მთავარი,სიახლეები

ლაზები ორ ქვეყანაში და ენა, რომელიც ქრება 

06.12.2018 • 18808
ლაზები ორ ქვეყანაში და ენა, რომელიც ქრება 

ავტორები: მანანა ქველიაშვილი; აიდან იუსუბოვა

„ლაზების გეოგრაფიულ განსახლებას თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ სულ მთაგორიან ადგილებში სახლობენ, ზღვასთან ახლოს. სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი და საკმარისი მიწა არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ლაზებისთვის ზღვა არის ქვე-ყანა. ანუ ყანაც არის და ქვეყანაც. თუ მეგრელ კაცს მიწაზე მოჰყავს თავისი სარჩო, ლაზებს ღმერთმა ზღვა მოგვცა. ლაზი ზღვაში გადის და თევზს იჭერს,“ –  ასე იწყებს მირიან ნუმანიშვილი საუბარს ლაზებზე.

მირიანი ლაზია. ცნობილი მენავე საქართველოს შავიზღვისპირეთში და შეიძლება უკანასკნელი მენავეც – ხის ნავის დამზადების იმ ცოდნას, რომელიც მირიანს აქვს, საქართველოში სხვა არავინ ფლობს.

„ნავი ვაშლის ყუთივით არ იჭედება. თავისი საიდუმლოებები აქვს, თუ როგორ უნდა გადააჭედო ფიცრები ერთმანეთს, ძელი როგორ უნდა შეაერთო… ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა ვუყურებდი როგორ ჭედავდნენ ნავს. ბაბუაჩემი მეთევზე კაცი იყო, მამაჩემიც. სულ ზღვაში იყვნენ. თევზს იჭერდნენ და მაგით ცოცხლობდნენ. მამაჩემი სულ ნატრობდა – ნეტა ადრე დაბადებულიყავი და ადრე დაგეწყო ნავების კეთება, რომ თევზი ერთად დაგვეჭირაო. 70-80-იან წლებში თბილისში ვსწავლობდი. მაშინ სარფში განთქმული მენავე ალი ხორავა ცხოვრობდა, შაბათ-კვირას როცა ჩამოვდიოდი, ვიდექი და ვუყურებდი. მერე მეც დავიწყე.  ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე და აი, მოვედი დღემდე…“, – ამბობს მირიანი.

მირიანს უნდოდა თავისი ცოდნა ახალი თაობისთვის გადაეცა, მაგრამ „დიდად არც აინტერესებთ. წარმოიდგინეთ,  მე ვჭედავ ნავს, მოსწავლე ტელეფონს უყურებს. ასე არ ისწავლება ეს საქმე“.

მირიან ნუმანიშვილი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მირიანის თქმით, მეთევზეობის ტრადიციაც გაქრა სარფში. ლაზები ზღვაში აღარ გადიან და თევზს აღარ იჭერენ. მისი სახლი ზღვის პირას დგას, ზღვისგან ცენტრალური მაგისტრალი ჰყოფს, თუმცა ხუთ წელზე მეტია ზღვაში ნავით არ გასულა.

„სარფში ლაზი ბავშვები გვეზრდება, ბავშვებმა კი იციან, რომ ლაზები ოდითგანვე ზღვასთან იყვნენ დაკავშირებული, მაგრამ ინტერესი უქრებათ. არანაირი პირობები, რომ გახვიდე და ნავით ითევზაო ან ისეირნო, არაა. არცერთი ნავსაყუდელი არაა მთელს შავი ზღვის სანაპიროზე, სარფიდან ბათუმამდე. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს პატარ-პატარა ნავსაყუდელები – თუ ზღვაში თევზი არ იქნება, ტურისტებისთვის გასასეირნებლად გამოიყენებ, ძალიან კარგი იქნება. ტრადიციებიც არ დაიკარგება და ახალგაზრდა თაობაც დაინტერესდება, რადგან შემოსავალს მოიტანს,“ – ამბობს მირიანი.

