მისაწვდომობა, ვინაიდან საგაკვეთილო პროცესი არ მიდიოდა ტიტრებით. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ „ყრუთა კავშირი “გადააგზავნა რეკომენდაციები მთავრობის საკოორდინაციო საბჭოში, თუმცა მათ საფუძველზე ცვლილებები სწავლების სისტემაში ჯერაც არ განხორციელებულა,“ – ამბობს ანა არგანაშვილი.

არგანაშვილი მიიჩნევს, რომ პანდემიის პერიოდში განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან ერთად, ბავშვის უფლბები დაირღვა საკარანტინე სივრცეებში, რის გამოც არაერთხელ მიმართა ორგანიზაციამ სასამართლოს. ასეთ შემთხვევებში სასამართლომ გაითვალისწინა ბავშვის უპირატესი ინტერესი და მათ შესაძლებლობა მისცა, დაეტოვებინათ საკარანტინე სივრცე.

__________________________

მთავარი ფოტო: „ნეტგაზეთის“ არქივი

ბარცხანის ხიდისა და გოგოლის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ბათუმის მერიის ცნობით, ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქციისა და გოგოლის ქუჩისა და ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ბარცხანის ხიდისა და გოგოლის ქუჩის მიმართულებით.

შეზღუდვის ფარგლებში, თამარის გზატკეცილით მოძრავი ავტომობილების მძღოლები სვლას განაგრძობენ ცენტრალურ მაგისტრალზე, ქალაქის მიმართულებით.

მერიის ინფორმაციით, ქალაქში შემომავალი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია გოგებაშვილის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნამდე, შემდეგ კი, მარცხნივ, რკინიგზის გადაკვეთით, მაიაკოვსკის ქუჩისა და გოგოლის ქუჩის წრიულის გავლით, ბაგრატიონის ქუჩისკენ.

ბაგრატიონის ქუჩიდან შემომავალი სატვირთო ავტომობილები მაიაკოვსკის ქუჩის გავლით გადაკვეთენ სარკინიგზო კვანძს და გოგებაშვილის ქუჩით შეუერთდებიან მთავარ გზას.

რაც შეეხება ჩაისუბნის მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილებს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მაიაკოვსკის ქუჩიდან სვიშევსკის, შემდგომ კი, შინდისის ქუჩის გავლით.

სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს, დეკემბერში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე: 

ფიროსმანისა და გორგასლის ქუჩები ჯავახიშვილის ქუჩასთან გადაიკეტა

გონიოელი მეთევზეები: „ზღვის გარეშე გვტოვებენ, მუშაობაში ხელს გვიშლიან“ [Video]

„ძველი ისტორიის ნაწილი ვართ, მოვყვებით ამ მეთევზეობას, ვიბრძვით, რომ სახლში პური მივიტანოთ, ვშრომობთ, ვწვალობთ და ამასაც გვართმევენ. ზღვაში მხოლოდ 1 მილის მანძილზე შესვლის უფლება მოგვცეს, თვალით ვსაზღვრავთ ამ მანძილს და თუ გავცდით რამდენიმე მეტრით, მოდის სანაპირო დაცვა, იღებს ბადეს და მიაქვს… სანამ სასამართლო ჩატარდა, შემდეგ პროკურატურიდან არ არის მოსული ცნობა, რომ ბადე დაგიბრუნონო და ვრჩებით ასე უმუშევარი. ვინმე თუ დაგვეხმარება, თუნდაც სახელმწიფო, კარგი იქნება“, – ამბობს გონიოელი მეთევზე, რეზო ბარამიძე.

გონიოში ზღვაში თევზაობა ერთგვარი ტრადიციაა და ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის მთავარი წყაროც იყო. თევზჭერით, როგორც აქაურები ამბობენ, ადრე 200 კაცი იყო დაკავებული და ზღვაში 20-ზე მეტი ნავი შედიოდა. გონიოში დღეს 5-6 ნავი და 15-მდე მეთევზეა შემორჩენილი. მათთვის, როგორც თავად ამბობენ, თევზჭერა შემოსავლის ძირითადი წყაროა.

სანაპირო დაცვამ საზღვარი უნდა დაიცვას, მაგრამ ჩვენს გარეშე ბადეებს იღებენ და მიაქვთ, გვეუბნებიან, რომ ნაპირიდან შორსაა – სიღრმეშია, დარღვევააო… დამირეკე და გამოვალ. შეგნებულად არავინ არღვევს. რამდენჯერმე ვუთხარით დააყენონ ტივტივა და იმის იქეთ არავინ გადავა, ჩვენთვისაც უკეთესია, მაგრამ არ გააკეთეს. ხან ღელვაა, ხან ქარი, დინება და 2 მეტრით იქითაც რომ აღმოჩნდეს ბადე, გინდა არ გინდა გაჯარიმებენ, თან ბადეს გართმევენ. რასაც კანონი ითხოვს ჩვენგან, ყველაფერი გვაქ – ლიცენზია, რაცია, ბადის დანომრილი ტივტივები, განათება, სპეცჟილეტები. სანაპირო დაცვის ნებართვის გარეშე ზღვაში არ შევდივართ. მიუხედავად ამისა, ზოგ მეთევზეს 2-3 ათასი ლარი ჯარიმა აქვს გადახდილი“, – ამბობენ გონიოელი მეთევზეები.

გონიოელი მეთევზეები და მათ მიერ დაჭერილი შავი ზღვის კამბალა, „რომელიც 14 კილოგრამამდე იქნება“, 29.04.2021 / ამ სახეობის თევზი გავრცელებულია შავ, ხმელთაშუა და აზოვის ზღვებში, 90-100 მეტრ სიღრმეზე. კამბალას სიგრძე 1 მეტრს, წონა კი 15 კილოგრამს აღწევს. შავი ზღვის კამბალა მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია.
ზაურ კეჟერაძე

„ისეთი კანონები შემოიღეს და ისეთი ვალდებულებებია, რომ ზოგი ვერ შესწვდა ამ ყველაფერს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბალაგნების ადგილიც აღარ დაგვიტოვეს. ადრე აქ 25 ბალაგანი იყო, სადაც ნავებს და ბადეებს ვინახავდით, სახელმწიფომ მიწა 1 ლარად გაასხვისა, ბალაგნები დაანგრიეს და სასტუმრო და სახლები ააშენეს. ახლა ნავებს პლაჟზე ვტოვებთ. დაგვპირდნენ ბალაგნებისთვის ადგილებს, მაგრამ დღემდე არ გადმოუციათ“, – ამბობს ზაურ კეჟერაძე, გონიოელი მეთევზე.

მეთევზეების თქმით, დაახლოებით 10 წლის წინ და მანამდეც, ზღვაში სათევზაოდ 5 კილომეტრის სიღრმეში შედიოდნენ, თევზიც მეტი იყო და შემოსავალიც. ახლა კი ზღვაში 1 მილზე ანუ ნაპირიდან მაქსიმუმ 1,8 კილომეტრი დაშორებით შესვლის უფლება აქვთ.

გონიოელი მეთევზეები / 29.04.2021 / მეთევზეები ზაფხულში, ქვირითობის დასრულების შემდეგ, ტურისტული სეზონის გამო ვეღარ შედიან ზღვაში. „პლაჟზე ხალხია, შეზლონგები, სკუტერები და ჩვენთვის ადგილი აღარ რჩება“, – გვითხრეს მეთევზეებმა.

„ძირითადად კამბალას, სტავრიდკას და ბარაბულკას ვიჭერთ. როცა შორს შევდიოდით ზღვაში, კამბალას დასაჭერ ბადეს ზღვაში 80-100 მეტრ სიღრმეში ვაწყობდით. ახლა მაქსიმუმ 65 მეტრ სიღრმეზე ვაწყობთ, ამ სიღრმეზე კი შავი ზღვის დელფინები ჩადიან, ებმებიან ბადეში და იღუპებიან. 80 მეტრ სიღრმეში დელფინები არ ჩადიან და არც არასოდეს გაბმულან ბადეში“, – ამბობენ მეთევზეები.

მეთევზეების თქმით, თუ დელფინი ბადეში გაება, სანაპირო დაცვა მათ ამისთვისაც აჯარიმებს.

დავით დევაძე

„60 წლის ვხვდები. ბავშვობიდან ვთევზაობ და ამით ვარჩენ ოჯახს, სხვა არაფერი გამაჩნია, მიწაც არ მაქვს, ამ საქმით ვცხოვრობ. არ გვიწყობს სახელმწიფო ხელს. რასაც გვთხოვენ და რის უფლებასაც გვაძლევენ, იმას ვაკეთებთ. 200 დოლარი რაციაში გადავიხადე, 30-30 ლარი ჟილეტებში. ნაპირდაცვამ ჩემი ბადე ამოიღო ზღვიდან და წაიღო, დელფინი იყოო – შემდეგ მითხრეს. მე არ მინახავს, იქ არც ვყოფილვარ. არადა, ზოგჯერ არის, რომ ქარია, დინებაა და 5 მეტრითაც რომ გადაცილდეს იმ ერთ მილს ბადე, გაჯარიმებენ. დელფინი თუ მოხვდება ბადეში, ეს ჩემი პასუხისმგებლობა არაა, კვირაში ერთხელ ვსინჯავთ ბადეს და მოვხსნიდი და წავიდოდა, მე თავად მეცოდება, მაგრამ ასეთი შემთხვევა პირადად ამ დრომდე არ მქონია“, – ამბობს დავით დევაძე.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ბადე ჩამოართვეს და ვერ თევზაობს, ისიც არ იცის რა პასუხისმგებლობას დააკისრებენ. „სასამართლო არ ვიცი როდის იქნება, ყოველ დღე ველოდები. ადვოკატიც კი ავიყვანე, ხვალიდან მთავრდება თევზაობის სეზონი და დავუცდი სასამართლოს. იმედია, კიდევ უფრო არ შემიშლიან ხელს მუშაობაში, ეს ჩემი სამუშაოა“, – გვითხრა მეთევზემ.

მეთევზეებს „ბათუმელები“ 29 აპრილს შეხვდა. მათი თქმით, პირველი მაისიდან პირველ ივლისამდე თევზაობა, ქვირითობის გამო აკრძალულია. „შემდეგ ტურიზმის სეზონი მოდის და ტურისტებია, პლაჟზე შეზლონგები, სკუტერები და ზღვაში გასასვლელი ადგილიც არ გვრჩება და ვერც გავდივართ სათევზაოდ“, – ამბობენ ისინი.

გონიოს პლაჟთან შემორჩენილი და უფუნქციო ბალაგნები. მეთევზეების თქმით, სასეირნო ბილიკის მოწყობამდე აქ 25 ასეთი ბალაგანი იყო. ტერიტორია, სადაც ეს ბალაგნებია შემორჩენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. 29.04.2021

„გამოგვიყონ ბალაგნებისთვის ადგილი, თუნდაც სახელმწიფომ რომ ააშენოს და დაგვიწესონ ყოველწლიური გადასახადი, ეს საქმე რომ განვითარდეს. ლიმანიც რომ გაკეთდეს ნავმისადგომით. ნახონ ინვესტორი, მოეწყოს ინფრასტრუქტურა და შუქი, წყალი, კანალიზაცია, რაც იქნება გადასახადი გადავიხდით. ახალგაზრდობა ისევ დაინტერესდება და დაუბრუნდება ხალხი მეთევზეობას“, – ამბობს ზაურ კეჟერაძე.

მეთევზეების თქმით, გონიოში, მდინარე ჭოროხის მხარეს არის ტერიტორია, სადაც შეიძლება ლიმანი/ნავმისადგომი გაკეთდეს, საიდანაც ნავებით ზღვაში მშვიდობიანად შევლენ და გამოვლენ.

გონიო / 29.04.2021. ამ არხის შესართავთან სურთ გონიოელ მეთევზეებს სახელმწიფომ მოაწყოს ლიმანი/ნავსაყუდელი. ეს მათთვისაც სასარგებლო იქნება, სახელმწიფოსაც შემოსავალი ექნება და ერთ-ერთ ტურისტულ ობიექტადაც შეიძლება გადაიქცეს [თევზის ბაზარით, კაფე-ბარებით, ზღვაზე ნავით გასეირნების და სხვა სერვისებით]. ეს არხი და შესართავთან პლაჟი ბათუმის, ხოლო მიმდებარე მიწის ნაკვეთები – აჭარის ავტონომიის საკუთრება.
რეზო ბარამიძე

„ღამითაც გვიწევს შესვლა ზღვაში და ამინდი ზოგჯერ ისე იცვლება, რომ ნაპირზე გამოსვლა გვიჭირს. შტორმის დროს ერთ მეთევზეს ფეხიც კი მოტყდა. ადრე დიდი თუ პატარა გადიოდა სათევზაოდ და ლუკმაპურს შოულობდა. ახლა რამდენიმე დავრჩით და ისიც ასაკიანები, რადგან ბალაგნები არაა, ნავის გასაჩერებელი ადგილი არაა, ბადეებიც იგერ-აგერ ყრია გარეთ, ამას უნდა ყველაფერს შენახვა. ეს აკრძალვები, მეთევზეების ინტერესებს არავინ ითვალისწინებს და ახალგაზრდობამ ინტერესი დაკარგა. თუკი გაკეთდება ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, მაშინ ახალგაზრდობა შეიძლება დავაინტერესოთ და მოვაბრუნოთ ზღვისკენ“, – ამბობს რეზო ბარამიძე.

