ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი – USCGC HAMILTON-ი (WMSL 753) შემოვიდა, რომელიც ნავსადგურს პირველად ესტუმრა.
მთავრობის ინფორმაციით, ხომალდს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.
„ნავსადგურში შემოსვლამდე ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების – “დიოსკურიასა” და “ოჩამჩირეს” მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა.
სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს, ძებნა-გადარჩენის პროცედურებს და აშშ-ს ხომალდის კუთვნილი ვერტმფრენის გამოყენებით სხვადასხვა სასწავლო ელემენტს. ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას“, – ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, დაგეგმილია ეკიპაჟის წევრების ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC).
„ამერიკელი კოლეგები კი ქართულ დელეგაციებს ხომალდ “ჰამილტონზე” უმასპინძლებენ“.
აშშ-ს სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 6 მაისს დატოვებს.