სეიჰან ოზქანი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

80 წლის სეიჰან ოზქანი თურქეთის შავიზღვისპირეთში უხუცესი მენავეა. თურქეთის ქალაქ ხოფაში, ვისაც არ უნდა ჰკითხო, უსტა სეიჰანის შესახებ, ყველა მიგასწავლის პორტში მის ადგილსამყოფელს.

უსტა სეიჰანი ლაზია. 45 წელია ნავებს აკეთებს. თავიდან ავეჯის ხელოსანი იყო. 35 წლის ასაკში ავეჯის კეთებას თავი დაანება და ნავების აშენება დაიწყო. ამბობენ, რომ საუკეთესოა თავის საქმეში. წლების მანძილზე დამოუკიდებლად, მხოლოდ ხელით, ათი ნავი აქვს აშენებული. ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოიტანა – ბოლო ორი ათეული წელია მხოლოდ ხესთან დაკავშირებულ ნაწილს აკეთებს ხელით. დანარჩენი უკვე სპეციალური დანადგარების და მათი გამოყენების ცოდნის საქმეაო ამბობს. უსტა სეიჰანი უკანასკნელი მენავეა ხოფაში.

„ხოფაში ჩემ გარდა სხვა აღარავინ ამზადებს ნავებს. ადრე ბევრნი ვიყავით, მაგრამ აღარ არიან, გარდაიცვალნენ. თანამედროვე ნავები შემოვიდა, ხის ნავებს აღარ იყენებენ, ამიტომ ახალგაზრდობას აღარ აინტერესებს შენება,“ – ამბობს სეიჰან  ოზქანი.

უსტა სეიჰანის თქმით, უნდოდა თავისი ცოდნა ახალი თაობისთვის გადაეცა, მაგრამ არ გამოუვიდა.

„ხუთი-ექვსი მოსწავლე მყავდა, მაგრამ დიდად არ აინტერესებდათ ეს საქმე. რადგან შემოსავლიანი საქმე არაა, ამიტომაც მოთხოვნა არაა ამ სპეციალობაზე. ადრე ნავების შენებით ოჯახს არჩენდი, ახლა უფრო ჰობი გახდა. ასე თუ გაგრძელდება, გაქრება ეს კულტურა,“ – ამბობს სეიჰან  ოზქანი.

ქემალ ოზემი: “ბადის ქსოვა მამამ მასწავლა. აქ ყველა მამისგან სწავლობს ხელობას. 20 წელია რაც ამას ვაკეთებ. თუმცა ახლა ახალგაზრდებს დიდად აღარ აინტერესებთ ეს საქმე.“  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მირიანი და სეიჰანი ორივე ლაზია, ორივე მენავე, ორივე საუბრობს ლაზურად. თუ მირიანს ლაზური სიტყვის დაწერა დასჭირდება, ამისთვის ქართულ ანბანს გამოიყენებს, სეიჰანი კი – ლათინურს.

ლაზური ქართველური ენაა, რომელზეც სხვადასხვა მონაცემებით დღეისათვის 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. ამათგან, საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 2 ათასი ლაზი ცხოვრობს. მათი ძირითადი განსახლების არეალი აჭარაში, სარფი-კვარიათის ტერიტორიაა. რაც შეეხება თურქეთს, ლაზები ართვინის, რიზესა და ტრაბზონის პროვინციებში ცხოვრობენ. ისტორიული ლაზეთი დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია. ლაზური ენა იუნესკომ საფრთხის წინაშე მყოფი ენების ჯგუფში შეიყვანა.

ორივე ქვეყანაში მცხოვრებ ლაზებს საერთო პრობლემა აქვთ – ლაზური ენა ქრება. ლაზი ახალგაზრდები ვეღარ/აღარ ლაპარაკობენ ლაზურად.