ეს დარგი, ზაურ კეჟერაძის თქმით, კარგად არის განვითარებული მეზობელ თურქეთში, რასაც „სახელმწიფომ შეუწყო ხელი“.

თურქეთი, არჰავი.  არჰაველი ლაზი მეთევზეების საზაფხულო სახლები ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები. გონიოელი მეთევზეები დაახლოებით ამგვარი ნავსაყუდელის/ინფრასტრუქტურის მოწყობას სთხოვენ სახელმწიფოს.

მეთევზეები ამბობენ, რომ რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურას ადრეც მიმართეს, მაგრამ მათი აზრი არავინ გაითვალისწინა.

რას აკეთებს სახელმწიფო მეთევზეობისთვის? – მეთევზეებში სახელმწიფოს ამ ეტაპზე მხოლოდ საზღვაო თევზჭერის ლიცენზიანტებს მოიაზრებს.

„მეთევზეები… ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე საქმიანობენ, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია“, – ასე ასაბუთებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას.

პროგრამის ფარგლებში [2021 წლის 17 მარტის მდგომარეობით] 9 კომპანიას სახელმწიფო ჯამში 13 მილიონზე მეტ ლარს გადაუხდის. ამ კომპანიების შესახებ ვრცლად ნახეთ ბმულზე:

მთავრობა აკვაკულტურის განვითარების მიზნით, ზღვაში [სპეციალურად გამოყოფილ ზონებში] შესაბამისი ფერმების მოწყობასაც გეგმავს. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა უნდა შეიქმნას ზღვაში გონიო-კვარიათის მიმდებარედაც. ეს ზონები კი, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ადგილობრივ თევზმჭერთა ტრადიციულ საქმიანობას.

პროექტის მიხედვით, ასეთი ზონა ზღვაში, რომელიც შემდგომში 20 წლით იჯარით უნდა გაიცეს, გონიოს პლაჟის გასწვრივ იქნება. ზონის საზღვარი კი, ნაპირიდან დაახლოებით 400 მეტრში დაიწყება. გონიოელ მეთევზეებს, რომლებიც ახლა ნაპირიდან 1,8 კილომეტრში გადიან ზღვაში სათევზაოდ, ეს მანძილი 400 მეტრომდე შეუმცირდებათ. ამ მანძილზე კი ზღვაში თევზაობა, გონიოელების თქმით, აზრს საერთოდ კარგავს.

„არავინ მოსულა და არაფერი უკითხიათ, რომ ასე იგეგმება ან ეს უნდა გავაკეთოთო. ახლაც არის აქ კვარიათთან შემოსაზღვრული ადგილი ზღვაში, სადაც 3-4 წელია არ გვიშვებენ სათევზაოდ. კერძო პირისაა, მიდიებს აშენებენ და ტურისტულ სეზონზე იღებენ“, – ამბობენ მეთევზეები.

„მიუხედავად იმისა, რომ ზონის განაპირა ნაწილებში სარფთან და ჭოროხის შესართავთან რჩება მნიშვნელოვანი უბნები, რომლებიც არ ფარავს თევზჭერის ინტერესის ზონას, მარიკულტურის საქმიანობის განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებს სანაპირო თევზმჭერთა შესაძლებლობებს. მეორე მხრივ, საზღვაო ფერმების ლოჯისტიკის და დაცულობის უზრუნველსაყოფად მოსახლეობის და მათ შორის მეთევზეებისათვის გამოჩნდება ბევრი სამუშაო ადგილი, რაც მიცემს მათ შემოსავლებს და გააუმჯობესებს სოციალურ პირობებს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დოკუმენტში.

„ეს ჩვენი ტრადიციაა, მეთევზეები ვართ, ჩვენ როცა ვთვლით საჭიროდ, მაშინ გავდივართ სათევზაოდ და სხვის ფერმაში რა გვინდა სამუშაოდ. ჩვენი შემოსავალი ჩვენ მიერ დაჭერილი თევზია. ჭოროხის შესართავთან თევზაობა საერთოდ აკრძალულია. როცა ისეთ კანონებს იღებენ, რაც თევზაობას, ზღვას უკავშირდება, უნდა შეეკითხონ მეთევზეს, უნდა მოუსმინონ. რახან ასე არ მოხდა, გამოდის, რომ მთავარია ვიღაცებმა ფული გააკეთონ და ჩვენ ყველანაირად გვზღუდავენ. პლაჟიო, ტურიზმიო, ზღვაში გასასვლელი ადგილიც აღარ დაგვიტოვეს. ეტყობა არ უნდათ ტრადიციული მეთევზეობა, როგორც დარგი განვითარდეს ან შენარჩუნდეს მაინც“, – გვითხრეს გონიოელმა მეთევზეებმა.

სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ გეგმაში აღნიშნულია, რომ გონიო-კვარიათის ზონაში „შესაძლებელია გამოიკვეთოს სანაპირო თევზმჭერთა ინტერესები, რომლებიც ისტორიულად ეწეოდნენ თევზჭერას მცირე ზომის ნავებითა და სხვადასხვა თევზსაჭერი საშუალებით [მოსასმელი ბადე, სახლართი ბადე და სხვა].“

ამ თემაზე ვრცლად:

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

 

 

მასშტაბური შესაძლებლობები CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტის ყოველდღიურობას რუტინას ძნელად თუ უწოდებ. თუკი ამ ფაკულტეტზე სწავლას გადაწყვეტ, უნდა იცოდე ისიც, რომ საბაკალავრო საფეხურზე სწავლის პერიოდში აუდიტორიაში ყველაზე ნაკლებად მოგიწევს ყოფნა. სამაგიეროდ, შენი „აუდიტორია“ ვენახი, ლაბორატორია და ღვინის მარნები გახდება.

„იმისათვის, რომ შეისწავლო მსოფლიოში აღიარებული კონცეფცია „ღვინო მიწიდან სუფრამდე“, აუცილებელია, პირველ რიგში, ისწავლო ვენახის დაგეგმვა“ – აღნიშნავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი, ოლანი გოცირიძე.

ვენახის დაგეგმვა კი CIU-ში პირველივე კურსიდან იწყება. მომავალმა მეღვინემ აუცილებლად უნდა შეისწავლოს ესა თუ ის მიკროზონა და მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები; გააშენოს ვენახი ისე, რომ მისი მოვლა და შემდეგ მოსავლის აღებაც წინასწარ იყოს განსაზღვრული.

რას ნიშნავს კონცეფცია „ღვინო მიწიდან სუფრამდე“? ესაა პირველ რიგში ვაზის მოვლისა და ყურძნის მოყვანის ძირითადი აგროტექნოლოგიური მეთოდების დაუფლება; დაავადებებისა და მათ წინააღდმეგ დაგეგმილი ღონისძიებების შესწავლა; ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება; საქართველოსა და მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში დანერგილი ტრადიციებისა და თანამედროვე, ინოვაციური მიდგომების გაცნობა; ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ფიზიკური, ქიმიური შედგენილობისა და დარგში გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ანალიზის მეთოდების ათვისება.

თანამედროვე მიდგომებთან ერთად CIU-ში დამწყები მეღვინეები უნიკალური, ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიასაც სწავლობენ; გარდა ამისა, აქვე აუცილებელია ხარისხის მენეჯმენტის მართვის სწავლაც; ღვინის დაყენებასთან ერთად მისი შეფუთვა და მსოფლიო ბაზარზე სათანადო წარდგენა,  დაბოლოს, ცხადია ღვინის დეგუსტაციის ხელოვნების დაუფლებაც.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პროგრამები თეორიულ და მრავალფეროვან პრაქტიკულ კომპონენტთან ერთად, გამორჩეულია საქართველოში. ფაკულტეტის თანამედროვე ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში სტუდენტები პირველივე კურსიდან ეუფლებიან უმაღლესი ხარისხის ღვინის დაყენების ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებს“, აღნიშნავს ოლანი გოცირიძე.

როგორ გადიან პრაქტიკას მევენახეობისა და მეღვინეობის დამწყები სპეციალისტები CIU-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს უნიკალურ სასწავლო-კვლევით ბაზას სთავაზობს. ქართული ქვევრებით აღჭურვილი მარანი, ქართული ვაზის გენოფონდის მდიდარი საკოლექციო ნაკვეთი 100-ზე მეტი ჯიშით; მდიდარი ენოთეკა; ქართული მარანი „კოლხი“, რომელიც მაღალხარისხიანი და ტრადიციების დაცვით აშენებული, გამორჩეული არქიტექტურის შენობაა, სრული ინვენტარით აღჭურვილი; მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია; ენოქიმიის, მევენახეობისა და მიკრობიოლოგიის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები – ეს ყველაფერი CIU-ში გატარებულ საბაკალავრო თუ სამაგისტრო საფეხურს დაუვიწყარ და წარუშლელ გამოცდილებად აქცევს.

„ცალკე ყურადღებას იმსახურებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სადეგუსტაციო კაბინეტიც, რომელიც ჩვენს სტუდენტებს განსაკუთრებით მოსწონთ. აქ შესაძლებელია სხვადასხვა ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასება, ღვინის ხარისხის, ზადისა და დაავადებების ამოცნობაში დახელოვნება“, ამბობს გოცირიძე.

მრავალწლიანი გამოცდილების შედეგია ისიც, რომ სულ მალე დღის სინათლეს იხილავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დამზადებული ღვინოებიც, რომლის დაყენებაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც პერსონალს, ისე – სტუდენტებსაც.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამორჩეულია პრესტიჟული ღვინის ფესტივალების მიმართულებითაც. აღსანიშნავია 2019 წელს გამართული „ქართული ღვინის ფესტივალი“, სადაც CIU გენერალური სპონსორი იყო. უნივერსიტეტმა თავის სტენდზე სტუდენტური ხაზით შექმნილი ღვინოები წარმოადგინა, რომლებმაც ქართველ და უცხოელ სტუმართა შორის დიდი მოწონება დაიმსახურეს – „საფერავი“; „ვარდისფერი საფერავი“; „რქაწითელი“; „ქვევრის რქაწითელი“; „თავკვერი“; „ციცქა ცოლიკოური“; „კაბერნე სოვინიონი“; „ველური ვაზი“.

აღნიშნული ფესტივალის პარტნიორი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელსაც. ფესტივალის ფარგლებში, რომელიც გლობალური პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, თავიანთი პროდუქცია 50-მდე მარანმა წარმოადგინა, მათ შორის კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  ქვევრის ღვინოებით წარდგა: თავკვერი; შავკაპიტო; საფერავი; რქაწითელი; გორული მწვანე/ჩინური.

სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამორჩეულია სასკოლო-საგანმანათლებლო მიმართულებითაც. უკანასკნელ პერიოდში გაიმართა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ზამთრისა და გაზაფხულის ონლაინ სასკოლო ბანაკები, რომელშიც მონაწილეობას X, XI და XII კლასის მოსწავლეები იღებდნენ. ბანაკის ფარგლებში მოსწავლეები სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან, მათ შორის, ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისგან, მევენახეობა-მეღვინეობის ძირითადი მიმართულებებისა და ბრენდინგის შესახებ ეუფლებოდნენ ცოდნას, გამარჯვებულები კი სოლიდური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საერთაშორისო გამოცდილება

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამების სტუდენტებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებასაც. ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ღვინის წარმოებაში წამყვანი ქვეყნების კერძო მარნებთან თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ მხრივ, განსაკურებული და აღსანიშნავია ესპანეთთან თანამშრომლობა.

გარდა ამისა, სულ ახლახანს CIU გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის წევრი გახდა. აკადემია, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე უნივერსიტეტია გაერთიანებული, მიზნად ისახავს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამების შესაბამისად, ღვინის ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით კვლევებისა და სასწავლო პროგრამები განხორციელებას.

აკადემია უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებების გაძლიერებაში. პრაქტიკები, მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები, აკადემიის სპეციალისტების ჩართულობა ენოტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექმნაში – უნივერსიტეტს აქამდე არნახულ შესაძლებლობებს უხსნის წინ.

გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ხოსე ანტონიო ვიდალის თქმით, ორგანიზაციის წევრობა კსუ-ს შესაძლებლობას მისცემს, იყოს მთავარი საერთაშორისო ღონისძიებების, გამოფენა-ბაზრობების, ტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიის სექტორის ფორუმების მონაწილე.

ამის შედეგად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი არამხოლოდ ახალ ეტაპზე გადავა, არამედ – პერსონალსა და სტუდენტებს კიდევ უფრო მეტად გაუხსნის გზას საერთაშორისო ასპარეზზე.

8000-წლიანი მოსავლის მქონე ქვეყნის ღვინის ისტორიაც კიდევ უფრო გაიშლება დედამიწის თითოეულ კუთხეში; ყველგან, სადაც ჭიქა ღვინო კულტურის განუყოფელი ნაწილია.

ბათუმის სამშობიარო სახლში 11 კოვიდინფიცირებული ორსულია

ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში 5 მაისის მონაცემებით 11  კოვიდინფიცირებული ორსულია.

სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა ამბობს, რომ ინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეის მონაცემებით ბათუმის სამშობიარო სახლში 20 საწოლია მობილიზებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის. ნუგზარ პაპავას თქმით, ყველაზე მეტი პაციენტი კლინიკას ნოემბერში ჰყავდა, როცა სამშობიარო სახლში 37 ინფიცირებული იყო.

ბოლო კვირებია აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. დღეს აჭარაში კოვიდით ინფიცირების 135 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საქართველოს რეგიონებს შორის აჭარა მეორე ადგილზეა კოვიდის გავრცელების სიხშირით თბილისის შემდეგ.

მოსამართლე ფარულ ჩანაწერებსაც მოუსმენს – 14 წლის ნინის საქმე

20 ათასი ლარი გირაო თავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლე დავით მამისეიშვილს დღეს, 5 მაისს, გამართულ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით საფარიძემ შესთავაზა. ის ქობულეთში დაღუპული 14 წლის ნინის ბაბუას – სოლომონ ცეცხლაძის ადვოკატია. მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილა და ნინის ბაბუა ისევ პატიმრობაში დატოვა.

„მომეტებული საფრთხის შემცველია ამ ეტაპზე… მაღალი რისკია, რომ შესაძლოა ბრალდებულმა რაიმე სახის ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე,“ – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

ადვოკატმა ნინის ბაბუას გათავისუფლება ძირითადად ორი მიზეზის გამო მოითხოვა: ჯანმრთელობის მდგომარეობა და სახლში მარტოდ დარჩენილი მეორე შვილიშვილი.

„ბატონო სოლომონ, ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, როცა მან გადაწყვეტილება გამოაცხადა. ბრალდებული პროცესს დისტანციურად დაესწრო.

„ნახვამდის,“ – მხოლოდ ეს თქვა ბრალდებულმა.

დღეს, 5 მაისს, სოლომონ ცეცხლაძის წინასასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, მაგრამ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ავადმყოფობის გამო პროცესი ვერ გამართა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ დროში სავალდებულო აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილა.

დღესვე მოსამართლე დავით მამისეიშვილი წინასასამართლო სხდომაზე განიხილავს ბრალდებულ ნიკა ტაკიძის საქმეს. მას 14 წლის ნინისთან სექსუალურ ძალადობას ედავებიან. სხდომა დახურულია.

ბაბუას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა დავით საფარიძემ გვითხრა, რომ ბაბუა ბრალს არ აღიარებს არც ერთ ეპიზოდში. მას გამოძიება ორ ეპიზოდში მოზარდი შვილიშვილის ცემას და მუქარას ედავება გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით.

„ის ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ლოყაზე მოქაჩა შვილიშვილს გაბრაზებულმა, ცემა ეს არ იყო,“ – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის ინფორმაციით, ამ საქმეში 80-მდე მოწმეა – პოლიციელები, ექსპერტები, მეზობლები, ნათესავები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, თუმცა პირდაპირი მოწმე, რომელიც დაადასტურებს ბაბუას მხრიდან შვილიშვილზე ძალადობას, არ არსებობს.

„ირიბი მოწმეა მხოლოდ ყოფილი რძალი, რომელიც, როგორც ცნობილია, ამ ოჯახზე განაწყენებულია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით საფარიძემ.

საქმეშია 8 ფარული აუდიოჩანაწერიც. ადვოკატის თქმით, გამომძიებლებმა ტელეფონით და სხვა ტექნიკური მოწყობილობებით ნინის ბაბუა და ახლო ნათესავები ფარულად ჩაწერეს ნინის გარდაცვალების შემდეგ და არა მანამდე, როცა ორი თვე მოზარდი ამბობდა და პოლიციაშიც განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია.

33 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქრო სარფის საბაჟოზე

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს მოქალაქის, გ.ფ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 293.69 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 744 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს კი, 7-8 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

საქართველოში დღეს კოვიდის 2171 ახალი შემთხვევაა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

5 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის  2 171 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 27 648 კვლევა ტესტით.

ამავე პერიოდში საქართველოში კოვიდით 24 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 4 207 პირი გარდაიცვალა.

4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.27%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარაში – 135, იმერეთში – 202, ქვემო ქართლში – 83, შიდა ქართლში – 82, გურიაში – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 118, კახეთში – 54, მცხეთა-მთიანეთში – 70, სამცხე-ჯავახეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, მათგან 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარაში კოვიდის 135 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 5 მაისი

5 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 499 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 11 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 307 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 2 პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილეს.

„ბრალდებულებმა, რომელთა მართვის ქვეშ მყოფი კომპანიაც მონაწილეობას იღებდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში, საკუთარი კომპანიისათვის  გამარჯვების მოპოვების უზრუნველსაყოფად, ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი კომპანიის თანამშრომელს შესთავაზეს 10 000 აშშ დოლარის გადაცემა იმ შემთხვევაში, თუკი იგი წინასწარ გაანდობდა ფასს, რომლის დაფიქსირებასაც ეს უკანასკნელი აპირებდა სატენდერო წინადადების წარდგენისას“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

თიბისი კონცეპტის და „ანაგი დეველოპმენტის“ სპეციალური შეთავაზება

თიბისი 2017 წლიდან სამშენებლო კომპანია – „ანაგის“ სტრატეგიული პარტნიორია და ეს თანამშრომლობა დეველოპმენტის მიმართულებითაც გრძელდება. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია – „ანაგი დეველოპმენტი“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს.

თიბისი კონცეპტისა და ანაგი დეველოპმენტის ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებლებს პარკ ჰოუმ ვაკესა და პარკ ჰოუმ საბურთალოს პროექტებში ბინის შეძენისას ეძლევათ განსაკუთრებული შესაძლებლობა ისარგებლონ სპეციალური პირობებით იპოთეკურ სესხზე:

  • პირველადი შენატანი – 0%
  • უზრუნველყოფა – მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება
  • ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, ლარში, მშენებლობის დასრულებამდე – 7.5%
  • დარჩენილ ვადაზე რეფინ. განაკვეთს + 3,3%
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 11,41%-დან
  • სესხის ვადა – 180 თვე

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 2021 წლის 1 ივნისამდე.

პარკ ჰოუმ ვაკე აერთიანებს:

[checklist]

  • საბავშვო და სპორტულ მოედნებს
  • ფიტნეს დარბაზსა და 25 მეტრიან აუზს
  • პარკინგს
  • ლობის კონსიერჟის მომსახურებით
  • 2 ჰა ფართობის პარკს

[/checklist]

პარკ ჰოუმ ვაკე ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრითაა დაშორებული და 3 დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს. ბინების ფართი იწყება 44 კვ.მ-დან და ბარდება „კომფორტ სტანდარტ +“ კონდიციით, რაც გულისხმობს ბინის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას, გათბობისა და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით.

მშენებლობა დასრულდება 2022 წლის ივლისში.

პარკ ჰოუმ საბურთალო აერთიანებს:

[checklist]

  • კომერციულ და გასართობ ობიექტებს
  • სპორტულ და საბავშვო მოედნებს
  • ორ აუზს
  • ფიტნეს დარბაზს
  • 6000 კვ.მ-ის ფართის რეკრეაციულ ზონას

[/checklist]

პარკ ჰოუმ საბურთალო პრემიუმ კლასის ახალი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, მეტრო დელისიდან მხოლოდ 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ბინების მინიმალური ფართი იწყება 42 კვ.მ-დან ,ბარდება სრული რემონტით, სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული ღუმელით, გამწოვითა და გაზის კომბინირებული ზედაპირით.

მშენებლობა დასრულდება 2023 წლის სექტემბერში.

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი წარმატებული ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგის ახალი მიმართულებაა, რომლის პრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრეაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს. სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 30 წლის წინ დაარსდა და დღეისათვის კომპანიაში 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თიბისისა და „ანაგს“ ერთობლივად 11-მდე პროექტი აქვთ განხორციელებული.

თიბისი კონცეპტის ყველა დეველოპერული შეთავაზების ნახვა შესაძლებელია: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-concept-mortgage

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ აცრაზე ჯავშნის გაუქმება ან თარიღის შეცვლა გსურთ

დღეიდან, 4 მაისიდან, საქართველოში დაიწყო იმუნიზაცია ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით.

„სინოფარმით“ აცრა 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დღეს რეგისტრირებული ადამიანების უმრავლესობა გამოცხადდა ასაცრელად, თუმცა ზუსტი მონაცემები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში „სინოფარმის“ ასი ათასი დოზაა შემოტანილი, ჯავშანი კი 18 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება. საჭიროების შემთხვევაში მსურველებს აცრის მეორე დოზის მისაღებად სხვა ქალაქში რეგისტრაციაც შეუძლიათ.

რა ხდება მაშინ, თუ რეგისტრირებული მოქალაქე არ მივა ასაცრელად?

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ეს პრობლემას არ შექმნის:

„როცა რეგისტრირებული მოქალაქე არ მიდის ასაცრელად ან რაღაც მიზეზია, რის გამოც ის რეგისტრაციის შემდეგ უარს ამბობს აცრაზე, შესაძლებელია სარეზერვო სიის მექანიზმის გამოყენება.

„სინოფარმის“ შემთხვევაში საკითხი უფრო მარტივად დგას, რადგან „სინოფარმის“ ვაქცინა არის ინდივიდუალურ შპრიცში მოთავსებული, ეს არის ინდივიდუალური შეფუთვა და ჩვენ არ გვაქვს იმის პრობლემა, რომ გაიხსნა რომელიმე ერთი ფლაკონი და 10 ადამიანი თუ არ მივიდა, დოზები გაფუჭდება. უფრო ადვილია „სინოფარმის“ მოხმარება ამ კუთხით.

ამდენად, ამცრელი დაწესებულებები თავისით განსაზღვრავენ, როგორ შეიძლება შეივსოს ის ადგილი, რომელიც გამოთავისუფლდა იმის გამო, რომ არ მივიდა მოქალაქე აცრაზე,” – თქვა მინისტრის მოადგილემ.

შესაძლებელია თუ არა აცრაზე ჯავშნის გაუქმება ან გადავადება?

დიახ, ჯავშნის რედაქტირება და გაუქმება შესაძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრირების ოფიციალურ ვებგვერდზე – booking.moh.gov.ge. საამისოდ ჯერ უნდა იპოვოთ თქვენი ჯავშანი, რისთვისაც შემოთავაზებულ ველებში უნდა შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები.  ჯავშნის გამოჩენის შემდეგ გვერდზე გამოჩნდება ამობეჭდვისა და გაუქმების ფუნქცია. ჯავშნის რედაქტირება შესაძლებელია ჩანიშნულ ვაქცინაციამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე.

_______________________________

ვრცლად ინსტრუქცია:
YouTube video player

 

ყველაფერი ჩემი ფრანგულის მასწავლებლის შესახებ

უსახურ, 90-იან წლებში ერთხელ ჩვენი სახლის კარი გაიღო და შლაპიანი, წითელპომადიანი, ქერა ქალი მოვიდა სტუმრად.

ქალი ბევრს და ხალისიანად ლაპარაკობდა, იცინოდა, შიგადაშიგ დედაჩემს მხარზე უტყაპუნებდა ხელს და ჩემთან და ჩემს ძმასთანაც ასწრებდა ლაპარაკს: აინტერესებდა რომელ კლასში ვიყავით, რა გვიყვარდა, რა არ გვიყვარდა, სკოლაში როგორ გვქონდა საქმეები, ყველაფერი აინტერესებდა.

ქალი იყო ფერადი და ხალისიანი. და ეს ისეთი მოულოდნელი რამ იყო, მე და ჩემი ძმა გაოცებულები შევცქეროდით, როგორც მერე გავიგეთ, თამრიკოს.

„დალიკო, გამოუშვი ეს ბავშვები ჩემთან, ფრანგულში ვამეცადინებ“ – უთხრა თამრიკომ დედაჩემს და მე და ჩემს ძმას თვალი ჩაგვიკრა.

რამდენიმე დღის მერე ვტაცეთ ხელი ფრანგულის სახელმძღვანელოებს და თამრიკოსთან წავედით. ფრანგული სულ არ გვეპიტნავებოდა. შლაპიანი, ქერათმიანი, მბრწყინავკაბიანი და წითელპომადიანი თამრიკოს გარემო უფრო გვაინტერესებდა, ვიდრე ენის სწავლა. მე მეშვიდე კლასში ვიყავი, ჩემი ძმა – მეხუთეში.

ზამთარი იდგა, თოვლსა და ბუქში მივადექით მწვანე, პატარა ჭიშკარს. ეზოს დიდი ხეები ახალი თოვლით იყო შებუმბლული, კარს მიღმა ხის იატაკი ლაპლაპებდა, წიგნების კარადაში კი ჩვენთვის ჯერ უცნობ ენაზე დაწერილი უამრავი წიგნი იყო გამწკრივებული, ფერად-ფერადი, პრიალა წიგნები. ისეთი კი არა, ბაბუას წიგნების კარადაში რომ ეწყო: მარტო მუქი მწვანე, ყავისფერი, მუქი ლურჯი ყდებით, არამედ ფერადი წიგნები! იმ ნაცრისფერ წლებში მაშინვე იფიქრებდი, ნეტა შიგ რა წერიაო.

თამრიკო ხოჭოლავა

იქვეც ფირსაკრავი იდო და ქოთნებში ზამთარში მოყვავილე ოთახის მცენარეები ღაღანებდა, ალბათ ბალბა თუ იყო, კალანჰოე ან ბალზამინები, ზამთარში სხვას რას უნდა ეყვავილა. საბავშვო ეტლში თამრიკოს შვილს, რამდენიმე თვის დემნას ეძინა ტკბილად და ლოყები წითლად უღუოდა.

„აბა! შევხვრიპოთ რძიანი ყავა და მერე ჩემს ფრანგ რობერს გაგაცნობთ, გამოვიყვან ოთახიდან,“ – გვითხრა თამრიკომ.

გავშეშდით. ვინმე რობერი ჰყავს ოთახში ჩაკეტილი და გამოიყვანს? მის ქმარს ჰქვია ასე? მართლა ფრანგია და ფრანგულად დაგველაპარაკება? ვინაა რობერი? – ქაფქაფა, რძიანი ყავა ამ ფიქრებით ვწრუპეთ. საერთოდაც, პირველად გავსინჯეთ მაშინ რძიანი ყავა. რძე იყო ფუფუნება და სახლში იშვიათად გვქონდა, ყავას კიდე მარტო უფროსები სვამდნენ და დედა ამბობდა, რომ ბავშვებისთვის არ შეიძლებოდა. მასწავლებელთან კი ვსვამდით ყავას, თანაც რძით!

მალევე გაირკვა, რომ რობერი არც თამრიკოს ქმარი იყო და არც ოთახში დატუსაᲦებული ფრანგი.  უზარმაზარი ფრანგული ენის განმარტებით ლექსიკონს ერქვა ასე. თამრიკომ დიდი მოწიწებით გამოაბრძანა მეორე ოთახიდან და გვითხრა, რომ ეს წიგნი გვეტყოდა ყველა იმ სიტყვას ფრანგულად, რაც არ ვიცოდით. ასევე გვითხრა, რომ ბევრი რამ მეც არ ვიცი და ერთად ვისწავლითო. მასწავლებელი ამბობდა, რომ რაღაცები არ იცოდა! მასწავლებელი!

რძიანი ყავის ნაცვლად კვირაში სამჯერ ფრანგულის გაკვეთილებზე მარწყვის, ხანაც ვაშლის ჩირის კომპოტი გვხვდებოდა, ჩაიც, ლიმონით. თამრიკოს ხან შავი ხავერდის კაბა ეცვა და წითელი ჩალმა ეკეთა, ხან საკუთარი ხელით ნაქსოვი, ფუმფულა სვიტერები ეცვა ღია ფერის ჯინსზე, ფრჩხილებიც სულ სხვადასხვაფერად უპრიალებდა ყოველ მისვლაზე. აშკარა იყო, ყოველი მისვლისას გველოდებოდა და ჩვენთვის ემზადებოდა.

„დაიმახსოვრეთ და ჩაიწერეთ რვეულის პირველ გვერდზე: j’aime l’ordre, parce qu’il facilite la vie [მიყვარს წესრიგი, რადგან ის აადვილებს ცხოვრებას]“ – გვითხრა პირველივე გაკვეთილზე თამრიკომ და მას შემდეგ ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად გვასწავლიდა, რას ნიშნავს წესრიგი გაკვეთილზე, ურთიერთობებში, ბოსტნის დამუშავებისას და ბაღის მოწყობისას.

რამდენიმე კვირაში უკვე ჩვენი წესები გვქონდა. ცხოვრების გასამარტივებელიც და სახალისოც:

ვინც ყველაზე მეტ უწესო ზმნას აუღლებდა უშეცდომოდ, შოკოლადის ტორტის ნაჭერს მიიღებდა, ხან ალუბლის კისელს ან შოკოლადის კარაქიან ბუტერბროდს;

ზედიზედ ხუთი ენის გასატეხის უშეცდომოდ თქმაზე ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული კანფეტები გერგებოდა და თავგამოდებით ვიმეორებდით – „ენ შასეღ საშან შასე დუა სავუაღ შასე სან სონ შიენ დე შას“ (Un chasseur sachant chasser doit savoir chasser sans son chien de chasse) რომ: „ტღუა ტოღწუ ტღოტე სუღ ენ ტღოტუაღ ტღეზ ეტღუა“ (Trois tortues trottaient sur un trottoir très étroit) და ასე დაუსრულებლად.

თამრიკოს ფირსაკრავიდან კი ხან ედიტ პიაფის ხმა ჟღერდა, ხან ჟაკ ბრელის, ხანაც პატრიკ ბრიუელის.

ვუსმენდით და ვუსმენდით. მერე ჩამოვთვლიდით, რა გავიგეთ და რა – ვერ, ძირითადად, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვიგებდით, მაგრამ რაღაც ფრაზებს ვიჭერდით: „avec mes souvenirs“, ან „tu ne viendras pas ce soir“.

თამრიკო გვეუბნებოდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ყველაფერს გავიგებდით, რასაც ედიტ პიაფი მღეროდა, რომ მუსიკას ჰქონდა სხვა ენა, რასაც ფრანგულის გარეშეც ვიგრძნობდით და გვეკითხებოდა, თქვენი აზრით რაზე იმღერებდა ეს ქალი ასე თავგანწირვითო. ვფიქრობდით, სხვადასხვა ვერსიაზე ვმსჯელობდით და მერე სიტყვასიტყვით გვითარგმნიდა რა იყო პიაფის ნამდვილი სათქმელი.

თამრიკო ხოჭოლავა

გვეუბნებოდა, რომ ამქვეყნად ორი რამეა ყველაზე მნიშვნელოვანი: მუსიკა და ლიტერატურა, რადგან, როცა ადამიანს ყველაზე ძალიან უჭირს ან ულხინს, ლიტერატურას და მუსიკას ადამიანის საკუთარი თავისგან შორს წაყვანა შეუძლიაო.

უცნაური იყო, გვაბნევდა და ყველა ჩვენს ცოდნას თავდაყირა აყენებდა. აკი სხვები ამბობდნენ, რომ მთავარი „წარმატებაა“, მათემატიკის და ქართული ენის ოლიმპიადებში გამარჯვება და ნათელი მომავალი? ჰო, კიდევ, თუ წარმატებულები არ ვიქნებოდით, „დავიჭერდით ხელში თოხს და ვიქნებოდით ბოსტნის და ყანის ამარა“ – ასე ამბობდნენ სხვა მასწავლებლები.

ეს თოხი საერთოდაც იყო ყველაზე საზარელი რამ, რაც გველოდა ცხოვრებაში, თუ წარმატებას არ მოვიპოვებდით.

რა იყო ეს წარმატება? რით გახარებას და რით კარგად ყოფნას მოიაზრებდა? – ეს ზუსტად არ ვიცოდით, მაგრამ იგრძნობოდა, რომ წარმატებაში იგულისხმებოდა საკუთარი კაბინეტი, გახამებული პერანგი და კარგი ხელფასი. მოკლედ ყოვლად მოსაწყენი რამეები.

თამრიკოსთან აღმოვაჩინეთ, რომ თოხი მშვენიერი რამეა. ბებიაჩვენიც თოხნიდა ბოსტანს, მაგრამ საქმეს არ გვაკარებდა, დილით როცა ვიღვიძებდით, ყველაფერი დამთავრებული ჰქონდა. თამრიკოს თოხი კი სულ სხვანაირი იყო: გაზაფხული რომ დგებოდა, გაკვეთილზე მისულებს ამწვანებულ ეზოში გაგვლალავდა, შრიალა ხეებს შორის გაბმულ ჰამაკში მივესვენებოდით, მაგნიტოფონს ეზოში გამოიტანდა და მთელი ხმით რთავდა ჟორჟ მოჟეს ფრანგული ენის და ცივილიზაციის სახელმძღვანელოს ტექსტების ხმოვან ვერსიებს.

უშუქობაში ელემენტებზე მომუშავე მაგნიტოფონიდან ხმა გვიყვებოდა პარიზელი დუპონების ოჯახის მოგზაურობაზე კანადაში, დუპონების მამის უთავბოლობის გამო აეროპორტში ბარგის დაკარგვასა და მერე მიწერ-მოწერებზე პარიზს და კანადას შორის ბარგის დასაბრუნებლად.

„oh, a la fin, nous sommes au Canada!“- გაიძახოდნენ დუპონები მაგნიტოფონიდან.

„გეეთრიეთ იქით თქვე გასაწყვეტლებო“ – ინდაურებს უყვიროდა ღობის იქით თამრიკოს მეზობელი.

„თქვენ უსმენთ, მე ამასობაში ვთოხნი. თან მიყურეთ, რა სრულყოფილად ვავლებ ბოსტნის კვლებს!“ – გვეტყოდა ჩვენი ფრანგულის მასწავლებელი და წითლად გალაქული ფრჩხილებით ხელთათმანებში წაყოფდა ხელებს, პაწაწინა თოხს იქნევდა და იქნევდა, ჯინსის შარვალსა და ჭრელ პერანგში გამოწყობილი.

„ნახავთ აქ რა მშვენიერი ოხრახუში, პიტნა და ღვთაებრივი მწვანე ხახვი მომივა!“ – გაიძახოდა თამრიკო. იქეთ დუპონების ხმა არ ჩერდებოდა, აქეთ უსწორესი კვლები ევლებოდა და ევლებოდა პატარა თოხით. ჰამაკის თავზე კი ყვავილებიდან ახალთავგამოყოფილი ტყემლებით დახუნძლული ტოტები ირხეოდა და სამოთხეს ჰგავდა ფრანგულის მასწავლებლის ეზო.

თამრიკოს ეზო

„ლუქსემბურგის ბაღშიც არ იქნება ასეთი წესრიგი, ჩემს ბაღში რომ არის! ამ ნარგიზებს შეხედეთ, კამელიებს უყურეთ რა დღეში არიან! აზალიები?! გახსოვდეთ, ისე უნდა იმუშაოთ, რომ ბოსტანში ხახვის თესვის მერე 1 საათშიც რომ გეძახდნენ მეჯლისზე, სულ მოწესრიგებულები უნდა იყოთ, ამიტომ ვარ მე გასაოცარი ქალი, ასე შემიძლია! ჰოპ!“ – და წაიძრობდა სამუშაო ხელთათმანებს, დაასრულებდა მუშაობას ბოსტანში, დუპონების კასეტაც დამთავრდებოდა, შევიდოდა სახლში და ორ წუთში სუნამონაპკურები გამოვიდოდა, რომ გამოეკითხა, რა გავიგეთ მოსმენილი ამბებიდან.

მოგვწონდა თამრიკოს პატარა და ყოვლისშემძლე თოხი: კიტრი-პომიდვრის, წიწმატის და ოხრახუშის ბუჩქების მომყვანი. რატომ იყო ასე საშიში თოხი? – ვერაფრით ვიგებდით.

თამრიკოს ბოსტანი

თანატოლებს რომ ვუყვებოდით იმაზე, რომ მოსმენითაც ვსწავლობდით ფრანგულს, ალმაცერად გვიყურებდნენ.

მერე თამრიკო ამბობდა, რომ დიდი ბრძოლა გადაიტანა, სკოლის დირექტორი რომ დაერწმუნებინა მოსმენით სწავლის მნიშვნელობაში. მთის პატარა სოფლის დირექტორი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ სწავლების ასეთ მეთოდზე არ სმენია. ფრანგულის მასწავლებელი კი უკან არ იხევდა და არწმუნებდა, რომ ასე ასწავლიან საფრანგეთშიც! ფილმებში და ტელევიზორში ჰქონდა ნანახი!

დირექტორი არ ნებდებოდა და ჯიუტად იქნევდა თავს იმის ნიშნად, რომ თამრიკოს არ ჰქონდა უფლება მაგნიტოფონით და დინამიკებით ევლო სკოლაში გაკვეთილზე, რაღაც კასეტების ჩასართავად.

ბევრი წელი რომ გავიდა, უცხო ენის მოსმენით სწავლა თანამედროვე მეთოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სავალდებულო კომპონენტად იქცა. ამ ამბავს თამრიკო ამაყად ჰყვება.

„გახსოვს, ჯერ კიდევ როდის ვიყავი პროგრესული?“ – ამბობს და ყურმილის მიღმა ალბათ შლაპის ბუმბულს ისწორებს.

„თამრიკოსთან დადიხართ ფრანგულზე?“ „უი, უცნაური ქალი რომ არის მაგასთან?“ „რას და როგორ გასწავლით, აბა მოყევით“, „უი, ეგ ის ქალია, ბაზარში ყველის საყიდლადაც რომ შლაპით და პირბადით დადის?“ – ათას რამეს გვეკითხებოდნენ თამრიკოზე, როცა იგებდნენ, რომ ფრანგულში გვამეცადინებდა.

უცნაურობად წითლად და ყვითლად შეღებილი თმა, ბუმბულიანი შლაპები, შლეიფიანი კაბები და მაღალქუსლიანი, მწვანე ფეხსაცმელები მიიჩნეოდა. ბაღდათში, პატარა, პროვინციულ ქალაქში, სადაც ყველას შავი და ნაცრისფერი ეცვა, თეთრ ყვავობად ითვლებოდა ყველაფერი ფერადი. მით უმეტეს – 90-იანებში.

ჩვენ კი ყველაზე კარგად თამრიკოს გაკვეთილებზე ვგრძნობდით თავს. როცა მის უცნაურ ჩაცმულობაზე ქირქილებდნენ, მაშინ პირველად მივხვდით, რომ ვინც გიყვარს და მოგწონს, შეიძლება სხვებს საერთოდ არ მოსწონდეთ, შეიძლება ძალიანაც არ მოსწონდეთ, მაგრამ ასეთ დროს უნდა დაიცვა, რაც შენთვის ძვირფასია.

ბევრს იბრძოდა, რომ სკოლაში ესწავლებინა ბავშვებისთვის ფრანგული. ქალაქის დიდ სკოლებში არ უშვებდნენ, არ შეიძლებოდა მასწავლებელს სკოლაში ცმოდა ფერადი სამოსი და ევლო ბუმბულებიანი შლაპით. არადა, ჩვენი მასწავლებელი ამას არ თმობდა. „მე სხვანაირი ქალი ვარ, სახლიდან გასვლამდე უნდა მოვირთო, ჩემი დანახვა დღესასწაული უნდა იყოს!” – ამბობდა თამრიკო.

საკუთარი სახლიდან ხუთ სოფელს გაივლიდა და მეექვსე, მთიანი სოფლის პატარა სკოლაში მუშაობდა. დაატარებდა მაგნიტოფონს – ახლა იქ უნდა მოესმინათ ბავშვებს ნამდვილი ფრანგების ხმით მოყოლილი პარიზის ამბები.

„იცი, როგორი ამძივებული მაქვს საქმე ჩემს სკოლაში? ყველგან ჩემი წესრიგია! შემოქმედებითი წესრიგი. ხან ვმღერით, ხან ვთამაშობთ ფრანგულად. აბა, მარტო ტექსტი და კითხვა-მოყოლა? ბავშვები სულგანაბულები მელოდებიან, ეს მიხარია, თორემ რისთვის მოვიკლავდი თავს იმ კლდე-ღრეში“, – ამბობდა თამრიკო, როცა სოფლის სკოლაში მუშაობდა.

თამრიკო ახლაც ბაღდათში ცხოვრობს. მისი პატარა დემნა გაიზარდა და შვედეთში წავიდა სასწავლებლად. ჩვენმა ფრანგულის მასწავლებელმა ქვეყნიერება მოიარა შვილთან ერთად, პარიზშიც იმოგზაურა. გამოსცა 4 პოეტური კრებული, თარგმნის გიიომ აპოლინერის, ჟაკ პრევერის, სილი პრუდომის, პოლ ელუარის, პოლ ვერლენის, ჟერმენ ნუვოსა და სხვა ფრანგი ავტორების ნაწარმოებებს, თანამედროვე ფრანგული სიმღერების ტექსტებს. 2016 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია.

ახლა, როცა ბევრი წელი გავიდა და მხოლოდ სოცქსელებით ვეკონტაქტებით შორს მყოფ ახლობლებს, ჩემს ტელეფონს ხშირად ანთებს მისი ნომერი:

„როდის უნდა ჩამოხვიდე ბაღდათში? დავრგე მეიერის ლიმონი, ფორთოხლები და ციპრო, ყველაფერი აყვავდა, უნდა ნახო! ჩემი ეზო მძივივითაა ასხმული როგორც ყოველთვის. არ ჩამოდიხარ? ეს წყავის ყვავილი და კამელია მერე ჩაკვდება, ახლაა სანახავი!

დაიცა, კამერით დაგირეკავ, გოგრები უნდა განახო, რა მოისხა და რა შევინახე!

ბარემ გიკითხავ აპოლინერის თარგმანს, დიდი ხნის წინ ვთარგმნე:

„მირაბოს ხიდქვეშ მდინარებს სენა

და სიყვარულთან ერთად გვშორდება

მან თავი შენი რად გამახსენა

ან სიხარული გარჯის შემდეგ რად მიდის ნელა…“

რომ ჩავალ, ვიცი ყველაფერი ისევ ისე იქნება. კრიალა ოთახი, ახალი ფრანგული წიგნები, სამზარეულოში მარწყვის კომპოტის ან პიტნის ჩაის წრუპვა, ათას რამეზე ლაპარაკი და ზედმიწევნით მოწესრიგებული ყვავილნარი ეზოში.

კვირაობით კი, როცა პატარა, პროვინციულ ქალაქში დიდი ბაზრობა იმართება, შავთავსაფრიანებს და მუქთმიანებს შორის ხასხასა ყვითელი თმაც ამოცურდება შიგადაშიგ, ბუმბულიანი შლაპით – როგორც უსიტყვო პროტესტი ნაცრისფერ ყოფაზე და ჯიუტი ბრძოლა იმაში დასარწმუნებლად, რომ მზისფერი სჯობს ნაცრისფერს.

„მიჰყევი ხმას“ – კსუ მულტიმედია ცენტრის ახალი პროექტი

„მიჰყევი ხმას“ – ასე ჰქვია პოდკასტების სერიას, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა დაიწყო. როგორც აუდიოსივრცე გვპირდება, აქ ხმებს არამხოლოდ მოვისმენთ, მათ დანახვას შევძლებთ კიდეც.

როგორ უნდა დაინახო ხმა? – ამბავი მაშინ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თუკი ის ხმებითაა მდიდარი. აბა, სცადეთ და წარმოიდგინეთ დილა თბილისის ძველ უბანში, ან სპექტაკლის წინა სასიამოვნო მოლოდინი დარბაზში იმ ხმების გარეშე, რაც ამ ამბებს ასე ახასიათებთ: მეზობლების გადაძახილ-გადმოძახილი და სარეცხის თოკების ჭრიალის ხმა ან  ორკესტრის ორმოდან ამომავალი კაკაფონია.

პოდკასტების წარმოებაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტები უკვე ჩაერთნენ. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და აუდიოგანყოფილება მალე საინტერესო პოდკასტებით დაიტვირთება.

პოდკასტებში უსიტყვოდ, ხმაურებით მოყოლილი ამბები იქნება ერთ-ერთი მთავარი ხაზი. აქ წინა პლანზე ადამიანი, მისი განცდები, ემოციები და გრძნობებია. ეს იქნება მხატვრული, ხანაც რეპორტაჟული ამბებისა და საგანმანათლებლო კონტენტის შემკრები სივრცე. პროგრამის ყველა მაგისტრანტს, საშუალება მიეცემა, შექმნას საკუთარი აუდიოგანყოფილება, გაავლოს შინაარსობრივი ხაზი და სერიებად განათავსოს თემატური პოდკასტები.

რატომ პოდკასტები? – იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ერთი მხრივ, ინტერნეტმა, თითქოს ჩაყლაპა ყველა სხვა დანარჩენი ტრადიციული მედია, მათ შორის – რადიო, თუმცა, მალევე, თავის თავში, გააერთიანა ამ მედიებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი შტრიხები. ასე რომ ხმა, რომელიც ამბის გადმოცემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ატრიბუტია, პოდკასტად დაუბრუნდა მსმენელს.

ახალ პროექტზე უფრო ვრცლად იდეის ავტორი, კსუ-ს მოწვეული ლექტორი, სოფიო კიკვაძე გვესაუბრა.

„თითქოს, ყველაზე მოლაპარაკე მედიას დამატებით ჯადოსნური ელექსირი დაალევინეს და რადიოს ახალი სიცოცხლე გაუჩნდა. პოდკასტი საუკეთესო პლატფორმაა თხრობისთვის: აიღე, თუნდაც, შენი ტელეფონი, ჩართე და ილაპარაკე. ეს, ერთგვარად, პირადი სივრცის განდობაცაა. წარმოიდგინე, მსმენელს უმხელ  საკუთარ თავს, ენდობი, ისიც მიგიხვდება და გენდობა. შენ რომ მისთვის ხარ და ის შენთვის, ამას კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობ“, ამბობს სოფიო.

ის იმასაც გვიმხელს, რომ რამდენიმე პოდკასტს მსმენელი სულ მალე მოუსმენს. მათ შორის, ერთ-ერთი მისი ფავორიტი „წუთი_სოფელშია“, რომელიც მხოლოდ ხმაურებით გვიყვება ამბავს.

„პოდკასტი მხოლოდ ხმაურებით გვიყვება ამბავს. შენ მას, თუნდაც, მაღალი კორპუსის რომელიღაც სართულზე მოუსმენ და, მომენტალურად, მასთან წაგიყვანს სოფელში. ასევე, უკვე შეიქმნა პოდკასტი – „მიას კვატები“. მია, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა, ვერც ლაპარაკობს, მაგრამ დამიჯერეთ, თქვენ ყველაფერს გაიგებთ“, გვიყვება სოფიო.

აქვს თავისი ხმა განათლებას, განტვირთვას, გართობას, სპორტს, პანდემიასაც კი?! – CIU-ს მულტიმედია ცენტრში გვარწმუნებენ, რომ აქვს.

„რატომ უნდა „მიჰყვე ხმას“? – ასე მგონია, თუ  ხმებს მივყვებით, ერთმანეთს ვიპოვით და უფრო ბედნიერები ვიქნებით. ჰოდა, გამოჰყევით ხმას, გაავლეთ უხილავი ტრაექტორია და მოდით თქვენს აუდიოსივრცეში, ჩვენ აქ დიდი სიამოვნებით გელოდებით!“ – გვეუბნება სოფიო კიკვაძე.

სამუშაო-მოსამზადებელი პროცესი მალე დასრულდება და კსუ მულტიმედია ცენტრი პოდკასტების ფართო „ასორტიმენტით“ ერთგულ მსმენელებს თავის აუდიოსივრცეში უმასპინძლებს.

რა იწვევს გულძმარვას და როგორ ვუმკურნალოთ მას – გასტროენტეროლოგის რჩევები

პერიოდული გულძმარვა, ე.წ. იჟოგა საკმაოდ ხშირად აწუხებთ ადამიანებს. უმრავლესობას გულძმარვით გამოწვეულ დისკომფორტთან გამკლავება სახლის პირობებშიც შეუძლიათ. თუმცა გახშირებული გულძმარვა, რომელიც ინტენსივობისა და სიმძაფრის გამო ყოველდღიურ საქმიანობაშიც გიშლით ხელს, შესაძლოა უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს. რა იწვევს გულძმარვას, როდის უნდა მივმართოთ ექიმს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ სახლის პირობებში გულძმარვის სიმპტომების გასაქრობად, ექიმი გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე გვესაუბრება.

  • რა არის გულძმარვა, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

გულძმარვა ეს არის წვა, პაციენტები უჩივიან მკერდის ძვლის უკან წვის შეგრძნებას. განისაზღვრება, როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსი ანუ კუჭის შიგთავსის უკან, საყლაპავისკენ დაბრუნება. საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ის თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია. რაც შეეხება სიმპტომებს, წვის გარდა თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, დისკომფორტი, შეიძლება ახლდეს ღებინება, თუმცა იშვიათად. ძირითადად ეს არის წვისა და დისკომფორტის შეგრძნება საყლაპავის მიდამოში.

  • რა სიხშირით გულძმარვა არის საყურადღებო, როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

როდესაც გულძმარვის სიმპტომები შემაწუხებელი ხდება და თვის განმავლობაში სამჯერადად მაინც აწუხებს წვის შეგრძნება ადამიანს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

  • რამდენად შესაძლებელია გულძმარვა იყოს ცალკე, დამოუკიდებელი პრობლემა, თუ ის აუცილებლად სხვა დაავადების სიმპტომია?

პირველი, რაც უშუალოდ იწვევს გულძმარვის განვითარებას, ეს შეიძლება იყოს არაჯანსაღი ცხოვრების წესი, როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით იღებს ალკოჰოლს, გაზიან სასმელებს. გულძმარვის ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება იყოს სიგარეტის მოწევა, ცხიმიანი საკვები რაციონში. გულძმარვა ასევე  ვითარდება მაშინ, როცა მუცელშიდა წნევა იზრდება, ეს უმეტესად ჭარბწონიან ადამიანებსა და ორსულებში ხდება. ასევე იმ ადამიანებში, რომელთაც მწოლიარე მდგომარეობაში უყვართ საკვების მიღება, რადგან ამ დროს არ ხდება სფინქტერის კარგად დახურვა.

ის დაავადებები, რომელთაც ძირითადად გულძმარვა ახლავს, შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. პირველ რიგში, რაც განსახილველია, ეს არის კუჭისა და თორმეტგოჯას ანთებითი პროცესები ანუ გასტრიტი, დუოდენიტი და წყლულოვანი დაავადებები, რომლებითაც უშუალოდ არის განპირობებული ეს სიმპტომი.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს გახშირებულ გულძმარვას?

ეს არის სიმპტომი, რომელიც თან ახლავს სხვა დაავადებებს, სხვა პრობლემებს. ეს სიმპტომი რიგ შემთხვევებში შესაძლოა საკმაოდ საგანგაშოც იყოს იმიტომ, რომ ბევრი უფრო სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს, როგორიცაა: საყლაპავის ეროზიები, საყლაპავის წყლული, ანთებითი პროცესები, რაც რეფლუქს-ეზოფაგიტის სახელით არის ცნობილი და შორეული გართულება არის ბარეტის ეზოფაგიტი, რომელიც სიმსივნის წინარე მდგომარეობად მიიჩნევა.

ანატომიურად/ფიზიოლოგიურად რომ განვიხილოთ, საყლაპავში არის ტუტე გარემო, კუჭში არის მჟავე გარემო, საყლაპავსა და კუჭს შორის არის სფინქტერი (მომჭერი/ჩამკეტი კუნთი), როდესაც ვეღარ ახერხებს მოდუნებას და ეს ტონუსი დაქვეითებულია, არ იხურება სფინქტერი კარგად. ამ დროს კუჭის შიგთავსი ადის საყლაპავში, ანუ მჟავე გარემოს ასვლა ხდება ტუტე გარემოში. შესაბამისად იწვევს ცვლილებებს, პირველი რიგის გამოვლინება ეს არის ანთებითი პროცესი.

  • რა რეკომენდაციები არსებობს გულძმარვის სამკურნალოდ სახლის პირობებში?

უნდა გვახსოვდეს, რომ გულძმარვის სიმპტომები ერთჯერადადაც თუ იჩენს თავს, ეს არის ორგანიზმის საპასუხო სიგნალი რაღაც პრობლემაზე და ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი რეკომენდაცია ამ დროს არის დიეტა, კვების რაციონიდან აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც იწვევენ გულძმარავს: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები, მწარე, მჟავე, ცხარე, აგრეთვე ცხიმიანი საკვები. უვნებელი საკვები სასურველია დღის განმავლობაში მიირთვათ ოთხჯერადად, მცირე ულუფებით.

იმ პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ გულძმარვა, უნდა ჰქონდეთ მაღალი სასთუმალი, თითქმის მჯდომარე მდგომარეობაში უნდა იძინებდნენ. როდესაც მჯდომარე მდგომარეობაშია ადამიანი, საყლაპავში კუჭის შიგთავსი ვერ გადადის. არ შეიძლება დახრითი მოძრაობები, მუცლის კუნთების ზედმეტად დატვირთვა ვარჯიშით (იგულისხმება მუცლის პრესი).

რაც შეეხება სიმპტომების მკურნალობას, ამ დროს გამოიყენება მჟავის დამაქვეითებელი პრეპარატები და საკმაოდ ცნობილი ჯგუფი მედიკამენტების – პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.

MayoClinic: პროდუქტები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ გულძმარვას:

  • ცხარე საკვები
  • ხახვი
  • ციტრუსები
  • ტომატიანი პროდუქტები (მაგ. კეჩუპი)
  • ცხიმიანი ან შემწვარი საკვები
  • პიტნა
  • შოკოლადი
  • ალკოჰოლი
  • გაზიანი სასმელები
  • კოფეინის შემცველი სხვა სასმელები

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი – USCGC HAMILTON-ი (WMSL 753) შემოვიდა, რომელიც ნავსადგურს პირველად ესტუმრა.

მთავრობის ინფორმაციით, ხომალდს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.

„ნავსადგურში შემოსვლამდე ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების – “დიოსკურიასა” და “ოჩამჩირეს” მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა.

აშშ-ს სამხედრო წვრთნები ბათუმში

სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს, ძებნა-გადარჩენის პროცედურებს და აშშ-ს ხომალდის კუთვნილი ვერტმფრენის გამოყენებით სხვადასხვა სასწავლო ელემენტს. ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას“, – ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, დაგეგმილია ეკიპაჟის წევრების ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC).

„ამერიკელი კოლეგები კი ქართულ დელეგაციებს ხომალდ “ჰამილტონზე” უმასპინძლებენ“.

აშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 6 მაისს დატოვებს.

ბათუმელები, რომლებიც დღეს „სინოფარმით“ აიცრნენ – „შიშით ვერ ვიცხოვრებთ“

სერა ძნელაძე ბათუმელი ფოტოგრაფია. მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეს, 4 მაისს, გაიკეთა. სერა ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასამარცხებლად აცრაა.

„მე პირადად ნებისმიერი ვაქცინის მომხრე ვარ. მიმაჩნია, რომ ვაქცინაციით უნდა შევუწყოთ ხელი ვირუსების დამარცხებას. ყველა რომ გაჯიუტდეს და არ აიცრას, მაშინ გადავშენდებით და ეს არის. ლოგიკურია, რომ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანმა ახლა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაიკეთოს ვაქცინა.

მომბეზრდა ცხრა საათზე სახლში ჯდომა და ისედაც, ამდენი შეზღუდვა არც ბიზნესს არგია, არც ადამიანის ჯანმრთელობას. მშვიდად მაინც ვიქნები,“ – ამბობს სერა ძნელაძე.

„სინოფარმი“ ამ დროისთვის ათეულობით მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული. „მოდი, ვიქნები მეც მათ რიცხვში,“ – ამბობს ფოტოგრაფი.

სერა გვეუბნება, რომ ვაქცინებთან დაკავშირებულ ყველა სანდო წყაროს გაეცნო და მას აქვს ნდობა, თუმცა სამედიცინო პერსონალის განწყობები ჯერ კიდევ ასამაღლებელია.

„სანამ გამიკეთებდა ვაქცინას, ექთანმა პირჯვარი გადაიწერა – „ღმერთო მიშველეო“ და მერე გამიკეთა ვაქცინა. ამას სხვა რომ შესწრებოდა, ხომ გაბრუნდებოდა უკან.

მე ფეისბუქზე ფოტოებიც იმიტომ დავდე, რომ პირველ რიგში ჩემი მეგობრებისთვის მინდოდა მაგალითი მიმეცა. ვაქცინაცია აუცილებელია და ყველა უნდა ავიცრათ, თორემ, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ლოდინში კორონა მოგვისწრებს,“ – ამბობს სერა ძნელაძე.

დღეს „სინოფარმით“ აიცრა ჟურნალისტი ნაზიბროლა რეხვიაშვილიც.

„კარგად ვგრძნობ თავს. ვაქცინაცია იმიტომ გადავწყვიტე, რომ მიმაჩნია, ეს არის გამოსავალი. ჩვენი ორგანიზაცია ანტივაქსერული კამპანიის ნარატივზე მუშაობს და გვაქვს განწყობა, რომ აუცილებლად უნდა გავიკეთოთ ვაქცინა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი და დასასრული კოვიდპანდემიის. სხვა ხსნა არ არსებობს.

რაც შეეხება „სინოფარმს“, იმიტომ ავიცერი, რომ ბევრ ინფორმაციას ვეცნობი, რაც ქვეყნდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და იქაც არის საუბარი, რომ უკუჩვენებები არ აქვს ამ ვაქცინას.

ამ გარემოში, ისედაც ყველაფერი რისკია, შიშებით ხომ არ ვიცხოვრებთ. თანაც ხელმისაწვდომი ჩვენთვის მხოლოდ ეს ვაქცინა იყო,“ – ამბობს ნაზიბროლა რეხვიაშვილი.

ნაზიბროლა ამბობს, რომ ვაქცინა ონლაინ დაჯავშნა. ვაქცინაციის შემდეგ ნახევარ საათზე მეტი ხნით ხდება მოსაცდელ ოთახში დაყოვნება, მანამდე ანკეტას ავსებენ. „სასურველია, რომ ვაქცინაციაზე უზმოზე არ მივიდეს ადამიანი,“ – ამბობს ნაზიბროლა.

„სინოფარმით“ აიცრა საჯარო პოლიტიკის ადმინისტრატორი, ტრენერი სოფლის განვითარების მიმართულებით, ასლან ართმელაძეც.

„ვფიქრობდი, რომ როცა ჩემი ასაკის ადამიანებისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი ვაქცინა, მაშინ ავიცრიდი, რადგან მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის გარდა სხვა შანსი არ გვაქვს, დროს ვერ გავწელავთ, რადგან ისედაც გაიწელა ამ აკრძალვებით.

„სინოფარმი“ ამ ეტაპზე ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც ახალგაზრდებისთვისაა ხელმისაწვდომი. „სინოფარმს“ სხვადასხვა სტატისტიკით კარგი შედეგები აქვს, 79-86 პროცენტამდე აქვს დაცვის მაჩვენებელი. ვიცი, ვირუსი არ გადამედება და თუ გადამედო, მაგ შემთხვევაშიც მცირდება გართულებების რისკი,“ – ამბობს ასლან ართმელაძე.

მისი თქმით, ბევრია ვაქცინაციის მიმართ ნეგატიურად განწყობილი, თუმცა ასლანი ფიქრობს, რომ ვაქცინას დღეს ალტერნატივა არ აქვს.

„34 მლნ გაკეთდა ჩინეთში და ერთი იყო თრომბოზის შემთხვევა. ეს თითქმის არაფერია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არც სხვებს უნდა ჰქონდეთ გართულება, თუ რაიმე ალერგიული რეაქცია არ აწუხებთ“.

ასლან ართმელაძე ამბობს, რომ მისი მეგობრებიც აპირებენ აცრას.

ამ დროისთვის საქართველოში „სინოფარმის“ ასი ათასი დოზაა შემოტანილი, ჯავშანი კი 18 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში დღეს დაიწყო.

___

ამავე თემაზე

კოვიდზე აცრის შემდეგ მოქალაქე 45 წუთი უნდა დარჩეს კლინიკაში

„დინამო“ ბათუმი VS თბილისის „დინამო“ – მატჩი ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე

ეროვნული ლიგის მატჩი დინამო ბათუმისა და თბილისის დინამოს შორის 8 მაისს, ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება.

პანდემიის გათვალისწინებით, მატჩზე დასასწრები ბილეთები სალაროში არ გაიყიდება. ბილეთების შეძენა შეზღუდული რაოდენობით, tkt.ge -ზე იქნება შესაძლებელი.

ინდურ შტამზე დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ქვეყანაში ინდური შტამის არსებობის შესახებ. თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ინდური შტამიც დაფიქსირდეს.

„ამ ინდურ შტამზე ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, რადგან ინდოეთში ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული, იქ პრევალირებს ბრიტანული შტამი. ის ეგრეთ წოდებული ორმაგი მუტაცია, ინდურ შტამს რასაც ეძახიან, არის, მაგრამ ის არის უმცირესობაში.

უმრავლესობაში არის ბრიტანული შტამი. ამიტომ, რაღაც დროის შემდეგ ეს შტამები ყველა ქვეყანაში გაჩნდება და ამის გამო ბუას ნუ შევქმნით,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს, 4 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, ჯერჯერობით ვაქცინები მეტ-ნაკლები ეფექტურობით ფარავენ მუტირებულ შტამებს.

გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 100 ათასი დოზა სინოფარმია შემოტანილი, დაჯავშნილია 18 ათასი დოზა.

მიმდინარე კვირაში მძღოლების, მთავრობისა და პარლამენტის წევრების ვაქცინაცია დაიწყება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც ჩაერთვებიან.

„ვაქცინაციის პროცესში, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად, დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული პირები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს ე.წ მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. ასევე სხვადასხვა ტიპის შეღავათების გავრცელება იმ პირებზე, ვისაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი,“- განაცხადეს დღეს, 4 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4-11 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია გამოცხადებული. შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო მიმოსვლას.

„გუმბათი გორგასალზე“ – საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის ცენტრალურ პარკთან ახლოს

პროექტი „გუმბათი გორგასალზე“  გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურითა და დახვეწილი დიზაინით. კომპლექსი მდებარეობს ბათუმის პრესტიჟულ უბანში, ცენტრალურ პარკთან ახლოს.

მშენებლობა ხორციელდება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში და 100%-ით დაფინანსებულია.

ფასადი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, ძვირადღირებული კერამიკით, აგურისა და ხის ფაქტურის მასალით, რაც ეფექტურია ქალაქის კლიმატურ პირობებში.

კომპლექსს აქვს რესეფშენი – 24/7 და მასთან დაკავშირებული სერვისები.

ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესი დასრულებულია და მიმდინარეობს შიდა მწვანე კარკასის სამუშაოები. აპარტამენტები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში.

ჩვენთან არის მოსახერხებელი გადახდისა და შიდა უპროცენტო განვადების პირობები, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ პარტნიორი ბანკის იპოთეკური სესხით.

ვაშენებთ ყველგან, სადაც საქართველოა.


საკონტაქტო ინფორმაცია: 557 500 500; 555 100 100
ელექტრონული ფოსტა: welcome@gumbatigroup.ge
გაყიდვების ოფისი: ქალაქი ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის N1

მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები 13 მაისამდე არ იმუშავებს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის 12 მაისის  ჩათვლით, არ იმუშავებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები.

„გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ სერვისებით [მ.შ. ელექტრონული] სარგებლობისას,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

„აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტები მუშაობენ კალენდარული კვირის ყოველ დღეს [საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით], კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულ უქმე დღეებში, 2021 წლის 4, 5, 6, 7,  8, 10, 11 მაისს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.  ამასთან, სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით  განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, 2021 წლის, 4, 5, 6, 7, 10, 11 მაისს, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299  [09:00 საათიდან -18:00 საათამდე], ასევე ისარგებლოთ – RS ჩათის მეშვეობით ან ელექტრონული ფოსტით: info@rs.ge

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი უქმე დღეებადაა გამოცხადებული. უქმე დღეა 12 მაისიც.

 

აჭარაში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 4 მაისის მონაცემები

4 მაისის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 110 პაციენტი, დღემდე აჭარაში გამოჯანმრთელებულია 38 290 პაციენტი.

ამავე პერიოდში კლინიკა დატოვა 39-მა პაციენტმა. კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) 8 პაციენტი.

აჭარაში კლინიკაში მკურნალობს 414 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -217 , ხოლო ონლაინკლინიკაში – 687 პაციენტი.

სამინისტროს ინფორმაციით აჭარაში სულ 3916 პირი აიცრა. აქედან „ფაიზერით“ – 2466, ხოლო „ასტრაზენეკათი“ – 1450.

ვაქცინაციაზე ამ დროისთვის აჭარაში არის 2563 ჯავშანი, მათ შორის „ფაიზერზე“ – 868, „ასტრაზენეკაზე“ – 550, ხოლო „სინოფარმზე“ – 1150 ჯავშანი. აჭარაში პირველ ეტაპზე 2017 დოზა „სინოფარმია“ შემოტანილი.

დღეს, 4 მაისს, საქართველოში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

4 მაისის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა 788 ახალი შემთხვევა.

რა წერია ჯანმოს ექსპერტების რეკომენდაციებში ჩინური სინოფარმის შესახებ

საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 788 ახალი შემთხვევა

4 მაისის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოვლინდა 788 ახალი შემთხვევა.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 313742 , ბოლო 24 საათში – 788
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 295458 , ბოლო 24 საათში – 1206
  • მათ შორის გარდაცვლილი – 4183 , ბოლო 24 საათში – 20
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9790, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4802, PCR ტესტით – 4988
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,05%, ბოლო 14 დღის – 5,02%, ბოლო 7 დღის – 5,74%
  • კარანტინის რეჟიმში – 89
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 788

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარაში – 106, იმერეთში – 64, ქვემო ქართლში – 43, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 76, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 14, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1075, მათგან 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 376, აჭარაში – 469, იმერეთში – 424. 

ამ ეტაპზე  811 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 87, იმერეთში -102.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი, მათგან თბილისში – 93, აჭარაში – 11, იმერეთში – 9.

788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458 – თბილისში, 303 – აჭარაში.

9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღეს, 4 მაისს, საქართველოში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

ამ თემაზე:

რა წერია ჯანმოს ექსპერტების რეკომენდაციებში ჩინური სინოფარმის შესახებ

 

300-500 ადამიანის აცრა, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე – გამყრელიძე

დღეს, 4 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. აცრის შემდეგ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან ვაქცინაციის პროცესზე კომენტარი გააკეთა.

მისი ინფორმაციით, 15 მარტის შემდეგ (სწორედ ამ დღეს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი საქართველოში), 45 ათასზე მეტი აცრაა გაკეთებული.

„45 ათასზე მეტი აცრიდან 25 ათასი ასტრაზენეკაა, 13 ათასი – ფაიზერი და ფაიზერის მეორე დოზით უკვე 6 ათასი ადამიანია აცრილი. ანუ მათ უკვე აქვთ სრული აცრა.

დღეიდან დაიწყო ასევე აცრა ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით“, რომელიც უკვე საკმაოდ აპრობირებული აცრაა. 45 ქვეყანაში მიმდინარეობს ამ ვაქცინით აცრები. ის დამზადებულია ე.წ. ტრადიციული ტექნოლოგიით, რომელსაც ყველა თქვენ მიჩვეული ხართ,  ბევრს გაკეთებული გაქვთ ამ ტექნოლოგიით ბავშვობის დროს აცრები. ეს არის ე.წ. ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200 მილიონი დოზა უკვე არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელს მსოფლიოში. მოგეხსენებათ ჩვენთან ის შემოვიდა აპრილში 100 ათასი დოზა და დღეიდან იწყება აცრა,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან „აცრების და იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დასრულდება“.

„მთავარი გზა, პანდემიის დასრულებისკენ გადის ჩვენს ჩვევებზე. ყველას გვიკეთია ნიღბები. მივეჩვიეთ ამას არა. აუცილებელია და დაგვჭირდება კიდევ გარკვეული პერიოდი. მაგრამ თუ ჩვენი მოსახლეობის 60 % აიცრება ორჯერ, ჩვენ  გარეთა სივრცეში ამ ნიღაბს მოვიხსნით. თუ ჩამოგვიყალიბდა კოლექტიური იმუნიტეტი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მივიდნენ იმუნიზაციის ცენტრებში და აიცრან,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის იმუნიზაცია მოქმედებს საქართველოს 91 სამედიცინო პუნქტში და 137 ბრიგადა მუშაობს.

„დღემდე საშუალო გვქონდა 1200-1500 აცრა დღიურად. დღეს უკვე, ჯავშნების მიხედვით, 2800-მდე ადამიანი უნდა აიცრას სამივე ვაქცინით ქვეყანაში. უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის ოდენობა მაის-ივნისში იყოს 5000 დღეში.

ჩვენი მიზანია ჯანმრთელი საქართველო, რომ ყოველდღიურად აღარ იყოს 10-15-20 ადამიანის გარდაცვალება კოვიდით.

ხაზს ვუსვამ, 300-500 ადამიანის აცრა, ეს არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. ამიტომ ყოველდღიურად თუ აიცრება 300-500 ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვზოგავთ ერთი ადამიანის სიცოცხლეს და გადავარჩენთ მას,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რა წერია ჯანმოს ექსპერტების რეკომენდაციებში ჩინური სინოფარმის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) ჩინურ ვაქცინა “სინოფარმთან” დაკავშირებით ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებათა შეფასება გამოაქვეყნა. Sinopharm/BBIBP -ს დოკუმენტაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში 29 აპრილს დახურულ შეხვედრაზე განიხილეს, ექსპერტების შეფასება კი 3 მაისს, საღამოს გახდა ცნობილი.

ამ დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში.

ექსპერტთა ჯგუფი:

  • დარწმუნებულია, რომ BBIBP-CorV– ის ორი დოზა ეფექტიანია მოზრდილებში (18-59 ასაკობრივ ჯგუფში) COVID– 19 პრევენციის თვალსაზრისით.
  • ზომიერად დარწმუნებულა, რომ მოზრდილებში (18-59 ასაკობრივ ჯგუფში) სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი BBIBP-CorV ერთი ან ორი დოზის დროს დაბალია.
  • არაა დარწმუნებული, რომ ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის პრევენციისთვის 60 და ზემოთ ასაკის მოქალაქეებში.
  • არ ენდობა მტკიცებულებებს, რომ ვაქცინის ორი დოზა ეფექტურია PCR– ით დადასტურებული COVID-19 პრევენციისთვის თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში.

შეფასებაში ასევე წერია, რომ სინოფარმის ვაქცინით აცრისას გვერდითი მოვლენების უმრავლესობა იყო სუსტი ან საშუალო: ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი იყო ტკივილი ინექციის არეში, თავის ტკივილი და დაღლილობა.

სინოფარმის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 13,765–მა ადამიანმა, ორ შემთხვევაში გამოვლინდა სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს აცრას (ძლიერი გულისრევა და ანთებითი დემიელინიზაციის სინდრომი). ყველა მწვავე ალერგიული რეაქცია BBIBP-CorV ჯგუფში იყო 1 და 2 ხარისხის, ანაფილაქსია არ დაფიქსირებულა.

დოკუმენტის მიხედვით, ექსპერტთა ჯგუფს მტკიცებულებები აკლია საიმისოდ, რომ ზუსტად დადგინდეს, როგორი დაცვა აქვს სინოფარმის ვაქცინას კოვიდის მძიმე მიმდინარეობისას; როგორია დაცვის ხანგრძლივობა, საჭიროა თუ არა დამატებითი (ე.წ. ბუსტერი) დოზა; როგორი დაცვა აქვს კოვიდის იმ ვარიანტებისგან, რომლებიც ბოლო დროს შეშფოთების საგანი გახდა მსოფლიოში; რამდენად უსაფრთხოა ორსულების შემთხვევაში; რამდენად უსაფრთხოა და როგორი კლინიკური დაცვა აქვს ხანდაზმულ ადამიანებში, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებსა და სხვა ქვეჯგუფებში;

ჯანმო სინოფარმის ვაქცინის ავტორიზაციის შესახებ დასკვნას, მათივე განცხადებით, მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.

ამავე თემაზე: ყველაფერი, რაც ამ დრომდე ვიცით “სინოფარმის” ვაქცინაზე

ამირან გამყრელიძე ჩინური “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” აიცრა.

საქართველოში “სინოფარმით” ვაქცინაცია დღეს, 4 მაისს, იწყება. თუმცა ვაქცინას ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს მიღებული.

ჯანმომ თავისი გადაწყვეტილება “სინოფარმის” შესახებ  უახლოეს ხანში უნდა გამოაქვეყნოს.

“სინოფარმით” ვაქცინაციაზე რეგისტრაცია საქართველოში ერთი კვირის წინ დაიწყო.

ზვიად ქორიძე: პოლარიზებული მედიის ველიდან ყველაზე მეტად გარიყულია საზოგადოება

„ყველა ტიპის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემა ჩვენ გვაქვს იმიტომ, რომ ამ თემებზე არ მიდის დისკუსია. ყველაფერი დაიყვანება მხოლოდ პრიმიტიულ შეფასებებამდე: „ყველაფერში დამნაშავეა ხელისუფლება“ ან „ყველაფერში დამნაშავეა ოპოზიცია,“ – გვითხრა მედიაექსპერტმა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა ზვიად ქორიძემ, როცა მას ქართული მედიის გამოწვევებზე ვესაუბრეთ 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს.

ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ მთავარი გამოწვევა დღეს საზოგადოებაა, რომელიც საქართველოში პოლარიზებული მედიაგარემოს დღის წესრიგში უფრო და უფრო უკანა პლანზე გადადის.

  • ბატონო ზვიად, ბევრჯერ გვისაუბრია მედიის გამოწვევებზე: პოლარიზებული გარემო, სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემები, ფინანსური გამჭვირვალობა… რამდენად შეიცვალა ეს გამოწვევები დღეს? 

ბევრი კვლევა და მედიამონიტორინგი აჩვენებს იმას, რომ მედიის მდგომარეობა პრაქტიკულად იმეორებს თავის თავს და ისევ ვაწყდებით მედიის პოლარიზების პრობლემას. რა არის ეს პოლარიზება, რაზეც ასე გაუთავებლად ვსაუბრობთ? ეს არის ის, რომ თავისი სარედაქციო პოლიტიკის გამო პოზიციონირებას იწყებენ მედიასაშუალებები ერთი ან მეორე რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების გარშემო. რა თქმა უნდა, მედიასაშუალებები, რომლებსაც აქვთ მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და კრიტიკული მიდგომა მტკივნეული პრობლემების მიმართ, მთლიანობაში მათი სარედაქციო პოლიტიკა ეხმიანება იმ პოლიტიკური ოპოზიციური ძალების განწყობებს, რომლებიც ცდილობენ ხელისუფლების ცვლილებას დღეს. მეორე ნაწილი მედიისა ახლოსაა მთავრობის პოზიციებთან, მათი სარედაქციო პოლიტიკა არის მთავრობის განწყობების, დამოკიდებულებების გამოხატულება.

აი, ასეთ ვითარებაში საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში ძალიან უჭირს სწორი პოზიციონირება. ეს არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის ბრალი, მაგრამ მოქალაქეებს არ სურთ მხოლოდ ორტონალობაში დაინახონ  ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი, მათ სურთ მრავალფეროვანი მედია. ამ მრავალფეროვანი მედიის დეფიციტია დღეს და ეს არის, ჩემი აზრით, მუხრუჭი ჩვენი საზოგადოებრივი განვითარებისთვის.

  • არის ამ პოლარიზების შედეგი ისიც, რომ მოქალაქეები უპირისპირდებიან გარკვეულ შემთხვევაში ჟურნალისტებს, თუ მიიჩნევთ, რომ ეს ადამიანები მხოლოდ ხელისუფლების წახალისებით მოქმედებენ, როცა ისინი ჟურნალისტებს თავს ესხმიან? 

ბუნებრივია, როდესაც არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ მოსწონს მის მიმართ კრიტიკული შინაარსის მქონე მედია, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აგრესია ამ მედიასაშუალებების და ჟურნალისტების მიმართ. ამიტომაც, მათი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები მთლიანად არის მომართული ცალკეული ჟურნალისტების, თუ პროდიუსერების ან არხის მიმართ, რომ არსებობდეს რადიკალური განწყობები. მერე ეს აისახება ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს, რომლებსაც შესაძლოა არც კი ახალისებდეს მთავრობა აგრესიული ქმედებისკენ, თავისთავად, ბუნებრივად უჩნდება ეს აგრესია. ეს, რა თქმა უნდა, არის ის მექანიზმი, რომელზეც ხელისუფლება გვეტყვის ყოველთვის: „მე რა შუაში ვარ?“, მაგრამ ჩვენ ხომ განყენებულად არ განვიხილავთ ამა თუ იმ მოვლენას? ჩვენ ვსაუბრობთ კონტექსტზე. კონტექსტი ასეთია: ხელისუფლება ქმნის შეუწყნარებლობის გარემოს, სადაც ადამიანები აგრესიული ქმედებით გამოხატავენ დამოკიდებულებას, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკაში ჯდება.

ყველაზე გახმაურებული შემთხვევა „ვახო სანაიას საქმეა“ – ღამის საათებში ადამიანებმა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს გასწორებოდნენ მას, რომ ამოიცნეს. რატომ შეიძლება ადამიანს დაუწყო ჩხუბი შუაღამისას, რომელსაც უჭირს, მანქანა გაუფუჭდა, რატომ უნდა სცემო ადამიანს? მაგრამ ზუსტადაც აი ეს მომენტი, რომ ეს ის ჟურნალისტია, რომელიც არ აწყობს ხელისუფლებას, შესაბამისად, ის არ შეიძლება მაწყობდეს – უპირისპირდება ჟურნალისტს და სცემს.

მეორე მხრივ, ხელისუფლებისგან წახალისებული საზოგადოებრივი ჯგუფები იწყებენ ამ ადამიანების დაცვას. ეს ნიშნავს იმას, რომ წავახალისოთ ასეთი ქმედება, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ასეთი რამ თუ მოხდა, ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც იტყვიან, რომ ამ ადამიანების დასჯა არ შეიძლება. ეს არის ირიბად პოლიტიკური განზომილება, რომელშიც იმყოფება ხელისუფლება.

ყველაზე მარტივი ფორმა ამ მედიაპოლარიზაციის არის მაგალითად ის, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ არხებზე თქვენ ვერ ნახავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს და კრიტიკულად განწყობილი მედიის სივრცეში ვერ ნახავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. როცა ხელისუფლება არ აძლევს ინტერვიუს ან კომენტარს რომელიმე მედიასაშუალებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის სურვილი. ამ პოლიტიკური პოლარიზების ველიდან ყველაზე მეტად გარიყულია საზოგადოება.

  • ხელისუფლება და ოპოზიციაც ორივე სტუმრობს, მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, თუმცა არ არის დისკუსია. ეს რას აჩვენებს თქვენი დაკვირვებით? 

მე ვერ ვიხსენებ საჯარო დებატს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, ან აჭარის ტელევიზიის ეთერში, როდესაც ისაუბრეს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე. დებატი ნიშნავს იმას, რომ იქ ისმება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მას პასუხობს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია, ისინი ერთმანეთს ეპაექრებიან და არის საზოგადოებისთვის კარგი სივრცე, რომ კარგად დაინახოს მტყუან-მართალი, ვისკენ შეიძლება გადაიხაროს მისი განწყობები. მაუწყებელი, პირველ რიგში, იქნებოდა სწორედაც იმაზე ორიენტირებული, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს ოპოზიციას, პრობლემები, რომლებიც აქვს ხელისუფლებას და აქვს პოზიციები, ყოფილიყო დეტალურად გარჩეული.

ეს არის იმის მაჩვენებელიც, რომ საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება ყველა ტიპის მედიას გადააქვს უკანა პლანზე. თუ დავაკვირდებით დღევანდელი მედიის სარედაქციო პოლიტიკას, მის შინაარსს, კარგად დავინახავთ, რომ ასეთი არაპლურალისტური გარემოს პირობებში ყველაზე მეტად ზარალდება მოქალაქე, საზოგადოება. ეს არის ყველაზე მწვავე პრობლემა დღეს.

  • ხედავთ ამ მოთხოვნას საზოგადოებაში, რომ მას სურს მეტი დოზით მიუკერძოებელი და პლურალისტური სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალება? 

დარწმუნებული ვარ, რომ კი. ამას შესაძლოა კვლევები სჭირდებოდეს, თუმცა ის კვლევები, რომლებსაც სანდოობის ან ყურებადობის თვალსაზრისით აქვეყნებენ სოციალური სამსახურები, ერთი შეხედვით და ზედაპირულად იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ მოქალაქეებს აქვთ ძალიან მძაფრი დეფიციტი ასეთი პლურალისტური მედიასივრცის. შესაბამისად, ეს პირდაპირ აისახება პოლიტიკურ გარემოზეც. ეს აისახება სოციალურ გარემოზეც. ის, რაც არის დღეს ჩვენი საზოგადოების პრობლემები, რომ გააჩეროთ ქუჩაში 50 ან 100 ადამიანი, დავინახავთ იმას, რომ ყველაზე მეტად ამ პრობლემების მოუგვარებლობა მდგომარეობს იმაში, რომ არ არის სათანადო დონის დემოკრატიული გარემო და საზოგადოება ვერ იღებს იმ სიკეთეებს, რასაც, დემოკრატიის არსებობის შემთხვევაში, ყოველთვის უნდა იღებდეს. ჩემი დაკვირვებით, ყველა ტიპის პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური პრობლემა გვაქვს იმიტომ, რომ ამ თემებზე არ მიდის დისკუსია, ყველაფერი დაიყვანება პრიმიტიულ შეფასებამდე, რომ „ამ ყველაფერში დამნაშავეა ხელისუფლება“ ან „ამ ყველაფერში დამნაშავეა ოპოზიცია“.

  • როგორ შევინარჩუნებთ ამ ვითარებაში თავისუფალ მედიას? ჩვენ ვხედავთ ფაქტს – აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი, რომელსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს, მისი საქმის განხილვას უკვე 2 წელია არც კი იწყებს სასამართლო. 

ეს თემა არის მტკივნეული და უკავშირდება სამართლიანი სასამართლოს პრობლემას. დემოკრატიას, პირველ რიგში, დაიცავს მუდმივი სიფხიზლე. თუ ჩვენ წავუყრუებთ ამ პროცესს და ვერ დავინახავთ რისკს, არაფერი გამოვა. ისე კი არ გავთვალოთ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება, რომ აი, ჩემთვის რა იქნება კარგი, არამედ რამდენად კარგი იქნება ეს დემოკრატიული გარემოსთვის – ეს მიდგომა უნდა იყოს.

ნათია კაპანაძის ორი წლის წინანდელი ისტორიაც რომ გავიხსენოთ, ალბათ, ცოტათი მიდგომა რომ ყოფილიყო საზოგადოებაში და თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაშიც, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით კი არ მივიღო, ჩემთვის რა იქნება კარგი, არამედ მივიღო იმისთვის: რამდენად იქნება ეს დემოკრატიული პროცესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, ასეთი მიდგომა თუ იქნებოდა, გაცილებით უკეთესად წავიდოდა პროცესი.

მთავარი ბერკეტი, რაც დაგვიცავს ჩვენ ამ რისკებისგან, არის თავად ჩვენი აქტიურობა, სხვა არაფერი.  მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ძალიან მკაფიო პოზიცია, რატომ არის ეს დასაცავი, რატომ არის დემოკრატიის დაცვა საჭირო. თუ მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ, რომ ეს მე არ უნდა შემეხოს, მაშინ აუცილებლად წავაგებთ, ხოლო თუ უფრო გლობალურ კონტექსტში შევხედავთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

როგორ გაემგზავრა უპატრონო დალმატინელი ბათუმიდან ფლორიდაში – ამბავი ისააკზე

დალმატინელის ჯიშის ძაღლი, რომელიც საქართველოში უპატრონო იყო და შიმშილისგან ძვლებად იყო ქცეული, ამერიკის შეერთებულ შტატებში აიყვანა ოჯახმა.

ისააკი – ახლა უკვე ასე ჰქვია ხვად დალმატინელს, რომელიც გასული წლის ზაფხულში სოფლის გზაზე ეძებდა ლუკმას. როგორ აღმოჩნდა ძაღლი ქუჩაში უცნობია, თუმცა მის შესახებ ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს აცნობეს – „ძაღლი მოგვაშორეთო“.

დადგენილი წესის თანახმად, ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს კასტრაციისა და ვაქცინაციისთვის. ამის შემდეგ ის ისევ ქუჩაში აღმოჩნდებოდა, რომ არა ბათუმელი აქტივისტების ძალისხმევა.

დალმატინელი ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში

თეონა ყურშუბაძე, ბათუმელი მასწავლებელი, რომელიც პროფესიას მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას უთავსებს, ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელთაც ძაღლზე ზრუნვა დაიწყეს.

„თავშესაფრის დირექტორი დაგვიკავშირდა ამ ძაღლის თაობაზე. სანახავად წავედით მე და ირინა ოვჩარენკო [ბათუმელი აქტივისტი, რომელიც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავს]. ისეთი გამხდარი იყო, 13 კილოს იწონიდა ძაღლი. გადავწყვიტეთ წამოგვეყვანა, მიგვეხედა და ისე გაგვეჩუქებინა“  – იხსენებს თეონა ყურშუბაძე.

თეონას და ირას ძაღლი თავშესაფრიდან მოჰყავთ. 2020 წლის ზაფხული

იგი გვიამბობს, რომ მალე უპატრონო დალმატინელით დაინტერესდა ბათუმელი, ამჟამად აშშ-ში მცხოვრები ოლგა ბიდიხი. ოლგამ მიმართა შტატებში არსებულ დალმატინელის ჯიშის ძაღლების გადარჩენის ჯგუფს, რომელიც ამ შემთხვევით დაინტერესდა და ძაღლის გადარჩენაში ჩაერთო ორგანიზაციის პრეზიდენტი ფატი დანე. სწორედ მან დაარქვა ძაღლს სახელი – ისააკი.

დალმატინელი ბათუმში, შემფარებელთან გადაიყვანეს და მისი მოვლა ფინანსურად ამერიკულმა ორგანიზაციამ უზრუნველყო. ბათუმელი აქტივისტები დეტალურად აწვდიდნენ ინფორმაციას  აშშ-ში ორგანიზაციას ძაღლის მდგომარეობის შესახებ, დაიწყო დალმატინელის შტატებში გასამგზავრებლად საბუთების შეგროვების პროცესი, რომელსაც ძირითადად ირინა ოვჩარენკო უწევდა ორგანიზებას.

ისააკი 3 თვეში უნდა გამგზავრებულიყო შტატებში, თუმცა პანდემიის გამო 3 თვე 8 თვედ იქცა. როგორც კი ფრენები განახლდა, ისააკი ბათუმიდან უკვე თბილისში გაგზავნეს, სადაც მის გადარჩენაში კიდევ ერთი ადამიანი, ლია სოლოლაშვილი ჩაერთო, რომელმაც ძაღლი გამგზავრებამდე შეიფარა.

ლია სოლოლაშვილი და ისააკი აეროპორტში, ამსტერდამში გამგზავრებამდე

საბოლოოდ, ძაღლის ტრანსპორტირების საკითხი გადაწყდა. ოლგა ბიდიხმა შეიძინა ბილეთი ამსტერდამამდე იმ ადამიანისთვის, ვინც ისააკს წაიყვანდა, მანვე გადაიხადა ისააკის ტრანსპორტირების თანხა, ამსტერდამიდან კი ძაღლი შტატებში ჩაიყვანეს.

2 მაისს დალმატინელი ისააკის გადარჩენის და დაბინავების ოპერაცია წარმატებით დასრულდა. აშშ-ში ისააკს დახვდა ფატი დანე, დალმატინელების გადარჩენის ჯგუფის პრეზიდენტი.

ისააკი და ფატი დანე

ძაღლი ფლორიდაში, ქალაქ მაიმიში აიყვანა ოჯახმა, რომელსაც სახლში კიდევ ერთი დალმატინელი, სახელად ლაქი ჰყავთ. 2 დალმატინელის შეხვედრამ კარგად ჩაიარა და ლაქი და ისააკი დღეს უკვე ერთად თამაშობენ.

უპატრონო ძაღლის ახალი ცხოვრება

ბათუმში, სადაც ათასობით მიუსაფარი ძაღლია, არც თუ იშვიათად შეხვდებით ე.წ. ჯიშიან ძაღლებსაც.  ხშირად ლეკვი აჰყავთ, შემდეგ მასზე ზრუნვაზე უარს ამბობენ და ძაღლს ქუჩაში ტოვებენ.

ისააკი არ არის ერთადერთი დალმატინელი, რომელიც თავშესაფარში მოხვდა. ცოტა ხნის წინ ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში მიიყვანეს ყრუ დალმატინელი, რომელზეც პატრონმა უარი თქვა. იგეგმება ძაღლის თბილისში გადაყვანა, მანამდე კი ყრუ ძაღლი შემფარებელთანაა.

„ჯოხის ეშინია საშინლად ყრუ დალმატინელს. ვისთანაც გვყავს დატოვებული, იმან მიამბო, რომ ჯოხი გადაუგდო სათამაშოდ და საშინელი წკავწკავი ატეხა ძაღლმა ჯოხის დანახვაზე.  როგორც ჩანს, ჯოხით სცემდნენ ძაღლს. ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ბევრია“ – გვითხრა თეონა ყურშუბაძემ.

______________

მთავარ ფოტოზე: დალმატინელი ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში და იგივე ძაღლი მაიამში, ახალ ოჯახში.

Exit mobile version