ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გონიოელი მეთევზეები: „ზღვის გარეშე გვტოვებენ, მუშაობაში ხელს გვიშლიან“ [Video]

05.05.2021 • 6239
გონიოელი მეთევზეები: „ზღვის გარეშე გვტოვებენ, მუშაობაში ხელს გვიშლიან“ [Video]

„ძველი ისტორიის ნაწილი ვართ, მოვყვებით ამ მეთევზეობას, ვიბრძვით, რომ სახლში პური მივიტანოთ, ვშრომობთ, ვწვალობთ და ამასაც გვართმევენ. ზღვაში მხოლოდ 1 მილის მანძილზე შესვლის უფლება მოგვცეს, თვალით ვსაზღვრავთ ამ მანძილს და თუ გავცდით რამდენიმე მეტრით, მოდის სანაპირო დაცვა, იღებს ბადეს და მიაქვს… სანამ სასამართლო ჩატარდა, შემდეგ პროკურატურიდან არ არის მოსული ცნობა, რომ ბადე დაგიბრუნონო და ვრჩებით ასე უმუშევარი. ვინმე თუ დაგვეხმარება, თუნდაც სახელმწიფო, კარგი იქნება“, – ამბობს გონიოელი მეთევზე, რეზო ბარამიძე.

გონიოში ზღვაში თევზაობა ერთგვარი ტრადიციაა და ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის მთავარი წყაროც იყო. თევზჭერით, როგორც აქაურები ამბობენ, ადრე 200 კაცი იყო დაკავებული და ზღვაში 20-ზე მეტი ნავი შედიოდა. გონიოში დღეს 5-6 ნავი და 15-მდე მეთევზეა შემორჩენილი. მათთვის, როგორც თავად ამბობენ, თევზჭერა შემოსავლის ძირითადი წყაროა.

სანაპირო დაცვამ საზღვარი უნდა დაიცვას, მაგრამ ჩვენს გარეშე ბადეებს იღებენ და მიაქვთ, გვეუბნებიან, რომ ნაპირიდან შორსაა – სიღრმეშია, დარღვევააო… დამირეკე და გამოვალ. შეგნებულად არავინ არღვევს. რამდენჯერმე ვუთხარით დააყენონ ტივტივა და იმის იქეთ არავინ გადავა, ჩვენთვისაც უკეთესია, მაგრამ არ გააკეთეს. ხან ღელვაა, ხან ქარი, დინება და 2 მეტრით იქითაც რომ აღმოჩნდეს ბადე, გინდა არ გინდა გაჯარიმებენ, თან ბადეს გართმევენ. რასაც კანონი ითხოვს ჩვენგან, ყველაფერი გვაქ – ლიცენზია, რაცია, ბადის დანომრილი ტივტივები, განათება, სპეცჟილეტები. სანაპირო დაცვის ნებართვის გარეშე ზღვაში არ შევდივართ. მიუხედავად ამისა, ზოგ მეთევზეს 2-3 ათასი ლარი ჯარიმა აქვს გადახდილი“, – ამბობენ გონიოელი მეთევზეები.

გონიოელი მეთევზეები და მათ მიერ დაჭერილი შავი ზღვის კამბალა, „რომელიც 14 კილოგრამამდე იქნება“, 29.04.2021 / ამ სახეობის თევზი გავრცელებულია შავ, ხმელთაშუა და აზოვის ზღვებში, 90-100 მეტრ სიღრმეზე. კამბალას სიგრძე 1 მეტრს, წონა კი 15 კილოგრამს აღწევს. შავი ზღვის კამბალა მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია.

ზაურ კეჟერაძე

„ისეთი კანონები შემოიღეს და ისეთი ვალდებულებებია, რომ ზოგი ვერ შესწვდა ამ ყველაფერს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბალაგნების ადგილიც აღარ დაგვიტოვეს. ადრე აქ 25 ბალაგანი იყო, სადაც ნავებს და ბადეებს ვინახავდით, სახელმწიფომ მიწა 1 ლარად გაასხვისა, ბალაგნები დაანგრიეს და სასტუმრო და სახლები ააშენეს. ახლა ნავებს პლაჟზე ვტოვებთ. დაგვპირდნენ ბალაგნებისთვის ადგილებს, მაგრამ დღემდე არ გადმოუციათ“, – ამბობს ზაურ კეჟერაძე, გონიოელი მეთევზე.

მეთევზეების თქმით, დაახლოებით 10 წლის წინ და მანამდეც, ზღვაში სათევზაოდ 5 კილომეტრის სიღრმეში შედიოდნენ, თევზიც მეტი იყო და შემოსავალიც. ახლა კი ზღვაში 1 მილზე ანუ ნაპირიდან მაქსიმუმ 1,8 კილომეტრი დაშორებით შესვლის უფლება აქვთ.

გონიოელი მეთევზეები / 29.04.2021 / მეთევზეები ზაფხულში, ქვირითობის დასრულების შემდეგ, ტურისტული სეზონის გამო ვეღარ შედიან ზღვაში. „პლაჟზე ხალხია, შეზლონგები, სკუტერები და ჩვენთვის ადგილი აღარ რჩება“, – გვითხრეს მეთევზეებმა.

„ძირითადად კამბალას, სტავრიდკას და ბარაბულკას ვიჭერთ. როცა შორს შევდიოდით ზღვაში, კამბალას დასაჭერ ბადეს ზღვაში 80-100 მეტრ სიღრმეში ვაწყობდით. ახლა მაქსიმუმ 65 მეტრ სიღრმეზე ვაწყობთ, ამ სიღრმეზე კი შავი ზღვის დელფინები ჩადიან, ებმებიან ბადეში და იღუპებიან. 80 მეტრ სიღრმეში დელფინები არ ჩადიან და არც არასოდეს გაბმულან ბადეში“, – ამბობენ მეთევზეები.

მეთევზეების თქმით, თუ დელფინი ბადეში გაება, სანაპირო დაცვა მათ ამისთვისაც აჯარიმებს.

დავით დევაძე

„60 წლის ვხვდები. ბავშვობიდან ვთევზაობ და ამით ვარჩენ ოჯახს, სხვა არაფერი გამაჩნია, მიწაც არ მაქვს, ამ საქმით ვცხოვრობ. არ გვიწყობს სახელმწიფო ხელს. რასაც გვთხოვენ და რის უფლებასაც გვაძლევენ, იმას ვაკეთებთ. 200 დოლარი რაციაში გადავიხადე, 30-30 ლარი ჟილეტებში. ნაპირდაცვამ ჩემი ბადე ამოიღო ზღვიდან და წაიღო, დელფინი იყოო – შემდეგ მითხრეს. მე არ მინახავს, იქ არც ვყოფილვარ. არადა, ზოგჯერ არის, რომ ქარია, დინებაა და 5 მეტრითაც რომ გადაცილდეს იმ ერთ მილს ბადე, გაჯარიმებენ. დელფინი თუ მოხვდება ბადეში, ეს ჩემი პასუხისმგებლობა არაა, კვირაში ერთხელ ვსინჯავთ ბადეს და მოვხსნიდი და წავიდოდა, მე თავად მეცოდება, მაგრამ ასეთი შემთხვევა პირადად ამ დრომდე არ მქონია“, – ამბობს დავით დევაძე.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ბადე ჩამოართვეს და ვერ თევზაობს, ისიც არ იცის რა პასუხისმგებლობას დააკისრებენ. „სასამართლო არ ვიცი როდის იქნება, ყოველ დღე ველოდები. ადვოკატიც კი ავიყვანე, ხვალიდან მთავრდება თევზაობის სეზონი და დავუცდი სასამართლოს. იმედია, კიდევ უფრო არ შემიშლიან ხელს მუშაობაში, ეს ჩემი სამუშაოა“, – გვითხრა მეთევზემ.

მეთევზეებს „ბათუმელები“ 29 აპრილს შეხვდა. მათი თქმით, პირველი მაისიდან პირველ ივლისამდე თევზაობა, ქვირითობის გამო აკრძალულია. „შემდეგ ტურიზმის სეზონი მოდის და ტურისტებია, პლაჟზე შეზლონგები, სკუტერები და ზღვაში გასასვლელი ადგილიც არ გვრჩება და ვერც გავდივართ სათევზაოდ“, – ამბობენ ისინი.