„ჩვენს ახალგაზრდებს ლაზური ესმით, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ – არ აქვთ ლაზურთან ხშირი შეხება. ლაზური ისე აღარ არის აქტუალური, როგორც ადრე იყო. ახლა ხუთი პროცენტი თუ საუბრობს ლაზურად. სახლებში არავინ ლაპარაკობს. ამიტომ ლაზური კულტურაც თითქმის იკარგება. ზუსტად ენა არის ის, რაც კულტურას აცოცხლებს. განსაკუთრებული კულტურაც მგონი აღარ დაგვრჩა. ერთადერთი, ქორწილში ლაზურად მღერიან და ეგაა. თუმცა ყველა ამასაც აღარ აკეთებს,“ – ამბობს სეიჰან ოზქანი.

„გურამ კარტოზია იყო, პროფესორი კაცი. 50 წლის წინ სარფში ჩამოვიდა. მაშინ თქვა – ლაზების ამბავი წასულიაო. ბავშვი შემხვდა ქუჩაში, ლაზურად „ვაი დედა, ვაი დედას“ ტიროდაო. სარფში „ვაი დედათი“ კი არა, „ვაი ნანათი“ უნდა იტიროსო“. ასეა, ლაზური ენა იკარგება. უფრო და უფრო ნაკლები ახალგაზრდა ლაპარაკობს ლაზურად,“ – ამბობს მირიან ნუმანიშვილი.

თურქეთი, არჰავი. არჰაველი ლაზი მეთევზეების საზაფხულო სახლები ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თურქეთში, შავი ზღვის პირას გაშენებულ ქალაქ არჰავის უმეტესი მოსახლეობა ლაზია. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში შემონახულია ლაზური კულტურა. ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლისას, აუცილებლად შეგხვდებათ რაიმე ნივთი, რომელიც ლაზებთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ხეზე შესრულებული ლაზი ქალის პორტრეტი, რომელიც ჩაის კრეფს, ძველი ლაზური სახლის მაკეტი თუ ლაზური საკრავი. არჰავის ცენტრში ავტოსადგურს ლაზური სახლის ფორმა აქვს. ლაზური არქიტექტურის დეტალებს შეხვდებით ადგილობრივ კაფეებსა და სახლის კედლებზეც. ლაზებს თურქეთში ეთნიკური უმცირესობის სტატუსი აქვთ.

ლაზური არქიტექტურით აგებული ავტოსადგურის შენობა არჰავში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

არჰაველი მეთევზე და მისი ცოლი მეთევზეთა საზაფხულო სახლში არჰავი, თურქეთი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ოსმან შაფაქ ბუიქლი ლაზია. არჰავში ცხოვრობს. მასთან ლაზურ ენაზე სასაუბროდ მივედით. სამი წიგნი აქვს დაწერილი ლაზურად. ამბობს, რომ მის შვილებს ესმით ლაზური, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ. ისე, როგორც ახალგაზრდა თაობის უმრავლესობა.

„ლაზური სკოლაში ბოლო დროს დაემატა, როგორც არჩევითი საგანი მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე. არსებობს, მაგრამ შესაბამისი ყურადღება მაინც არ ექცევა. ზოგი ბავშვი ირჩევს ამ საგანს, ზოგი – არა. მშობლებს არ აინტერესებთ, რომ მათმა შვილებმა ისწავლონ ლაზური. მომავალში რაში უნდა გამოიყენონო? – ასე ფიქრობენ. ამის გამო მშობლიურ ენას არ ასწავლიან ბავშვებს, ინგლისური ურჩევნიათ,“ – ამბობს ოსმან შაფაქ ბუიქლი.

ოსმან შაფაქ ბუიქლი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ოსმანის თქმით, საქართველოსა და თურქეთში მცხოვრებ ლაზებს შორის ენობრივად მცირედი განსხვავებაა, მაგრამ ერთმანეთის ესმით. როცა ორი ლაზი შეხვდება ერთმანეთს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ლაზურად ილაპარაკონო – ამბობს.

რაც შეეხება საქართველოს, სარფელი ლაზების თქმით, იმის გამო, რომ სახელმწიფომ ან რომელიმე ჯგუფმა სეპარატიზმი არ დასწამონ, არც აქამდე გამოუთქვამთ ინიციატივა ლაზური ენის სკოლაში სწავლებაზე და არც მომავალში აპირებენ ამას. ლაზები ფიქრობენ, რომ ენის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა ოჯახში ლაზურად ლაპარაკია.

თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებს ლაზურ ენაზე სხვადასხვა ლიტერატურაზე მიუწვდებათ ხელი. მათ შორის შეუძლიათ ლაზურად წაიკითხონ ზღაპრები პინოქიო და ჩექმებიანი კატა.  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

არჰავი. ქალს გამოჰყავს ხეზე ლაზური ორნამენტი  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ვინ არიან ლაზები

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეებში ლაზებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ქართველი მეცნიერები ლაზებს ქართველების ერთ-ერთ შტოდ მიიჩნევენ. ჭანეთ-ლაზეთიც ისტორიულად ქართული სახელმწიფოს ნაწილად არის ცნობილი.

ანტიკური ხანიდან ჭანეთი კოლხეთის სამეფოს ეკუთვნოდა. მომდევნო ხანაში, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, პირველი საუკუნისათვის, კოლხეთში შედიოდა ტერიტორია ტრაპიზონის აღმოსავლეთით, მათ შორის, რიზეს მხარე, აგრეთვე, ჭოროხის ხეობის დასავლეთი. საუკუნეების მანძილზე ეს მხარე იყო მუდმივი ბრძოლების არეალი. ისტორიული ლაზეთის ტერიტორია ხან იყო საქართველოს შემადგენლობაში და ხან არა. დღეს მოქმედი საზღვრები 1921 წელსაა დადგენილი.

1921 წლის 16 მარტს მოსკოვში, საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის, ხოლო იმავე წლის 14 ოქტომბერს ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებსა და თურქეთს შორის გაფორმებულმა ყარსის ხელშეკრულებამ, საქართველოს სამხრეთი საზღვრების უკანასკნელ პუნქტად სოფელი სარფი აღიარა. 1926 წლამდე საზღვრის ზუსტი დემარკაცია არ მომხდარა. საზღვრის დამდგენმა კომისიამ 1926 წელს საზღვარი სოფელ სარფის შუაში გაავლო. სარფის ერთი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა, ხოლო მეორე ნაწილი – საქართველოს შემადგენლობაში დარჩა [ბსუ – ქართველოლოგიის ცენტრის სამეცნიერო ნაშრომი “სარფი”].

თუ საქართველოში მყოფ ლაზს ჰკითხავ თავის იდენტობას, ის აუცილებლად გიპასუხებთ, რომ ქართველია. ხოლო თუ იგივე კითხვას თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ლაზს დაუსვამთ, ის გეტყვის, რომ ლაზია, ხოლო მისი მშობლიური ენა ლაზურია.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სოფელ სარფში  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ორად გაყოფილი სოფელი

საზღვრის დემარკაციამ სოფელი სარფი და იქ მცხოვრები ლაზები ორად გაყო. ამ გაყოფით გაიყო ოჯახებიც. ნათესავები ერთმანეთს დაშორდნენ იმის გამო, რომ საბჭოთა საქართველოს თურქეთთან საზღვარი ჩაკეტილი ჰქონდა. სარფის ქართულ მხარეს დღემდე იხსენებენ, როცა ჩვენთან ვინმე მოკვდებოდა, გასვენების დღეს, გაღმა გორაზე იკრიბებოდნენ თურქეთის მხარეს დარჩენილი სარფელები და ასე მიაგებდნენ პატივს მიცვალებულსო.

სოფელი სარფი, თურქეთის მხარე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ნოდარ კაკაბაძე ლაზია. 14 წლამდე მას რაფეთ კაბა მემედ ოღლი ერქვა. მისი ოჯახი, ისე როგორც სარფის მოსახლეობის უმრავლესობა, თურქულ გვარს ატარებდა.

„როდესაც ოსმალები შემოვიდნენ აჭარაში, გადაწყვიტეს მოსახლეობის აღწერა. ხელი შეეშალათ იმიტომ, რომ ქართული გვარები ჰქონდათ ლაზებს. ამიტომ ყველას შეუცვალეს გვარები. ჩემი წინაპრების მაგალითზე რომ გითხრათ: სამი ძმა იყო – მემედი, ოსმანი და ალი. მათ შთამომავლებს გვქონდა გვარები – აბა მემედ ოღლი, ანუ მსხვილი მემედის შვილები, კაბა ოსმან ოღლი, ანუ მსხვილი ოსმანის შვილები და ხირა ალი, ანუ სუსტი ალი.

1947 წელს ლავრენტი ბერიამ გამოსცა ბრძანება და აიკრძალა თურქული გვარები და სახელები. სარფის მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ მოუწიათ სახელისა და გვარის შეცვლა. ამჯერად არჩევანი გვქონდა – ვის რა სახელი და გვარიც უნდოდა ის დაირქვა.

ჩვენ, კაბა მემედ ოღლები გავხდით კაკაბაძეები. ხირა ოღლები გახდნენ ხორავები, კაბა ოსმანები, თურქულ მხარეს დარჩნენ და დღემდე კაბა ოსმანები არიან.

ცხადად მახსოვს, მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც ბრძანება მოვიდა, რომ სახელები და გვარები შეგვეცვალა. ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა, კამელია მგელაძემ დამარქვა სახელი. ჩამოგვიარა ბავშვებს – შენ ეს იქნები, შენ ეს გერქმევაო. ჩემთან რომ მოვიდა, დამარქვა ნოდარი. ასე გავხდი რაფეთ კაბა მემედ ოღლი ნოდარ კაკაბაძე,“ – იხსენებს ნოდარ კაკაბაძე.

ნოდარ კაკაბაძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ლაზური ტოპონიმიკა

სარფში ზღვაში შეჭრილ ყველა კლდეს თავისი სახელი ჰქონდა. მეთევზე თევზს რომ დაიჭერდა და ზღვიდან სახლისკენ გზას დაადგებოდა, გზად შემხვედრნი ეკითხებოდნენ, სად დაიჭირე თევზიო.

ისიც პასუხობდა, რომელიმე იმ ქვის სახელს, რომლის მახლობლადაც თევზი დაიჭირა. „ქვაოსპაო – დიდი ქვა იყო, ზღვამ დაანგრია. იმ ქვაზე 5 კაცი დგებოდა და ჭინოთი თევზაობდა. კიდევ იყო ქვაჭაღანა, სეიდოღლის ქვა, ქვაჭკვადეი, სუმჯუმა. დღეს მხოლოდ ქვაომხაზეს ნაწილია  დარჩენილი,“- ამბობს მირიან ნუმანიშვილი.

სარფის პლაჟზე დღეს მხოლოდ ქვაომხაზეა შემორჩენილი –  ზღვაში შეჭრილი საფეხურებიანი ლოდი. ზაფხულობით ამ ქვაზე ტურისტები და ადგილობრივები იყრიან თავს.

„სულ 11  საფეხური ჰქონდა. ჩვენ, ლაზები, როგორც კი ფეხს ავიდგამდით, ცურვასაც ვსწავლობდით. ქვაომხაზეს პირველ საფეხურზე რომ დავდგებოდით, უკნიდან წიხლს მოგვარტყამდნენ, ზღვაში გადაგვაგდებდნენ და მორჩა, უკვე მონათლულები ვიყავით. მეთერთმეტე საფეხური ყველაზე მაღალი და რთულად გადმოსახტომი წერტილი იყო. იქიდან ვინც გადახტებოდა თავით და თან სალტოს გააკეთებდა, ის უკვე პროფესიონალი იყო. ქვაომხაზეს ახლა ის ნაწილი, სადაც მეთერთმეტე საფეხური იყო, აღარ აქვს. ნაპირგამაგრება გააკეთეს და მაგ დროს დაინგრა,“ – ამბობს მირიან ნუმანიშვილი.

ქვაომხაზე – ცნობილი კლდე სარფში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: