„მეშინოდა“ – ამ ფრაზას ახსენებენ ყველაზე ხშირად ბავშვები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. მოზარდებს აშინებენ პედოფილები, რომ ჩუმად უნდა იყვნენ და „ეს მათი განსაკუთრებული საიდუმლოა“, რომლის დაძლევასაც მერე ხშირად წლები სჭირდება. მოზარდებს აშინებთ მშობლების და მათი ახლობელი ადამიანების რეაქციაც. მათ აქვთ განცდა, რომ „რაღაც ცუდი მოხდა“.
ჩვენი ერთ-ერთი გმირი 12 წლის ნინია. არც მას სურდა დედისთვის ან ვინმესთვის რამე ეთქვა. მან სასამართლოს ორჯერ მისცა ჩვენება – მეორედ მას შემდეგ, როცა ექსპერტიზამ დასკვნა დადო. ნინი საბოლოოდ მოჰყვა სრულად, რა მოხდა დეკემბრის იმ დღეს, როცა ის დედამ „ოჯახის ახლობელ“ 31 წლის ლევანთან ერთად შეშის მოსატანად გაუშვა ტყეში.
„რას წარმოვიდგენდი“ – უთხრა მოსამართლეს ნინის დედამ. ქალი შვილზე სექსუალურ ძალადობას უკვე საკუთარ სახლში თავად შეესწრო.
ძალადობის ისტორიებიდან ნათლად ჩანს, რომ ბავშვებზე ძირითადად ოჯახის ახლობლები, კარგად ნაცნობი ადამიანები ან თავად ოჯახის წევრები ძალადობენ.
„…დეკემბრის იმ დღეს ძალიან ციოდა, დედამ მე და ლევანი ტყეში გაგვიშვა შეშის მოსატანად, ლევანი დაგეხმარებაო,“ – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა 12 წლის ნინიმ. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
„ტყის გზაზე ერთი მიტოვებული და ხავსმოკიდებული რესტორანია. ლევანმა მითხრა, მოდი, შევიდეთ, გავერთობითო… იქ მითხრა პირველად, რომ ვუყვარდი და ჩემი ცოლად შერთვა სურდა. ნახევრად დანგრეული რესტორნის მეორე სართულზე ავედით. მან თავისი ქურთუკი გაიხადა, ძირს დააფინა, მერე…
არ ვიცი, რას ვგრძნობდი იმ დროს. მეგონა, რომ ლევანს ვუყვარდი და მეც მიყვარდა. როცა შინ ვბრუნდებოდით, მითხრა, რომ ამის შესახებ არავისთვის უნდა მეთქვა და ეს საიდუმლოა.
ვგრძნობდი, დედა გამიბრაზდებოდა ამის გამო. მეშინოდა.
სახლში დავბრუნდით, მაგრამ დედისთვის არაფერი მითქვამს. მინდოდა, მეთქვა, მაგრამ ვერ გავბედე… იმ დღეს ისვენებდა და დაღლა ეტყობოდა. დედა რესტორანში მუშაობს, თეფშებს რეცხავს. დედა ბევრს მუშაობს.
სახლში მე და დედა მარტო ვცხოვრობთ. მე არ მაქვს პირადობის მოწმობა. დედა ამბობს, რომ სახლში გამაჩინა და საავადმყოფოში არ ყოფილა. მამის შესახებ არაფერი ვიცი. დედა ამბობს, რომ აპრილში დავიბადე,“ – დაასრულა ნინიმ.
ლევანი ნინისთან სახლში ამ შემთხვევის შემდეგ 16 დეკემბერსაც მისულა. ის სალომეს [ნინის დედის] თანამშრომლის ძმაა და ოჯახი ახლობლად მიიჩნევდა.
„ის მკოცნიდა, როცა მოულოდნელად დედა დაბრუნდა… მან ფანჯრიდან დაგვინახა,“ – თქვა ნინიმ.
„ის ჩემს ბავშვს ტუჩებზე და მკერდზე ეფერებოდა, თვალებს არ ვუჯერებდი, ეს რა ხდება-მეთქი,“ – აღელვებული ესაუბრა მოსამართლეს ნინის დედა – სალომე.
„ჩემს შვილს ლევანი აშინებდა არ თქვაო, თორემ არ დამიმალავდა ამას,“ – დასძინა დედამ, რომელსაც ამ შემთხვევის შემდეგ დაურეკავს პოლიციაში. მან არ იცოდა, რომ ლევანს მის 12 წლის გოგოსთან სექსიც ჰქონდა. სასამართლოს პირველ ჩვენებაშიც ნინიმ მხოლოდ ის თქვა, რომ ლევანი მას კოცნიდა. მას არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რა მოხდა ტყის გზაზე, რესტორნის ნანგრევებში.
ვიდრე ლევანს გამომძიებლები პოლიციაში დაიბარებდნენ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე პროკურორს ლევანის ფარული აუდიო ჩაწერა გადაუწყვეტია – საუბარი ლევანთან ნინის დედამ ისევ საკუთარ სახლში ჩაწერა:
„ბაზარი არ არის, კოცნაზე არ ვიყავი მართალი, ვაღიარე, ხო,“ – ისმოდა ჩანაწერში ლევანის ხმა.
„რად გინდოდა, რატომ კოცნიდი, რატომ?“ – ჩანაწერში ამჯერად ისევ ქალის ხმა გაისმა.
„არ გამოწეულიყო, ბავშვებს ვფიცავარ… დამნაშავე ვარ, მაშინაც გითხარი და ანალოგიურს კიდევ ვამბობ. შენ როგორც თქვი, მართლაც მასეთნაირად, მე მაშინ მაგისთვის მართლა უნდა გამელაწუნებინა კარგად, გემრიელი, მაგრამ… “
,,მაგრამ შენ გადააწვინე და აკოცე,“ – აწყვეტინებს ლევანს სალომე, 12 წლის გოგოს დედა.
,,კი, მართალია“, – მოკლედ ასრულებს კაცი.
ამ საუბრის დროს და შემდეგაც, სასამართლოში ლევანმა ბავშვთან სექსუალური კავშირი უარყო და მხოლოდ კოცნა დაადასტურა, თუმცა რამდენიმე დღეში ექსპერტიზის დასკვნა დაიდო. გაირკვა, რომ 12 წლის ნინისთან ლევანს სექსიც ჰქონდა.
„…გამომძიებელმა დაურეკა იმ საღამოს დედას. გაბრაზდა ისევ. სახლში ამ დროს კიდევ დედაჩემის მეგობარი იყო. იმან მითხრა, წამოდი, მაღაზიაში წავიდეთო. მაღაზიაში როცა მივდიოდით, მარიკა დეიდას ვუთხარი, რაც მოხდა რესტორნის ნანგრევებში“, – თქვა ნინიმ მეორე ჩვენებაში ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ.
მოსამართლე ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო, რომლითაც გენეტიკური პროფილის დადგენა, მართალია, შეუძლებელი აღმოჩნდა, მაგრამ ექსპერტიზის მიხედვით, სქესობრივი აქტის დრო ზუსტად დაემთხვა იმ დროს, რაზეც ნინი ჰყვებოდა, როცა შეშის მოსატანად გაუშვა დედამ ლევანთან ერთად ტყეში.
მოსამართლისთვის საყურადღებო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ნინიმ ლევანთან სექსუალური კავშირის შესახებ არაფერი თქვა ექსპერტიზის დასკვნამდე:
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორც წესი, არ არის საჯარო ხასიათის, რის გამოც მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმეტეს შემთხვევაში დანაშაულის შემსწრე უშუალო თვითმხილველი მოწმეები არ არსებობენ. შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას და მის თანხვედრას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა დასახელებული და მტკიცებულებებით დადასტურებული, რომ დაზარალებულს გააჩნდა რაიმე მოტივი ლ.-ს მიმართ, რის გამოც შეიძლებოდა მისთვის დაებრალებინა ესოდენ მძიმე დანაშაულის ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი მსგავსი მოტივის არსებობა არ დადასტურდა. პირიქით, დაზარალებული ექსპერტიზის დასკვნამდე ცდილობდა დაეფარა ლ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება, რაც სასამართლოს კიდევ ერთხელ არწმუნებს დაზარალებულის ჩვენების უტყუარობაში“, – ვკითხულობთ განაჩენში.
მოსამართლემ განაჩენში აქცენტი გააკეთა მეზობლის ჩვენებაზეც, რომელმაც თქვა, რომ ნინი სულ სახლშია და „მხოლოდ მაღაზიაში თუ გავიდოდა“.
„მე მეზობელი ვარ… ხშირად არ ვხდებით ერთმანეთს, მაგრამ ვხედავ, შეშის დაჩეხვაზე ვეხმარები, ჩაისა და ყავაზე მპატიჟებს სალომე… ნინი სულ სახლში იყო, რაც ვიცი, სხვა არავისთან ერთად არ მინახავს ეს ბავშვი, მაღაზიაში თუ გავიდოდა, ის იყო,“ – უთხრა მოსამართლეს დედა-შვილის მეზობლად მცხოვრებმა კაცმა.
მოსამართლე თეა ლეონიძემ ბოლნისის სასამართლოში ლევანს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„საღამოს 11 საათი იქნებოდა, როცა კიბეებზე ამოირბინა სალომემ, ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა, სახე სულ წითელი ჰქონდა, კანკალებდა, საღამური ეცვა, ფეხშიშველი… მითხრა, რომ მამინაცვალი შეუვარდა ლოგინში“, – უთხრა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმში მცხოვრებმა ქალმა – გიული ა.-მ. მისი თქმით, მის მეზობლად მცხოვრებ 12 წლის ბავშვზე მამინაცვალმა სექსუალურად იძალადა. საბოლოოდ, სისხლის სამართლის ამ საქმეში მოსამართლეს მამინაცვლის გამართლება მოუხდა.
„არ ვიცოდი, რა მექნა. ბავშვის დამშვიდება კი ვცადე, დავსვი დივანზე…“, – განაგრძო მეზობლის ქალმა, რომელმაც მოწმის სახით მისცა სასამართლოს ჩვენება, -„სახლში აღარ მინდაო, იძახდა ბავშვი. მეძინა და გამეღვიძა, როცა მივხვდი მამინაცვალი მეფერებოდაო… მარტო იყვნენ თურმე სახლში. დედამისი – ნინო სამეგრელოში წასულა, სამშობიარო იყო ქალი და იქეთ მირჩევნია, ჩემებთანო. მამინაცვალი რომ საწოლში შეუვარდა, ბავშვს ყვირილი დაუწყია, გაჩუმდიო და რომ ვერ გააჩერა, მერე დაურტყამს კიდეც ბავშვისთვის…,“ – დეტალურად ახსოვდა სალომეს აკანკალებული ხმით მოყოლილი ამბავი გიულის.
მეზობელს ჯერ სალომეს დედისთვის დაურეკავს, შემდეგ კი – პოლიციაში.
„შეშინებული გოგო დაგვხვდა, როცა იქ მივედით, კანკალებდა, ტიროდა, საღამური ეცვა, ფეხშიშველი იყო, ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა, მკერდის არეში, ყურთან და ზურგზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ბავშვმა გვითხრა, რომ მამინაცვალი შევიდა მასთან საწოლში, კოცნა დაუწყო და ხმა არ ამოიღო, მეზობლები გაიგებენო, მერე ხელი სახეში დამარტყაო, ხელზე ვუკბინე და ამ დროს გამოვექეციო…“ – გაიხსენა პოლიციელმა, შემდეგ გისოსებიან კუთხეში მოთავსებულ ბრალდებულს – აკაკის გახედა და დაამატა:
„იმავე ღამეს მივედით ბავშვის სახლში, კარზე ვაკაკუნებდით დიდხანს, მაგრამ არ გვიღებდა,“ – ამოიოხრა პოლიციელმა. – „მაგრამ გადაადგილდებოდა, ხმა ისმოდა, აშკარა იყო, რომ სახლში იყო, ბატონო მოსამართლევ“.
პოლიციელის თქმით, აკაკიმ კარი რამდენიმე წუთის შემდეგ გააღო, ხელჩანთა ეჭირა უკვე ხელშიო და უცებ გინება დაგვიწყოო, ჰყვებოდა პოლიციელი.
„ჩვენ მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება მოგვიხდა“, – დაასრულა თხრობა პოლიციელმა.
„მე დანაშაული არ ჩამიდენია,“ – კატეგორიული ტონით მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბრალდებულმა აკაკიმ. მისი თქმით, იდეალური ურთიერთობა აქვს ცოლთან, რომელიც იმ დღეებში სამეგრელოში წავიდა, ხოლო მასთან დარჩა გერი, რომელსაც მამობას უწევს.
„იმ საღამოს სალომე ვერ იყო კარგად, სიცხე ჰქონდა, ცივი ტილო დავაფინე შუბლზე, ტელეფონით მუდმივად მეუღლეს ვურეკავდი, რომ ეკარნახა, რა მექნა,“ – მზრუნველი იმიჯის შექმნას ბრალდებული არც სასამართლო დარბაზში მოერიდა, – „ჩვენ ორსართულიანი სახლი გვაქვს, ტუალეტი პირველ სართულზეა… ამ დროს მეც ზემოთ ვიყავი, დივანზე ვისვენებდი, სალომეს თავისი ოთახი აქვს. ხმა გავიგონე და დავინახე, რომ სალომე ჩავიდა ტუალეტში, მაგრამ დააგვიანა ამოსვლა. ამ დროს მოულოდნელად ჩემმა ცოლმა დარეკა. მითხრა, მეზობელთანაა სალომე და ღამეც იქ დარჩებაო… ადრეც დარჩენილა მეზობელთან, არ გამკვირვებია. მე დივანზე ჩამეძინა… იმავე ღამეს პოლიციელებმა გამაღვიძეს და პოლიციაში წამიყვანეს“, – თქვა ბრალდებულმა.
„აკაკი არჩენს ოჯახს, ჩვენ სამი წელია ერთად ვცხოვრობთ“ – ამას გაუსვა ხაზი 12 წლის სალომეს დედამ. მან დაადასტურა, რომ იმ საღამოს მეზობლად მცხოვრებმა გიულიმ მართლაც დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვის გაუპატიურება სცადა აკაკიმ, მაგრამ არ დავიჯერეო. დედამ არც ის დამალა, რომ მეზობელს სთხოვა, პოლიციისთვის არ მიემართა.
„ვთხოვე, ვიდრე არ დავბრუნდები და არ გავერკვევი სიტუაციაში, არ დაურეკოთ პოლიციას-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა,“ – ბრაზი ახლაც ეტყობოდა ნინოს.
სასამართლოს ჩვენება მისცა 12 წლის სალომემაც, რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობოდა ტუჩზე დაზიანების კვალი. მან თქვა, რომ კიბეზე შემთხვევით წაიქცა და არ ახსოვს შემდეგ როგორ მოხვდა მეზობელთან.
„იმ დღეს რაღაც შევჭამე და მოვიწამლე, ცუდად გავხდი, სიცხემ ამიწია. აკაკი მივლიდა, შემოდიოდა ჩემს ოთახში და სიცხის დასაწევად წამლებს მასმევდა… მერე ტუალეტში გავედი და კიბეზე წავიქეცი, როგორ აღმოვჩნდი მეზობელთან არ მახსოვს… მეორე დღეს პოლიციაში აღმოვჩნდი. მთხოვდნენ, რომ რაღაცაზე ხელი მომეწერა,“ – თქვა 12 წლის გოგომ.
„ეს დაზიანებები ტუჩთან როდის მიიღეთ?“ – ჰკითხეს მოზარდს.
„ტუჩებს ვიკვნეტ დაწოლის წინ, ასეთი ჩვევა მაქვს ბავშვობიდან“, – უხერხულად ჩაილაპარაკა სალომემ.
„რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ასახავს სალომეს სხეულზე არსებულ მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სალომეს სხეულზე არსებული დაზიანებები არ არის განვითარებული ისეთ მიდამოებში, რომელიც მეტწილად დამახასიათებელია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის (მაგალითად, შორისის მიდამოში ან ეროგენულ ზონებში). სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ამგვარი სახის დაზიანებანი დაზარალებულებში გხვდება მაშინაც, როდესაც მასზე ხორციელდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ოჯახში ჩადენილი ძალადობის დროს. დაზარალებულს აღენიშნება სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებანი ისეთ ადგილებში, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას და განვითარდეს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებშიც და საერთოდ არ ჰქონდეს კავშირი დანაშაულთან,“ – აღნიშნულია განაჩენში.
ექსპერტიზით სალომეს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები დადასტურდა, მაგრამ არავის დაუდგენია ამ დაზიანებებთან ჰქონდა თუ არა კავშირი მოზარდის მამინაცვალს.
„გამართლდეს“ – ჩაწერა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა.
„ყველაზე ხშირია დანაშაულის და სირცხვილის განცდა, საკუთარი თავიდან გაქცევის სურვილი, შიში, რომ ამას სხვა გაიგებს და საერთოდ ვერავინ გაუგებს,“ – პროფესიულ გამოცდილებას გვიზიარებს ბავშვების, მოზარდების და ოჯახის ფსიქოლოგი – ქეთი დევაძე. მას ჰქონია შემთხვევები, როდესაც მშობელს მიუმართავს სხვა მიზეზით, რომ თინეიჯერი „აგრესიული გახდა“ ან „აღარ სწავლობს კარგად“, „საკუთარ თავში ჩაიკეტა“, ხოლო ფსიქოლოგის პირისპირ, მარტოდ დარჩენილ მოზარდს უთქვამს, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.
„ხშირად მათ აქვთ დანაშაულის განცდა და ამას აღწევს მოძალადე, როცა ეუბნება: „ეს ხომ შენც გინდოდა“? ბავშვებს და მოზარდებს ამ დროს ხშირად ეცვლებათ ქცევა, საკუთარ თავში იკეტებიან და დეპრესიისკენ მიდრეკილი ხდებიან, ან პირიქით, აგრესიულები, აქვთ სწავლის და კონცენტრაციის პრობლემა… მათ აქვთ ასევე ერთგვარი გაუცხოება და ზიზღი საკუთარი სხეულის მიმართ, უნდათ, რომ საკუთარი კანიდან გამოძვრნენ… იყო შემთხვევები, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდები ძალიან ხშირად იღებდნენ აბაზანას, თითქოს რაღაცის ჩამორეცხვას ცდილობდნენ…
ეს იმდენად ძლიერი ფსიქოტრავმაა, რომ ზოგიერთის სექსუალურ ცხოვრებას სამუდამოდ აზიანებს,“ – ამბობს ფსიქოლოგი.
ფსიქოლოგის დაკვირვებით, მოძალადე ხშირად მსხვერპლის ოჯახისთვის კარგად ნაცნობი ან დაახლოებული პირია, რომელსაც აქვს მოზარდთან დიდი დროს გატარების შესაძლებლობა. კიდევ ერთი: სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირი ხშირ შემთხვევაში კარგად ფლობს მანიპულაციის ხერხებს.
„ბოლო დროს კი გააქტიურებულია მუქარა და შანტაჟიც, რომ „აი, ფოტოებს გამოგიქვეყნებ ინტერნეტში“, „შენი საყვარელი ადამიანები გაიგებენ ამას,“ – ბოლო წლების ტენდენციას ასე ახასიათებს ქეთი დევაძე.
ქეთი დევაძეს უმუშავია შემთხვევებზეც, როცა მოძალადე თანატოლია, თუმცა ამ დროს პასუხისმგებლობის ტვირთი ფსიქოლოგიურად თანაბრად ნაწილდება მოზარდებზე და ფსიქოლოგის დაკვირვებით, თანატოლების შემთხვევაში მანიპულაცია ნაკლებად შეხვედრია. მისი სამუშაო გაცილებით მარტივდება, ხოლო როცა მოძალადე ზრდასრულია, ამ დროს უფრო მეტად ეტყობა მსხვერპლს „შეკავებული ბრაზი“.
„ეს არის შეკავებული აგრესიული ენერგია, როცა შენს ცხოვრებაში ტრავმა ხდება და ვერ უმკლავდები მას, გაქვს ბრაზი, რომელსაც ვერ გამოხატავ. შესაძლოა, მუდმივად გქონდეს სხვადასხვა ხარისხით ეს შეკავებული ბრაზი, რომელიც ხშირად გადაიქცევა ხოლმე სხვადასხვა სომატურ ტკივილად, კუჭის წყლული, ენურეზი, უნებლიე შარდვა და ასე შემდეგ…“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი ქეთი დევაძე „ბათუმელებთან“.
ფსიქოლოგი პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობს ასევე, რომ ხშირად მოძალადე აჯერებს მსხვერპლს, რომ ის განსაკუთრებულია და ყველა ამას ვერ შეძლებს.
„ეუბნებიან, შენ დიდი გოგო ხარ, ამას მხოლოდ შენთვის ვაკეთებ, განსაკუთრებული ხარ…“ – დასძენს ფსიქოლოგი.
მოზარდებთან, ვისთანაც ფსიქოლოგ ქეთი დევაძეს უმუშავია, ყველას ჰქონია ბრალეულობის განცდა: „ჩემი ბრალია, მე რომ იქ არ მივსულიყავი,“ „მე რომ ეს არ გამეკეთებია,“ „ჩემნაირი არავინაა, ყველაფრის ღირსი ვარ“…
ფსიქოლოგი ხაზს უსვამს დაუცველობის განცდას, რაც ამ დროს ბავშვებსა და მოზარდებში ჩნდება და ამას თან ახლავს „უფროსების“ მიმართ შეხედულების შეცვლა.
„ამ დროს უკვე დამსხვრეულია ხატი იმის შესახებ, რომ უფროსები მასზე ზრუნავენ. მანამდე მას ჰქონდა განცდა, რომ უფროსი სანდოა და მასზე ზრუნავს: მშობელი, ექიმი, მასწავლებელი… ხდება განზოგადებაც, რომ აი, არც ერთი უფროსი არაა სანდო,“ – გვიყვება ფსიქოლოგი.
ფსიქოლოგს ვკითხეთ, რამდენად ხშირად ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, როგორც ეს 13 წლის ნინის შემთხვევაში მოხდა. ფსიქოლოგმა გვითხრა, რომ ოჯახში ძალადობა ხშირია მსგავს საქმეებში, თუმცა ამ დროს ოჯახიც უნდა განვიხილოთ, როგორც მსხვერპლი.
- 13 წლის ნინის ტრაგედიის შემდეგ კამპანია „1000 მშობლის მარში“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოითხოვეს ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდა იმისთვის, რომ მოზარდს იოლად მიუწვდებოდეს ხელი ფსიქოლოგიური დახმარების სერვისზე. 13 წლის ნინისთან, რომელიც სექსუალური და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ფსიქოლოგს საერთოდ არ უმუშავია.
„როდესაც მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, ამ დროს სტრესი, რასაც მოზარდი იღებს, ვრცელდება მისი ოჯახის ყველა წევრზე. ჩვენ ფსიქოთერაპიაში ვრთავთ ოჯახის წევრებსაც… ამ დროს ტრავმის სირთულე მოქმედებს ოჯახის სხვა წევრებზეც. ისინი როდესაც იგებენ სექსუალური ძალადობის შესახებ, განიცდიან შოკს, უარყოფას, პირველ ეტაპზე არც კი სჯერათ მოზარდის, მათ აქვთ მწუხარების სტრესული განცდა, მათაც აქვთ დანაშაულის და ბრალეულობის განცდა, რომ მოზარდი ვერ დაიცვეს, აი, ეს რომ ასე არ ექნათ და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ოჯახში ძალადობის გამართლება შეუძლებელია, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ სტრესი ნაწილდება ოჯახზეც. მოზარდს თუ აქვს განცდა, რომ ოჯახის წევრებიც დაცვის ნაცვლად ეჩხუბებიან, არ სჯერათ ჩემი, ან მუდმივად ცუდ განწყობაზე მხვდებიან, ეს მოზარდისთვის დამატებით ახალი ტრავმაა,“- მიიჩნევს ფსიქოლოგი ქეთი დევაძე.
ფსიქოლოგს აქვს კიდევ ერთი რჩევა – სექსუალური განათლება, რისი დეფიციტიც, მისი დაკვირვებით, ხშირად თვალშისაცემია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მოზარდებთან მუშაობის დროს.
„მოზარდების შემთხვევაშიც კი, ხშირია, როდესაც მოზარდებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია სექსუალური აქტის შესახებ, რომელიც გარკვეულ ასაკში მოზარდებმა კი არა, ბავშვებმაც უნდა იცოდნენ თუნდაც იმიტომ, რომ მათ დაიცვან თავი სხვადასხვა სახის ძალადობისგან. ხშირად ვხდებით მოზარდებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ მსგავსი სექსუალური სახის ტრავმა და მათ დიდ ნაწილს საერთოდ არ ჰქონია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სექსუალური აქტი. საუბარია როგორც გოგონებზე, ასევე ვაჟებზე,“ – გვითხრა ქეთი დევაძემ.