გონიოს პლაჟთან შემორჩენილი და უფუნქციო ბალაგნები. მეთევზეების თქმით, სასეირნო ბილიკის მოწყობამდე აქ 25 ასეთი ბალაგანი იყო. ტერიტორია, სადაც ეს ბალაგნებია შემორჩენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. 29.04.2021

„გამოგვიყონ ბალაგნებისთვის ადგილი, თუნდაც სახელმწიფომ რომ ააშენოს და დაგვიწესონ ყოველწლიური გადასახადი, ეს საქმე რომ განვითარდეს. ლიმანიც რომ გაკეთდეს ნავმისადგომით. ნახონ ინვესტორი, მოეწყოს ინფრასტრუქტურა და შუქი, წყალი, კანალიზაცია, რაც იქნება გადასახადი გადავიხდით. ახალგაზრდობა ისევ დაინტერესდება და დაუბრუნდება ხალხი მეთევზეობას“, – ამბობს ზაურ კეჟერაძე.

მეთევზეების თქმით, გონიოში, მდინარე ჭოროხის მხარეს არის ტერიტორია, სადაც შეიძლება ლიმანი/ნავმისადგომი გაკეთდეს, საიდანაც ნავებით ზღვაში მშვიდობიანად შევლენ და გამოვლენ.

გონიო / 29.04.2021. ამ არხის შესართავთან სურთ გონიოელ მეთევზეებს სახელმწიფომ მოაწყოს ლიმანი/ნავსაყუდელი. ეს მათთვისაც სასარგებლო იქნება, სახელმწიფოსაც შემოსავალი ექნება და ერთ-ერთ ტურისტულ ობიექტადაც შეიძლება გადაიქცეს [თევზის ბაზარით, კაფე-ბარებით, ზღვაზე ნავით გასეირნების და სხვა სერვისებით]. ეს არხი და შესართავთან პლაჟი ბათუმის, ხოლო მიმდებარე მიწის ნაკვეთები – აჭარის ავტონომიის საკუთრება.

რეზო ბარამიძე

„ღამითაც გვიწევს შესვლა ზღვაში და ამინდი ზოგჯერ ისე იცვლება, რომ ნაპირზე გამოსვლა გვიჭირს. შტორმის დროს ერთ მეთევზეს ფეხიც კი მოტყდა. ადრე დიდი თუ პატარა გადიოდა სათევზაოდ და ლუკმაპურს შოულობდა. ახლა რამდენიმე დავრჩით და ისიც ასაკიანები, რადგან ბალაგნები არაა, ნავის გასაჩერებელი ადგილი არაა, ბადეებიც იგერ-აგერ ყრია გარეთ, ამას უნდა ყველაფერს შენახვა. ეს აკრძალვები, მეთევზეების ინტერესებს არავინ ითვალისწინებს და ახალგაზრდობამ ინტერესი დაკარგა. თუკი გაკეთდება ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, მაშინ ახალგაზრდობა შეიძლება დავაინტერესოთ და მოვაბრუნოთ ზღვისკენ“, – ამბობს რეზო ბარამიძე.

ეს დარგი, ზაურ კეჟერაძის თქმით, კარგად არის განვითარებული მეზობელ თურქეთში, რასაც „სახელმწიფომ შეუწყო ხელი“.

თურქეთი, არჰავი.  არჰაველი ლაზი მეთევზეების საზაფხულო სახლები ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები. გონიოელი მეთევზეები დაახლოებით ამგვარი ნავსაყუდელის/ინფრასტრუქტურის მოწყობას სთხოვენ სახელმწიფოს.

მეთევზეები ამბობენ, რომ რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურას ადრეც მიმართეს, მაგრამ მათი აზრი არავინ გაითვალისწინა.

რას აკეთებს სახელმწიფო მეთევზეობისთვის? – მეთევზეებში სახელმწიფოს ამ ეტაპზე მხოლოდ საზღვაო თევზჭერის ლიცენზიანტებს მოიაზრებს.

„მეთევზეები… ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე საქმიანობენ, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია“, – ასე ასაბუთებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას.

პროგრამის ფარგლებში [2021 წლის 17 მარტის მდგომარეობით] 9 კომპანიას სახელმწიფო ჯამში 13 მილიონზე მეტ ლარს გადაუხდის. ამ კომპანიების შესახებ ვრცლად ნახეთ ბმულზე:

მთავრობა აკვაკულტურის განვითარების მიზნით, ზღვაში [სპეციალურად გამოყოფილ ზონებში] შესაბამისი ფერმების მოწყობასაც გეგმავს. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა უნდა შეიქმნას ზღვაში გონიო-კვარიათის მიმდებარედაც. ეს ზონები კი, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ადგილობრივ თევზმჭერთა ტრადიციულ საქმიანობას.

პროექტის მიხედვით, ასეთი ზონა ზღვაში, რომელიც შემდგომში 20 წლით იჯარით უნდა გაიცეს, გონიოს პლაჟის გასწვრივ იქნება. ზონის საზღვარი კი, ნაპირიდან დაახლოებით 400 მეტრში დაიწყება. გონიოელ მეთევზეებს, რომლებიც ახლა ნაპირიდან 1,8 კილომეტრში გადიან ზღვაში სათევზაოდ, ეს მანძილი 400 მეტრომდე შეუმცირდებათ. ამ მანძილზე კი ზღვაში თევზაობა, გონიოელების თქმით, აზრს საერთოდ კარგავს.

„არავინ მოსულა და არაფერი უკითხიათ, რომ ასე იგეგმება ან ეს უნდა გავაკეთოთო. ახლაც არის აქ კვარიათთან შემოსაზღვრული ადგილი ზღვაში, სადაც 3-4 წელია არ გვიშვებენ სათევზაოდ. კერძო პირისაა, მიდიებს აშენებენ და ტურისტულ სეზონზე იღებენ“, – ამბობენ მეთევზეები.

„მიუხედავად იმისა, რომ ზონის განაპირა ნაწილებში სარფთან და ჭოროხის შესართავთან რჩება მნიშვნელოვანი უბნები, რომლებიც არ ფარავს თევზჭერის ინტერესის ზონას, მარიკულტურის საქმიანობის განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებს სანაპირო თევზმჭერთა შესაძლებლობებს. მეორე მხრივ, საზღვაო ფერმების ლოჯისტიკის და დაცულობის უზრუნველსაყოფად მოსახლეობის და მათ შორის მეთევზეებისათვის გამოჩნდება ბევრი სამუშაო ადგილი, რაც მიცემს მათ შემოსავლებს და გააუმჯობესებს სოციალურ პირობებს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დოკუმენტში.

„ეს ჩვენი ტრადიციაა, მეთევზეები ვართ, ჩვენ როცა ვთვლით საჭიროდ, მაშინ გავდივართ სათევზაოდ და სხვის ფერმაში რა გვინდა სამუშაოდ. ჩვენი შემოსავალი ჩვენ მიერ დაჭერილი თევზია. ჭოროხის შესართავთან თევზაობა საერთოდ აკრძალულია. როცა ისეთ კანონებს იღებენ, რაც თევზაობას, ზღვას უკავშირდება, უნდა შეეკითხონ მეთევზეს, უნდა მოუსმინონ. რახან ასე არ მოხდა, გამოდის, რომ მთავარია ვიღაცებმა ფული გააკეთონ და ჩვენ ყველანაირად გვზღუდავენ. პლაჟიო, ტურიზმიო, ზღვაში გასასვლელი ადგილიც აღარ დაგვიტოვეს. ეტყობა არ უნდათ ტრადიციული მეთევზეობა, როგორც დარგი განვითარდეს ან შენარჩუნდეს მაინც“, – გვითხრეს გონიოელმა მეთევზეებმა.

სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ გეგმაში აღნიშნულია, რომ გონიო-კვარიათის ზონაში „შესაძლებელია გამოიკვეთოს სანაპირო თევზმჭერთა ინტერესები, რომლებიც ისტორიულად ეწეოდნენ თევზჭერას მცირე ზომის ნავებითა და სხვადასხვა თევზსაჭერი საშუალებით [მოსასმელი ბადე, სახლართი ბადე და სხვა].“

ამ თემაზე ვრცლად:

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: